გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N010210118002608909
№2/3594-2018წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
2 ოქტომბერი 2018 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ირმა ტოგონიძე
სხდომის მდივანი - სოფიო ქარცივაძე
მოსარჩელე - ჯა-------–--ე
წარმომადგენელი- შო---------–--ე
მოპასუხე - შპს „მი----------------------------–----------–ი“
წარმომადგენელი - ნი---------–--ე
დავის საგანი - სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტისა და პირგასამტეხლოს შემცირება, ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა.
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნები (დაზუსტებული სასარჩელო განცხადება, კანც. შემოსვლის თარიღი: 03.04.2019წ.):
1.1. მოსარჩელე ჯა-------–--ესა და მოპასუხე შპს „მ------------–-“ შორის, 2016 წლის 5 აგვისტოს, გაფორმებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებით განსაზღვრული საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს ნაწილობრივ ბათილად ცნობა, საპროცენტო სარგებლის ოდენობის შემცირება ყოველთვიურ 2.5%-მდე და პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირდება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირი თანხის 0.015%-მდე;
1.2. მოსარჩელე ჯა-------–--ესა და მოპასუხე შპს „მ------------–-“ შორის, 2017 წლის 10 იანვარს, გაფორმებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებით განსაზღვრული საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს ნაწილობრივ ბათილად ცნობა, საპროცენტო სარგებლის ოდენობის შემცირება ყოველთვიურ 2.5%-მდე და პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირდება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირი თანხის 0.015%-მდე;
1.3. ცვლილების შეტანა ნოტარიუსის მიერ, 2018 წლის 12 ივლისს, გაცემულ N180829257 სააღსრულებო ფურცელში და ჯა-------–--ის ფულადი ვალდებულება განსაზღვრა 9427.4 აშშ დოლარით, საიდანაც ძირი თანხა იქნება 7000 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი - 1945.5 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 481.9 აშშ დოლარი;
1.4. ცვლილების შეტანა ნოტარიუსის მიერ, 2018 წლის 2 აგვისტოს, გაცემულ N180921200 სააღსრულებო ფურცელში და ჯა-------–--ის ფულადი ვალდებულების განსაზღვრა 922.70 აშშ დოლარით, საიდანაც ძირი თანხა იქნება 700 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი - 85.5 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო --137.2 აშშ დოლარი.
სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2016 წლის 5 აგვისტოს, შპს „მ---- ბერმელსა“ და ჯა-------–--ეს შორის დაიდო საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება. ამავე ხელშეკრულების საფუძველზე, გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრა სესხით სარგებლობის ძირითადი პირობები, კერძოდ: სესხის თანხა 7000 აშშ დოლარი, სესხით სარგებლობის ვადა 60 თვე, საპროცენტო სარგებელი ყოველთვიურად სესხის ძირი თანხის 3%, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირი თანხის 0.1%. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ჯა-------–--ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ბა---------------–---–--------------- ს/კ 0------------------. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით განისაზღვრა იპოთეკარის უფლება, მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის მიღებისა და იპოთეკის საგანზე აღსრულების პროცესის დაწყების შესახებ.
2017 წლის 10 იანვარს, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება. ამავე ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრა სესხით სარგებლობის ძირითადი პირობები, კერძოდ: სესხის თანხა 700 აშშ დოლარი, სესხით სარგებლობის ვადა 60 თვე, საპროცენტო სარგებელი სესხის დარჩენილი თანხის 2.5%, პირგასამტეხლო, გრაფიკით გათვალისწინებული გადახდის ვადის ყოველი დარღვევისათვის 10 ლარი და ძირი თანხის 0.5 %, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ჯა-------–--ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ბა---------------–---–--------------- ს/კ 0------------------. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით განისაზღვრა იპოთეკარის უფლება, მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის მიღებისა და იპოთეკის საგანზე აღსრულების პროცესის დაწყების შესახებ.
მოსარჩელემ ვერ შეძლო მოპასუხის წინაშე ფინანსური ვალდებულების შესრულება, რადგან, ხელშეკრულებით განსაზღვრული იყო მძიმე ფინანსური პირობები, კერძოდ, შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი და პირგასამტეხლო. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სესხის მოცულობიდან გამომდინარე, პროცენტის გონივრული ოდენობაა 2,5%, ხოლო პირგასამტეხლოს 0.015%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სესხის მიღების შემდეგ, მოსარჩელემ გადაიხადა მხოლოდ საპროცენტო სარგებელი. მოპასუხემ მიმართა სანოტარო ორგანოს სააღსრულებო ფურცლების აღების მოთხოვნით. ნოტარიუსის მიერ გაიცა: 2018 წლის 12 ივლისს N180829257 და 2018 წლის 2 აგვისტოს - N180921200 სააღსრულებო ფურცლები.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ დარიცხული ფულადი ვალდებულებები სააღსრულებო ფურცლებში არასწორადაა მითითებული. კერძოდ: სააღსრულებო ფურცელში N 180829257 (2016 წლის 5 აგვისტოს სესხის ხელშეკრულება) პირგასამტეხლო ოდენობაა 16065 აშშ დოლარი, რაც არ შეესაბამება ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობას 0.1%-ს, ვადაგადაცილებულ დღეებზე გადაანგარიშებით. ასევე, არასწორადაა დაანგარიშებული პირგასამტეხლოს ოდენობა სააღსრულებო ფურცელში N180921200 (2017 წლის 10 იანვრის სესხის ხელშეკრულება), რადგან ხელშეკრულების პირობებით პირგასამტეხლო უნდა იყოს არა 1666 აშშ დოლარი, არამედ 333.2 აშშ დოლარი. ამდენად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სააღსრულებო ფურცლები შეიცავს არასწორ მონაცემებს და ვალდებულების მოცულობა არასწორადაა დაანგარიშებული, ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარეც.
ზემოაღნიშნულთან ერთად მოსარჩელე სადავოდ ხდის პროცენტისა და პირგასამტეხლოს ოდენობას და მოითხოვს ნაწილობრივ გაუქმდეს სააღსრულებო ფურცლები საპროცენტო სარგებლისა და პირგასამტეხლოს ნაწილში, საპროცენტო სარგებლის სესხის დარჩენილი თანხის 2.5.%-მდე შემცირებით, ხოლო პირგასამტეხლო 0.015%-მდე შემცირებით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, შესაბამისი ცვლილებები შევიდეს სააღსრულებო ფურცლებში.
2. მოპასუხის პოზიცია (დაზუსტებული შესაგებელი, კანც. შემოსვლის თარიღი: 30.04.2019წ):
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით და ახსნა-განმარტებით სარჩელი ცნო ნაწილობრივ: N180829257 სააღსრულებო ფურცელში პირგასამტეხლოს ოდენობის 12852 აშშ დოლარით შემცირების ნაწილში და N180921200 სააღსრულებო ფურცელში პირგასამტეხლოს 358 აშშ დოლარით შემცირების ნაწილში.
მოთხოვნის დანარჩენ ნაწილზე, მოპასუხის პოზიციით მოქმედებს მხარეთა შეთანხმება, საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს ოდენობის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი არ არის ხელშეკრულების ამ ნაწილის ბათილობის წინაპირობები და არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 5 აგვისტოს, შპს „მ---- ბერმელსა“ და ჯა-------–--ეს შორის დაიდო საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება საკრედიტო ხაზის ლიმიტით 7000 აშშ დოლარი. ამავე ხელშეკრულების საფუძველზე იმავე დღეს გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრა სესხით სარგებლობის ძირითადი პირობები, კერძოდ: სესხის თანხა 7000 აშშ დოლარი, სესხით სარგებლობის ვადა 60 თვე, საპროცენტო სარგებელი ყოველთვიურად სესხის ძირი თანხის 3%, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირი თანხის 0.1%.
სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ჯა-------–--ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ბა---------------–---–--------------- ს/კ 0------------------. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით განისაზღვრა იპოთეკარის უფლება, მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის მიღებისა და იპოთეკის საგანზე აღსრულების პროცესის დაწყების შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება (ს.ფ. 164-166)
-სესხის ხელშეკრულება (ს.ფ.167-170)
-სესხსა და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 155-163)
3.1.2. 2017 წლის 10 იანვარს, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება, საკრედიტო ხაზის ლიმიტით 700 აშშ დოლარი. ამავე ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრა სესხით სარგებლობის ძირითადი პირობები, კერძოდ: სესხის თანხა 700 აშშ დოლარი, სესხით სარგებლობის ვადა 60 თვე, საპროცენტო სარგებელი სესხის დარჩენილი თანხის 2.5%, პირგასამტეხლო, გრაფიკით გათვალისწინებული გადახდის ვადის ყოველი დარღვევისათვის 10 ლარი და ძირი თანხის 0.5 %, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.
სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ჯა-------–--ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ბა---------------–---–--------------- ს/კ 0------------------. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით განისაზღვრა იპოთეკარის უფლება, მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის მიღებისა და იპოთეკის საგანზე აღსრულების პროცესის დაწყების შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება (ს.ფ. 181-184)
-სესხის ხელშეკრულება (ს.ფ.185-189)
-სესხსა და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 171-180)
3.1.3. მხარეებს შორის სადავო არ არის ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2016 წლის 5 აგვისტოს სესხის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო ვადაგადაცილებული დღეების ოდენობა შეადგენს 459 დღეს, ხოლო 2017 წლის 10 იანვრის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე - 476 დღეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-სესხის დარიცხვისა და გადახდის გრაფიკები (ს.ფ 152-153)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
მხარის მიერ წარმოდგენილი ფაქტებისა და გარემოებების გაანალიზებისას სასამართლო ვალდებულია შეამოწმოს რომელი ფაქტი ან გარემოება შედის მტკიცების საგანში, რათა სადავო საკითხის სამართლებრივი შეფასება გააკეთოს მხოლოდ იმ ფაქტებისა და გარემოებების ირგვლივ, რომელთა დამტკიცება კონკრეტული საქმის სწორად გადაწყვეტილათვის მნიშვნელოვანია.
მოსარჩელე მხარე სადავოდ არ ხდის სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის ფაქტს და დარიცხული ვალდებულების ძირის ოდენობას. დავის საგანს წარმოადგენს მოპასუხის მიერ სესხის ხელშეკრულებებით განსაზღვრული საპროცენტო სარგებლისა და პირგასამტეხლოს ოდენობა. ასევე, სააღსრულებო ფურცლების კანონიერება საპროცენტო სარგებლისა და პირგასამტეხლოს ნაწილში.
3.2.2. მოსარჩელის სასესხო ვალდებულებებზე იძულებითი აღსრულების პროცესის დაწყების მიზნით ამოწერილი იქნა სააღსრულებო ფურცლები: 2018 წლის 12 ივლისს N180829257 და 2018 წლის 2 აგვისტოს - N180921200. ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა: N180829257 სააღსრულებო ფურცელში სესხის ძირი თანხა-7000 აშშ დოლარის, საპროცენტო სარგებელი - 3325.81 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 16065 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო N180921200 სააღსრულებო ფურცელში - სესხის ძირი თანხა-700 აშშ დოლარის, საპროცენტო სარგებელი -194.28 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო- 1666 აშშ დოლარის ოდენობით.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ხელშეკრულებებით დადგენილი პირობების შესაბამისად მოსარჩელეს სესხის სარგებლობისთვის დაერიცხა პროცენტი. მოსარჩელე სადავოდ სესხის ხელშეკრულებაში მითითებული პროცენტის ოდენობას და მიიჩნევს, რომ ორივე შემთხვევაში საპროცენტო სარგებლის ოდენობა უნდა შეადგენდეს 2.5%-ს და შესაბამისად უნდა შემცირდეს სააღსრულებო ფურცლებში მითითებული პროცენტის ოდენობა.
სასამართლოს დადაგენილად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2016 წლის 5 აგვისტოს სესხის საფუძველზე ჯა-------–--ეს სწორად დაერიცხა საპროცენტო სარგებელი 3325.61 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო 2017 წლის 10 იანვრის ხელშეკრულების საფუძველზე 194.28 აშშ დოლარის ოდენობით. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია რაიმე არგუმენტი ან მტკიცებულება სარგებლის ოდენობის შემცირების მართლზომიერებასთან დაკავშირებით. საპროცენტო სარგებლის დარიცხვის სამართლებრივ საფუძვლებს სასამართლო განიხილავს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დაზუსტებული სარჩელი (ს.ფ. 83-98)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
- სესხის დაფარვის გრაფიკები (ს.ფ. 152-153)
- სააღსრულებო ფურცლები (ს.ფ. 99-104)
3.2.3. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სესხის მიღების შემდეგ, მოსარჩელემ გადაიხადა მხოლოდ საპროცენტო სარგებელი ნაწილობრივ. სესხის ძირი თანხა და დარიცხული პირგასამტეხლო არ გადაუხდია და ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დაერიცხა პირგასამტეხლო.
მოპასუხემ ნაწილობრივ ცნო სარჩელი, პირგასამტეხლოს ნაწილში. სასამართლო უთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლზე, რომლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ სარჩელი ცნო მხოლოდ სესხის ნაწილობრივ პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში. ამავე კოდექსის 131-ე მუხლით, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. ამავე კოდექსის 208.3-ე მუხლის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. ხსენებულ ნორმათა სამართლებრივი ანალიზი საფუძველს იძლევა დასკვნისათვის, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ნაწილობრივი ცნობა, წარმოადგენს ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელის ნაწილობრივი ცნობის მიუხედავად, საქმის მასალები იძლევა იმის საფუძველს, რომ პირგასამტეხლოს ნაწილში მოთხოვნის დარჩენილ ნაწილზე გავრცელდეს გარიგების ბათილად ცნობის და პირგასამტეხლოს შემცირების სამართლებრივი ნორმები.
კერძოდ: მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება, რომლის თანახმადაც მოსარჩელეს სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის ვადის გადაცილებისას ეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ რომ 2016 წლის 5 აგვისტოს სესხის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო ვადაგადაცილებული დღეების ოდენობა შეადგენს 459 დღეს, ხოლო 2017 წლის 10 იანვრის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე-476 დღეს. აღნიშნული გარემობა მხარეთა მიერ სადავო არ გამხდარა, ასევე, სადავოდ არ გამხდარა ის გარემოება, რომ ჯა-------–--ის მიერ არც ერთ სესხზე ძირი თანხა გადახდილი არ არის.
სასამართლოს აზრით, სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს 0.05%-მდე და გადაანგარიშდეს ვადაგადაცილებული დღეების გათვალისწინებით. პირგასამტეხლოს შემცირების სამართლებრივ საფუძვლებს სასამართლო განიხილავს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
4.1. საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების და წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. კერძოდ: სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს შემცირებისა და ამ ნაწილში სააღსრულებო ფურცლებში ცვლილების შეტანის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს. რაც შეეხება საპროცენტო სარგებლის შემცირებას, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ამ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
-საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
-საქართველოს კანონი "ნოტარიატის შესახებ"
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. პირველ რიგში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემული სარჩელი იურიდიული ბუნებით არის აღიარებითი. მოსარჩელის მოთხოვნაა სასესხო ვალდებულების დამდგენი დოკუმენტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, სარგებლისა და პირგასამტეხლოს ნაწილში და სააღსრულებო ფურცლებში შესაბამისი ცვლილების შეტანა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესი განისაზღვრება შემდეგი კრიტერიუმებით: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს. კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულიად გარკვეული შედეგი უნდა მიიღებოდეს მხარისათვის. აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა. აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების აღიარებასთან. (სუს დიდი პალატის განჩინება N ას-121-117-2016, 17 მარტი 2016.). აღიარებითი სარჩელი წარმოადგენს იმ იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენას, რომელიც სადავოა მხარეთა შორის, რომელიც არ ითვალისწინებს მიკუთვნებითი მოთხოვნის აღძვრას. (სუს დიდი პალატის განჩინება # ას-1607-1509-2012, 1 ივლისი 2013წ.).
ადამიანის უფლებათა ევროპული სასმართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილების (Apostol v. Georgia; §37; ასევე, Hornsby v.Greece, §40) თანახმად, საერთო სასამართლოებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ აღძრული სარჩელისადმი მოსარჩელის იურიდიულ ინტერესზე, ასევე, იმ საკითხზე, თუკი აღიარებითი სარჩელის ნაცვლად, შესაძლებელია მიკუთვნებითი მოთხოვნის წაყენება მოპასუხისადმი, რაც იმავდროულად გადაწყვეტილების აღსრულებაუნარიანობის საკითხსაც უკავშირდება, რადგან გადაწყვეტილების აღსრულება მხარისათვის გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს განუყოფელი ნაწილია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე (IZA Ltd and Makrakhidze v. Georgia, §42; Burdov v. Russia, §34; Hornsby v. Greece, §40).
მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა მოსარჩელის იურიდიული ინტერესი ვალდებულების ბათილად ცნობის მიმართ, ვინაიდან, ამ იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენას უკავშირდება მისი ვალდებულების მოცულობის განსაზღვრა სააღსრულებო ფურცლებში, რაც სადავოა მხარეთა შორის და სამართლებრივი ურთიერთობა ვერ გადაწყდება მიკუთვნებითი მოთხოვნის ფარგლებში.
6.2. დავა გამომდინარეობს სასესხო სამართლებრივი ურთიერთობიდან. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (იმ პერიოდში მოქმედი რედაქციით), სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
მხარეებს შორის არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველია 2016 წლის 5 აგვისტოს და 2017 წლის 10 იანვარს გაფორმებული სესხის ხელშეკრულებები, რომლითაც მოსარჩელეს გადაეცა სესხი 7000 აშშ დოლარისა და 700 აშშ დოლარის ოდენობით.
მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის სესხის ძირითად თანხაზე დარიცხული პროცენტისა და პირგასამტეხლოს ოდენობას. აღნიშნული საკითხის გადასაწყვეტად, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია განმარტოს პროცენტისა და პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილით, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. პროცენტი წარმოადგენს სარგებელს, რომელსაც მსესხებელი იხდის გამსესხებლის ფულადი რესუსრით სარგებლობისათვის. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სესხი იყო სასყიდლიანი. კერძოდ, 2016 წლის 5 აგვისტოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპროცენტო სარგებლის განაკვეთი შეადგენდა სესხის ძირი თანხის 3% ყოველთვიურად, ხოლო 2017 წლის 10 იანვრის ხელშეკრულებით - 2.5%-ს ყოველთვიურად.
სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილით კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. სასამართლო აღნიშნავს, რომ კერძო ავტონომიის ფარგლებში თავისუფალი კონტრაჰირების პრინციპი სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის მთავარი გარანტიაა. სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. მოცემული ნორმების სამართლებრივი ანალიზით დგინდება, რომ მხარეთა შორის ნამდვილი ნების გამოვლენის საფუძველზე დადებული ხელშეკრულება, თუ იგი არ ეწინააღმდეგება კანონს, საზოგადოებრივ წესრიგსა და ზნეობრივ ნორმებს, მხარეებისათვის მართლზომიერი ვალდებულების წარმოშობის საფუძველია.
მართლზომიერია სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მოპასუხისათვის სესხის ძირითად თანხაზე, პროცენტის (სარგებლის) დარიცხვა. ამასთან, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში დაცულია სახელშეკრულებო ურთიერთობის კეთილსინდისიერების პრინციპი. ხელშეკრულებაში მითითებული პროცენტის ოდენობა გონივრულია, არ ეწინააღმდეგება კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს, რაც სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად შეიძლება გახდეს გარიგების ბათილობის საფუძველი.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ხსენებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეკრულების დადებისას მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდნენ გარკვეული თანხის - პირგასამტეხლოს გადახდაზე იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. მითითებული თანხის ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელი მხარეთა შეთანხმებას მიანდობს, თუმცა, აღნიშნული არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორმა არათანაზომიერად დიდი სარგებელი მიიღოს. ამდენად, პირგასამტეხლოს ოდენობა შეუზღუდავი არ არის. სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად. სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეული ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსური მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს. (სუსგ N ას-1432-1351-2012 20.05.2013წ.სუსგ N ას-1432-1351-2012 20.05.2013წ.)
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეებს შორის არსებობდა წერილობითი შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ, რომლის განაკვეთი განისაზღვრა, 2016 წლის 5 აგვისტოს ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, ძირი თანხის 0.1%-ით, ხოლო 2017 წლის 10 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, ძირი თანხის 0.5%-ით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა ეწინააღმდეგება მის იურიდიულ ბუნებას, უზრუნველყოს ვალდებულების შესრულების პრევენცია და არ არის გონივრულ შესაბამისობაში სესხის ძირითად ვალდებულებასთან. პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება 0.05%-მდე. შესაბამისად, პირგასამტეხლოს ოდენობა სააღსრულებო ფურცლებში განისაზღვროს: 2016 წლის 5 აგვისტოს ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1606.5 აშშ დოლარით ( ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა 459 X (7000X0.05%)), ხოლო 2017 წლის 10 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 166.6 აშშ დოლარით (ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა 476X(700X0.05%).
6.5. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების ვადადამდგარი მოთხოვნის, ქონებაზე უფლების გადაცემის, აგრეთვე დაგირავებულ/იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე იძულებითი აღსრულების მიქცევის მოთხოვნის საფუძველზე, თუ ამაზე არსებობს მხარეთა შეთანხმება და ნოტარიუსის მიერ სანოტარო აქტში წერილობით განმარტებულია სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები. ამავე კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტით, ნოტარიუსი სააღსრულებო ფურცელს გასცემს კრედიტორის (მისი უფლებამონაცვლის) წერილობითი განცხადების საფუძველზე. განცხადებას უნდა დაერთოს სანოტარო დოკუმენტი, რომლის საფუძველზედაც, განმცხადებელი ითხოვს სააღსრულებო ფურცლის გაცემას. ხოლო „სანოტარო მოქმედებათა შესრულების შესახებ“ ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს იმ სანოტარო აქტის აღსასრულებლად, რომლის საფუძველზე დადგენილი ვალდებულების აღსრულება კანონმდებლობის შესაბამისად დაიშვება ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე და არ არის გასული ვალდებულების შესრულების ხანდაზმულობის კანონით დადგენილი ვადა. სააღსრულებო ფურცელი გაიცემა კრედიტორის (მისი უფლებამონაცვლის) წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონმდებლობით დადგენილ რეკვიზიტებს.
აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, სააღსრულებო ფურცლის გაცემისას მოწმდება შემდეგი ფაქტობრივი წინამძღვრების არსებობა: 1) სახეზე უნდა იყოს ვადამოსული მოთხოვნა 2) უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე 3) სანოტარო აქტში წერილობით უნდა იყოს განმარტებული სააღსრულებო ფურცლის სამართლებრივი შედეგები 4) არ უნდა იყოს გასული ვალდებულების შესრულების კანონმდებლობით დადგენილი ვადა.
დადგენილია, რომ მოსარჩელის სასესხო ვალდებულებებზე იძულებითი აღსრულების პროცესის დაწყების მიზნით ამოწერილი იქნა სააღსრულებო ფურცლები: 2018 წლის 12 ივლისს N180829257 და 2018 წლის 2 აგვისტოს - N180921200.
მხარემ სადავო გახადა სააღსრულებო ფურცლებში ვადამოსული მოთხოვნის მოცულობა, პროცენტისა და პირაგასამტეხლოს ნაწილში. მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, პირგასამტეხლოს ნაწილში, ხოლო სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელეზე დარიცხული პირგასამტეხლო ბათილია ნაწილობრივ და შეამცირა იგი 0.05%-მდე. ამდენად, შესაბამისი ცვლილება უნდა შევიდეს სააღსრულებო ფურცლებში და პირგასამტეხლო ოდენობა განისაზღვროს 2018 წლის 12 ივლისის N180829257 სააღსრულებო ფურცელში 1606.5 აშშ დოლარით, ხოლო 2018 წლის 2 აგვისტოს N180921200 სააღსრულებო ფურცელში 166.6 აშშ დოლარით.
7. საპროცესო ხარჯები.
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის 55-ე მეორე ნაწილით სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.
დავის საგანს წარმოადგენდა სარგებლის შემცირება 2031 აშშ დოლარით და პირგასამტეხლოს შემცირებას 17111.9 აშშ დოლარით, რაც ჯამში 19142.9 აშშ დოლარის ტოლია და წარმოადგენს დავის საგნის ფასს. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: სარგებლის ნაწილში არ დაკმაყოფილდა. ამდენად, სახელმწიფო ბაჟი (2031X3%) 60.93 აშშ დოლარი, ეროვნული ვალუტის კურსით 181.08 ლარი, უნდა დაეკისროს მოსარჩელეს.
პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში მოსარჩელემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ 13210 აშშ დოლარის ნაწილში (დაზუსტებული შესაგებელი 30/04/2019წ). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი მეორე ნაწილების თანახმად: 1. თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. 2. თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ მთავარ სხდომამდე, შესაბამისად, ამ ნაწილში (13210 X3%=396.3აშშ დოლარი) მხარეები თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
დავის საგნის დარჩენილი ნაწილის სახელმწიფო ბაჟი (17111.9-13210=3901.9X3%) 117.05 აშშ დოლარი, ეროვნული ვალუტის კურსით 347.65 ლარი, უნდა გადანაწილდეს სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად და განაწილდეს მხარეებზე თანაბრად.
მოსარჩელეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 650 ლარის ოდენობით. ამდენად, მას ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 295.1 ლარი (650-354.9), ხოლო შპს „მ------------–-“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 173.82 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს ძალაში, საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სარჩელი დაკმაყოფილდეს მოსარჩელე ჯა-------–--ესა და მოპასუხე შპს ,,----- ბერმელს" შორის 2016 წლის 5 აგვისტოს გაფორმებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ნაწილობრივ ბათილად ცნობის ნაწილში და პირგასამტეხლოს ოდენობა შემცირდეს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირი თანხის 0.05%-მდე;
3. სარჩელი დაკმაყოფილდეს მოსარჩელე ჯა-------–--ესა და მოპასუხე შპს ,,----- ბერმელს" შორის 2017 წლის 10 იანვარს დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ნაწილობრივ ბათილად ცნობის ნაწილში და პირგასამტეხლოს ოდენობა შემცირდეს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირი თანხის 0.05%-მდე;
4. შეტანილი იქნეს ცვლილება ნოტარიუსის მიერ, 2018 წლის 2 აგვისტოს, გაცემულ N180621200 სააღსრულებო ფურცელში და პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვროს 166.6 აშშ დოლარით;
5. შეტანილი იქნეს ცვლილება ნოტარიუსის მიერ, 2018 წლის 12 ივლისს, გაცემულ N180829257 სააღსრულებო ფურცელში და პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვროს 1606.5 აშშ დოლარით;
6. დანარჩენ ნაწილში სააღსრულებო ფურცლები დარჩეს უცვლელი;
7. მოსარჩელე ჯა-------–--ეს (პ/ნ 61004056740) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 29.08.2018წ. №0 საგადასახადო დავალებით სარჩელის აღძვრის გამო ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 295.1 ლარი (გადამხდელის დასახელება -შო---------–--ე პ/ნ 61003001504; გადამხდელის ბანკი - სს ,,თიბისი ბანკი’’; ანგარიში/სახაზინო კოდი - 3006931 50; მიმღების ბანკი - ხაზინა; ბანკის კოდი TRESGE22);
8. მოპასუხე შპს „მ------------–-“ დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოს 173.82 ლარი;
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ 30) მეშვეობით.
10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ 30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირმა ტოგონიძე