გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/725-2017
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
20.12.2019 წ. ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი
სხდომის მდივანი სალომე არევაძე
მოსარჩელე თ----- ნ-----ა
მოპასუხე ნ--- ბ---–----ე
წარმომადგენლები მ------ ქ----------–---–ი, სონია ოდიშარია
დავის საგანი სესხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ნ--- ბ---–----ისათვის თ----- ნ-----ას სასარგებლოდ 4000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.
სარჩელის გარემოებები
2012 წლის ნოემბერში თ----- ნ-----ამ ნ--- ბ---–----ეს მისივე თხოვნით ასესხა 4 500 აშშ დოლარი. აღნიშნული თანხის ნაწილი, კერძოდ 500 (ხუთასი) აშშ დოლარი კეთილსინდისიერად დაუბრუნდა მოსარჩელეს. კერძოდ, მოპასუხე თანხის მიღებიდან მალევე წავიდა საზღვარგარეთ ისრაელში, საიდანაც აგზავნიდა თანხას, რომელსაც მას აძლევდა მოპასუხის შვილი. სულ გამოგზავნილია 500 აშშ დოლარი. მიუხედავად მოსარჩელის არაერთი თხოვნისა, ნ--- ბ---–----ე არ უბრუნებს სესხის დარჩენილ ნაწილს - 4 000 (ოთხი ათასი) აშშ დოლარს. მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მოპასუხე ნ--- ბ---–----ეს 5 500 აშშ დოლარი ასესხა 2012 წლის ნოემბრის თვეში. ისრაელში წასვლის შემდეგ მოპასუხემ ჯერ დააბრუნა 1 000 აშშ დოლარი ხოლო შემდეგ, ნაწილ-ნაწილ დააბრუნა 500 აშშ დოლარი. თ----- ნ-----ამ განმარტა ასევე, რომ სარჩელში იმიტომ მიუთითა 4 500 აშშ დილარი, რომ მოპასუხე ნ--- ბ---–----ემ თავისთვის გამოართვა 4 500 აშშ დოლარი, ხოლო 1 000 აშშ დოლარი გამოართვა შვილისთვის. ამ უკანასკნელმა დედის ისრაელში წასვლიდან მალევე დაუბრუნა 1 000 აშშ დოლარი. ნ--- ბ---–----ემ კი შვილის მეშვეობით, მხოლოდ 500 აშშ დოლარი დაუბრუნა ნაწილ-ნაწილ.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა შემდეგი გარემოებები:
თ----- ნ-----ასთან ნ--- ბ---–----ეს ჰქონდა გარკვეული სასესხო ურთიერთობა, რაზეც არსებობს 2013 წლის 4 იანვრის ხელწერილი, რომლითაც მას თანხა უნდა დაებრუნებინა სამ თვეში. თ----- ნ-----ამ სასამართლოში სარჩელი აღძრა მ------ ქ----------–---–ის მიმართაც და მისგანაც მოითხოვა იგივე ოდენობის თანხის გადახდა, რასაც ნ--- ბ---–----ისგან მოითხოვს სარჩელით. მ------ ქ----------–---–ის საქმეზე სასამართლომ მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომელიც გაუქმდა, ხოლო შემდგომ თ----- ნ-----ამ სარჩელი გაიხმო. ნ--- ბ---–----ემ სესხის დაბრუნება ვერ შეძლო, რის გამოც შესთავაზა სხვა პირებზე გირავნობით უზრუნველყოფილი პროცენტიანი სესხით თანხის გასესხება, ხოლო სხვა მოვალეებისაგან სესხის დაბრუნებაში შუამავლობდა მისი ქალიშვილი მ------ ქ----------–---–ი, რომელიც პერიოდულად მოვალეების მიერ გადაცემულ თანხას საბანკო ანგარიშზე ურიცხავდა თ----- ნ-----ას. მოპასუხემ მიუთითა სარჩელის ხანდაზმულობაზე, და განმარტა, რომ მოსარჩელეს გაშვებული აქვს ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა, რადგან ვალის აღიარების ხელწერილით ვალდებულების შესრულების ვადა გავიდა 2013 წლის 4 აპრილს, ხოლო სარჩელი აღძრულია 2017 წელს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. განსახილველი სარჩელი თ----- ნ-----ას მიერ რუსთავის საქალაქო სასამართლოში აღძრულია 2017 წლის 10 აპრილს. თ----- ნ-----ას სხვა სარჩელი ნ--- ბ---–----ის მიმართ სასამართლოში არ წარმოუდგენია.
სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებას
- სარჩელის რეგისტრაციის შტამპი (ს.ფ. 1. ტომი 1)
- მოსარჩელის განმარტებები (29.11.2019წ სხდომის ოქმი CD დისკი)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2013 წლის 4 იანვარს სანოტარო წესით დამოწმებულია ვალის აღაირების შეთანხება, რომლითაც ნ--- ბ---–----ემ იკისრა ვალდებულება თ----- ნ-----ასათვის გადაეხადა 4500 აშშ დოლარი სამი თვის ვადაში. მოპასუხეს ვალდებულება არ შეუსრულებია. თანხის დაბრუნების ვადის გასვლის შემდეგ მ------ ქ----------–---–ის მიერ თ----- ნ-----ას ანგარიშზე თანხის გადახდა ნ--- ბ---–----ის ვალდებულების შესრულებას არ ემსახურებოდა.
2013 წლის 4 იანვარს ნოტარიუს მერი მერაბიშვილის მიერ სანოტარო წესით დამოწმებულია შეთანხმება ვალის აღიარების შესახებ, რომლითაც ნ--- ბ---–----ე აღიარებს, რომ აქვს თ----- ნ-----ას ვალი 4500 აშშ დოლარი. ვალს ყოველთვიურად ერიცხება სარგებელი 5%. ნ--- ბ---–----ე და თ----- ნ-----ა შეთანხმდნენ, რომ თ----- ნ-----ა ვალს გადაიხდის ამ შეთანხმების დადებიდან სამი თვის ვადაში.
მოსარჩელის განმარტებით, ნ--- ბ---–----ემ დაუბრუნა 500 აშშ დოლარი, მისი განმარტებით უცხოეთიდან გამოგზავნილ თანხას მას საბანკო ანგარიშზე ურიცხავდა მოპასუხის შვილი მ------ ქ----------–---–ი.
მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია სს საქართველოს ბანკში მისი საბანკო ანგარიშიდან 01.01.2013წ-31.12.2016წ პერიოდის შესახებ ამონაწერი, რომლის თანახმად, მ------ ქ----------–---–ს რამდენჯერმე აქვს ჩარიცხული თანხა თ----- ნ-----ას ანგარიშზე. კერძოდ, 2014 წლის 7 ოქტომბერს ჩარიცხულია 35 ლარი. 2014 წლის 18 ნოემბერს 35 ლარი, 2014 წლის 26 დეკემბერს 37 ლარი, 2015 წლის 8 იანვარს 38 ლარი, 2015 წლის 13 თებერვალს 50 აშშ დოლარი და 40 ლარი, ამდენად, თ----- ნ-----ას საბანკო ანგარიშზე მ------ ქ----------–---–ს ჩარიცხული აქვს ჯამურად 185 ლარი და 50 აშშ დოლარი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის საბანკო ანგარიშზე ამ გადარიცხვებით ნ--- ბ---–----ის სასესხო ვალდებულება არ სრულდებოდა. მოპასუხის განმარტებით, თ----- ნ-----ას თანხა გასესხებული ჰქონდა სხვადასხვა პირებზე, რომლებიც იყო ავტომობილებით უზრუნველყოფილი სესხები. ამ სესხების გაფორმებაში შუამავალი იყო მ------ ქ----------–---–ი, რომელიც მოვალეებისგან გადაცემულ პროცენტის თანხებს ანგარიშზე ურიცხავდა თ----- ნ-----ას. მოპასუხის განმარტებით, ავტომობილები მოსარჩელის საკუთრებაში აღირიცხა და მათი მეშვეობით ამოიღო სესხის თანხა.
საქმეში არ არის წარმოდგენილი თ----- ნ-----ას მიერ სხვა პირებთან დადებული სესხის და გირავნობის ხელშეკრულებები, თუმცა მოსარჩელემ ამგვარი სასესხო ურთიერთობის არსებობა და მათთან მ------ ქ----------–---–ის კავშირი არ უარყო და განმარტა, რომ მ------ ქ----------–---–ის შუამავლობით მან სხვადასხვა პირებთან სხვადასხვა დროს გააფორმა სესხის ხელშეკრულებები, რომლებიც უზრუნველყოფილი იყო გირავნობით. მოსარჩელის განმარტებით სწორედ ეს ხელშეკრულებები ემსახურებოდა ნ--- ბ---–----ის მიერ სასესხო ვალდებულების შესრულებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის მიხედვით, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. ამავე კოდექსის 132-ე მუხლის მიხედვით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების არსებობის ან არარსებობის აღიარება მხარეს შეუძლია როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების ან ამ საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვის დროს. თუ აღიარება წარმოდგენილია წერილობითი ფორმით, იგი დაერთვის საქმეს. ზეპირად გაკეთებული აღიარება შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში.
სასამართლო განმარტავს, რომ მხარის აღიარებას მტკიცებულებითი მნიშვნელობა ენიჭება ისეთი შემთხვევაში, როცა საქმისათვის მნიშვნელოვანი კონკრეტული გარემოების მტკიცებისათვის კანონით გათვალისწინებული სავალდებულო ფორმის მტკიცებულება გათვალისწინებული არ არის. ამ შემთხვევაში მოპასუხე სარჩელს უარყოფს ხანდაზმულობის მოტივით და მიუთითებს იმ ფაქტს, რომ მ------ ქ----------–---–ი საშუამავლო საქმიანობის ახორციელებდა თ----- ნ-----ას სხვადასხვა მოვალეებთან ურთიერთობაში და ამ ურთიერთობის ფარგლებში ურიცხავდა საბანკო ანგარიშზე თანხებს. ამ გარემოების ანუ სასესხო ურთიერთობის მტკიცებისათვის წერილობით ფორმის მტკიცებულების არსებობა სავალდებულო არ არის, რადგან სესხის ხელშეკრულების დადება წერილობითი ფორმის დაცვაზე დამოკიდებული არ არის. თ----- ნ-----ამ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მ------ ქ----------–---–თან ასეთი ურთიერთობის არსებობა, რაც მოპასუხის მიერ მითითებული ამ გარემოების მტკიცებისათვის საკმარისია.
მხარის აღიარების, როგორც მისი ახსნა-განმარტების პროცესუალურ მნიშვნელობაზე სასამართლო მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას. „საპროცესო სამართლის თეორიაში აღიარების განსაკუთრებული მნიშვნელობა განმარტებულია იმგვარად, რომ ფაქტს, რომელსაც უნდა ადასტურებდეს დავის სუბიექტი, ადასტურებს მისი მოწინააღმდეგე მხარე. ფაქტის აღიარების დროს მხარე ცნობს დავის კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, რაც სასამართლომ შეიძლება საკმარის საფუძვლად მიიჩნიოს გადაწყვეტილების გამოტანისას და დაეყრდნოს ამ აღიარებას (იხ. სუსგ საქმე №ას-361-343-2015,14 დეკემბერი, 2015 წელი, ასევე 2018 წლის 7 მარტის განჩინება საქმეზე № ას-1340-1260-2017.
სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებას
- ვალის აღიარების ხელწერილი დედანი (ს.ფ. 161. ტომი 1)
- მხარეთა განმარტებები (29.11.2019წ სხდომის ოქმი CD დისკი)
- ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ. 261-283. ტომი 1)
III სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
საქმის სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ გამოიყენა შემდეგი ნორმები:
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 623-ე, 625-ე, 129-ე, 123-ე, 137-ე, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 144-ე მუხლი
6. სამართლებრივი შეფასება
სადაო ურთიერთობა წარმოშობილია სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, შესაბამისად დავა სახელშეკრულებოა. 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. 625-ე მუხლის 2013 წელს მოქმედი რედაქციის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
მხარეებს შორის სასესხო ურთიერთობის არსებობა დასტურდება 2013 წლის 4 იანვრის ვალის აღიარების ხელწერილით, რომლითაც მოპასუხემ იკისრა ვალდებულება მოსარჩელისათვის 4500 აშშ დოლარი დაებრუნებინა 3 თვეში, ყოველთვიურად 4% სარგებლით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხეს მოთხოვნის წარმოშობა, ანუ მხარეებს შორის სასესხო ურთიერთობის არსებობა სადავოდ არ გაუხდიათ. მან წარადგინა მოთხოვნის განხორციელების ხელისშემშლელი შესაგებელი და მიუთითა სარჩელის ხანდაზმულობაზე სახელშეკრულებო დავისათვის გათვალისწინებული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გასვლის გამო.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ხანდაზმულია, რადგან ხანდაზმულობა მოსარჩელის მიერ მითითებული საფუძვლით - მოვალის მიერ ვალდებულების ნაწილის შესრულებით არ შეწყვეტილა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.
განსახილველ საქმეში დავის საგანია სესხის ხელშეკრულების შესრულება, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნაზე ვრცელდება სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის 3 წლის ვადა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ პირის უფლება, სრული მოცულობით მოახდინოს საკუთარი კანონიერი ინტერესების რეალიზება ან სასამართლო წესით დაცვა, შეზღუდულია სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი ვადებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ადგენს ხანდაზმულობის ვადის გამოანგარიშების წესს და მის ათვლას უკავშირებს დროს, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა საკუთარი უფლების დარღვევის ფაქტი, ან დროს, როდესაც მას ასეთის თაობაზე ობიექტურად უნდა შეეტყო.
მხარეებს შორის ვალის აღიარების ხელშეკრულება დაიდო 2013 წლის 4 იანვარს, რომლითაც თანხის დაბრუნების ვადად განსაზღვრულია შეთანხმების დადებიდან სამი თვე. სამოქალაქო კოდექსის 123-ე მუხლის მიხედვით, ვადა, რომელიც განსაზღვრულია კვირების, თვეების ან რამდენიმე თვის შემცველი დროით – წლით, ნახევარი წლით, კვარტალით, – მთავრდება ბოლო კვირის ან ბოლო თვის იმ დღის დამთავრებისთანავე, რომელიც შეესაბამება მოვლენის დადგომის დღეს ან დღის ზემოაღნიშნულ დროს. ამ ნორმის საფუძველზე სესხის დაბრუნების ვადა ამოიწურა 2013 წლის 4 აპრილს. ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაიწყო 2013 წლის 5 აპრილიდან და დასრულდა 2016 წლის 5 აპრილს. განსახილველი სარჩელი სასამართლოში აღძრულია 2017 წლის 10 აპრილს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტა არ მომხდარა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე და 138-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლებით - მოპასუხის მიერ ვალის აღიარებით, მოვალის მიერ თანხის გადახდით ან კრედიტორის მიერ განხორციელებული სააღსრულებო მოქმედებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლი ითვალისწინებს ხანდაზმულობის შეწყვეტას მოვალის ისეთი ქმედების შედეგად, რაც მიმართულია სადაო ვალდებულების შესრულებისკენ.
მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხის შვილმა 2014-2016 წლებში სადაო სესხის დასაბრუნებლად ანგარიშზე ჩაურიცხა გარკვეული თანხა, ხოლო ასევე პერიოდულად 500 აშშ დოლარი გამოუგზავნა ისრაელიდან, რასაც ასევე მოპასუხის შვილი გადასცემდა ნაღდი ფულადი თანხით. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოპასუხის ანგარიშზე თანხის გადახდა სადაო სესხის დაბრუნებას არ ისახავდა მიზნად და მ------ ქ----------–---–ი მოსარჩელეს თანხის ურიცხავდა მოსარჩელის სხვა სასესხო მოთხოვნების შესასრულებლად.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის გამომწვევი გარემოებებია მოვალის იმგვარი ქმედება, როდესაც იგი (ვალდებული პირი) უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას.
ამ ნორმის როგორც სიტყვა-სიტყვითი, ასევე ლოგიკური და შინაარსობრივი განმარტების შედეგად გამომდინარეობს, რომ ხანდაზმულობის ვადა შეწყდება ვალდებული პირის - მოვალის გაცნობიერებული ქმედებით ვალდებულების აღიარების თაობაზე, რაც გამოიხატება მისი მხრიდან კრედიტორის წინაშე განხორციელებული აქტიური ქმედებით, როგორიცაა მაგალითად, ავანსის, პროცენტის გადახდა, კრედიტორისათვის გარანტიის მიცემა. ნორმა ხანდაზმულობის ვადის შემწყვეტ ქმედებათა ამომწურავ ჩამონათვალს არ ითვალისწინებს, რადგან დასაშვებია სხვაგვარად მოთხოვნის აღიარება, რაც იმას ნიშნავს, რომ დასაშვებია სხვა ქმედებამაც განაპირობოს ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის მიზნებისათვის აუცილებელია, რომ მოვალის ქმედებიდან ნათლად და არაორაზროვნად დგინდებოდეს მისი მხრიდან ვალდებულების აღიარება და მოვალის მზაობა, აღნიშნული ვალდებულების შესრულების თაობაზე. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებები მიმართულია მოვალის მხრიდან „მოთხოვნის არსებობის აღიარებისაკენ“, ხოლო ამ ნორმით გათვალისწინებული „მოთხოვნის არსებობის აღიარება“ არის ცალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის - ხანდაზმულობის შეწყვეტისაკენ. აქედან გამომდინარე, ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდება ნების მხოლოდ ისეთი გამოვლენის შედეგად, რომლითაც ნათლად და არაორაზროვნად დგინდება, რომ მოვალე უფლებამოსილი პირის წინაშე აღიარებს ვალდებულების არსებობას და მზად არის იგი შეასრულოს. ამდენად, მოთხოვნის აღიარებად მიჩნეული უნდა იქნას მხოლოდ მოვალის ერთმნიშვნელოვანი და ნათლად გამოვლენილი ნება, რომლის საფუძველზეც იგი პირდაპირ აღიარებს დავალიანების არსებობას და მკაფიოდ გამოთქვამს მისი შესრულების მზადყოფნას. ნებისმიერი ეჭვი ან უზუსტობა მოვალის სასარგებლოდ უნდა განიმარტოს. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 1 დეკემბრის განჩინება საქმე #ას-599-562-2010)
მოსარჩელე ხანდაზმულობის შეწყვტის საფუძვლად უთითებს მესამე პირის მიერ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვას. ეს ქმედება არ წარმოადგენს ვალდებულების სხვაგვარად აღიარებას. მოვალის ასეთ ქმედებად _ სხვაგვარ აღიარებად უნდა ჩაითვალოს მოვალის ისეთი ქმედება, რომელშიც აშკარად გამოკვეთილია პირის ნება ვალდებულების არსებობასთან მიმართებით (იხ. სუსგ №ას-330-733-06, 19 დეკემბერი, 2006 წელი). საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მ------ ქ----------–---–ი დაკავშირებული იყო მოსარჩელის სხვა სასესხო ურთიერთობებთან, მოსარჩელემ არ უარყო, რომ მ------ ქ----------–---–ის შუამავლობით სხვადასხვა მოვალეებზე გაასესხა თანხები. სასამართლო აღნიშნავს, რომ 137-ე მუხლის საფუძველზე ხანდაზმულობის შეწყვეტას იწვევს მოვალის მკაფიო და არაორაზროვანი მოქმედება, რაც ვალდებულების შესრულებისკენაა მიმართული. საქმეზე არ დასტურდება, რომ მოსარჩელეს ნ--- ბ---–----ის ოჯახის წევრებთან მხოლოდ სადაო სასესხო ურთიერთობა აკავშირებდა და მხოლოდ ამ სასესხო ურთიერთობის შესრულებას ემსახურებოდა სადაო თანხების მისთვის ჩარიცხვა. სასამართლო აღნიშნავს, რომ მესამე პირის მიერ ვალდებულების შესრულება დასაშვებია, თუმცა სადაობის შემთხვევაში მოსარჩელის ვალდებულებაა, რომ დაადასტუროს მესამე პირის მიერ მოვალის ვალდებულების შესრულება და ამ გზით ხანდაზმულობის შეწყვეტა, რაც მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა.საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მ------ ქ----------–---–ი მოსარჩელის საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვით ასრულებდა მოპასუხის სასესხო ვალდებულებას, რადგან მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მ------ ქ----------–---–ი იყო მოსარჩელის სხვა სასესხო ურთიერთობის მონაწილე და ამ ვალდებულებების შესასრულებლად იხდიდა თანხას.
სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის მიზნებისათვის მოვალის აღიარება სამართლებრივი ძალის მქონე მხოლოდ იმ შემთხვევაშია, თუკი აღიარება ან ვალდებულების ნაწილის შესრულება ხანდაზმულობის ვადაში განხორციელდა, რადგანაც საფუძველს მოკლებული იქნება მსჯელობა იმაზე, რომ მოვალის იურიდიული მნიშვნელობის მქონე მოქმედებას შედეგად მოჰყვეს უკვე გასული ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა.
ამ შემთხვევაში ადგილი არა აქვს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლში მითითებულ მოვალის მიერ განხორციელებულ იმ ქმედებებს, რაც იწვევს ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას. ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის საფუძველი არ არის ასევე მოსარჩელის მიერ მითითებული ის ფაქტი, რომ მოპასუხემ დაუბრუნა 500 აშშ დოლარი.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის საფუძველზე, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
შეჯიბრებითობის პრინციპი არის სამოქალაქო სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპი, რომლითაც დეკლარირებულია მხარის შესაძლებლობა დაასაბუთოს თავისი მოთხოვნა, უარყოს ან გააქარწყლოს მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. ამასთან, შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, მხარე თავად განსაზღვრავს რა ფაქტებს მიუთითებს სასამართლოში მისი პოზიციის მართებულობის წარმოსაჩენად და რა მტკიცებულებებს წარმოადგენს ამ ფაქტების დასადასტურებლად. შეჯიბრებითობის პრინციპი მხარეს არა მარტო უფლებას ანიჭებს, არამედ ავალდებულებს სასამართლოში დავის განხილვის დროს მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მიერ მითითებული ფაქტები. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ეკისრება იმ მხარეს, რომელმაც ეს ფაქტები მიუთითა. მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ ნორმის თანახმად, მხარეებს შორის მტკიცების ტვირთი თანაბრად ნაწილდება, მოსარჩელეს ევალება სარჩელში მითითებული გარემოებების დასაბუთება, მოთხოვნის არსებობის ფაქტის დადასტურება, ხოლო მოპასუხე ვალდებულია ამტკიცოს სარჩელის საწინააღმდეგო ფაქტები, ისეთი გარემოებების არსებობა, რაც გამორიცხავს მისთვის ვალდებულების დაკისრებას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
ამ შემთხვევაში მოპასუხე სარჩელის გამომრიცხავ გარემოებად ასახელებს ხანდაზმულობის ვადის გასვლას, რის საპირისპიროდ მოსარჩელემ მიუთითა ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის ისეთი გარემოება, რაც არის მოვალის მიერ ვალდებულების ნაწილის შესრულება. ასეთ პირობებში მოსარჩელეს ევალება დაადასტუროს ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის საფუძვლების არსებობა. 500 აშშ დოლარის დაბრუნების შესახებ მოსარჩელეს მისივე ახსნა-განმარტების გარდა სხვა მტკიცებულება არ წარმოუდგენია, ასევე ვერ დაასაბუთა, რომ მ------ ქ----------–---–ი საბანკო ანგარიშზე 2014-2016 წლებში ჩარიცხვით უბრუნებდა სადაო სესხის თანხებს. ამდენად, ხანდაზმულობის შეწყვეტა სახეზე არ არის.
ამ შემთხვევაში დავის საგანია ფულადი ვალდებულების დაკისრება, რასაც მოპასუხე ხანდაზმულობის ვადის გასვლის საფუძვლით საერთოდ არ ეთანხმება. ამდენად, სადაო არის არა სადაო თანხის მოცულობა, შესასრულებული ვალდებულების მოცულობა, არამედ სადაოა სარჩელის ხანდაზმულობის საკითხი. ამ გარემოების გათვალისწინებით მხოლოდ მოსარჩელის განმარტება ვალდებულების ნაწილის შესრულების მიღების შესახებ სესხის ნაწილის გადახდას არ ადასტურებს, რადგან ამ გარემოებას მოპასუხე არ ეთანხმება. მოპასუხეს კი არ წარმოუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მოპასუხე ვალდებულების ნაწილი შეასრულა და ამით შეწყდა ხანდაზმულობის ვადა.
კრედიტორის (მოსარჩელის) უფლების დარღვევას იწვევს მოვალის მიერ სესხის დაბრუნების ვალდებულების დარღვევა. ხელშეკრულებით განსაზღვრულია ვალდებულების შესრულების კონკრეტული ვადა, რომლის განმავლობაში ვალდებულების შეუსრულებლობა წარმოშობს კრედიტორის მოთხოვნას მსესხებელს სარჩელით მოსთხოვოს კრედიტის დაბრუნება, სასარჩელო ხანდაზმულობა კი იწყება ვალდებულების შესრულების ვადის ამოწურვის შემდეგ. ამ შემთხვევაში სესხის დაბრუნება მოსარჩელეს სარჩელით უნდა მოეთხოვა 2016 წლის 5 აპრილამდე, ხოლო სარჩელი აღძრულია 2017 წლის 10 აპრილს, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, ხოლო 137-ე მუხლის საფუძველზე ხანდაზმულობა არ შეწყვეტილა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
სასამართლო განმარტავს, რომ ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა ისაა, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი იძულებით ვერ განხორციელდება, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოვალის ნება-სურვილზე. ამდენად, კრედიტორის მიერ ხანდაზმულობის ვადის გაშვება მოვალეს ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმის უფლებას ანიჭებს, ხოლო კრედიტორის მოთხოვნა სამართლებრივად უვარგისი, განუხორციელებელი ხდება. ამ შემთხვევაში მოპასუხემ სარჩელის საწინააღმდეგოდ განაცხადა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შესახებ, რაც ხანდაზმული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
7. პროცესის ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, 1. სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია; 2. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა; 3. თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
მოსარჩელეს 2017 წლის 13 აპრილის განჩინებით გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა, ასეთ შემთხვევაში კი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისას მოსარჩელეს ეკისრება სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის გადახდა. თუმცა, ამ შემთხვევაში მოსარჩელე კანონის საფუძველზე თავისუფლდება სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, რადგან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანის ბაზიდან 2019 წლის 1 თებერვალს გაცემული ამონაწერის თანახად, მოსარჩელის ოჯახის სარეიტინგო ქულაა 1000 და იღებს საარსებო შემწეობას. მოსარჩელე სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან თავისუფლდება სსსკ 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველი, რომლის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მხარეები, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით. ამდენად, ამ საქმეზე ორივე მხარე თავისუფლდება სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისგან, რის გამო სასამართლო ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო ბიუჯეტი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. არ დაკმაყოფილდეს თ----- ნ-----ას სარჩელი;
2. მხარეები გათავისუფლდნენ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხრისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი