განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100119002837041
საქმე №1/75-19 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
30.12.. 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ნანა ჯოხაძე
სხდომის მდივანი ნიტა ფაიქიძე
ბრალდების მხარე
პროკურორი: გუ------------–--ე;
დაცვის მხარე
ადვოკატი: გი------------–-–---–ი;
ღია სასამართლო სხდომაზე არსებითად განიხილა სისხლის სამართლის საქმე
№0-----------
ბრალდებული: აკ--- აბ----–--ე
მამის სახელი: ბა-----
დაბადების თარიღი: 2---------წ.
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: უმაღლესი
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: არ მქონე
მცხოვრები: ქ. ქუ-----ი, ნი---–---–-ს ქუჩა, მე-12 ჩიხი №2.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი.
დისპოზიცია: ოჯახის წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. 2018 წლის 13 დეკემბერს, დაახლოებით 14:00 საათზე ქუ-----ში, ნი---–---–-ს ქუჩა, მე-10 ჩიხი №2-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას აკ--- აბ----–--ემ ხელების სახეში და მკლავზე დარტყმებით, სცემა მამას - ბა----- აბ----–--ეს. ცემის შედეგად ბა----- აბ----–--ემ განიცადა ფიზიკური ზიანი.
2. სასამართლომ დაადგინა.
სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების, წინამდებარე სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და საკმარისობის შეფასების საფუძველზე, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აკ--- აბ----–--ე ცნობილ უნდა იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
3. წინასასამართლო სხდომაზე, ბრალდებულმა სადავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (იხ. წინასასამართლო სხდომის ოქმი).
4. ქმედების სამართლებრივი აღწერა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დასაკითხად წარმოდგენილი იქნა დაზარალებული ბა----- აბ----–--ე, რომელმაც გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცა სასამართლოს ჩვენება ახლო ნათესავის (შვილის) წინააღმდეგ. (იხ. სხდომის ოქმი)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს შო------------ემ (ექსპერტი) განმარტა, რომ - აქვს სამედიცინო ექსპერტად მუშაობის 6 წლის სტაჟი, მოცემულ საქმესთან დაკავშირებით ქუ-----ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილების გამომძიებლის გი--------–--ის მომართვის საფუძველზე დანიშნული იქნა სამედიცინო ექსპერტიზა მოქალაქე ბა----- აბ----–--ის სხეულის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით. მის მიერ გაცემული იქნა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც დადგინდა შემდეგი: მოქალაქე ბა----- აბ----–--ე პირადად იყო წარმოდგენილი ექსპერტიზაზე 2018 წლის 13 დეკემბერს, მოხდა აღნიშნული პირის პირადი გასინჯვა, სხეულის გარეგნული დათვალიერება. გასინჯვის დროს მოქალაქე ბა----- აბ----–--ეს ცხვირის ზურგზე ცენტრალურიდან შუა მესამედში აღენიშნებოდა უსწორო ფორმის, მოწითალო ფერის, მშრალი მიმდებარე კანის დონიდან დაბლა მდებარე ზედაპირით ნაჭდევი ზომით 0,3X0,2 სმ. მარცხენა მტევნის უკანა ზედაპირზე მეორე და მესამე თითების ნების ძვალთა შორის საპროექციო მიდამოში აღენიშნებოდა ასეთივე ფორმისა და ხასიათის ნაჭდევი ზომით 0,5X0,4 სმ. ზედა ტუჩის მიდამოში ცენტრალურად შიგნითა ზედაპირზე ლორწოვანზე, აღენიშნებოდა უსწორო ფორმის, მუქი მოწითალო ფერის, არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე სისხლჩაქცევა ზომით 0,8X0,6 სმ. მარჯვენა მტევნის უკანა ზედაპირზე პირველი და მეორე თითების ნების ძვალთა შორის საპროექციო მიდამოში აღენიშნებოდა უსწორო ფორმის ნაჭდევი ზომით 0,6 X0,4 სმ რომელიც, დაფარული მოყავისფრო-მორუხო ფერის, სქელი, მშრალი, მიმდებარე კანის დონიდან მაღლა მდებარე, კიდეებზე აცლილი ფუფხით აცლილ მიდამოებში ზედაპირი იყო მოვარდისფრო ფერის, პრიალა. მარცხენა წინამხრის უკანა ზედაპირზე შუა და ქვედა მესამედების დონეზე აღენიშნებოდა მრავლობითი გასწვრივ ირიბად მდებარე, ზოლისებური ფორმის ასეთივე ხასიათის ნაჭდევები მაქსიმალური ზომით 8,5X0,3 სმ და მინიმალური ზომით 0,4 X0,1 სმ. მოქალაქე ბა----- აბ----–--ეს სხეულზე გარეგნულად სხვა რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა. ბა----- აბ----–--ის სხეულზე არსებული დაზიანებები, ანუ სისხლჩაქცევები და დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ისინი ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებოდნენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. რაც შეეხება დაზიანების ხანდაზმულობას მარჯვენა მტევნის უკანა ზედაპირზე პირველი და მეორე თითების ნების ძვალთა შორის საპროექციო მიდამოში და მარცხენა წინამხრის უკანა ზედაპირზე შუა და ქვედა მესამედების დონეზე არსებული ნაჭდევები ხანდაზმულობით არ შეესაბამებოდნენ დადგენილებაში მითითებულ თარიღს, ხოლო ყველა სხვა დანარჩენი დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებოდნენ დადგენილებაში მითითებულ თარიღს. ბა----- აბ----–--ე წარმოდგენილი იქნა ექსპერტიზაზე 2018 წლის 13 დეკემბერს, პირადი გასინჯვა დაიწყო 18:13 საათზე და დასრულდა 18:28 საათზე. დადგენილებაში მითითებული იყო, რომ 2018 წლის 13 დეკემბერს მოხდა აღნიშნული ფაქტი. (იხ. სხდომის ოქმი)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს გი--------–--ემ (გამომძიებელი) განმარტა, რომ - აქვს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში მუშაობის ხუთი წლის სტაჟი. ამავე განყოფილებაში 2018 წლის 13 დეკემბერს შემოვიდა შეტყობინება მასზედ, რომ ქ. ქუ-----ში ნი---–---–-ს ქუჩაზე მე-10 ჩიხში მცხოვრებ ბა----- აბ----–--ეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მისმა შვილმა აკ--- აბ----–--ემ და შემდეგ სახლში ჩაამსხვრია მინები. გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი. მოცემულ საქმესთან დაკავშირებით ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში დაიწყო გამოძიება ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით. მოცემულ საქმეზე მას დათვალიერებული აქვს შემთხვევის ადგილი, ასევე გამოკითხული ჰყავს მოწმე მაკა მე-–--ე. შემთხვევის ადგილის დათვალიერებამდე ბა----- აბ----–--ეს განემარტა შესაბამისად უფლებები და მან თანხმობა განაცხადა აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობის მიღებაზე, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი და შესაბამისად დასურათდა ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ სურათები დაერთო საქმეს. ბა----- აბ----–--ემ მიუთითა, რომ მისი საცხოვრებელი სახლში მისსავე სამუშაო ოთახში მიაყენა აკ--- აბ----–--ემ ფიზიკური შეურაცხყოფა. ასევე მიუთითა დამსხვრეულ მინებზე, რომელიც დასურათებული იქნა და ამოღებული იქნა კანონით დადგენილი წესით, დაილუქა და დაერთო საქმეს. ბა----- აბ----–--ემ განმარტა, რომ მისმა შვილმა დაარყა სახისა და მკლავის არეში, რის შედეგადაც განიცადა ფიზიკური ტკივილი. მოწმემ განმარტა, რომ დაზარალებულს აღენიშნებოდა დაზიანებები სახეზე, როგორც ახსოვს ტუჩის მიდამოში. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ბრალდებული აკ--- აბ----–--ე სახლში არ იმყოფებოდა, მისთვის უცნობი იყო მისი ადგილსამყოფელი. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას დათვალიერებული იქნა ბა----- აბ----–--ის სამუშაო ოთახი და საცხოვრებელი სახლის ეზო. მოწმემ განმარტა, რომ ბა----- აბ----–--ის სამუშაო ოთახში შეიმჩნეოდა არეულობის კვალი, დამსხვრეული იყო ფანჯრის მინები, ავეჯსაც ეტყობოდა გადაადგილების კვალი, სისხლის კვალი არ შეიმჩნეოდა. (იხ. სხდომის ოქმი)
5. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები:
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ბრალდებულმა აკ--- აბ----–--ემ განმარტა, რომ - წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. ის მუშაობს ქუთაისის ინტერვენციულ საავადმყოფოში ზოგადი ქირურგის პოზიციაზე და ასევე კლინიკა ,,ბო------ში’’ ბავშვთა ქირურგის და ზოგადი ქირურგის პოზიციაზე. ჰყავს მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი. ამჟამად ცხოვრობს მეუღლის ბინაში. ამ საქმეზე დაზარალებული ბა----- აბ----–--ე არის მისი მამა. ის და მამამისი მოლაპარაკებული იყვნენ იმის თაობაზე, რომ კომუნალური გადასახადები უნდა გაეყოთ თანაბრად, რადგანაც ისინი ერთად ცხოვრობდნენ ნი---–---–-ს ქუჩაზე არსებულ მათ სახლში. 2018 წლის 13 დეკემბერს ის შემოვიდა მასთან ოთახში და მიაწოდა 100 დოლარი, თან განუმარტა, რომ ამ თანხის მიცემის შემდეგ ის მეტ გადასახადს აღარ გადაიხდიდა, რაც ბრალდებულს ეწყინა, რადგანაც მამამისი კომუნალურ გადასახადებზე თანაგადახდას აღარ მოახდენდა. ამ საუბრის შემსწრე იყვნენ ძიძა მე-–--ე, სახელი არ ახსოვს და მისი სიმამრი დე----------------–---–ი. მისი მეუღლე იმ დროისათვის იმყოფებოდა სამსახურში, ხოლო სიმამრი მოსული იყო მათთან რადგანაც ეხმარებოდა ბავშვებთან დაკავშირებით. მათ შორის იყო მხოლოდ კამათი, ხმამაღალი საუბარი ბა----- აბ----–--ის სამუშაო ოთახში, საუბარი დაახლოებით გაგრძელდა 15 წუთი. საუბარი იმით დასრულდა, რომ ბრალდებული ნაწყენი დარჩა, თანხა 100 დოლარი არ აუღია და წამოვიდა სახლიდან, მას შემდეგ ცხოვრობს სხვა მისამართზე. ბრალდებულმა განმარტა, რომ მას მინა არ ჩაუმტვრევია, შესაძლოა იმ დღეს ქარი იყო და რადგანაც მამამისი ხშირად ეწევა სიგარეტს, ალბათ ქარმა ჩაამტვრია ეს მინები. მათ შორის არანაირ ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არც იმ დღეს და არც არასდროს არ ქონია. მამამისს სავარაუდოდ ჰქონდა სახის არეში ნიკაპთან და ზედა კიდურის არეში დაზიანებები, სისხლჩაქცევები, რადგანაც მას აქვს B ჰეპატიტი, ღვიძლის დაზიანება და ხშირად აქვს ხოლმე სისხლჩაქცევები. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ბრალდებული ადგილზე არ ყოფილა. (იხ. სხდომის ოქმი)
აღნიშნული მოწმეების დაკითხვის შემდეგ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არ არის და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. მტკიცებულების უდავოდ მიჩნევით, მხარეები პრაქტიკულად იყენებენ მათთვის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით მინიჭებულ უფლებამოსილებას.
ვინაიდან მხარეებმა სხვა მტკიცებულებები სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია. განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი სასამართლომ უნდა შეაფასოს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით.
6. წარმოდგენილი მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასება:
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით.
სასამართლო განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული, საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე. თუმცა, ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული გარანტიები გამოიყენება არამარტო უშუალოდ სასამართლოში საქმის განხილვისას, არამედ სამართალდამცავი ორგანოების მიერ გამოძიების წარმოების ეტაპზე და საქმის განხილვის დამთავრების შემდეგაც.
საქმეში „დელკურტი ბელგიის წინააღმდეგ“ სასამართლომ განმარტა: „დემოკრატიულ საზოგადოებაში სამართლიანი სამართალწარმოების განხორციელებას იმდენად მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, რომ მე-6 მუხლის შეზღუდულად განმარტება არ იქნებოდა შესაბამისობაში მის მდგომარეობასთან“.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. აღნიშნული ნორმები განიმარტა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვით, „ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომ აკ--- აბ----–--ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველით გათვალისწინებული დანაშაული შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მტკიცებულება წარმოადგენს ინფორმაციის წყაროს, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მტკიცებულებების მეშვეობით სასამართლო ადგენს, არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე.
ყოველი მტკიცებულება, რომელიც ბრალდებასა თუ განაჩენს საფუძვლად ედება, შესაძლოა იწვევდეს დავას. გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები, როგორც წესი, მხარეთა განსხვავებული შეფასებისა და კამათის საგანს წარმოადგენს. სისხლისსამართლებრივი დევნის სხვადასხვა ეტაპზე მხარეებს ეძლევათ შესაძლებლობა, შეამოწმონ მტკიცებულებათა ნამდვილობა, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს ან უარყოფს ბრალდებული პირის კავშირს ჩადენილ დანაშაულთან.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმის სტატუსით სარგებლობს, მისი უფლებები ენიჭებათ და მისი მოვალეობები ეკისრება დაზარალებულს. ამავე კოდექსის მე-49 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს.
მოცემულ შემთხვევაში, ოჯახური კონფლიქტის მონაწილე პირს - თავად დაზარალებულს არ მიუწოდებია რაიმე ინფორმაცია - მან კანონიერი საფუძვლით განაცხადა უარი ჩვენების მიცემაზე.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ბრალმდებელს უფლება აქვს, უარი თქვას ბრალდებაზე.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პროკურორი თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს სახელმწიფოს სახელით. სასამართლოში პროკურორი არის სახელმწიფო ბრალმდებელი. მას ეკისრება ბრალდების მტკიცების ტვირთი.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეთა უფლებამოსილებას წარმოადგენს. სასამართლო კი გადაწყვეტილებას ღებულობს მხოლოდ მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე. წინამდებარე საქმეში ბრალდების მხარემ, მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დაადასტურა აკ--- აბ----–--ის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
სასამართლო განმარტავს, რომ ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობაში იგულისხმება საქმის არსებითი განხილვის დროს მხარეთა მიერ გამოკვლეული სულ მცირე, ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულების არსებობა, რომლებიც სრულ თანხვედრაში იქნება ერთმანეთთან და მოგვცემს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშნის დადასტურების შესაძლებლობას, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის.
მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა პირდაპირ მტკიცებულებათა ისეთი ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა აკ--- აბ----–--ის მხრიდან ბა----- აბ----–--ის მიმართ ძალადობის ფაქტს.
ბრალდების მხარის მიერ გამოსაკვლევ მტკიცებულებათა ნუსხაში დასახელებული არც ერთი მოწმე, რომელიც დაკითხული იქნა სასამართლო სხდომაზე და მათ შორის არც ის მოწმეები, რომელიც დაცვის მხარემ უდავოდ გახადა საქმის განხილვის დროს, ბრალდებულის გარდა არ არიან შემთხვევის ფაქტის თვითმხილველები და მათ მიერ გადმოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას. მოწმის (დაზარალებულის) მიერ მესამე პირებისათვის ან გამოძიებისას სხვა საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის დროს მიწოდებულ ინფორმაციას, თუკი მათ დადასტურება ვერ ჰპოვეს საქმის სასამართლო განხილვისას სასამართლო მტკიცებულებად ვერ გამოიყენებს. ასევე წერილობითი მტკიცებულებები: დანაშაულის შესახებ შეტყობინება, შემაკავებელი ორდერის მასალები არ იძლევიან უტყუარ ინფორმაციას ბრალად შერაცხული ძალადობის ფაქტის არსებობის შესახებ, არამედ შეიცავენ მხოლოდ დაზარალებულისაგან მოწოდებულ ინფორმაციას მასზე ბრალდებულის მხრიდან ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით. რაც სსსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად წარმოადგენს ირიბ ჩვენებას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ ის დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით რომელიც არ არის ირიბი ჩვენება. ირიბი ჩვენება ეყრდნობა სხვა წყაროდან მოპოვებულ, როგორც წესი, მოდიფიცირებულ ინფორმაციას. ირიბი ჩვენებით დადგენილ ფაქტსა და ინფორმაციის წყაროს შორის არსებობს შუალედური რგოლი. რაც უფრო მეტი შუალედური რგოლი არსებობს წყაროსა და ჩვენების მიმცემ მოწმეს შორის, მით უფრო ნაკლებია მის მიერ მიცემული ჩვენების სარწმუნოობის ხარისხი და მტკიცებულებითი წონა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაში საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ’’ აღნიშნავს: ,,ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით’’.
სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს ბრალდებულის მიმართ არ იწვევდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს, ამასთან, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა არსებობდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე და არა - ზოგადად, დანაშაულის შესახებ. გარდა აღნიშნულისა უტყუარი მტკიცებულებები, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას. მტკიცებულებათა არასაკმარისობის პირობებში, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის ფუნდამენტური პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას თავისი ინიციატივით გამოითხოვოს და გამოიკვლიოს მტკიცებულებები, რადგან სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ გამოძიების პროცესი, მიზანი, მისი მნიშვნელობა გამოიხატება საპროცესო მოქმედებების ჩატარებასა და ისეთი ტიპის მტკიცებულებების მოპოვებაში, რომელიც მაქსიმალურად მოიცავს ინფორმაციას დანაშაულის ჩადენის შედეგად განვითარებული მოვლენების შესახებ, შესაბამისად მტკიცებულებათა მოცულობაც და მათი შინაარსიც უნდა ემსახურებოდეს შემთხვევის ვითარების გადმოცემას და მხარის მიერ მტკიცების პროცესში ისეთი მტკიცებულებების წარმოდგენას, რომლითაც უნდა დადასტურდეს პირის ბრალეულობა, ამასთან საქმის გარემოებები, რომლებიც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად შეიძლება რომ დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლი დასჯად ქმედებად აცხადებს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ფიზიკური ძალადობა, სუბიექტურ მხრივ განზრახი ქმედებაა და ობიექტურად გამოიხატება ერთი ადამიანის მიერ მეორის სხეულთან ფიზიკურ კონტაქტში, შეურაცხყოფაში. მიზანი დაზარალებულის ფიზიკური ტკივილის მიყენებაა, ხოლო შედეგი ფიზიკური კონტაქტის გზით ამ უკანასკნელის მიერ ტკივილის განცდაა. თუ მსხვერპლს ასეთი ტკივილის განცდა არ გაუჩნდა, დანაშაულის შემადგენლობა არ იარსებებს.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 25 ივლისის განაჩენზე (საქმე №141აპ.-16) სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა შემდეგი: „ ... სისხლის სამართლის მატერიალური კანონმდებლობა შეიცავს მუხლებს, რომლით დაკვალიფიცირებისას განმსაზღვრელია დაზარალებულის სუბიექტური აღქმა მის მიმართ განხორციელებული ქმედებისადმი. მაგალითად, მუქარის დანაშაულის (საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლი) დასადგენად დაზარალებულმა მუქარის განხორციელება რეალურად უნდა აღიქვას, ცემის დანაშაულის შემთხვევაში (საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლი), მან ტკივილი უნდა განიცადოს და ა.შ. ...“
სასამართლო განმარტავს, რომ ტკივილი (ამ შემთხვევაში ძალადობის განხორციელებისას), სუბიექტური აღქმაა და დაზარალებული ერთადერთი სუბიექტია, ვისაც შეუძლია სასამართლოს მიაწოდოს ინფორმაცია განიცადა თუ არა ფიზიკური ტკივილი. ყველა სხვა პირის განმარტება კი, არის მხოლოდ ვარაუდი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ფაქტობრივი გარემოებები არ იძლევა საფუძველს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ჩამოყალიბებული დასკვნისათვის, რომ ინკრიმინირებული დანაშაული სწორედ აკ--- აბ----–--ემ ჩაიდინა. მხოლოდ ეჭვი, სათანადო მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში, შეუძლებელია საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, რადგან ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ხელმძღვანელობს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპით - „in dubio pro reo”, რომლის თანახმადაც, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის, არასაკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
7. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, შინაგანი რწმენით შეაფასა თითოეული მათგანი შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გააანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აკ--- აბ----–--ე ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. ამასთან, მას უნდა განემარტოს, რომ უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
8. ნივთმტკიცების, ყადაღისა ან სხვა საკითხების გადაწყვეტა:
8.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" და "ე" ქვეპუნქტებით, განაჩენში, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებაში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე, 280-ე, 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. აკ--- აბ----–--ე ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
2. გაუქმდეს აკ--- აბ----–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო.
3. აკ--- აბ----–--ეს განემარტოს, რომ მას, როგორც გამართლებულ პირს, უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი;
4. განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
4.1 შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული მინის ნამსხვრევები, რომელიც ინახება საქართველოს შსს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით
4.2. შემთხვევის ადგილის ფოტოსურათები დისკზე, რომელიც ერთვის საქმეს, დარჩეს მასში როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;
6. განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ნანა ჯოხაძე