განაჩენი

სისხლის სამართლის 14.01.2020
საქმის ნომერი
010100119003234323
დავის ტიპი
362 1 , 344 1
თარიღი
14.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N010100119003234323

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

25 დეკემბერი, 2019 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - დავით მამისეიშვილი

სხდომის მდივანი - მირანდა თურმანიძე

 

პროკურორი - ალ------------------ძე

 

ბრალდებული - ჰ-----ი ს----

ადვოკატი - ედ-–----------აძე

 

თარჯიმანი - მარ--------–--ვა

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე,ბრალდებული: ჰ-----ი ს----

მამის სახელი: რა--------–-–-ჰ

დაბადებული: 2-.01.---- წელი

მოქალაქეობა: ირანის მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

პასპორტის ნომერი: X3-------

ნასამართლობა: არმქონე

მისამართი: ირანის ისლამური რესპუბლიკა, ქ. თ------ი

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის:

344-ე მუხლის 1-ლი ნაწილი

362-ე მუხლის 1-ლი ნაწილი

დაკავების თარიღი და დრო: 2019 წლის 12 სექტემბერი, 19:03 საათი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1. 2019 წლის 12 სექტემბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ჰ-----ი ს----მა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფში მდებარე სასაზღვრო გამტარ პუნქტ ,,სარფი’’-ში, ავსტრიის მოქალაქის - ტო----------–-----რის სახელზე გაცემული N P6145439 ყალბი პასპორტის გამოყენებით უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და თურქეთის რესპუბლიკიდან შემოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე, რა დროსაც დაკავებული იქნა საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2. 2019 წლის 12 სექტემბერს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფში მდებარე სასაზღვრო-გამტარ პუნქტ „სარფი’’-ში ჰ-----ი ს----ი, ტო----------–-----რის სახელზე გაცემული ყალბი პასპორტის გამოყენებით ცდილობდა უკანონოდ გადაეკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და შემოსულიყო საქართველოში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

3. 2019 წლის 12 სექტემბრის ამოღების ოქმის თანახმად საპატრულო პოლიციის გამომძიებელმა გე-----------–-----ემ მესაზღვრე კონტროლიორ გუ----------–--ნისგან ამოღებული იქნა 2 პასპორტი გაცემული - ს---- ჰ-----ის და თო----------–-----რის სახელზე.

 

4. 2019 წლის 12 სექტემბრის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად საპატრულო პოლიციიის გამომძიებელმა გე-----------–-----ემ დააკავა ბრალდებულის სახით ს---- ჰ-----ი.

 

5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მესაზღვრე - კონტროლიორ გუ----------–--ნის ჩვენების ანალიზით დადგენილია, რომ 2019 წლის 12 სექტემბერს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და ახდენდა საქართველოში შემოსულ მოქალაქეთა პასპორტების შემოწმებას. მასთან მივიდა პიროვნება ტო----------–-----რის - ავსტრიის მოქალაქის პასპორტით. მოწმის განმარტებით, წარმოდგენილ პასტორტს აღენიშნებოდა გაყალბების ნიშნები და დოკუმენტის ნომერში ერთი ციფრი იყო შეცდომით. ამ მოქალაქის გადაყვანა მოხდა ცვლის უფროს - ლა–-------–---–თან, სადაც დამატებითი შემოწმებისას დადგინდა პასპორტის სავარაუდო სიყალბე. მოქალაქის მიერ ასევე წარმოდგენილი იყო მეორე პასპორტი, რომლის თანახმად იგი იყო ირანის მოქალაქე ს---- ჰ-----ი.

 

6. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ლა–-------–---–ის ჩვენების ანალიზის თანახმად იგი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სასაზღვრო-საიმიგრაციო კონტროლის განყოფილება „სარფი’’-ს ცვლის უფროსია. 2019 წლის 12 სექტემბერს თანამშრომელმა გუ----------–--ნმა მიმართა, რომ მასთან მოქალაქემ წარმოადგინა პასპორტი გაცემული ავსტრიაში და ითხოვა მეორადი ინსპექტირება, რადგან პასპორტს აღენიშნებოდა სიყალბის ნიშნები. ლა–-------–---–ის მიერ შემოწმებისას დადგინდა, რომ დოკუმენტში ბიომონაცემთა გვერდი სავარაუდოდ მთლიანად გაყალბებული იყო. მოქალაქემ გასაუბრების შემდეგ წარმოადგინა მეორე, ირანის რესპუბლიკის მიერ გაცემული დოკუმენტი. აღნიშნულის შესახებ მან შეტყობინება გააგზავნა აჭარის საპატრული პოლიციის სამორიგეოში, გამოძახებული იქნა გამომძიებელი, რაზეც დაიწყო გამოძიება.

 

7. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას პოლიციის გამომძიებელმა გე-----------–-----ემ აღნიშნა, რომ 2019 წლის 12 სექტემბერს, აჭარის პოლიციის სამორიგეო განყოფილებაში მიღებული იქნა შეტყობინება სახელმწიფო საზღვრის ყალბი პასპორტის გამოყენებით გადაკვეთის ფაქტზე. იგი გამოცხადდა „სარფი’’-ს სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე, სადაც მესაზღვრე-კონტროლიორს შეჩერებული ჰყავდა ირანის მოქალაქე. მესაზღვრე-კონტროლიორ გუ----------–--ნის გამოკითხვისას აღმოჩნდა, რომ ირანის მოქალაქემ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთისას გამოიყენა სხვისი პასპორტი. საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას ამოღებული იქნა ორი პასპორტი - ირანული და ევროპული. მის მიერ აღნიშნული მოქალაქე დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით.

 

8. ტექნიკური ექსპერტიზის N1427/დტ დასკვნით დადგენილია, რომ ტო----------–-----რის სახელზე შევსებული ავსტრიის რესპუბლიკის მოქალაქის NP6145439 (P6154439) პასპორტი (გარდა ბიომონაცემთა გვერდისა) დამზადებულია სტამბური წესით და შეესაბამება ანალოგიური სახის ნამდვილ დოკუმენტს.

 

ზემომითითებული პასპორტის ბიომონაცემთა გვერდი შეცვლილია და დამზადებულია არა სტამბური წესით, არამედ კუსტარულად, სამრავლებელი აპარატის გამოყენებით.

 

გამოსაკვლევად წარმოდგენილი პასპორტის გრაფებში არსებულ ჩანაწერებში, რაიმე სახის ამოშლის, ამოფხეკის და გადაკეთების კვალი არ აღინიშნება.

 

9. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას, ექსპერტმა თა-------------ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული N1427/დტ დასკვნის სისწორე და აღნიშნა, რომ, ექსპერტიზის წინაშე გამომძიებლის მიერ წარმოდგენილი იქნა ავსტრიის რესპუბლიკის მოქალაქის N P6145439 პასპორტი, რომელზეც ჩატარებული იქნა ტექნიკური ექსპერტიზა რა დროსაც დადგინდა, რომ აღნიშნული პასპორტის ბიომონაცემთა გვერდი დამზადებულია კუსტარულად, სამრავლებელი აპარატის გამოყენებით.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

10. საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა, ყალბი პირადობის მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებისთვის და დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია დადგენილი იქნას დოკუმენტის სიყალბე და ადგილი ჰქონდეს მის გამოყენებას.

 

11. ამავე კოდექსის 344-ე მუხლი პასუხისმგებლობას აწესებს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის, რა დროსაც დანაშაულის ობიექტია ჩვენს ქვეყანაში დადგენილი მმართველობის წესი და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ხელშეუხებლობა, ხოლო დანაშულის ობიექტური მხარე გამოიხატება სახელმწიფო საზღვარზე დამნაშავის ფაქტობრივ გადაადგილებაში ყოველგვარი ხერხით.

 

12. ამავე კოდექსის მე-19 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.

13. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორია განსაზღვრულია 1991 წლის 2- დეკემბრის მდგომარეობით. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სახელმწიფო საზღვრის ხელშეუხებლობა დადასტურებულია საქართველოს კონსტიტუციითა და კანონებით, აღიარებულია სახელმწიფოთა მსოფლიო თანამეგობრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.

 

14. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ”ი” ქ/პუნქტის თანახმად, სასაზღვრო გამტარი პუნქტია - საერთაშორისო მიმოსვლისათვის ნებადართული გზატკეცილის ან გზის მონაკვეთი, რკინიგზის სადგურის, პორტის, ნავსადგურის, აეროპორტის (აეროდრომის) ტერიტორიის ნაწილი, სადაც ხორციელდება საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული სასაზღვრო და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა სახის კონტროლი.

 

15. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ნათელია, რომ ჰ-----ი ს----მა საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მესაზღვრე კონტროლიორს წარუდგინა თო----------–-----რის სახელზე გაცემული ყალბი პასპორტი. მესაზღვრეს მართალია ის არ დაუკავებია მაგრამ ჰ-----ი ს----ს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის საშუალებაც არ ჰქონდა შემოწმების დასრულებამდე. რადგან რეგისტრაციის გარეშე იგი საქართველოში შემოსვლას და შეხედულებისამებრ ნებისმიერ მიმართულებით გადაადგილებას ვეღარ შეძლებდა. ამდენად სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ნაწილში მცდარია პროკურორის პოზიცია ქმედების დასრულებულ დანაშაულად მიჩნევის თაობაზე, რადგან შედეგი ქვეყანაში უკანონოდ შემოსვლა ვერ განახორციელა ბრალდებულმა.

 

16. სასამართლო მხარეებს განუმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა დაფუძნებულია მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე, რაც ვლინდება მხარეთა მიერ მოპოვებულ მტკიცებულებათა გამოკვლევის წესშიც, რაც გულისხმობს იმას, რომ მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა უნდა მიეცეთ, წარადგინონ და გამოიკვლიონ მტკიცებულებები.

 

17. მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი განმტკიცებულია ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, კერძოდ: სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია უზრუნველყოფენ, რომ ყოველ პირს, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, უფლება აქვს „თვითონ დაკითხოს ან დააკითხვინოს მისი ბრალდების მოწმეები და გამოაძახებინოს და დააკითხვინოს მისი დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეების თანაბარ პირობებში”.

 

18. მოწმეთა ჯვარედინი დაკითხვის უფლება უნდა იქნეს გაგებული შეჯიბრებითობის პროცესის ჭრილში, რაც სამართლიანი სასამართლოს კონცეფციაში დევს და იგი გულისხმობს, რომ მოსარჩელეს მიეცეს მოწმის განცხადების ან ჩვენების ნებისმიერ ასპექტში შედავების შესაძლებლობა დაპირისპირების ან დაკითხვის დროს. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია ასევე ზეპირობის პრინციპი, რომელიც გულისხმობს სასამართლოს უშუალო კონტაქტს პირებთან, რომლებიც ჩვენებას იძლევიან პროცესზე, კერძოდ, ბრალდებული უნდა დაუპირისპირდეს მოწმეს მოსამართლის თანდასწრებით, რომელიც იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას საქმეზე, რათა შესაძლებელი გახდეს მოწმის ქცევის მანერასა და სანდოობაზე ყურადღებით დაკვირვება.

 

19. განსახილველ შემთხვევაში საყურადღებოა ის გარემოება, რომ დაცვის მხარეს რაიმე მტკიცებულება არ გააჩნია, ხოლო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული იყო არაერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებდა ჰ-----ი ს----ის მიერ ყალბი პასპორტის გამოყენების გზით საქართველოში შემოსვლის მცდელობის ჩადენის ფაქტს.

 

20. გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის და მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს.

 

21. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მტკიცებულება ინფორმაციის წყაროა, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მტკიცებულებების მეშვეობით სასამართლომ, სხვა გარემოებებთან ერთად, უნდა დაადგინოს, დამნაშავეა თუ არა კონკრეტული პირი მისთვის ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენაში. დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა და გამოირიცხოს ყოველგვარი ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით.

 

22. ამრიგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოთ წარმოდგენილი ყველა ფაქტობრივი გარემოების ერთობლივად, ურთიერთშეჯერების გზით განხილვასა და მათ ობიექტურ ანალიზს მივყავართ შემდეგ დასკვნამდე: არ არსებობს კანონიერი და დასაბუთებული საფუძველი საიმისოდ, რომ ჰ-----ი საიდი უდანაშაულოა. სასამართლოს აზრით, გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად უნდა ჩაითვალოს, რომ ბრალდებულმა ჰ-----ი ს----მა ჩაიდინა ყალბი დოკუმენტის გამოყენებით სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობა, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ მოიპოვება რელევანტური საფუძველი ამ ფაქტის მიმართ გონივრული ეჭვის არსებობისთვის, რადგან პროკურორის მიერ წარმოდგენილია ეჭვის გამომრიცხავ, ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც ობიექტურ პირს გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებდა, რომ ბრალდებულის მიერ ჩადენილია ზემოხსენებული დანაშაულები.

 

23. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ჰ-----ი ს----მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 19.344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები - სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება.

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

24. ჰ-----ი ს----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ დადგენილა.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

25. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მიმართ შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

26. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ბრალდებულის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ მისი ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ჰ-----ი ს----ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 19.344-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის მცდელობისთვის) ჯარიმა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ჰ-----ი ს----ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

27. ამასთან, ჰ-----ი ს----ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გამოყენებული უნდა იქნას საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა უნდა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებულ ჰ----- ს----ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 19.344-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

ბრალდებული ჰ-----ი ს----ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19.344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და მას:

 

საქართველოს სსკ-ის 19.344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3.000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, მსჯავრდებულ ჰ-----ი ს----ს სასჯელის სახედ და ზომად დაურჩეს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) თვის ვადით.

 

მსჯავრდებულ ჰ-----ი ს----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 12 სექტემბრიდან.

 

აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებას.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

ს----ი ჰ-----ის სახელზე გაცემული ირანის რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტი, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ანდა მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

ტო----------–-----რის სახელზე გაცემული ავსტრიის მოქალაქის პასპორტი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: დავით მამისეიშვილი