გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.01.2020
საქმის ნომერი
010210018002689126
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
15.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010210018002689126

№ 2/4415-2018

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

28 ნოემბერი, 2019 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ირმა ტოგონიძე

სხდომის მდივანი სოფიო ქარცივაძე

მოსარჩელე - შპს “B-------”

წარმომადგენელი - ლ----------–--ლი, რ----–----------ნია

მოპასუხე - ლა-------–-----ძე, ემ-------–-----ძე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეებს ლა-------–-----ძეს და ემ-------–-----ძეს შპს “B-------”-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულება 5000 ლარი;

 

1.2. მოპასუხეებს ლა-------–-----ძეს და ემ-------–-----ძეს შპს “B-------”-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ პირგასამტეხლო - 3750 ლარი;

 

1.3. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. 2.1. მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, კერძოდ, სამედიცინო მომსახურების ღირებულების გადახდის ნაწილში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. პაციენტ ლა-------–-----ძეს შპს “B-------”-ის „ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის“ მრავალპროფილიან სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში გაეწია სამედიცინო მომსახურება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- სამედიცინო მომსახურების ღირებულების კალკულაცია

- ანგარიშ-ფაქტურა

 

2017 წლის 4 ივლისს, ერთი მხრივ შპს ,,B-------”-სა და მეორე მხრივ ლა-------–-----ძე და ემ-------–-----ძეს შორის გაფორმდა შეთანხმება კლინიკის წინაშე არსებული დავალიანების გადახდის გადავადების თაობაზე. აღნიშნული შეთანხმების თანახმად, მოპასუხეებმა აღიარეს კლინიკის წინაშე ფინანსური ვალდებულება და განაცხადეს თანხმობა, რომ არსებულ დავალიანებას 5000 ლარს დაფარავდნენ 2017 წლის 04 სექტემბრამდე.

 

ამავე შეთანხმებით განისაზღვრა პირგასამტეხლო, საფასურის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში, ყოველ ჯვადაგადაცილებულ დღეზე, ძირი თანხის 0.2%-ის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- მხარეთა შეთანხმება 04/07/2017წ.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ პაციენტ ლა-------–-----ძეს შპს “B-------”-ის „ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის“ მრავალპროფილიან სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში გაეწია სამედიცინო მომსახურება. პაციენტსა და მის თანმხლებ პირს არ აღმოაჩნდათ საკმარისი ფულადი სახსრები გაწეული სამედიცინო მომსახურების საფასურის დროულად დასაფარად, რის გამოც 2017 წლის 04 ივლისს გაფორმდა შეთანხმება, რომლის თანახმად ლა-------–-----ძემ და ემ-------–-----ძემ აღიარეს საავადმყოფოს წინაშე დარჩენილი დავალიანება და აიღეს ვალდებულება, რომ არსებულ დავალიანებას დაფარავდნენ 2017 წლის 04 სექტემბრამდე.

 

დადგენილია, რომ მოპასუხეებმა არ შეასრულეს 2017 წლის 04 ივლისის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება და არ გადაიხადეს მკურნალობის საფასური მთლიანად, რის გამოც სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხეების დავალიანება შეადგენს 5000 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);

- მხარეთა შეთანხმება 04.07.2017წ.

- ანგარიშ-ფაქტურები.

 

3.2.3. ამავე შეთანხმებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ დაირღვეოდა სამედიცინო მომსახურების საფასურის გადახდის ვადა, სამედიცინო დაწესებულებას ეძლეოდა უფლება მოეთხოვა დამრღვევი მხარისათვის როგორც ძირითადი თანხა, ასევე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლო, ძირითადი გადასახდელი თანხის 0,2%-ის ოდენობით.

 

ვინაიდან, მოპასუხეებს არ გადაუხდიათ მკურნალობის საფასური, ამიტომ მათ მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად დაერიცხათ პირგასამტეხლო 3750 ლარის ოდენობით, რომელიც წარმოადგენს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დარჩენილი დავალიანების 0,2%-ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა შეთანხმება 04.07.2017წ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე დადასტურებულია მოპასუხის ვალდებულება დავალიანების გადახდის თაობაზე, რაც სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველია. კერძოდ: სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ვალდებულების ძირი თანხის დაკისრების ნაწილში, ხოლო ნაწილობრივ-პირგასამტეხლოს ნაწილში.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე, 316-317-ე, 327-ე, 629-ე, 341-ე, 361-ე, 417-420-ე მუხლებით

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობებზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის თანახმად იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულია ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება) აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებული იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ გაუწია სამედიცინო მომსახურება პაციენტს, ხოლო მოპასუხეებმა ლა-------–-----ძემ და ემ-------–-----ძემ აიღეს ვალდებულება გადაეხადათ შესრულებული სამედიცინო მომსახურების საფასური. ასევე, დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ შესრულებული იქნა ნაკისრი მომსახურეობა, ხოლო მოპასუხის მიერ არ შესრულდა შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება და არ გადახდილა მომსახურების საფასური სრულად, რის გამოც მისი დარჩენილი ძირი დავალიანება შეადგენს 5000 ლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხე ლა-------–-----ძეზე და ემ-------–-----ძეზე დარჩენილი დავალიანების სახით 5000 ლარის დაკისრების თაობაზე არის საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, რომ მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა შეთანხმებით გათვალისწინებული თანხა დადგენილ ვადაში. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა პირგასამტეხლო, რაც შეადგენდა ყოველ ვადაგადაცლებულ დღეზე დარჩენილი დავალიანების 0,2 პროცენტს, ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.

 

როგორც უკვე აღინიშნა მოპასუხის მიერ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება არ არის შესრულებული ჯეროვნად, რაც ანიჭებს კრედიტორს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აგებულია ნების ავტონომიის პრინციპზე, რაც გულისხმობს მხარეთა ნების გამოვლენის თავისუფლებას ხელშეკრულების დადებისას. ნების ავტონომიის პრინციპის გამოხატულებაა კანონმდებლობის ჩანაწერი, რომ მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა. ამასთან, სამოქალაქო კოდექსი კერძო სამართლის სუბიექტებს ავალდებულებს სათანადო გულისხმიერებით მოეპყრან თავიანთ უფლებებს და არ განახორციელონ ისინი იმ ფორმით, რომ ეს ეწინააღმდეგებოდეს საჯარო წესრიგს, გამოდიოდეს კეთილსინდისიერი და გულისხმიერი ადამიანის ქცევის ფარგლებიდან. ამდენად, კოდექსი მართალია ადგენს მხარეთა თავისუფლებას განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა, თუმცა ამ თავისუფლებაში კანონმდებელი მოიაზრებს სწორედ კეთილსინდისიერ კერძო სუბიექტს, ვინც კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს თავის უფლებებს და პირგასამტეხლოს განსაზღვრავს გონივრულ ფარგლებში, რომელიც აშკარად არ ეწინააღმდეგება დადგენილ ოდენობას და შეუსაბამოდ მძიმე მდგომარეობაში არ აყენებს მოვალეს. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის რომ არ მოხდეს მხარის მიერ თავისი უფლებების ბოროტად გამოყენება, კანონმდებელი სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამასთან, შემცირებას ექვემდებარება არა ყოველგვარი პირგასამტეხლო, არამედ მხოლოდ ის, რომელიც შეუსაბამოდ მაღალია დადგენილი სტანდარტებისგან და იწვევს კრედიტორის მიერ არათანაზომიერად დიდი სარგებლის მიღებას.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ხსენებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეკრულების დადებისას მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდნენ გარკვეული თანხის - პირგასამტეხლოს გადახდაზე იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. მითითებული თანხის ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელი მხარეთა შეთანხმებას მიანდობს, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორმა არათანაზომიერად დიდი სარგებელი მიიღოს. ამდენად, პირგასამტეხლოს ოდენობა შეუზღუდავი არ არის. სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, პერიოდს, აღნიშნულით გამოწვეულ ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსურ მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებული პირგასამტეხლო, რაც შეადგენს 3750 ლარს, არის შეუსაბამოდ მაღალი, რის გამოც სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია მისი შემცირება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი გადასახდელი თანხის 0,01%-მდე, რაც ჯამში შეადგენს 360 ლარს.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, სასამართლო ხარჯები შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის თანახმად ასევე დადგენილია, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ა) ქვეპუნქტის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ქვითრით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 260 ლარის ოდენობით.

 

ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების და დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 159,26 ლარის ანაზღაურება. დანარჩენი ნაწილი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხი:

 

8.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 267-ე მუხლის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება დასაშვებია მხოლოდ მისი კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ. სამოქალაქო-სამართლებრივი, აღსასრულებელი მოთხოვნების იძულებითი აღსრულება იწყება კრედიტორის მიერ სააღსრულებო ფურცლისა და სასამართლო გადაწყვეტილების სააღსრულებო ბიუროში წარდგენით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11-ე მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.

 

მოცემულ შემთხვევაში კი დადგენილია, რომ მხარეები 2017 წლის 04 ივლისის შეთანხმებით, თავიდანვე შეთანხმდნენ, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოში დავის კრედიტორის შპს “B-------”-ის სასარგებლოდ დასრულების შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

8.2. ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ შეამოწმა რა გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის საფუძველი, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს “B-------”-ის წარმომადგენლის განცხადება გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს და ზ/აღნიშნული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39–ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 268-ე, 269-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. შპს “B-------”-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. ლა-------–-----ძეს და ემ-------–-----ძეს შპს “B-------”-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 5 360 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი დავალიანება შეადგენს 5 000 ლარს, ხოლო პირგასამტეხლო - 360 ლარს;

 

3. ლა-------–-----ძეს და ემ-------–-----ძეს შპს “B-------”-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 159,26 ლარის ანაზღაურება;

 

4. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;

 

5. გადაწყვეტილება არ საჩივრდება და კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ 30) მეშვეობით.

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ 30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირმა ტოგონიძე