გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/7230-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
02 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე
სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი
მოსარჩელე - მ----------------–--ე
მოპასუხე - სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
წარმომადგენლები: მ-----------–-ა, ნ-------------ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილება სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდაზე №-- დავალების შედეგის გასაჩივრებისას ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში;
1.2. დაევალოს მოპასუხეს - სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მ----------------–---- №-- დავალებაში მოემატება 1 ქულა და აღნიშნულით მიეცემა შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს ერთიანი ეროვნული გამოცდების კონკურსში.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხის, სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს. მოპასუხე მხარის მოსაზრებით, სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, იგი გამოცემულია კანონის შესაბამისად, ამდენად, არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. მ----------------–--ემ მონაწილეობა მიიღო 2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში, სადაც მეოთხე საგნად ჩაბარებულ ხელოვნების გამოცდაში მიიღო 17 ქულა, კერძოდ, მან ვერ დააგროვა გამსვლელი ქულა - 17,50 ქულაზე მეტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- აბიტურიენტის შეფასების ბარათი (ს.ფ. 22).
3.2. მ----------------–---- სახვით და გამოყენებით ხელოვნების გამოცდაზე უნდა შეესრულებინა 41 დავალება. საგამოცდო ტესტის ელექტრონული ბუკლეტის ინსტრუქციით აბიტურიენტს ეცნობა, რომ მისი წარმატებით შესრულების შემთხვევაში მაქსიმალური ქულათა რაოდენობა შეადგენდა 70-ს, ხოლო ტესტის შესასრულებლად მას განესაზღვრა 3 საათი. ასევე, განემარტა, რომ ყურადღებით წაეკითხა დავალებათა ინსტრუქციები.
საგამოცდო ტესტის ელექტრონული ბუკლეტის თანახმად, №-- დავალების პირობად მითითებულ იქნა, რომ საილუსტრაციო მასალაზე ბოლნისის სიონის ტაძარი და მისი არქიტექტურული გეგმაა წარმოდგენილი. აბიტურიენტს უნდა დაედგინა შესაბამისობა არქიტექტურულ გეგმასა და ტაძარს შორის, გამოეთქვა მოსაზრება და დაესაბუთებინა, შესაძლებელი იყო თუ არა მსჯელობა არქიტექტურული ნაგებობის თავისებურებებზე გეგმის მიხედვით.
დადგენილია, რომ აბიტურიენტმა მითითებული დავალება შეასრულა შემდეგი სახით: „ეს არის მართლმადიდებლური ტაძარი. ბაზილიკურ სტილში აგებული. ამ ტაძარზე არ არის მთლიანი გუმბათი ჯვრით, რომელიც ძალიან ბევრია ნაგები საქართველოში, თუმცა ბოლოსკენ არის წარმოდგენილი ნახევარგუმბათი. ორივე მხრიდან სამკუთხა ფორმებით ნაგები“.
შეფასების ბარათით, რომელშიც დაფიქსირდა საგანში - ხელოვნება თითოეულ დავალებაში მოპოვებული ქულების რაოდენობა, დგინდება, რომ მ----------------–--ემ გამოცდაზე მოიპოვა შეფასება - 17 ქულა, საიდანაც №-- დავალება შეფასდა 0 ქულით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საგამოცდო ტესტის ელექტრონული ბუკლეტი (ს.ფ. 98-123);
- შესრულებული დავალებებიდან ამონარიდი (ს.ფ. 21);
- შეფასების ბარათი საგანში - ხელოვნება (ს.ფ. 20).
3.3. სსიპ შეფასებისა და გამოცდის ეროვნული ცენტრის 2019 წლის 31 ივლისის №1----- ბრძანებით დამტკიცდა 2019 წლის ერთიანი გამოცდის შეფასების სქემა და დანართი №20-ით განისაზღვრა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების (I-IV ვარიანტები) გამოცდის შეფასების სქემა.
2019 წლის ერთიანი გამოცდის შეფასების სქემის თანახმად, №-- დავალების მაქსიმალური ქულა შეადგენდა 4-ს. კერძოდ, ნაშრომი 4 ქულით ფასდებოდა, თუ „აპლიკანტი ბოლნისის სიონის ბაზილიკასა და მის არქიტექტურულ გეგმას შორის შესაბამისობაზე სრულყოფილად მსჯელობს - სამნავიანი ბაზილიკის სტრუქტურაზე, ორქანობა გადახურვის ქვეშ მოქცეულ სამივე ნავზე, მინაშენების ცალქანობა გადახურვით გარეგნულად ბაზილიკის ფორმის შენარჩუნებაზე, შვერილ აფსიდსა და ცალე მდგომ სანათლავზე. ასევე, არგუმენტირებულად მსჯელობს არქიტექტურული გეგმის საფუძველზე ნაგებობის თავისებურებების დადგენის შესაძლებლობაზე“; 3 ქულით - „აპლიკანტი ახერხებს დაასახელოს წარმოდგენილი ნიმუშების ურთიერთმიმართების ძირითადი ასპექტები და გამოთქვამს მოსაზრებას არქიტექტურული გეგმის საშუალებით ნაგებობის თავისებურების განსაზღვრის შესაძლებლობაზე“; 2 ქულით - „აპლიკანტი ახერხებს დაასახელოს წარმოდგენილი ნიმუშების ურთიერთმიმართების ზოგიერთი ასპექტი და გამოთქვამს ზედაპირულ მოსაზრებას არქიტექტურული გეგმის საშუალებით ნაგებობის თავისებურების განსაზღვრის შესაძლებლობაზე“; 1 ქულით - „აპლიკანტი ახერხებს დაასახელოს წარმოდგენილი ნიმუშების ურთიერთმიმართების ზოგიერთი ასპექტი“; 0 ქულით - „აპლიკანტი ვერ ასრულებს დავალებას“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ შეფასებისა და გამოცდის ეროვნული ცენტრის 2019 წლის 31 ივლისის №1----- ბრძანება, დანართი №20-ით (ს.ფ. 87-94).
3.4. მ----------------–--ემ 2019 წლის 8 აგვისტოს გაასაჩივრა 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგი ხელოვნებაში, კერძოდ, მან სადავოდ გახადა №--------------- დავალებების შეფასება.
„სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში წარმოდგენილი საპრეტენზიო განცხადებების განხილვის თაობაზე“ 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების შედეგების გასაჩივრებასთან დაკავშირებით შექმნილი საგნობრივი კომისიის 2019 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილების თანახმად, კომისიამ იმსჯელა წარდგენილ საპრეტენზიო განცხადებებზე და მიიღო გადაწყვეტილება: ა) 2----------–---- შეფასების სისწორე არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან გამსწორებლების მიერ სწორედ იქნა შეფასებული სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების შედეგების გასაჩივრების თაობაზე წარმოდგენილი საპრეტენზიო განცხადებებში მითითებული ტესტური დავალებები; ბ) 7---------–---- სისწორე უნდა დაკმაყოფილდეს და აბიტურიენტს შეეცვალოს საპრეტენზიო განაცხადში მითითებული დავალების/დავალებების შეფასება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მ----------------–--ის 2019 წლის 8 აგვისტოს განცხადება (ს.ფ. 23);
- 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდის ქართული ენისა და ლიტერატურის შედეგების გასაჩივრებასთან დაკავშირებით შექმნილი საგნობრივი კომისიის 2019 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილება და მისი დანართი (ს.ფ. 43-44).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ცი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მ----------------–--ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. ნორმატიული აქტები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონი; ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენცია; ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულება”.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1 საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს. ამასთან, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლო, ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილება - 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების შედეგების გასაჩივრებასთან დაკავშირებით შექმნილი საგნობრივი კომისიის 2019 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილება აკმაყოფილებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და იგი წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების დებულებებთან. ამასთან, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს ის დოკუმენტი, რომლის გამოცემის დავალებასაც ითხოვს მოსარჩელე და რომლითაც მ----------------–---- №-- დავალებაში მოემატება 1 ქულა, რითაც ერთიანი ეროვნული გამოცდების კონკურსში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა მიეცემა.
6.2. საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება.
საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების მიხედვით, საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას ან კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტის მიმართ.
ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, თუ შეთანხმებებით გარანტირებული ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა, თუ იმ ზემოთ აღნიშნული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის შესაბამისად, არავის არ შეიძლება ეთქვას უარი განათლების მიღებაზე სახელმწიფოს ნებისმიერი ფუნქციების შესრულების დროს, რომელსაც იგი თავის თავზე იღებს განათლებისა და სწავლების დარგში, პატივს სცემს მშობელთა უფლებას უზრუნველყონ თავისი ბავშვებისათვის ისეთი განათლება და სწავლა, რომელიც შესაბამისობაში იქნება მათ რელიგიურ და ფილოსოფიურ რწმენასთან.
ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-13 მუხლის მიხედვით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის განათლების უფლებას. განათლება მიზნად უნდა ისახავდეს ადამიანის პიროვნებისა და მისი ღირსების შეგნების სრულ განვითარებას და უნდა განამტკიცებდეს ადამიანის უფლებისა და ძირითადი თავისუფლებების პატივისცემას. განათლებამ ყველას უნდა მისცეს შესაძლებლობა იყოს თავისუფალი საზოგადოების მონაწილე, ხელს უნდა უწყობდეს ყველა ერისა და ყველა რასობრივი, ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების ურთიერთგაგებას, შემწყნარებლობასა და მეგობრობას და ეხმარებოდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მუშაობას მშვიდობის შენარჩუნებისათვის.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებულია განათლების მიღების უფლება, მიუხედავად იმისა, რომ იგი არ მოიცავს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას დააფინანსოს უმაღლესი განათლება, გულისხმობს, ყოველი პირისათვის (ზოგად განათლებასთან ერთად), სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი განათლების შეძენის, მისი ფორმის და პროფესიული მიმართულების არჩევის, შეძენილი უმაღლესი განათლების აღიარებისა და მისი თავისუფალი რეალიზაციის დაუბრკოლებლად, შეუზღუდავად განხორციელების შესაძლებლობის შექმნას. აგრეთვე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შექმნის და ფუნქციონირების თავისუფლებას, რაც მიესადაგება თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს.
6.3. სასამართლო მიუთითებს ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონზე, რომლის 51-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების შესაბამისად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც უზრუნველყოფს ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩატარებას, უფლებამოსილია განახორციელოს ეროვნული შეფასებები და საერთაშორისო კვლევები, ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა უფლებამოსილებებს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დებულებას შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 თებერვლის №93 ბრძანებით დამტკიცდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დებულება. დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ცენტრს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელიც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „მ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, წარმოადგენს ცენტრს და მოქმედებს ცენტრის სახელით; ხელმძღვანელობს და ერთპიროვნულად წარმართავს ცენტრის საქმიანობას; საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს.
სასამართლო განმარტავს, რომ ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების მომზადებასა და ჩატარებას უზრუნველყოფს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებასა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემისა და განაწილების წესს, სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებასა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და განაწილების წესს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებით დამტკიცდა ,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულება”, რომელიც არეგულირებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების წესსა და პირობებს.
მითითებული დებულების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებას კოორდინაციას უწევს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებას უზრუნველყოფს ცენტრი.
ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების მე-2 მუხლის ,,ჟ” ქვეპუნქტის თანახმად, საგნობრივი კომისია – ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადის განხილვის მიზნით, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი დროებითი ორგანო. ამავე მუხლის ,,ფ” ქვეპუნქტის მიხედვით, შეფასების სქემა არის ამ დებულებით დადგენილი წესით, საგამოცდო საგნების მიხედვით, ცენტრის მიერ, ერთიანი ეროვნული საგამოცდო პროგრამისა და შეფასების ზოგადი კრიტერიუმების შესაბამისად შედგენილი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ხორციელდება პასუხების ფურცლების გასწორება.
ამავე დებულების 24-ე მუხლის პირველი-მეორე პუნქტების თანახმად, ცენტრში საგამოცდო ცენტრიდან გაგზავნილი დალუქული პასუხების ფურცლები იხსნება, რეგისტრირდება, ხდება მათი სკანირება და განაწილება. გამსწორებლის მიერ სწორდება მხოლოდ პასუხების ფურცელი. ტესტის შინაარსის გათვალისწინებით პასუხების ფურცელები სწორდება: ა) კომპიუტერის და საამისოდ გამიზნული სხვა ტექნიკური საშუალებების მეშვეობით; ბ) ორი დამოუკიდებელი გამსწორებლის მიერ, დამოუკიდებლად მინიმუმ ორჯერ და მეორე გასწორების შედეგად მიღებული ქულა საბოლოოა. პასუხების ფურცელში შემავალი ტესტური დავალების შეფასებაში ცენტრის მიერ დადგენილი სხვაობის შემთხვევაში შესაბამისი ტესტური დავალება სწორდება მესამე გამსწორებლის მიერ. მესამედ გასწორების შედეგად მიღებული ქულა საბოლოოა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებით დამტკიცებული დებულების 27-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აბიტურიენტს უფლება აქვს წარადგინოს საპრეტენზიო განაცხადი ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე და ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით, ამ თავით დადგენილი წესით.
მითითებული დებულების 301 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადები განიხილება საპრეტენზიო კომისიის მიერ. ამავე მუხლის 11 პუნქტის მიხედვით, ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადები განიხილება შესაბამისი საგნობრივი კომისიის მიერ. ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე და ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადების განხილვისას დაცული უნდა იყოს ნაშრომის კონფიდენციალურობა.
ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების 302-ე მუხლის მიხედვით, საპრეტენზიო და საგნობრივი კომისიის შემადგენლობას ამტკიცებს ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ხოლო 306-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადი, ნაშრომთან ერთად გადაეცემა შესაბამის საგნობრივ კომისიას, რომლის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საპრეტენზიო განაცხადის განხილვისას, საგნობრივი კომისია უფლებამოსილია იმსჯელოს საპრეტენზიო განაცხადში მითითებული ტესტური დავალების/დავალებების ფარგლებში, ტესტური დავალების/დავალებების შეფასების სისწორეზე და 20 დღის ვადაში მიიღოს შემდეგი გადაწყვეტილება/გადაწყვეტილებები: ა) აბიტურიენტისათვის ქულის მომატების შესახებ; ბ) აბიტურიენტისათვის ქულის დაკლების შესახებ; გ) აბიტურიენტის ქულის უცვლელად დატოვების შესახებ. მე-3 პუნქტის შესაბამისად, საგნობრივი კომისია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას გადასცემს ცენტრის დირექტორს.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მ----------------–--ემ მონაწილეობა მიიღო 2019 წლის გამოცხადებულ ერთიან ეროვნულ გამოცდებში, სადაც მეოთხე საგნად ჩაბარებულ ხელოვნების გამოცდაში მიიღო 17 ქულა, კერძოდ, მან ვერ დააგროვა გამსვლელი ქულა - 17,50 ქულაზე მეტი. ასევე, დადგენილია, რომ მოსარჩელემ №-- დავალებაში, რომელიც მაქსიმალური ქულით ფასდებოდა 4, შეფასება მიიღო 0, რაც გაასაჩივრა საპრეტენზიო განცხადებების განმხილველ შესაბამის საგნობრივ კომისიაში.
„სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში წარმოდგენილი საპრეტენზიო განცხადებების განხილვის თაობაზე“ 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდის „სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების შედეგების გასაჩივრებასთან დაკავშირებით შექმნილმა საგნობრივმა კომისიამ იმსჯელა წარდგენილ საპრეტენზიო განცხადებებზე და 2019 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილებით მ----------------–--ის მიერ სადავოდ გამხდარი №-- დავალების შეფასება დარჩა უცვლელი.
სასამართლო უპირველეს ყოვლისა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.
ამავე კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება, ხოლო მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა.
ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივად შებოჭილ თავისუფლებას, რომელიც შეზღუდულია საჯარო და კერძო ინტერესების შეპირისპირებით, ვინაიდან, ერთის მხრივ, აღნიშნული ისეთი უფლებამოსილებაა, რომელიც კანონმდებლობით არ არის შეზღუდული კონკრეტული მოწესრიგებით, თუმცა შეზღუდულია კანონით დადგენილი ნორმის მიზნითა და ფარგლებით.
სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში აბიტურიენტის მიერ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე შესრულებული დავალებების შეფასება საგამოცდო კომისიის დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს და სასამართლო ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში არსებითად ვერ შეაფასებს მ----------------–--ის მიმართ, კომისიის მიერ გაკეთებულ შეფასებებს/მისთვის დაწერილ ქულებს. სასამართლოს დასკვნით, განცხადებების/საჩივრების განმხილველი საგნობრივი კომისიების მიერ მიღებული აქტების კანონიერების შემოწმების ფარგლებში შეფასების საგანს შეიძლება წარმოადგენდეს მხოლოდ ის გარემოება, სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ განხორციელდა თუ არა გამოცდის ჩატარება და აბიტურიენტის შეფასება კანონით დადგენილი პროცედურული წესების დაცვით (შეფასების სქემების მიხედვით), ხოლო საგამოცდო კომისიის წევრების მიერ საბოლოო შედეგების მიღების პროცესში გაკეთებული შეფასებების ერთობლიობა და ამ შეფასებების შესაბამისი ქულის დადგენა წარმოადგენს კომისიის დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიმდინარე სამუშაო პროცესის ელემენტს და ვერ იქნება შეფასებული სასამართლოს მიერ.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებაზე (საქმე №ბს-797 (კ-18)), სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, ,,...ექსპერტებით დაკომპლექტებული კოლეგიური ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემოწმება სასამართლოში ხდება კანონიერების და არა მიზანშეწონილობის თვალსაზრისით, მიზანშეწონილობის მოსაზრებებს არ აქვთ პრიორიტეტული მნიშვნელობა კანონიერების მოთხოვნებთან. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების სასამართლო კონტროლი შეზღუდულია ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციური პრინციპით, სასამართლო ვერ იქცევა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოდ და თავად ვერ განახორციელებს დისკრეციულ უფლებამოსილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კომისიის უფლებამოსილებაში ჩარევით სასამართლო მთლიანად შეცვლიდა საგამოცდო კომისიას, გადაიქცეოდა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოდ, ხოლო ადმინისტრაციული ორგანო შებოჭილი იქნებოდა არა კანონით, არამედ სასამართლოს მიხედულებით.“
სასამართლო ყურადღებას კიდევ ერთხელ მიაქცევს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ მე-2 მუხლის ,,ჟ“ ქვეპუნქტსა და 27-ე მუხლის 11 პუნქტზე, რომელთა თანახმად, საგნობრივი კომისია არის ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადის განხილვის მიზნით, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი დროებითი ორგანო, ხოლო ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადები განიხილება საგნობრივი კომისიის მიერ. ამდენად, კანონმდებელმა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გასაჩივრებისას, საჩივრებთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებისათვის გაითვალისწინა შესაბამისი საგნობრივი კომისიის შექმნა და გადაწყვეტილების მიღება კომისიას მიანდო. კომისიის მიერ სხვადასხვა საგამოცდო დავალებების, აბიტურიენტების მიერ გაცემული პასუხებისა და მათი შეფასების შედეგად დაწერილი ქულების მიზანშეწონილობის სასამართლო კონტროლი კი, სასამართლოს მოსაზრებით, საგამოცდო კომისიის/საგნობრივი კომისიის და, შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის არაეფექტურობას გამოიწვევს.
სასამართლო განმარტავს, რომ საგამოცდო/საგნობრივი კომისიის წევრების მიერ კონკრეტული აბიტურიენტის მიერ შესრულებული ნამუშევრის შეფასება ეფუძნება კომისიის თითოეული წევრის პირად პროფესიულ შეფასებას, შინაგან რწმენას და პირად აღქმას, რაც საკანონმდებლო რეგულაციის მიღმა არსებობს და იგი ვერ შეფასდება კანონთან მიმართებაში. ამასთან, კანონმდებლის მიერ საგნობრივი კომისიისთვის დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭება, თავის მხრივ, არ გულისხმობს იმას, რომ კომისიას აქვს თვითნებობის უფლება და მისი საქმიანობა უკონტროლოა. სასამართლო მიუთითებს, რომ მართალია სასამართლო კონტროლი არ მოიცავს კომისიის მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების შეფასების შედეგად მიღებული ქულების მიზანშეწონილობის შეფასებას, თუმცა სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს ჰქონდა თუ არა ადგილი შეცდომას დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში და ამგვარი შეცდომის თავიდან აცილების შემთხვევაში, არსებობდა თუ არა სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების ალბათობა.
სასამართლო მხარეთა ყურადღებას გაამახვილებს სსიპ შეფასებისა და გამოცდის ეროვნული ცენტრის 2019 წლის 31 ივლისის №1----- ბრძანებაზე, რომლითაც თითოეულ საგანში დამტკიცდა 2019 წლის ერთიანი გამოცდის შეფასების სქემა, მათ შორის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების (I-IV ვარიანტები) გამოცდის შეფასების სქემა. კერძოდ, 2019 წლის ერთიანი გამოცდის შეფასების სქემის თანახმად, №-- დავალების მაქსიმალური ქულა შეადგენდა 4-ს. კერძოდ, ნაშრომი 4 ქულით ფასდება, თუ აპლიკანტი ბოლნისის სიონის ბაზილიკასა და მის არქიტექტურულ გეგმას შორის შესაბამისობაზე სრულყოფილად მსჯელობს - სამნავიანი ბაზილიკის სტრუქტურაზე, ორქანობა გადახურვის ქვეშ მოქცეულ სამივე ნავზე, მინაშენების ცალქანობა გადახურვით გარეგნულად ბაზილიკის ფორმის შენარჩუნებაზე, შვერილ აფსიდსა და ცალე მდგომ სანათლავზე. ასევე, არგუმენტირებულად მსჯელობს არქიტექტურული გეგმის საფუძველზე ნაგებობის თავისებურებების დადგენის შესაძლებლობაზე“; 3 ქულით - „აპლიკატანტი ახერხებს დაასახელოს წარმოდგენილი ნიმუშების ურთიერთმიმართების ძირითადი ასპექტები და გამოთქვამს მოსაზრებას არქიტექტურული გეგმის საშუალებით ნაგებობის თავისებურების განსაზღვრის შესაძლებლობაზე“; 2 ქულით - „აპლიკანტი ახერხებს დაასახელოს წარმოდგენილი ნიმუშების ურთიერთმიმართების ზოგიერთი ასპექტი და გამოთქვამს ზედაპირულ მოსაზრებას არქიტექტურული გეგმის საშუალებით ნაგებობის თავისებურების განსაზღვრის შესაძლებლობაზე“; 1 ქულით - „აპლიკანტი ახერხებს დაასახელოს წარმოდგენილი ნიმუშების ურთიერთმიმართების ზოგიერთი ასპექტი“; 0 ქულით - „აპლიკანტი ვერ ასრულებს დავალებას“.
მოსარჩელის განმარტებით, მის მიერ სადავოდ გამხდარი დავალება, შესრულებული შემდეგი სახით: „ეს არის მართლმადიდებლური ტაძარი. ბაზილიკურ სტილში აგებული. ამ ტაძარზე არ არის მთლიანი გუმბათი ჯვრით, რომელიც ძალიან ბევრია ნაგები საქართველოში, თუმცა ბოლოსკენ არის წარმოდგენილი ნახევარგუმბათი. ორივე მხრიდან სამკუთხა ფორმებით ნაგები“, უნდა შეფასებულიყო 1 ქულით.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციაზე სადავო საკითხთან მიმართებაში, კერძოდ, მოპასუხის წარმომადგენელთა განმარტებით, დავალების პირობაში საილუსტრაციოდ წარდგენილი იყო ბოლნისის სიონის ტაძარი და მისი არქიტექტურული გეგმა, ხოლო აბიტურიენტს უნდა დაედგინა შესაბამისობა არქიტექტურულ გეგმასა და ტაძარს შორის, გამოეთქვა მოსაზრება და დაესაბუთებინა, შესაძლებელი იყო თუ არა მსჯელობა არქიტექტურული ნაგებობის თავისებურებებზე გეგმის მიხედვით, დასმულ კითხვაზე მოსარჩელის მიერ საერთოდ არ არის პასუხი გაცემული. აღსანიშნავია, რომ შესრულებული დავალების 1 ქულით შესაფასებლად საჭირო იყო აბიტურიენტს დაესახელებინა წარდგენილი ნიმუშების ურთიერთმიმართების ზოგიერთი ასპექტი, რასაც ადგილი არ ჰქონია. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც დეტალურად არის განსაზღვრული რა პრინციპით უნდა შემოწმდეს თითოეული ნაშრომი, ხოლო მოსარჩელის პოზიცია მხოლოდ მის განმარტებებსა და სუბიექტურ შეფასებებს ემყარება, არ შეიცავს არანაირ დასაბუთებას.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრის საგნობრივმა კომისიამ მოსარჩელის მიერ შესრულებული ნაშრომი/დავალება შეაფასა მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, კანონით დადგენილი პროცედურული წესების დაცვით.
6.4. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. შესაბამისად, არ არსებობს 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების შედეგების გასაჩივრებასთან დაკავშირებით შექმნილი საგნობრივი კომისიის 2019 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილების სადავო ნაწილში ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მეორე, მე-4, მე-12, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ----------------–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი - თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების დღიდან, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მისამართი - თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) მეშვეობით.
მოსამართლე დიანა ფარქოსაძე