გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.12.2019
საქმის ნომერი
030210019003017593
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
17.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 030210019003017593

N 2/510-2019

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

17 დეკემბერი, 2019 წელი ქ. ფოთი

 

შესავალი ნაწილი

 

ფოთის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე: შოთა სირაძე,სხდომის მდივნები: ირაკლი შენგელია, მარიამ წულაძე,მოსარჩელე: დ------- გ------------,წარმომადგენელი: მ--- დ-------–--,მოპასუხე: სს „ლ-------- ბ----“,წარმომადგენლები: ნ---- შ------ თ----- ზ------–---–-,დავის საგანი: სესხის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და თანხის დაბრუნება.

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი 2017 წლის 08 აპრილს სს „ლ-------- ბ-------“ დადებული სოციალური დახმარების ან/და სახელწიფო პენსიის ავანსის N13903706 ხელშეკრულება და 2017 წლის 14 ივნისის სოციალური დახმარების ან/და სახელმწიფო პენსიის ავანსის N14245699 ხელშეკრულება;

 

1.2. დაუბრუნდეს მოსარჩელეს უკანონოდ დაკავებული თანხა 6360 ლარის ოდენობით.

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

2. მოსარჩელის პოზიცია:

 

მოსარჩელის განმარტებით, არის ასაკით პენსიონერი 69 წლის, მისი ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში, სარეიტინგო ქულით - 59739. მასთან ერთად ცხოვრობს მისი 8 წლის შვილიშვილი, რომელიც არის ონკოლოგიური ავადმყოფი, სისტემატიურად სჭირდება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა და მუდმივი მედიკამენტოზური მკურნალობა, შესაბამისად ხშირად უწევს თბილისში ჩასვლა შვილიშვილის მკურნალობასთან დაკავშირებით, რაც კოლოსალურ თანხებთანაა დაკავშირებული, ამიტომ იძულებული გახდა 2016 წლის მარტის თვეში გაეფორმებინა სს „ლ-------- ბ-------“ საპენსიო ავანსი (სესხი) 36 თვის ვადით, 1840 ლარის ოდენობით. ყოველთვიურად სახელმწიფო პენსიიდან ექვითებოდა 80 ლარი, რომლითაც ხდებობა სესხის გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადახდა. გარკვეული პერიოდის გადახდის შემდეგ, დაინტერესდა თუ რამდენი ჰქონდა სესხი სახით გადახდილი თანხა და რამდენი რჩებოდა გადასახდელი. საკითხის გასარკვევად მიმართა სს „ლ-------- ბ-----“ ფოთის ფილიალს, სადაც გაოგნებული დარჩა, ვინაიდან მიუხედავად მისი საპენსიო თანხის ანგარიშიდან განხორციელებული ყოველთვიური თანხის ჩამოჭრისა, ძირ თანხას არაფერი არ აკლდებოდა. როგორც შემდეგ გაირკვა 2017 წლის 08 აპრილს სს “ლ-------- ბ-------“ დადებულა სოციალური დახმარების ან/და სახელმწიფო პენსიის ავანსის N13903706 ხელშეკრულება. ხელშეკრულების მიხედვით, ავანსის თანხის ოდენობამ შეადგინა 151,66 ლარი და 2017 წლის 14 ივნისს სოციალური დახმარების ან/და სახელმწიფო პენსიის ავანსის ხელშეკრულება N14245699, ავანსის თანხის ოდენობამ შეადგინა 178,04 ლარი. 2017 წლის 08 აპრილს სს „ლ-------- ბ-------“ გაფორმებულ სოციალური დახმარების და სახელმწიფო პენსიის ავანსის 13903706 ხელშეკრულებაზე და 2017 წლის 14 ივნისს სოციალური დახმარების ან/და სახელმწიფო პენსიის ავანსის N13245699 ხელშეკრულებაზე მისი სახელით, ასევე ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გატანის სალაროს გასავლის ორდერებზე მისი სახელით დაფიქსირებული ხელმოწერა მოსარჩელის მიერს არ არის შესრულებული და ამ ხელშეკრულების არსებობის შესახებ გაიგო მოგვიანებით. ის ბანკომატის საშუალებით იღებდა მხოლოდ სახელმწიფო პენსიის თანხას, რომელიც ერიცხებოდა მის ანგარიშზე და ამავე ანგარიშზე ერიცხებოდა სოციალური დახმარებაც. ბანკომატის საშუალებით არც საპენსიო ავანსის და არც სოციალური ავანსის გადავადება ან განახლება არ მოუთხოვია, ამავე დროს საკუთარი საპენსიო ბარათი ან პირადობის მოწმობა არასდროს არავისთვის არ გადაუცია, მისთვის გაუგებარია რატომ ვერ ღებულობდა, როგორც სოციალურ, ისე სახელმწიფო პენსიის თანხას, ასევე ხელშეკრულებები მოსარჩელის მიერ არ არის ხელმოწერილი, რის გამოც მიმართა ფოთის რაიონულ პროკურატურას, ჩატარდა გრაფიკული ექსპერტიზა, რომლის დასკვნის მიხედვით, „ხელმოწერები შედარებით კვლევას შემსრულებლის იდენტიფიკაციის მიზნით არ ექვემდებარება” რაც ცხადია მოწმობს იმას, რომ აღნიშნულ ხელშეკრულებებზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხების გატანის სალაროს გასავლის ორდერებზე მოსარჩელის სახელით დაფიქსირებული ხელმოწერა მის მიერ არ არის შესრულებული.

 

3. მოპასუხის პოზიცია:

 

სს „ლ-------- ბ-----“ წარმომადგენელმა სარჩელი არ სცნო, არ დაეთანხმა მოსარჩელის პოზიციას და განმარტა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები საპირისპიროს მიუთითებენ, კონკრეტულ შემთხვევაში ხელშეკრულების გაყალბების ფაქტი საქმეში არსებული სათანადო მტკიცებულებებით არ დასტურდება, უფრო მეტიც სისხლის სამართლის საქმეში არსებული მოწმეების ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნა და რაც მთავარია ფოთის რაიონული პროკურატურის დადგენილება, სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე, მიუთითებენ, რომ ხელშეკრულებების გაყალბების ფაქტს ადგილი არ ქონია. მოსარჩელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს ვინაიდან სადავო ხელშეკრულებები ნამდვილია და მისი ბათილობის საფუძველი არ არსებობს, მოსარჩელის საკრედიტო ვალდებულება გამომდინარეობს საბანკო ხელშეკრულებებიდან, მის მიერ ბ----- წინაშე სწორედ ამ ხელშეკრულებების საფუძველზე დაგროვილი ვალდებულებებიდან გამომდინარე, მის ანგარიშზე ჩარიცხული სახელმწიფო პენსიიდან მოხდა სოციალური დახმარებისა ან/და სახელმწიფო პენსიის გრძელვადიანი ავანსის დაფარვა, რის გამოც მოსარჩელემ ვერ მოახერხა პენსიის სრული მიღება, შესაბამისად არ არსებობს აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში ჩამოჭრილი თანხის უკან დაბრუნების საფუძველი.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები:

 

4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

4.1.1. ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორის ე---–---- ბ------- 13.11.2018 წლის დადგენილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ და მასში ასახული ფაქტობრივი გარემოებები;

ფოთის რაიონული პროკურორის მოადგილის ფ--–--- ჯ--–--------- 20.11. 2018 წლის დადგენილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და მასში ასახული ფაქტობრივი გარემოებები;

 

მტკიცებულება: 2018 წლის 13 ნოემბრის დადგენილება, 2018 წლის 20 ნოემბრის დადგენილება და სარჩელის მე-2 ფაქტობრივი გარემოება.

 

4.1.2. მოსარჩელე სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილებიდან იღებს სახელწიფო პენსიას ასაკით;

 

4.1.3. მოსარჩელე რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ოჯახების ერთიან ბაზაში, სარეიტინგო ქულით - 59730;

 

მტკიცებულება: სარჩელის მე-5 და მე-6 ფაქტობრივი გარემოება, ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზიდან, სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილების 2019 წლის 23 მაისის წერილი.

 

4.1.4. მოპასუხის მიერ წარმოდგენილ საბანკო ამონაწერებში ასახული ინფორმაცია მოსარჩელის პლასტიკურ ბარათზე და საბანკო ანგარიშზე თანხების მოძრაობის შესახებ;

 

მტკიცებულება: მოპასუხის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერები.

 

5. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

5.1. მხარეებს შორის დავის საგანს წარმოადგენს 2017 წლის 14 ივნისის განაცხადი -სოციალური ავანსის დაფარვ (ებ)ის გადავადების და სოციალური დახმარების ან/და სახელმწიფო ავანსის ხელშეკრულების ცვლილებ (ებ)ის დამატებ (ებ)ის შესახებ N14245697, 2017 წლის 08 აპრილის სოციალური დახმარების ან/და სახელმწიფო პენსიის ავანსის ხელშეკრულება N13903706 და 2017 წლის 14 ივნისის სოციალური დახმარების ან/და სახელმწიფო პენსიის ავანსის ხელშეკრულება N14245699, კერძოდ: მოსარჩელე სადაოდ ხდის აღნიშნულ განაცხადზე და ხელშეკრულებებზე საკუთარ ხელმოწერებს და მათ საფუძველზე საბანკო პროდუქტის - სესხის სახით თანხის მიღების ფაქტს;

 

5.2. მხარეებს შორის დავის საგანს წარმოადგენს მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის 6360 ლარის დაბრუნების ვალდებულება.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

6.1. მოსარჩელე დ------- გ------------ უარი უნდა ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

6.2. მოსარჩელე დ------- გ------------ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახ.ბაჟის 190,8 ლარის გადახდა, რაც ჩაირიცხოს ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბ----- კოდი:TRESGE22, ანგარიშის N200 122 900, სახაზინო კოდი 300 42 31 50.

 

7. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი (კონკრეტული მუხლები იხილეთ სამართლებრივ შეფასებაში).

 

8. სამართლებრივი შეფასება:

 

8.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.

 

სასამართლო განმარტავს, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს და იგი გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით. ამ ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. ხელშეკრულებით შეიძლება წარმოიშვას მომავალი ხელშეკრულების დადების ვალდებულება. ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებული ფორმა ვრცელდება ასევე წინარე ხელშეკრულებაზედაც.

 

8.2. საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ:

 

2017 წლის 08 აპრილს დ------- გ-------------- და სს „ლ-------- ბ----“ შორის დადებულია სოციალური დახმარების ან/და სახელმწიფო პენსიის ავანსის ხელშეკრულება N13903706, რომლითაც დ------- გ------------- ბ-------- ავანსის სახით მიიღო 151,66 ლარი 5 თვით - 2017 წლის 25 აგვისტომდე;

 

2017 წლის 14 ივნისს დ------- გ-------------- და სს „ლ-------- ბ----“ შორის დადებულია სოციალური დახმარების ან/და სახელმწიფო პენსიის ავანსის ხელშეკრულება N14245699, რომლითაც დ------- გ------------- ბ-------- ავანსის სახით მიიღო 178,04 ლარი 1 თვით;

 

2017 წლის 14 ივნისს დ------- გ------------- მიმართა სს „ლ-------- ბ----“ -სოციალური ავანსის დაფარვ(ებ)ის გადავადების და სოციალური დახმარების ან/და სახელმწიფო ავანსის ხელშეკრულების ცვლილებ(ებ)ის დამატებ(ებ)ის შესახებ N14245697 განაცხადით, რომლითაც დ------- გ------------- ბ-------- ავანსის სახით მიიღო 1840 ლარი 36 თვით და ყოველთვიური დასაფარი თანხა შეადგენდა 80 ლარს.

 

8.3. მოპასუხის მიერ წარმოდგენილ საბანკო ამონაწერებით ირკვევა, რომ დ------- გ------------- ზემოაღნიშნული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, სოციალური პაკეტით დარიცხული გასაცემლიდან ეჭრებოდა თანხები, ამავე ანგარიშიდან მასაც გაჰქონდა თანხები.

 

8.4. უდავო ფაქტობრივი გარემოებით დადგენილია, რომ 2017 წლის 01 ნოემბერს ფოთის საქალაქო სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, დაუდგენელი პირის მიერ სესხის ხელშეკრულებაზე დ------- გ------------- ხელმოწერის სავარაუდოდ გაყალბების ფაქტზე, ქმედება გათვალისწინებული სსკ-ის 362 მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორის 2018 წლის 13 ნოემბერის დადგენილებით შეწყდა დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო, იმ საფუძვლით, რომ ზემოაღნიშნულ ხელშეკრულებებზე ხელმოწერების გაყალბების ფაქტი არ დადგინდა.

 

8.5. ფოთის რაიონული პროკურორის მოადგილის ფ--–--- ჯ--–--------- 20.11. 2018 წლის დადგენილებით დ------- გ------------- უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე, რომლითაც მოითხოვდა ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორის 2018 წლის 13 ნოემბრის დადგენილების გაუქმებას.

დადგენილების მიხედვით, გამოძიების პროცესში ჩატარებული მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ზემოაღნიშნულ ხელშეკრულებებზე ხელმოწერების გაყალბების ფაქტი არ დადგინდა.

 

8.6. სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირობაზე, რომლის მიხედვითაც სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი გულისხმობს მხარეების ვალდებულებას წარმოადგინონ სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რითაც სასამართლოს შეუქმნიან თავიანთი პოზიციის დამაჯერებელ შინაგან რწმენას.

 

გარდა იმისა, რომ მხარეებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ, რომელი ფაქტობრივი გარემოება, რომელი მტკიცებულებით დაადასტურონ, საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლმა მხარეები დაავალდებულა თვითონ წარმოადგინონ სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამამტკიცებელი მტკიცებულებები.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დაასაბუთა სადაო ხელშეკრულებებზე საკუთარი ხელმოწერების გაყალბების ფაქტი, რის გამოც ორივე სადაო ხელშეკრულება და განაცხადი დადებულად ითვლება, მათი ბათილობის საფუძველი არ არსებობს, აქედან გამომდინარე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ სს „ლ-------- ბ--------“ მიიღო საბანკო პროდუქტი - თანხის სახით და ბ---- წარმოეშვა ამ თანხის დაბრუნების უფლება, შესაბამისად მოპასუხეს არც უკვე გადახდილი თანხის დაბრუნების ვალდებულება გააჩნია.

 

8.7. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ----- გ--–-–---–-- აღნიშნა, რომ მუშაობდა სს „ლ-------- ბ-----“ სერვისცენტრის ოპერატორად და მის ერთერთ ფუნქციას წარმოადგენდა კლიენტებისთვის სესხის გაცემით მომსახურება. სესხის გაცემისას სავალდებულოა კლიენტის პირადად მოსვლა, რასაც ვიზუალურადაც ამოწმებენ, პირადობის მოწმობის და საპენსიო ბარათის წარმოდგენა, ამავე დროს სესხის ხელშეკრულებაზე კლიენტის პირადი ხელმოწერა, სხვა შემთხვევაში სესხი არ გაიცემა. დ------- გ-------------თან მიმართებით ამ წესების დაცვით მოხდა სესხის გაცემა და პირადად მოაწერა ხელი სესხის ხელშეკრულებებს.

 

(იხ. 10.10.2019 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

8.8. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა სს „ლ-------- ბ-----“ ფოთის ფილიალის უფროსმა ბ---- ჭ--–---- განმარტა, რომ მისთვის ცნობილი იყო იმ გარემოებების შესახებ, თუ რატომ ვერ იღებდა დ------- გ------------ დარიცხულ თანხებს, რაც გამოწვეული იყო ბ----- წინაშე წარმოშობილი დავალიანების გამო. დ------- გ------------ უკმაყოფილებას გამოთქვამდა ამ ფაქტთან დაკავშირებით და მის მიერ შესწავლილ იქნა ხელშეკრულებები, რაშიც კანონდარღვევა ვერ იპოვა.

ბ---- ჭ--–---- განმარტებით, სესხის გაცემისას სავალდებულოა კლიენტის პირადად მოსვლა, რასაც ოპერატორები ვიზუალურადაც ამოწმებენ, პირადობის მოწმობის და საპენსიო ბარათის წარმოდგენა, ამავე დროს სესხის ხელშეკრულებაზე კლიენტის პირადი ხელმოწერა, ეს არის დაცული საბანკო სისტემა, სხვა შემთხვევაში სესხი არ გაიცემა.

 

(იხ. 10.10.2019 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

8.9. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოსარჩელის განმარტების იმ ნაწილზე, სადაც აღნიშნავს, რომ საკუთარი საპენსიო ბარათი ან პირადობის მოწმობა არასდროს არავისთვის არ გადაუცია, რითაც დასტურდება ის, რომ სხვა პირს სესხის გასაფორმებლად, მოსაჩელის პლასტიკური ბარათისა და პირადობის მოწმობის გამოყენების შესაძლებლობა არ ჰქონდა, რაც გარდა ზემოაღნიშნული გარემოებებისა, მიუთითებს სასარჩელო მოთხოვნის დაუსაბუთებლობაზე.

 

8.10. ამდენად მოსარჩელე დ------- გ------------- სარჩელი დაუსაბუთებელია და მას უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

 

9. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

მოსარჩელე დ------- გ----------- გათავისუფლებულია ბაჟის გადახდისგან, მის მიერ სარჩელზე ბაჟი გადახდილი არ არის, შესაბამისად მას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, სახელმწიფო ბაჟის 190,08 ლარის გადახდა, რაც უნდა ჩაირიცხოს შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბ----- კოდი TRESGE22, ანგარიშის N200 122 900, სახაზინო კოდი 300 183 150.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე დ------- გ------------ უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

2. მოსარჩელე დ------- გ------------ დაეკისროს სახელწიფო ბაჟის გადახდა 190,8 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, რაც ჩაირიცხოს შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, ,,სახელმწიფო ხაზინა”, ბ----- კოდი TRESGE22, ანგარიშის № 200 122 900, სახაზინო კოდი 300 42 31 50.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება სააპელაციო წესით გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ფოთის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შოთა სირაძე