გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/2352-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
15 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე
სხდომის მდივანი ციალა გახელაძე
მოსარჩელე - მ----------–-–---–ი
მოპასუხე - შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი
წარმომადგენელი - თ-------------ე
მოპასუხე - თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი
წარმომადგენელი - თ---–------–-–---–ი
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტსა და თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს მ----------–-–---–ის სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ მორალური ზიანის ანაზღაურება 5 000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით (იხ. დაზუსტებული სარჩელი).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ არ არსებობს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის კანონიერი საფუძველი.
2.2. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. 2016 წლის 16 ნოემბრის რეაგირების ოქმების თანახმად, ქ.თ---–------------------ა ბ.73ა-ში გამოცხადნენ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, ქ.თ---–------------------ა-ში მდებარე ავტოფარეხთან დაკავშირებით არსებული კონფლიქტური სიტუაციის გამო. რეაგირების ოქმის მიხედვით, მ----------–-–---–ს ეთხოვა ავტოფარეხის საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა, რაზედაც განაცხადა უარი და საპატრულო ეკიპაჟის წევრების მიმართ აგრესიულ დამოკიდებულებას გამოხატავდა, მისი აგრესიული საუბარი გადაიზარდა ისტერიკულ ყვირილში.
სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 16 ნოემბრის რეაგირების ოქმები (ს.ფ.17-21).
3.2. 112-ის საინფორმაციო ელექტრონული ბაზის ამონაწერის თანახმად, 2016 წლის 16 ნოემბრის 22:48 საათზე, ქ.თ---–------------------ა-ში, გამოძახების საფუძველზე, მ----------–-–---–ს წინასწარ დიაგნოზად განესაზღვრა მწვავე და გარდამავალი (ტრანზიტული) ფსიქოზური აშლილობანი.
სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 112-ის საინფორმაციო ელექტრონული ბაზის ამონაწერი (ს.ფ.87).
3.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 ნოემბრის ბრძანებით (№3/8------ საქმეზე) მ----------–-–---–ი არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით მოთავსდა სტაციონარში შპს „ფ----------------------–--------------------------------–----–----რში“, არანებაყოფლობითი მკურნალობის კრიტერიუმების ამოწურვამდე, მაგრამ არა უმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. მ----------–-–---–ის არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით სტაციონარში მოთავსების ვადა აითვალა - პაციენტის სტაციონარში მოთავსების მომენტიდან - 2016 წლის 17 ნოემბრის 01:00 საათიდან. ბრძანების შესრულება დაევალა შპს „ფ----------------------–--------------------------------–----–----რს“.
სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 ნოემბრის ბრძანება №3/8------ საქმეზე (ს.ფ.28-33).
3.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 ნოემბრის ბრძანება გაასაჩივრა მ----------–-–---–ის წარმომადგენელმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, რომლის 2016 წლის 13 დეკემბრის ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 ნოემბრის ბრძანება. შპს „ფ----------------------–--------------------------------–----–----რის“ შუამდგომლობა (მიმართვა) არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით მ----------–-–---–ის სტაციონარში მოთავსების შესახებ არ დაკმაყოფილდა. დაევალა შპს „ფ----------------------–--------------------------------–----–----რს“ მ----------–-–---–ის დაუყოვნებელი გაწერა სტაციონარიდან (შპს „ფ----------------------–--------------------------------–----–----რი“).
ბრძანების თანახმად, მ----------–-–---–ი 2016 წლის 17 ნოემბერს 01:00 სთ–ზე სასწრაფო დახმარების ბრიგადის და საპატრულო პოლიციის მიერ გადაყვანილი იქნა სტაციონარში, (შპს „ფ----------------------–-------------------------------–----–----რი“), სადაც მოხდა მისი არანებაყოფლობითი წინასწარი მოთავსება სტაციონარის მკურნალი ექიმის ი----------–--ის, მორიგე ექიმის ქ----------------იას, მოკლ. მიმართულების უფროსი ი--–-----–---–ის და უფროსი ექიმის ნ---------ის გადაწყვეტილებით; შპს „ფ----------------------–-------------------------------–----–----რის“ ექიმ–ფსიქიატრთა კომისიის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 17.11.2016 წლის დასკვნის მიხედვით, პაციენტს დაუდგინდა წინასწარი დიაგნოზი – პარანოიდული შიზოფრენია, F20.0 და მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული პაციენტს გაეწიოს არანებაყოფლობითი სტაცინალური ფსიქიატრიული დახმარება; აღნიშნული დასკვნის საფუძველზე, შპს „ფ----------------------–-------------------------------–----–----რის“ ადმინისტრაციამ მიმართა სასამართლოს 18.11.2016 წლის 11:13 სთ-ზე არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პაციენტის სტაციონარში მოთავსების შესახებ შესაბამისი ბრძანების გამოცემის მოთხოვნით.
ბრძანების მიხედვით, იმდენად, რამდენადაც პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მკურნალობის კრიტერიუმების განსაზღვრა წარმოადგენს მედიცინის პრეროგატივას და აღნიშნულ საკითხში სასამართლოს კომპეტენცია არ გააჩნია, სასამართლოს, შპს „ფ----------------------–-------------------------------–----–----რის“ ექიმ–ფსიქიატრთა კომისიის 17.11.2016 წლის დასკვნის საფუძველზე, დადგენილად მიაჩნია, რომ პაციენტი დაავადებულია პარანოიდული შიზოფრენიით და ესაჭიროება შესაბამისი მკურნალობა. სააპელაციო პალატა მიუთითა, რომ სასამართლოს მიერ საქმის გარემოებების არსებითი გამოკვლევით დადასტურებული არ იქნა არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით მ----------–-–---–ის სტაციონარში მოთავსების აუცილებლობა; კერძოდ, პაციენტის ძმის მიერ სასამართლოს სხდომაზე გაკეთებული განმარტებებით და ასევე, პაციენტთან გასაუბრების საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ პაციენტი არის მშვიდი და გაწონასწორებული, გარეგნულად მოწესრიგებული, გასაუბრებისათვის მისაწვდომი, შეკითხვებზე პასუხობს არსებითად, შეკითხვის ფარგლებში, ადგილში, დროში და საკუთარ ვინაობაში ორიენტირებულია სწორად, არ არის სოციალურად საშიში, არ გამოხატავს აგრესიას; შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ის აღგზნებული მდგომარეობა, რა მდგომარეობაშიც კომისიის დასკვნის მიხედვით, პაციენტი მიყვანილი იქნა სტაციონარში, რაც საფუძვლად დაედო პაციენტის სტაციონარში იძულებით მოთავსებას, უკავშირდება არა პაციენტის დაავადებას, არამედ იმ სოციალურ მეზობლურ კონფლიქტს, რაც წინ უძღოდა საპატრულო პოლიციის გამოძახებას; ამასთან, საქმის გარემოებები მიუთითებენ მ----------–-–---–სა და მის მეზობლებს შორის დაძაბული ურთიერთობისა და ხანგრძლივი კონფლიქტის შესახებ; აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ გამორიცხულად არ მიიჩნია სუბიექტური ფაქტორების არსებობა პაციენტის იძულებით სტაციონარში მოსათავსებლად.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ პაციენტის მიმართ ზემოაღნიშნული გარემოებების არსებობის პირობებში მიჩნეული ვერ იქნება, რომ მ----------–-–---–ი ფსიქიკური აშლილობის გამო გაუცნობიერებლად ამბობს უარს ფსიქიატრიული დახმარების მიღებაზე და რომ ამ დახმარების გარეშე საფრთხე შეექმნება მის ან სხვა პირის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან ქონებას; სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პაციენტის სტაციონარში მოთავსებას არ უკავშირებს პაციენტის მიმართ ფსიქიატრიული დაავადების შესახებ დიაგნოზის არსებობას, არამედ უნდა არსებობდეს ფსიქიატრიული დახმარების მიღებაზე პაციენტის გაუცნობიერებლი უარი და დახმარების დაყოვნების საფრთხის შემცველობა, რაც მოცემულ შემთხვევაში მ----------–-–---–ის მიმართ არ დგინდება; ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს „ფ----------------------–-------------------------------–----–----რის“ შუამდგომლობა დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 13 დეკემბრის ბრძანება №3ბ/2----16 საქმეზე (ს.ფ.34-39).
3.5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2019 წლის 23 იანვრის №MI-----------5 წერილის თანახმად, მ----------–-–---–ს ეცნობა, რომ 2016 წლის 16 ნოემბრის შპს „ფ----------------------–--------------------------------–----–----რში მისი გადაყვანა არ მომხდარა საპატრულო პოლიციის „7324“ ეკიპაჟის წევრების მოთხოვნით. ასევე, განემარტა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება შემთხვევის ადგილზე გამოძახებული ექიმის გაწეული სამედიცინო დახმარების საფუძველზე, მიღებულ იქნა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის (საზახისით „0814“) მიერ.
სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2019 წლის 23 იანვრის №MI-----------5 წერილი (ს.ფ.40).
3.6. 2019 წლის 30 იანვარს მ----------–-–---–მა საჩივრით მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს და მოითხოვა 2016 წლის 16 ნოემბერსა და 2017 წლის 20 სექტემბერს მისი ფსიქიატრიულ კლინიკაში მოთავსებასთან დაკავშირებით სასწრაფო დახმარების ბრიგადისა და შპს „ფ----------------------–--------------------------------–----–----რის“ ექიმთა ქმედებების კანონიერების შესწავლა.
სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2019 წლის 30 იანვრის მ----------–-–---–ის საჩივარი (ს.ფ.24-27).
3.7. სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2019 წლის 18 თებერვლის №0------ წერილის თანახმად, შპს „ფ----------------------–--------------------------------–----–----რში მოთავსების საკითხთან დაკავშირებით მ----------–-–---–ს ეცნობა, რომ რეგულირების სააგენტოს მიერ, საკითხების განხილვა/შესწავლა ხორციელდება პაციენტთა სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებული ჩანაწერების მიხედვით. აღნიშნულის გათვალისწინებით განცხადებაში მითითებული ისეთი საკითხები, როგორიცაა პატრულის თანამშრომლების მხრიდან ძალადობა, „ინფორმირებულ თანხმობაზე“ იძულებით ხელის მოწერა, მედიკამენტების იძულებით მიღება, სცილდება რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილებას. ამასთან, მ----------–-–---–ს განემარტა, რომ მომსახურება გაეწია „ფსიქიკური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 და მე-18 მუხლების შესაბამისად. რაც შეეხება განცხადებაში გამოთქმულ ეჭვს გაწეული სამედიცინო მომსახურების მიმართ, მ----------–-–---–ს ეცნობა, რომ შესაბამისი სამართლებრივი უზრუნველყოფის (სასამართლო ბრძანება მეწარმის შემოწმების თაობაზე) შემდეგ, სამედიცინო დაწესებულებაში, კომპეტენციის ფარგლებში, განხორციელდება საკითხის შესწავლა. საჭიროების შემთხვევაში, სამედიცინო დოკუმენტაცია გადაიგზავნება სარეცენზიოდ შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან კლინიკური შეფასებისთვის, რაც მოითხოვს გარკვეულ დროს.
სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2019 წლის 18 თებერვლის №0------ წერილი (ს.ფ.23).
3.8. სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2019 წლის 23 მარტის №0------- წერილის თანახმად, მ----------–-–---–ს ეცნობა, რომ მისი 2019 წლის 11 იანვრისა და 30 იანვრის განცხადებების საფუძველზე დაწყებულია შპს „ფ----------------------–-------------------------------–----–----რში“ მ----------–-–---–ისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების საკითხის შესწავლა. საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, მ----------–-–---–ის სამედიცინო დოკუმენტაცია, კლინიკური შეფასებებისთვის, სარეცენზიოდ გაიგზავნა შესაბამისი დარგის ექიმ-სპეციალისტებთან. სარეცენზიო დასკვნის წარმოდგენისა და საკითხის შესწავლის დასრულების შემდეგ, მ----------–-–---–ს განემარტა, რომ ეცნობება შედეგების თაობაზე.
სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2019 წლის 23 მარტის №0------- წერილი (ს.ფ.182).
3.9. 2016 წლის 4 იანვრის სამედიცინო კორპორაცია ევექსის დიაგნოსტიკური ცენტრის მარჯვენა მტევნის ძვლების რ-გრაფიის თანახმად, მ----------–-–--ლს აღენიშნება მე-5 თითის პროქსიმალური ბოლოს დეფორმაცია, კონსოლიდაცია დასრულებული არ არის.
სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2016 წლის 4 იანვრის სამედიცინო კორპორაცია ევექსის დიაგნოსტიკური ცენტრის მარჯვენა მტევნის ძვლების რ-გრაფია (ს.ფ.41);
3.10. 2016 წლის 15 დეკემბრის პაციენტის გასინჯვის ფურცელის თანახმად, მ----------–-–---–ს სახლში დაცემის შედეგად ადევს თაბაშირი, მარჯვენა მტევნის მე-5 თითის პროქსიმალური ფალანგის მოტეხილობის გამო.
სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2016 წლის 15 დეკემბრის პაციენტის გასინჯვის ფურცელი (ს.ფ. 42).
3.11. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობების თანახმად, მ----------–-–---–ს 2011 წლიდან აქვს მარცხენა ფილტვის ინფლიტრაციული ტუბერკულიოზი რღვევით ფაზაში, გართულებული სუნთქვის უკმარისობა ქრონიკული და ფარისებური ჯირკვალის კვანძოვანი ჩიყვი.
სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობები (ს.ფ.44-46).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე და 208-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18, 413-ე, 1005-ე.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე.
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის (ძველი რედაქციით _ 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი) თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება, შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილების (საქმე №2/3/423) განმარტებაზე, რომლის თანახმადაც, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით „გათვალისწინებულია როგორც მატერიალური, ასევე, პროცესუალური ხასიათის კონსტიტუციური გარანტიები. 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც – ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს. ამ სახით ჩამოყალიბებული კონსტიტუციური ნორმა კანონმდებელს უტოვებს თავისუფალი მოქმედების ვიწრო არეალს, რაც, უპირატესად, კონსტიტუციური მოთხოვნების დაცვით პროცედურული საკითხების მოწესრიგებას მოიცავს.“
სასამართლო, ასევე, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებაზე (საქმე №23/630), სადაც აღნიშნულია, რომ კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის უპირველეს მიზანს წარმოადგენს დაზარალებული პირის ინტერესების დაცვა მიყენებული ზარალის ანაზღაურების გზით. სახელმწიფო რესურსის მასშტაბის, მოცულობის და ბუნების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მხრიდან არამართლზომიერ ქმედებათა განხორციელება ხშირ შემთხვევებში გაცილებით მეტი საფრთხის შემცველია კერძო სუბიექტების მხრიდან განხორციელებულ ანალოგიური სახის ქმედებასთან შედარებით. ამიტომ მიყენებული ზარალის ანაზღაურების ვალდებულების დაწესება ხელს უწყობს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა თვითნებობის და ძალაუფლების უკანონოდ გამოყენების პრევენციას. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ზარალის ანაზღაურების უფლებას რამდენიმე წინაპირობის არსებობას უკავშირებს: 1. უნდა არსებობდეს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა სახელით მოქმედი პირის ქმედებით პირისათვის ზარალის მიყენების ფაქტი; 2. ხსენებულ პირთა ქმედების უკანონო ხასიათი დადგენილი უნდა იყოს სათანადო წესით; 3. პირისათვის მიყენებული ზარალი გამოწვეული უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტში მითითებული სუბიექტების უკანონო ქმედებით და უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი უკანონო ქმედებასა და დამდგარ ზარალს შორის.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსზე, რომლის 208-ე მუხლის პირველი ნაწილი ცალსახად განსაზღვრავს, რომ სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებლის ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, ამავე კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განმარტებაზე (საქმე №ბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ), რომლის თანახმადაც „ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. ამასთან, აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.“ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის) უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ვალდებულებითი სამართალი აწესრიგებს ისეთ ვალდებულებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, რომელთა დარღვევისათვის დამრღვევს სასამართლოს მეშვეობით შეიძლება დაეკისროს შესრულება ან ზიანის ანაზღაურება. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი ვალდებულების წარმოშობის წინაპირობად მიიჩნევს როგორც ხელშეკრულებას, ასევე, დელიქტს, უსაფუძვლო გამდიდრებას ან კანონით გათვალისწინებულ სხვა საფუძვლებს.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (საქმე №ბს-52-47(კ-13)23.07.2013წ) განმარტებაზე, რომ „დელიქტური ვალდებულება ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებაა და არასახელშეკრულებო ვალდებულების ერთ-ერთი სახეა. ზიანი შეიძლება იყოს ხელშეკრულების დარღვევიდან წარმოშობილი ვალდებულების დარღვევის შედეგი, ხოლო დელიქტის დროს კი თვით ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რომელი ვალდებულების ძალითაც დაზარალებულს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება მიმყენებლისაგან. ამასთან, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება შესაძლებელია, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი.“ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე სახელმწიფოსთან (მუნიციპალიტეტთან) ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს. ხსენებული კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად კი, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
მითითებული მუხლების თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. იმისათვის, რომ წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების წინაპირობა, სახეზე უნდა იყოს პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება (უმოქმედობა), წარმოშობილი ზიანი და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა წარმოადგენს დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომის სავალდებულო პირობას და გამოიხატება იმაში, რომ პირველი წარმოშობს მეორეს. პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი იყო ზიანის მიმყენებლის მოქმედების (უმოქმედობის) პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი.
6.2. მოსარჩელე ითხოვს მორალური ზიანის ანაზღაურებას და უთითებს, რომ 2016 წლის 16 ნოემბერს სასწრაფო დახმარების ბრიგადისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის მიერ მისი კლინიკაში მოთავსება იძულებითი ფსიქიატრიული დახმარების მიღების მიზნით იყო კანონსაწინააღმდეგო. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნულს ადასტურებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც უკანონოდ იქნა ცნობილი მისი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებით განთავსება. მოსარჩელე აპელირებს იმ გარემოებაზეც, რომ 2017 წელს მისი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსებაც იყო იძულებითი ხასიათის, რადგან მას არ ჰქონდა სხვა გზა, გარდა ნებაყოფლობით განთავსების განცხადებაზე ხელისმოწერისა. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მის მიმართ ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას და დამამცირებელ მოპყრობას, რამაც გამოიწვია მისთვის მორალური ტანჯვის მიყენება, პატივისა და ღირსების შელახვა.
სასამართლო განმარტავს, რომ არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნას მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ კანონით ერთმნიშვნელოვნად არის დადგენილი მორალური ზიანის ანაზღაურება პატივის, ღირსების, პირადი ცხოვრების საიდუმლოების, პირადი ხელშეუხებლობისა ან საქმიანი რეპუტაციის შელახვისას, ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებისას. ამდენად, პირის კანონით დაცული სხვა უფლებების შეზღუდვა არ წარმოშობს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, რაც გამოწვეულია მორალური ზიანის სპეციფიკით, რამეთუ სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლით განსაზღვრული სიკეთის ხელყოფისას პირი განსაკუთრებულად განიცდის სულიერ თუ ფიზიკურ ტანჯვას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 იანვრის განჩინებაში (საქმეზე №ას-1156-1176-2011) საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ კერძო სამართლით გათვალისწინებული სხვადასხვა ურთიერთობების შედეგად შეიძლება ადგილი ჰქონდეს მორალურ, სულიერ ტანჯვას, მაგრამ მისი ანაზღაურება დაიშვება მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში, ე.ი. კანონი პირდაპირ ადგენს, თუ კონკრეტულად რომელი სიკეთის ხელყოფის შემთხვევაში შეიძლება მოითხოვოს დაზარალებულმა არაქონებრივი ზიანისათვის ანაზღაურება. ამდენად, კანონის მიზანია, შეამციროს, შეზღუდოს ამ ნორმით გათვალისწინებული შედეგის დაუსაბუთებელი გაფართოება, რათა უზრუნველყოფილი იქნას სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა და წესრიგი. ადამიანის ჯანმრთელობა წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაცულ ერთ-ერთ სიკეთეს, რომლის ხელყოფისათვის დაზარალებულმა შეიძლება მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურება. მითითებული ნორმით დადგენილი შედეგის აუცილებელ პირობას წამოადგენს ადამიანის ჯანმრთელობის ხელყოფა, რის შედეგად დაზარალებულმა, ასევე განიცადა სულიერი ტანჯვა, ფსიქიკური სტრესი“.
6.3. სასამართლო დამატებით მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლზე (ძველი რედაქციით მე-17 მუხლი), რომლის თანახმად, ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო. დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუცია ადამიანის პატივსა და ღირსებას ხელშეუვლად აცხადებს, შესაბამისად, სახელმწიფოს მრავალ პოზიტიურ და ნეგატიურ ვალდებულებას აკისრებს. ადამიანის ღირსება ყველა ძირითადი უფლების საფუძველია. ადამიანის უფლებათა ბუნებითი წარმოშობის აღიარება სწორედ ადამიანის ღირსების აღიარებას გულისხმობს. ადამიანს რომ ღირსება აქვს, სწორედ ამიტომ გააჩნია სიცოცხლის, თავისუფლების, თანასწორობის, ღირსეული ცხოვრების უფლება. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის პრეამბულის პირველივე დებულებაში გაცხადებულია, რომ დეკლარაცია ეყრდნობა „ადამიანის ხელშეუვალი, თანაარსი ღირსების, თანასწორობისა და განუყოფელი უფლებების აღიარებას“. ადამიანის ღირსება თანაარსია ადამიანისთვის, როგორც გონიერი, თავისუფალი ნებისა და პასუხისმგებლობის მქონე არსებისთვის. შესაბამისად, ყველას უნდა გააჩნდეს სიცოცხლის, ფიზიკური ხელშეუხებლობის, პიროვნების თავისუფალი განვითარების, უსაფრთხოებისა და სხვა უფლებები და ისინი არ ექვემდებარება პოზიტიური სამართლით გაუქმებას. ადამიანის ღირსების ასეთი ფართო გაგება უდევს საფუძვლად სამართლებრივი სახელმწიფოს უმთავრეს პრინციპს - ადამიანის უფლებებით სახელმწიფოს ბოჭვას. ადამიანის ღირსების დაცვის უზრუნველყოფის საშუალებაა სამართლიანი დაცვა. სახელმწიფოს ნებისმიერი თვითნებობა ადამიანის ღირსებას ლახავს. მოქალაქეები, ცხოვრობენ რა დემოკრატიულ სახელმწიფოში, გააჩნიათ ლეგიტიმური მოლოდინი სამართლის უზენაესობის დაცვისა, მოლოდინი იმისა, რომ სამართლიანი კანონები სამართლიანად და ადეკვატურად იქნება მათ მიმართ გამოყენებული და არ გახდებიან ხელისუფლების თვითნებობის მსხვერპლნი. სახელმწიფო მოქალაქეებს არ უნდა უქმნიდეს განცდას, რომელიც მათში უიმედობასა და სასოწარკვეთას იწვევს. ადამიანს უნდა ჰქონდეს რწმენა, რომ მისი უფლებები და ინტერესები არ შეილახება უკანონოდ და უსამართლოდ, ხოლო ასეთის შემთხვევაში მის განკარგულებაში იქნება სამართლებრივი დაცვის საშუალებები. მისი უფლებების დაცვის გარანტორი - კანონი ეფექტურად უნდა იქნეს აღსრულებული პრაქტიკაში. ამასთან, „კონსტიტუციის მიზნებისთვის ღირსების დაცვა გულისხმობს სოციალურ მოთხოვნილებას ადამიანის პატივისცემაზე. ეს არის ფუნდამენტური კონსტიტუციური პრინციპი, რომელსაც ეყრდნობა და უკავშირდება ძირითადი კონსტიტუციური უფლებები. ამასთან, სახელმწიფო საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ პუნქტს არღვევს მაშინ, როდესაც ფუნდამენტური უფლებების დარღვევის გზით (შედეგად), მიზნად ისახავს ადამიანის დამცირებას, მისი მიზნის მიღწევის საშუალებად გამოყენებას ან/და მისი ფაქტობრივი ქმედება ასეთ შედეგს გარდაუვლად იწვევს.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება №1/4/591).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განსაზღვრავს, რომ პატივისა და ღირსების შელახვის შესახებ აპელირებისას, უნდა დადგინდეს სახელმწიფოს მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების არსებობა, რომელიც მიზნად ისახავდა ან იწვევდა პირის ღირსებისა და პატივის კონსტიტუციურ უფლებაში ჩარევას, რომელსაც ლეგიტიმური მიზნის არსებობაც კი ვერ გაამართლებს.
6.4. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 112-ის საინფორმაციო ელექტრონული ბაზის ამონაწერის თანახმად, 2016 წლის 16 ნოემბრის 22:48 საათზე, ქ.თ---–------------------ა-ში, გამოძახების საფუძველზე, მ----------–-–---–ს წინასწარ დიაგნოზად განესაზღვრა მწვავე და გარდამავალი (ტრანზიტული) ფსიქოზური აშლილობანი.
2016 წლის 17 ნოემბერს 01:00 სთ-ზე სასწრაფო დახმარების ბრიგადის და საპატრულო პოლიციის მიერ, გადაყვანილი იქნა სტაციონარში, შპს „ფ----------------------–-------------------------------–----–----რში“, სადაც მოხდა მისი არანებაყოფლობითი წინასწარი მოთავსება სტაციონარის ექიმების გადაწყვეტილებით;
შპს „ფ----------------------–-------------------------------–----–----რის“ ექიმ–ფსიქიატრთა კომისიის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 17.11.2016 წლის დასკვნის მიხედვით პაციენტს დაუდგინდა წინასწარი დიაგნოზი – პარანოიდული შიზოფრენია, F20.0 და მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული პაციენტს გაეწიოს არანებაყოფლობითი სტაცინალური ფსიქიატრიული დახმარება. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე შპს „ფ----------------------–-------------------------------–----–----რის“ ადმინისტრაციამ მიმართა სასამართლოს 18.11.2016 წლის 11:13 სთ-ზე არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პაციენტის სტაციონარში მოთავსების შესახებ შესაბამისი ბრძანების გამოცემის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 ნოემბრის ბრძანებით (№3/8------ საქმეზე) მ----------–-–---–ი არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით მოთავსდა სტაციონარში შპს „ფ----------------------–--------------------------------–----–----რში“, არანებაყოფლობითი მკურნალობის კრიტერიუმების ამოწურვამდე, მაგრამ არა უმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 ნოემბრის ბრძანება გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 13 დეკემბრის ბრძანებით. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სასამართლოს მიერ საქმის გარემოებების არსებითი გამოკვლევით დადასტურებული არ იქნა არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით მ----------–-–---–ის სტაციონარში მოთავსების აუცილებლობა.
დადგენილია, ასევე, რომ სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2019 წლის 23 მარტის №0------- წერილის თანახმად, მ----------–-–---–ს ეცნობა, რომ მისი 2019 წლის 11 იანვრისა და 30 იანვრის განცხადებების საფუძველზე დაწყებულია შპს „ფ----------------------–-------------------------------–----–----რში“ მ----------–-–---–ისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების საკითხის შესწავლა. საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, მ----------–-–---–ის სამედიცინო დოკუმენტაცია, კლინიკური შეფასებებისთვის, სარეცენზიოდ გაიგზავნა შესაბამისი დარგის ექიმ-სპეციალისტებთან. სარეცენზიო დასკვნის წარმოდგენისა და საკითხის შესწავლის დასრულების შემდეგ, მ----------–-–---–ს განემარტა, რომ ეცნობება შედეგების თაობაზე.
სასამართლო მიუთითებს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის წესდების (დებულების) დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-88 დადგენილებაზე, რომლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში ეფექტური და კოორდინირებული ჩართვის გზით მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება.
ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ცენტრის ძირითადი ამოცანებია - სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ეფექტური ფუნქციონირება, 24/7 (24 საათი, კვირაში 7 დღე) რეჟიმში პაციენტისთვის დროული, ადეკვატური და მაღალკვალიფიციური სასწრაფო სამედიცინო მომსახურების მიწოდება.
მითითებული დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ცენტრის ფუნქციებია პაციენტებისთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიწოდება, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
სასამართლო განმარტავს, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მოვალეობაა პაციენტისათვის პირველადი, ადეკვატური სამედიცინო მომსახურების გაწევა კვირაში შვიდი დღე 24 საათის განმავლობაში. სასამართლო იზიარებს მოპასუხე სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პოზიციას, რომ სამედიცინო ბრიგადას, საჭიროების შემთხვევაში, პაციენტი გადაჰყავს კლინიკებში, რომლებიც თავის მხრივ, სასწრაფო სამედიცინო ბრიგადისაგან დამოუკიდებლად, იღებენ გადაწყვეტილებას პაციენტის შემდგომი მკურნალობის ჩატარების შესახებ. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციით არ დგინდება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების არსებობა, რომელიც მიზეზობრივ კავშირშია მოსარჩელისათვის მორალური ზიანის მიყენებასთან.
სასამართლო ვერ გაიზიარებს, ასევე, საპატრულო ეკიპაჟის ქმედებების მიმართ მოსარჩელის არგუმენტაციას. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2016 წლის 16 ნოემბერს სამი ეკიპაჟი მივიდა ქ.თ---–------------------ა-ში მ----------–-–---–სა და მის მეზობლებს შორის ავტოფარეხთან დაკავშირებული კონფლიქტის არსებობის გამო. რეაგირების ოქმის მიხედვით, მ----------–-–---–ს ეთხოვა ავტოფარეხის საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა, რაზედაც განაცხადა უარი და საპატრულო ეკიპაჟის წევრების მიმართ აგრესიულ დამოკიდებულებას გამოხატავდა, მ----------–-–---–ის აგრესიული საუბარი გადაიზარდა ისტერიკულ ყვირილში.
როგორც ზემოთ აღნიშნა, 2016 წლის 16 ნოემბრის 22:48 საათზე, ქ.თ---–------------------ა-ში, გამოძახებულ იქნა სასწრაფო დახმარების ბრიგადაც, რომელთა მეშვეობით მ----------–-–---–ი გადაიყვანეს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების წევრების მიერ რაიმე სახის უფლებამისლების გადამეტება ან ბოროტად გამოყენება. არც ერთი აღნიშნული პოლიციის თანამშრომლის მიმართ ხსნებულ ფაქტზე არ დამდგარა დისციპლინური ან სხვაგვარი პასუხისმგებლობა. შესაბამისად დაუსაბუთებელი მოსარჩელის არგუმენტაცია საპატრულო პოლიციის თანამშრომლების ქმედებების უკანონობასთან დაკავშირებით.
6.5. სასამართლო დამატებით მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. ამავე კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით, ხოლო 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული სასამართლო უფლებამოსილია, იმსჯელოს ნებისმიერი სახელმწიფო ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი კანონით დადგენილი წესით დადასტურებულია აქტის/ქმედების უკანონობა. აქტის/ქმედებების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი ვერ დადგინდება წინამდებარე დავის ფარგლებში. სარჩელს არ ერთვის მათი უკანონობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. ასეთი მტკიცებულების წარმოდგენა მოსარჩელეს ევალებოდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის, მე-17 მუხლის პირველი ნაწილის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, რადგან შეჯიბრებითობის პრინციპის და მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი სტანდარტის მიხედვით, მოსარჩელეს ეკისრება მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების მტკიცების ვალდებულება, რაზედაც ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ვერ ადასტურებს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ქმედებებში მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების არსებობას. მხოლოდ ის ფაქტი, რომ მოსარჩელის იძულებით ფსიქიატრიულ დაწესებულებაში განთავსება უკანონოდ იქნა ცნობილი, ავტომატურად ვერ გახდება საფუძველი მოსარჩელისათვის მორალური ზიანის ანაზღაურებისა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მხოლოდ ერთი, დაინტერესებული მხარის ახსნა-განმარტება ვერ გახდება მოსარჩელისათვის მორალური ზიანის მიყენების ფაქტის დამადასტურებელ პირობად განხილული, რამეთუ ზიანის ანაზღაურების საფუძვლად კანონმდებლობით განსაზღვრული მართლსაწინააღმდეგო ქმედების არსებობა მხოლოდ კანონით გათვალისწინებული წესით უნდა დადგინდეს, რაც ნიშნავს, რომ ქმედების უკანონობა უნდა დადასტურდეს მტკიცებულებათა ერთობლიობითა და კანონით დადგენილი წესით. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ზიანის ანაზღაურების წინაპირობა - ქმედების ბრალეულობა და მართლწინააღმდეგობა არ დგინდება, რის გამოც არ არსებობს მოპასუხეებისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ1“ ქვეპუნქტით საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან: სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი, რომლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელი ტოლია ან ნაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულაზე. ამდენად, მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, მე-13 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. მ----------–-–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. თბილისი გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივნის №64) მეშვეობით 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის დღიდან.
მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე