გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
# 351210019002980547
საქმე №2-183-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი:
15 იანვარი, 2020 წელი ქ. გარდაბანი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე
გარდაბნის მუნიციპალიტეტში - ირინე ტყეშელაშვილი
სხდომის მდივანი - გიორგი ძინძიბაძე
მოსარჩელე - არასტუნ კარაევი (პ/ნ 12001000849)
წარმომადგენელი - დალი კერესელიძე
მოპასუხე - თამამ ხიიალოვა (პ/ნ 12001032711) (არ გამოცხადდა)
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გარდაბნის რაიონული განყოფილება
წარმომადგენელი - ლაშა პარასტაშვილი
დავის საგანი - მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. სარჩელით - მოპასუხე - თამამ ხიიალოვას შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება არასრულწლოვანი შვილების: ა) ფახრად კარაევის (დაბადებული 17.03.2007 წელს); ბ) აისუნ კარაევას (დაბადებული 28.12.2005 წელს); გ) გუნაი კარაევას (დაბადებული 21.02.2003 წელს) მიმართ, საქართველოს პასპორტის აღებასთან დაკავშირებით თანხმობის გაცემის ნაწილში, სხვა უფლებების შეუზღუდავად.
1.2. საქმის ზეპირ განხილვაზე, მოსარჩელე მხარემ დააზუსტა მოთხოვნა შმდეგნაირად: მოპასუხე - თამამ ხიიალოვას შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება არასრულწლოვანი შვილების: ა) ფახრად კარაევის (დაბადებული 17.03.2007 წელს); ბ) აისუნ კარაევას (დაბადებული 28.12.2005 წელს) მიმართ, საქართველოს პასპორტის აღებასთან დაკავშირებით თანხმობის გაცემის ნაწილში, სხვა უფლებების შეუზღუდავად.
სარჩელის მიხედვით, მოსარჩელე იმყოფება მოპასუხესთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში 2002 წლიდან. ერთად ცხოვრების პერიოდში, მათ შეეძინათ 3 შვილი: გუნაი კარაევა, აისუნ კარაევა და ფახრად კარაევი. 2012 წელს, მორიგი უსიამოვნების შემდეგ, მოპასუხე წავიდა სახლიდან. პატარა შვილი იყო 5 წლის, როდესაც მოპასუხემ დატოვა შვილები და მას შემდეგ, შვილებისთვის არ მოუკითხავს. დედობრივ მზრუნველობაზე საუბარი ზედმეტია. მოსარჩელის განმარტებით, მას ხშირად უწევს საქართველოს ფარგლებს გარეთ წასვლა სამუშაოდ, ბავშვები რჩებიან მოხუცი დედის ანაბარა. მოსარჩელის განმარტებით, მას სურს არდადეგების პერიოდში წაიყვანოს ბავშვები დასასვენებლად საქართველოს ფარგლებს გარეთ. მოსარჩელემ არაერთხელ სთხოვა მოპასუხეს, რომ გაყოლოდა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში, შვილებისთვის პასპორტის ასაღებად, მაგრამ მიიღო უარყოფითი პასუხი, პირიქით, მკაცრად გააფრთხილა, რომ აღარ მისულიყო მასთან, ვინაიდან შვილები და მოსარჩელე არ აინტერესებდა. მოსარჩელე გახდა იძულებული, მიემართა სასამართლოსთვის, მოპასუხისთვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვის მოთხოვნით.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე - თამამ ხიიალოვას სარჩელზე წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სხდომაზე გამოცხადებულა.
3. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გარდაბნის რაიონული განყოფილების პოზიცია
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაკის 30.07.2019 წლის #3100 დასკვნის თანახმად, მოპასუხის ოჯახის საცხოვრებელ მისამართზე ამჟამად ცხოვრობს სხვა ოჯახი, მათ არ იციან მოპასუხის ადგილსამყოფელი. თამამ ხიიალოვას ადგილსამყოფელის დადგენა ვერც სოციალური მუშაკის მიერ ვერ მოხდა და შესაბამისად, მისი დამოკიდებულება არ არის გამორკვეული. არასრულწლოვანი შვილები ცხოვრობენ მამასთან არასტუნ კარაევთან და ბავშვებზე ზრუნვაში და მოვლაში მამას ეხმარება დედამისი - ავა მამედოვა. შემთხვევის შესწავლის მომენტში, არასტუნ კარაევი იმყოფებოდა საზღვარგარეთ. მის არასრულწლოვან შვილებზე ყოველდღიურად ზრუნავს და მეთვალყურეობს მოსარჩელის დედა - ავა. არასტუნ კარაევი ფინანსურად უზრუნველყოფს მათ, ასევე პერიოდულად ჩამოდის საქართველოში და ცხოვრობს შვილებთან. არასრულწლოვნები აისუნი და გუნაი შეფასების მომენტში იმყოფებოდნენ საზღვარგარეთ, ბებიის ინფორმაციით - თურქეთში, შესაბამისად, ვერ განხორციელდა მათი დამოკიდებულების გარკვევა დავის საგანთან მიმართებაში. ნაბოლარა შვილი - ფახრად კარაევი იმყოფება საქართველოში, მისამართზე - გარდაბანი, სოფელი ნაზარლო. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, მისთვის შექმნილია მზრუნველი გარემო, მამა უზრუნველყოფს შვილის საჭიროებებს, ბებია კი მეთვალყურეობს მასზე დღის და ღამის განმავლობაში. ბავშვს განვითარებული აქვს ასაკის შესაფერისი თვითმოვლის უნარ-ჩვევები. ბავშვი იღებს ზოგად განათლებას და არის მეშვიდე კლასის მოსწავლე. ბავშვი გამოხატავს დადებით ემოციებს მამის და ბებიის მიმართ. ბავშვს სურს, მამასთან და ბებიასთან ერთდ გაემგზავროს ხოლმე საქართველოს ფარგლებს გარეთ, რაშიც ეშლება ხელი, რადგან ვერ იღებს ეროვნულ პასპორტს, დედის თანხმობის არქონის გამო. ბავშვი აღნიშნავს, რომ იყო პატარა, როდესაც დედა წავიდა და იმის მერე არ უნახავს, მისი ემოცია დედის მიმართ არის სიბრაზე და წყენა, მას სურს მამასთან ურთიერთობა. გუნაის და აისუნის დამოკიდებულება დედის მიმართ გაურკვეველია, მათი საზღვარგარეთ ყოფნის გამო.
ვინაიდან თამამ ხიიალოვა რამდენიმე წელია, რაც არ იღებს მონაწილეობას შვილებზე ზრუნვაში, არ მოუკითხავს მათ და არ/ვერ ასრულებს მშობლის მოვალეობებს, ხოლო მამა არასტუნ კარაევი მარტო ზრუნავს არასრუწლოვან შვილებზე, რომელსაც სურს მათი წაყვანა საზღვარგარეთ (რუსეთში), რათა ჰქონდეს შესაძლებლობა მეტი დრო გაატაროს მათთან, მაგრამ ვერ იღებს მათთვის საქართველოს მოქალაქის პასპორტებს მეორე მშობლის თანხმობის გარეშე, მიზანშეწონილია: მოპასუხე თამამ ხიიალოვას შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება შვილის - ფახრად კარაევის მიმართ; რეკომენდირებულია: არასრუწლოვან აისუნ კარაევას პოზიცია დადგინდეს მისი სასამართლოზე გამოკითხვის საშუალებით, რადგან სოციალური მუშაკი მას ვერ შეხვდა. რადგან არასრულწლოვანი გუნაი კარაევა ამ დროისთვის არის 16 წლის ასაკის და მისი საქართველოს მოქალაქის პასპორტის მისაღებად, საკმარისია მხოლოდ ერთი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა, რისი განხორციელებაც შეუძლია მამას - არასტუნ კარაევს, დედისთვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლბამოსილების შეზღუდვის აუცილებლობა არ არსებობს (იხილეთ დასკვნა ს.ფ. 36-37).
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლის - ლაშა პარასტაშვილის განმარტებით, არასრულწლოვანი ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია, მშობლის უფლებების განხორცილება მოხდეს იმგვარად, რომ ამით არ მიადგეს ზიანი მათ. შესაბამისად, სოციალური სამსახური ეთანხმება ბავშვების მიერ საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღების ნაწილში მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე - არასტუნ კარაევს და მოპასუხე - თამამ ხიიალოვას ჰყავთ არასრუწლოვანი შვილები: 17.03.2007 წელს დაბადებული ფახრად კარაევი, 28.12.2005 წელს დაბადებული აისუნ კარაევა და 21.02.2003 წელს დაბადებული გუნაი კარაევა. გუნაი კარაევას 16 წელი შეუსრულდა 21.02.2019 წელს.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- დაბადების მოწმობები (ს.ფ. 18-20).
3.1.2. მოსარჩელე - არასტუნ კარაევი და მოპასუხე - თამამ ხიიალოვა არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2002 წლიდან 2012 წლამდე. ერთად ცხოვრების პერიოდში, მათ შეეძინათ 3 შვილი: გუნაი კარაევა, აისუნ კარაევა და ფახრად კარაევი. 2012 წელს, მორიგი უსიამოვნების შემდეგ, მოპასუხე წავიდა სახლიდან, ამ დროს ფახრად კარაევი იყო 5 წლის ასაკის და მას შემდეგ, დედას შვილებისთვის არ მოუკითხავს. მოსარჩელე ხშირად დადის საზღვარგარეთ სამუშაოდ, ამ დროს ბავშვები რჩებიან არასტუნ კარაევის მოხუც დედასთან. როგორც მოსარჩელეს სურს, რომ სკოლის და საბავშვო ბაღის არდადეგების დროს, წაიყვანოს ბავშვები დასასვენებლად საქართველოს ფარგლებს გარეთ, აღნიშნული ასევე სურთ არასრულწლოვან ბავშვებს. მოპასუხემ უარი განუცხადა მოსარჩელეს, პასპორტის აღებისთვის თანხმობის გაცემაზე.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- სოციალური მუშაკის დასკვნა #3100 (ს.ფ. 36-37);
- არასრულწლოვან აისუნ კარაევას ზეპირი განმარტება სასამართლო სხდომაზე (ს.ფ. 65-78).
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
მხარეებს საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები სადაოდ არ გაუხდიათ. მოპასუხემ შესაგებელი არ წარმოადგინა და არც სხდომაზე გამოცხადდა.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. სასამართლო მიიჩნევს, რომ არასრულწლოვანი ბავშვების უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით, არსებობს საფუძველი იმისა, რომ მოპასუხე, ბავშვების დედას შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, არასრულწლოვანი შვილების: ფახრად კარაევისთვის და აისუნ კარაევასთვის საქართველოს პასპორტის აღებასთან დაკავშირებით თანხმობის გაცემის ნაწილში.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1200-ე, 1205-ე მუხლები;
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვის უფლებათა კონვენცია;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის 20 ნოემბრის ,,ბავშვის უფლებათა კონვენცია” (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) მოიცავს ბავშვის უფლებების დამცავ ნორმებს და ერთმნიშვნელოვნად ადგენს ბავშვის ინტერესების დაცვის პრიორიტეტს. აღნიშნული კონვენციის პრეამბულით აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითრებისათვის, აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი – სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
,,ბავშვის უფლებათა კონვენციის” მე-8 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას იღებენ პატივი სცენ ბავშვის უფლებას, შეინარჩუნოს თავისი ინდივიდუალობა, მოქალაქეობის, სახელისა და ოჯახური კავშირების ჩათვლით, როგორც ეს გათვალისწინებულია კანონით და არ დაუშვან ამაში კანონსაწინააღმდეგო ჩარევა. ამავე კონვენციის მე-18 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს, ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს, ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის შესაბამისად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. ამავე კოდექსის 1198-ე მუხლის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან, განსაზღვრონ თავიანთ შვილებთან მესამე პირთა ურთიერთობის უფლება. მშობლები არასრულწლოვანი შვილების კანონიერი წარმომადგენლები არიან და განსაკუთრებულ რწმუნებულებათა გარეშე გამოდიან მათი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად მესამე პირებთან ურთიერთობაში, მათ შორის, სასამართლოში. აღნიშნული მუხლით განსაზღვრული არ არის მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ფარგლები, თუმცა წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მოიცავს ბავშვის სახელით ან მასთან დაკავშირებული სხვადასხვა იურიდიული მნიშვნელობის მქონე მოქმედებების შესრულებას. მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მოიცავს როგორც ქონებრივი, ისე არაქონებრივი უფლებამოსილებების ერთობლიობას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1205-ე მუხლის თანახმად, მშობლის უფლებები და მოვალეობები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. სასამართლოს შეუძლია შეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება და მოვალეობა მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისაგან დამოუკიდებლად. რამდენადაც ეს შესაძლებელია, მშობელს უნარჩუნდება ბავშვის რჩენის ვალდებულება, როცა მშობლის უფლება შეზღუდულია, ამ კოდექსით გათვალისწინებული საალიმენტო მოვალეობების შესაბამისად.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოში წარმოდგენილი სარჩელით, ბავშვების მამა - არასტუნ კარაევი ითხოვს ბავშვების დედას - თამამ ხიიალოვას შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება შვილების მიმართ, რათა მათ შეძლონ საქართველოს ფარგლებს გარეთ, მამასთან ერთად გასვლა. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე არასრულწლოვანი შვილების მიმართ არ იჩენს არანაირ მზრუნველობას 2012 წლიდან, მას მიტოვებული ჰყავს ისინი ქმრის ოჯახში; ხოლო მოსარჩელე ხშირად დადის სხვადასხვა ქვეყნებში სამუშაოდ და სურს სასკოლო და საბავშვო ბაღის არდადეგების დროს, თან წაიყვანოს მისი შვილები, თუმცა მათ ეზღუდებათ აღნიშნული უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა, რადგან არ ორივე მშობლის თანხმობა, აიღონ საქართველოს მოქალაქის პასპორტი (საზღვარგარეთის).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1205-ე მუხლი ითვალისწინებს რა მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, არ განსაზღვრავს ფაქტობრივ საფუძვლებს, რომელთა არსებობის პირობებშიც შესაძლებელია მშობლის უფლების შეზღუდვა. სასამართლო მიიჩნევს, რომ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით არსებული დავის გადაწყვეტისას, სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს არასრულწლოვანი შვილების მიმართ მშობლების უფლებების და ვალდებულებების განმსაზღვრელი ზოგადი პრინციპების საფუძველზე, რაც დადგენილია სამოქალაქო კოდექსის 1198-1199 მუხლებით, რომელთა თანახმად, მშობლებს აქვთ უფლებამოსილება და ვალდებულება, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით; მშობლის უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგენს ბავშვის ინტერესებს.
არასრულწლოვანს თავისი ასაკიდან გამომდინარე, არ შესწევს უნარი, კანონიერი წარმომადგენლისაგან დამოუკიდებლად მიიღოს მონაწილეობა სამოქალაქო- სამართლებრივ ურთიერთობებში ან/და ნებისმიერ სხვა სფეროში. მესამე პირებთან ურთიერთობაში ბავშებს წარმოადგენენ მშობლები, რომლებიც შვილების სახელით გამოხატავენ ნებას, ამა თუ იმ იურიდიული მოქმედებაზე, წყვეტენ ბავშვის აღზრდის დროს წამოჭრილ საკითხებს. წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების დროს, მშობელი შებოჭილია ვალდებულებით, დაიცვას თავისი არასრულწლოვანი შვილის უფლებები და ინტერესები.
სასამართლოში წარმოდგენილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 30.07.2019 წლის #3100 დასკვნის თანახმად, თამამ ხიიალოვა რამდენიმე წელია, რაც არ იღებს მონაწილეობას შვილებზე ზრუნვაში, არ მოუკითხავს მათ და არ/ვერ ასრულებს მშობლის მოვალეობებს, ხოლო მამა არასტუნ კარაევი მარტო ზრუნავს არასრუწლოვან შვილებზე, რომელსაც სურს მათი წაყვანა საზღვარგარეთ (რუსეთში), რათა ჰქონდეს შესაძლებლობა მეტი დრო გაატაროს მათთან, მაგრამ ვერ იღებს მათთვის საქართველოს მოქალაქის პასპორტებს მეორე მშობლის თანხმობის გარეშე, შესაბამისად მიზანშეწონილია: მოპასუხე თამამ ხიიალოვას შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება შვილის - ფახრად კარაევის მიმართ; რეკომენდირებულია: არასრუწლოვან აისუნ კარაევას პოზიცია დადგინდეს მისი სასამართლოზე გამოკითხვის საშუალებით, რადგან სოციალური მუშაკი მას ვერ შეხვდა.
საქმის ზეპირი განხილვისას, გამოიკითხა არასრულწლოვანი აისუნ კარაევა, რომელმაც დააფიქსირა სურვილი იმისა, რომ მის ძმასთან, დასთან და მამასთან ერთად გაემგზავროს ხოლმე საქართველოს ფარგლებს გარეთ, სასკოლო არდადეგების დროს.
საქმის ზეპირ განხილვაზე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა - ლაშა პარასტაშვილმა მხარი დაუჭირა ზემოაღნიშნულ დასკვნას და დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას.
სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა, რომ ბავშვებზე მზრუნველობას ახორციელებს მამა - არასტუნ კარაევი, ხოლო დედა - თამამ ხიიალოვა 2012 წლიდან არ ზრუნავს შვილებზე, არ ნახულობს მათ და არ აძლევს ნებართვას, აიღონ საქართველოს მოქალაქის პასპორტი.
აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო იზიარებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის მოსაზრებას, ბავშვის პასპორტის აღების ნაწილში მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის თაობაზე, ვინაიდან არასრულწლოვანი ბავშვების უფლებებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე, არ უნდა დაირღვეს ბავშვების არჩევანის უფლება იმოგზაურონ მამასთან ერთად საქართველოს საზღვრებს გარეთ.
გამომდინარე აღნიშნულიდან, მოსარჩელე არასტუნ კარაევის სარჩელი, მოპასუხე თამამ ხიიალოვას მიმართ, მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის შესახებ, უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე მხარემ სასამართლო სხდომაზე (საპაექრო სიტყვაში) უარი განაცხადა მოპასუხისთვის ბაჟის ანაზღაურების დაკისრებაზე, მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი ბაჟი 50 ლარის ოდენობით, უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, მე-14, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. არასტუნ კარაევის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხე - თამამ ხიიალოვას შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება - არასრულწლოვანი შვილების: ა) ფახრად კარაევის (დაბადებული 17.03.2007 წელს, პ/ნ 12001097872); ბ) აისუნ კარაევას (დაბადებული 28.12.2005 წელს, პ/ნ 12001092694) მიმართ საქართველოს პასპორტის აღებასთან დაკავშირებით თანხმობის გაცემის ნაწილში, სხვა უფლებების შეუზღუდავად;
3. მოსარჩელე - არასტუნ კარაევის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი #7ა), გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გარდაბნის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირინე ტყეშელაშვილი