განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/1194-19
(№0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
19 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე - იზა კელენჯერიძე
სხდომის მდივანი - თეა ვარდოშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - დ------–----–---–-
დაცვის მხარე:
ბრალდებული - დ----------------------------- დაბადებული - 1----–-–------------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი №3----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ს------------------------------–-------–- (დაუსწრებლად).
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი.
დისპოზიცია: სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, როდესაც აღნიშნული ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ გამგებლობაში, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, ჩადენილი დიდი ოდენობით.
ადვოკატი - ო-–-----------
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
დ---------------ი შპს „კ------------------ში“ მუშაობდა 2----–-–------------დან, სავაჭრო აგენტის თანამდებობაზე. მისი შრომის ანაზღაურება ყოველთვიურად განისაზღვრებოდა კომპანიის შესაბამისი შიდასამართლებრივი აქტებით. 2----–-–----------------------- შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, დ---------------ი დაინიშნა სავაჭრო აგენტის- VIP პრისეილერის თანამდებობაზე. ხელშეკრულების მეორე პუნქტის მიხედვით, დ---------------ს უნდა მოეხდინა კომპანიის კუთვნილი პროდუქციის რეალიზაცია „დამსაქმებლის“ მიერ წინასწარ განსაზღვრულ სარეალიზაციო ქსელში, ხოლო ს------–--------–----–---- მიღებული თანხა ყოველი დღის ბოლოს უნდა შეეტანა დამსაქმებლის საბანკო ანგარიშზე ან სალაროში, რაც არ გაუკეთებია. საბუღალტრო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გაყიდვების აგენტ დ---------------ის (პ/ნ 3-----------) მიერ, შპს „კ------------------ს“ კუთვნილი პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული თანხის საზოგადოებაში შეუტანლობით მიყენებულმა ზარალმა შეადგინა 49695.18 ლარი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, როდესაც აღნიშნული იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ გამგებლობაში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით
2.1. შპს „კ------------------ს“ ფინანსური მენეჯერის - გ------------ის ჩვენებით დგინდება, რომ დ---------------ი 2----–-–-დან მუშაობდა კომპანიაში, სავაჭრო აგენტის პოზიციაზე. ბრალდებულს ჰყავდა ავტომანქანა, ჰქონდა სალარო აპარატი და ახორციელებდა შპს-ს კუთვნილი საქონლის რეალიზაციას სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში. 2----–-–-----, დ---------------ი დაწინაურდა და ელექტრონული ხელსაწყო ე.წ. „პოკეტით“ ახდენდა პროდუქციის რეალიზაციას. ბრალდებული შეკვეთებს ელექტრონულად იღებდა, პროდუქციის გაყიდვის შემდეგ იღებდა შესაბამის თანხებს და დღის ბოლოს შეჰქონდა სალაროში. დ---------------ს წვდომა ჰქონდა კომპანიის კუთვნილ თანხებზე. ბრალდებული პასუხისმგებელი იყო პროდუქციის რეალიზაციაზე და თანხების ამოღებაზე. გ------------ემ დანაკლისის შესახებ პირველად 2----–-–--------- თვეში შეიტყო მოლარე ოპერატორისგან. აღმოჩნდა, რომ დ---------------ს სალაროში თანხა არ ჰქონდა შეტანილი. მოწმემ მაშინვე დაურეკა ბრალდებულს, რომელმაც დაუდასტურა, რომ თანხა ნამდვილად არ ჰქონდა შეტანილი სალაროში, ხოლო მიზეზად დაასახელა ის გარემოება, რომ თითქოს ფული დარჩა დასავლეთ საქართველოში, რომელსაც გამოუგზავნიდნენ და დანაკლისს დღის განმავლობაში შეიტანდა. დათქმულ დროს დ---------------ი ოფისში არ გამოცხადდა. ბრალდებულმა მოგვიანებით აღიარა კომპანიის კუთვნილი თანხის მითვისების ფაქტი. აღნიშნულის შემდეგ შემოწმდა ობიექტები, რომლებზეც დ---------------ი ახდენდა პროდუქციის რეალიზაციას. აღმოჩნდა, რომ დანაკლისი 49 695 ლარს შეადგენდა. დ---------------მა აღიარა, რომ შპს „კ------------------ს“ კუთვნილი თანხა მიითვისა და საკუთარ სადისტრიბუციო კომპანიაში დააბანდა. ბრალდებული შეხვდა „კ------------------ს“ დირექტორს, შეუთანხმდა მას დავალიანების ეტაპობრივად დაფარვაზე, თუმცა იმ დღის შემდეგ დ---------------ი კომპანიის ოფისში არ გამოჩენილა. მოწმისთვის ცნობილია, რომ ბრალდებულმა დატოვა საქართველო და იმყოფება პოლონეთში. დ---------------ი გატაცებული იყო აზარტული თამაშებით და მითვისებული თანხები წააგო. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ დ---------------ი დიდი ოდენობით პროდუქციის რეალიზაციას ახდენდა. დანაკლისის შემოწმებას გ------------ე ბრალდებულთან ერთად ახორციელებდა.
2.2. დაზარალებული კომპანიის დირექტორის - გ-----------------ის განმარტებით, დ---------------ი შპს „კ------------------ში“ სავაჭრო აგენტის პოზიციაზე მუშაობდა. მისი მოვალეობა იყო შეკვეთის მიღება, საქონლის რეალიზაცია და თანხის ამოღება. დ---------------ს კომპანიის თანხებზე წვდომა გააჩნდა, თუმცა აღნიშნული თანხები მის საკუთრებას არ წარმოადგენდა. დ---------------ი ვალდებული იყო პროდუქციის რეალიზაციიდან აღებული თანხა ყოველდღიურად შეეტანა კომპანიის სალაროში. „ქსელში დასატოვებელი“ თანხა დაახლოებით 30 000 – 35 000 ლარს შეადგენდა, რომლის ფარგლებშიც სავაჭრო აგენტს შეეძლო პროდუქცია დაეტოვებინა კლიენტთან. დ---------------ის ხელფასი თვეში საშუალოდ 2000 ლარს შეადგენდა. თანხის დანაკლისის აღმოჩენამდე რამდენიმე თვით ადრე, თვიური ლიმიტი საგრძნობლად გაიზარდა და 50 000 ლარს მიაღწია. დ---------------მა კომპანიის სალაროში თანხა არ შეიტანა, რამაც ფინანსური მენეჯერი დააეჭვა. გ------------ე ესაუბრა დ---------------ს. ბრალდებული დაპირდა, რომ თანხას მეორე დღეს შეიტანდა კომპანიის სალაროში, თუმცა აღნიშნული არ შეუსრულებია. აღნიშნულის შემდეგ, ფინანსურმა მენეჯერმა მთლიან სავაჭრო ქსელში გადაამოწმა ბრალდებულის საქმიანობა და დაფიქსირდა დავალიანება. მეორე დღეს იგი პირადად შეხვდა დ---------------ს და გაესაუბრა. ბრალდებულმა თავიდანვე აღიარა თანხის მითვისების ფაქტი და დაპირდა, რომ დავალიანებას ეტაპობრივად დაფარავდა. შეთანხმდნენ დაფარვის გრაფიკზე, თუმცა ამის შემდეგ ბრალდებულთან კონტაქტი შეუძლებელი გახდა. დ---------------ი კომპანიაში არ გამოჩნდა და მობილურ ტელეფონს არ პასუხობდა. მოწმემ მოგვიანებით პოლიციისგან შეიტყო, რომ ბრალდებულმა დატოვა საქართველო. კომპანიისთვის მიყენებული ზარალი დაახლოებით 49 800 ლარს შეადგენს, რომლის ანაზღაურებასაც მოითხოვს.
2.3. შპს „კ------------------ს“ ბუღალტრის - თ-----------–--ის ჩვენების თანახმად, დ---------------ი კომპანიაში მუშაობდა საქონლის რეალიზაციის კუთხით. საქმიანობის დაწყებამდე მასზე გაფორმდა სალარო აპარატი, რომელსაც იყენებდა პროდუქციის რეალიზაციისას. დღის ბოლოს ბეჭდავდა შემაჯამებელ ქვითარს. ე.წ. „ზეტს“ და პროდუქციის რეალიზაციიდან ამოღებული თანხა შეჰქონდა სალაროში. 2----–-–--------- თვეში, თ-----------–--ემ აღმოაჩინა დღის დანაკლისი, რომელიც შეადგენდა დაახლოებით 8305 ლარს, რის შესახებაც აცნობა ფინანსურ დირექტორს - გ------------ეს. გაჩნდა ეჭვი დ---------------ის საქმიანობის კანონიერების შესახებ და იგი გადამოწმდა მთლიან სავაჭრო ქსელში. კომპანიისთვის მიყენებული ზარალი პირადად მოწმეს არ დაუანგარიშებია. დ---------------თან სხვა შეხება არ ჰქონია.
2.4. მოწმე გ------------------ამ დაადასტურა, რომ იგი წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში თანამშრომლობდა დ---------------თან. სიტყვიერი შეთანხმების თანახმად, ბრალდებულს თითქმის ყოველ დღე მიჰქონდა მასთან „კ------------------ს“ პროდუქცია. დ---------------ი აძლევდა ჩეკს და რეალიზებული პროდუქციის თანხის ასაღებად საღამოს საათებში აკითხავდა. ჩეკის გარეშე დ---------------ისთვის თანხა არ გამოურთმევია. შპს „კ------------------სთან“ რაიმე სახის დავალიანება არ გააჩნია.
2.5. მოწმე გ---------------–-ა განმარტა, რომ დ---------------ი გაიცნო შპს „კ------------------ში“. თავიდან დამხმარედ მუშაობდა და დ---------------ს ეხმარებოდა პროდუქციის რეალიზაციაში. ბრალდებული შეკვეთას იღებდა, მეორე დღეს საწყობიდან გაჰქონდა პროდუქცია და სხვადასხვა ობიექტებში აბარებდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია კომპანიის ოფისში ავტომატურად მიდიოდა; რეალიზებული პროდუქციის თანხას დ---------------ი იღებდა. თანხის აღებასთან გ---------------–ს შეხება არ ჰქონია.
2.6. ს----------–----–----------------------------------------–-----------------------------------–-–---------------–----------- ფინანსური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გაყიდვების აგენტ დ---------------ის (პ/ნ 3----------) მიერ, შპს „კ------------------ს“ კუთვნილი პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული თანხის საზოგადოებაში შეუტანლობით მიყენებული ზიანი შეადგენს 49695.18 ლარს.
2.7. ექსპერტმა - მ-------------მ, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული ფინანსური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ მის მიერ გაცემული დასკვნა კატეგორიულია და ეყრდნობა გამოძიების მიერ ექსპერტიზისთვის წარდგენილ დოკუმენტაციას.
2.8. სისხლის სამართლის საქმეში ასევე წარმოდგენილია სასაქონლო ზედნადებები, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, სალაროს ქვითრები, რომლებიც შეიცავენ ინფორმაციას დ---------------ის მიერ შპს „კ------------------ს“ კუთვნილი პროდუქციის რეალიზაციის შესახებ.
2.9. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია დ---------------ის შრომითი ხელშეკრულებები, დადებული შპს „კ------------------სთან,“ რომელშიც აღწერილია ბრალდებულის საქმიანობის საგანი და შესასრულებელი სამუშაოს დახასიათება, სადაც მითითებულია, რომ დაქირავებული დამქირავებლის დავალებით ახორციელებს სარეალიზაციო საქონლის სავაჭრო ქსელში დისტრიბუციას, ნავაჭრი საქონლის შემოსული თანხების აკრეფასა და საწარმოს ფინანსურ-ბუღალტრული განყოფილებისთვის ან კომპანიის საბანკო ანგარიშზე მიწოდებას.
2.10. სისხლის სამართლის საქმეზე ასევე მოწმის სახით დაიკითხა თ---–---------–-–-------------------------------------------------------------–------------------------------–-----------------------------–- ნ-----–------------ე, რომელმაც დაადასტურა საგამოძიებო მოქმედებებში მისი მონაწილეობის ფაქტი. ხსენებული პირი სასამართლოს აწვდის ინფორმაციას მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების კანონშესაბამისად ჩატარების თაობაზე; ის სასამართლოს არ აწვდის ინფორმაციას უშუალოდ დანაშაულის ფაქტთან მიმართებაში, შესაბამისად, სასამართლო მის ჩვენებას დეტალურად არ განიხილავს, ვინაიდან აღნიშნული ფაქტები საქმის არსებითი განხილვისას მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
2.11. სწორედ აღნიშნულ ფაქტორთა მხედველობაში მიღებით, სასამართლომ, საქმეში არსებული მტკიცებულებები შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ დ---------------მა ჩაიდინა ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რის გამოც მან პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე.
3. სამართლებრივი შეფასება
3.1. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას, სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
3.3. სასამართლომ ასევე საქმეში - Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli a№d others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], №o. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, №o. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).ქ
3.4. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
3.5. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spai№, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
3.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის პირველ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
3.7. სასამართლომ ზემოხსენებული შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით იქნა დადასტურებული დ---------------ის მიერ მართლზომიერ გამგებლობაში არსებული, სხვისი დიდი ოდენობით ნივთის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მართლსაწინააღმდეგო მითვისების ჩადენა, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა დ---------------მა, იყო რა იგი შპს „კ------------------ს“ VIP პრისეილერი, გაასხვისა სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე ხსენებული კომპანიის პროდუქცია და მიღებული თანხები მიითვისა.
3.8. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, თუ ეს ნივთი იმყოფება მიმთვისებლის მართლზომიერ გამგებლობაში. განსახილველი დანაშაულის ობიექტია საკუთრება. ობიექტური მხარე გამოიხატება სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისებაში. მოცემულ შემთხვევაში, დ---------------ი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა შპს „კ------------------ს“ კუთვნილ ფულად თანხას - 49 695.18 ლარის ოდენობით. იმისათვის, რომ ქმედებას მიეცეს მითვისების კვალიფიკაცია, გარდა ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტის არსებობისა, სავალდებულო კომპონენტია პირის მიერ ამ ნივთის მართლზომიერი ფლობა; განსახილველ შემთხვევაში, დ---------------ი იყო რა შპს „კ------------------ს“ VIP პრისეილერი, მის უფლებამოსილებაში შედიოდა კომპანიის კუთვნილი პროდუქციის რეალიზაცია, კლიენტისაგან შეძენილი პროდუქტის ღირებულების მიღება და აღნიშნული ფულადი თანხის კომპანიის ბუღალტერიაში ყოველდღიურად წარდგენა, ან შესაბამის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვა. ბრალდებულმა გამოიყენა თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა, არ წარადგინა კომპანიის ბუღალტერიაში მის მიერ კლიენტისაგან მიღებული ფულადი თანხები და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მათ. განსახილველი დანაშაული შესაძლოა ჩადენილ იქნეს მხოლოდ განზრახ. მოცემულ შემთხვევაში, დ---------------ის განზრახვაზე - მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდა შპს „კ------------------ს“ კუთვნილ ფულად თანხებს, მეტყველებს ის ფაქტიც, რომ მან კომპანიის ხელმძღვანელებთან საუბრისას აღიარა თანხის მითვისების ფაქტი და შეუთანხმდა დირექტორს ეტაპობრივად დავალიანების გადახდაზე. ასევე მის მართლსაწინააღმდეგო განზრახვაზე მეტყველებს პოსტდანაშაულებრივი ქცევა, რომ არა შპს-ს ბუღალტრისა და ხელმძღვანელი პირების მიერ მისი საქმიანობით დაინტერესება, ბრალდებულის მიერ შესაძლოა გაგრძელებულიყო თანხების მითვისება, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული გრძელდებოდა არაერთი თვის განმავლობაში. ამასთან, ბრალდებულმა ნაცვლად იმისა, რომ აენაზღაურებინა დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი, დატოვა საქართველოს ტერიტორია და თავი აარიდა მართლმსაჯულებას.
3.9. მითვისება დიდი ოდენობით: ჩადენილი ქმედების ამ ნიშნით კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება დაუფლებული და მისაკუთრებული, თუ საამისოდ გამიზნული ნივთის ღირებულებას. გამოკვლეული მტკიცებულებებით ერთმნიშვნელოვნად დადგინდა, რომ დ---------------ის მიერ დაზარალებულებისათვის მიყენებული ზარალი შეადგენს 49 695.18 ლარს, რაც ბევრად აღემატება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველ ნაწილში მითითებულ დიდი ოდენობისათვის დადგენილ მინიმალურ ზღვარს - 10 000 ლარს.
3.10. მითვისება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით: ჩადენილი ქმედების ამ ნიშნით კვალიფიკაციისათვის დადგენილი უნდა იქნეს ის გარემოება, რომ პირმა დანაშაულებრივი ქმედება განახორციელა სწორედ თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ დ---------------ს სამსახურებრივად მართლზომიერ გამგებლობაში ჰქონდა შპს „კ------------------ს“ პროდუქცია და ევალებოდა აღნიშნული პროდუქციის გასხვისებით მიღებული თანხა წარედგინა შპს-ს ბუღალტერიაში ან შეეტანა კომპანიის საბანკო ანგარიშზე, თუმცა არ განახორციელა რა აღნიშნული, სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებით მიღებული ფულადი თანხა მიითვისა.
3.11. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.
3.12. ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულ დ---------------ის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ჩადენას. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც გამოკვლეულ იქნა სასამართლო სხდომაზე, არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედების არცერთ ნიშანთან დაკავშირებით; ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება; შესაბამისად, დ---------------ი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
დ---------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
5.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
5.3. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
5.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით შვიდიდან თერთმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს პირის ინდივიდუალურ მახასიათებლებს, ასევე ერთიანობაში აფასებს სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და წარმოდგენილ მტკიცებულებებს, მხედველობაში იღებს დაზარალებულისათვის მიყენებულ ზიანს, ასევე იმ ფაქტს, რომ დ---------------ს არ გააჩნია პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი რაიმე გარემოება და მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის მიმართ მინიმალური სასჯელის გამოყენების შემთხვევაში ვერ იქნება მიღწეული სასჯელის კანონისმიერი მიზნები.
5.5. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ყურადღებას მიაქცევს კანონისმიერ მოთხოვნას და ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, ინდივიდუალურ მახასიათებლებს. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას განიხილავს დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ხასიათს, ხერხსა და სპეციფიკას, კერძოდ, ბრალდებულის მხრიდან ერთიანი განზრახვითა და საერთო მიზნით განხორცილებული იქნა არაერთი ქმედება. ამასთან, საგულისხმოა, რომ დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი, რაც მსჯავრდებულის დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად მიიღო დაზარალებულმა კომპანიამ, არ არის ანაზღაურებული. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ დ---------------ს უნდა შეეფარდოს ზომიერად მკაცრი სასჯელი, საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში თავისუფლების აღკვეთის სახით, ასევე საქმიანობის უფლების ჩამორთმევის სახით.
5.6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ დ---------------ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით; მასვე, იმის გათვალისწინებით, რომ დანაშაულებრივი ქმედება ჩადენილი აქვს სწორედ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად 2 (ორი) წლის ვადით უნდა ჩამოერთვას სამეწარმეო ორგანიზაციებში მატერიალურად პასუხისმგებელ პირად საქმიანობის უფლება.
6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:
- სისხლის სამართლის #0----------- საქმის ასლები (ინახება დიდუბე-ჩუღურეთის შს სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში) - შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ---------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილს „დ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად, 2 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვას სამეწარმეო ორგანიზაციებში მატერიალურად პასუხისმგებელ პირად საქმიანობის უფლება.
2. მსჯავრდებულ დ---------------ს სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან.
3. მსჯავრდებულ დ---------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
4. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- სისხლის სამართლის #0----------- საქმის ასლები (ინახება დიდუბე-ჩუღურეთის შს სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში) - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;
6. განაჩენი ბრალდების მხარის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით; განაჩენი დაცვის მხარის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით, მსჯავრდებულის დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, ან განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თუ მსჯავრდებული მოითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.
მოსამართლე იზა კელენჯერიძე