გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/2162-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
6 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ხაჟომია
სხდომის მდივანი გვანცა გერმანიშვილი
მოსარჩელე - ვ----–-- გ--–-----, გ------ პ------–---–ი, კ------- ქ---------
წარმომადგენელი - მ------ შ-------–---–ი
მოპასუხე - საქართველოს გენერალური პროკურატურა
წარმომადგენელი - ნ------- ჯ----–--ე
მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
წარმომადგენელი - მ------ კ-------–--ე
მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
დავის საგანი - მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. საქართველოს გენერალურ პროკურატურას ვ----–-- გ--–-----ს სასარგებლოდ დაეკისროს მატერიალური ზიანის ანაზღაურება 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით.
1.2. საქართველოს გენერალურ პროკურატურას გ------ პ------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს მატერიალური ზიანის ანაზღაურება 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარის ოდენობით.
1.3. საქართველოს გენერალურ პროკურატურას კ------- ქ---------ს სასარგებლოდ დაეკისროს მატერიალური ზიანის ანაზღაურება 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარის ოდენობით.
1.4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს გენერალურ პროკურატურას ვ----–-- გ--–-----ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მორალური ზიანის ანაზღაურება 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით.
1.5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს გენერალურ პროკურატურას გ------ პ------–---–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მორალური ზიანის ანაზღაურება 3 500 000 (სამი მილიონ ხუთასი ათასი) ლარის ოდენობით.
1.6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს გენერალურ პროკურატურას კ------- ქ---------ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მორალური ზიანის ანაზღაურება 3 500 000 (სამი მილიონ ხუთასი ათასი) ლარის ოდენობით.
(იხ. სასარჩელო განცხადება, ვ----–-- გ--–-----ს, გ------ პ------–---–ის და კ------- ქ---------ს წარმომადგენლის 2019 წლის 10 აპრილის განცხადება სარჩელზე დადგენილი ხარვეზის შევსების შესახებ (ს.ფ.95) და 2019 წლის 27 ივნისის სასამართლო სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერი, 12:31:06-12:33:02სთ).
2. მოპასუხის და მესამე პირის პოზიცია
2.1. მოპასუხე - საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
2.2. მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
2.3. მესამე პირს - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქმის განხილვაში მონაწილეობა არ მიუღია.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 24 აგვისტოს განაჩენით კ------- ქ--------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (2000 წლის 30 ივნისის რედაქცია) 315-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-18, 315-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 236-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საბოლოოდ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. კ------- ქ---------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან 2006 წლის 6 სექტემბრიდან. აღნიშნული განაჩენი უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 29 აპრილის განაჩენით.
მითითებული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კ------- ქ---------მ ჩაიდინა შეთქმულება სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად და ხელში ჩასაგდებად. მანვე ჩაიდინა ამბოხების მომზადება სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად და ხელში ჩასაგდებად. მანვე ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 25 მაისის განაჩენი №1/ა.გ.496-17 საქმეზე (ს.ფ. 24-50).
3.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 24 აგვისტოს განაჩენით ვ----–-- გ--–----- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით (2000 წლის 30 ივნისის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ვ----–-- გ--–-----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან 2006 წლის 6 სექტემბრიდან.
მითითებული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ----–-- გ--–-----მ ჩაიდინა შეთქმულება სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად და ხელში ჩასაგდებად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 25 მაისის განაჩენი №1/ა.გ.496-17 საქმეზე (ს.ფ.24-50).
3.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 24 აგვისტოს განაჩენით გ------ პ------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით (2000 წლის 30 ივნისის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. გ------ პ------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან 2006 წლის 6 სექტემბრიდან.
მითითებული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ------ პ------–---–მა ჩაიდინა შეთქმულება სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად და ხელში ჩასაგდებად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 25 მაისის განაჩენი №1/ა.გ.496-17 საქმეზე (ს.ფ. 24-50).
3.4. საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პროკურორმა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 24 აგვისტოს განაჩენის და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 29 აპრილის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 25 მაისის განაჩენით კ------- ქ--------- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (2000 წლის 30 ივნისის რედაქცია) 315-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-18, 315 ე მუხლის მეორე ნაწილით და 236-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ამავე განაჩენით გ------ პ------–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით (2000 წლის 30 ივნისის რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში.
აღნიშნული განაჩენით ვ----–-- გ--–----- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით (2000 წლის 30 ივნისის რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 25 მაისის განაჩენის თანახმად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ახალი გამოძიების შედეგად მოპოვებული და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება კ------- ქ---------ს, გ------ პ------–---–ს, ვ----–-- გ--–-----ს და სხვათა მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მათი უფლებების არსებითი დარღვევა, რაც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულების უდანაშაულობას და მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულების საქმეში არსებული მტკიცებულებები და ამ მტკიცებულებებით დადგენილი გარემოებები სრულ წინააღმდეგობაში მოდის ახალი გამოძიების პირობებში მოპოვებულ მტკიცებულებებთან, რაც ქმნის გონივრულ ეჭვს, რომ კ------- ქ---------ს, გ------ პ------–---–ს, ვ----–-- გ--–-----ს და სხვებს არ ჩაუდენიათ მათთვის შერაცხული დანაშაული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 25 მაისის განაჩენი №1/ა.გ.496-17 საქმეზე (ს.ფ.24-50).
3.5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2019 წლის 12 ივლისის №206980/01 წერილის თანახმად, გ------ პ------–---–ი გათავისუფლდა №6 დაწესებულებიდან კალენდარულად სასჯელის ვადის ამოწურვის შედეგად 04.03.2011 წელს. გ------ პ------–---–ი თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში იმყოფებოდა 06.09.2006 წლიდან 04.03.2011 წლამდე;
წერილის მიხედვით, ვ----–-- გ--–----- გათავისუფლდა №6 დაწესებულებიდან კალენდარულად სასჯელის ვადის ამოწურვის შედეგად 05.03.2010 წელს. ვ----–-- გ--–----- თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში იმყოფებოდა 06.09.2006 წლიდან 05.03.2010 წლამდე;
წერილის შესაბამისად, კ------- ქ--------- გათავისუფლდა №6 დაწესებულებიდან 14.11.2012 წელს პირობით ვადამდე 01 წლით 09 თვით და 22 დღით ადრე საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის №ო5/12/კ-121 გადაწყვეტილების საფუძველზე. კ------- ქ--------- თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში იმყოფებოდა 06.09.2006 წლიდან 14.11.2012 წლამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2019 წლის 12 ივლისის №206980/01 წერილი (ს.ფ.159).
3.6. „პოლიტიკური პატიმრები საქართველოში“ ადამიანის უფლებათა ცენტრის 2009 წლის ანგარიშში მოხსენიებულია სხვა ბრალდებულებთან ერთად კ--- ქ---------ს, გ------ პ------–---–ისა და ვ----–-- გ--–-----ს ბრალდების საქმე.
ანგარიშში დასკვნის სახით აღნიშნულია: „წინამდებარე ანგარიშში მოცემული ფაქტების მოკლე მიმოხილვა ადასტურებს, რომ საუბრები საქართველოში პოლიტიკური მოტივებით ადამიანების დევნისა და პოლიტპატიმრების არსებობის შესახებ არაა საფუძველს მოკლებული. უფრო მეტიც, მოცემული ანგარიში კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საქართველო განეკუთვნება იმ ქვეყანათა რიგს, რომელშიც პოლიტიკური პლურალიზმის დონე ძალზედ დაბალია და ადამიანები განიცდიან სხვადასხვა ხასიათის ზეწოლას სწორედ მათი პოლიტიკური მრწამსის და/ან პოლიტიკური საქმიანობის გამო. აღნიშნული არსებითად აფერხებს ქვეყანაში დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებასა და პლურალისტური, ბალანსირებული პოლიტიკური გარემოს შექმნას“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- „პოლიტიკური პატიმრები საქართველოში“ ადამიანის უფლებათა ცენტრის 2009 წლის ანგარიში (ს.ფ. 51-67).
3.7. სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად და ხელში ჩასაგდებად შეთქმულების ბრალდებით ვ----–-- გ--–-----ს, გ------ პ------–---–ისა და კ------- ქ---------ს დაკავების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა სხვადასხვა სატელევიზიო მაუწყებლობით, ასევე, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაიწერა სტატიები გაზეთებში. საქმეში წარმოდგენილია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის სატელევიზიო ბრიფინგის ვიდეოჩანაწერი, სადაც იგი განცხადებას აკეთებს შეთქმულების ბრალდებით 29 პირის დაკავების შესახებ. ბრიფინგისას მას არ გაუჟღერებია დაკავებულ პირთა საიდენტიფიკაციო მონაცემები. არც ერთი მოსარჩელის სახელი და გვარი არ ყოფილა მოხსენიებული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სტატიები (ს.ფ. 68-80);
- CD-დისკი (ს.ფ. 89).
3.8. 1987 წლის 23 დეკემბერს დაბადებული ნ---- გ--–----- და 1994 წლის 9 ივლისს დაბადებული გ------ი გ--–----- არიან ვ----–-- გ--–-----ს შვილები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ნ---- გ--–-----ს დაბადების მოწმობა (ს.ფ.81);
- გ------ი გ--–-----ს დაბადების მოწმობა (ს.ფ.82).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის მე-2 წინადადების თანახმად, უკანონოდ თავისუფლებაშეზღუდულ პირს აქვს კომპენსაციის მიღების უფლება.
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის (ძველი რედაქციით _ 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის) თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება, შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოითხოვოს და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სასამართლოს მოსაზრებით, მითითებული მუხლი წარმოადგენს ზოგადი ხასიათის ნორმას, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოს ვალდებულებას უკანონოდ დაკავებულ, დაპატიმრებულ ან მსჯავრდებულ პირს შეუქმნას იმის სამართლებრივი შესაძლებლობა, რომ საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს კომპენსაციის მოთხოვნისა და მიღების უფლების განხორციელების ეფექტური და რეალური სამართლებრივი მექანიზმი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილების (საქმე №2/3/423) განმარტების თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით „გათვალისწინებულია როგორც მატერიალური, ასევე, პროცესუალური ხასიათის კონსტიტუციური გარანტიები. 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც - ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს. ამ სახით ჩამოყალიბებული კონსტიტუციური ნორმა კანონმდებელს უტოვებს თავისუფალი მოქმედების ვიწრო არეალს, რაც, უპირატესად, კონსტიტუციური მოთხოვნების დაცვით პროცედურული საკითხების მოწესრიგებას მოიცავს“.
საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურების უფლება აღიარებული და გარანტირებულია, როგორც საქართველოს კონსტიტუციით, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-5 მუხლით.
„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველას აქვს თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება. არავის შეიძლება აღეკვეთოს თავისუფლება, გარდა შემდეგი შემთხვევებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად. ამავე ნორმის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ყველას, ვინც არის დაკავების ან დაპატიმრების მსხვერპლი ამ მუხლის დებულებათა დარღვევის გამო, აქვს კომპენსაციის მიღების უფლება.
სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.
ამავე კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილით, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის განმარტების (საქმე №ბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ.), თანახმად, „ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. ამასთან, აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.“
არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი, რომელიც ადგენს, რომ არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილით, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე სახელმწიფოსთან (მუნიციპალიტეტთან) ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს. ამავე ნორმის მე-3 ნაწილის თანახმად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების, ადმინისტრაციული პატიმრობის, დისციპლინური პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს სახელმწიფო, გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. განზრახვისას ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მითითებული ნორმის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია, სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლების მიმართ უნდა გავრცელდეს იგივე მოთხოვნები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განმარტებით (08.04.2009წ. საქმეზე №ბს-972-936(3კ-08), „არაქონებრივი უფლებები წარმოადგენს სამოქალაქო სამართლის იმ ობიექტს, რომელსაც გააჩნია მისთვის დამახასიათებელი თავისებურებები. არსებითი განსხვავება მდგომარეობს არაქონებრივი უფლების ხელყოფის შედეგად დამდგარი ზიანის შინაარსში. სამოქალაქო სამართლის აღნიშნული ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით მისი ხელყოფის შედეგად დამდგარ ზიანს ქონებრივი ეკვივალენტი არ გააჩნია. ამდენად, არაქონებრივი ზიანის მოთხოვნის წარმოშობისათვის საკმარისია, არსებობდეს არაქონებრივი უფლების ხელყოფის ფაქტი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა. მორალური ზიანის მოცულობას (რომელსაც არ გააჩნია მატერიალური გამოხატულება) განსაზღვრავს სასამართლო გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლში მითითება მორალური ზიანის გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების თაობაზე გულისხმობს ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის ხარისხის, დაზარალებულის განცდების სიღრმისა და ინდივიდუალური თავისებურების გათვალისწინებას. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს, მოპასუხეების მიერ მატერიალური ზიანის ანაზღაურების ფაქტს, ასევე დაზარალებულის სუბიექტურ დამოკიდებულებას მორალური ზიანის მიმართ და ობიექტურ გარემოებებს. ამ გარემოებათა შორისაა დაზარალებულის ცხოვრების პირობები (საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ.), ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები. მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. შეუძლებელია ფულადი ფორმით ჯანმრთელობის შეფასება, კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს“.
6.2. განსახილველ საქმეში ერთ-ერთ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს, მოპასუხეებს მოსარჩელეთა სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მორალური ზიანის ანაზღაურება.
დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 24 აგვისტოს განაჩენით კ------- ქ--------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (2000 წლის 30 ივნისის რედაქცია) 315-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-18, 315-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 236-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საბოლოოდ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ამავე განაჩენით ვ----–-- გ--–----- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით (2000 წლის 30 ივნისის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ვ----–-- გ--–-----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან 2006 წლის 6 სექტემბრიდან, ხოლო გ------ პ------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით (2000 წლის 30 ივნისის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ვ----–-- გ--–-----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან 2006 წლის 6 სექტემბრიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 25 მაისის განაჩენით კ------- ქ--------- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (2000 წლის 30 ივნისის რედაქცია) 315-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-18, 315-ე მუხლის მეორე ნაწილით და 236-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, გ------ პ------–---–ი და ვ----–-- გ--–----- ცნობილ იქნენ უდანაშაულოდ და გამართლდნენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით (2000 წლის 30 ივნისის რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლით განსაზღვრული ზიანის ანაზღაურებისთვის პირის მარეაბილიტირებელ გარემოებად უპირობოდ უნდა იქნას მიჩნეული პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, ვინაიდან ამგვარი აქტი ადასტურებს, რომ გამართლებულ პირს დანაშაული არ ჩაუდენია, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს მის უფლებებში აღდგენას - მის რეაბილიტაციას. რაც შეეხება აღნიშნული მუხლის მეორე კომპონენტს - ქმედების უკანონობას, ქმედების უკანონობა არ უნდა შეფასდეს მხოლოდ კონკრეტული საპროცესო თუ მატერიალური ნორმის დარღვევის დადგენით, გამართლებულს პირს უნდა მიეცეს უფლებების აღდგენის ეფექტური შესაძლებლობა. მართალია, სისხლისსამართლებრივი დევნა და ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იძულების ღონისძიებები ემსახურება სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზანს - საზოგადოების, მისი კონკრეტული წევრის უსაფრთხოების დაცვას, ამასთან, უფლებამოსილი ორგანო წინასწარ ვერ განსაზღვრავს კონკრეტული საქმის შედეგს, ვინაიდან მტკიცებულებათა შეფასება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისობის კუთხით წარმოადგენს სასამართლოს კომპეტენციას, თუმცა, პირს, რომლის მიმართაც დადგა გამამართლებელი განაჩენი, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მისი უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მარეაბილიტირებლი გარემოება და შესაბამისად, ქმედების უკანონობა.
ამრიგად, მოქმედი კანონმდებლობით არსებობს გამართლებული პირის უფლების დაცვის მექანიზმი და გამართლებულ პირს შეუძლია, აღიდგინოს დარღვეული უფლებები. კერძოდ, გამართლებულ პირს აქვს შესაძლებლობა, დარღვეული უფლება აღიდგინოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული რეაბილიტაციისა და სისხლის სამართლის პროცესის ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების გზით.
6.3. მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელე უფლებამოსილია, სარჩელში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მიყენებული სულიერი თუ ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ უნდა გადაწყდეს. მორალური ზიანი გულისხმობს ფიზიკურ და ზნეობრივ-ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რასაც პირი განიცდის ამა თუ იმ სიკეთის, უმეტესწილად არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფით და მის ანაზღაურებას აკისრია სამი ფუნქცია: დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლების ხელყოფა სხვა პირების მიერ. მორალური ზიანის შეფასებისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება ასეთი ზიანის სიმძიმის მიმართ, ასევე, ობიექტური გარემოებები, რითაც შეიძლება მისი ამ კუთხით შეფასება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დადგინდეს მორალური ზიანის არსებობა და მისი გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმები.
კანონი არ ადგენს მორალური ზიანის ასანაზღაურებელ ოდენობას, რამდენადაც მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტული შემთხვევა ინდივიდუალურია, განპირობებულია მრავალი სხვადასხვა ფაქტორით. ამასთან, მორალური ზიანის მოცულობა სასამართლოს მიერ ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად განისაზღვრება, როგორც დამდგარი ზიანის სიმძიმის, ისე ბრალის ხარისხის მიხედვით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ უკანონო პატიმრობით მოსარჩელეებს მიადგათ მორალური ზიანი, მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე, მაგრამ ეს მოთხოვნა მხოლოდ მოსარჩელის მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის ოდენობის გონივრულ ფარგლებში განსაზღვრა სასამართლოს მიერ უნდა გადაწყდეს. შელახული სიკეთის ხასიათიდან გამომდინარე და სულიერი ტანჯვის ხარისხის ზუსტად განსაზღვრის შეუძლებლობის გამო, უფრო მართებულია ზიანის კომპენსაცია, რამდენადაც ეს შესაძლებელია საერთოდ. მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრეს მიზანს არ წარმოადგენს ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრულად აღდგენა.
მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობის დადგენის მიზნებისთვის მოსარჩელეები მიუთითებენ იმ გარემოებაზე, რომ მათი დაკავების მომენტიდან ილახებოდა მათი პატივი და ღირსება, როგორც მოპასუხეთა მხრიდან, ასევე, პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ მათზე გაკეთებული განცხადებების საფუძველზე. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ხდებოდა მათი, როგორც დამნაშავის იდენტიფიცირება უმძიმესი დანაშაულის ჩადენისათვის 2018 წლამდე.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო მხედველობაში იღებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 25 მაისის განაჩენში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება კ------- ქ---------ს, გ------ პ------–---–ს, ვ----–-- გ--–-----ს და სხვათა მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მათი უფლებების არსებითი დარღვევა, რაც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულების უდანაშაულობას. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზეც, რომ მოსარჩელეებს ბრალად შეერაცხათ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში, როგორიცაა შეთქმულება, სახელმწიფოს ხელისუფლების დასამხობად და ხელში ჩაგდების მიზნით დანაშაულებრივი ქმედებების განხორციელება. ამასთან, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ მოსარჩელეების დაკავებისა და ბრალდების შესახებ ინფორმაციის გავრცელება ხდებოდა სატელევიზიო მაუწყებლობებისა და გაზეთების მეშვეობით. ერთ-ერთ სატელევიზიო სიუჟეტში მოხსენიებულია ვ----–-- გ--–-----ს, როგორც დაკავებულის სახელი და გვარი. მოსარჩელეთა საიდენტიფიკაციო მონაცემები მოხსენიებულია ასევე საგაზეთო სტატიებში. მოსარჩელეთათვის განსაკუთრებით დამამცირებელი იყო თავად ბრალდების შინაარსი, რაც მათ როგორც საკუთარი ოჯახის წევრების თუ ახლობლების, ისე მთლიანად საზოგადოების თვალში წარმოაჩენდა, როგორც შეთქმულებს სახელმწიფოს წინააღმდეგ. საგულისხმოა, რომ მოსარჩელეებმა სასჯელი მოიხადეს სასჯელაღსრულების #6 დაწესებულებაში, რომელიც, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 21 დეკემბრის #2343 ბრძანების თანახმად, მკაცრი რეჟიმის დაწესებულებას წარმოადგენს. სასჯელის მოხდის მკაცრი რეჟიმი კიდევ უფრო ამძიმებს პატიმრობაში ყოფნით გამოწვეულ განცდას. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს მოსარჩელეების პატიმრობაში ყოფნის ვადას და მათი დაკავებიდან მათ მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის დროის მონაკვეთს. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შეთხვევაში მოსარჩელეებისათვის მიყენებული მორალური ზიანი უნდა ანაზღაურდეს. თუმცა, სარჩელში მითითებული ოდენობა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. კერძოდ, საქართველოს გენერალურ პროკურატურას ვ----–-- გ--–-----ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება 27 000 (ოცდაშვიდი ათასი) ლარის ოდენობით, გ------ პ------–---–ის სასარგებლოდ - 35 000 (ოცდათხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო კ------- ქ---------ს სასარგებლოდ - 52 000 (ორმოცდათორმეტი ათასი) ლარის ოდენობით.
მოსარჩელეების განმარტებით, პატიმრობის პერიოდში არაერთხელ გახდნენ ფსიქოლოგიური და ფიზიკური ტერორის მსხვერპლი, რომელსაც მათზე ახორციელებდნენ როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, ასევე - ციხის ადმინისტრაცია, მათი და მათი მეგობრების მიერ არაერთი შიმშილობის აქციის შესახებ დაიწერა სახალხო დამცველის ანგარიშში.
სასამართლო გადაწყვეტილება ზიანის ანაზღაურების მოპასუხისთვის დაკისრების თაობაზე ვერ დაეფუძნება მოსარჩელის მიერ მითითებულ აღნიშნულ საფუძველს. სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ფაქტების დადასტურების შემთხვევაშიც კი, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით შეუძლებელია იმის დადასტურება, თუ რა კავშირი ჰქონდა საქართველოს გენერალურ პროკურატურას სასჯელაღსრულების სისტემას დაქვემდებარებულ დაწესებულებაში ყოფნისას მათთვის ფსიქოლოგიური და ფიზიკური ტერორის ფაქტებთან. ამდენად, სასამართლო დადასტურებულად ვერ ჩათვლის მიზეზობრივ კავშირს პროკურატურის თანამშრომელთა ქმედებებსა და მოსარჩელეთა მიერ დასახელებულ ზემოაღნიშნულ ფაქტებს შორის მიზეზობრივ კავშირს. მიზეზობრივი კავშირის დადგენის გარეშე კი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლებელია.
6.4. მოსარჩელეთა მოთხოვნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის სოლიდარულად მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს. სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო არ წარმოადგენს სუბიექტს, რომლის უშუალო ქმედების გამო მოსარჩელე იძულებული გახდა, აეტანა უკანონო პატიმრობიდან გამომდინარე უარყოფითი შედეგები. საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა კანონით დადგენილი წესით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მართლსაწინააღმდეგო ქმედებას. მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ზიანის დაკისრებისათვის აუცილებელი კომპონენტი, კერძოდ, მორალური ზიანი არ არის გამოწვეული საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით და შესაბამისად - არ არსებობს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დამდგარ ზიანსა და საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების მართლსაწინააღმდეგო ქმედებას შორის. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო არ წარმოადგენენ სუბიექტს, რომელსაც შეიძლება დაეკისროს მოსარჩელისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, პირს უფლება აქვს, სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ თუ პირის პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის ან პირადი ცხოვრების საიდუმლოების შემლახველი ცნობები გავრცელებულია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, მაშინ მათი უარყოფაც უნდა მოხდეს ამავე საშუალებებით. თუ ამგვარ მონაცემებს შეიცავს ორგანიზაციის მიერ გაცემული საბუთი, მაშინ ეს საბუთი უნდა შეიცვალოს და ამის შესახებ ეცნობოს დაინტერესებულ პირებს.
„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ცილისწამებასთან დაკავშირებით მოპასუხეს შეიძლება დაეკისროს სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნება სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ.
ამავე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილია, რომ თუ მოპასუხე კანონით დადგენილ ვადაში განახორციელებს შესწორებას ან უარყოფას, მაგრამ შესწორების ან უარყოფის გამოქვეყნება არ არის საკმარისი ცილისწამებით მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ჯეროვანი ანაზღაურებისათვის, მოპასუხეს შეიძლება დაეკისროს მოსარჩელისათვის მიყენებული ქონებრივი ან/და არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურება.
ამავე კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ცილისწამების თაობაზე სასამართლო დავის საგანი არ შეიძლება იყოს ისეთი განცხადება, რომელიც ეხება პირთა განუსაზღვრელ ჯგუფს ან/და რომელშიც მოსარჩელე არ არის ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიცირებული.
გამოხატვის თავისუფლება, როგორც საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხზე თავისუფალი და ღია დისკუსიების გამართვის საშუალება, იმავდროულად თავად წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს საჯარო ინტერესს. ეს დებულება განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს, როდესაც საქმე პრესის თავისუფლებას შეეხება და ეს ბუნებრივია, ვინაიდან აზრთა თავისუფალი ურთიერთგაცვლა და საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხებზე ღია საჯარო დებატები სწორედ პრესისა და მასმედიის სხვა საშუალებებით ხორციელდება. პრესის ფუნქციაა, გაავრცელოს ინფორმაცია და იდეები საზოგადოების საჭირბოროტო საკითხებზე. ამ ფუნქციის პრესის მიერ შეუსრულებლობა ტოლფასია საზოგადოებისათვის იმ უფლების წართმევისა, რომ მიიღოს ეს ინფორმაცია და იქონიოს მასზე თავისი შეხედულება, ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ პრესის საშუალებით ინფორმაციებისა თუ იდეების გავრცელების თავისუფლება, თავისი არსით, გაცილებით უფრო მეტადაა საჯარო ინტერესის საგანი, ვიდრე ცალკეული ინდივიდის უფლებების დაცვა. ამდენად, პრესის თავისუფლებას მაღალი ღირებულება გააჩნია და ამიტომაც არის, რომ მისი შეზღუდვა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით „უჩვეულოდ წონად გამართლებას მოითხოვს“.
რაც შეეხება მოსარჩელის მითითებას, რომ სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე გაჟღერდა სამაუწყებლო საშუალებებში მათი, როგორც დაკავებულების საიდენტიფიკაციო მონაცემები, სასამართლო აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეს გარემოება არ დასტურდება. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის სატელევიზიო ბრიფინგის ვიდეოჩანაწერში მინისტრი არ მოიხსენიებს დაკავებულებს საიდენტიფიკაციო მონაცემებით. იგი აჟღერებს საქმის ძირითად გარემოებებს და ინფორმაციას 29 პირის დაკავების თაობაზე, თუმცა, მათი სახელები და გვარები არ ყოფილა მოხსენიებული.
,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საიდენტიფიკაციო მონაცემების გაჟღერების გარეშე სავარაუდო დანაშაულის ჩადენისათვის პირთა დაკავების შესახებ ინფორმაციის გავრცელება ვერ ჩაითვლება უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევად და ეს ქმედება მოსარჩელეთათვის არ წარმოშობს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში დამკვიდრებული სტანდარტის თანახმად, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევად არ მიიჩნევა სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანოს წარმომადგენელთა მხრიდან დანაშაულის ჩადენის თაობაზე განცხადების გამოქვეყნება სავარაუდოდ დანაშაულის ჩამდენი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემების მოხსენიების გარეშე. კერძოდ, ერთ-ერთ საქმეში (იხ. 2014 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე „ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ“, განაცხადი #9043/05) სასამართლომ განმარტა, რომ: „უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუკი საჯარო ხელისუფების წარმომადგენელების განცხადება პირის დანაშაულში მონაწილეობასთან დაკავშირებით გამოხატავს აზრს ამ პირის დამნაშავეობაზე. აღნიშნული განცხადება სასამართლოს მიერ დანაშაულის დამტკიცებას წინ უნდა უძღვოდეს. აღნიშნულისათვის საკმარისია ვარაუდი, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ბრალდებულს დამნაშავედ მიიჩნევენ (ალენ დე რიბემონი საფრანდეთის წინააღმდეგ, § 35, Allenet de Ribemont v. France, 10 February 1995, Series A no. 308, და მინელი შვეიცარიის წინააღმდეგ, § 37, Minelli v. Switzerland, 25 March 1983, Series A no. 62). სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ხელისუფლების წარმომადგენელთა სიტყვების მნიშვნელობაზე (დაკტარასი ლიტვის წინააღმდეგ, § 41, Daktaras v. Lithuania, no.42095/98, ECHR 2000‑X). უდანაშაულობის პრეზუმფცია შეიძლება დაირღვეს არა მხოლოდ სასამართლოს და მოსამართლეთა მხრიდან, არამედ ასევე ხელისუფლების სხვა წარმომადგენელთა მხრიდან, მათ შორის პროკურატურის მხრიდან (კუზმინი რუსეთის წინააღმდეგ, §§ 51-63, Kuzmin v. Russia, no. 58939/00, 18 March 2010 დაკტარასი ლიტვის წინააღმდეგ, § 42; კონსტანსი საბერძნეთის წინააღმდეგ, § 32, Konstas v. Greece, no. 53466/07, 24 May 2011). არღვევს თუ არა ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადება უდანაშაულობის პრეზუმფციას, უნდა შეფასდეს იმ გარემოებების გათვალისწინებით, რაც განცხადების გაკეთებასთან იყო დაკავშირებული (დაკტარასი ლიტვის წინააღმდეგ, &43).“... სასამართლომ მითითებულ საქმეში ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ სადავო განცხადებაში არ იყო მითითებული პირის დამნაშავეობაზე. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ „აგრესიულმა მედია კამპანიამ შეიძლება, გავლენა მოახდინოს სამართლიან სასამართლო განხილვაზე. აღნიშნულს შეიძლება ადგილი ჰქონდეს როგორც სასამართლოს მიუკერძოებლობის, ასევე უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის თვალსაზრისით (შუვალოვი ესტონეთის წინააღმდეგ, § 82, Shuvalov v. Estonia, no. 39820/08 and 14942/09, 29 May 2012; ნინ-ჰანსერი დანიის წინააღმდეგ, Ninn-Hansen v.Denmark (dec.), no. 28972/95, ECHR 1999‑V; ანგუელოვი ბულგარეთის წინააღმდეგ Anguelov v.Bulgaria (dec.), no. 45963/99, 14 December 2004).“
ამგვარად, უდანაშაულობის პრეზუმფცია დარღვეულად ითვლება, თუკი შესაბამის სახელმწიფო ორგანოთა მხრიდან პირი მოხსენიებული იყო, როგორც დანაშაულის ჩამდენი, საიდენტიფიკაციო მონაცემების დაფარვის გარეშე, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. სატელევიზიო ბრიფინგში ყურადღება გამახვილებული იყო ფაქტების აღწერაზე, დაკავებული პირების ვინაობა არ ყოფილა მოხსენიებული.
რაც შეეხება სატელევიზიო თუ ბეჭდვითი მედიის მხრიდან მათთვის გადაცემული ინფორმაციის გაშუქებას, ამის გამო პასუხისმგებლობა ვერ დაეკისრება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. მედიასაშუალებების მიერ მომზადებული სატელევიზიო სიუჟეტისა თუ საგაზეთო სტატიების შინაარსის შედგენისას სამინისტროს მხრიდან რაიმე ზეგავლენის არსებობა საქმის განხილვის შედეგად არ დადასტურებულა.
6.5. სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს ასევე მატერიალური ზიანის ანაზღაურება. რომლის საფუძვლად, ვ----–-- გ--–----- მიუთითებდა, რომ დაკავების მომენტისათვის ზრდიდა 2 შვილს, მათ შორის - ერთ არასრულწლოვანს, ხოლო მეუღლე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იმყოფებოდა საზღვარგარეთ. მისი შვილები - ნ---- და გ------ გ--–----ები დარჩნენ პენსიონერი ბებიისა და ბაბუის ანაბარად, ამასთან - ოჯახს ფინანსურად მძიმე ტვირთად დააწვა პატიმრის შენახვა სასჯელაღსრულების მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში. ვინაიდან იგი ფაქტიურად ოჯახის ერთადერთი მარჩენალი იყო, მისი პატიმრობის პერიოდში ოჯახმა 50 000 ლარზე მეტი ოდენობის მატერიალური ზიანი განიცადა. აღნიშნული თანხა გამოითვალა სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის 2006-2010 წლის მონაცემებზე დაყრდნობით.
გ------ პ------–---–ის განმარტებით მას ჰყავს შვილი, რომელზეც მატერიალურად ზრუნავდნენ მისი ოჯახის წევრები და ახლობლები მისი პატიმრობაში ყოფნის დროს, ხოლო კ------- ქ---------ს განმარტებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნისას მასზე მატერიალურად ზრუნავდნენ მისი ოჯახის წევრები და მეგობრები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
ამავე კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
სასამართლო განმარტავს, რომ მხარისთვის მიყენებული მატერიალური ზიანი, რომლის არსებობა და მიზეზშედეგობრივი კავშირი უკანონო ქმედებასა და ზიანის წარმოქმნას შორის დასტურდება სათანადო მტკიცებულებებით, ექვემდებარება სრულად ანაზღაურებას.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. ამავე კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნას დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ამრიგად, სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
მოსარჩელეებმა ვერ დაადასტურეს, ვის მიერ, რა სახის ხარჯის გაწევა და რა საფუძვლით ხდებოდა მათ სასარგებლოდ. გარდა ამისა, როგორც თავად მოსარჩელეები მიუთითებენ ხარჯები გაწეულია ოჯახის წევრების მხრიდან. მოსარჩელეებმა ვერც ის დაადასტურეს, რომ მათ თავისუფლებაში ყოფნისას თავად გასწევდნენ საკუთარი ყოფითი საჭიროებისთვის ამ ხარჯებს და ოჯახის წევრებს არ მოუწევდათ მათი რჩენისათვის აუცილებელი ხარჯის გაწევა. საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები იმის თაობაზე, თუ რა სახის შემოსავალს იღებდნენ ისინი დაკავებამდე. შესაბამისად, უკანონო ბრალდების შედეგად მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტი არ დასტურდება და ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მხარეები - უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიებად დაპატიმრების უკანონოდ გამოყენების ან გამასწორებელ სამუშაოთა სახით ადმინისტრაციული სახდელის უკანონოდ დადების შედეგად მოქალაქისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ სარჩელებზე. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე. ამდენად, მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 46-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლი და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ვ----–-- გ--–-----ს, გ------ პ------–---–ისა და კ------- ქ---------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
1.1. საქართველოს გენერალურ პროკურატურას ვ----–-- გ--–-----ს (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება 27 000 (ოცდაშვიდი ათასი) ლარის ოდენობით.
1.2. საქართველოს გენერალურ პროკურატურას გ------ პ------–---–ის (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება 35 000 (ოცდათხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით.
1.3. საქართველოს გენერალურ პროკურატურას კ------- ქ---------ს (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება 52 000 (ორმოცდათორმეტი ათასი) ლარის ოდენობით.
1.4. სხვა ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ.თბილისი, გრ.რობაქიძის გამზ.№7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მეშვეობით 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის დღიდან.
მოსამართლე თამარ ხაჟომია