გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.01.2020
საქმის ნომერი
330210019002914310
კატეგორია
დავის ტიპი
პატივისა და ღირსების დაცვის შესახებ
თარიღი
22.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

N 330210019002914310

საქმე №2/6328-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

17.12.2019 წ. ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - თეა ბერაია

სხდომის მდივანი - ნინო კეკელიანი

მოსარჩელეები: ბესიკ მ----ა, ჯემალ ჯ----

წარმომადგენელი კახა კ--–------ე

მოპასუხე იური მ--------ი

წარმომადგენელი დავით დ--------ე

დავის საგანი: პატივისა და ღირსების შემლახავი ინფორმაციის უარყოფა, მორალური ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ი----- მ--------ს დაევალოს მოსარჩელეთა პატივისა და ღირსების შემლახავი ცნობების უარყოფა, კერძოდ მოპასუხეს დაევალოს, რომ ტელეკომპანია ,,ალ-ჯაზირას“, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის, ტელეკომპანია ,,რუსთავი2“-ს და ტელეკომპანია ,,იმედის“ მეშვეობით უარყოს მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ,,1989 წლის 9 აპრილის მონაწილეთა 90%-მა არც იცოდა რატომ შეიკრიბნენ და, რომ 9 აპრილი კრიმინალური აქტი იყო იმ ხალხის მხრიდან, ვინც ამას ორგანიზება გაუკეთა’’.

 

1.2. დაეკისროს მოპასუხე ი----- მ--------ს, მოსარჩელეების ჯ----– ჯ----ს და ბ---- მ----ას სასარგებლოდ სასარგებლოდ, მორალური ზიანის ანაზღაურება, თითოეულისთვის 9 ლარის ოდენობით.

 

მოსარჩელეების განმარტებით, ისინი წარმოადგენენ 1989 წლის 9 აპრილის აქციის ორგანიზატორებს და იღებდნენ მონაწილეობას ჩატარებულ საპროტესტო აქციებში. აღნიშნული თარიღი წარმოადგენს ისტორიულ პროცესს, რომლის მონაწილეებიც იყვნენ მოსარჩელეები, რითაც დღემდე ამაყობენ.

 

2018 წლის 10 ნოემბერს, ტელეკომპანია ,,ალ-ჯაზირას“ ეთერში გავიდა ფილმი, რომელიც საბჭოთა არქიტექტურის კვალს დაეთმო. ფილმის ერთ-ერთ ეპიზოდში საქართველოს კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე და ფოტოხელოვანი ი----- მ--------ი 9 აპრილის მონაწილეთა ღირსების შემლახავად საუბრობს, კერძოდ, იგი ამბობს: ,,მომიტინგეები ძირითადად 13-25 წლამდე ახალგაზრდები იყვნენ, რომელთა 90%-მა არც იცოდა რატომ შეიკრიბნენ, რადგან ეს იყო რაღაც წარმოდგენა, შოუ და ისინი იყვნენ მისი მონაწილეები. ეს კრიმინალური აქტი იყო იმ ხალხის მხრიდან ვინც ამას ორგანიზება გაუკეთა, რადგანაც ფიქრობდნენ, რომ ის შედეგი მიეღოთ, რაც მიიღეს, ეს იყო ძალაუფლების ხელში ჩაგდების გეგმა...“ ,,საბჭოთა სპეც-დანიშნულების დანაყოფს ვინმეს მოკვლა არ ნდომებია, ისინი ყველანი ჭყლეტვაში დაიღუპნენ, 20 ადამიანი დაიღუპა, მაგრამ ეს ასფიქსიის გამო მოხდა, მათ ურტყამდნენ, დაჭრეს, მაგრამ არავინ მოუკლავთ“.

 

მოსარჩელეები აცხადებენ, რომ აღნიშნულმა განცხადებამ შელახა მათი პატივი და ღირსება, ვინაიდან ისინი თავისუფლების იდეის გამო წავიდნენ სიკვდილზე, ხოლო მოპასუხემ ამ ქმედებას კრიმინალური აქტი უწოდა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სარჩელში მოყვანილი ციტატა წარმოადგენს მოპასუხის როგორც საჯარო პირის მხრიდან გამოთქმულ შეფასებას, მოსაზრებას და იგი არანაირად არ არის მიმართული კონკრეტული მოსარჩელეების წინააღმდეგ, რის გამოც, სარჩელი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელეები მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართულ მშვიდობიან 1989 წლის 9 აპრილის აქციაში. ისინი წარმოადგენენ 1989 წლის 9 აპრილის მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს დაზარალებულებს. მოსარჩელე - ჯ----– ჯ---- იყო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი.

 

აღნიშნული გარემოებები დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით:

 

-სარჩელი;

-შესაგებელი;

-მხარეთა განმარტებები;

_ დაზარალებულის მოწმობები;

 

3.1.2. 2018 წლის 10 ნოემბერს, ტელეკომპანია ,,ალ-ჯაზირას“ ეთერში გავიდა ფილმი, რომელიც საბჭოთა არქიტექტურის კვალს დაეთმო. ფილმის ერთ-ერთ ეპიზოდში საქართველოს კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე და ფოტოხელოვანი ი----- მ--------ი 1980 წლის 9 აპრილის მოვლენებზე საუბრობს: ,,მომიტინგეები ძირითადად 13-25 წლამდე ახალგაზრდები იყვნენ, რომელთა 90%-მა არც იცოდა რატომ შეიკრიბნენ, რადგან ეს იყო რაღაც წარმოდგენა, შოუ და ისინი იყვნენ მისი მონაწილეები. ეს კრიმინალური აქტი იყო იმ ხალხის მხრიდან ვინც ამას ორგანიზება გაუკეთა, რადგანაც ფიქრობდნენ, რომ ის შედეგი მიეღოთ, რაც მიიღეს, ეს იყო ძალაუფლების ხელში ჩაგდების გეგმა...“ ,,საბჭოთა სპეც-დანიშნულების დანაყოფს ვინმეს მოკვლა არ ნდომებია, ისინი ყველანი ჭყლეტვაში დაიღუპნენ, 20 ადამიანი დაიღუპა, მაგრამ ეს ასფიქსიის გამო მოხდა, მათ ურტყამდნენ, დაჭრეს, მაგრამ არავინ მოუკლავთ“.

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით:

 

-სარჩელი;

-შესაგებელი;

-მხარეთა განმარტებები;

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან მოპასუხის მიერ გავრცელებული განცხადება წარმოადგენს მოპასუხის მოსაზრებას.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-9, მე-16, მე-17, 31-ე მუხლები; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18, 102-ე,105-ე, 413-ე მუხლები; ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი, მე-2, მე-7, მე-13, მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 18.2 მუხლის თანახმად, პირს უფლება აქვს, სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-16 და მე-17 მუხლები უზრუნველყოფს აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლებას თითოეული ადამიანისათვის. კონსტიტუციის თანახმად, აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია. მე-17 მუხლის მე-4 ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მიხედვით, ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო.

 

ამრიგად, როგორც საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებით, ისე ეროვნული კანონმდებლობით, აღიარებულია სიტყვისა და აზრის ნებისმიერი საშუალებით გამოხატვის თავისუფლება. განსახვავებით აზრის ქონის უფლებისაგან, რომლის შეზღუდვაც როგორც დაუშვებელი, ისე ობიექტურად შეუძლებელიც არის, მისი გამოხატვის თავისუფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას და ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მათ შორის, სხვათა უფლებებისა და ღირსების დაცვის უზრუნველყოფის აუცილებლობის პირობებში. დაცულ უფლებაში ჩარევა გათვალისწინებულია „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონით, რომელიც ცილისწამების შემთხვევაში სხვათა რეპუტაციის ან უფლებათა დაცვას ადგენს.

 

იმისათვის, რომ სასამართლოს გზით განხორციელდეს პირის საქმიანი რეპუტაციის, პატივისა და ღირსების დაცვა, აუცილებელია ერთდროულად არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: 1. არსებითად მცდარი ფაქტის (ფაქტების) გავრცელება; 2. გავრცელებული ცნობების სინამდვილესთან შეუსაბამობა; 3. განცხადების გავრცელების შედეგად პირისათვის ზიანის მიყენება.

 

„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო პირი არის „საჯარო დაწესებულებაში სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული თანამდებობის პირი; პირი, რომლის გადაწყვეტილება ან აზრი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე; პირი, რომლისკენაც მისი გარკვეული ქმედების შედეგად ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით მიმართულია საზოგადოებრივი ყურადღება. ამავე კანონის პირველი მუხლის ,,კ“ ქვეპუნქტის თანახმად, კერძო პირი არის ფიზიკური ან ი-----დიული პირი, რომელიც არ არის საჯარო პირი ან ადმინისტრაციული ორგანო;

 

„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის მე-13 მუხლის თანახმად, პირს ეკისრება სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა კერძო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ და ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა.

 

აღნიშნული კანონის პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, განცხადება არის ინფორმაცია, რომელიც განმცხადებელმა საჯაროდ გაავრცელა ან მესამე პირს გაანდო. მოცემულ შემთხვევაში, სადავო განცხადებების მხარეთა მიერ საჯაროდ გავრცელების ფაქტი სადავო არ არის.

 

„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აზრი დაცულია აბსოლუტური პირვილეგიით. ამავე კანონის პირველი მუხლის „ფ“ ქვეპუნქტის მიხედვით, აბსოლუტური პრივილეგია განმარტებულია, როგორც კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან პირის სრული და უპირობო განთავისუფლება.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემული კატეგორიის დავების სწორად გადაწყვეტისათვის უპირველეს ყოვლისა, უნდა გაირკვეს, სადავო გამონათქვამები მიეკუთვნება ფაქტებსა თუ შეფასებით მსჯელობას (აზრს), რადგან აზრის გამოხატვა, მისი აბსოლუტური პრივილეგიით დაცულობის გათვალისწინებით, გამორიცხავს პირისათვის რაიმე სახის სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას.

 

„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონით აღიარებული და დაცული უფლებების შეზღუდვისას ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ამ უფლებების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ.

 

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, აზრი არის შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს; ხოლო იმავე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით ცილისწამებას წარმოადგენს არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება.

 

ერთმანეთისაგან განასხვავა რა ინფორმაცია (ფაქტები) და შეხედულებები (შეფასებითი მსჯელობა), ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ „ფაქტების არსებობა შეიძლება დამტკიცებულ იქნეს, მაშინ, როდესაც შეფასებითი მსჯელობის ნამდვილობა არ ექვემდებარება მტკიცებას. ... რაც შეეხება შეფასებით მსჯელობას, ამ მოთხოვნის შესრულება შეუძლებელია და იგი თავისთავად ხელყოფს შეხედულებების თავისუფლებას, რაც წარმოადგენს კონვენციის მე-10 მუხლით გათვალისწინებული უფლების ფუნდამენტურ ნაწილს“ (Lingens v. Austria, 1986 w.; Jerusalem v. Austria, 2001 w.; Dichand and Others v. Austria, 2002 w).

 

ცილისწამების მაკვალიფიცირებელი ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია განმცხადებლის მიერ ისეთი ფაქტების მითითება, რომელიც რეალობასთან ახლოა, უფრო კონკრეტულია და არა ზოგადი ხასიათის, უფრო მეტად ობიექტური შინაარსისაა, ვიდრე სუბიექტური, და, რაც მთავარია, მისი დამტკიცება შესაძლებელია.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო გამონათქვამის სწორი კვალიფიკაციისათვის უნდა შემოწმდეს მისი შინაარსი, გამოთქმის ფორმა და კონტექსტი, რა ფაქტობრივი ელემენტებისგან შედგება გამონათქვამი.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 03.04.2012წ. განჩინებაში, საქმეზე #ას-1477-1489-2011წ. განმარტა: „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ცილისწამება მცდარი ფაქტის შემცველი განცხადება, არის თუ არა ზიანის მიმყენებელი, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ფაქტობრივი გარემობების ანალიზითა და ურთიერთშეჯერებით უნდა დადგინდეს. ამასთან, ზიანი, ასეთ შემთხვევაში, არაქონებრივი სახით - პირის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვით არის გამოვლენილი. არაქონებრივი ურთიერთობები, თავისთავად მოკლებულია ეკონომიკურ შინაარსს და მას არ გააჩნია ღირებულება, შესაბამისად, ამ ზიანის დამტკიცებისათვის კანონით დაცული უფლების დარღვევაც საკმარისია.

 

მოცემულ შემთხვევაში, უდავოდ დგინდება, რომ 2018 წლის 10 ნოემბერს, ტელეკომპანია ,,ალ-ჯაზირას“ ეთერში გავიდა ფილმი, რომელიც საბჭოთა არქიტექტურის კვალს დაეთმო. ფილმის ერთ-ერთ ეპიზოდში საქართველოს კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე და ფოტოხელოვანი ი----- მ--------ი 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებზე საუბრობს: ,,მომიტინგეები ძირითადად 13-25 წლამდე ახალგაზრდები იყვნენ, რომელთა 90%-მა არც იცოდა რატომ შეიკრიბნენ. ეს კრიმინალური აქტი იყო იმ ხალხის მხრიდან ვინც ამას ორგანიზება გაუკეთა.“ (იხ. 3.1.2. უდავო ფაქტ. გარემოება).

 

მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ მოპასუხის ზემოაღნიშნულმა განცხადება შელახა მათი პატივი და ღირსება. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, უმთავრეს ფაქტორს წარმოადგენს ის გარემოება, რომ დადგინდეს, მოპასუხის განცხადებები იყო თუ არა მიმართული უშუალოდ მოსარჩელეთა მიმართ, ვინაიდან შემდგომში შეფასდეს აღნიშნული განცხადებების გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში გავრცელების არსებობის ან არარსებობის ფაქტი.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ საჯაროდ გაკეთებული სადავო განცხადების (1989 წლის 9 აპრილის მონაწილეთა 90%-მა არც იცოდა რატომ შეიკრიბნენ და რომ 9 აპრილი კრიმინალური აქტი იყო იმ ხალხის მხრიდან, ვინც ამას ორგანიზება გაუკეთა) პირველი ნაწილი, კერძოდ ,,1989 წლის 9 აპრილის მონაწილეთა 90%-მა არც იცოდა რატომ შეიკრიბნენ“ არ წარმოადგენს კონკრეტული მოსარჩელეების მიმართ გაკეთებულ განცხადებას, არამედ შეეხება აქციაზე მონაწილე პირთა ფართო წრეს, რის გამოც, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული განცხადების შეფასება, როგორც მოსარჩელეების პატივისა და ღირსების შესაძლო შელახვის მიზეზი, საფუძველს არის მოკლებული, რადგან „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ცილისწამების თაობაზე სასამართლო დავის საგანი არ შეიძლება იყოს ისეთი განცხადება, რომელიც ეხება პირთა განუსაზღვრელ ჯგუფს ან/და რომელშიც მოსარჩელე არ არის ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიცირებული.

 

ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად, მოპასუხის განცხადების მეორე ნაწილი, კერძოდ, ,,9 აპრილი კრიმინალური აქტი იყო იმ ხალხის მხრიდან, ვინც ამას ორგანიზება გაუკეთა“, იმ მოცემულობაში, როცა მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე ჯ----– ჯ---- იყო 1989 წლის 9 აპრილის აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ეხება მხოლოდ მოსარჩელე- ჯ----– ჯ----ს და მოითხოვს შეფასებას გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის კონტექსტში. შესაბამისად, მნიშვნელოვანია დადგინდეს, აღნიშნული განცხადება წარმოადგენს მოპასუხის აზრს თუ მოპასუხის მხრიდან მოხდა ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მიერ საჯაროდ გამოხატულია მისი მოსაზრება, აზრი ცნობილ მოვლენებთან დაკავშირებით და იგი მტკიცებით ფორმაში არ საუბრობს მოსარჩელეების მიერ ჩადენილ კონკრეტულ კრიმინალურ ქმედებებზე. მოპასუხის მიერ გაკეთებული განცხადებით, იგი აფასებს ისტორიულ მოვლენას მისი შეხედულების მიხედვით, კონკრეტული სახელებისა და გვარების დასახელებისა და მათი ბრალდების გარეშე, რაც ცალსახად ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.

 

„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის მე-17 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოპასუხე კანონით დადგენილ ვადაში განახორციელებს შესწორებას ან უარყოფას, მაგრამ შესწორების ან უარყოფის გამოქვეყნება არ არის საკმარისი ცილისწამებით მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ჯეროვანი ანაზღაურებისათვის, მოპასუხეს შეიძლება დაეკისროს მოსარჩელისათვის მიყენებული ქონებრივი ან/და არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურება.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი მოსარჩელეების მიმართ არ დაკმაყოფილდა პირველი სასარჩელო მოთხოვნის, მოპასუხის მიერ პატივისა და ღირსების შემლახავი ცნობების უარყოფის ნაწილში, მორალური ზიანის ნაწილშიც სარჩელი უსაფუძვლოა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

ვინაიდან, სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო მოსარჩელეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები უნდა გაიღოს სახელმწიფომ.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. არ დაკმაყოფილდეს ბ---- მ----ასა და ჯ----– ჯ----ს საჩელი ი----- მ--------ის მიმართ პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების უარყოფისა და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე

თეა ბერაია