გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/3147-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
19 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს
სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე - ხათუნა კაკაბაძე
სხდომის მდივანი - დალი მახაური
მოსარჩელე - სს ,,ევ---------------–---"
წარმომადგენელი - არ---–---------–--ე
მოპასუხე - შპს ,,ბლ-------------ა"
წარმომადგენელი - სა--------------–---ი
დავის საგანი - უსაფუძვლო გამდიდრების შედეგად მიღებული თანხისა და სარგებლის გადახდა
აღწერილობითი ნაწილი
სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე შპს „ბლ-------------ას“ მოსარჩელე სს „ევ---------------–---ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 101375.75 ლარის გადახდა;
1.2. მოპასუხე შპს „ბლ-------------ას“ მოსარჩელე სს „ევ---------------–---ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 15 აგვისტოდან 2019 წლის 15 თებერვლის ჩათვლით პერიოდზე ძირითადი დავალიანების 101375.75 ლარის წლიური 8%, რაც შეადგენს 12198.78 ლარს. ხოლო 2019 წლის 16 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიური 22.22 ლარის გადახდა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
შპს „ბლ-------------ასა“ და სს „სა-----–----------------–-------სს“ შორის 2017 წლის 22 მარტს გაფორმდა ურთიერთგაქვითვის შეთანხმება, რომლის თანახმად, სს „სა-----–----------------–-------სის“ მხრიდან გასაქვით მოთხოვნას წარმოადგენდა შპს „ბლ-------------აზე“ გაცემული სესხი და მასზე დარიცხული პროცენტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 131-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შპს „ბლ-------------ა“ ვალდებული იყო დაეკავებინა გასაქვითი სესხის პროცენტიდან თანხა 5%-ის ოდენობით (101375.72 ლარი) და მიემართა სახელმწიფო ბიუჯეტში. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სს „სა-----–----------------–-------სი“ შეძლებდა ამ თანხის საგადასახადო აქტივის სახით გამოყენებას. მოპასუხის მხრიდან ეს პირობა შესრულდა.
2017 წლის 13 ივლისს საგადასახადო კოდექსში განხორციელდა ცვლილება და ამ ოპერაციებზე, მეწარმე იურიდიულ პირებისთვის მოიხსნა თანხის დაკავებისა და ბიუჯეტში გადარიცხვის ვალდებულება. ცვლილების მოქმედება გავრცელდა 2017 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. შესაბამისად, შპს „ბლ-------------ასა“ და სს „სა-----–----------------–-------სს“ შორის არსებულ ამ ურთიერთობაზეც, რაც გულისხმობს, რომ მოპასუხის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში თანხის გადარიცხვა კანონიერი საფუძვლის გარეშე (უსაფუძვლოდ) განხორციელდა. მოპასუხეს წარმოეშვა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი თანხის 101375.72 ლარის მოსარჩელისთვის უკან დაბრუნების ვალდებულება, რომელიც მხარეს არ შეუსრულებია.
მოსარჩელემ სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით დამატებით მიუთითა, რომ მიუხედავად იმისა, რომ შპს „ბლ-------------ას“ მხრიდან სახელმწიფო ბიუჯეტში 101375.72 ლარის გადარიცხვა განხორციელდა, აღნიშნული გადახდა სრულყოფილი არ იყო, მოპასუხემ გადახდის დროს არ მიუთითა, რომ ეს იყო მხარეებს შორის ურთიერთგაქვითვის შეთანხმებით გადასახდელი თანხა, ასევე შემდგომშიც საგადასახადო ორგანოს არ წარუდგინა დაზუსტებული დეკლარაცია, სადაც დაზუსტდებოდა გადახდილი თანხის დანიშნულება. მოპასუხის ამ ქმედების გარეშე მოსარჩელე დამოუკიდებლად ვერ მოახდენდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის დაბრუნებას. შპს „ბლ-------------ას“ თავად უნდა მოეხდინა სახელმწიფო ბიუჯეტიდან სადავო თანხის დაბრუნება. საგულისხმო იყო ის ფაქტიც, რომ ჩარიცხული თანხით მოხდა სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ მოპასუხის ვალდებულებების გაქვითვა და არც ამის შესახებ აცნობა შპს „ბლ-------------ამ“ მოსარჩელეს
მოპასუხეს ორჯერ გაეგზავნა გაფრთხილების წერილი ვალდებულების შესრულების მოთხოვნით, თუმცა უშედეგოდ.
მოპასუხეს ასევე უნდა დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის სახით განცდილი ზიანის სანაცვლოდ წლიური 8%, ვინაიდან უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებიდან გამომდინარე მიმღები ვალდებულია არა მარტო ფაქტობრივად მიღებული სარგებელი დააბრუნოს (979-ე მუხლის პირველი ნაწილი) ან აანაზღაუროს საერთო ღირებულება (979-ე მუხლის მე-2 ნაწილი), არამედ 981-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით მიუღებელი სარგებელიც უნდა აანაზღაუროს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას ეს სარგებელი არ მიუღია. ამისთვის სახეზე უნდა იყოს ორი გადამწყვეტი წინაპირობა: მიუღებელი სარგებელი უნდა განეკუთვნებოდეს „მეურნეობის სათანადო გაძღოლის“ ფარგლებს და პირს ბრალეულად უნდა ემოქმედა.
ვინაიდან კანონმდებლობა არ განსაზღვრავს გადასახდელი პროცენტის ოდენობას, მოსარჩელემ მოითხოვა ამ სარგებლის წლიური 8%-ით განსაზღვრა ანაბრებისთვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ წლიური საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად.
მოსარჩელემ მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული უსაფუძვლო გამდიდრების ნორმები - 976-ე, 981-ე მუხლები, ასევე 403-ე მუხლი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე შპს „ბლ-------------ას“ წარმომადგენელმა როგორც შესაგებლით, ასევე სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო. მოპასუხემ განმარტა, რომ ურთიერთგაქვითვით ნაკისრი ვალდებულება მის მიერ ჯეროვნად შესრულა, მან მეორე დღესვე გადარიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში 101375,75 ლარი, სადაც დამატებითი ინფორმაციის სახით მიეთითა: „გადახდილი პროცენტის წყაროსთან დაბეგვრა 5 პროცენტით“. მოსარჩელეს თავად შეეძლო მიემართა სახელმწიფო ბიუჯეტისთვის და დაებრუნებინა თანხები, რაც მოსარჩელეს არ განუხორციელებია.
რაც შეეხებოდა სახელმწიფო ბიუჯეტის მიერ სადავო თანხიდან დავალიანების გაქვითვას, ეს შპს „ბლ-------------ას“ ნების საწინააღმდეგოდ მოხდა და მოსარჩელის მიერ დროულად რომ მომხდარიყო თანხის დაბრუნება, აღნიშნული შედეგი არ დადგებოდა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 მაისის განჩინებით სს „სა-----–----------------–-------სი“ შეიცვალა მისი უფლებამონაცვლით - სს „ევ---------------–---თ“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 23.05.2019 წლის სხდომის ოქმი.
3.1.2. სს „სა-----–----------------–-------სსა“ და შპს „ბლ-------------ას“ შორის 2017 წლის 22 მარტს გაფორმდა შეთანხმება ურთიერთმოთხოვნების გაქვითვაზე. შეთანხმებით დადგენილია ერთიმეორის მიმართ მხარეთა ურთიერთმოთხოვნები, კერძოდ:
ა) შპს „ბლ-------------ას“ სს „სა-----–----------------–-------სის“ მიმართ მართებს დავალიანება 2 568 202 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი (რომელიც შეთანხმების ხელმოწერის თარიღისთვის შეადგენს 6 289 783,52 ლარს) და 22350 ლარი, ანუ სულ 6 312 133,52 ლარი, რაც დადასტურებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლით (07.09.2016 წელი, საქმე #2ბ/3726-16, #010290116700021491) და შპს „და-------------–---–--–------ის“ 24.06.2016 წლის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 27.09.2016 წლის განჩინებით, რომლითაც შპს „ბლ-------------ას“ სს „სა-----–----------------–-------სის“ სასარგებლოდ დაეკისრა:
· 2010 წლის 24 სექტემბრის სესხის ხელშეკრულებაზე - 2 317 983 აშშ დოლარი (სესხის თანხა- 1 546 842 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი - 771 141 აშშ დოლარი);
· 2011 წლის 01 ივნისის სესხის ხელშეკრულებაზე - 250 219 აშშ დოლარი (სესხის თანხა - 193 489 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი - 56 720 აშშ დოლარი);
· საარბიტრაჟო მოსაკრებელი - 22 200 ლარი, სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარი.
ბ) სს „სა-----–----------------–-------სს“ შპს „ბლ-------------ას“ მიმართ მართებს დავალიანება 2 552 021,50 აშშ დოლარის ოდენობით (რომელიც შეთანხმების ხელმოწერის თარიღისთვის შეადგენს 6 250 155,86 ლარს), რაც დადასტურებულია 2017 წლის 21 მარტის ვალის გადაკისრების შესახებ შეთანხმებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 22.03.20178 წლის შეთანხმება ურთიერთმოთხოვნების გაქვითვაზე.
3.1.3. 2017 წლის 22 მარტის შეთანხმებით სს „სა-----–----------------–-------სი“ და შპს „ბლ-------------ა“ შეთანხმდნენ ურთიერთმოთხოვნების შემდეგი ფორმით და ოდენობით გაქვითვაზე:
1. განხორციელდეს შპს „ბლ-------------ას“ მიმართ სს „სა-----–----------------–-------სის“ მოთხოვნის - 6 312 133.52 ლარის (რომელსაც დააკლდება ამ შეთანხმების მე-2 პუნქტის თანახმად სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი თანხა - 101 375.72 ლარი) და სს „სა-----–----------------–-------სის“ მიმართ შპს „ბლ-------------ას“ მოთხოვნის - 6 250 155.86 ლარის ურთიერთგაქვითვა, რის შემდგომაც დარჩება მხოლოდ 39 398.06 ლარი. მხარეები თანხმდებიან, რომ სხვა ყველა მოთხოვნა ჩაითვლება სრულად დაკმაყოფილებულად/გადახდილად, ხოლო დარჩენილი 39 398.06 ლარის გადახდას სს „სა-----–----------------–-------სი“ უზრუნველყოფს ამ შეთანხების ხელმოწერიდან ერთი სამუშაო დღის ვადაში შპს „ბლ-------------ას“ შემდეგ საბანკო ანგარიშზე.
2. ვინაიდან სს „სა-----–----------------–-------სის“ მოთხოვნა შპს „ბლ-------------ას“ მიმართ შეადგენს 6 312 133.52 ლარს, საიდანაც სესხის სარგებლის პროცენტის თანხაა 202 7514.38 ლარი, შპს „ბლ-------------ა“ უზრუნველყოფს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული 5%-ის სხელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდას კანონით დადგენილი წესით და ამ შეთანხმების ხელმოწერიდან 2 სამუშაო დღის ვადაში წარუდგენს ევექსს თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელ წერილობით მტკიცებულებას. ხოლო 2017 წლის 17 აპრილამდე წარუდგენს ევექსს ცნობას მისი გადახდის თაობაზე.
აღნიშნული შეთანხმებით გათვალისწინებული 5% (101 375.72 ლარი) არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 131-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთი, რაც წარმოადგენს არარეზიდენტი მუდმივი დაწესებულებების ან რეზიდენტის მიერ ან მათი სახელით ფიზიკური პირისთვის, ორგანიზაციისთვის გადახდილი პროცენტების დასაბეგრ განაკვეთს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 22.03.20178 წლის შეთანხმება ურთიერთმოთხოვნების გაქვითვაზე;
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.4. 2017 წლის 22 მარტს შპს „ბლ-------------ამ“ განახორციელა გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტში ერთიან სახაზინო ანგარიშზე (ანგარიში/სახაზინო კოდი 1--------) ჩარიცხა 101 375.73 ლარი, შემდეგი დამატებითი ინფორმაციის მითითებით: გადახდილი პროცენტის წყაროსთან დაბეგვრა 5 პროცენტით.
გადახდის დროს საგადასახადო დავალებაში მითითება იმის შესახებ, რომ საბიუჯეტო გადახდა ხორციელდებოდა სს „სა-----–----------------–-------სის“ მაგივრად, შპს „ბლ-------------ას“ მიერ არ მომხდარა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 22/03/2017 წლის N 5------ საგადასახადო დავალება.
3.1.5. შპს „ბლ-------------ას“ მიერ დაზუსტებული საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენა არ მომხდარა. სსიპ შე-------–---------------ის წერილის თანახმად, 23.03.2017 წლიდან 07.10.2019 წლამდე პერიოდში შპს „ბლ-------------ას“ მიერ 23.03.2017 წლამდე არსებული ვალდებულებების დაზუსტების მიზნით წარდგენილია მხოლოდ დღგ-ს 2016 წლის ნოემბრის თვის დაზუსტებული დეკლარაცია (წარდგენის თარიღი 10.01.2018 წელი).
შპს „ბლ-------------ას“ შედარების აქტის მიხედვით, 22.03.2017 წლის მდგომარეობით ერიცხება აღიარებული დავალიანება ძირითადი 122102,05 ლარი, საურავი 18221,93 ლარი და დამატებით დარიცხული თანხები 512 083.40 ლარი, რომელიც აღიარებული არ არის.
23.03.2017 წელს გადახდილი 101375.73 ლარით ნაწილობრივ დაიფარა აღიარებული ძირითადი დავალიანება და 23.03.2017 წლის მდგომარეობით ერიცხება აღიარებული დავალიანება ძირითადი 20 726.32 ლარი და საურავი 18282.98 ლარი და დამატებით დარიცხული თანხები, რომელიც არ არის აღიარებული - 512 163.56 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-შე-------–---------------ის 07/10/2019 წლის N 2----------- წერილი.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ურთიერთმოთხოვნების გაქვითვაზე მხარეებს შორის არსებული 22.03.2017 წლის შეთანხმებით შპს „ბლ-------------ას“ მიერ ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად არ შესრულებულა (არ არის სრულყოფილი შესრულება).
აღნიშნული გარემოების დადგენის მიზნით სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს შეეხოს დავასთან კავშირში საქართველოს საგადასახადო კოდექსის ზოგიერთ ნორმას.
მხარეებს შორის გაქვითვაზე შეთანხმების დადების დროისთვის (22.03.2017 წელი) მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 131-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულების ან რეზიდენტის მიერ ან მათი სახელით გადახდილი პროცენტები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით. ხოლო მე-4 ნაწილის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელ რეზიდენტ იურიდიულ პირს ან არარეზიდენტის (გარდა ფიზიკური პირისა) მუდმივ დაწესებულებას, რომელმაც მიიღო საქართველოში გადახდის წყაროსთან დაბეგრილი პროცენტები, უფლება აქვს, ჩაითვალოს გადახდის წყაროსთან ბიუჯეტში გადახდილი გადასახადის თანხა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2017 წლის 30 ივნისს განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, კოდექსის 131-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილები შემდეგი რედაქციით ჩამოყალიბდა: 1. არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულების ან რეზიდენტის მიერ ან მათი სახელით ფიზიკური პირისათვის, ორგანიზაციისათვის ან საქართველოში მუდმივი დაწესებულების არმქონე არარეზიდენტისათვის გადახდილი პროცენტები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით. (30.06.2017. №1182) (ამ ნორმის მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე). 4. მოგების გადასახადის გადამხდელ ორგანიზაციას, რომელმაც მიიღო საქართველოში გადახდის წყაროსთან დაბეგრილი პროცენტები, უფლება აქვს, ჩაითვალოს გადახდის წყაროსთან ბიუჯეტში გადახდილი გადასახადის თანხა. (30.06.2017. №1182) (ამ ნაწილის მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე) .
მოსარჩელის განმარტებით, ვინაიდან მხარეთა შორის შეთანხმება ურთიერთგაქვითვაზე 2017 წლის 22 მარტს დაიდო, საგადასახადო კოდექსის მითითებულ მუხლში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე მას გადახდის წყაროსთან ბიუჯეტში გადახდილი გადასახადის თანხის ჩათვლის საშუალება მიეცა, თუმცა შპს „ბლ-------------ას“ მიერ ვალდებულების არასრულად შესრულების გამო, იგი ამ უფლების რეალიზებას ვერ ახდენს. არასრულ შესრულებას მოსარჩელე უკავშირებს იმ გარემოებას, რომ თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვის პარალელურად შპს „ბლ-------------ას“ უნდა მოეხდინა საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენისას ამ გადარიცხვის დანიშნულების მითითება/დაკონკრეტება. ხოლო, თუკი საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენისას მოპასუხის მხრიდან ადგილი არ ექნებოდა აღნიშნულის მითითებას, მას შეეძლო ეს დაზუსტებული საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენით მოეხდინა 22.03.2017 წელს განხორციელებული გადახდის დანიშნულების დაზუსტება/დაკონკრეტება.
სასამართლო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელი ნებისმიერი იურიდიული თუ ფიზიკური პირისთვის ცნობილია, რომ არსებობს ერთიანი სახაზინო კოდი, სადაც ხდება საბიუჯეტო (საგადასახადო) გადასახდელების გადახდა, ხოლო დეკლარაციის წარდგენის დროს გადამხდელი ახდენს სახელმწიფო ბიუჯეტში მის მიერ განხორციელებული გადახდების დანიშნულების დაკონკრეტებას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის თანახმად, კოდექსის 131-ე მუხლით გათვალისწინებული გადასახადი წარმოადგენს საშემოსავლო გადასახადს, რაც გადასახადის გადამხდელმა, თავისთავად უნდა ასახოს შესაბამისი თვის საშემოსავლო დეკლარაციაში. თვის მხრივ საშემოსავლო დეკლარაცია საგადასახადო ორგანოში წარდგენილი უნდა იქნეს არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის გასვლიდან მომდევნო თვის 15 რიცხვისა (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის მე-5 ნაწილი - მეწარმე ფიზიკური პირი, ორგანიზაცია და საწარმო (გარდა იმ საწარმოებისა, რომლებიც მოგების გადასახადით იბეგრებიან ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით) ვალდებული არიან, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა საგადასახადო ორგანოს წარუდგინონ დეკლარაცია საანგარიშო თვის მიხედვით გაცემული შრომის ანაზღაურების თანხების და დაკავებული გადასახადის შესახებ).
კონკრეტულ შემთხვევაში შპს „ბლ-------------ას“ მიერ საშემოსავლო დეკლარაცია წარდგენილი უნდა ყოფილიყო არაუგვიანეს 2017 წლის 17 აპრილისა, სადაც მას სხვა გადახდებთან ერთად მითითებული ექნებოდა მის მიერ 22.03.2017 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში ერთიან სახაზინო ანგარიშზე (ანგარიში/სახაზინო კოდი 1--------) ჩარიცხული 101375.73 ლარის დანიშნულება, კერძოდ რომ იგი წარმოადგენდა გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის დასაბეგრ 5%-ს. სასამართლო მიიჩნევს, რომ სწორედ ამ პირობას დაუკავშირეს მხარეებმა ურთიერთმოთხოვნების გაქვითვის შეთანხმებაში შპს „ბლ-------------ას“ ვალდებულება, რომ გადახდის დამადასტურებელ წერილობით მტკიცებულებასთან ერთად 2017 წლის 17 აპრილამდე მოსარჩელისთვის წარედგინა ცნობა გადახდის თაობაზე. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ კონკრეტულ პერიოდში საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენის დროს მოპასუხემ დაიცვა ეს პირობა.
რაც შეეხება დაზუსტებული საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენას, დაზუსტებული დეკლარაციით მისი წარმდგენი პირი ახდენს მის მიერ განხორციელებული ნებისმიერი ოპერაციის დაზუსტება/დაკონკრეტებას, რომლის განხორციელებაც მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის 3 წლიან ვადაშია შესაძლებელი (საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის თანხის დარიცხვისა და საგადასახადო ვალდებულების შესახებ საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული). შესაბამისად, შპს „ბლ-------------ას“ დაზუსტებული დეკლარაციის წარდგენის უფლება 2020 წლის 15 აპრილამდე აქვს.
კონკრეტულ შემთხვევაში უდავოა, რომ 2019 წლის 7 ოქტომბრამდე პერიოდში დაზუსტებული დეკლარაცია შპს „ბლ-------------ას“ შე-------–---------------ისთვის წარდგენილი არ აქვს. ამდენად, გაქვითვის შესახებ ურთიერთშეთანხმების პირობა იმის თაობაზე, რომ შპს „ბლ-------------ამ“ მოსარჩელის ნაცვლად მოახდინოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული, გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5%-იანი განაკვეთის გადახდა, კანონით დადგენილი წესით, ჯეროვნად და სრულყოფილად მოპასუხის მიერ განხორციელებული არაა.
ამდენად, შესაძლებელია დასკვნის გაკეთება, რომ შპს „ბლ-------------ას“ მხრიდან მხოლოდ 22/03/2017 წელს განხორციელებული გადახდა არ წარმოადგენს ურთიერთმოთხოვნების გაქვითვაზე შეთანხმებით მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვან შესრულებას და დამატებით ავალდებულებს მას აღნიშნული გადახდა კანონის შესაბამისად განახორციელოს. კანონის შესაბამისი გადახდა კი კონკრეტულ შემთხვევაში გულისხმობს საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენისას სადავო გადარიცხვის დანიშნულების დაკონკრეტებას, ხოლო ასეთის შეუსრულებლობის შემთხვევაში, დაზუსტებული დეკლარაციის წარდგენისას დაზუსტება-დაკონკრეტება-შესწორებას, რომლის წარდგენის ვადაც, როგორც აღინიშნა მოპასუხეს 2020 წლის 15 აპრილამდე აქვს.
რაც შეეხება შპს „ბლ-------------ას“ მითითებას, რომ გადარიცხვისთანავე თავად მოსარჩელეს უნდა მიემართა ბიუჯეტისთვის ჩათვლის მოთხოვნით, სასამართლო იზიარებს სს „ევ---------------–---ს“ პოზიციას, რომ ის უფლება-ვალდებულება რაც მოპასუხეს გააჩნია შე-------–---------------თან მიმართებით ურთიერთობაში, მოსარჩელე შპს „ბლ-------------ას“ ნაცვლად ვერ შეასრულება. ამასთან, თუკი არც საშემოსავლო დეკლარაციაში არ იქნებოდა გადახდის დანიშნულებაზე მითითება და არც დაზუსტებული იქნებოდა წარდგენილი, მოსარჩელე ვერ შეძლებდა გადახდის წყაროსთან ბიუჯეტში გადასახდელი თანხის 5%-იანი განაკვეთის ჩათვლას. უფრო მეტიც, უდავოა, რომ აღნიშნული გადარიცხვის განხორციელებისთანავე ჩარიცხული 101375.73 ლარი შპს „ბლ-------------ას“ ვალდებულებების გაქვითვას მოხმარდა - მოხდა ბიუჯეტის მიმართ მოპასუხის აღიარებული დავალიანების ნაწილის დაფარვა და ბიუჯეტში თანხის არარსებობა თავისთავად ჩათვლის შესაძლებლობას გამორიცხავს.
სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს დამატებით მიუთითოს, რომ საგადასახადო კოდექსი არ ზღუდავს პირს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლო გადახდები სხვა პირის ნაცვლად შეასრულოს. კონკრეტულ შემთხვევაში 22/03/2017 წლის საგადასახადო დავალებით არ დასტურდება, რომ შპს „ბლ-------------ას“ დაცული აქვს ეს პირობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 22.03.20178 წლის შეთანხმება ურთიერთმოთხოვნების გაქვითვაზე;
-შე-------–---------------ის 07/10/2019 წლის N 2----------- წერილი.
- 22/03/2017 წლის N 5------ საგადასახადო დავალება.
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2.2. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას, რომ ვინაიდან საგადასახადო კოდექსის 131-ე მუხლში განხორციელებული ცვლილება ეხება 2017 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებს, მოპასუხის მიერ განხორციელდა კანონიერი საფუძვლის გარეშე (უსაფუძვლო) გადარიცხვა და სახეზეა უსაფუძვლო წესებიდან გამომდინარე გადახდილი თანხის დაბრუნების პირობა.
(იხ. მსჯელობა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა სს „ევ---------------–---ს“ სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 361-ე, 976-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. მოსარჩელე მოთხოვნას აფუძნებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე, 981-ე ასევე 403-ე მუხლებზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის ა. ქვეპუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ა. ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში;
სასამართლო განმარტავს, რომ კონდიქციური ვალდებულების წარმოშობისათვის ერთი პირი უნდა მდიდრდებოდეს მეორის ხარჯზე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობდა, ან შემდგომში მოიშალა. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს იმ გარემოებას თუ, რის შედეგად წარმოიქმნა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი - თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე, არა აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ ჩადენილი მოქმედებების მართლზომიერებასა თუ მართლწინააღმდეგობას.
კონდიქციური ვალდებულების არსებობის სამართლებრივი საფუძვლით, სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია, დადგინდეს მხოლოდ ობიექტური შედეგი, რაც გულისხმობს ერთი პირის მიერ, მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენას (დაზოგვას) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე, ასევე, აუცილებელია, რომ გამდიდრება მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე იზრდება.
ნიშანდობლივია უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმების დაცვითი ფუნქცია, რომელიც უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი _ მიიღო თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია - ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და, აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას.
ამდენად, სკ-ის 976-ე მუხლი აწესრიგებს ისეთ შემთხვევებს, როდესაც შემსრულებელი ასრულებს ფაქტობრივად არარსებულ ვალდებულებას, რაც იწვევს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას მითითებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე.
6.2. მოსარჩელე თავის პოზიციას ამყარებს იმ გარემოებაზე, რომ 2017 წლის 13 ივლისს, საგადასახადო კოდექსში განხორციელდა ცვლილება და ამ ოპერაციებზე, მეწარმე იურიდიულ პირებისთვის მოიხსნა თანხის დაკავებისა და ბიუჯეტში გადარიცხვის ვალდებულება. ცვლილების მოქმედება გავრცელდა 2017 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. შესაბამისად, შპს „ბლ-------------ასა“ და სს „სა-----–----------------–-------სს“ შორის არსებულ ამ ურთიერთობაზეც, რაც გულისხმობს, რომ მოპასუხის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში თანხის გადარიცხვა კანონიერი საფუძვლის გარეშე (უსაფუძვლოდ) განხორციელდა.
სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსში განხორციელებული აღნიშნული ცვლილება იურიდიული პირები გადახდისაგან კი არ გაათავისუფლა, არამედ უფლება მისცა გადამხდელს, რომ მისი ჩათვლა მოახდინოს და ეს უფლება 2017 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე გავრცელდა. ანუ, გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით პროცენტის დაბეგვრის გადახდის ვალდებულება კვლავ არსებობს. კონკრეტულ შემთხვევაში ეს ოპერაცია მოპასუხის მიერ ჯეროვნად არ არის შესრულებული (იხ. 3.2.1. ფაქტობრივ გარემოებაში აღნიშნული მსჯელობა) და შესაბამისად, არც ჩათვლის წინაპირობაა სახეზე.
არც ის გარემოებაა სახეზე, რომ ვინაიდან ამ გადარიცხული თანხით მოხდა ბიუჯეტის მიმართ არსებული მოპასუხის ვალდებულების გაქვითვა, ამით უსაფუძვლოდ დაიზოგა სხვისი (მოპასუხის) ქონება. დაზუსტებული დეკლარაციის წარდგენამდე (მოპასუხეს დაზუსტებული საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენა 2020 წლის 15 აპრილამდე შეუძლია) ბიუჯეტში განხორციელებული სადავო გადარიცხვა წარმოადგენს მოპასუხის მიერ მისი თანხის კონკრეტული დანიშნულების გარეშე (საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენით მოპასუხემ არ მოახდინა გადახდის დანიშნულების დაკონკრეტება, არც დაზუსტებული საშემოსავლო დეკლარაცია აქვს წარდგენილი) სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვას, კუთვნილი ფულის განკარგვას.
დასკვნის სახით, სახეზე არაა უსაფუძვლო გამდიდრების წესებიდან გამომდინარე არც ძირითადი მოთხოვნის და არც სარგებლის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი. თუმცა, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ურთიერთმოთხოვნების გაქვითვაზე მხარეებს შორის არსებული 22.03.2017 წლის შეთანხმებით შპს „ბლ-------------ას“ ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად არ აქვს შესრულებული, მოსარჩელეს რჩება მოთხოვნის უფლება ამ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების 101375.72 ლარის შესრულება-არშესრულების ფარგლებში.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 3786 ლარი. დავის საგნის ოდენობის გათვალისწინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანხად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 3650.54 ლარს. შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 135,46 ლარი.
ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სახელმწიფო ბაჟიდან დარჩენილი 3650,54 ლარი ითვლება ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს ,,ევ---------------–---ს" სარჩელი შპს ,,ბლ-------------ას" მიმართ არ დაკმაყოფილდეს.
2. სს ,,ევ---------------–--ს" დაუბრუნდეს არ---–---------–--ის მიერ 16/02/2019 წელს სს ,,თი---------–ი“ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 3.786.00 ლარიდან ზედმეტად გადახდილი ბაჟი - 135.46 ლარის ოდენობით (საგადასახადო დავალება #0), რომელიც ჩაირიცხა სახელმწიფო ხაზინის შემდეგ ანგარიშზე: მიმღები ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი: 300773150.
3. სს ,,ევ---------------–---ს" მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
4. სს ,,ევ---------------–---ს" მოთხოვნა იურიდიული მომსახურების ხარჯის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მომდევნო პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ხათუნა კაკაბაძე