გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 23.01.2020
საქმის ნომერი
020310019002871710
კატეგორია
დავის ტიპი
შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე
თარიღი
23.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №020310019002871710

საქმე N3/42-19წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

23 იანვარი, 2020 წელი ქ. ზუგდიდი

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ფატი ფურცხვანიძე

სხდომის მდივანი - ანა კვირტია

 

მოსარჩელე - ნ-------- ე--------

წარმომადგენელი - ვ------- გ--------

 

მოპასუხე - შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი

წარმომადგენელი - უ--- მ-----

 

დავის საგანი - სახელფასო დავალიანების ანაზღაურება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.მოპასუხე შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტისათვის შსს ორგანოებში მუშაობის პერიოდში მოსარჩელეზე გაუცემელი ხელფასის - 390,96 ლარის დაკისრება (დაზუსტებული მოთხოვნა; 2020 წლის 23 იანვრის სხდომის ოქმი).

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელე მიუთითებს, რომ მუშაობდა შსს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დანაყოფში. მას მოპასუხისაგან მისაღები აქვს 1999 წელსა და 2003 წელში გაუცემელი შრომის ანაზღაურების თანხა 459,55 ლარის ოდენობით.

 

მოსარჩელემ 2020 წლის 23 იანვარს დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მიუთითა, რომ მისაღები აქვს 1999 წლის გაუცემელი შრომის ანაზღაურების თანხა, მათ შორის ძირითადი ხელფასი (თანამდებობრივი და წოდებრივი განაკვეთი) - 135,66 ლარი, წელთა ნამსახურების დანამატი - 28,77 ლარი, კვება (ულუფის ფულადი კომპენსაცია) -177 ლარი); ასევე, 2003 წლის გაუცემელი შრომის ანაზღაურების თანხა, მათ შორის ძირითადი ხელფასი (თანამდებობრივი და წოდებრივი განაკვეთი) – 49,53 ლარი, წელთა ნამსახურების დანამატი - 9,95 ლარი, კვება (ულუფის ფულადი კომპენსაცია) -59,00 ლარი.

 

მოსარჩელის წარმომადგენლის მითითებით, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში 2000 წელს განხორციელებული ცვლილების საფუძველზე, მოითხოვს მოპასუხეს დაეკისროს 1999 წლის გაუცემელი შრომის ანაზღაურების თანხა, მათ შორის ძირითადი ხელფასი (თანამდებობრივი და წოდებრივი განაკვეთი) - 135,66 ლარი, წელთა ნამსახურების დანამატი - 28,77 ლარი, კვება (ულუფის ფულადი კომპენსაცია) -177 ლარი) - საერთო ჯამში 341,43 ლარი და ასევე, 2003 წლის მხოლოდ ძირითადი ხელფასი (თანამდებობრივი და წოდებრივი განაკვეთი) – 49, 53 ლარი, ხოლო მოპასუხისათვის დასაკისრებელი თანხის საერთო რაოდენობა შეადგენს 390,96 ლარს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე მხარემ წერილობით შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ სცნო. მოპასუხის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ არსებობს გაუცემელი სახელფასო დავალიანება, რომლის გადახდა მიმდინარე წლის საბიუჯეტო ასიგნებათა ფარგლებში გათვალისწინებული არ არის. ამასთან, ხელფასის დანამატი არის პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულება და მისი დაკისრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს ხანდაზმულობის გამო.

 

3.დავის ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის საორგანიზაციო უზრუნველყოფის განყოფილების წამყვანი სპეციალისტის დიმიტრი ბარამიას 2018 წლის 25 დეკემბრის MIA 1 18 03102768 წერილით და ამონაწერით სახელფასო უწყისიდან ირკვევა, რომ 1999 და 2003 წლებში მოსარჩელისთვის დარიცხული და გაუცემელი შრომის ანაზღაურება შეადგენს 459,55 ლარს. მათ შორის ძირითადი ხელფასია (თანამდებობრივი და წოდებრივი განაკვეთი) – 185,19 ლარი, კვება (ულუფის ფულადი კომპენსაცია) – 236,00 ლარი.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1.დადგენილია, რომ მოსარჩელის მიმართ მოპასუხის სახელფასო გასაცემი დავალიანება, მოსარჩელის მოთხოვნით, შეადგენს 390,96 ლარს.

 

3.2.2.მოპასუხე მხარე მოსარჩელის მოთხოვნას არ აკმაყოფილებს, რადგან მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში არ არის გათვალისწინებული თანხები წინა წლებში წარმოქმნილი სახელფასო დავალიანებების დაფარვისათვის. ამასთან, მიიჩნევს, რომ სარჩელი ხანდაზმულია.

 

ნ-------- ე--------ს მოთხოვნა მიეკუთვნება სოციალურ დავათა კატეგორიას, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ხასიათის მოთხოვნები დაკავშირებულია პირის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინტერესებთან. ამასთან, მისი მოთხოვნა გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან. აღნიშნულის გამო, სარჩელი ხანდაზმული არ არის და მოპასუხემ კანონით დადგენილი წესით უნდა აანაზღაუროს სახელფასო დავალიანება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5.კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი; ,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონი; სადავო პერიოდში მოქმედი 1997 წლის 17 მარტის საქართველოს პრეზიდენტის №139 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულება;

 

6.სამართლებრივი შეფასება

 

6.1.სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული, სადავო პერიოდში, მოქმედი ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო უზრუნველყოფდა პოლიციის თანამშრომლის სოციალურ დაცვას. იმავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პოლიციის თანამშრომელი პოლიციაში სამსახურისთვის იღებდა ყოველთვიურ ხელფასს, რომელიც შეიცავდა თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს, წელთა ნამსახურობის დანამატს, რაიონულ კოეფიციენტს, სადაც იგი დაწესებულია; დანამატს დასვენებისა და უქმე დღეებში მუშაობისთვის, ღამის საათებში და ზეგანაკვეთური მუშაობისთვის და სხვა გასამრჯელოს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებსა და კომპენსაციებს. მსგავსი შინაარისის ნორმა იყო ასევე სადავო პერიოდში მოქმედი, საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის №139 ბრძანებულებით დამტკიცებული ”საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების 55-ე მუხლი, რომლითაც დადგენილი იყო, რომ პოლიციაში სამსახურისათვის თანაშრომელი იღებდა ხელფასს, რომელიც შეიცავდა თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთებს, ნამსახურობის დანამატს, სასურსათო ულუფის ღირებულებას (თუ იგი ნატურით არ ეძლეოდა) რაიონული კოეფიციენტს, სადაც იგი დაწესებული იყო, დანამატს დასვენების და უქმე დღეებში მუშაობისათვის და სხვა გასამრჯელოს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ დანამატებს და კომპენსაციებს.

 

ამდენად, საქართველოს კანონმდებლობით დაცული იყო ის პრინციპი, რომ მოსამსახურის წინაშე სახელმწიფო ორგანოსა და მოსამსახურეს შორის შრომითი ურთიერთობის გამო წარმოშობილ ვალდებულებებზე პასუხს აგებს სახელმწიფო ორგანო.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელის სახელფასო დავალიანება მოპასუხეს წარმოეშვა 1999 და 2003 წლებში და დღეისათვის მოსარჩელე დავობს ამ პერიოდში წარმოქმნილ და შეუსრულებელ ვალდებულებებზე. შესაბამისად, ეს სახელფასო ვალდებულებები უნდა შესრულდეს მათი წარმოქმნისა და შესრულების ვალდებულების წარმოშობის მომენტისათვის დადგენილი ნორმების მიხედვით.

 

საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ აწესრიგებს საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს და ამ კანონის მე-11 მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, პოლიციის თანამშრომლებზე აღნიშნული კანონის მოთხოვნები ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტით, მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი), ხოლო მითითებული მუხლის მე-4 პუნქტით, მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი და საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს დაფინანსების შემცირების საფუძველი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2000 წლის 28 ივნისამდე მოქმედი რედაქციით ”პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონით, ისევე როგორც ”საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის შესახებ” დებულების შესაბამის ნორმებით დადგენილი იყო, რომ პოლიციელის ხელფასი მოიცავდა არა მარტო თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს, არამედ ნამსახურობის დანამატს, სასურსათო ულუფის ღირებულებას და სხვა. თუმცა 2000 წლის 28 ივნისის №413 კანონით ”პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებით ხსენებული კანონის 31-ე მუხლი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, რომლის თანახმადაც, პოლიციის თანამშრომელი იღებს ხელფასს, რომელიც შეიცავს მხოლოდ თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე ითხოვს 1999 წლის ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის თვეების დავალიანებას, საერთო ჯამში 341,43 ლარის ანაზღაურებას, რომელიც მოიცავს ძირითად ხელფასს - თანამდებობრივი და წოდებრივი განაკვეთი) - 135,66 ლარს, წელთა ნამსახურების დანამატს - 28,77 ლარს, კვების (ულუფის ფულადი კომპენსაცია) -177 ლარს; ასევე, 2003 წლის გაუცემელ შრომის ანაზღაურების თანხას, მხოლოდ ძირითადი ხელფასის თანხას (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგო) – 49,53 ლარს. წელთა ნამსახურების დანამატის - 9,95 ლარისა და კვების (ულუფის ფულადი კომპენსაცია) - 59,00 ლარის ანაზღაურებაზე, უარი განაცხადა. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს ,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნებიდან და მას უნდა აუნაზღაურდეს 1999 წლის დავალიანება სრული მოცულობით, ხოლო 2003 წლის დავალიანებიდან მხოლოდ ძირითადი ხელფასის თანხა.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ რამდენადაც ევროპის სოციალური ქარტია სოციალურ საკითხად განიხილავს შრომითი ურთიერთობებს, შრომის უფლება სოციალური უფლებაა, რაც ადამიანის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინტერესებთან არის დაკავშირებული, მისი რეალიზაცია აუცილებელია ადამიანის არსებობისათვის და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულყოფილი მონაწილეობისათვის. სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში კი შესაძლოა პირი დარჩეს უმუშევარი, რაც მას აყენებს გარკვეული საფრთხეებისა თუ რისკ-ფაქტორების წინაშე. ამაზე მეტყველებს სხვა საერთაშორისო აქტებიც. კერძოდ, 1948 წლის 10 დეკემბრის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, კონვენცია დასაქმების პოლიტიკის შესახებ და სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი.

 

საყოველთაო დეკლარაციის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება. ამავე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება იღებდეს სამართლიანსა და დამაკმაყოფილებელ გასამრჯელოს.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა ექვემდებარება დაკმაყოფილებას.

 

6.2.სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია და დამატებით განმარტავს შემდეგს:

 

,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსამსახურეს აქვს უფლებები და გარანტიები მიიღოს თანამდებობრივი ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური საშუალებები და პირობები, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობით მოსამსახურეთათვის შეიძლება გათვალისწინებული იქნეს სხვა დამატებითი უფლებები და გარანტიები... ასეთი ხასიათის დამატებით უფლებები და გარანტიები შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთათვის მოცემულია სპეციალური ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმებით. სახელდობრ, ,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, პოლიციელის სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიას იძლევა სახელმწიფო და მათი სამსახურის განსაკუთრებული პირობების გათვალისწინებით, პოლიციელის სხვა დამატებითი სოციალური დაცვის გარანტიები განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით.

 

საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის №139 ბრძანებულებით განისაზღვრა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოხელეთათვის სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობები, რომლის 55-ე მუხლის თანახმად, პოლიციაში სამსახურისათვის თანამშრომელი იღებს ხელფასს, რომელიც შეიცავს თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს, ნამსახურეობის დანამატს, სასურსათო ულუფის ღირებულებას (თუ იგი ნატურით არ ეძლევათ) რაიონულ კოეფიციენტს, სადაც იგი დაწესებულია, დანამატს დასვენებისა და უქმე დღეებში მუშაობისათვის და სხვა გასამრჯელოს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ დანამატებსა და კომპენსაციებს. აღნიშნული ნორმა იმპერატიული ხასიათისაა, ამდენად, შრომითი გასამჯელოს - ხელფასის, ფულადი ჯილდოს, მატერიალური დახმარების და სასურსათე ულუფის გაცემის ვალდებულება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკისრია კანონმდებლობის საფუძველზე, ანუ იგი ადმინისტრაციული ორგანოს კანონისმიერი ვალდებულებაა, უფრო მეტიც, შინაგან საქმეთა ორგანოს მოსამსახურეს მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი ნორმის ფარგლებში უნდა მიეცეს ზემოთმითითებული დანამატები და ამ დანამატების გაცემა ხორციელდება ბიუჯეტის ხარჯზე, კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ეს სამართლებრივი ნორმა მოსარჩელეს ანიჭებს შესაძლებლობას, მოითხოვოს სახელმწიფოსგან მიუღებელი შრომითი გასამჯელო - ხელფასი, ფულადი ჯილდო, მატერიალური დახმარება და სასურსათე ულუფა, რადგან ამ მოთხოვნის უფლების რეალიზების შესაძლებლობა არ არის შეზღუდული დროის კონკრეტული პერიოდით.

 

რაც შეეხება ხანდაზმულობის ვადას 1999 წლის დავალიანების ნაწილში (2003 წლის დავალიანებასთან დაკავშირებით კი მოსარჩელემ პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების ნაწილში თავადვე განაცხადა უარი მოთხოვნაზე), აგრეთვე პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების გამო მოთხოვნის უფლებას, სასამართლო მიუთითებს, რომ ეს სამართლებრივი ინსტიტუტები შემოღებულია კერძო სამართლის საკანონმდებლო აქტით – საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, რომლის პირველი მუხლით განსაზღვრულია, რომ სამოქალაქო კოდექსით მოწესრიგებულია პირთა თანასწორობაზე დამყარებული კერძო ხასიათის ქონებივი, საოჯახო და პირადი ურთიერთობები, ხოლო 129-ე მუხლი მოქმედებს კერძო სამართლებრივი ურთიერთობების სფეროში, აწესრიგებს სამოქალაქო სამართლებრივი სახელშეკრულებო მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადებს, რასაც ნამდვილად არ განეკუთვნება მოსარჩელესა და ადმინისტრაციულ ორგანოს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა. კერძოდ, უდავოა, რომ მოსარჩელე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა როგორც საჯარო მოსამსახურე და ეს ურთიერთობები რეგულირდება საჯარო სამართლის საკანონმდებლო აქტებით - ,,პოლიციის შესახებ“ და “საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით, აგრეთვე “საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის №139 ბრძანებულებით.

 

ნათელია, რომ სახეზეა არა კერძოსამართლებრივი სახელშეკრულებო ურთიერთობიდან წარმოშობილი დავა, არამედ ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართალურთიერთობიდან წარმოშობილი დავა. საქმის მასალების თანახმად, მოსარჩელესა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის დადებული არ ყოფილა რაიმე სახის ხელშეკრულება, მათ შორის ურთიერთობა რეგულირდებოდა საჯარო კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების – ბრძანებების, მეშვეობით, ამიტომ განსახილველ სასარჩელო მოთხოვნაზე ვერ გავრცელდება სახელშეკრულებო მოთხოვნათა ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. ამასთან, საქართველოს კონსტიტუციით დაცულია მოქალაქეთა შრომითი უფლებები და გარანტირებულია შრომის სამართლიანი ანაზღაურება, ის რომ შესრულებული სამუშაოსათვის მუშაკმა უნდა მიიღოს შრომის შესაბამისი ანაზღაურება ეს საყოველთაოდ ცნობილი დამსაქმებლის კანონისმიერი ვალდებულებაა და ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება არა მხოლოდ არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს კანონს, არამედ იგი შესაბამისობაში უნდა იყოს მოქმედ კანონმდებლობასთან. მოცემულ შემთხვევაში კი მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მოხელისათვის შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებისაგან პასუხისმგებლობის აცილებას მოთხოვნის ხანდაზმულობის საფუძვლით, რასაც განსახილველ შემთხვევაში აქვს ადგილი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, რადგან აღნიშნული ეწინააღმდეგება სამართლის ზოგად პრინციპებს – სამართალურთიერთობის სტაბილურობის, კეთილსინდისიერების და კანონიერების პრინციპებს, გარდა ამისა ადმინისტრაციული ორგანოს ამგვარი ქმედება, მოსარჩელის უფლების (მიიღოს შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება) მიმართ ამგვარი დამოკიდებულება ეწინააღმდეგება ასევე სახელმწიფოს პოლიტიკას პრიორიტეტულად დაიცვას ადამიანის უფლებები, მათ შორის შრომითი უფლებები და შრომის სამართლიანი ანაზღაურება, რადგან ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით, აღიარებულია, რომ ყოველ მუშაკს აქვს უფლება იღებდეს სამართლიანსა და დამაკმაყოფილებელ გასამრჯელოს, რომელიც უზრუნველყოფს ღირსეულ ადამიანურ არსებობას თვითონ მისთვის და მისი ოჯახისათვის და რომელსაც, როცა აუცილებელია ემატება სოციალური უზრუნველყოფის სხვა სახსრები.

 

გარდა ამისა, სასამართლო აღნიშნავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 1341 მუხლის თანახმად, დადგენილია და შესაბამისად, აღიარებულია რომ 2005 წლის 1 იანვრამდე გათავისუფლებული საჯარო მოხელეების მიმართ არსებობს საბიუჯეტო დავალიანებები და კუთვნილი თანხის გაცემა უნდა განხორციელდეს წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანებების დაფარვის წესის შესაბამისად.

 

ამრიგად, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ დაწესებულებას, მოსარჩელის მიმართ არსებული სახელფასო დავალიანების ანაზღაურებაზე უარი, კანონშეუსაბამოა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხე შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს მოსარჩელის მიმართ სამუშაოდან გათავისუფლების დროისათვის საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, გაუცემელი დარჩა სახელფასო თანხა 390,96 ლარი, რისი გადახდაც უნდა დაეკისროს მოპასუხეს ნ-------- ე--------ს სასარგებლოდ.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ,,ევროპის სოციალურ ქარტიაზე’’ დაყრდნობით განმარტებულ იქნა, რომ შრომითი დავა, რომელიც დაკავშირებულია შრომის, როგორც სოციალური უფლების რეალიზაციასთან, განხილულიყო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ დავად. შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-9, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 244-ე, 245-ე, 248-ე, 249-ე, 258-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1.ნ-------- ე--------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2.შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს მოსარჩელე ნ-------- ე--------ს სასარგებლოდ დაეკისროს 390,96 ლარის გადახდა;

 

3.მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. ზუგდიდი, რევაზ ლაღიძის ქ. №12).

 

მოსამართლე ფატი ფურცხვანიძე