გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 23.01.2020
საქმის ნომერი
020316219002878700
კატეგორია
დავის ტიპი
უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა–არარსებობის დადგენის შესახებ
თარიღი
23.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №020316219002878700

საქმე N3/47-19წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

23 იანვარი, 2020 წელი ქ. ზუგდიდი

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ფატი ფურცხვანიძე

სხდომის მდივანი - ანა კვირტია

 

მოსარჩელე - ა-–---------- ჯ--–--------

წარმომადგენელი - მ----- ნ--------

 

მოპასუხე - სსიპ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N1 საჯარო სკოლა

წარმომადგენელი - დირექტორი ე-–------ რ------

 

დავის საგანი - სამართლებრივი ურთიერთობის აღიარება

 

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. აღიარებული იქნეს ა-–---------- ჯ--–--------ს (დაბადებული:1973 წლის 06 იანვარს; პ/ნ:5----------) მიერ 1990 სასწავლო წელს წალენჯიხის რაიონის სოფელ ლიის საშუალო სკოლაში, ამჟამად სსიპ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N1 საჯარო სკოლაში, სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტი (იხ. 2020 წლის 23 იანვრის სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - სსიპ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N1 საჯარო სკოლამ წარმოდგენილი შესაგებლით ცნო სარჩელი.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

ა-–---------- ჯ--–--------მ 1990 სასწავლო წელს დაამთავრა წალენჯიხის რაიონის სოფელ ლიის საშუალო სკოლა და მასზე გაიცა ატესტატი, რომელიც მან დაკარგა გაურკვეველ ვითარებაში

 

ა-–---------- ჯ--–--------მ 2019 წლის 08 აპრილს განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ზუგდიდის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა მის სახელზე სრული ზოგადი განათლების ატესტატის დუბლიკატის გაცემა.

 

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ზუგდიდის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2019 წლის 22 აპრილის N29/563/გ გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა ა-–---------- ჯ--–--------ს განცხადება, იმ საფუძვლით რომ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან მიღებული კორესპოდენციის თანახმად, სკოლაში იძებნება IX კლასში ჩარიცხვის ინფორმაცია, ხოლო მოქალაქის მიერ სკოლის საბაზო საგანმანათლებლო პროგრამის დამთავრების შესახებ ინფორმაცია არ იძებნება.

 

სსიპ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N1 საჯარო სკოლის დირექტორის 2019 წლის 12 აპრილის წერილით ირკვევა, რომ ა-–---------- ჯ--–--------ს შესახებ, სსიპ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N1 საჯარო სკოლაში, არსებობს 1985-1999 წლების ბრძანებების წიგნი, სადაც აღნიშნულია, რომ ა-–---------- ჯ--–--------1986 წლის 31 აგვისტოს N1 ბრძანების შსაბამისად, ჩაირიცხა ლიის საშუალო სკოლის მე-9 კლასში. სხვა რაიმე სახის დოკუმენტი, სკოლას არ მოეპოვება. ამასთან, 1985-2006 წლების დოკუმენტაციის დიდი ნაწილი სკოლაში არ იძებნება (სავარაუდოდ განადგურებულია).

 

წალენჯიხის რაიონის ლიის საშუალო სკოლის 1986-1999 წლების ბრძანების წიგნის მონაცემით, ბრძანება N2, ლიის საშუალო სკოლის IX კლასში ჩაირიცხა 36 მოსწავლე, მათ შორის ა-–---------- ჯ----–-ს ძე ჯ--–--------.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ა-–---------- ჯ--–--------ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანება ,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ”.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ხოლო მე-2 ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია საქმე მორიგებით დაამთავროს, უარი თქვას სარჩელზე ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

 

მოპასუხე - სსიპ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N1 საჯარო სკოლამ წარმოდგენილ შესაგებელში, ხოლო სასამართლო პროცესზე გამოცხადებულმა სკოლის დირექტორმა ცნო სარჩელი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამათალწარმოებისაგან განსხვავებით, ადმინისტრაციულ სასამართლოს ენიჭება დამატებითი ფუნქცია, შეამოწმოს რამდენად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას, ანუ რამდენად კანონშესაბამისია ადმინისტრაციული ორგანოების მიერ სარჩელის ცნობა.

 

განსახილეველ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა არ შეიცავს კანონსაწინააღმდეგო დებულებებს და მისი მოქმედება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას შემდეგ გარემოებათა გამო:

 

7.2. მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლი. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის აღძვრის დამატებით წინაპირობას წარმოადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობა - სახეზე უნდა იყოს პირის უფლების დარღვევის რეალური საშიშროება; ან მოპასუხე უნდა ეცილებოდეს მოსარჩელეს უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობაში (ან არ არსებობაში). გარდა ამისა, აღიარებით სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილება შედეგიანი უნდა იყოს მოსარჩელისათვის, მოსარჩელემ თავად უნდა მიუთითოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომლის დადგომის კანონიერი ინტერესიც გააჩნია.

 

ამრიგად, სასამართლოს მიერ აღიარებით სარჩელზე მისაღები გადაწყვეტილების მიმართ მოსარჩელის კანონიერი ინტერესი უნდა მდგომარეობდეს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის დადგენაში.

 

საქმის მასალებითა და მხარეთა განმარტებებით, უდავოდ დადგენილია მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა - სწავლების შედეგად ა-–---------- ჯ--–--------მ მიიღო სრული ზოგადი განათლება, რის საფუძველზეც გაიცა შესაბამისი დოკუმენტი, რომელიც მან დაკარგა გაურკვეველ ვითარებაში.

 

საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლი ადგენს, რომ ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. სკოლამდელი აღზრდა და განათლება უზრუნველყოფილია კანონით დადგენილი წესით.

 

ამდენად, მოსარჩელის კონსტიტუციური უფლების რეალიზებას ემუქრება გარკვეული საშიშროება, რომლის თავიდან აცილებაც უნდა მოხდეს სასამართლოს მიერ, სადავო სამართალურთიერთობის არსებობის დადგენით. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის ინტერესი სამართლებრივი ურთიერთობის აღიარების თაობაზე წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონიერ ინტერესს, ამასთან, სამართლებრივი ურთიერთობის დაუდასტურებლობის შემთხვევაში, ილახება მისი საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლით გარანტირებული უფლება.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვას წარმოადგენს მოსარჩელის მიერ სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტის აღიარება. ამასთან, მოსარჩელის მიერ აღიარებითი სარჩელის აღძვრის კანონიერი ინტერესია ზოგადი განათლების მიღების ფაქტის აღიარება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის პირობებში მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ფაქტის დადგენა ხდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სსიპ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N1 საჯარო სკოლის დირექტორის 2019 წლის 12 აპრილის წერილით დადგენილია, რომ ა-–---------- ჯ--–--------ს შესახებ, სსიპ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N1 საჯარო სკოლაში, არსებობს 1985-1999 წლების ბრძანებების წიგნი, სადაც აღნიშნულია, რომ ა-–---------- ჯ--–--------1986 წლის 31 აგვისტოს N1 ბრძანების შსაბამისად, ჩაირიცხა ლიის საშუალო სკოლის მე-9 კლასში. სხვა რაიმე სახის დოკუმენტი, სკოლას არ მოეპოვება. ამასთან, 1985-2006 წლების დოკუმენტაციის დიდი ნაწილი სკოლაში არ იძებნება, განადგურებულია.

 

წალენჯიხის რაიონის ლიის საშუალო სკოლის 1986-1999 წლების ბრძანების წიგნის მონაცემით, ბრძანება N2, ლიის საშუალო სკოლის IX კლასში ჩაირიცხა 36 მოსწავლე, მათ შორის ა-–---------- ჯ----–-ს ძე ჯ--–--------.

 

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებელით, ხოლო სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა სსიპ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N1 საჯარო სკოლის დირექტორმა ცნო სარჩელი

 

7.3. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა. ზოგად განათლებას კანონით დადგენილი წესით სრულად აფინანსებს სახელმწიფო.

 

საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებული განათლების მიღების ხელმისაწვდომობის ზემოაღნიშნული ზოგადი პრინციპი კონკრეტიზირებულია ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით, რომლის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების პირობებს, ზოგადი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) სტატუსს, მათი დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის წესს, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთა საქმიანობის წარმართვის პირობებსა და წესს.

 

მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სრული ზოგადი განათლების მიღება გულისხმობს ზოგადი განათლების საშუალო საფეხურისა და სკოლის გამოსაშვები გამოცდების დაძლევას, რის საფუძველზედაც გაიცემა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი, ყველას აქვს სრული ზოგადი განათლების მიღების თანაბარი უფლება, რათა სრულად განავითაროს თავისი პიროვნება და შეიძინოს ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია კერძო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარმატების მიღწევის თანაბარი შესაძლებლობებისთვის. დაწყებითი და საბაზო განათლების მიღება სავალდებულოა.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს ზემოაღნიშნული კანონის საფუძველზე მიღებულ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა ,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესი”. აღნიშნული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმებს განეკუთვნება: ა) საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – საბაზო ზოგადი განათლების ატესტატი; ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – სრული ზოგადი განათლების ატესტატი; ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების უფლება აქვს პირს, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით დაძლევს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიღწევის დონეს.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს განათლების მიღების სავალდებულო პრინციპზე და აღნიშნული განათლების მიღების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების უფლებაზე და განმარტავს, რომ საქმეზე დადგენილია ა-–---------- ჯ--–--------ს მიერ 1990 წელს წალენჯიხის რაიონის სოფელ ლიის საშუალო სკოლაში, ამჟამად სსიპ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N1 საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისა და სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტი.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული სამართლის ნორმებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის ინტერესი სამართლებრივი ურთიერთობის აღიარების თაობაზე, წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონიერ ინტერესს. ამასთან, აღნიშნულ უფლებას მოსარჩელეს ანიჭებს ზემოაღნიშნული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ა-–---------- ჯ--–--------ს მიერ სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტი, რაც წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენს.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი -100 ლარი, ასევე დადგენილია, რომ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ ცნო სარჩელი. იმის გათვალსწინებით, რომ ასეთ პირობებში მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 25-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის მე-8, 49-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ა-–---------- ჯ--–--------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. აღიარებული იქნეს ა-–---------- ჯ--–--------ს(დაბადებული:1973 წლის 06 იანვარს; პ/ნ:5----------) მიერ 1990 სასწავლო წელს წალენჯიხის რაიონის სოფელ ლიის საშუალო სკოლაში, ამჟამად სსიპ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N1 საჯარო სკოლაში, სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტი.

 

3. ა-–---------- ჯ--–--------ს დაუბრუნდეს შ------- ჯ--–--------ს მიერ სს „საქართველოს ბანკში” 2019 წლის 01 მარტს N12 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარი.

 

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. ზუგდიდი, რევაზ ლაღიძის ქ. №12).

 

მოსამართლე: ფატი ფურცხვანიძე