გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/82-2019
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
19 ნოემბერი, 2019 წელი ქ. ხონი
სამტრედიის რაიონული სასამართლოს
მაგისტრატი მოსამართლე ხონის მუნიციპალიტეტში ნონა ზარქუა
მოსარჩელე - ნ---- ჯ------–--ე;
მოპასუხე - რ------ ნ------;
დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება.
სასამართლო განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენა.
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე რ------ ნ------სათვის არასრულწლოვანი შვილის - 2----–-–-- 0------------ დაბადებულ მ------ ნ------ს აღსასზრდელად ალიმენტის სახით ყოველთვიურად 200 ლარის დაკისრება.
მოსარჩელის მითითებით, 2016 წლის 21 ივლისიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება მოპასუხე რ------ ნ------სთან. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი, მ------ ნ------, დაბადებული 2----–-–-- 0------------. თავდაპირველად ურთიერთობა მეტ-ნაკლებად მშვიდი იყო, თუმცა იყო მცირე კონფლიქტები, რომლის მოგვარება ოჯახის შენარჩუნების მიზნით ხერხდებოდა. 2019 წლიდან მათ შორის ურთიერთობა თანდათან დაიძაბა. გახდა კონფლიქტური, ცხოვრება უწევდა სტრესის ქვეშ. მათი ოჯახი არ შედგა მიუხედავად სიყვარულისა და ურთიერთპატივისცემისა. ოჯახი დაეშალათ და დარჩა მხოლოდ ფორმალურად ქორწინების რეგისტრაციის სახით. განქორწინებასთან ერთად ითხოვს მოპასუხისათვის ალიმენტის დაკისრებას მ------ ნ------ს რჩენისათვის.
(სარჩელი, სასამართლოს 2019 წლის 19 ნოემბრის სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1 მოპასუხემ ნაწილობრივ სცნო სარჩელი და განმარტა, რომ არის აფხაზეთიდან დევნილი პირი და ცხოვრობს ოკუპირებულ გალის რაიონის სოფელ აჩიგვარაში, უკიდურეს გაჭირვებაში, სადაც არანაირი შემოსავლის წყარო აღარ არის დარჩენილი. ასევე არის მეორე ჯგუფის ინვალიდი, მას ყველანაირ სამუშაოზე მუშაობა არ შეუძლია. ასევე განმარტა, ეთანხმება სარჩელში მითითებულ გარემოებებს, რომ მის შვილს მ------ ნ------ს სჭირდება ზრუნვა მშობლებისაგან, თუმცა მას სხვა ორი შვილიც ყავს, რომლებზეც მხოლოდ ის ზრუნავს და მათი დედა ამაში არანაირ მონაწილეობას არ ირებს. უწევს ცხოვრება დევნილის შემწეობითა და ინვალიდობის პენსიით, იძულებულია აღნიშნული თანხები იმყოფინოს თავისთვის და თავის შვილების თავის გასატანად. მისთვის ყოველთვიურად 200 ლარის გადახდა არის შეუძლებელი და რომც შეძლოს მისი გადახდა ეს, იმას ნიშნავს, რომ ორი შვილი საერთოდ მშიერი დარჩება. ა-–---- და ა----- ნარსიები, მ------ისაგან განსხვავებით არიან სკოლის მოსწავლეები და სხვა ყველაფერთან ერთად სასკოლოდაც სჭირდებათ თანხები. ის თანახმაა თავისი არასრულწლოვანი შვილის მ------ ნ------ს სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად გადაიხადოს 50 ლარი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე და მოპასუხე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან და ჰყავთ შვილი 2----–-–-- 0------------ დაბადებული მ------ ნ------ (პ/ნ 1----------).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქორწინებისა და დაბადების მოწმობები (ს.ფ. 15-16). მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლოს 2019 წლის 19 ნოემბრის სხდომის ოქმი).
3.1.2. მოსარჩელე ნ---- ჯ------–--ესა და მოპასუხე რ------ ნ------ს საქორწინო ურთიერთობა ფაქტობრივად შეწყვეტილია. მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და არ ეწევიან ერთიან მეურნეობას;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მხარეთა ახსნა-განმარტება (სასამართლო 2019 წლის 19 ნოემბრის სხდომის ოქმი);
3.1.3. არასრულწლოვანი მ------ ნ------ ცხოვრობს მოსარჩელესთან ნ---- ჯ------–--ესთან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მხარეთა ახსნა-განმარტება (სასამართლო 2019 წლის 19 ნოემბრის სხდომის ოქმი);
3.1.4. მოსარჩელე ნ---- ჯ------–--ე არის დასაქმებული და გააჩნია მატერიალური შემოსავალი, თვეში დაახლოებით 300 ლარის დენობით;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მხარეთა ახსნა-განმარტება (სასამართლო 2019 წლის 19 ნოემბრის სხდომის ოქმი);
3.1.5. მოპასუხე რ------ ნ------ არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი. ის ამჟამად ცხოვრობს ოკუპირებულ გალის რაიონის სოფელ აჩიგვარაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა (ს.ფ. 94)
3.1.6. მოპასუხე რ------ ნ------ არის მეორე ჯგუფის ინვალიდი და იღებს პენსიას 70 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროს საპენსიო მოწმობა N26-16-03787 (ს.ფ. 93)
3.1.7. მოპასუხე რ------ ნ------ს პირველი ქორწინებიდან ჰყავს ორი შვილი 2----–-–-- 2--------–- დაბადებული ა-–---- ნ------ და 2----–-–-ს 2------------–- დაბადებული ა----- ნ------, რომლებიც ცხოვრობენ მოპასუხესთან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაბადების მოწმობები (ს.ფ. 89-90). მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლოს 2019 წლის 19 ნოემბრის სხდომის ოქმი).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. რ------ ნ------ არ მუშაობს და მას, როგორც დასაქმებულს სტაბილური შემოსავალი არ აქვს. რაიმე მტკიცებულება, აღნიშნულის საწინააღმდეგო საქმეში არ არის.
3.2.2 რ------ ნ------ არ ღებულობს მონაწილეობას არასრულწლოვანი შვილის მ------ ნ------ს რჩენა-აღზრდაში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სსსკ-ის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე მონაწილეობას არ იღებს არასრულწლოვანი შვილის აღზრდაში. მოპასუხე მხარე აღნიშნული გარემოების გასაქარწყლებლად შემოიფარგლა სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით, რაც სასამართლოსთვის არ არის სარწმუნო და საკმარისი.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას და განკუთვნილია არასრულწლოვნის ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის, მშობლების, ასევე შვილების რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე, 1163-ე, 1198-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილი, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1234-ე, მუხლები.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის 20 ნოემბრის “ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენცია (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან);
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის 20 ნოემბრის “ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ.
აღნიშნული კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.
ამავე კონვენციის მე-18 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.
6.2 “ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის 27-ე მუხლის თანახმად, ყოველი ბავშვის უფლებაა უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
კონვენციის ზემოხსენებული დანაწესი ადგენს მშობელთა ვალდებულებას, უზრუნველყონ თავიანთი შვილების მატერიალური კეთილდღეობა. აღნიშნული მიზნით მშობლები თანხმდებიან შვილის სარჩენად განკუთვნილი ალიმენტის ოდენობის შესახებ, თუმცა მითითებული შეთანხმების მიუღწევლობისას გადაწყვეტილებას ალიმენტის მოცულობის თაობაზე იღებს სასამართლო. კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.
ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში.
6.3 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე და 1213-ე მუხლების თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. ამავე კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე ითვალისწინებს მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე.
ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად, ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე ითვალისწინებს მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე.
აღნიშნულ ნორმათა ანალიზის შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მშობელს, რომელთანაც შვილი არ იზრდება და რომელიც ყოველდღიურად ვერ მონაწილეობს ბავშვის აღზრდა-განვითარებაში, ალიმენტის სახით, უნდა დაეკისროს იმ ოდენობით თანხის გადახდა, რაც უზრუნველყოფს ბავშვის აღზრდა-განვითარებისთვის აუცილებელი ხარჯის მინიმუმს და ამავდროულად, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მშობლების (და შვილების) რეალური მატერიალური მდგომარეობა.
განსახილველ შემთხვევაში, რ------ ნ------ს ალიმენტის გადახდა ეკისრება მცირეწლოვანი შვილის სასარგებლოდ, რომელიც საცხოვრებლად მასთან არ იმყოფება. შესაბამისად, რ------ ნ------ს ვალდებულება შემოფარგლულია მხოლოდ დაკისრებული თანხის გადახდით. სასამართლო ითვალისწინებს, რომ არასრულწლოვანი ბავშვი ცხოვრობს დედის ნ---- ჯ------–--ის რჩენა-კმაყოფაზე.
ასევე საგულისხმოა ის გარემოება, რომ მოპასუხე რ------ ნ------ს პირველი ქორწინებიდან ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი ა-–---- და ა----- ნარსიები და მათ წინაშე ასევე გააჩნია რჩენა აღზრდის ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი. მოცემული ნორმა დისპოზიციურობის პრინციპს წარმოადგენს, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ფუძემდებლური პრინციპია. მისი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი სრულ თავისუფლებას ანიჭებს მხარეებს, საკუთარი შეხედულებით განკარგონ მათი უფლებები. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა კი აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა, რომელიც პროცესის მონაწილის თავისუფალი ნების გამოვლინების შედეგია. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე რ------ ნ------მ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ 50 ლარის მოთხოვნის ნაწილში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნ---- ჯ------–--ის სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მშობლებისა და შვილის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით არასრულწლოვანი მ------ ნ------ს ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა იქნება 100 ლარი.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის I ნაწილის “ა” ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არა ნაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებს, გარდა შვილად აყვანის, მშობლის უფლების ჩამორთმევის, მამობის დადგენის და განქორწინების საქმეებისა, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა ბავშვის მიკუთვნების თაობაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს მოცემული მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე ნ---- ჯ------–--ე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ვინაიდან მოსარჩელე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მოპასუხე რ------ ნ------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8, 38-ე, 39-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. მოსარჩელე ნ---- ჯ------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე რ------ ნ------ს (პ/ნ 6----------) არასრულწლოვანი შვილის - 2----–-–-- 0------------ დაბადებულ მ------ ნ------ს სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 100 (ასი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2019 წლის 20 ივნისიდან, მისი სრულწლოვანების ასაკის მიღწევამდე;
3. მოპასუხე რ------ ნ------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხონის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხონის მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნონა ზარქუა