გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/5314-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
27 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დავით წერეთელი
სხდომის მდივანი თამილა ახვლედიანი
მოსარჩელე - ინ-- ფო-----ე
წარმომადგენელი - კა---–-- სი------
მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
წარმომადგენელი - ლე--- ბა--------–--ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 5 ივნისის №0------- წერილობითი მიმართვა მოსარჩელე ინ-- ფო-----ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 20 ივნისის №0------- წერილობითი მიმართვა მოსარჩელე ინ-- ფო-----ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;
1.3. დაევალოს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე ინ-- ფო-----ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ სარჩელი არ ცნო, მისი წარმომადგენლის ახსნა-განმარტებით სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს და არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. მოსარჩელე ინ-- ფო-----ე არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი.
დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 14 სექტემბრის №1------- განკარგულებით, მოსარჩელე ინ-- ფო-----ის ოჯახს გადაეცა საცხოვრებელი ფართი, ქ. თბილისში დელისის ქ. I----- მიმდებარედ. ოჯახის შემადგენლობაში, რომელსაც პრეზიდენტის განკარგულებით საცხოვრებელი ფართი გადაეცა მითითებული იყო მოსარჩელე ინ-- ფო-----ეც.
საქართველოს პრეზიდენტის აღნიშნული განკარგულებით განისაზღვრა, რომ უძრავი ნივთი საკუთრებაში გადაეცემოდათ შესაბამისი დევნილი ოჯახის უფროსებს და მისი ვალდებულება იყო საცხოვრებელი ფართით უზრუნველეყო თავისი ოჯახის წევრები, ხოლო მოსარჩელე ინ-- ფო-----ის ოჯახის უფროსად მითითებული იქნა მისი ძმა - კა------ ფო-----ე. შესაბამისად, საცხოვრებელი ფართი საკუთრების უფლებით, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იქნა მოსარჩელის ძმის სახელზე, რომელიც ვალდებული იყო საცხოვრებლით უზრუნველეყო თავისი ოჯახის წევრები, მათ შორის მოსარჩელე ინ-- ფო-----ე.
მოსარჩელე ინ-- ფო-----ეს საქართველოს პრეზიდენტის აღნიშნული განკარგულება არ გაუსაჩივრებია.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა (ს.ფ.15);
- საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 14 სექტემბრის №1------- განკარგულება და მისი დანართი (ს.ფ. 79-82);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 83);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
3.2. 2019 წლის 8 მაისს, მოსარჩელე ინ-- ფო-----ემ განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მისი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა ითხოვა.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 5 ივნისის წერილობითი მიმართვით, მოსარჩელე ინ-- ფო-----ის განცხადება, მისი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ მისი ოჯახი უკვე უზრუნველყოფილი იყო გრძელვადიანი საცხოვრებლით.
მოსარჩელე ინ-- ფო-----ემ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 5 ივნისის წერილობითი მიმართვა ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში, თუმცა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 20 ივნისის წერილობითი მიმართვით, მისი საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 5 ივნისის №0------- წერილობითი მიმართვა (ს.ფ. 90);
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 20 ივნისის №0------- წერილობითი მიმართვა (ს.ფ. 91);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ინ-- ფო-----ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის, პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველასათვის გარანტირებულია თავისი უფლებებისა და თავისუფლებების სასამართლოს მეშვეობით დაცვის უფლება.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საცხოვრებელ ფართობთან/საბინაო საკითხებთან დაკავშირებული დავები წყდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 202-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის თაობაზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და იგი უნდა აკმაყოფილებდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისთვის ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს.
ამრიგად, სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული ნორმების დეფინიციიდან გამომდინარე, გასაჩივრებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 5 ივნისის №0------- წერილობითი მიმართვა მოსარჩელე ინ-- ფო-----ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 20 ივნისის №0------- წერილობითი მიმართვა მოსარჩელე ინ-- ფო-----ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ წერილობითი მიმართვა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. შესაბამისად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს თუ არა საქართველოს კანონმდებლობიდან მოსარჩელის მოთხოვნა მისი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების შესახებ.
6.2. სასამართლო უპირველეს ყოვლისა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაზე, რომელიც ნორმატიულ-სამართლებრივად გამოხატავს საქართველოს მოქალაქეთა ურყევ ნებას დაამკვიდრონ სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო.
სასამართლო აღნიშნავს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მიხედვით, ეს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს.
მითითებული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ და „ო“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრებ, ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი). ამასთან, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა (შემდგომ – გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა) არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა, ხოლო იმავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, იძულებითი გადაადგილებისას უსახლკაროდ დარჩენილ დევნილს სამინისტრო სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრებლით. სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფისას სამინისტრო არეგისტრირებს დევნილს განსახლების ადგილზე. სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.
ამრიგად, სასამართლო განმარტავს, რომ კანონი ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილი ოჯახის და არა ოჯახის თითოეული წევრის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულებას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის (დანართი №1) პირველი მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ამ წესის შესაბამისად არ განიხილება იმ დევნილი ოჯახების განაცხადები, რომლებსაც, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი ფართი ან/და ერთჯერადი ფულადი დახმარება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ბოლო ეტაპზე განიხილება იმ დევნილი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას, მათ შორის იმ დევნილი ოჯახების, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)მა საკუთარი სახსრებით შეიძინეს საცხოვრებელი ფართი.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით და მხარეთა ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ინ-- ფო-----ე არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი და დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 14 სექტემბრის №1------- განკარგულებით, მოსარჩელე ინ-- ფო-----ის ოჯახს გადაეცა საცხოვრებელი ფართი, ქ. თბილისში დელისის ქ. I----- მიმდებარედ. ოჯახის შემადგენლობაში, რომელსაც პრეზიდენტის განკარგულებით საცხოვრებელი ფართი გადაეცა მითითებული იყო მოსარჩელე ინ-- ფო-----ეც.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე დადგენილია, რომ საქართველოს პრეზიდენტის აღნიშნული განკარგულებით განისაზღვრა, რომ უძრავი ნივთი საკუთრებაში გადაეცემოდათ შესაბამისი დევნილი ოჯახის უფროსებს და მისი ვალდებულება იყო საცხოვრებელი ფართით უზრუნველეყო თავისი ოჯახის წევრები, ხოლო მოსარჩელე ინ-- ფო-----ის ოჯახის უფროსად მითითებული იქნა მისი ძმა - კა------ ფო-----ე. შესაბამისად, საცხოვრებელი ფართი საკუთრების უფლებით, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იქნა მოსარჩელის ძმის სახელზე, რომელიც ვალდებული იყო საცხოვრებლით უზრუნველეყო თავისი ოჯახის წევრები, მათ შორის მოსარჩელე ინ-- ფო-----ე.
ამრიგად, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელე ინ-- ფო-----ის ოჯახს დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, ერთხელ უკვე აქვს მიღებული საცხოვრებელი ფართი, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით.
მოსარჩელე მხარის, საცხოვრებელი ფართის სიმცირისა და მისი ცალკე ოჯახად ყოფნის თაობაზე მითითებასთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელე ინ-- ფო-----ეს საქართველოს პრეზიდენტის აღნიშნული განკარგულება სადავოდ არ გაუხდია. შესაბამისად, მოცემული დავის ფარგლებში, სასამართლო არ აფასებს ძალაში არსებულ, საქართველოს პრეზიდენტის ზემოთ აღნიშნული განკარგულებით დადგენილ სამართლებრივ და ფაქტობრივ გარემოებებს. ამასთან, საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის, სათანადო მტკიცებულება, რომელიც აღნიშნულ გარემოებებს უარყოფდა.
ამრიგად, სასამართლო აღნიშნავს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ მოცემულ ეტაპზე სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოსცა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის არსებითი დარღვევის გარეშე.
6.3. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ინ-- ფო-----ის სარჩელი უსაფუძვლოა, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას ადგილი არ აქვს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის და ზემოთ აღნიშნული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის არსებით დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არსებითად შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც არ არსებობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული მათი ბათილად ცნობის საფუძველი. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები კანონიერად არის მიჩნეული, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ასევე უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა, მისი ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოპასუხისათვის დავალების თაობაზე, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, აგრეთვე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსარჩელე და მოპასუხე გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, 22-ე-23-ე 32-ე-33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ინ-- ფო-----ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი მხარისათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისში, გრ. რობაქიძის გამზირი N7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მდებარე ქ.თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, N64) სააპელაციო საჩივრის წარდგენის გზით.
მოსამართლე დავით წერეთელი