გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020210019002875680 (2/221-19)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
10.12.2019 წ. ქ. ზუგდიდი
შესავალი ნაწილი
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ირაკლი აბშილავა
სხდომის მდივანი ნინო დიხამინჯია
მოსარჩელე ნი------------
მოპასუხე გ-----–----------
წარმომადგენელი ბ-------------–---–ი
დავის საგანი: მამობის დადგენა, ალიმენტის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შა------------ს (პ/ნ 1----------) მამად ცნობილ იქნეს გ-----–---------- (პ/ნ 1----------).
1.2. გ-----–----------ს მისი არასრულწლოვანი შვილის შა------------ს (პ/ნ 1----------) სარჩენად სარჩელის აღძვრის დღიდან 01.03.2019 წ დაეკისროს ყოველთვიური სარჩოს (ალიმენტის) გადახდა თვეში 300 ლარის ოდენობით.
მოსარჩელის მტკიცებით მოპასუხისგან ჰყავს შვილი, რასაც მოპასუხე არ აღიარებს და არ მონაწილეობს მის რჩენასა და არზრდაში, იმის მიუხედავად, რომ დასაქმებულია და აქვს შესაბამისი შემოსავლები.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე არ ცნობს სარჩელს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. შა------------ დაიბადა 21.09.2011 წ. მისი დედაა ნი------------ (პ/ნ 19---------). დაბადების რეგისტრაციის მომენტისთვის მამობა დადგენილი არ არის.
ბავშვი დედასთან ცხოვრობს. მის რჩენასა და აღზრდაზე მშობლებიდან მხოლოდ დედა ზრუნავს.
შა------------ რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენლად მითითებულია ნი------------. ოჯახს 01.07.2018წ - 01.12.2018 წ პერიოდში მიღებული აქვს საარსებო შემწეობა თვეში 170 ლარის ოდენობით. წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით ოჯახი სამწევრიანია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი
-შესაგებელი
-დაბადების მოწმობა ნრ #258989, გაც. 23.09.2011 წ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ზუგდიდის სამსახურის მიერ
-მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი
- ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან მომზ. თარიღი 14.01.2019 წ
3.2. გენეტიკური კვლევითა და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა, რომ გონელ ნ------- (პ/ნ 1----------) წარმოადგენს ნი------------ს ბიოლოგიური შვილის 21.09.2011 წ დაბადებული ბავშვის შა------------ს (პ/ნ 1----------) ბიოლოგიურ მამას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა #007610119, 01.11.2019 წ
-მოსარჩელის განმარტება, სხდომის ოქმი
3.3. მამა არ მონაწილეობს ბავშვის რჩენა-აღზრდაში.
მოპასუხე დასაქმებულია, თუმცა მისი შემოსავლების და ფინანსური მდგომარეობის შესახებ მტკიცებულებები საქმეში არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი
-შესაგებელი
-მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 103-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1190-ე, 1198-ე, 1212–ე, 1213-ე, 1214-ე, 1234-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 103-ე მუხლების შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მხარეები თვითონ არიან ვალდებულნი წარუდგინონ მტკიცებულებები სასამართლოს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლის მიხედვით 1. ერთმანეთთან დაუქორწინებელი მშობლებისგან შვილის წარმოშობა დგინდება მშობელთა ერთობლივი განცხადებით და ბავშვის დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტით. 2. მშობელთა ერთობლივი განცხადების არარსებობის ან მისი წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში ბავშვის მამობა შეიძლება დადგინდეს სასამართლო წესით ერთ-ერთი მშობლის, ბავშვის მეურვის (მზრუნველის) ან იმ პირის განცხადების საფუძველზე, რომლის კმაყოფაზედაც იმყოფება ბავშვი, აგრეთვე თვით ბავშვის განცხადებით მის მიერ სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ. 3. ბავშვის მამობის დადგენის საკითხს სასამართლო წყვეტს ბიოლოგიური (გენეტიკური) ან ანთროპოლოგიური გამოკვლევის შედეგების (მტკიცებულებების) შესაბამისად, რომელიც შეეხება ბავშვის მამობის განსაზღვრის საკითხს.
მოცემული შემთხვევის დადგენილია, რომ შა------------ს მშობლები არ არიან რეგისტრირებულ ქორწინებაში და არ არსებობს მშობელთა ერთობლივი განცხადება შვილის წარმოშობის შესახებ. შესაბამისად, საქმეზე დაინიშნა ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზა, რომლითაც დადგინდა, რომ ბავშვის ბიოლოგიური მამაა მოპასუხე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212–ე მუხლის მიხედვით მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
ამავე კოდექსის 1213–ე მუხლის საფუძველზე არასრულწლოვანი შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტების ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
დადგენილია, რომ ასეთი შეთანხმება მშობლებს შორის ვერ ხერხდება. ასეთ შემთხვევაში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214–ე მუხლით დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, ბავშვის და მისი მშობლების მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით სასამართლო ალიმენტის გონივრულ ოდენობად განსაზღვრავს ყოველთვიურად 150 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234–ე მუხლის 1–ლი და მე–2 ნაწილებით იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
ამ ნორმის დანაწესებით ალიმენტის გადახდა მოპასუხეს უნდა დაეკისროს 01.03.2019 წ წლიდან.
7. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელე გათავისუფლებულია სახ. ბიუჯეტის სასარგებლოდ სახ. ბაჯის გადახდისგან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ვ" ქვეპუნქტის საფუზველზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა და 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის დანაწესებით მოპასუხეს სახ. ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახ. ბაჟის გადახდა 100 ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ არის გამოყენებული.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა
1. სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ
2. შა------------ს (პ/ნ 1----------) მამად ცნობილ იქნეს გ-----–---------- (პ/ნ 1----------).
3. გ-----–----------ს მისი არასრულწლოვანი შვილის შა------------ს (პ/ნ 1----------) სარჩენად სარჩელის აღძვრის დღიდან 01.03.2019 წ დაეკისროს ყოველთვიური სარჩოს (ალიმენტის) გადახდა თვეში 150 ლარის ოდენობით.
4. გ-----–----------ს სახ. ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 100 ლარის გადახდა
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირაკლი აბშილავა