გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #611210019003256326
საქმე #2/575-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
ნაწილი I (შესავალი)
14 იანვარი, 2020 წელი ქ. ბოლნისი
ბოლნისის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე - დევი დევიძე
სხდომის მდივანი - ლედი ყულიაშვილი
მოსარჩელე - ლა-–------------–-----ვა;
წარმომადგენელი - სო------------–--ლი;
მოპასუხე - რა---–----–----ვი;
დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება;
ნაწილი II (აღწერილობითი)
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. 2019 წლის 29 ოქტომბერს ბოლნისის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მომართა ლა-–------------–-----ვამ (შემდეგ - „მოსარჩელე“ ან „დედა“). მოსარჩელემ მოითხოვა, რომ რა---–----–----ვს (შემდეგ - „მოპასუხე“ ან „მამა“), მათი საერთო შვილების: ემ--–----–----ვის (დაბ. 2013 წლის-----------) და ელ--------–----ვას (დაბ. 2014 წლის-----------) რჩენის სანაცვლოდ თითოეულისათვის დაეკისროს თვეში 200 ლარის ოდენობით ალიმენტის გადახდა;
1.2. სარჩელშივე მოსარჩელემ დააყენა შუამდგომლობა, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, იგი მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. ამ შუამდგომლობის მოტივად მოსარჩელე უთითებს, რომ მას არ გააჩნია მატერიალური შემოსავალი, ხოლო ბავშვებს კი ესაჭიროებათ ყოველდღიური საკვები, ასევე სეზონის შესაბამისი ტანსაცმელი;
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ სარჩელი სცნო ნაწილობრივ, კერძოდ, განაცხადა, რომ მას შეუძლია ჯამში, ორივე შვილის რჩენისათვის, თვეში გადაიხადოს ალიმენტი 150 ლარის ოდენობით;
3. სასამართლოს მიერ დადგენილი საქმის რელევანტური ფაქტობრივი გარემოებები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 10--ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა;
იმავე კოდექსის 244-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს, განსაზღვრავს, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოებებია დადგენილი და რომელი – დაუდგენელი...;
3.1. სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნევს, რომ:
1) მხარეები 2012 წლიდან იმყოფებოდნენ ფაქტობრივ ქორწინებაში;
2) მხარეები 2019 წლის სექტემბრიდან დღეის მდგომარეობით ერთად აღარ ცხოვრობენ და აღარ ეწევიან საერთო საოჯახო მეურნეობას, თუმცა ორივე მათგანი ცხოვრობს ერთ სოფელში (მარნეულის მუნიციპალიტეტი, სოფელი ქვემო სარალი);
3) მხარეებს ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2013 წლის----------- - ემ--–----–----ვი და 2014 წლის----------- - ელ--------–----ვა (დამატებით იხ. ბავშვების დაბადების მოწმობებით (ს/ფ 19-20));
4) ბავშვები ცხოვრობენ დედასთან. მათ ყოველდღიურ საჭიროებებზე ზრუნავს მოსარჩელე;
5) მოპასუხეს სხვა მეუღლე და შვილი ან შვილები არ ჰყავს, ასევე მის კმაყოფაზე ამ ეტაპზე არავინ იმყოფება. მოპასუხე არის ჯანმრთელი;
6) მოპასუხე არის ხელოსანი, ის დასაქმებულია სახლების სარემონტო სამუშაოებზე. მისი მინიმალური შემოსავალი ამ საქმიანობიდან ყოველდღიურად შეადგენს 25 ლარს;
7) მოპასუხეს მოსარჩელესთან ერთად ცხოვრების პერიოდში აღებული აქვს სესხი დაახლოებით 900 ლარამდე, რითაც შეიძინა ტელევიზორი, რომელიც ამჟამად არის მოპასუხესთან. სესხის სანაცვლოდ მოპასუხე ყოველთვიურად იხდის 52 ლარს;
› აღსანიშნავია, რომ მოპასუხემ სარჩელი სცნო ნაწილობრივ, კერძოდ, მოსამზადებელ ეტაპზე განაცხადა, რომ თანახმაა ბავშვებს ყოველთვიურად გადაუხადოს 100 ლარი, ხოლო მთავარი სხდომაზე კი სარჩელი დამატებით სცნო კიდევ 50 ლარის ოდენობით, ანუ სარჩელის ცნობა მოპასუხის მხრიდან მოხდა 150 ლარის ნაწილში (ჯამურად, ორივე შვილის მიმართ);
3.2. მხარეთა მიერ სადავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:
1) საჯარო რეესტრიდან ამონაწერებით (ს/ფ 21-25) დასტურდება, რომ მოპასუხეს თავის დედ-მამასთან - ვი-----ი და თო---ა სა-–-------თან ერთად, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ-------–-ში თანასაკუთრებაში გააჩნია ორი უძრავი ნივთი: (ა) სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ფართობით 1850 კვ.მ., მასზე განთავსებული #01 და #02 შენობა-ნაგებობებით (ს/კოდი: 83.0-.0-.8--) და (ბ) სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ფართობით 800 კვ.მ. (ს/კოდი: 83.0-.0-.8--). არც ერთი ქონება არ არის დატვირთული იპოთეკით ან ვალდებულებით-სამართლებრივი ან/და საჯარო შეზღუდვით. მოპასუხის წილი თანასაკუთრებაში შეადგენს იდეალური წილის 1/3-ს;
2) მოპასუხე აცხადებს, რომ მუშაობდა ყოველ დღე, მაგრამ ამ ეტაპზე, დაახლოებით იქნება 10 დღე, ის აღარ მუშაობს, რადგან არ მიუღია შეკვეთები;
Й სასამართლო ამ მოსაზრებას ვერ გაიზიარებს, რადგან მისი ეს განმარტება ვერ აბათილებს იმ პრეზუმფციას, რომ ის შესაძლოა კვლავ ეწეოდეს აღნიშნული ტიპის საქმიანობას. ეს ფაქტი უტყუარად რომც დასტურდებოდეს, დადგენილია, რომ ის არის ჯანმრთელი, მის კმაყოფაზე სხვა პირები არ იმყოფებიან, მას და მის დედ-მამას თანასაკუთრებაში გააჩნიათ ორი მიწის ნაკვეთი სოფელში, რომლებიც არის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების და შესაძლებელია სურვილისა და მონდომების შემთხვევაში იქცეს შემოსავლის წყაროდ. გარდა ამისა, მოპასუხის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით ასევე არსებობს პრეზუმფცია, რომ იგი შეიძლება დასაქმდეს, რადგან მას ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი, რომელთა მიმართაც მას გააჩნია რჩენისა და აღზრდის ვალდებულება, რაც უთუოდ გულისხმობს ღირსეული ცხოვრებისათვის შესაფერისი პირობების შექმნას, რომლის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი კომპონენტია შვილების მატერიალური დახმარება;
ნაწილი III (სამოტივაციო)
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევა-შეფასებისა და მტკიცებულებების შემოწმების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სარჩელი უნდა დაკმაყოფლდეს ნაწილობრივ, კერძოდ, მოპასუხეს ყოველთვიურად თითოეული შვილის სარჩენად უნდა დაეკისროს 150 ლარის გადახდა;
5. სამართლებრივი შეფასება:
5.1. სასამართლომ იხელმძღვანელა შემდეგი ნორმატიული აქტებით:
(ა) „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ (შემდეგ - „კონვენცია“) მე-18 მუხლის 1-ლი პუნქტით, 27-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებით;
(ბ) „სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის (შემდეგ - „პაქტი“) 23-ე მუხლის მე-4 პუნქტით;
(გ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგ - „სსკ“) 1198-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, 1212-ე-1214-ე, 1218-ე მუხლებით და 1234-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით;
კერძოდ:
კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია;
იმავე კონვენციის 27-ე მუხლის 1-2 პუნქტების თანახმად, (1) მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ ყოველი ბავშვის უფლებას მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების დონეზე და (2) მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყოფენ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები;
პაქტის 23-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ საჭირო ზომები დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად. განქორწინების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა ბავშვის საჭირო დაცვა;
სსკ-ის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით, ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება;
სსკ-ის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ;
იმავე კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით;
იმავე კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში;
იმავე კოდექსის 1234-ე მუხლის 1-2 ნაწილის თანახმად, (1) იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან და (2) ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან;
› ნებისმიერი საკითხი, რომელიც ეხება ბავშვს (იქნება ეს, - მისი აღზრდა, მშობლებთან თუ ოჯახის სხვა წევრებთან ურთიერთობა, მისი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა თუ მისი სათანადო რჩენა-აღზრდისათვის გადასახდელი ალიმენტი) უნდა წყდებოდეს მის [ბავშვის] „საუკეთესო ინტერესების“ პოზიციიდან გამომდინარე. ეს არის სამართლებრივი და სოციალური ქცევის სტანდარტი, რომელიც ასახულია, როგორც საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებში, რომელთა მონაწილეა საქართველო, ისე შიდა ეროვნულ საკანონმდებლო აქტებში;
› უმთავრესად, აღნიშნული საკითხი უნდა გახდეს მშობლების შეთანხმების საგანი, რადგან კანონი მშობლებს აძლევს დისკრეციას განსაზღვრონ ალიმენტის ოდენობა ურთიერთთანხვედრი ნების (შეთანხმების) საფუძველზე. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში მშობლების ნების ავტონომიის შემზღუდავი იმპერატივია შვილის „საუკეთესო ინტერესები“, ხოლო როცა მშობლები ვერ თანხმდებიან ალიმენტის ოდენობაზე, საქმეში, ერთ-ერთი მეუღლის (როგორც წესი, იმ მეუღლის, ვისთანაც ბავშვი რჩება საცხოვრებლად) ინიციატივით, მხარეთა შორის ურთიერთობაში შემოდის სასამართლო, როგორც ორგანო, რომელიც უფლებამოსილია ცივილიზებული ფორმით გადაწყვიტოს ესა თუ ის დავა;
› სასამართლომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უნდა გაითვალისწინოს ისეთი კრიტერიუმები, როგორიცაა: „...მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა“ (იხ. სუს 27.06.2011წ. გადაწყვეტილება ას-58-49-2011). ალიმენტი უნდა გონივრული და სავსებით საკმარისი იმისათვის, რომ უზრუნველყოს ბავშვის, სულ მცირე, გადაუდებელი, პირველი რიგის მოთხოვნები, რომელთა გარეშეც ბავშვის არსებობას შეექმნება ხელყოფის სერიოზული საფრთხე. ამასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლომ იმავე გადაწყვეტილებაში ასევე განმარტა, რომ „...სასამართლოს მიერ დანიშნული ალიმენტის ოდენობა მინიმალურად მაინც უნდა უზრუნველყოფდეს არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებს, ანუ – საარსებო მინიმუმს“;
› მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე მოცემულ შემთხვევაში აცხადებს, რომ ის არ მუშაობს და გააჩნია აქტიური სასესხო ვალდებულება, სასამართლოს მიჩნია, რომ აღნიშნული მტკიცება ვერ გახდება მისი, როგორც მამის საალიმენტო ვალდებულებისაგან გათავისუფლების ან გონივრულ ნიშნულზე დაბალი რჩენის ვალდებულების მისთვის დაკისრების საფუძველი. „ალიმენტვალდებულის უმუშევრობა, თუ ეს არაა გამოწვეული ავადმყოფობით ან სხვა საპატიო მიზეზით, არ იძლევა იმის საფუძველს, რომ სასამართლომ უარი თქვას არასრულწლოვანის საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფაზე და არ დაავალდებულოს მშობელი, გადაიხადოს ალიმენტი ამ ოდენობით.“ (იხ. იქვე);
› ამ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მოპასუხე არის ჯანმრთელი, ფლობს ხელობას, რომელიც, საკმაოდ მოთხოვნადია ბაზარზე, მშობლებთან ერთად თანასაკუთრებაში გააჩნია ორი უძრავი ნივთი (მიწის ნაკვეთები), მის კმაყოფაზე ამ ეტაპზე არავინ იმყოფება. ყველივე ეს კი ქმნის რეალურ მოლოდინს იმისა, რომ არსებობს მისი თვითდასაქმებისა და შემოსავლის გაჩენის შესაძლებლობა. სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მშობელი ვალდებულია თავისი გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობის შესაბამისად, მიმართოს ყველა ლეგალური გზას, რათა ჰქონდეს იმდენი შემოსავალი, რომ უზრუნველყოს მისი და მისი შვილის საარსებო მოთხოვნების დაკმაყოფილება, - „ამასთან, მართალია, მოპასუხე ოფიციალურად უმუშევარია, მაგრამ აღნიშნული არ გამორიცხავს მისი თვითდასაქმებისა და შემოსავლის მიღების შესაძლებლობას. თავად მოპასუხის განმარტებით, იგი ავტომანქანებით ვაჭრობდა, ჰქონდა ხის საამქრო, ასევე, როგორც მუსიკოსი, შეკვეთებით იღებდა შემოსავლებს. ამდენად, მოპასუხე თვითდასაქმებული იყო და შემოსავლებიც გააჩნდა, თუმცა, მისივე განმარტებით, ყველა ზემოაღნიშნულ საქმიანობას მან თავი დაანება ალიმენტის თაობაზე სარჩელის შეტანამდე რამდენიმე თვით ადრე. უდავოა, რომ ინდმეწარმედ რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით მოპასუხემ საგადასახადო ორგანოს მიმართა მის წინააღმდეგ სარჩელის შეტანის შემდეგ. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სწორედ ზემოაღნიშნული იძლევა იმ პრეზუმფციის დაშვების შესაძლებლობას, რომ მოპასუხე შესაძლოა, ამჟამადაც დასაქმებული იყოს იმავე ან სხვა საქმიანობით. ამასთან, ეს პრეზუმფცია სარწმუნოდ გაქარწყლებულიც რომ იყოს, მოპასუხე არ უარყოფს, რომ მოსარჩელესთან განქორწინების შემდეგ, იგი ცხოვრობს სოფელში დედასა და დასთან ერთად, სადაც აქვთ დაახლოებით 1 ჰა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც მოჰყავთ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები, ჰყავთ საქონელი და სოფლის მეურნეობის პროდუქტებს ყიდიან ბაზარში, შესაბამისად, აქვთ შემოსავალიც“ (იხ. იქვე);
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე ვალდებულია არჩინოს თავისი შვილები, მათ სრულწლოვანებამდე. სახეზე არ არსებობს ამ ვალდებულების შემაფერხებელი არც ერთი გარემოება.
ამასთან, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ალიმენტის ოდენობა ამ ეტაპზე არის მაღალი, იგი სცდება ბავშვის მინიმალური საჭიროებების სტანდარტს, მოპასუხის რეალურ მატერიალურ შესაძლებლობებიდან (მინიმალური შემოსავლის კვალობაზე, მოპასუხის ყოველთვიური შემოსავალია 750 ლარის ფარგლებში) გამომდინარე. ამიტომ, ალიმენტის სახით მოპასუხეს თითოეული შვილის რჩენისათვის უნდა განესაზღვროს ყოველთვიურად 150 ლარის გადახდის ვალდებულება;
7. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებასთან დაკავშირებით:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგ - „სსსკ“) 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები: ალიმენტის მიკუთვნების შესახებ;
იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას;
იმავე კოდექსის 269-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება, ხოლო იმავე კოდექსის 270-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა, რომელიც არ შეაჩერებს ამ განჩინების შესრულებას;
იმავე კოდექსის 251-ე მუხლის შესაბამისად, თუ სასამართლო დაადგენს გადაწყვეტილების აღსრულების განსაზღვრულ წესსა და ვადას, ან მიიღებს ზომებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად, ამის შესახებ მითითებულ უნდა იქნეს გადაწყვეტილებაში;
Й მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ითვალისწინებს განსახილველი დავის საგანს, რომელიც ეხება არასრულწლოვანი შვილებისათვის საარსებოდ მინიმალური პირობების უზრუნველყოფას. ასეთი კატეგორიის დავებში მნიშვნელოვანია დროის ფაქტორი, როცა „ყოველი წუთი გადამწყვეტია“, რადგან ბავშვის არსებობის განმაპირობებელია მისი მშობლების ყოველდღიური აქტიურობა, მათი მხრიდან მინიმალურად აუცილებელი ფინანსური სახსრების უწყევტობა და მყისიერი ხასიათი;
Й ვინაიდან საუბარია მოპასუხის მხრიდან შვილების რჩენის ვალდებულებაზე, როცა ფინასური მხარდაჭერა ატარებს უანგარო და ერთგვარად გამოუხმობად ხასიათს, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე ალიმენტის გადახდის ვალდებულების გააქტიურებით არ მიადგება რამე ზარალი, თუკი მომავალში აღნიშნული გადაწყვეტილება შეიცვლება;
Й ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და წინამდებარე გადაწყვეტილება ალიმენტის გადახდევინების ნაწილში უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;
8. საპროცესო ხარჯები
სსსკ-ის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან: მოსარჩელეები – ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე;
იმავე კოდექსის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
იმავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო;
იმავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“ , „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს , მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამ ავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს;
სსსკ-ის მე-14 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ შემდეგ საქმეებს: საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებს, გარდა შვილად აყვანის, მშობლის უფლების ჩამორთმევის, მამობის დადგენის და განქორწინების საქმეებისა, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა ბავშვის მიკუთვნების თაობაზე;
იმავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება: ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით;
Й მოცემულ შემთხვევაში დავა გამომდინარეობს საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობებიდან (იგი ექცევა სსკ-ის მეხუთე წიგნის - „საოჯახო სამართალი“ -რეგულირების სფეროში). მიუხედავად დავის საგნის ღირებულებისა, ამ კატეგორიის დავები ექცევა მაგისტრატი მოსამართლის განსჯად სამოქალაქო საქმედ;
Й დავის საგნის ღირებულება თავდაპირველ შემთხვევაში შეადგენდა 4800 ლარს. სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ამ ნაწილის სარჩელის ფასია 3600 ლარი;
Й იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი სცნო 100 ლარის ნაწილში, ის უნდა გათავისუფლდეს ამ ნაწილის პროპორციული სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, კერძოდ, ცნობილ ნაწილში სარჩელის ფასია 1200 ლარი, რომლის 1,5 პროცენტი უდრის 18 ლარს. უკვე მთავარ სხდომაზე მოპასუხემ სარჩელ სცნო 50 ლარის ნაწილში, ამ ნაწილში კი სარჩელის ფასია 600 ლარი, რომლის 1.5 პროცენტია 9 ლარი, ხოლო მისი ნახევარი 4,5 ლარი ამიტომ, მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი 4,5 ლარი;
Й მოპასუხემ არ სცნო სარჩელი და მას არსებითი გადაწყვეტილებით დამატებით დაეკისრა ალიმენტი 150 ლარის ოდენობით. ამ ნაწილში სარჩელის ფასია 1800 ლარი, რომლის 1,5 პროცენტი უდრის 27 ლარს, რომელსაც უნდა დაემატოს 4,5 ლარი და თანხა, რაც მოპასუხეს ჯამში უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, არის 31,5 ლარი;
Й რაც შეეხება მოსარჩელეს, მისი სარჩელი არ დაკმაყოფილდა დავის საგნის ღირებულების იმ ნაწილში, რომელიც ტლია 1200 ლარისა, რომლის 1,5 პროცენტი შეადგენს 18 ლარს. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე კანონის მიხედვით გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ეს ხარჯი სახელმწიფოს გასაწევი რჩება და ის არც ერთ მხარეს დაეკისრება;
ნაწილი IV (სარეზოლუციო)
სასამართლომ იხელმძღვანელა ზემოაღნიშნული ნორმებითა და სსსკ-ის მე-8, 46-ე, 49-ე, 55-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ლა-–------------–-----ვას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. რავალ სალახოვს არასრულწლოვანი შვილების: (ა) ემ--–----–----ვის და (ბ) ელ--------–----ვას სარჩენად სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2019 წლის 29 ოქტომბრიდან მათ სრულწლოვნებამდე, დაეკისროს ალიმენტის გადახდა - თითოეულ ბავშვზე ყოველთვიურად 150 ლარის ოდენობით;
3. რა---–----–----ვს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 18 ლარის ოდენობით;
4. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
5. დაკმაყოფილდეს ლა-–------------–-----ვას შუამდგომლობა და წინამდებარე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. ამ მიზნით გაიცეს სააღსრულებო ფურცელი;
6. წინამდებარე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა, რაც არ შეაჩერებს დაუყოვნებლივ აღსრულებას. კერძო საჩივრის წარდგენის ვადა არის 12 დღე, რომლის ათვლა დაიწყება წინამდებარე განჩინების ადრესატისათვის ჩაბარების მეორე დღიდან. კერძო საჩივარი შეტანილ უნდა იქნეს განჩინების გამომტან - ბოლნისის რაიონულ - სასამართლოში (მის.: ქ. ბოლნისი, სულხან-საბა ორბელიანის ქ. #113), რომელიც საქმის მასალებთან ერთად გადაიგზავნება ზემდგომ - თბილისის სააპელაციო - სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის.: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი #7ა), რომლის გადაწყვეტილებაც საბოლოოა;
7. წინამდებარე გადაწყვეტილების დანარჩენი ნაწილი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის.: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი #7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს (მის.: ქ. ბოლნისი, სულხან-საბა ორბელიანის ქ. #113) მეშვეობით;
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: /დევი დევიძე/