განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N160100119003258864
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
საქმე №1/383-19 24 იანვარი 2019 წელი ქ. ბოლნისი
(გამოძიების N031161019007)
მოსამართლე: თეა ლეონიძე
სხდომის მდივანი: ვერიკო ნინიაშვილი
სხდომის სახე: ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი: მადონა ურუშაძე
დაცვის მხარე:
ადვოკატი: მურმან ხვიბლიანი
ბრალდებული: რ------ ა-------
მამის სახელი: შახალი
დაბადებული: 1----–-–--------------
პირადი ნომერი: 2----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: ნასამართლობის მქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მ--------–ი, სოფელი ა------–ო
თარჯიმანი: სუსანა მარტიაშვილი, ნაილი ი------მოვა
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი.
აღწერილობით – სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
რ------ ა------მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა ჩადენილი დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 16 ოქტომბერს, დაახლოებით 20:20 საათზე, მ--------–ის რაიონის სოფელ დ-–-----ას შესასვლელში, ელექტრო სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, რ------ ა-------, ლურჯი ფერის ჯინსის შარვლის წინა მარცხენა ჯიბეში, უკანონოდ ინახავდა, უკანონოდ შეძენილ 0.0078 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს. რ------ ა-------, ასევე მ--------–ის რაიონის სოფელ ა------–ოში მდებარე ი------მ კ--------ის კუთვნილ სამშენებლო მასალების მაღაზიაში უკანონოდ ინახავდა, ასევე უკანონოდ შეძენილ ნარკოტიკულ საშუალება -0.1014 ბუპრენორფინს. რ------ ა-------ს პირადი ჩხრეკის და სამშენებლო მაღაზიაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, საერთო ჯამში, ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით, ნარკოტიკული საშაულება -0.1092 გრამი ბუპრენორფინი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი დიდი ოდენობით.
საქმეზე უდავოდ ცნობილი 2019 წლის 16 ოქტომბრის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად დადგენილია, რომ რ------ ა------ს მ--------–ის რაიონის სოფელ დ-–-----ას შესასვლელში, ელექტრო სადგურის წინ ჩაუტრადა პირდი ჩხრეკა, რა დროსაც მისი ლურჯი ფერის ჯინსის შარვლის წინა მარცხენა ჯიბუდან ამოღებული იქნა მონაცრისფორ ფერის პოლიეთილენის შეკვრაში განთავსებული ერთი აბი. პოლიეთილენის შეკვრას აქვს წარწერა: ,,SUBoxone”.
2019 წლის 16 ოქტომბრის ჩხრეკის ოქმის თანახმად, მ--------–ის რაიონის სოფელ ა------–ოში მდებარე ი------მ კ--------ის სამშენებლო მაღაზიაში ჩატადრა ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა ერთი მთლიანი მონაცრისფრო ფერის ფირფიტა 4 აბით, რომელსაც აქვს წარწერა ,, SUBoxone”.
ასევე, უდავოდ ცნობილი 2019 წლის 17 ოქტომბრის ქიმიური ექსპერტიზის N4979/სქ-4553/ქრ დასკვნის თანახმად რ------ ა-------ს პირადი ჩხრეკისას და სამშენებლო მაღაზიის ჩხრეკისას ამოღებული და ექსპერტიზაზე წარდგენილ ვერცხლისფერი პოლიმერული მასალის ფოლგიანი ქაღალდით გადაკრული კონვალუტის ფიფიტის ერთ ნაჭერზე (წარწერით: ,,Suboxsone 8mg/2mg buprenorphine/naloxone 712812 03/2020) განთვასებული თეთრი ექვსკუთხედი ფორმის (ერთ ზედაპირზე ლოგო ,,N8“ ამონატვიფრით) ერთი ტაბლეტი, წონით -0.39 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება - ბუპრენორფინს 0,0078 გრამის ოდენობით.
ვერცხლისფერი პოლიმერული მასალის, ფოლგიანი ქაღალდით გადაკრული კონვალუტის ერთ ფირფიტაზე და ფირფიტის 4 ცალ ნაჭერზე (წარწერებით:Suboxsone 8mg/2mg buprenorphine/naloxone 712812 03/2020) განთავსებული თეთრი ექვსკუთხედი ფორმის (ერთ ზედაპირზე ლოგო ,,N8“ ამონატვიფრებით) 13 ცალი ტაბლეტი, საერთო წონით -5,07 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშყუალება -ბუპრენორფინს 0.1014 გრამის ოდენობით.
ექსპერტიზაზე წარდგენილ ობიექტებში ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის საერთო რაოდენობა შეადგენს -0,1092 გრამს.
ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N008823119 დასკვნის თანახმად, გენეტიკური კვლევითა და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა, რომ პაკეტში წარწერით: ,,... კონვალუტებიდან აღებული ანაწმენდები..." მოთავსებულ ანაწმენდებზე არსებული ბიომასალის (ობ N1.2) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის რ------ ა------ს (ობ. N3. რ------ ა-------საგან აღებული იქნა ნერწყვის ნიმუში..."
ბრალდებულმა რ------ ა------მა საქმის არსებითი განხილვის დროს აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა. დანაშაულის ობიექტია საზოგადოების ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. ამ წესს არეგულირებს ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოტიკული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი. რაც შეეხება თავად დანაშაულის სპეციფიკას და ხასიათს - ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას, როგორც წესი ასეთი ქმედებების განხორციელება ხდება შენიღბულად, სხვებისაგან დაფარულად და არა მოწმეთა თანდასწრებით და საჯაროდ.
დანაშაული გამოიხატება პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში. სამართლებრივი განმარტებიდან გამომდინარე უკანონო შეძენა გულისხმობს პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების შეძენას ნებისმიერი საშუალებით, ეს იქნება ყიდვა, ჩუქება, პოვნა თუ სხვა ხერხი, აღნიშნულის შემდეგ კი შენახვას, ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით და სათანადო ნებართვის გარეშე.
სასამართლო მიუთითებს რომ ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ბუპრენორფინი 0.012 გრამიდან ითვლება დიდ ოდენობად. 2019 წლის 17 ოქტომბრის ქიმიური ექსპერტიზის N4979/სქ-4553/ქრ დასკვნის თანახმად ექსპერტიზაზე წარდგენილ ობიექტებში ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის საერთო ოდენობამ შეადგინა -0,1092 გრამი. აღნიშნული ოდენობა ცალსახად წარმოადგენს დიდ ოდენობას.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა, რომ რ------ ა------მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა ჩადენილი დიდი ოდენობით.
3.მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. ბრალის დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და ფაქტები არ გამხდარა მხარეთა მიერ სადავოდ და შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პრეიუდიციას. ამდენად, სასამართლოს დასკვნა რ------ ა-------ს მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულ რ------ ა-------ს აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმე შ--–-- ს---------აძის და ი------მ კ--------ის გამოკითხვის ოქმები, 2019 წლის 16 ოქტომბრის პირადი ჩრხეკის ოქმი, 2019 წლის 16 ოქტომბრის სამშენებლო მაღაზიის ჩხრეკის ოქმი, ქიმიური ექსპერტიზის N4979/სქ-4553/ქრ დასკვნა, ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N008823119 დასკვნა.
სასამართლომ მოახდინა უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების შეფასება. მტკიცებულებათა შეფასება მეტად რთული პროცესია. ამ დროს ხდება როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ლოგიკისა და სამართლებრივი კრიტერიუმების მეშვეობით მოსამართლის მიერ აღქმული ინფორმაციის გადამუშავება, გაანალიზება. სწორედ ამ პროცესის შედეგად სასამართლოს გამოაქვს მნიშვნელოვანი დასკვნები მტკიცებულებებში ფიქსირებული ინფორმაციის სხვა მტკიცებულებებთან, აგრეთვე არსებულ რეალობასთან შესაბამისობის თაობაზე. დასკვნები კი უშუალოდ აისახება იმ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სახით, რომლებიც საფუძვლად ედება გადაწყვეტილების მიღებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნა ყალიბდება არა მხოლოდ მტკიცებულებათა შეჯერებით, არამედ შეჯერებული ინფორმაციის შეფასებით არსებულ რეალობასთან მიმართებით.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, რ------ ა-------ს მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ რ------ ა------მა უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება, დიდი ოდენობით.
4.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.
ევროპულმა კომისიამ საქმეში Denmark, Norway, Sweden and the Netherlands v Greece (The Greek case), ”გონივრულ ეჭვს მიღმა” სტანდარტი განმარტა, როგორც ”არა ისეთი ეჭვი, რომელიც მხოლოდ დაფუძნებულია თეორიულ შესაძლებლობაზე ან წარმოშობილია რათა თავიდან იქნეს აცილებული არასასურველი დასკვნები, არამედ ეჭვი, რომლის მიზეზები გამომდინარეობს წარდგენილი ფაქტებიდან”.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
4.3. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ რ------ ა------მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ჩაიდინა დანაშაულ, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
5.სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან რვა წლამდე. სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ხასიათსა და საზოგადოებრივ საშიშროების, აგრეთვე უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალების რაოდენობას, ასევე იმ გარემოებას, რომ რ------ ა------- აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, ამასთან მან დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის მოქმედების ვადაში. იგი გასამართლებულია ბოლნისის რაიონული სასამართლოს მიერ 2018 წლის 1 მაისს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" და ,,ბ" ქვეპუნქტებით. შესაბამისად სახეზეა დანაშაულის რეციდივი და თანახმად საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლისა თავისუფლების აღკვთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1(ერთი) წლით უნდა აღემატებოდეს მუხლის სანქციით დანიშნული სასჯელის მინიმალური ვადას.ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია რ------ ა------ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 6(ექვსი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად უნდა გაუქმდეს რ------ ა-------ს მიმართ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1 მაისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და აღსასრულებლად უნდა მიექცეს აღნიშნული განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელმა უნდა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ რ------ ა------ს განესაზღვრება თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) წლის ვადით.
ამასთან, რ------ ა------ს ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, უნდა ჩამოერთვას ამ კანონის მე-3 მუხლში მითითებული უფლებები.
სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას, კერძოდ - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
6. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა.
6.1. საქართველოს სსსკ-ის 274-ე მუხლის თანახმად სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას ასევე ვალდებულია გადაწყვიტოს ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი. ამავე კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად სხვა ნივთს, რომელსაც ღირებულება არ აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი და ორგანო არ აღმოჩნდა - ნადგურდება.
საქმეზე ნივთმტკიცების სახით ცნობილი ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი“-0.0078 გრამი, ,,ბუპრენორფინი“-0.1014 გრამი, ნერწყვის ნიმუში და ანაწმენდები უნდა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-ე, 255-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
რ------ ა------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 6(ექვსი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად გაუქმდეს რ------ აბასოვის მიმართ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1 მაისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და აღსასრულებლად მიექცეს აღნიშნული განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი (თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით) და საბოლოოდ რ------ ა------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) წლის ვადით.
რ------ ა------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 16 ოქტომბრიდან.
რ------ ა-------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
საქართველოს კანონით ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ მე-3 მუხლის თანახმად, რ------ ა------ს 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალებების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები; მასვე ამავე კანონის შესაბამისად 10 (ათი) წლით ჩამოერთვას საექიმო, ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
აღნიშნულის თაობაზე ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.
სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი“-0.0078 გრამი, ,,ბუპრენორფინი“-0.1014 გრამი, ნერწყვის ნიმუში და ანაწმენდები განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი ბრალდების მხარის და მსჯავრდებულის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს - განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თეა ლეონიძე