გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 020316219003250151
საქმე N3/198-19წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
29 იანვარი, 2020 წელი ქ. ზუგდიდი
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ფატი ფურცხვანიძე
სხდომის მდივანი - ანა კვირტია
მოსარჩელე - ი-----–------------
წარმომადგენელი - რ-------------
მოპასუხე - სსიპ ზუგდიდის N4 საჯარო სკოლა
წარმომადგენელი - თ---------
დავის საგანი - სამართლებრივი ურთიერთობის აღიარება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. აღიარებული იქნეს ი-----–------------ს მიერ 2005 წელს ზუგდიდის N7 საშუალო სკოლაში, ამჟამად სსიპ ზუგდიდის N4 საჯარო სკოლაში, საბაზო ზოგადი განათლების მიღების ფაქტი (იხ. 2020 წლის 29 იანვრის სასამართლოს სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - სსიპ ზუგდიდის N4 საჯარო სკოლამ წარმოდგენილი შესაგებლით ცნო სარჩელი.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
ზუგდიდის N7 საშუალო სკოლის 1994 წლის 31 აგვისტოს N1 ბრძანებით, მშობელთა განცხადებისა და წარდგენილი საბუთების საფუძველზე, პირველ კლასში ჩაირიცხა მოსწავლე ი-----–------------.
ი-----–------------ 2005 წელს ჩაირიცხა და 2007 წელს დაასრულა თბილისის საერო ინსტიტუტ „გაენათთან“ არსებული მრავალპროფილიანი კოლეჯი, საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტის სპეციალობით და მიენიჭა უმცროსი ეკონომისტის კვალიფიკაცია.
ი-----–------------ს მითითებით, ატესტატი 2008 წელს გაჩენილი ხანძრის შედეგად განადგურდა.
ი-----–------------მ 2019 წლის 06 სექტემბერს განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ზუგდიდის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა მის სახელზე საბაზო ზოგადი განათლების ატესტატის დუბლიკატის გაცემა.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ზუგდიდის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2019 წლის 07 ოქტომბრის N29/1178/გ გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა ი-----–------------ს განცხადება, იმ საფუძვლით რომ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან მიღებული კორესპოდენციის თანახმად, სკოლაში იძებნება მოქალაქის (ი-----–------------ს) ჩარიცხვის ინფორმაცია, ხოლო მოქალაქის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაცია არ იძებნება.
სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ი-----–------------ს სკოლის პედაგოგი დ------ კ-----, რომელმაც დაადასტურა ი-----–------------ს მიერ ზუგდიდის N7 საშუალო სკოლის 2005 წელს 9 კლასის დასრულების ფაქტი.
ანალოგიური დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა, ი-----–------------ს თანაკლასელმა ს-------- მ----------მ, რომელმაც განმარტა, რომ ი-----–------------მ 9 კლასის დასრულების შემდგომ სწავლა პროფესიულ სასწავლებელში გააგრძელა.
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ი-----–------------ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანება ,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ”.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ხოლო მე-2 ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია საქმე მორიგებით დაამთავროს, უარი თქვას სარჩელზე ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
მოპასუხე - სსიპ ზუგდიდის N4 საჯარო სკოლამ წარმოდგენილ შესაგებელში, ხოლო სასამართლო პროცესზე გამოცხადებულმა სკოლის წარმომადგენელმა ცნო სარჩელი.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამათალწარმოებისაგან განსხვავებით, ადმინისტრაციულ სასამართლოს ენიჭება დამატებითი ფუნქცია, შეამოწმოს რამდენად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას, ანუ რამდენად კანონშესაბამისია ადმინისტრაციული ორგანოების მიერ სარჩელის ცნობა.
განსახილეველ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა არ შეიცავს კანონსაწინააღმდეგო დებულებებს და მისი მოქმედება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას შემდეგ გარემოებათა გამო:
7.2. მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლი. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.
სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის აღძვრის დამატებით წინაპირობას წარმოადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობა - სახეზე უნდა იყოს პირის უფლების დარღვევის რეალური საშიშროება; ან მოპასუხე უნდა ეცილებოდეს მოსარჩელეს უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობაში (ან არ არსებობაში). გარდა ამისა, აღიარებით სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილება შედეგიანი უნდა იყოს მოსარჩელისათვის, მოსარჩელემ თავად უნდა მიუთითოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომლის დადგომის კანონიერი ინტერესიც გააჩნია.
ამრიგად, სასამართლოს მიერ აღიარებით სარჩელზე მისაღები გადაწყვეტილების მიმართ მოსარჩელის კანონიერი ინტერესი უნდა მდგომარეობდეს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის დადგენაში.
საქმის მასალებითა და მხარეთა განმარტებებით, უდავოდ დადგენილია მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა - სწავლების შედეგად ი-----–------------მ მიიღო საბაზო ზოგადი განათლება, რის საფუძველზეც გაიცა შესაბამისი დოკუმენტი, რომელიც განადგურდა ხანძრის შედეგად.
საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლი ადგენს, რომ ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. სკოლამდელი აღზრდა და განათლება უზრუნველყოფილია კანონით დადგენილი წესით.
ამდენად, მოსარჩელის კონსტიტუციური უფლების რეალიზებას ემუქრება გარკვეული საშიშროება, რომლის თავიდან აცილებაც უნდა მოხდეს სასამართლოს მიერ, სადავო სამართალურთიერთობის არსებობის დადგენით. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის ინტერესი სამართლებრივი ურთიერთობის აღიარების თაობაზე წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონიერ ინტერესს, ამასთან, სამართლებრივი ურთიერთობის დაუდასტურებლობის შემთხვევაში, ილახება მისი საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლით გარანტირებული უფლება.
განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვას წარმოადგენს მოსარჩელის მიერ საბაზო ზოგადი განათლების მიღების ფაქტის აღიარება. ამასთან, მოსარჩელის მიერ აღიარებითი სარჩელის აღძვრის კანონიერი ინტერესია ზოგადი განათლების მიღების ფაქტის აღიარება.
სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის პირობებში მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ფაქტის დადგენა ხდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე.
სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.
სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
ზუგდიდის N7 საშუალო სკოლის 1994 წლის 31 აგვისტოს N1 ბრძანებით, მშობელთა განცხადებისა და წარდგენილი საბუთების საფუძველზე, პირველ კლასში ჩაირიცხა მოსწავლე ი-----–------------.
ი-----–------------ 2005 წელს ჩაირიცხა და 2007 წელს დაასრულა თბილისის საერო ინსტიტუტ „გაენათთან“ არსებული მრავალპროფილიანი კოლეჯი, საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტის სპეციალობით და მიენიჭა უმცროსი ეკონომისტის კვალიფიკაცია.
ი-----–------------ს მითითებით, ატესტატი 2008 წელს გაჩენილი ხანძრის შედეგად განადგურდა.
სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ი-----–------------ს სკოლის პედაგოგი დ------ კ-----, რომელმაც დაადასტურა ი-----–------------ს მიერ ზუგდიდის N7 საშუალო სკოლის 2005 წელს 9 კლასის დასრულების ფაქტი.
ანალოგიური დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა, ი-----–------------ს თანაკლასელმა ს-------- მ----------მ, რომელმაც განმარტა, რომ ი-----–------------მ 9 კლასის დასრულების შემდგომ სწავლა პროფესიულ სასწავლებელში გააგრძელა.
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებელით, ხოლო სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხის წარმომადგენლმა ცნო სარჩელი
7.3. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა. ზოგად განათლებას კანონით დადგენილი წესით სრულად აფინანსებს სახელმწიფო.
საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებული განათლების მიღების ხელმისაწვდომობის ზემოაღნიშნული ზოგადი პრინციპი კონკრეტიზირებულია ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით, რომლის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების პირობებს, ზოგადი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) სტატუსს, მათი დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის წესს, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთა საქმიანობის წარმართვის პირობებსა და წესს.
მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სრული ზოგადი განათლების მიღება გულისხმობს ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევას, რის საფუძველზედაც გაიცემა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი, ყველას აქვს სრული ზოგადი განათლების მიღების თანაბარი უფლება, რათა სრულად განავითაროს თავისი პიროვნება და შეიძინოს ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია კერძო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარმატების მიღწევის თანაბარი შესაძლებლობებისთვის. დაწყებითი და საბაზო განათლების მიღება სავალდებულოა.
სასამართლო ასევე მიუთითებს ზემოაღნიშნული კანონის საფუძველზე მიღებულ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა ,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესი”. აღნიშნული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმებს განეკუთვნება: ა) საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – საბაზო ზოგადი განათლების ატესტატი; ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – სრული ზოგადი განათლების ატესტატი; ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების უფლება აქვს პირს, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით დაძლევს, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ დონეს.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს განათლების მიღების სავალდებულო პრინციპზე და აღნიშნული განათლების მიღების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების უფლებაზე და განმარტავს, რომ საქმეზე დადგენილია ი-----–------------ს მიერ 2005 წელს ზუგდიდის N7 საშუალო სკოლაში, ამჟამად სსიპ ზუგდიდის N4 საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისა და საბაზო ზოგადი განათლების მიღების ფაქტი.
ამდენად, ზემოაღნიშნული სამართლის ნორმებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის ინტერესი სამართლებრივი ურთიერთობის აღიარების თაობაზე, წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონიერ ინტერესს. ამასთან, აღნიშნულ უფლებას მოსარჩელეს ანიჭებს ზემოაღნიშნული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ი-----–------------ს მიერ საბაზო ზოგადი განათლების მიღების ფაქტი, რაც წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენს.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი -100 ლარი, ასევე დადგენილია, რომ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ ცნო სარჩელი. იმის გათვალსწინებით, რომ ასეთ პირობებში მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 25-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის მე-8, 49-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ი-----–------------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. აღიარებული იქნეს ი-----–------------ს (დაბადებული:1990 წლის 19 იანვარს; პ/ნ:1----------) მიერ 2005 წელს ზუგდიდის N7 საშუალო სკოლაში, ამჟამად სსიპ ზუგდიდის N5 საჯარო სკოლაში, საბაზო ზოგადი განათლების მიღების ფაქტი.
3. ი-----–------------ს დაუბრუნდეს რ-------------ს მიერ სს „თიბისი ბანკში” 2019 წლის 24 ოქტომბერს საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარი.
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. ზუგდიდი, რევაზ ლაღიძის ქ. №12).
მოსამართლე: ფატი ფურცხვანიძე