გადაწყვეტილება

სამოქალაქო 03.02.2020
საქმის ნომერი
330210019003177786
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
03.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/22133-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

16 იანვარი 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ივერი აბაშიძე

სხდომის მდივანი - გვანცა გიორგაძე

 

მოსარჩელე - სს „პ------------------ი“

წარმომადგენელი - მ-------------------

 

მოპასუხე - შპს „ს-------–-

წარმომადგენელი - გ----------------------------–-–---–-

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე - შპს „ს-------–--ს დაეკისროს მოსარჩელე სს „პ------------------ის“ სასარგებლოდ 14477,64 ლარის გადახდა.

 

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:

 

მხარეებს შორის 2017 წლის 13 იანვარს გაფორმდა ეკვაირინგის ხელშეკრულება, რომლითაც სასტუმროს კლიენტებისთვის საბარათე მომსახურების გაწევის მიზნით კლიენტს გადაეცა პოს-ტერმინალი. მოგვიანებით, კლიენტის მოთხოვნით მოპასუხეს ჩაერთო პრე-ავტორიზაციის ფუნქცია, რაც გულისხმობს, რომ ამ ფუნქციით კლიენტი შეძლებდა მომსახურების ღირებულების წინასწარ დაბლოკვას, ბარათის გარეშე, მხოლოდ ბარათის მფლობელის მიერ მოწოდებული, ბარათზე დაფიქსირებული მონაცემების საფუძველზე. თუმცა ბანკის მიერ პრეავტორიზაციის ფუნქციის ჩართვის განაცხადით და პრეავტორიზაციის სახელმძღვანელოთი განსაზღვრულია, რომ დაბლოკილი თანხის ჩამოჭრა უნდა მოხდეს მხოლოდ ბარათის მფლობელის თანდასწრებით ან მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.

 

მოპასუხემ, 2018 წლის მარტის თვეში, პრეავტორიზაციით დაბლოკილი თანხები ჩამოჭრა კლიენტების თანხმობის გარეშე, რაც ბარათის მფლობელებმა გაასაჩივრეს მომსახურე ბანკთან და სს „პ------------------ში“ შევიდა გასაჩივრება ამ კონკრეტულ ტრანზაქციებზე. შედეგად, ვიზა-მასტერქარდმა აღნიშნული თანხები სს „პ------------------ს“ ჩამოაჭრა.

 

კლიენტის არასანქცირებული მოქმედების გამო პ------------------ი დაზარალდა და ჯამში მოუწია 14477,64 ლარის ანაზღაურება. მოპასუხეს გაეგზავნა გაფრთხილების წერილი. გარდა ამისა, ბანკის წარმომადგენლებმა მოპასუხეს არაერთხელ განუმარტეს, რომ გასაჩივრებულ თანხებთან დაკავშირებით მიემართა booking.com-ისთვის. ბანკს თავისი შეთანხმება გააჩნდა ვიზა-მასტერქარდთან და ვალდებული იყო დაეცვა პირობები. თავის მხრივ მოპასუხეს უნდა შეესრულებინა ბანკთან დადებული პირობები.

 

მოსარჩელემ ასევე განმარტა, რომ არ იყო გასაზიარებელი მოპასუხის პოზიცია, რომ ვინაიდან კლიენტებმა გააუქმეს ჯავშნები, იგი უფლებამოსილი იყო თანხის ჩამოჭრაზე. აღნიშნული ეწინააღმდეგებოდა ბანკსა და მოპასუხეს შორის გაფორმებულ ხელშეკრულების პირობებს და მოპასუხის მიერ განხორციელებული ჩამოჭრები იყო არასანქცირებული.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. წარმოდგენილი შესაგებლით, ასევე სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტებით მოპასუხემ გამორიცხა მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობა და თანხების ჩამოჭრით მოსარჩელისთვის ზიანის მიყენება. მოპასუხემ მიუთითა, რომ აქვს სასტუმრო და მომსახურებს უწევს ტურისტებს. სასტუმროს რეკლამა და პირობები განთავსებულია საერთაშორისო კომპანია Booking-ის საიტზე. ყველა კლიენტმა იცოდა იმის თაობაზე, რომ სასტუმროს ჯავშნის გაუქმების შემთხვევაში ჯარიმის სახით ჩამოეჭრებოდა მომსახურების თანხის 70%. აღნიშნულზე თანხმობას კლიენტი აცხადებს, რაც დასტურდება ხელშეკრულების ელექტრონულად დადებით. თანხმობით კლიენტი თავისი სურვილით აწვდის სასტუმროს ინფორმაციას კუთვნილი პლასტიკური ბარათის შესახებ. ამასთან, ბანკმა მას ვერ მიაწოდა ინფორმაცია, ვიზა-მასტერქარდმა კონკრეტულად რის საფუძველზე, რა მიზეზით ჩამოაჭრა თანხები და არ მიუწოდებია ინფორმაცია, თავად ბანკმა რა მიზეზით მოახდინა თანხის ჩამოჭრა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. სს „პ------------------სა“ და შპს „გ--“-ს (სახელწოდების შეცვლის შემდგომ შპს „ს-------–--ს) შორის 2017 წლის 13 იანვარს დაიდო სტანდარტული ტიპის ეკვაირინგის ხელშეკრულება, რომლის თანახმად ბანკი კლიენტს აუნაზღაურებს კლიენტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტში ბარათით შესრულებული ოპერაციების თანხას.

 

ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულებაზე და გაწეულ საბანკო მომსახურებაზე ვრცელდება „საბანკო მომსახურების პირობები“, რომლითაც განსაზღვრულია ამ ხელშეკრულებით გასაწევი მომსახურების შინაარსი და ყველა პირობა, მხარეთა უფლება-მოვალეობა, ასევე ამ ხელშეკრულებაში და „საბანკო მომსახურების პირობებში“ ცვლილებების/დამატებების შეტანის წესი და პირობები. „საბანკო მომსახურების პირობები“ არის ამ ხელშეკრულების შემადგენელი და განუყოფელი ნაწილი. ხელშეკრულებაზე ხელმოწერით კლიენტი დასტურებს, რომ გაეცნო „საბანკო მომსახურების პირობებს“.

 

ხელშეკრულების ფარგლებში კლიენტს - მოპასუხეს გადაეცა პოს-ტერმინალი, ნომრით G-------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 13.01.2017 წლის სტანდარტული ტიპის ეკვაირინგის ხელშეკრულება.

 

3.1.2. ეკვაირინგის მომსახურების საერთო დებულებებით განისაზღვრა მხარეთა უფლება-მოვალეობები, მათ შორის: ბანკი გაუწევს კლიენტს ეკვაირინგის მომსახურებას გადახდებზე, რომლებიც ხორციელდება ბანკის მიერ კლიენტისათვის გადაცემული პოს-ტერმინალის მეშვეობით Visa International და MasterCard International ბარათების გამოყენებით.

 

ბანკი უფლებამოსილია მოახდინოს კლიენტის ანგარიშზე ჩარიცხული სახსრების ჩარჯბექის თანხით შემცირება (სადაც ჩარჯბექი ნიშნავს ბარათის ემიტენტი ბანკის მხრიდან ბანკის მიმართ ფინანსური პრეტენზიას კლიენტის მიერ ბარათით შესრულებული ოპერაციის თანხის დაბრუნებაზე. პრეტენზია შეიძლება იყოს მაგალითად ბარათის მფლობელის მხრიდან მის ანგარიშზე შესრულებულ ოპერაციაზე უარის თქმის შემთხვევა და ა.შ.).

 

კლიენტი ვალდებულია:

· მიიღოს საგადახდო საშუალებად მოქმედი Visa International და MasterCard International საბანკო პლასტიკური ბარათები საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის, საბარათე საგადახდო სისტემის (,,ვიზას’’ და ,,მასტერქარდის’’ საერთაშორისო სისტემები) წესებისა და ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის მოთხოვნების გათვალისწინებით;

· განახორციელოს ოპერაცია მხოლოდ და მხოლოდ ბარათის მფლობელის/მოსარგებლის თანდასწრებით და ან მისი თანხმობით. მოახდინოს ბარათის მფლობელის/მოსარგებლის იდენტიფიკაცია პინ კოდის, ხელმოწერის, საჭიროების შემთხვევაში კი პირადობის დამადასტურებელი საბუთის შემოწმებით და არ დაუშვას ბარათის გამოყენება არაუფლებამოსილი პირის მიერ.

· ბარათის მფლობელის მიერ საქონლის უკან დაბრუნების და/ან მომსახურებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ასეთ დაბრუნებაზე/უარზე კლიენტის თანხმობისას, ბარათზე განახორციელოს კრედიტული ოპერაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ეკვაირინგის მომსახურების საერთო დებულებები.

 

3.1.3. შპს „გ--“-ს (შემდგომში შპს „ს-------–--ს) განაცხადის საფუძველზე მოპასუხისთვის გადაცემულ პოს-ტერმინალზე სს „პ------------------ის“ მხრიდან განხორციელდა პრე-ავტორიზაციის ფუნქციის ჩართვა. კლიენტს გადაეცა პრე-ავტორიზაციის სახელმძღვანელო.

პრე-ავტორიზაციის ფუნქციის საშუალებით მოპასუხეს მიეცა საქონლის და/ან მომსახურების ღირებულების წინასწარი დაბლოკვის შესაძლებლობა ბარათის გარეშე, მხოლოდ ბარათის მფლობელს მიერ მიწოდებული, ბარათზე დაფიქსირებული მონაცემების საფუძველზე. თავდაპირველად ხორციელდება თანხის წინასწარი დაბლოკვა, ხოლო მომსახურების გაწევის და/ან საქონლის მიწოდების შემდეგ - დაბლოკილი თანხის სრულად ან ნაწილობრივ ჩამოჭრა. თანხა იბლოკება 30 კალენდარული დღით. თუ ამ პერიოდის განმავლობაში ბარათის მფლობელმა არ მიიღო შეკვეთილი საქონელი და/ან მომსახურება, დაბლოკილი თანხა ავტომატურად განიბლოკება და ანგარიშზე დაუბრუნდება ბარათის მფლობელს.

დაბლოკილი თანხის სრულად ჩამოჭრა უნდა მოხდეს ბარათის მფლობელის თანდასწრებით, ტრანზაქცია უნდა დასრულდეს პოს-ტერმინალში ბარათის გატარებით და ბარათის მფლობელის ხელმოწერით/პინ-კოდით. ხოლო ნაწილობრივი ჩამოჭრა შესაძლებელია ბარათის მფლობელის მიერ ხელმოწერით დადასტურებული წინასწარი ხელშეკრულების და/ან შეთანხმების საფუძველზე.

კლიენტი (სავაჭრო/მომსახურების ობიექტი) ვალდებულია, პრე-ავტორიზაციის ფუნქციის საშულებით ოპერაციის ჩატარებისას დაიცვას პოს-ტერმინალის პრე-ავტორიზაციის სახელმძღვანელოში და განცხადებაში მოყვანილი წესებით;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- განცხადება პოს-ტერმინალზე პრე-ავტორიზაციის ფუნქციის ჩართვაზე;

- პრე-ავტორიზაციის სახელმძღვანელო.

 

3.1.4. სს „პ------------------ი“, პლასტიკური ბარათებით საბანკო ოპერაციების მომსახურების გაწევისას ექვემდებარება „ვიზა“ და „მასტერქარდის“ საერთაშორისო სისტემის წესებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

 

3.1.5. შპს „ს-------–--ს აქვს სასტუმრო და სასტუმროს რეკლამირება/ტურისტების მოზიდვას ახდენს საერთაშორისო კომპანია Booking.com-ის საიტზე ინფორმაციის განთავსებით, მასსა და ამ კომპანიას შორის არსებული სახელშეკრულებო პირობების გათვალისწინებით. პირობების თანახმად, მომხმარებლის (სასტუმროს სერვისის მიმღები) მიერ ჯავშნის გაკეთებით ხდება ხელშეკრულების დადება კონკრეტულ სასტუმროსთან. ჯავშნის განხორციელება გულისხმობს Booking.com-ის წესებზე, ასევე პირობებისა და ინფორმაციის მიღებაზე თანხმობას. მომხმარებელს პირობები წარედგინება ჯავშნის გაკეთებამდე, Booking.com-ის განთავსებული ინფორმაციის საშუალებით და ინფორმაციის წარდგენა ხდება საცხოვრებლების (სასტუმროების) მიერ. ინფორმაციის მიწოდება მოიცავს მათ შორის ინფორმაციას საკრედიტო ბარათით გადახდებთან დაკავშირებით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოპასუხის ახსნა-განმარტება;

- საერთაშორისო კომპანია Booking.com-ის წერილი.

 

3.1.6. შპს „ს-------–--ს მიერ საერთაშორისო კომპანია Booking.com-ის საიტზე განთავსებული პირობების თანახმად, კლიენტის (სასტუმროს სერვისის მიმღების) მხრიდან დაჯავშნის შემდეგ ჯავშნის გაუქმებისას, სტუმარი იხდის ცხოვრების საერთო ღირებულების 30%-ს და კიდევ 40%-ს ცხოვრების საერთო ღირებულებიდან შესვლამდე 60 დღის განმავლობაში ჯავშნის გაუქმების შემთხვევაში. ასევე - ნებისმიერ დროს ჯავშნის გაუქმებისას, სტუმარი იხდის ცხოვრების საერთო ღირებულებას. მოპასუხემ სტუმრის - მ------–---------ს შემთხვევაში მოახდინა დაბლოკილი თანხის სრულად ჩამოჭრა, სხვა სტუმრების შემთხვევაში განსხვავებულად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ინფორმაცია Booking.com-ის საიტიდან (მიმოწერა სტუმართან).

3.1.7. სტუმრების (სასტუმროს სერვისის მიმღების) მხრიდან ჯავშნის გაუქმების საფუძველზე შპს „ს-------–--ს მიერ დისტანციურად, ბარათის მფლობელების თანდასწრების გარეშე, განხორციელდა დაბლოკილი თანხებიდან გარკვეული თანხების ჩამოჭრა, რაზეც ჩარჯბექის პირობაზე მითითებით მოსარჩელეს სს „პ------------------ის“ მხრიდან წარედგინა პრეტენზია 14477,64 ლარის ოდენობით.

 

ზიანის ოდენობაზე შედავება მოპასუხეს არ განუხორციელებია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გაფრთხილების წერილი;

- ამონაწერები ანგარიშიდან;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას, რომ Booking.com-ის საიტზე ჯავშნის გაკეთებამდე სასტუმროს მიერ შეთავაზებულ პირობებზე თანხმობის გაცხადება გულისხმობს ეკვაირინგის ხელშეკრულებით შეთანხმებულ ბარათის მფლობელის თანხმობას.

 

მოპასუხე თავის პოზიციას ამყარებს იმ გარემოებაზე, რომ მომხმარებლის (სასტუმროს სერვისის მიმღების) მიერ ჯავშნის განხორციელება გულისხმობს Booking.com-ის წესებზე, ასევე პირობებისა და ინფორმაციის მიღებაზე თანხმობას. ვინაიდან მომხმარებელს პირობები წარედგინება ჯავშნის გაკეთებამდე, სასტუმროს ნომრის დაჯავშნა გულისხმობს, რომ მომხმარებელი გაეცნო პირობებს და თანახმაა ჯავშნის გაუქმების შემთხვევაში თანხის ჩამოჭრა მოხდეს მისი საბანკო ანგარიშიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. მტკიცებულებათა წარმოდგენის მოვალეობას საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დასადგენად, კანონმდებელი აკისრებს იმ მხარეს, რომლისთვისაც ეს უფრო ადვილი და მოსახერხებელია. მოსარჩელე მოვალეა დაამტკიცოს ფაქტები, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ მის მოთხოვნას, ხოლო იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლებიც ასეთი მოთხოვნის უფლებას გააქარწყლებენ - დაკისრებული აქვს მოპასუხეს. აქვე აღსანიშნავია, რომ მხარეებს შორის, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. ფაქტების დამტკიცებას იწყებს მოსარჩელე, რომელმაც უნდა დაამტკიცოს მის მიერ მოპასუხისადმი წაყენებული მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი. მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსარჩელე დაამტკიცებს ამ ფაქტებს, მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე. შესაბამისად, მოპასუხე მხარე ვალდებულია დაამტკიცოს ის ფაქტები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის შესაგებელს, მაშასადამე მან არამარტო უნდა გამოთქვას საპირისპირო მოსაზრება კონკრეტულ მტკიცებულებასა და ფაქტთან დაკავშირებით, არამედ უნდა დაასაბუთოს იგი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

მტკიცების ტვირთის გადანაწილებას არამარტო საპროცესო-სამართლებრივი მნიშვნელობა აქვს, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ საპროცესო მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი - არახელსაყრელი შედეგი.

 

სარჩელის განხილვის დროს მხარეები სასამართლოს სსსკ-ის 102-ე და 103-ე მუხლების შესაბამისად წარუდგენენ, როგორც მართლსაწინააღმდეგო ქმედების, ასევე ზიანის ფაქტის, მიზეზობრივი კავშირისა და ზიანის ოდენობის ამსახველ მტკიცებულებებს, ხოლო სასამართლო წარმოდგენილ მტკიცებულებებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად აფასებს.

 

მოსარჩელე თავის პოზიციის გასამყარებლად მიუთითებს საერთაშორისო კომპანია Booking.com-ის წერილზე, ასევე კონკრეტულ მომხმარებლებთან განხორციელებულ მიმოწერაზე.

 

კონკრეტული გარემოების დადგენის მიზნით სასამართლო მიუთითებს, რომ ამოსავალი არის არა მოპასუხესა და მესამე პირებს (მომხმარებელს ან საერთაშორისო კომპანია Booking.com-ს) შორის არსებული სახელშეკრულებო პირობები, არამედ მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის დადებული ეკვაირინგის ხელშეკრულების პირობები და მისი ჯეროვნად შესრულება/არშესრულების ფაქტის კვლევა. ეკვაირინგის ხელშეკრულებით იმპერატიულად არის შეთანხმებული, რომ შპს „ს-------–--მ ოპერაცია განახორციელოს მხოლოდ და მხოლოდ ბარათის მფლობელის/მოსარგებლის თანდასწრებით და/ან მისი თანხმობით. ხოლო პრე-ავტორიზაციის ფუნქციის ჩართვის განაცხადში უფრო დაკონკრეტებულია, რომ დაბლოკილი თანხის სრულად ჩამოჭრა უნდა მოხდეს ბარათის მფლობელის თანდასწრებით. ტრანზაქცია უნდა დასრულდეს პოს-ტერმინალში ბარათის გატარებით და ბარათის მფლობელის ხელმოწერით/პინ-კოდით. ასევე დაბლოკილი თანხის ნაწილობრივი ჩამოჭრა შესაძლებელია ბარათის მფლობელის მიერ ხელმოწერილით დადასტურებული წინასწარი ხელშეკრულების და/ან შეთანხმების საფუძველზე.

 

ამდენად, დაბლოკილი თანხის სრულად ჩამოჭრისას შეთანხმებით იმთავითვე გამორიცხულია ამ ოპერაციის განხორციელება ბარათის მფლობელის თანდასწრების გარეშე. ხოლო ნაწილობრივ ჩამოჭრისას შეთანხება უშვებს შესაძლებლობას კლიენტმა (მოპასუხემ) ოპერაცია განახორციელოს ბარათის მფლობელის მიერ ხელმოწერით დადასტურებული წინასწარი ხელშეკრულების და/ან შეთანხმების საფუძველზე.

 

კონკრეტულ შემთხვევაში დადასტურებულია, რომ დაბლოკილი თანხის მთლიანად ჩამოჭრა ბარათის მფლობელის თანდასწრებით არ მომხდარა, ხოლო ნაწილობრივ ჩამოჭრის კანონიერების დადასტურების მიზნით მოპასუხეს არ წარმოუდგენია ბარათის მფლობელის ხელმოწერით დადასტურებული ხელშეკრულება ან/და შეთანხმება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ინფორმაცია Booking.com-ის საიტიდან (მიმოწერა სტუმართან);

- 13.01.2017 წლის სტანდარტული ტიპის ეკვაირინგის ხელშეკრულება;

- განცხადება პოს-ტერმინალზე პრე-ავტორიზაციის ფუნქციის ჩართვაზე;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2.2. ბარათის მფლობელების მხრიდან მათ ემიტენტ ბანკებთან დაფიქსირებული პრეტენზიების გამო, ჩარჯბექის საფუძველზე სს „პ------------------მა“ მოახდინა 14477,64 ლარის ანაზღაურება.

 

აღნიშნული ფაქტი დასტურდება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერებით, საიდანაც უდავოდ დგინდება, რომ გადარიცხვის საფუძველია ჩარჯბექი და გადარიცხვა ეხება მოპასუხისთვის ეკვაირინგის ხელშეკრულებით გადაცემულ პოს-ტერმინალით G------- განხორციელებულ ჩამოჭრებს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერები საბანკო ანგარიშიდან.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 394-ე, 412-ე მუხლები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის დანაწესით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების, ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან. სამოქალაქო მართლწესრიგი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი, ხოლო სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს, კერძოდ, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლი, კი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.

 

სამოქალაქო მართლწესრიგი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი, ხოლო სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა, კი წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას.

 

სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის თანახმად, რომელიც შეიცავს სახელშეკრულებო ურთიერთობების ზოგად განმარტებას, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხოლო 327-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეული უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. აღნიშნული ნორმების საფუძველზე სასამართლო მიუთითებს, რომ ხელშეკრულება მხარეთა შეთანხმების შედეგია, რომელიც მხარეთა თანხმვედრი ნების გამოვლენას გულისხმობს და ის სამართლებრივი შედეგი, რომლის მიღწევასაც მხარეები ცდილობენ, შესაძლოა მხოლოდ კონსესუსის შედეგად დადგეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას: „ზიანი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით უნდა იყოს მიყენებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც წესი, ზიანის ანაზღაურების საკითხი არ დადგება. მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედებს ის, ვინც არღვევს სამართლებრივ დანაწესებს, სამართლის ნორმათა მოთხოვნებს. მართლწინააღმდეგობა ობიექტური ნიშანია სამართალდარღვევისა და მისი არსებობა არაა დამოკიდებული მოვალის ცნობიერების ხასიათზე, ანუ აცნობიერებდა თუ არა მოვალე თავისი ქმედების სამართლებრივ ხასიათს. მთავარია, რომ მოვალის ქმედება არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, სამოქალაქო სამართალში მართლსაწინააღმდეგოდ მიიჩნეს სხვა პირთა დაცული ინტერესის ხელყოფა. მართლწინააღმდეგობა მოიცავს, როგორც კანონით დადგენილი წესების, ისე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევას. მიზეზობრივი კავშირი სამართალდარღვევის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია. ანაზღაურდება მხოლოდ ისეთი ზიანი, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედებით იყო გამოწვეული. იმისთვის, რომ, რომ მოვალეს დაეკისროს პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გაირკვეს, წარმოადგენს თუ არა ზიანი მოვალის მოქმედების უშუალო შედეგს. თუ მიზეზობრივი კავშირი სახეზეა, არსებული ზიანი ანაზღაურდება სრულად, მიუხედავად იმისა, თუ რა ოდენობისაა ეს ზიანი, ან რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობა დამდგარ შედეგში. პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება მხოლოდ მაშინაა ზიანის მიზეზი, როცა ის უშუალოდაა დაკავშირებული დამდგარ ზიანთან. ამგვარად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მისი გამომწვევი ქმედების უშუალო, აუცილებელი, პირდაპირი შედეგია (შდრ. სუსგ Nას-155-145-2017, 26.10.2018წ.).

 

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს შემდეგს: იმისათვის რომ სასამართლომ დაადგინოს ზიანის მიყენების ფაქტი უნდა არსებობდეს სახეზე 4 წინაპირობა. კერძოდ, მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი, ზიანის მიმყენებლის ბრალი და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის მომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოვალის მოქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხის მხრიდან ადგილი ჰქონდა ეკვაირინგის ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობების დარღვევას და შპს „ს-------–--ს არასანქცირებული ჩამოჭრის შედეგად სს „პ------------------მა“ გადაიხადა 14477,64 ლარი, რომლის გადახდის ვალდებულება სახეზე არ იქნებოდა მოპასუხის მხრიდან პრე-ავტორიზაცის სახელშეკრულებო პირობები დაცული რომ ყოფილიყო.

 

ამდენად, სახეზეა სახელშეკრულებო პირობების დარღვევის გამო ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძვლები და სარჩელი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იყო 482,59 ლარი. საიდანაც შპს „ს-------–--ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დავის საგნის ოდენობის პროპორციული სახელმწიფო ბაჟის - 434,33 ლარის ანაზღაურება, ხოლო ზედმეტად გადახდილი 48,26 ლარი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე სს „პ------------------ი“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხე შპს „ს-------–--ის მოსარჩელე სს „პ------------------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს მიყენებული ზიანის ანაზღაურების სახით - 14 477.64 ლარის გადახდა;

 

3. მოპასუხე შპს „ს-------–--ის მოსარჩელე სს „პ------------------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ - 434,33 ლარის გადახდა;

 

4. სს ,,პ------------------ს“ (ს/ნ 2--------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 05.09.2019 N--------- საგადახდო დავალების საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი (482.59 ლარიდან) 48.26 (ორმოცდარვა ლარი და 26 თეთრი) ლარი (გადამხდელი სს ,,პ------------------ი“ (ს/ნ 2--------), გადამხდელის ბანკი - სს ,,პ------------------ი“, ანგარიში/სახაზინო კოდი - 300773150; მიმღები ბანკი - ხაზინა);

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ივერი აბაშიძე