გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 13.11.2019
საქმის ნომერი
330310019003105419
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
13.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №------------------

საქმე №3/5651-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

13 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ნინო ბუაჩიძე

სხდომის მდივანი - ელენე არდაზიშვილი

 

მოსარჩელე - დ--------------------–---–-----–--------ი

წარმომადგენელი - რ---------------ა

 

მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

წარმომადგენელი - მ---------–---–---–ი, დ----------------ე

 

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. დაევალოს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დ--------------------–---–-----–--------ის 2019 წლის 16 იანვრის №---------- განაცხადზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა;

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს. მოპასუხემ განმარტა, რომ აღნიშნულ განაცხადზე სააგენტოში მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დ--------------------–---–-----–--------ი (დაბადებული 1----–-–----------------ს) არის ერაყის რესპუბლიკის მოქალაქე, რომელმაც 2019 წლის 16 იანვარს სასწავლო ბინადრობის ნებართვის მოპოვების შესახებ განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სამახსოვრო ბარათი (ს.ფ. 41-42);

- განცხადება ბინადრობის ნებართვის მოპოვების შესახებ (ს.ფ. 52-55);

- ეროვნული პასპორტის ასლი (ს.ფ. 45-46);

 

3.2. შპს ს----------–-------------------ის 2019 წლის 14 იანვრის №------ ცნობით დასტურდება, რომ დ--------------------–---–-----–--------ი არის მედიცინის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი და ს----------–-------------------ში ჩარიცხულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებისა და ს----------–-------------------ის პრეზიდენტების 4----- ბრძანების საფუძველზე. პროგრამის ხანგრძლივობაა 6 წელი, სავარაუდო დასრულების თარიღი 20.07.2023 წელი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს ს----------–-------------------ის 2019 წლის 14 იანვრის №------ ცნობა (ს.ფ. 64-65);

 

3.3. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2019 წლის 29 იანვრის S---------------- წერილით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტს დ--------------------–---–-----–--------ის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნდათ.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2019 წლის 29 იანვრის S---------------- წერილი (ს.ფ. 44);

 

3.5. ერაყის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2018 წლის 9 დეკემბერს გაცემული №----- ცნობით დგინდება, რომ დ--------------------–---–-----–--------ი ერაყში ნასამართლევი არ არის.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- ერაყის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2018 წლის 9 დეკემბერს გაცემული ცნობა (ს.ფ. 60-62);

 

3.6. სს თიბისი ბანკის მიერ 2019 წლის 11 იანვარს გაცემული ცნობით დგინდება, რომ დ--------------------–---–-----–--------ი არის პლასტიკური ბარათ(ებ)ის მფლობელი და ხელმისაწვდომი თანხა არის 7307.00 ლარი.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- სს თიბისი ბანკის 2019 წლის 11 იანვრის №08/103-01 ცნობა (ს.ფ. 63);

 

3.7. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 8 იანვრის №1000647489 გადაწყვეტილებით დ--------------------–---–-----–--------ს გადაუვადდა საქართველოდან გასვლის ვალდებულება 2019 წლის 31 იანვრიდან 2019 წლის 26 მარტამდე.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 8 იანვრის №1000647489 გადაწყვეტილება (ს.ფ. 49);

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების შემოწმების, წარმოდგენილ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესი“.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

 

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ეს კანონი არეგულირებს უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე განსაზღვრავს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს, საქართველოში მყოფ უცხოელთა საქართველოდან გაძევების ფორმებსა და პროცედურებს, გაძევების პროცესში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებათა კომპეტენციის ფარგლებსა და პასუხისმგებლობას.

 

აღნიშნული კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (შემდგომ – სააგენტო). ამავე კანონის 15 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოში გაიცემა შემდეგი სახის ბინადრობის ნებართვა: სასწავლო ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მიზნით.

 

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლით განისაზღვრა საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესი. ამავე ნორმის მე-7 პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად და ამ ნებართვის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად განცხადებების განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს სააგენტოსთვის საჭირო დოკუმენტაციის სრულად წარდგენიდან 30 დღეს. ამავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, სააგენტო ვალდებულია აცნობოს უცხოელს განცხადების განხილვის შედეგები ელექტრონული ფორმით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-10 პუნქტის მიხედვით, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხი განიხილება და წყდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

 

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესით“ განსაზღვრულია უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის წესი და პირობები. მითითებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით, უცხოელი განცხადებით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო). აღნიშნული წესის მე-6 მუხლში მოცემულია სასწავლო ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი.

 

აღნიშნული წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად საჭირო ყველა დოკუმენტი უნდა იქნეს წარდგენილი განცხადებასთან ერთად. სააგენტო უფლებამოსილია, ადმინისტრაციული წარმოების ნებისმიერ ეტაპზე, დამატებით მოითხოვოს იმ დოკუმენტების წარდგენა, რომლებიც ასაბუთებენ ამ წესით გათვალისწინებულ ცალკეულ ფაქტებსა და გარემოებებს (საკითხის განხილვისა და გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოების დადგენისათვის). უცხოელს, ასევე, შეუძლია სააგენტოში საკითხის განხილვის პროცესში, თავისი ინიციატივით, წარადგინოს საკითხის განხილვისათვის საჭირო დამატებითი დოკუმენტები ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად ან მისი მოქმედების ვადის გასაგრძელებლად, განცხადების განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს სააგენტოსათვის საჭირო დოკუმენტაციის სრულად წარდგენიდან 30 დღეს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, სააგენტო უფლებამოსილია, ხოლო კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან. სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები, მიმართვის მიღებიდან 5 დღეში წარუდგენენ სააგენტოს მოთხოვნილ ინფორმაცია. თუ აღნიშნული ვადა საკმარისი არ არის წერილობითი ინფორმაციის გასაცემად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები ამის თაობაზე აცნობებენ სააგენტოს, რის შემდეგაც მათ მიეცემათ დამატებით ორდღიანი ვადა. საქართველოს სახელმწიფო ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ აღნიშნულ ვადებში სააგენტოსათვის საჭირო ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, ითვლება, რომ არ არსებობს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები (გარდა კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა) და სააგენტო ვალდებულია საკითხის განხილვა დაასრულოს კანონით განსაზღვრულ ვადაში.

 

ამავე წესის მე-13 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების თანახმად, უცხოელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციისა და მოპოვებული მასალის საფუძველზე, სააგენტოს უფლებამოსილი თანამდებობის პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის ან საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე. უცხოელზე, რომელმაც მიიღო საქართველოში ბინადრობის ნებართვა, სააგენტო გასცემს შესაბამის ბინადრობის მოწმობას, რომლის ფორმას ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი ვადის დარღვევა ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმად და იგი გასაჩივრდება ამ თავით დადგენილი წესით.

 

დადგენილია, რომ დ--------------------–---–-----–--------ი (დაბადებული 1----–-–----------------ს) არის ერაყის რესპუბლიკის მოქალაქე, რომელმაც 2019 წლის 16 იანვარს სასწავლო ბინადრობის ნებართვის მოპოვების შესახებ განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს. აღნიშნული განაცხადით ბინადრობის ნებართვის გაცემისათვის მომსახურების ვადად განისაზღვრა 20 დღე. დადგენილია, რომ დ--------------------–---–-----–--------ის განაცხადს ერთვოდა სასწავლო ბინადრობის მისაღებად საჭირო დოკუმენტები. მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს განაცხადზე ხარვეზი არ დაუდგენია და დამტებითი დოკუმენტაცია განმცხადებლისათვის არ მოუთხოვია. მოპასუხე მხარემ განმარტა, რომ განაცხადზე მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება, თუმცა არ დაუსაბუთებია თუ რა გარემოებათა გამოკვლევა ან რა მტკიცებულებების მოპოვება საჭიროებს დამატებით დროს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან თავად ადმინისტრაციული ორგანო ადასტურებს იმ ფაქტს, რომ დ--------------------–---–-----–--------ის 16.01.2019 წ. განაცხადზე შესაბამისი გადაწყვეტილების გამოუცემლობა გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ საკითხი მოითხოვს დამატებით გამოკვლევასა და შეფასებას, შესაბამისად, კანონით დადგენილ ვადაში განაცხადზე გადაწყვეტილების მიუღებლობა ვერ ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმად; თუმცა მოსარჩელეს ვერ ექნება უსასრულო მოლოდინი მის განაცხადზე მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების დასრულებისადმი, მოსარჩელე მხარის კანონიერი ინტერესია კანონით გათვალისწინებული წესით მიიღოს სასწავლო ბინადრობის ნებართვა. ამასთან, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მხრიდან დარღვეულია ბინადრობის ნებართვის გაცემისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადა.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-13, 33-ე, 34-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257, 369-ე მუხლებით,გადაწყვიტა:

 

1. დ--------------------–---–-----–--------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. მოპასუხეს - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალოს 20 დღის ვადაში გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დ--------------------–---–-----–--------ის 16.01.2019 წლის №---------- განაცხადის თაობაზე;

 

3. მოპასუხეს - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაეკისროს მოსარჩელის - დ--------------------–---–-----–--------ის სასარგებლოდ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის ანაზღაურება;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების დასაბუთებული ასლის მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში სააპელაციო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64.) მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის: თბილისი გრიგოლ რობაქიძის გამზ. №7ა).

 

მოსამართლე ნინო ბუაჩიძე