გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.01.2020
საქმის ნომერი
330210019003108063
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
22.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/17805-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

22 იანვარი 2020 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ხათუნა კაკაბაძე

სხდომის მდივანი დალი მახაური

 

მოსარჩელე - ქა-–--------–----------–----–-------------ია

წარმომადგენელი - გი-----------------ი

 

მოპასუხე - შპს „ჯე------------–ი“

წარმომადგენლები - გი---------------–---–ი, გი-----------–-–---–ი

 

დავის საგანი - სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობის გამო საჯარიმო თანხების დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

ქა-–--------–----------–----–-------------იის სასარგებლოდ შპს „ჯე------------–ი“-სთვის სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობის გამო საჯარიმო თანხების: 118.36 და 2 959 ლარის, სულ 3 077.36 ლარის დაკისრება.

 

2.1. სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

2018 წლის 22 ივნისს მოსარჩელე - ქა-–--------–----------–----–-------------იას და მოპასუხე - შპს „ჯე------------–ს“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N10.0-------- ხელშეკრულება ქა-–--------–----------–----–-------------იის უს--------------------–---------------ისთვის ზამთრის უნიფორმების (პერანგი, ჰალსტუხი, შარვალი, ქურთუკი და პულოვერი) შესყიდვის შესახებ.

 

უნიფორმები მიწოდებული უნდა ყოფილიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში, 2018 წლის 6 აგვისტოს ჩათვლით.

 

ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 59 180 ლარით.

 

ხელშეკრულების 8.2. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ შემდეგ პირობაზე: ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების (გარდა ხელშეკრულების ვადის დარღვევისა) შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმის გადახადა ყოველ ჯერზე ხელშეკრულების ღირებულების 0.2 %-ის ოდენობით.

 

ხელშეკრულების 9.5 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად კი, შემსყიდველს უფლება ჰქონდა ცალმხრივად შეეწყვიტა ხელშეკრულება მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების 5 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით გადაცილებისას.

 

შპს „ჯე------------–მა“ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შეასრულა 2018 წლის 17 სექტემბერს, 42 დღის დაგვიანებით.

 

მოსარჩელის მტკიცებით, მიწოდებულ უნიფორმას გააჩნდა ხარვეზები, კერძოდ, პოლოვერს ჰქონდა სამხრეები, რაც ტექნიკური დავალებით არ ყოფილა გათვალისწინებული; აღნიშნული შპს „ჯე------------–“-ისთვის ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისთვის, ჯარიმის დაკისრების საფუძველია. რაც ხელშეკრულების ღირებულებიდან (59 180 ლარი) გამომდინარე, 118.36 ლარს შეადგენს (59 180*2÷100=118.36). 2018 წლის 1 ოქტომბერს მოსარჩელის გადაწყვეტილებით ცალმხრივად შეწყდა ხელშეკრულება. ხელშეკრულების შეწყვეტასთან ერთად მოპასუხეს ეკისრება ჯარიმა ხელშეკრულების ღირებულების 5 %-ის ოდენობით, რაც შეადგენს 2 959 ლარს.

 

მოსარჩელემ მოითხოვა აღნიშნული საჯარიმო თანხების, სულ 3 077.36 ლარის მოპასუხისთვის დაკისრება.

 

2.2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ წარმოადგინა მარტივი შესაგებელი სარჩელის ნაწილობრივ ცნობის შესახებ, თუმცა არ მიუთითებია რა ნაწილში, მოსამზადებელ სხდომაზე კი განმარტა, რომ ცნობდა 118.36 ლარის დაკისრების მოთხოვნას. სხვა ნაწილში სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1 2018 წლის 22 ივნისს მოსარჩელე - ქა-–--------–----------–----–-------------იას და მოპასუხე - შპს „ჯე------------–ს“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N10.0-------- ხელშეკრულება ქა-–--------–----------–----–-------------იის უს--------------------–---------------ისთვის ზამთრის უნიფორმების (პერანგი, ჰალსტუხი, შარვალი, ქურთუკი და პულოვერი) შესყიდვის შესახებ.

 

ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 59180 ლარით, ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით(2.3.).

ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით(2.5.).

შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 46 კალენდარული დღით(3.1.).

ამავე ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულების (გარდა შესრულების ვადის დარღვევისა) შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმის გადახდა ყოველ ჯერზე ხელშეკრულების ღირებულების 0.2%-ის ოდენობით (8.2.).

ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%-ის ოდენობით (8.4.).

შემსყიდველს უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ, მათ შორის შემდეგ შემთხვევებში: ა)მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის 5 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით გადაცილების შემთხვევაში(9.5.ა).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი (ს.ფ. 2-17),- N10.0-------- ხელშეკრულება (ს.ფ. 18-22).

 

3.1.2 მხარეებს შორის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა ხარვეზით, კერძოდ, პოლოვერს ჰქონდა სამხრეები, რაც გათვალისწინებული არ ყოფილა ტექნიკური დავალებით. ხელშეკრულების პირობის არაჯეროვანი შესრულების გამო, მოპასუხეს ეკისრება ჯარიმა ხელშეკრულების ღირებულების 0.2 %-ის, 118.36 (59 180*2÷100=118.36), ლარის ოდენობით.

 

მოპასუხემ ამ ნაწილში სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი (ს.ფ. 2-17),- N10.0-------- ხელშეკრულება (ს.ფ. 18-22).

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (სხდომის ოქმი).

 

3.1.3 მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულება შეასრულა დაგვიანებით, კერძოდ, დათქმულ ვადაზე 5 კალენდარულ დღეზე მეტით ვადაგადაცილებით.

 

მოპასუხის მიერ შესყიდვის ობიექტის მიწოდება დასრულდა 2018 წლის 17 სექტემბერს.

 

მოსარჩელემ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ 2018 წლის 1 ოქტომბრის N0------------- წერილით აცნობა მოპასუხეს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი (ს.ფ. 2-17),- N0-------------, 01/10/2018 წერილი (ს.ფ. 23),- მხარის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (სხდომის ოქმი).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე შპს „ჯე------------–ის“ წარმომადგენლის მიერ საქმის არსებითი განხილვის დროს მითითებულ გარემოებას მოსარჩელის მიერ შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადის გაგრძლების შესახებ 2018 წლის 15 სექტემბრამდე შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. ამავე კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები, ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ მიერ ამის შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხის მიერ მითითებული გარემოება წარმოადგენს ახალ გარემოებას, რის თაობაზეც მოპასუხე მხარეს არც შესაგებელში და არც მოსამზადებელ სასამართლო სხდომაზე არ მიუთითებია.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პროცესუალური თვალსაზრისით, დასახელებულ ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ მოსარჩელემ თავად გაუგრძელა შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა 2018 წლის 15 სექტემბრამდე სასამართლო გაითვალისწინებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის თაობაზე მიუთითებს საქმის მონაწილე მხარე და იგი მოქმედებს, როგორც შეპასუხება სარჩელზე. კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხეს ვადის გადაცილება სადავოდ არ გაუხდია. მოპასუხის წარმომადგენელმა მხოლოდ სასამართლოს მთავარ სხდომაზე აღნიშნა ამის თაობაზე, ყოველგვარი მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე, რის გამოც აღნიშნული გარემოება სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული.

 

საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, ასევე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ ნაწილობრივ ცნო სარჩელი, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, ქა-–--------–----------–----–-------------იას მოპასუხე - შპს „ჯე------------–ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 118.36 ლარის ანაზღაურება.

 

სარჩელი - 2 959 ლარის ოდენობით ჯარიმის დაკისრების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და 208-ე მუხლები

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 427-ე, 629-ე, 649-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

სასამართლო აღნიშნავს, რომ 2018 წლის 22 ივნისს მხარეებს შორის გაფორებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება ზამთრის უნიფორმების მიწოდების შესახებ, თავისი ბუნებით წარმოადგენს ნარდობის ხელშეკრულებას. მოსარჩელე, როგორც მომსახურების შემსყიდველი ორგანიზაცია წარმოადგენდა შემკვეთს, ხოლო, მოპასუხე, შემსრულებლის სახით - მენარდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

ამ ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ ნარდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა, სადაც თითოეულ მხარეს გააჩნია უფლება-მოვალეობები. მენარდე ვალდებულია შეასრულოს გარკვეული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს შეთანხმებული საზღაური. ამასთან, ნარდობის ხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს ორივე მხარის: როგორც კრედიტორის, ისე მოვალისთვის სავალდებულო დამატებით, საგარანტიო პირობებს სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნისთვის.

 

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად, მხარეების მიერ ხელშეკრულებაში დამატებითი პირობის გათვალისწინება სახელშეკრულებო ურთიერთობისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი ნიშანია. ასეთი დამატებითი პირობა შეიძლება იყოს ჯარიმა, რაც თავისი არსით საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის დანაწესით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ანალოგიური საშუალებაა. შესაბამის შემთხვევებში, ამ სანქციის გამოყენების შესაძლებლობა, როგორც ვალდებულების შესრულების სტიმულირების ერთ-ერთი პირობა, სახელშეკრულებო ურთიერთობის მონაწილეებმა თავისუფლად შეიძლება შეიტანონ სახელშეკრულებო პირობებში.

 

მოცემულ საქმეზე მხარებმა ხელშეკრულებაში წერილობით გაითვალისწინეს ჯარიმა ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების (გარდა შესრულების ვადის დარღვევისა), ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცილების და ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევებისთვის.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ ხელშეკრულება შესრულდა ხარვეზით, კერძოდ, პოლოვერს ჰქონდა სამხრეები, რაც გათვალისწინებული არ ყოფილა ტექნიკური დავალებით. სახელშეკრულებო პირობის არასათანადოდ შესრულება დასტურდება იმ გარემოებითაც, რომ მოსარჩელემ ცნო სარჩელი სახელშეკრულებო ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო ჯარიმის დაკისრების ნაწილში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.

 

სამოქალაქო პროცესში დისპოზიციურობის პრინციპის დამდგენი ეს ნორმა სამოქალაქო დავის მონაწილეთა უმთავრეს და პრინციპულ უფლებამოსილებებს ადგენს. ამ ზოგადი ნორმიდან გამომდინარეობს ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესი, რომლის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ შესრულება ხარვეზიანი იყო, ამასთან, მოსარჩელის მიერ მოსაზადებელ სხდომაზე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის საჯარიმო თანხის დაკისრების ნაწილში სარჩელის ცნობის გამო, სასამართლო ადგენს, რომ სარჩელი 118.36 ლარის ოდენობით ჯარიმის დაკისრების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2 სასამართლო ცალკე იმსჯელებს ხელშეკრულების შეწყვეტის გამო, მოსარჩელის მიერ საჯარიმო სანქციის გამოყენების საკითხზე.

 

მხარეებს შორის 2018 წლის 22 ივნისს დადებული ხელშეკრულების 9.5 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, შემსყიდველს უფლება ჰქონდა ცალმხრივად შეეწყვიტა ხელშეკრულება მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების 5 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით გადაცილებისას.

 

დადგენილია, რომ შემკვეთმა შესრულება საბოლოოდ მიიღო 2018 წლის 17 სექტემბერს, ნაცვლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულების 45-დღიანი ვადისა, რაც 2018 წლის 6 აგვისტოს იწურებოდა. შესაბამისად, მან შესრულება მიიღო ხელშეკრულების პირობის შესრულების ვადაზე 42 დღის გადაცილებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებითი მახასიათებელია შესრულების მიღება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 649-ე მუხლის მიხედვით, თუ ხელშეკრულების თანახმად, ან შესრულებული სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე, საჭიროა მისი გადაცემა, მაშინ შემკვეთი მოვალეა მიიღოს შესრულებული სამუშაო. მიღებისთანავე შემკვეთი ვალდებულია გადაიხადოს საზღაური. სამუშაო მიღებულად ჩაითვლება, თუ შემკვეთი არ მიიღებს შესრულებულ სამუშაოს მენარდის მიერ დადგენილ ვადაში.

 

ამრიგად, შემკვეთის ვალდებულებაა მიიღოს შესრულებული სამუშაო და საქმეზე უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ასეც მოხდა.

 

მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ხელშეკრულების პირობების არასათანადო შესრულების გამო, შესრულების მიღებასთან დაკავშირებით მის მიერ რაიმე პრეტენზიის წარდგენის ფაქტს.

 

მიუხედავად იმისა, რომ მხარეებს შორის დაფიქსირდა ხარვეზი, რამაც გამოიწვია საჯარიმო სანქციის გამოყენება, აღნიშნული არ გამხდარა სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების მიღებაზე უარის თქმის საფუძველი. აღსანიშნავია, რომ პრეტენზია მოსარჩელემ მხოლოდ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ წერილის გაგზავნასთან ერთად წარუდგინა მოპასუხეს. ამასთან, მოპასუხემ მხოლოდ სასამართლოში, მოსამზადებელ სხდომაზე ცნო სარჩელი შესრულებული სამუშაოს ხარვეზიდან გამომდინარე ჯარიმის დაკისრების ნაწილში და არა მანამდე.

 

სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ მოპასუხის მიერ შესრულების ხარვეზთან დაკავშირებით დაკისრებული ჯარიმის ნაწილში სარჩელის ცნობის მიუხედავად, ვითარება არ იცვლება დადასტურებულად ცნობილ იმ ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებით, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულების შესრულება 2018 წლის 17 სექტემბერს მიიღო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება).

 

ამ ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო ადგენს, რომ შემკვეთმა მიიღო რა შესრულება, ხელშეკრულება კანონის თანახმად შეწყდა 2018 წლის 17 სექტემბერს.

 

ამრიგად, კანონის თანახმად, ხელშეკრულება შეწყვეტილი იყო უფრო ადრე, 17 სექტემბერს, ვიდრე შემკვეთი მენარდეს აცნობებდა ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, 1-ელ ოქტომბერს.

 

სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ რომ 2018 წლის 1-ლი ოქტომბერის წერილში მოსარჩელე მიუთითებს ხელშეკრულების 9.5 პუნქტის ა) ქვეპუნქტზე, რომელიც ითვალისწინებს ხელშეკრულების შეწყვეტას შესრულების ვადის 5 კალენდარულ დღეზე მეტით გადაცილების შემთხვევაში.

 

თუკი მოსარჩელე ხელშეკრულების შეწყვეტას დაუკავშირებდა ვადის გადაცილებას, მას ხელშეკრულება უნდა შეეწყვიტა დათქმული შესრულების (45 კალენდარული დღის) ვადის გადაცილებიდან არაუმეტეს 5 დღეში, მინიმუმ გაეფრთხილებინა მოპასუხე, რომ ამ ვადის გასვლის შემდეგ მისთვის შესრულებამ დაკარგა აზრი.

 

მოცემულ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხემ ხელშეკრულება 42 დღის დაგვიანებით შეასრულა, მოსარჩელემ ამ დროის მანძილზე არ შეწყვიტა ხელშეკრულება. შესრულების მიღების შემდეგ კი ხელშეკრულება, როგორც აღინიშნა, შეწყდა კანონის საფუძველზე. კანონის თანახმად უკვე შეწყვეტილი ხელშეკრულების შეწყვეტა 1-ლი ოქტომბრის წერილის გაგზავნით დაუშვებელია და შეუძლებელია რაიმე სამართლებრივი შედეგი წარმოშვას. სასამართლო იმეორებს, რომ შესრულების მიღების შემდეგ, რითაც ხელშეკრულება შეწყდა, შემკვეთს არ შეუძლია დაეყრდნოს ხელშეკრულების 9.5 მუხლს, რომელიც იმ შემთხვევაში ამოქმედდებოდა, თუ ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, მიმწოდებელი ხელშეკრულების შესრულების ვადას 5 დღეზე მეტი დროით გადააცილებდა.

ამრიგად, შესრულების მიღების შემდეგ ხელშეკრულების შეწყვეტა შესრულების ვადის გადაცილების გამო, უკანონოა და არ შეიძლება გახდეს მოსარჩელის მხრიდან შესაბამისი საჯარიმო სანქციის გამოყენების საფუძველი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი ხელშეკრულების შეწყვეტის გამო გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილს თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ვინაიდან, მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, ხოლო სარჩელის ცნობის გამო, მოპასუხე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რა ნაწილშიც სარჩელი დაკმაყოფილდა, საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

სარჩელთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 14-ე, 39-ე, 53-ე, 243-ე-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ქა-–--------–----------–----–-------------იის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. მოსარჩელე ქა-–--------–----------–----–-------------იის სასარგებლოდ მოპასუხე შპს „ჯე------------–ს“ დაეკისროს 118.36 ლარის ანაზღაურება.

 

3. სარჩელი საჯარიმო თანხის 2 959 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა კაკაბაძე