გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/14382-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
23 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ხათუნა კაკაბაძე
სხდომის მდივანი დალი მახაური
მოსარჩელე - შპს „სა------–---ა“
წარმომადგენელი - და-------------ე
მოპასუხე - შპს „ლი----–----------ი“
წარმომადგენელი - სო--------------–---–ი
დავის საგანი - ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავალიანების და პირგასამტეხლოს დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს „სა------–---ას“ სასარგებლოდ შპს „ლი----–----------ი“-სთვის იჯარის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავალიანების 70 აშშ დოლარის და საიჯარო ქირის დავალიანებაზე დარიცხული პირგასამტეხლოს 47.86 აშშ დოლარის დაკისრება.
2.1. სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2018 წლის 01 იანვრის ხელშეკრულებით მოსარჩელე შპს „ელ----------–-----ა“ (დღეისათვის - შპს „სა------–---ა“) და მოპასუხე შპს „ლი----–---------ს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეს სარგებლობის უფლებით გადაეცა 2 კვ.მ ფართის, მდებარე ქ. თბ--–-–--------------------------–------------------ლი სართულის ცენტრალური შემოსასვლელი, სარეკლამო ბანერის განთავსების მიზნით.
მოპასუხეს არაუგვიანეს ყოველი თვის 5 რიცხვისა უნდა გადაეხადა საიჯარო ქირა ხელშეკრულების დანართის მიხედვით, რაც შეადგენდა თვეში 35 აშშ დოლარს.
მოსარჩელემ ვადამდე შეწყვიტა ხელშეკრულება 2017 წლის 1 ნოემბრიდან.
მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ გააჩნია 2017 წლის სექტემბრის და ოქტომბრის საიჯარო ქირის დავალიანება, ასევე, მას ეკისრება ხელშეკრულბით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, ყოვედღიური 1 %-ის ოდენობით, რაც შეადგენს 28.70 აშშ დოლარს, ხოლო 2017 წლის 1-ლი ნოემბრის შემდეგ შემცირებული 0.5 %-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც ჯამში შეადგენს 10.16 აშშ დოლარს.
2.2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ წარმოადგინა მარტივი შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ხელშეკრულება რეალურად შეწყდა 2017 წლის აგვისტოში. მართალია, სარეკლამო ბანერი, რომლის განთავსების მიზნითაც ხელშეკრულება დაიდო, 2017 წლის მაისიდან დაზიანებული იყო, მაგრამ 2017 წლის 16 აგვისტოს მოპასუხემ კეთილსინდისიერად მაინც აუნაზღაურა მოსარჩელეს საიჯარო ქირა აგვისტოს ჩათვლით. მოპასუხე მომდევნო თვეების საიჯარო ქირასაც გადაიხდიდა, მაგრამ აგვისტოში განხორციელებული ანგარიშსწორების შემდეგ მოსარჩელესთან დადებული ხელშეკრულება შეწყვეტილად მიაჩნდა.
მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს როგორც საიჯარო ქირის გადახდის, ისე პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნების ნაწილში.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1 2017 წლის 01 იანვარს შპს „ელ----------–-----“, რომელსაც შეეცვალა სახელწოდება და სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, დღეისათვის წარმოადგენს შპს „სა------–---ას“ და მოპასუხე შპს „ლი----–----------ს“ შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება. იჯარის ხელშეკრულებით შპს „ლი----–----------“-ს, სარეკლამო ბანერის განთავსების მიზნით, სარგებლობის უფლებით გადაეცა 2 კვ.მ ფართი, მდებარე ქ. თბ--–--–--------------------------–-------------), 1-ლი სართულის ცენტრალური შემოსასვლელი.
სარეკლამო ბანერი ეკუთვნოდა შპს „ლი----–----------“-ს. ბანერის მეთვალყურეობა არ ევალებოდა შპს „სა------–---ას“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ს.ფ. 2-16),- იჯარის ხელშეკრულება (ს.ფ. 17-24).
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (23.01.2020 წ. სხდომის ოქმი).
3.1.2. შპს „ლი----–----------ს“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქირა 2017 წლის აგვისტოს ჩათვლით აქვს გადახდილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (23.01.2020 წ. სხდომის ოქმი).
3.1.3 შპს „სა------–---ა“ შპს „ლი----–----------ზე“ საიჯარო ქირის დარიცხვას ახორციელებდა 2017 წლის სექტემბერსა და ოქტომბრის თვეებში, ხოლო ნოემბრის თვიდან შეწყვიტა ქირის დარიცხვა მოპასუხეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ს.ფ. 2-16),- ცნობა (ინფორმაცია) დავალიანების შესახებ სარჩელის დანართი (ს.ფ. 26),- მხარეთა ახსნა-განმარტებები (23.01.2020 წ. სხდომის ოქმი).
3.1.4 ხელშეკრულების 4.4 პუნქტის შესაბამისად საიჯარო ქირას ერიცხებოდა პირგასამტეხლო, გადაუხდელი თანხის 1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც ჯამში ხელშეკრულების შეწყვეტამდე შეადგენს 28.70 აშშ დოლარს, ხოლო 2017 წლის 1 ნოემბრიდან მოსარჩელე გადაუხდელ ქირას შემცირებული ოდენობით არიცხავდა პირგასამტეხლოს, ყოველდღიური 0.05 %-ის ოდენობით, რამაც 19.16 აშშ დოლარი შეადგინა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ს.ფ. 2-17),- მხარეთა წარმომადგენლების ახსნა-განმარტებები (სხდომის ოქმი).
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოება
3.2.1.სასამართლო ადგენს, რომ მხარეთა შორის 2017 წლის 01 იანვარს დადებული ხელშეკრულება შეწყდა 2018 წლის ნოემბრიდან.
შესაბამისად სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის წარმომადგენლის პოზიციას ხელშეკრულების აგვისტოში შეწყვეტასთან დაკავშირებით შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო ფაქტორივი გარემოებების შეფასებისას სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილ შეჯიბრებითობის პრინციპზე; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსს მე-4 მუხლის თანამხად, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
ყველა ფაქტობრივი გარემოება, რომელზეც მოსარჩელე მიუთითებს, თვითონ უნდა დაამტკიცოს, მოპასუხე კი ვალდებულია ამტკიცოს ის გარემოებები, რასაც მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიიჩნევს. მხარები ვალდებულნი არიან სასამართლოს წარუდგინონ ფაქტები, მიუთითონ დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებზე, ხოლო ამ ფაქტობრივი გარემოებების შეფასება და შესაბამისი სამართლის ნორმის შეფარდება სასამართლოს მიერ უნდა განხორციელდეს.
„მოსარჩელის მიერ თავისი პოზიციის დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუხის ვალდებულებაა, რისი შეუსრულებლობაც მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს“ (იხ.: სუსგ 18.10.2017, საქმე №ას-1127-1047, §§ 46-48, სუსგ 23.03.2018, საქმე Nას 189-189, §§ 45-47 იქვე არსებული მითითებით).
მოსარჩელემ სარჩელში აღნიშნა, რომ ხელშეკრულება შეწყდა 2017 წლის ნოემბერში. მოსარჩელის ამ განცხადებას მოპასუხემ დაუპირისპირა შესაგებელი, რომელშიც მიუთითა, რომ ხელშეკრულება რეალურად შეწყდა 2017 წლის აგვიტოში, რასაც საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ 2017 წლის მაისში მის მიერ განთავსებული ბანერი დაზიანდა. დაზიანების შესახებ მიწერა მოსარჩელეს და მოსთხოვა დაზიანების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, 2017 წლის აგვისტოში მიწერილ მორიგ წერილზე მოსარჩელისგან მიიღო პასუხი, რომ თუ ბანერს დროულად არ წაიღებდა, ის გადატანილ იქნებოდა საწყობში. 16 აგვისტოს განხორციელებული საბოლოო ანგარიშსწორების შემდეგ დარწმუნებული იყო, რომ საკითხი საბოლოოდ გაირკვა და მხარეებს ურთიერთობა დასრულებული ჰქონდათ.
მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, 2018 წლის 2 მაისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით ელექტრონული ფორმით ნაწარმოები მიმოწერით ირკვევა, რომ მხარეები ხელშეკრულების შეწყვეტაზე არ შეთანხმებულან. 2017 წლის 9 აგვისტოს წერილში მოპასუხე მოსარჩელეს წერდა: „კონტრაქტის გაწყვეტას არ ვაპირებ თქვენთან უბრალოდ შესწორება შევიტანოთ. ... დაგიკავშირდებით, შევხვდეთ და კონტრაქტი გავიაროთ“.
შესაბამისად, მოპასუხე 2017 წლის აგვისტოში შემდგომი სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელების სურვილს გამოხატავდა ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის გზით. მას მიმოწერაში მისი შეწყვეტის სურვილი რაიმე ფორმით არ გამოუხატავს.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ხელშეკრულების 5.9 მუხლის თანახმად, მოსარჩელეს, რომელიც მოცემულ საქმეში მეიჯარეს წარმოადგენდა, ნებისმიერ დროს გააჩნდა ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის უფლებამოსილება, რაც მან განახორციელა 2017 წლის ნოემბერში.
ამრიგად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ხელშეკრულება რეალურად შეწყდა არა 2017 წლის აგვისტოში, არამედ, ნოემბერში (მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საკითხს სასამართლო დამატებით ქვემოთ, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში შეაფასებს).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შესაგებელი დანართით (ს.ფ. 52-65)
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (სხდომის ოქმი).
- მოსარჩელის მიერ დამატებით წარმოდგენილი მტკიცებულება (სხდომის ოქმის დანართი).
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, შპს „სა------–---ას“ სასარგებლოდ შპს „ლი----–----------ს“ დაეკისროს იჯარის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავალიანების 70 აშშ დოლარის და საიჯარო ქირის დავალიანებაზე დარიცხული პირგასამტეხლოს 47.86 აშშ დოლარის, სულ 117.86 აშშ დოლარის ანაზღაურება გადახდის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 319-ე, 361-ე, 417-ე, 342-ე, 581-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების, ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
ამრიგად, სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთათვის ვალდებულების წარმოშობის ძირითადი და ყველაზე გავრცელებული საფუძველი ხელშეკრულებაა, დელიქტის, უსაფუძვლო გამდიდრების და კანონით გათვალისწინებულ სხვა საფუძვლებთან ერთად.
ამასთან, კერძოსამართლებრივი ურთიერთობის თითოეულ მხარეს, სარგებლობს რა ნების ავტონომიით, ფართო შესაძლებლობა აქვს, თავისუფლად განკარგოს მის ხელთ არსებული რესურსები და საკუთარი პასუხისმგებლობით შეთანხმდეს იმგვარ სახელშეკრულებო პირობებზე, რაც მისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი და მომგებიანია, მხოლოდ იმ დათქმით, რომ ხელშეკრულება კანონით აკრძალული ურთიერთობის წარმოშობისკენ არ იქნება მიმართული. ეს უზოგადესი პრინციპი ხელშეკრულების თავისუფლების სახელით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლშია ასახული.
მოცემულ შემთხვევაში მხარეები შეთანხმდნენ საიჯარო ურთიერთობებზე, რაც ორმხრივი, რეალური, ხელშეკრულებაა და მისი დამახასიათებელი არსებითი პირობაა ნივთის დროებით სარგებლობაში გადაცემა გარკვეული სასყიდლით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზედაც.
სასამართლო ხაზს უსვამს, რომ საიჯარო ურთიერთობისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი ნიშანი მისი სასყიდლიანობაა. მოიჯარეს უცილობლად ეკისრება დათქმული საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულება. როგორც წესი, მხარეები საიჯარო ქირის ფულით გადახდაზე თანხმდებიან. მოცემულ საქმეში 2017 წლის 1 იანვრის ხელშეკრულებაზე დანართის სახით შეთანხმებულ გრაფიკში განისაზღვრა საიჯარო ქირის ოდენობა ყოველთვიური გადასახდელის სახით.
ხელშეკრულებით განსაზღვრული იყო ყოველთვიური ვალდებულების შესრულების თარიღიც, ხელშეკრულების 4.2 პუნქტიდან გამომდინარე, მოპასუხე ვალდებული იყო ყოველთვიური საიჯარო ქირა გადაეხადა წინასწარ, საანგარიშო თვის 5 რიცხვის ჩათვლით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქმეზე დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე 2017 წლის სექტემბერსა და ოქტომბერში მოსარჩელე, როგორც მანამდე, მოპასუხეს არიცხავდა საიჯარო ქირას. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებისთვის მოპასუხეს არ დაუპირისპირებია მისი გამაბათილებელი რაიმე მტკიცებულება, ამასთან მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ 2017 წლის აგვისტოდან ხელშეკრულებას შეწყვეტილად მიიჩნევდა და შესაბამისად, აგვისტოს შემდეგ გადახდის ვალდებულებას არც ცნობდა.
6.2 სასამართლო ცალკე აფასებს ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხს.
ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, სახელშეკრულებო ურთიერთობის მონაწილეები, სხვა სახელშეკრულებო პირობების ანალოგიურად, შეიძლება თავისუფლად შეთანხმდნენ ხელშეკრულების შეწყვეტის პირობებზეც.
ასეთი პირობა ხელშეკრულების 5.9 პუნქტში იყო გათვალისწინებული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 342-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უშუალოდ მხარეთა მიერ შეთანხმებულ პირობებს უპირატესობა ენიჭება სტანდარტულ პირობებთან შედარებით.
ამრიგად, იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულისგან განსხვავებული წესის ხელშეკრულების პირობად შეთანხმების შემთხვევაში მხარეები შებოჭილნი არიან ხელშეკრულების პირობით.
სასამართლო მიიჩნევს, რომ 2017 წლის ნოემბერში ხელშეკრულების შეწყვეტით მოსარჩელეს არ დაურღვევია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილში ჩამოყალიბებული ნორმა-პრინციპი, რაც მხარეებს ავალდებულებს კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი.
დადგენილია, რომ 2017 წლის სექტემბერსა და ოქტომბერში მოპასუხე საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულებას არ ასრულებდა. ამასთან მოპასუხისთვის ცნობილი იყო, რომ მისი ბანერი, რის განთავსების მიზნითაც იყო გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება, იყო დაზიანებული და ხელშეკრულების გაგრძელების ინტერესი მას, შესაძლოა, აღარ ჰქონოდა, თუმცა ასევე არ არის სადავო, რომ მოპასუხემ თავად გამოთქვა მზაობა ხელშეკრულების აგვისტოს შემდეგ გაგრძელების შესახებ. შესაბამისად, საქმეზე დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ დაასკვნის, რომ მოსარჩელემ 2017 წლის ნოემბერში ხელშეკრულების შეწყვეტისას არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება გამოავლინა მოპასუხის მიმართ. მით უფრო, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელე უფლებამოსილი იყო 2017 წლის ბოლომდე გაეგრძელებინა ხელშეკრულება.
6.3 სასამართლო განმარტავს, რომ იჯარის ხელშეკრულება, როგორც სინალაგმატური ხელშეკრულება, შეიძლება ითვალისწინებდეს ორივე მხარის: როგორც კრედიტორის, ისე მოვალისთვის სავალდებულო დამატებით, საგარანტიო პირობებს სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნისთვის. ასეთი შეიძლება იყოს პირგასამტეხლო.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლზე, რომლის მიხედვით პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
ამავე კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კი შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც ვალდებულების შესრულების სტიმულირების ერთ-ერთი პირობა, სახელშეკრულებო ურთიერთობის მონაწილეებმა თავისუფლად შეიძლება შეიტანონ სახელშეკრულებო პირობებში. კანონმდებელი პირგასამტეხლოზე შეთანხმებისთვის აუცილებელ პირობად მხოლოდ იმას განსაზღვრავს, რომ ხელშეკრულებაში ის წერილობითი ფორმით უნდა იყოს ასახული.
მოცემული საქმის მხარეებმა ხელშეკრულების შესრულების საგარანტიო პირობად პირგასამტეხლო გაითვალისწინეს და კანონით დადგენილი წესით შეიტანეს შესაბამისი დათქმა ხელშეკრულების პირობებში. შესაბამისად, მისი გადახდის ვალდებულება ხელშეკრულების პირობის დამრღვევ პირს უცილობლად წარმოეშვება, დამატებით რაიმე დადასტურების ან შემდგომი შეთანხმების გარეშე.
კერძოდ, ხელშეკრულების 4.4. პუნქტით განსაზღვრული იყო პირგასამტეხლო, გადასახდელი თანხის 1 %-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სახელშეკრულებო პირობების გათვალისწინებით, ხელშეკრულების შეწყვეტამდე 2017 წლის 1 ნოემბრამდე მოსარჩელე ვალდებული იყო ეხადა საიჯარო ქირა, რაც საქმეში დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე 2017 წლის სექტემბერსა და ოქტომბერში მოპასუხემ კანონიერად დაარიცხა პირგასამტეხლო ხელშეკრულების პირობის შესაბამისად, რამაც 2017 წლის 1 ნოემბრამდე შეადგინა 28.70 აშშ დოლარი. ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ კი მოპასუხემ საკუთარი ინციატივით შეამცირა პირგასამტეხლო 0.05 %-მდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც ასევე კანონიერია.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, როგორც საიჯარო ქირის, ისე პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.
ამასთან, მოცემული დავა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის ა) ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადენს მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეს, რომელზეც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს ზემოთხსენებული ოდენობის, დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარის, ნახევარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა მოცემულ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს 50 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით, რაც სარჩელის სრულად დაკმაყოფილების გამო უნდა დაეკისროს მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 14-ე, 39-ე, 53-ე, 243-ე-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს „სა------–---ას“ სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. შპს „სა------–---ას“ სასარგებლოდ შპს „ლი----–----------ს“ დაეკისროს იჯარის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავალიანების 70 აშშ დოლარის და საიჯარო ქირის დავალიანებაზე დარიცხული პირგასამტეხლოს 47.86 აშშ დოლარის, სულ 117.86 აშშ დოლარის ანაზღაურება გადახდის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად.
3. შპს „ლი----–----------ს“ დაეკისროს შპს „სა------–---ას“ სასარგებლოდ 50 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
6. განემარტოთ მხარეებს, რომ ვინაიდან განხილულ დავაში, დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 2000 ლარს, გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.
მოსამართლე ხათუნა კაკაბაძე