გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/22206-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
6 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ხათუნა ჯინორია
სხდომის მდივანი ირაკლი გამსახურდია
მოსარჩელე - კ------- ლ------
წარმომადგენელი - ა---------–-------------ე
მოპასუხე - შპს ,,ლ-------------–----ი‘’
წარმომადგენელი - გ--–----------, ლ------------ე
მოპასუხე - ინდ. მეწარმე გ--------–-------–---–ი
წარმომადგენელი - გ--–----------
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს „ლ-------------–----ს“ და ი/მ გ--------–-------–---–ს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელე კ------- ლ-----ის სასარგებლოდ 5 254.36 ლარის გადახდა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
კ------- ლ------მ 2018 წლის 6 და 7 ივლისს შპს „ტოტალიზატორი ლ----------ის“ ცენტრალურ ფილიალში შეავსო ორი ბილეთი, რომელთა სავარაუდო მოგება 6 ივლისის ბილეთზე შეადგენდა 3 720.96 ლარს, ხოლო 7 ივლისის ბილეთზე 1 533.40 ლარს, ჯამში - 5 254.36 ლარს. კ------- ლ-----ის მიერ 2018 წლის 6 და 7 ივლისს შევსებული ბილეთები მოპასუხე ორგანიზაციის სალაროს მიერ მიღებულ იქნა და დამოწმდა შესაბამისი დაწესებულების ბეჭდით.
კ------- ლ-----ის მიერ შევსებულმა ორივე ბილეთმა გაიმარჯვა და მხარემ მოგებული თანხის გასანაღდებლად მიმართა მოპასუხე ორგანიზაციის ფილიალს, თუმცა ტოტალიზატორმა მოგებული თანხის გადაცემაზე განაცხადა უარი. მოპასუხე ორგანიზაციამ დაიტოვა მოგებული ბილეთების ორიგინალი ეგზემპლარი და მხარეს გადასცა მოგებული ბილეთების ქსეროასლები.
კ------- ლ------მ 2018 წლის 20 ივლისს წერილობით მიმართ მოპასუხე ირგანიზაციის დირექტორს და მოითხოვა წერილობითი პასუხი მოგებული თანხის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების შესახებ.
კ------- ლ------ს მოპასუხე ი/მ გ--------–-------–---–ის მიერ წერილობით ეცნობა, რომ წარმოდგენილი ბილეთები გაბათილებულია, რადგან ტოტალიზატორის რეგლამენტის თანახმად, პროგრამულ უზრუნველყოფაში ტექნიკური შეცდომის შემთხვევაში, ორგანიზაცია იტოვებს უფლებას გააკეთოს ფსონის დაბრუნება. მოსარჩელეს ასევე ეცნობა, რომ ორგანიზაციის პერსონალის შეცდომის გამო მომხდარი ან პროგრამული უზრუნველყოფის ჩავარდნის შემთხვევაში ხდება ფსონის გაბათილება და მისი დაბრუნება.
კ------- ლ-----ის მიერ შევსებული ბილეთები დაბეჭდილ იქნა ორ სხვადასხვა დღეს, კერძოდ 2018 წლის 6 ივლისს და 7 ივლისს. ბილეთების შევსების დროს მოპასუხე ორგანიზაციის სალაროს თანამშრომელს არ განუმარტავს ბილეთის შესაძლო გაბათილების შესახებ, იმ პირობებში როდესაც ბილეთები ორ სხვადასხვა დღეს დაიბეჭდა. ამავდროულად, მოსარჩლეს არ ჰქონდა ინფორმაცია ბილეთებში არსებული ფსონების გადაბმის შეუძლებლობის თაობაზე. მას ჰქონდა მოლოდინი, რომ სალაროს თანამშრომლის მიერ მიღებული ბეჭედდარტყმული ბილეთები იყო ნამდვილი და მოგების შემთხვევაში მიიღებდა თანხას.
მოსარჩელისათვის უცნობი იყო, რომ ტოტალიზატორის რეგლამენტი წარმოადგენდა ხელშეკრულების ნაწილს. მოგებული ბილეთების არცერთ გვერდზე არ არის მითითება, რომ რეგლამენტი წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. იმ პირობებშიც კი, თუ ბილეთებზე ასეთი მითითება იქნებოდა, ორგანიზაციის მიერ არ მომხდარა რეგლამენტის იმ პირობების განმარტება, რომლებიც ბილეთების გაბათილებას გამოიწვევდა. რეგლამენტის ის სტანდარტული პირობები, რომელთა საფუძველზეც გაბათილდა ბილეთები და მხარეს უარი ეთქვა თანხის გადაცემაზე უნდა ჩაითვალოს ბათილად.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე შპს „ლ-------------–----მა“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ თ---–--–-----–----–----–--------------ში მდებარე ტოტალიზატორი მოწყობილია ი/მ გ--------–-------–---–ის მიერ, რაც დასტურდება ტოტალიზატორის ბილეთზე დასმული ბეჭდით და კ------- ლ-----ის მიმართ გაგზავნილი წერილით.
რაც შეეხება ბილეთზე დატანილ ლ----------ის ლოგოს, შპს „ლ-------------–----სა“ და ი/მ გ--------–-------–---–ს შორის არსებობს შეთანხმება ლოგოს გამოყენების შესახებ, რომლის საფუძველზეც გ--------–-------–---–ი იყენებს „ლ----------ის“ ლოგოს, როგორც რეკლამას და ანთავსებს ტოტალიზატორის ბილეთბზე.
2.2. მოპასუხე ი/მ გ--------–-------–---–ი წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელს არ ცნობს და აღნიშნავს, რომ 2018 წლის 6 და 7 ივლისის ბილეთები კ------- ლ------ს გაუბათილდა ტოტალიზატორის რეგლამენტის თანახმად. გ--------–-------–---–ის წერილში განმარტებულია, რომ პროგრამულ უზრუნველყოფაში ტექნიკური შეცდომის შემთხვევაში ორგანიზაცია იტოვებს უფლებას დააბრუნოს ფსონი. მოსარჩელის მიერ შედგენილ ბილეთში გადაბმული იქნა ფსონები, რომლის დაწერაც შეუძლებელი იქნებოდა რომ არ დაფიქსირებულიყო ტექნიკური შეცდომა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ინდ. მეწარმე გ--------–-------–---–ს მოპოვებული აქვს ტოტალიზატორის მოწყობის პირობების ნებართვა N1--------. წესები შეთანხმებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან და გათვალისწინებულია ი/მ გ--------–-------–---–ის მიერ ორგანიზებულ ტოტალიზატორში კოეფიციენტებზე შეტანილი ფსონებისათვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- ტოტალიზატორის მოწყობის პირობები (ს.ფ. 92-96);
3.1.2. კ------- ლ------მ 2018 წლის 6 და 7 ივლისს შეავსო ტოტალიზატორის ბილეთები ინდ. მეწარმე გ--------–-------–---–ის ქ. თ---–--–-----–----–----–--------------ში განთავსებულ ტოტალიზატორში. მოპასუხე ორგანიზაციის სალაროს მიერ ბილეთები მიღებულ იქნა და დამოწმდა შესაბამისი დაწესებულების ბეჭდით.
სავარაუდო მოგება 2018 წლის 6 ივლისის ბილეთზე შეადგენდა 3 720.96 ლარს, ხოლო 7 ივლისის ბილეთზე 1 533.40 ლარს, ჯამში - 5 254.36 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- ტოტალიზატორის ბილეთები (ს.ფ. 18-19).
3.1.3 ინდ. მეწარმე გ--------–-------–---–მა უარი განაცხადა მოგების გაცემაზე. კ------- ლ------ს ეცნობა, რომ წარმოდგენილი ბილეთები გაბათილდა.
მოსარჩელეს დაუბრუნდა მის მიერ განთავსებული ფსონი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- 20.07.2018 წლის და 30.07.2018 წლის წერილები (ს.ფ. 20-22).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. კ------- ლ------ არ იმყოფებოდა სახელშეკრულებო ურთიერთობაში შპს „ლ-----------ს-–----თან.“
მოპასუხის განმარტებით, ქ. თ---–--–-----–----–----–--------------ში განთავსებულ ტოტალიზატორი შპს „ლ-----------ს-–----ს“ არ ეკუთვნის. მათ დადებული აქვთ სარეკლამო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებები ე.წ. „მიწის ტოტალიზატორებთან.“
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
საქმეში წარმოდგენილია შპს „ლ-----------ს-–----სა“ და ი/მ გ--------–-------–---–ს შორის 2018 წლის 01 იანვარს დადებული მომსახურების გაცვლის ხელშეკრულება (ს.ფ. 48-50), რომლის თანახმადაც თითოეულმა მხარემ იკისრა ვალდებულება გაუწიოს მეორე მხარეს ერთი მომსახურება მეორე მომსახურების სანაცვლოდ.
ხელშეკრულების საგანი იყო ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში საფირმო სახელწოდების „L---------“ (გარე და შიდა რეკლამებზე, ტოტალიზატორის ბილეთებზე) გამოყენების უფლების გადაცემა და პროგრამული უზრუნველყოფა. თავის მხრივ ხელშეკრულების მეორე მხარემ იკისრა მასზე გადაცემული საფირმო სახელწოდების რეკლამირების ვალდებულება.
საქმეში წარმოდგენილ ბილეთებზე დასმულია ინდ. მეწარმე გ--------–-------–---–ის ბეჭედი, ასევე მოსარჩელის პრეტენზიას უპასუხა გ--------–-------–---–მა და არა შპს-მ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელე არ იმყოფებოდა სახელშეკრულებო ურთიერთობაში „ლ----------თან“, არამედ მხოლოდ ინდ. მეწარმე გ--------–-------–---–თან.
3.2.2 კ------- ლ------მ 2018 წლის 6 და 7 ივლისს შევსებულ ბილეთებში მოგების გასაზრდელად გამოიყენა ფსონის „გადაბმის“ ხერხი, რაც ეწინააღმდეგება ტოტალიზატორის მოწყობის პირობებსა და თამაშის წესებს.
მოსარჩელე ინფორმირებული იყო თამაშის წესების შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.
სამოქალაქო საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი გზა მტკიცებაა, რომლითაც დგინდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. მტკიცების პროცესში იგულისხმება პროცესის მონაწილე სუბიექტების საქმიანობა, მიმართული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ან არარსებობის დასადგენად. პროცესის მონაწილე მხარეთა და სასამართლოს მტკიცებითი საქმიანობა მოიცავს შემდეგ სტადიებს: მტკიცების საგნის განსაზღვრა; მტკიცებულებათა შეგროვება (მტკიცებულებათა გამოვლენა, მათი შეკრება და სასამართლოში წარდგენა); მტკიცებულებათა სასამართლოში გამოკვლევა; მტკიცებულებათა შეფასება. დამტკიცებას საჭიროებს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნასა და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას, ასევე, საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებს. (იხ. სუსგ, საქმე №ას-1206-1166-2016).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
შესაბამისად, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვითაც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეებისაგან მის მიერ 2018 წლის 6 და 7 ივლისს მოგებული ბილეთებიდან გამომდინარე თანხის გადახდას. ამასთანავე, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ის არ იცნობდა რეგლამენტის შინაარსს და არ იცოდა, რომ ის წარმოადგენდა ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
საქმეში წარმოდგენილი ინდ. მეწარმე გ--------–-------–---–ის მიერ ორგანიზებული ტოტალიზატორის მოწყობის პირობების (რეგლამენტის) მე-4 პუნქტის თანახმად თუ პროგრამაში გაპარული შეცდომა მოთამაშეს აძლევს საშუალებას რისკის გარეშე უეჭველი მოგება მიიღოს, ასეთი ფსონი გაუქმებულად ჩაითვლება და თანხა დაუბრუნდება მოთამაშეს 1.0 კოეფიციენტის გათვალისწინებით.
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ კ------- ლ------მ სწორედ ასეთი ფსონი განათავსა, კერძოდ, გამოიყენა ფსონის „გადაბმის“ ხერხი მოგების კოეფიციენტის გასაზრდელად. საქმეში წარმოდგენილი ბილეთებით დასტურდება, რომ 6 ივლისის ბილეთზე მოსარჩელემ დადო ფსონი მსოფლიო თასის ფინალში ხორვატია და საფრანგეთის გუნდების თამაშზე, იმავდროულად დადო დამატებითი ფსონები, რომ ტურნირის გამარჯვებული გახდებოდა ხორვატია ან საფრანგეთი და ნახევარფინალების გამარჯვებული გახდებოდა ხორვატია და საფრანგეთი (თუ ხორვატია და საფრანგეთი თამაშობს ფინალში, ე.ი ჩემპიონატსაც ერთ-ერთი მათგანი მოიგებს და შესაბამისად, ნახევარფინალშიც ეს ორი გუნდი მოიგებს). იგივენაირადაა განთავსებული ფსონები 7 ივლისის ბილეთზეც.
მოსარჩელე განმარტავს, რომ რეგლამენტი განთავსებული არ იყო დარბაზში და არც ვინმეს უთქვამს, რომ რეგლამენტს უნდა გასცნობოდა.
მოპასუხის განმარტებით, ტოტალიზატორის მომწყობი კანონითაა ვალდებული, რეგლამენტი გამოაკრას თვალსაჩინო ადგილზე. რეგლამენტის დარბაზში არსებობას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ არ მომხდარა ტოტალიზატორის დაჯარიმება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, რაც აუცილებლად მოხდებოდა რეგლამენტის არარსებობის შემთხვევაში.
სასამართლო მხოლოდ იმ გარემოებაზე დაყრდნობით, რომ ტოტალიზატორის მომწყობს კანონით ევალება რეგლამენტი გამოაკრას თვალსაჩინო ადგილზე, დადასტურებულად ვერ მიიჩნევს, რომ ეს რეგულაცია შესრულებული იყო, მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეგლამენტი არ იყო გამოკრული, საქმეში წარმოდგენილია ტოტალიზატორის ბილეთის დედანი, სადაც მეორე გვერდზე აღნიშნულია ტოტალიზატორის გათამაშების მოკლე წესები. კ------- ლ------მ სხდომაზე დაადასტურა, რომ ორივე ბილეთის დედანი ასეთი იყო, უკანა მხარეს მითითებული თამაშის წესები, მაგრამ ის ამ წესებს არ გასცნობია.
მოკლე წესების თანახმად თამაშში მონაწილეობა ავტომატურად ნიშნავს, რომ მოთამაშე სრულად იცნობს თამაშის წესებს და ეთანხმება მას. წესებში ასევე აღნიშნულია, რომ ფსონის გადაბმის შემთხვევაში ფსონის სათანადო კოეფიციენტი 1.0 (ერთი მთელი) ტოლი ხდება.
სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის მტკიცებას, რომ წესები ბუნდოვანია და მასში აღნიშნული „თამაშის წესები“ ფეხბურთის თამაშის წესებსაც შეიძლება ნიშნავდეს.
მოკლე წესების პირველ აბზაცში აღნიშნულია, რომ „თამაშის მონაწილე პირის მიზანია გამოიცნოს მატჩის ძირითადი დროის შედეგი (მოგება, ფრე, წაგება) ...“ ამ ჩანაწერიდან ნათელია, რომ ტექსტში „თამაში“ შეეხება გათამაშებას და სხვაგვარად გაგება შეუძლებელია.
ამრიგად, მოთამაშის მიერ შედგენილ ბილეთში გადაბმულ იქნა ფსონები, რომელიც შეუძლებელი იქნებოდა რომ არ დაფიქსირებულიყო ტექნიკური შეცდომა.
თამაშის წესები მოთამაშეს უპირობო ვალდებულებას აკისრებდა, ფსონის დადებამდე, სრულად გაცნობოდა მას. სახელშეკრულებო ბოჭვის ამგვარ პირობებში კი გათამაშების მომწყობის სასარგებლოდ არსებობს პრეზუმფცია, რომ მოთამაშე თამაშის დაწყებამდე თამაშის წესებს გაეცნო. ის, რომ მოსარჩელე არ გაცნობია თამაშის წესებს, წარმოადგენს მოსარჩელე მხარის რისკს.
ამდენად, კ------- ლ-----ის მიერ 2018 წლის 6 და 7 ივლისს შევსებული ბილეთები ტოტალიზატორის მოწყობის პირობების თანახმად გაბათილდა.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, სამართლებრივი შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სამოქალაქო კოდექსის მე-8, 115-ე, 90-ე, 317-ე, 361-ე, 342-ე, 346-ე, 952-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე არ იმყოფებოდა სახელშეკრულებო ურთიერთობაში შპს „ლ-----------ს-–----თან“, შესაბამისად, მის მიმართ არც ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლება გააჩნია.
მოსარჩელემ ხელშეკრულება დადო ინდ. მეწარმეო გ--------–-------–---–თან.
სამოქალაქო კოდექსის 952-ე მუხლის თანახმად, ლატარიის ხელშეკრულება ან მსგავსი თამაშობანი წარმოშობენ ვალდებულებას, თუ ისინი (გათამაშება, წილისყრა, კენჭისყრა) სახელმწიფოს მიერ არის ნებადართული.
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ პუნქტის თანახმად, ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორი ვალდებულია: ჩაატაროს თამაშობა და გასცეს მოგებები წარმოდგენილი მოწყობის პირობების (რეგლამენტის) შესაბამისად.
ამავეკოდექსის 90-ე მუხლის მიხედვით, პირობითად ითვლება გარიგება, როდესაც იგი დამოკიდებულია სამომავლო და უცნობ მოვლენაზე იმით, რომ ან გარიგების შესრულების გადადება ხდება მის დადგომამდე, ანდა გარიგების შეწყვეტა - ამ მოვლენის დადგომისთანავე. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, გარიგება გადადების პირობით დადებულად ითვლება, თუ გარიგებით გათვალისწინებული უფლებებისა და მოვალეობების წარმოშობა დამოკიდებულია სამომავლო და უცნობ მოვლენაზე, ანდა ისეთ მოვლენაზე, რომელიც უკვე დამდგარია, მაგრამ მხარეთათვის ჯერ კიდევ უცნობია. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე მუხლის „ო.გ“ პუნქტის თანახმად, ტოტალიზატორი – თამაშობა, რომელიც იმართება მოთამაშეების მიერ შეჯიბრების მიმდინარეობის, თამაშობის, რაიმე მოვლენის (მოვლენების) შედეგის პროგნოზზე ფსონების დადებით, ხოლო მოგება დამოკიდებულია ფსონის მოცულობაზე და შედეგზე. აკრძალულია ტოტალიზატორის მოწყობა ისეთ შემთხვევებში, როცა შედეგი შესაძლოა წინასწარ იყოს ცნობილი ერთ-ერთი ან ორივე მხარისთვის. ტოტალიზატორი იმართება სპეციალურად მოწყობილ შენობა-ნაგებობაში ან შენობა-ნაგებობის ნაწილში.
მითითებული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ გარიგება პირობითად ჩაითვლება, როდესაც მისი ნამდვილობა დამოკიდებულია „სამომავლო და უცნობ მოვლენაზე“. ე.ი ისეთ მოვლენაზე, რომელიც მომავალში უნდა დადგეს და ჯერ კიდევ გაურკვეველია დადგება თუ არა ეს მოვლენა მომავალში. გარიგება გადადების პირობით კი, მაშინ ითვლება დადებულად, თუკი გარიგებით გათვალისწინებული უფლებებისა და მოვალეობების წარმოშობა დამოკიდებულია მომავალ და უცნობ მოვლენაზე. ამ დროს გარიგებით გათვალისწინებული შედეგი დადგება მხოლოდ პირობის შესრულებით ე.ი გარიგების შესრულება გადაიდება პირობის შესრულებამდე.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე თავად შევიდა სამართალურთიერთობაში კომპანიასთან, რომელიც მოქმედებს რეგლამენტით და ამ რეგლამენტის თანახმად, თუ პროგრამაში გაპარული შეცდომა მოთამაშეს აძლევს საშუალებას რისკის გარეშე უეჭველი მოგება მიიღოს, ასეთი ფსონი გაუქმებულად ჩაითლება და თანხა დაუბრუნდება მოთამაშეს 1.0 კოეფიციენტის გათვალისწინებით.
ეს პირობა მიიჩნევა სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სტანდარტულ პირობად. ამდენად, მოსარჩელე ვალდებული იყო, სრულად გაცნობოდა თამაშის წესებს. სასამართლო პრაქტიკის თანახმად დადგენილია, რომ „სამოქალაქო კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების სტანდარტული პირობები არის წინასწარ ჩამოყალიბებული, მრავალჯერადი გამოყენებისათვის გამიზნული პირობები, რომელთაც ერთი მხარე (შემთავაზებელი) უდგენს მეორე მხარეს და რომელთა მეშვეობითაც უნდა მოხდეს კანონით დადგენილი ნორმებისაგან განსხვავებული ან მათი შემვსები წესების დადგენა. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეკრულების პირობების სტანდარტულ პირობებად მიჩნევის სავალდებულო ნიშნებია: 1. სტანდარტული პირობები არის სახელშეკრულებო პირობები; 2. სტანდარტული პირობები არის წინასწარ ჩამოყალიბებული პირობები; 3. სტანდარტული პირობები არის მრავალჯერადი გამოყენებისათვის გამიზნული პირობები; 4. სტანდარტულ პირობებს ერთი მხარე (შემთავაზებელი) უდგენს მეორე მხარეს; 5. სტანდარტული პირობებით უნდა მოხდეს კანონით დადგენილი ნორმებისაგან განსხვავებული ან მათი შემვსები წესების დადგენა“ (იხ. სუსგ ას-755-811-2011, 10.09.2012 წ.).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 346-ე მუხლის თანახმად, ბათილია ხელშეკრულებათა სტანდარტული პირობა, მიუხედავად ხელშეკრულებაში მისი ჩართვისა, თუ იგი ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპების საწინააღმდეგოდ საზიანოა ხელშეკრულების მეორე მხარისათვის. ამასთან, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოებები, რომელთა არსებობისას იქნა ეს პირობები ხელშეკრულებაში შეტანილი, მხარეთა ორმხრივი ინტერესები და სხვა.
სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის მტკიცებას, რომ ხელშეკრულების პირობა, რომელიც ტოტალიზატორის მომწყობს აძლევს უფლებას გააბათილოს ბილეთი შეცდომის დაფიქსრებისას, ბათილია.
სასამართლო მიუთითებს, რომ ხელშეკრულების დადებისას მოქმედებს წინდახედულების გონივრული მასშტაბი, შესაბამისად, მხარეებმა უნდა გაითვალისწინოს ის შესაძლო რისკები, რაც გარიგების დადებისას შეცდომის დაშვებას სდევს თან. სამოქალაქო კოდექსის მე-8 და 115-ე მუხლების შესაბამისად, ტოტალიზატორმა კეთილსინდისიერად შეასრულა ვალდებულება, წესდების თანახმად, მას მოთამაშის მიმართ რაიმე ვალდებულება არ წარმოშობია, ვინაიდან გაუქმდა ბილეთი და მოგება არ დაფიქსირებულა. საქმის მასალებით არ დასტურდება გათამაშების დაწყებისას დადგენილი გარიგების პირობებით ბოლომდე უცვლელად შენარჩუნება, დაშვებული შეცდომის გამო, ახალი პირობებით შეიცვალა მხარეთა ვალდებულება გათამაშების წესებისა და ტოტალიზატორის წესდების შესაბამისად.
სასამართლო განმარტავს, რომ ყველა მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე აფუძნებს და ამ პრინციპს ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს. ამ პრინციპის გამოყენება საქმიან ურთიერთობებში ნიშნავს, რომ მხარეები საკუთარ პირობას თუ მიცემულ სიტყვას იცავენ და დაიცავენ. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილის დანაწესის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. კოდექსის ეს დანაწესი, რომელსაც ავსებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი, მოიცავს მთელ კერძო სამართალს. აღნიშნული მუხლების მოქმედება ცალსახა და იმპერატიულია, ამიტომაც მხარეებს არ აქვთ უფლება ხელშეკრულებით ან შეთანხმებით გამორიცხონ მათი მოქმედება. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს კეთილსინდისიერებას, როგორც ვალდებულების ძირითად და აუცილებელ კომპონენტს და მხოლოდ ვალდებულებათა შესრულებით არ შემოიფარგლება, ხოლო 361-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესი იმის შესახებ, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს კეთილსინდისიერად, წარმოადგენს კანონისმიერ მოთხოვნას და გულისხმობს, ზოგადად, სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა მიერ ურთიერთობის სხვა მონაწილის ინტერესების პატივისცემას, საკუთარი როლისა და პასუხისმგებლობის გათავისებას, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც მას კონკრეტული პირდაპირი ვალდებულება არ ეკისრება. კეთილსინდისიერების პრინციპის შინაარსი, უპირველეს ყოვლისა, იმით გამოიხატება, რომ მხარეს, გარდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისა, ევალება ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულებაც, ანუ კონტრაჰენტის პატივსადები ინტერესების გათვალისწინება და დაცვა.
განსახილველ შემთხვევაში, არაკეთილსინდისიერად თავად მოსარჩელემ იმოქმედა, რომელმაც, გაცნობილი იყო რა თამაშის წესებს, გამოიყენა ფსონის „გადაბმის“ ხერხი მოგების გასაზრდელად.
შესაბამისად, ადგილი არა აქვს მოპასუხის მხრიდან პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მცდელობას, არ დგინდება, რომ დარღვეულია კეთილსინდისიერებისა და თანასწორობის პრინციპები. ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის შეფასებას მოპასუხის არაკეთილსინდისირების თაობაზე.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55.1 მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია, ხოლო მე-3 ნაწილის თანხმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო მოსარჩელე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, შესაბამისად, საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. კ------- ლ-----ის სარჩელი მოპასუხეების შპს ,,ლ-------------–----ის‘’ და ინდ. მეწარმე გ--------–-------–---–ის მიმართ არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) მეშვეობით;
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე ხათუნა ჯინორია