განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 030100120003422107
საქმის N1/15-2020 წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
ფოთის საქალაქო სასამართლო
05 თებერვალი, 2020 წელი ქ. ფოთი
მოსამართლე დავით კეკენაძე
სხდომის მდივანი ლევანი ქირია
ბრალდების მხარე - პროკურორი ა-–---------- კ-------
დაცვის მხარე - ბრალდებული - ბ----- გ-------
ადვოკატი - ზ---- კ--------–--
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №045261219001
ბრალდებული - ბ----- გ-------
მამის სახელი: ბ-------;
დაბადებული: 1--------- წელი;
დაბადების ადგილი: საქართველო, ხობი
პირადი ნომერი: 4----------;
მოქალაქეობა: საქართველო;
განათლება: ს-–----–--;
ნასამართლობის არ მქონე,ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული;
მცხოვრები: ქ. ფოთი, ს------- ქ.№106
კვალიფიკაცია:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე,118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
ბ----- გ-------მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
კერძოდ, 2019 წლის 25 დეკემბერს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქ. ფოთი, გ. ს------- ქუჩა N106-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბ----- გ-------მ ერთხელ დაარტყა ხელი სახის არეში მეუღლეს - თ----- რ-------, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2. ბრალდებულმა ბ----- გ-------მ სასამართლოს წინაშე თავი სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და დაეთანხმა საქმეში არსებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებას. სასამართლოს მთავარ სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
4. ბ----- გ-------- მიმართ წარდგენილი ბრალდება, დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მის ბრალეულობას, კერძოდ: მოწმეების - ი-----–- ქ---------, ა---- ს--------, თ----- რ------- და ნ------- ნანეიშვილის გამოკითხვის ოქმები, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, შემაკავებელი ორდერი, ბრალდებულის აღიარებითი ჩვენება, ცნობები ნასამართლობისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების შესახებ და საქმეზე მოპოვებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა;
5. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ 2019 წლის 25 დეკემბერს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქ. ფოთი, გ. ს------- ქუჩა N106-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბ----- გ-------მ ერთხელ დაარტყა ხელი სახის არეში მეუღლეს - თ----- რ-------, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
ბრალდებული აღნიშნულ ბრალდებას დაეთანხმა და მისი თანხმობით ყველა მტკიცებულებას მიენიჭა პრეიუდიციული ძალა;
ამასთან, ექსპერტიზაზე დაზარალებულმა განმარტა, რომ ბრალდებულმა მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა;
6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგენილია ოჯახური დანაშაულისათვის, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე მუხლის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
7. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის სუბიექტია დაზარალებულის ოჯახის წევრი. ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლისგან სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი ან ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლი ითვალისწინებს ძალადობის არა ყველა ამ შემთხვევას, არამედ მხოლოდ ფიზიკურს. განსახილველ დანაშაულში მითითებული „ძალადობა“ უნდა გავიგოთ როგორც ცემა, სხვაგვარი ძალადობა, სისტემატური ცემა და სხვა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მას შედეგად არ უნდა მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით და სხვა. ცემა ხშირად ტოვებს გარკვეულ კვალს ადამიანის სხეულზე. კერძოდ: დაჟეჟილობას, დალილავებას ან მცირე სისხლნაჟღენთის კვალს, რასაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი აღნიშნავს დასკვნაში. ზოგჯერ, ცემის შედეგად შეიძლება სხეულის ზედაპირზე არანაირი კვალი არ დაეტყოს. ასეთ შემთხვევაში ცემის ფაქტის დადგენის ტვირთი მთლიანად სასამართლოზეა, რომელიც დაეყრდნობა მსხვერპლის და მოწმის ჩვენებებს, ასევე საქმის სხვა გარემოებებს. სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, ბრალის ფორმის მიხედვით კი სახეზეა განზრახი დანაშაული. მოცემულ შემთხვევაში დადასტურებულია ბრალდებულის მხრიდან ინკრიმინირებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა (ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია;
სასამართლო განმარტავს რომ, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY განმარტა შემდეგი: წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან. ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან; მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებენ აღნიშნულ სტანდარტს;
საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. საგულისხმოა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მასზედ რომ, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად უნდა დაედოს პირდაპირი მტკიცებულებები (და არა ირიბი);
ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განაჩენი კანონიერია, თუ გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენი დასაბუთებულია, თუ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მეორე ნაწილისა და 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს - პროკურორს.
გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების ვალდებულება პროკურორს ეკისრება არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და საპროცესო კანონმდებლობით, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითაც, რაც ასევე განმტკიცებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით. კერძოდ, საყოველთაოდ აღიარებულია, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (in dubio pro reo - ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის პრინციპი) (იხ. გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).
განსახილველ შემთხვევაში სასამართლოში წარმოდგენილია უდაოდ მიჩნეული პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გადალახავს საქმის ბედით დაინტერესებული პირის გონივრული ეჭვის სტანდარტს და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულის მიერ დანაშაულის ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობის განხორციელებას, რის გამოც ბრალდებულის მიმართ წარდგენილ ბრალდებაში (1261-ე მუხლის პირველი ნაწილი) გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.
ამდენად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ბ----- გ-------მ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სამართლებრივი შეფასება:
8. ბ----- გ-------მ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით;
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
9. ბ----- გ-------- მიმართ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება, კმაყოფაზე ჰყავს არასრულწლოვანი ორი შვილი და ავადმყოფი, პენსიონერი დედა; უმუშევარია, ოჯახი სოციალურად დაუცველია; ადრე ნასამართლევი და სახდელდადებული არაა; დაზარალებული შეურიგდა;
10. ბ----- გ-------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია, თუმვა გასათვალისწინებელია გარემოება მასზედ, რომ დანაშაულის ობიექტი ქალია;
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სსსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელად გათვალისწინებულია საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით 80-და 150 საათამდე ან და თავისუფლების აღკვეთა ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ;
11. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის (რაიმე მძიმე შედეგი არ დამდგარა), დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით დაზარალებული შეურიგდა, რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედება აღარ ჩაუდენია), სასამართლო თვლის, რომ ბ----- გ-------ს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე (შემამსუბუქებელი (დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია) გარემოებების გათვალისწინებით - (ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება, კმაყოფაზე ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი და ავადმყოფი პენსიონერი დედა, ოჯახი სოციალურად დაუცველია, ადრე ნასამართლევი და სახდელდადებული არ ყოფილა (ვადაზე ადრე გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან), მძიმე შედეგი არ დამდგარა) სანქციის ზედა და ქვედა ზღვართა მხედველობაში მიღებით ( საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80-დან-150 საათამდე) სანქციის ზედა ზღვარით - საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 150 საათის ოდენობით, რათა ბრალდებულმა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბ----- გ-------- მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას;
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასჯელად საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის განსაზღვრა 150 საათის ოდენობით იქნება შესაბამისი ჩადენილი დანაშაულისა და ბრალდებულის პიროვნებისა და ამდენად სამართლიანი; სასჯელად თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა ამ მოცემულობით იქნებოდა ზედმეტად მკაცრი და შეუსაბამოდ არასამართლიანი;
ამ მხრივ საგულისხმოა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში ”საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილის საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ განვითარებული მოსაზრება მასზედ, რომ ”დანაშაულის ჩამდენის მიმართ სახელმწიფოს პასუხი პირველ რიგში, მოტივირებულია თავად დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ თანაზომიერი იძულების ღონისძიების გამოყენების გზით მისი ქცევის კორექტირების აუცილებლობით, საზოგადოებაში მისი ადაპტაციითა და მის მიერ მომავალში დანაშაულის ჩადენის რისკების გამორიცხვით, მინიმალიზაციით,” ”არ შეიძლება პირის დასჯის მიზანი იყოს მხოლოდ სხვა პირების დაშინება”, ”ადამიანი არ შეიძლება იყოს სისხლის სამართლის პოლიტიკის ინსტრუმენტი და დანაშაულთან ბრძოლის საშუალება, ადამიანი არის მიზანი, რომელზე ორიენტირებითაც მოქმედებს ხელისუფლება”, ”სასჯელთან დაკავშირებული კონსტიტუციური შეზღუდვის არსი არის პროპორციული სანქციის დაკისრება მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი(კონკრეტული დაზარალებულისთვისაც და საზოგადოებისათვის), დამნაშავის პერსონალური მახასიათებლები და საქმის კონკრეტული გარემოებები იმისათვის, რათა განისაზღვროს, როგორი სასჯელი იქნება შესაბამისი პირის რეაბილიტაციისა და საზოგადოების დაცვისათვის ამ კონკრეტული დამნაშავის ქცევის შეკავების გზით, მხოლოდ ამგვარ პირობებში შეასრულებს სასჯელი თავის მიზნებს.
საგულისხმოა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომა სასჯელის მიმართებაში, კერძოდ „ვინტერი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (2012 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება); სასამართლომ განმარტა, რომ აშკარად არაპროპორციული სასჯელი დაარღვევდა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის მოთხოვნებს; კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად არავინ არ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას;
ამდენად სასჯელი არ უნდა იყოს აშკარად არაგონივრული და არაპროპორციული საშუალება კანონმდებლის მიერ დასახული მიზნის მისაღწევად (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და არ უნდა იწვევდეს პირის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაუსაბუთებლად შეზღუდვას;
საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის თანახმად ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუხებელია, დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება; ბრალდებულის პიროვნებისა და დანაშაულის სიმძიმის აშკარად არაპროპორციული სასჯელის დანიშვნა ჩაითვლებოდა ბრალდებულის ღირსების შელახვად და გაუტოლდებოდა კონვენციის მე-3 მუხლით გარანტირებული უფლების ხელყოფას;
მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულ ბ----- გ-------- მიმართ ამ სახით და ზომით (საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ოდენობით) სასჯელი იქნება სისხლის სამართლის პოლიტიკის სწორი და სამართლიანი განმსაზღვრელი ფაქტორი; რაც შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო ნორმების მოთხოვნებთან;
სსკ-ის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოებები ბრალდებულზე ამ სახის სასჯელის დანიშვნისათვის არაა დადგენილი;
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა, რაც გულწრფელი მონანიების, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულების უდავოდ მიჩნევის, სახელმწიფო რესურსის სამართლიანი და ეფექტური გამოყენების და საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. აღნიშნული სასამართლოს მხრიდან ასევე გათვალისწინებულია სასჯელის სახისა და ზომის ნაწილში;
ბრალდებულ ბ----- გ-------- პიროვნებიდან და ბრალის ხასიათიდან გამომდინარე დამატებითი სასჯელის სახით იარაღთან დაკავშირებით უფლებების შეზღუდვის დანიშვნა არ იქნება სამართლიანი;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე,268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბრალდებული ბ----- გ------- (პ/ნ 4----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ოდენობით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის გარეშე;
2.მსჯავრდებულ ბ----- გ-------ს დანიშნული სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი, 2019 წლის 25 დეკემბრიდან - 2020 წლის 23 იანვრის ჩათვლით 30 ( ოცდაათი) დღე და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილების საფუძველზე, პატიმრობის პერიოდი სრულად ჩაეთვალოს დანიშნული სასჯელის, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდის ვადაში (პატიმრობის ერთი დღე საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის 5 საათი) და გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისაგან;
5. გაუქმდეს მსჯავრდებულ ბ----- გ-------- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პირადი თავდებობა და საქართველოს სსსკ-ის 199-ე მუხლით გამოყენებული ღონისძიება; ბ----- გ-------ს დაუბრუნდეს აღკვეთის ღონისძიების უზრუნველყოფის მიზნით ჩამორთმეული საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში და გაუქმდეს მის მიმართ საქართველოს სსსკ-ის 199-ე მუხლით გამოყენებული ყველა შეზღუდვა).
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე დავით კეკენაძე