გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/3165-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
10 იანვარი, 2020 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ციცინო მოსიძე
სხდომის მდივანი ანა რობაქიძე
მოსარჩელე - ო-----ი გ--------ე
წარმომადგენელი - ნ-----–---- კ------
მოპასუხე - ვ-–----ი ბ--------–---–ი
წარმომადგენელი - მ------ ი-----–---ი
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ვ-–----ი ბ--------–---–ს ო-----ი გ--------ის სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება 1122 ლარის ოდენობით.
1.2. ვ-–----ი ბ--------–---–ს ო-----ი გ--------ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის, უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის და შსს მომსახურების სააგენტოში გადახდილი საფასურის 21 ლარის გადახდა. ასევე იურიდიული მომსახურების ხარჯების ანაზღაურება 300 ლარის ოდენობით. (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
მოსარჩელის განმარტებით, 2018 წლის 17 ივნისს წყალტუბოს რაიონის სოფელ ზედა მ------ში, გეგუთი-ქუთაისის დამაკავშირებელ გზაზე ვ-–----ი ბ--------–---–მა კუთვნილი MERSEDES-BENC E 350 მარკის ავტომობილით (სახელმწიფო ნომერი: C------) ვერ უზრუნველყო საგზაო მოძრაობის წესების დაცვა, რის შედეგად უკნიდან შეეჯახა ო-----ი გ--------ის კუთვნილ ,,ფოლკსვაგენ გოლფის“ მარკის ავტომანქანას (სახელმწიფო ნომერი: G------) და მიაყენა ზარალი. მოპასუხის ბრალეულობა და აღნიშნულ ფაქტი დადასტურებული იქნა წყალტუბოს მაგისტრატი სასამართლოს 17.04.2019წ. დადგენილებით. შპს ,,ა----------------–-------ს“ მიერ 24.04.2019წ. გაცემული ექსპერტიზის დასკვნით N05/64 ავტოავარიის შედეგად მიყენებული ზარალის საბაზრო საორიენტაციო ღირებულებამ შეადგინა 1122 ლარი, რომლის მოპასუხეზე დაკისრებასაც ითხოვს მოსარჩელე.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ვ-–----ი ბ--------–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ აღნიშნული ფაქტი გამოწვეული იყო მოსარჩელის არასწორი მანევრის შედეგად, რის გამოც დაზიანდა მისი კუთვნილი ავტომანქანა და მიადგა 3500 ლარის ზიანი, რადგან ეს თანხა დაჯდა მისი მანქანის შეკეთება. მისი განმარტებით, ის მოძრაობდა სავალი გზის მეორე ზოლში, სავალი გზა გაყოფილი იყო წყვეტილი ხაზით, სოფელ მ------ის ტერიტორიაზე. მის წინ შეამჩნია დაბალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი, რომელიც მოძრაობდა სავალი გზის მეორე ზოლში. ნახევრად გადმოსული მოძრაობდა გოლფის მარკის ავტომანქანა. როდესაც წამოეწია, რამოდენიმეჯერ დაუსიგნალა, რითაც ანიშნა რომ გადასულიყო პირველ ზოლში, ჩართული ჰქონდა ასევე გასწრების ციმციმა. ვინაიდან მანქანა, როგორც მისთვის შემდგომ გახდა ცნობილი, დატვირთული იყო პროდუქტით, მძღოლმა ვერ შეძლო დროული და შესაბამისი მანევრი, რათა გადასულიყო პირველ ზოლში, ფაქტიურად არ დაუთმო გზა და არ დაუტოვა მოქმედების საშუალება, შეიქმნა საფრთხე, არ მისცა საშუალება, რომ თავისუფლად ემოძრავა და მოხდა ავტომანქანის მარჯვენა და მარცხენა გვერდებით გახახუნება ო-----ი გ--------ის გამო. მისი განმარტებით, ის ბოლომდე მიწეული იყო გამყოფი ბორდიულისაკენ და სხვა მოძრაობის საშუალება არ ჰქონდა, წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა ავარდნილიყო ბორდიულზე, რასაც შესაძლოა ფატალური შედეგი გამოეწვია მისთვის. წყალტუბოს მაგისტრატი სასამართლოს დადგენილებით არასწორად იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოება და სამართლებრივი გარემოებები და უკანონო დადგენილების საფუძველზე არ იქნა გაუქმებული 2018 წლის 17 ივნისს ამოწერილი სამართალდარღვევის ოქმი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
მოპასუხემ ყველა ფაქტობრივი გარემოება სადავო გახადა, რის გამოც უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ მოიპოვება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. წყალტუბოს მაგისტრატი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2019 წლის 17 აპრილის დადგენილებით დადგენილია, რომ:
2018 წლის 17 ივნისს წყალტუბოს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ ვ-–----ი ბ--------–---–ის მიმართ შედგა Nბ---------- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, გათვალისწინებული ასკ-ის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილით და სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა 250 ლარი.
საჯარიმო ქვითრის თანახმად, 2018 წლის 17 ივნისს წყალტუბოს რაიონის სოფელ ზედა მ------ში, გეგუთი-ქუთაისის დამაკავშირებელ გზაზე ვ-–----ი ბ--------–---–ი მოძრაობდა მისი კუთვნილი MERSEDES-BENC E 350 მარკის ავტომანქანით, სახელმწიფო ნომერი C-------ით, რა დროსაც ვერ უზრუნველყო საგზაო მოძრაობის წესების დაცვა და მეორე ზოლში მოძრავ ავტომანქანას შეეჯახა უკნიდან.
სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური N0-------- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მოცემულ შემთხვევაში ავტომობილ ,,ფოლკსვაგენ გოლფის“ G------ მძღოლ ო-----ი გ--------ეზე არ იყო დამოკიდებული კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება და მის მოქმედებაში ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნება. მოცემული შემთხვევა განპირობებულია ავტომობილ MERSEDES-BENC-ის C------ მძღოლ ვ-–----ი ბ--------–---–ის მიერ ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 და მე-11 პუნქტის მოთხოვნათა უგულებელყოფით, რომელთა დაცვის დროსაც კონკრეტულ საგზაო-სატრასპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- წყალტუბოს მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 17 აპრილის დადგენილება (იხ. ს.ფ. 15-20);
-მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2.2. შპს ,,ა----------------–--------“ 2019 წლის 24 აპრილის N05/64 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ავტომანქანა VOLKSWAGEN, რეგ. ნომერი G------, ავტოავარიის შედეგად მიყენებული ზარალის საბაზრო საორიენტაციო ღირებულება შეადგენს 1122 ლარს.
3.2.3. ავტომანქანა VOLKSWAGEN, რეგ. ნომერი G------, ავტოავარიის შედეგად მიყენებული ზარალი გაანგარიშულ იქნა შემდეგნაირად: 1. უკანა მარცხენა კარები - 70 ლარი; 2. უკანა მარცხენა ფრთა - 60 ლარი; 3. კანტები და სარკე - 20 ლარი; 4. ბალკა - 120 ლარი; 5. ბალკის შეცვლა - 80 ლარი; საბურავი 1 ცალი მეორადი - 50 ლარი; დისკი - 100 ლარი; 8. ხელოსანი - 500 ლარი; 9. ავტოსადგომის ჯარიმა - 122 ლარი. ჯამში - 1122 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს ,,ა----------------–--------“ 2019 წლის 24 აპრილის N05/64 ექსპერტიზის დასკვნა, დანართი N1, ფოტო მასალა (იხ. ს.ფ. 21-34);
3.2.4. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა მ--–----ი ე---------ე, რომელმაც დაადასტურა, რომ ავტოავარიის შედეგად დაზიანებული ო-----ი გ--------ის ავტომანქანა სწორედ მან შეაკეთა, რისთვისაც გადაუხადეს 500 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოწმე მ--–----ი ე---------ის ჩვენება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი);
3.2.5. ავტომანქანა გოლფი, სახ. ნომერი G------, 2018 წლის 17 ივნისიდან 2018 წლის 02 ივლისამდე დაზიანებულ მდგომარეობაში განთავსებული იყო შპს „ი------------“-ის სპეც. ავტო საჯარიმო სადგომზე, რისთვისაც ო-----ი გ--------ემ გადაიხადა 122 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს „ი------------“-ის სპეც. ავტო საჯარიმო სადგომის აქტი და თანხის ჩარიცხვის ქვითარი (იხ. ს.ფ. 35; 36)
3.2.6. მოპასუხის მიერ სადავოდაა გამხდარი როგორც ზიანის ანაზღაურებაზე მისი პასუხისმგებლობა, ასევე თავად ზიანის ოდენობა, მაგრამ მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებების გამაქარწყლებელი რაიმე მტკიცებულება მოპასუხეს არ წარმოუდგენია. მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განმარტებები ამ გარემოებების გასაქარწყლებლად ვერ გამოდგება.
სადავო გარემოების დადასტურების მიზნით, მოსარჩელემ წარმოადგინა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს დადგენილება, სადაც განმარტებულია, რომ ავტომობილ ,,ფოლკსვაგენ გოლფის“ G------ მძღოლ ო-----ი გ--------ეზე არ იყო დამოკიდებული კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება და მის მოქმედებაში ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნება. მოცემულ შემთხვევა განპირობებულია ავტომობილ MERSEDES-BENC-ის C------ მძღოლ ვ-–----ი ბ--------–---–ის მიერ ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 და მე-11 პუნქტის მოთხოვნათა უგულებელყოფით, რომელთა დაცვის დროსაც კონკრეტულ საგზაო-სატრასპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა.
შესაბამისად, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, ვ-–----ი ბ--------–---–ის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის ფაქტს, რითაც ო-----ი გ--------ეს მიადგა ზიანი.
სადავოდაა გამხდარი ზიანის ოდენობა. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი გზა მტკიცებაა, რომლითაც დგინდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. მტკიცების პროცესში იგულისხმება პროცესის მონაწილე სუბიექტების საქმიანობა, მიმართული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ან არარსებობის დასადგენად. დამტკიცებას საჭიროებს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნასა და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას, ასევე, საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები (იხ. სუსგ, საქმე №ას-1206-1166-2016).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს’’ - ,,affirmanti, non legati, incumbit probatio’’.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვითაც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპი, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომლის შეუსრულებლობას უკავშირდება ამავე მხარისთვის არახელსაყრელი შედეგი. ეს დანაწესი გამომდინარებს როგორც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, ასევე ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე, მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განხორციელდეს. ამავდროულად, სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებული მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი უნდა გადანაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია (იხ. სუსგ, საქმე №ას-1003-964-2016).
როგორც აღინიშნა, განხორციელებული შედავების ფარგლებში მოპასუხემ სადავო გახადა ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი ზიანის ოდენობა.
სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. არც ერთ მტკიცებულებას არა აქვს, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ამა თუ იმ მტკიცებულების მნიშვნელობა წინასწარ არ არის განსაზღვრული და მისი ძალა და მნიშვნელობა სასამართლოს შეფასებაზეა დამოკიდებული. მტკიცებულებათა შეფასების დროს მხარეებს უფლება აქვთ, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მტკიცებულებების სარწმუნოობა, თუმცა საბოლოოდ წარმოდგენილ მტკიცებულებებს აფასებს სასამართლო.
სასამართლოს მიერ ექსპერტიზის დასკვნის შეფასება გულისხმობს თავდაპირველად ექსპერტიზის დასკვნის შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას (იხ. სუსგ, საქმე №ას-535-501-2017).
ამასთან, ექსპერტიზის დასკვნის შეფასებისას (იმდენად, რამდენადაც იგი სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის კომპეტენციას ეფუძნება), ყურადღება უნდა მიექცეს რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: გამოსაკვლევად მიწოდებულ მასალას, მის კვლევით ნაწილს, რადგან სწორედ კვლევითი ნაწილია ასახული საბოლოო დასკვნაში (იხ. სუსგ, საქმე №ას-406-383-2014). ამასთანავე, ექსპერტის დასკვნა კრიტიკულად უნდა შეფასდეს, როგორც ცალკე აღებული, ასევე საქმეზე მოპოვებულ ყველა სხვა მტკიცებულებასთან ერთობლიობაში (იხ. სუსგ, საქმე №ას-633-966-07).
განხორციელებული შედავების ფარგლებში მოპასუხემ სადავო გახადა წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა, თუმცა ზიანის ოდენობის დასტურად არ წარმოუდგენია რაიმე სახის სხვა ალტერნატიული მტკიცებულება. მხოლოდ მითითება იმაზე, რომ იგი როგორც მოწინააღმდეგე მხარე, არ ეთანხმება წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებას, ვერ განიხილება ამ მტკიცებულების გაუზიარებლობის სათანადო საფუძვლად. შესაბამისად, სასამართლო ზიანის ოდენობის დასტურად არსებითად ეყრდნობა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნას.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ 2018 წლის 17 მარტს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოსარჩელის კუთვნილ ავტომობილზე (,,ფოლკსვაგენ გოლფის“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომერი G------) მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა შეადგენს 1122 ლარს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ო-----ი გ--------ის სარჩელი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 319-ე, 408-ე, 409-ე, 326-ე, 992-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-ე, მე-4, 102-ე, 103-ე, 105-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის” ევროპული კონვენციით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია.
სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას.
დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტილების უფლება, ევროპული კონვენციით გარანტირებული ზოგადი პრინციპია, რომელიც ინდივიდს თვითნებობისაგან იცავს; ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ მატერიალურ-სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილ ძირითად ასპექტებს (RUIZ TORIJA v. SPAIN). ამავე დროს, სასამართლო ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, რომ თუ კი „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად’’ (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ).
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამართალწარმოების შეჯიბრებითობის პრინციპის მიხედვით მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (სსკ-ის მე-4 მუხლი). აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის განმხილველი სასამართლოსათვის სავალდებულოა სარჩელის საფუძვლად მითითებული ფაქტების ერთობლიობა, რომლებიც ასაბუთებენ, ამართლებენ ფაქტობრივად მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას (სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები), რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, აღნიშნული განეკუთვნება სასამართლოს უფლებამოსილების სფეროს, რომლის განხორციელებისას სასამართლო არ არის შეზღუდული მოსარჩელის მითითებებით. სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს.
განსახილველ შემთხვევაში ვალდებულების წარმოშობის საფუძველია დელიქტური ვალდებულება.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
ამავე კოდექსის 326-ე მუხლის თანახმად, წესები სახელშეკრულებო ვალდებულების შესახებ გამოიყენება ასევე სხვა არასახელშეკრულებო ვალდებულებათა მიმართ, თუ ვალდებულების ხასიათიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
დელიქტიდან გამომდინარე საფუძვლით სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა – ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: 1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება; 2) დამდგარი ზიანი; 3) მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის; 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი.
ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება ნებისმიერი ზიანი, მიყენებული მოქალაქის პიროვნების ან ქონებისათვის, ასევე ზიანი, მიყენებული იურიდიული პირის ქონებისათვის. ზიანის ქვეშ, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას, პირველ რიგში, იგულისხმება, დაზარალებულის სუბიექტური სამოქალაქო უფლებების დარღვევის ქონებრივი შედეგები. ამასთან, თავად დარღვეული უფლებები შეიძლება იყოს როგორც ქონებრივი, ისე პირადი ხასიათის. ზიანი შეიძლება გამოიხატოს დაზარალებულის ქონების განადგურებით, გასხვისებით ან დაზიანებით.
მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოპასუხის მოქმედება უნდა იყოს არამარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა. (იხ. სუსგ 19.04.16 წ. საქმე Nას-191-183-2016).
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია დელიქტური პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის აუცილებელ კომპონენტთა ერთობლიობა. ასევე დადგენილია მიყენებული ზიანის ოდენობა. შესაბამისად, საფუძვლიანია სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2000 ლარამდე ოდენობით;
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისთვის გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით, სარჩელის უზრუნველყოფისათვის - სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით და შსს მომსახურების სააგენტოში მომსახურების საფასური - 21 ლარის ოდენობით. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, აღნიშნული ხარჯების ანაზღაურება უნდა დაეკისროს მოპასუხეს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მოითხოვს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის 300 ლარის მოპასუხისთვის დაკისრებას, რისთვისაც წარმოადგინა ხელშეკრულება საადვოკატო მომსახურების გაწევის თაობაზე. სასამართლოს შეფასებით, განსახილველი საკითხი უნდა გადაწყდეს გონივრულობის ფარგლებში და არამხოლოდ ზემოხსენებული ნორმის (სსსკ-ის 53-ე მუხლი) ანდა მოსარჩელის მოთხოვნის გათვალისწინებით. ამ კონტექსტში, მხედველობაშია მისაღები განხილული დავის კატეგორია, საქმის წონა/მოცულობა, სამართლებრივი დავის სირთულე, მოთხოვნის ფარგლები, პრაქტიკულად გაწეული სამუშაოს მოცულობა და დანახარჯები, თავად მოსარჩელის რისკი და შეხედულება თუ რა უღირს დავის წარმოება, რაც არ უნდა გასცდეს ობიექტურობის/სამართლიანობის ფარგლებს და მოპასუხისადმი იურიდიული მომსახურების ხარჯის დაკისრება არ უნდა იყოს დამოკიდებული მხოლოდ იურიდიული მომსახურების შესახებ მხარეთა შეთანხმებაზე;
ზემოხსენებულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეს უნდა დაეკისროს იურიდიული მომსახურების ხარჯების ანაზღაურება გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, რაც შეადგენს 44.88 ლარს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
დადგენილია, რომ 2019 წლის 02 აგვისტოს განჩინებით ყადაღა დაედო მოპასუხე ვ-–----ი ბ--------–---–ის სახელზე რეგისტრირებულ სატრნსპორტო საშუალებას, რომლის რეკვიზიტებია: სანომრე ნიშანი - C------, მარკა-მოდელი MERSEDES-BENC E 350, გამოშვების წელი: 2006, VIN: W----------------, ფერი - რუხი.
ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 268, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მოსარჩელე ო-----ი გ--------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე ვ-–----ი ბ--------–---–ს მოსარჩელე ო-----ი გ--------ის სასარგებლოდ დაეკისროს მიყენებული ზიანის ანაზღაურება 1122 ლარის ოდენობით.
3. მოპასუხე ვ-–----ი ბ--------–---–ს მოსარჩელე ო-----ი გ--------ის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელის აღძვრისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარის ოდენობით, სარჩელის უზრუნველყოფისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარის ოდენობით და შსს მომსახურების სააგენტოში გადახდილი მომსახურების საფასური - 21 ლარის ოდენობით.
4. მოპასუხე ვ-–----ი ბ--------–---–ს მოსარჩელე ო-----ი გ--------ის სასარგებლოდ დაეკისროს საადვოკატო ხარჯების ანაზღაურება 44.88 ლარის ოდენობით.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6-7 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე ციცინო მოსიძე