გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №411210019003145114
საქმე №2/134-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
04.02.2020 წელი, ქ. ლაგოდეხი
შესავალი ნაწილი
ლაგოდეხის მაგისტრატი სასამართლო
მოსამართლე იოსებ აბრამიძე
სხდომის მდივანი მზია გულმაგარაშვილი
მოსარჩელე - სს „სა---------–--ს ბა--ი“
წარმომადგენელი - გო----ა ში--–---–ი
მოპასუხე - ამ--- მა-------ი
წარმომადგენელი - ირ-- ნა-----–---–ი
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნეს სს „სა---------–--ს ბა--ის“ კუთვნილი უძრავი ნივთი, მდებარე - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი, სოფელი გა-----–ა, (საკადასტრო კოდი - 5-----------, დაზუსტებული ფართობი - 1017,00 მ2, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი - №1, ნაკვეთის წინა ნომერი - 5-----------) და მოსარჩელეს გადაეცეს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე მხარემ, წარმოდგენილი წერილობითი შესაგებელით და საქმის სასამართლო განხილვის დროს, სარჩელი არ სცნო და მიუთითა, რომ მოპასუხის ქონება ვალის გამო იქნა გატანილი აუქციონზე. აუქციონის თაობაზე მოპასუხე ინფორმირებული არ ყოფილა, ამიტომ აუქციონის შედეგი უკანონოა. ასევე, სხდომაზე განმარტა, რომ მოპასუხეს სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია და გამოსახლების შემთხვევაში, ოჯახი ქუჩაში აღმოჩნდება, რის გამოც, სურთ მოსარჩელისგან უძრავი ქონების გამოსყიდვა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
უდავო გარემოებები არ დადგენილა
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. უძრავი ნივთი, მდებარე - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი, სოფელი გა-----–ა, (საკადასტრო კოდი - 5-----------, დაზუსტებული ფართობი - 1017,00 მ2, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი - №1, ნაკვეთის წინა ნომერი - 5-----------) საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მოსარჩელე სს „სა---------–--ს ბა--ის“ საკუთრებად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეეტრიდან (ს.ფ. 15-16).
3.2.2. სს „სა---------–--ს ბა--ის“ სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას ფაქტობრივად ფლობს მოპასუხე ამ--- მა-------ი, მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი (ს.ფ. 1-24, 30-38);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2.3. სასამართლო არ იზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას იმის შესახებ, რომ სს „სა---------–--ს ბა--ი“ მიერ აუქციონზე უკანონოდ იქნა შეძენილი უძრავი ქონება, მდებარე - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი, სოფელი გა-----–ა, (საკადასტრო კოდი - 5-----------, დაზუსტებული ფართობი - 1017,00 მ2, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი - №1, ნაკვეთის წინა ნომერი - 5-----------).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტით დასტურდება, რომ საჯარო რეესტრში უძრავი ქონება, მდებარე - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი, სოფელი გა-----–ა, (საკადასტრო კოდი - 5-----------, დაზუსტებული ფართობი - 1017,00 მ2, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი - №1, ნაკვეთის წინა ნომერი - 5-----------) აღირიცულია სს „სა---------–--ს ბა--ის“ სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი - №190862715 გა--არგულება, აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების წარმოშობის შესახებ, დამოწმების თარიღი - 23.07.2019 წელი, ნოტარიუსი ნ. კალანდარიშვილი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით, დადგენილია მხარეთა მტკიცების ტვირთის სტანდარტი, რომლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც ამყარებს მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარეს სს „სა---------–--ს ბა--ის“ მიერ სარჩელზე თანდართული მტკიცებულებების საწინააღმდეგო მტკიცებულება, მათ შორის ჩატარებული აუქციონის უკანონობის დამადასტურებელი მტკიცებულება, არ წარმოუდგენია. შესაბამისად, მოპასუხემ ვერ დაადასტურა, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას ფლობს კანონიერად, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმის გარემოებების შესწავლისა და სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში, თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის მიხედვით, განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
საჯარო რეესტრის მიერ გაცემული ამონაწერით დასტურდება, რომ მოსარჩელე წარმოადგენს იმ უძრავი ქონების მესაკუთრეს, რომელიც მოპასუხის მფლობელობაშია. მოსარჩელის არაერთი სიტყვიერი მოთხოვნის და წერილობითი გაფრთხილების მიუხედავად, მოპასუხე აგრძელებს უძრავი ქონებით სარგებლობას და მოსარჩელისათვის გადაცემაზე უარს აცხადებს.
სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლების დაცვის აღიარებული სანივთო–სამართლებრივი საშუალებები სავინდიკაციო და ნეგატორული სარჩელებია. ვინდიკაციას მაშინ მიმართავენ, როდესაც მესაკუთრეს წართმეული აქვს ნივთზე მფლობელობა. ვინდიკაციის დროს, მესაკუთრეს შერჩენილი აქვს მხოლოდ ნივთზე საკუთრების უფლება, თავად ნივთი კი სხვის უკანონო მფლობელობაშია. უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის კი უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას ფლობს მოპასუხე. მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომლითაც უძრავი ნივთის მართლზომიერი ფლობის ფაქტი დადასტურდებოდა. შესაბამისად, არ არსებობს მხარეთა შორის შეთანხმება უძრავი ქონების ფლობასთან დაკავშირებით და მოპასუხის უკანონო მოქმედებით, მოსარჩელეს უძრავ ქონებაზე ფლობის უფლება ყოველგვარი საფუძვლის გარეშე აქვს ჩამორთმეული. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიმართ მოსარჩელის პრეტენზია, სადავო ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში დაბრუნების თაობაზე, დასაბუთებულია და არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამ მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
ამავე კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს, ხოლო ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ღირებულება განისაზღვრება 4000 ლარით, ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა.
აღნიშნული კოდექსის 48-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველი არ არსებობს, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ საქმეზე მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმის განხილვის დასრულებამდე გადაუვადდება. ეს წესი ვრცელდება მოპასუხეზეც, თუ იგი ასეთ საქმეზე შეგებებულ სარჩელს აღძრავს, ხოლო ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის საფუძველზე, მოსარჩელეს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა. სარჩელი დაკმაყოფილდა, ამიტომ მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 60 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 49-ე, 208-ე, 243-244-ე, 247-248-ე, 257-ე, 268-ე, 270-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს „სა---------–--ს ბა--ის“ (ს/ნ 2--------- სარჩელი მოპასუხე ამ--- მა-------ის (პ/ნ 2----------- მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე, დაკმაყოფილდეს:
1.1. მოპასუხე ამ--- მა-------ის (პ/ნ 2----------- უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნეს მოსარჩელე სს „სა---------–--ს ბა--ის“ (ს/ნ 2--------- კუთვნილი უძრავი ნივთი, მდებარე - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი, სოფელი გა-----–ა, (საკადასტრო კოდი - 5-----------, დაზუსტებული ფართობი - 1017,00 მ2, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი - №1, ნაკვეთის წინა ნომერი - 5-----------) და მოსარჩელეს გადაეცეს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში.
2. მოპასუხე ამ--- მა-------ს (პ/ნ 2----------- დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 60 (სამოცი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯტის სასარგებლოდ.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ლაგოდეხის მაგისტრატი სასამართლოს (ქ. ლაგოდეხი, 26 მაისის ქ. №21) მეშვეობით, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე იოსებ აბრამიძე