გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
080210019003119527
#2/1878-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
08.01.2020 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - დარინა აბულაძე
სხდომის მდივანი - ქეთევან კირიაკიდი
მოსარჩელე - შპს „ფ-----------------ო“;
წარმომადგენელი - ქ---------------ე, ე-–--------–---–ი;
მოპასუხე - გ----------------ე;
წარმომადგენელი - ა---------–------------ე;
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. გ----------------ეს შპს „ფ-----------------ო“-ს სასარგებლოდ დაეკისროს შპს „ტ---ო“-სთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე სესხის ძირი თანხის- 1000 ლარის გადახდა.
1.2. გ----------------ეს - შპს „ფ-----------------ო“-ს სასარგებლოდ დაეკისროს შპს „ტ---ო“-სთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე გადასახდელი საკომისიო (პროცენტი)-673,47 ლარი.
1.3. მოპასუხეს შპს „ფ-----------------ო“-ს სასარგებლოდ დაეკისროს შპს „ტ---ო“-სთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ხელშეკრულების დარღვევისათვის გათვალისწინებული ჯარიმა (პირგასამტეხლო)-1487,24 ლარის ოდენობით.
1.4. მოპასუხეს შპს „ფ-----------------ო“-ს სასარგებლოდ დაეკისროს შპს „ტ---ო“-სთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე სესხის ძირი თანხის 400 ლარის გადახდა.
1.5. მოპასუხეს შპს „ფ-----------------ო“-ს სასარგებლოდ დაეკისროს შპს „ტ---ოსთან“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე საკომისიო (პროცენტი)-72 ლარი.
1.6. მოპასუხეს შპს „ფ-----------------ო“-ს სასარგებლოდ დაეკისროს შპს „ტ---ოსთან“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ხელშეკრულების დარღვევისათვის გათვალისწინებული: პირგასამტეხლო (ჯარიმა)-801,6 ლარის ოდენობით.
1.7. მოპასუხე გ----------------ეს სს "ფ-----------------ოს" სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა მოპასუხისთვის იურიდიული მომსახურების საფასურის დაკისრებაზე უარი განაცხადა. (იხ.11.12.19 სხდომის ოქმი)
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2017 წლის 9 აგვისტოს და 2018 წლის 8 იანვარს შპს „ტ---ომ“ მსესხებელ გ----------------ის სასესხო ვალდებულებების თაობაზე მოთხოვნის უფლებები დათმო შპს „ფ-----------------ო“-ს სასარგებლოდ, რის თაობაზეც ეცნობა მსესხებელსაც.
2016 წლის 26 სექტემბერს გ----------------ემ შეავსო სასესხო განაცხადი შპს „ტ---ო“-ს ერთ-ერთ ონლაინ ვებ-გვერდზე. მსესხებლის იდენტიფიცირების შემდგომ კომპანიამ იმავე დღეს პირად ანგარიშზე გადაურიცხა სესხის თანხა- 1000 ლარის ოდენობით, რის საფუძველზეც მხარეებს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლითაც მსესხებელმა იკისრა მიღებული თანხისა და საკომისიოს, ჯამში-1791 ლარის ხელშეკრულების გრაფიკით განსაზღვრულ ვადაში დაბრუნების ვალდებულება. მოპასუხეს საერთოდ არ გადაუხდია სესხის თანხა, რის გამოც დამატებით დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება ხელშეკრულების მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებდა გადასახდელი თანხის 1%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. აღნიშნული შეთანხმებიდან გამომდინარე, მოვალის ვალდებულება კომპანიის წინაშე შეადგენს: ძირი თანხა- 1000 ლარი, საკომისიო-673,47 ლარსა და ჯარიმას- 1487,24 ლარს, სულ-3160,71 ლარი.
2016 წლის 15 სექტემბერს მოპასუხემ შპს „ტ---ო“-სთან ონლაინ ვებ-გვერდის „n------it.ge“-ს მეშვეობით გააფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხეზე გაცემული იქნა სესხი 400 ლარის ოდენობით, ერთი თვის ვადით. მოპასუხეს საერთოდ არ გადაუხდია სესხის თანხა, აქედამ გამომდინარე, მოვალის ვალდებულება კომპანიის წინაშე შეადგენს: ძირი თანხა - 400 ლარს, საკომისიო - 72 ლარს და პირგასსამტეხლო - 801,6 ლარს, სულ-1273,6 ლარს.
მოპასუხე მხარის მიერ გაცხადებული თანხმობის გათვალისწინებით "ნ-------------ის" ხელშეკრულების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, გამსესხებელი განუსაზღვრავს ინდ. გრაფიკს და საკომისიოს განსაზღვრავს სესხის თანხასა და სესხის მომსახურების საკომისიოს თვეში 4 %-ს, ხოლო პირგასამტეხლოს დაკისრება მოხდა ამავე ხელსეკრულების მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მსესხებლისთვის ყოველივე ზემოთაღნიშნული ცნობილი იყო, რაც მან დაადასტურა ხელმოწერით. მოპასუხე მხარის ვალდებულება საერთო ჯამში შეადგენდა-4434,31 ლარს. მიუხედავად კრედიტორის არაერთგზისი გაფრთხილებისა და მცდელობისა მოვალემ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება. (იხ. სარჩელი).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე გ----------------ემ წერილობითი შესაგებლით, ასევე სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ არავითარი სამართლებრივი ურთიერთობა მოსარჩელესთან და მის მიერ დასახელებულ ორგანიზაციებთან არ ჰქონია. მას არასოდეს შეუვსია სესხის განაცხადი, და არც ხელშეკრულებაზე მოუწერია ხელი, რადგან არ საჭიროებდა აღნიშნულს. შესაბამისად გ----------------ეს არანაირი სახის ვალდებულება არ გააჩნია შპს "ფ-----------------ოს" მიმართ. (იხ. შესაგებელი, 11.12.2019 წ სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ფაქტობრივი გარემოებები მხარეების მიერ სადავოდ არის გამხდარი.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2. დადგენილია, რომ 2016 წლის 15 სექტემბერს, მოპასუხე გ----------------ეს და შპს „ტ---ო“-ს შორის, ონლაინ ვებ-გვერდის „n------it.ge“-ს მეშვეობით გააფორმდა სესხის ხელშეკრულება #6--------. ხელშეკრულების თანახმად მოპასუხეზე გაიცა სესხი 400 ლარის ოდენობით, ერთი თვის ვადით. ხელშეკრულებით განისაზღვრა საკომისიო 72 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-2016 წლის 15 სექტემბრის ხელშეკრულება.
- ტრანზაქციების ისტორია; საგადახდო დავალებები;
-15.09.2016 წ ინვოისი;
3.1.2. 2016 წლის 26 სექტემბერს, გ----------------ეს და შპს ტ---ო„-ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება #2--------, რომლის საფუძველზე გ----------------ეზე გაცემული იქნა სესხი 1000 ლარის ოდენობით. ხელშეკრულებით მსესხებელმა იკისრა, მიღებული თანხის 1000 ლარის და საკომისიოს, ჯამში-1791 ლარის ხელშეკრულების გრაფიკით განსაზღვრულ ვადაში დაბრუნების ვალდებულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ცნობა, განაცხადის შევსების შესახებ; საგადახდო დავალებები;
- 2016 წლის 26 სექტემბრის სესხის ხელშეკრულება.
- ტრანზაქციების ისტორია;
-სესხის გადახდის გრაფიკი;
3.1.3. 2018 წლის 08 იანვარს, შპს "ტ---ოს" და შპს "ფ-----------------ოს" შორის გაფორმებული სესხებზე მოთხოვნის უფლების დათმობის შესახებ შეთანხმების საფუძველზე, შპს "ტ---ომ" შპს "ფ----------------ოს" გადასცა #6-------- სესხი, რომელიც გაფორმებულ იქნა შპს "ტ---ოსა და გ----------------ეს შორის 2016 წლის 15 სექტემბერს.
2017 წლის 09 აგვისტოს, შპს "ტ---ოს" და შპს "ფ-----------------ოს" შორის გაფორმებული სესხებზე მოთხოვნის უფლების დათმობის შესახებ შეთანხმების საფუძველზე, შპს "ტ---ომ" შპს "ფ----------------ოს" გადასცა #2-------- სესხი, რომელიც გაფორმებულ იქნა შპს "ტ---ო„-ს და გ----------------ეს შორის 2016 წლის 26 სექტემბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
_ სესხებზე მოთხოვნის უფლების დათმობის შესახებ შეთანხმებები;
3.1.4 2016 წლის 15 სექტემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შპს "ფ-----------------ოს" მიმართ, გ----------------ის ვალდებულება შეადგენს 1273,6 ლარის, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 400 ლარი, საკომისიო - 72 ლარი და პირგასამტეხლო - 801,6 ლარი.
2016 წლის 26 სექტემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შპს "ფ-----------------ოს" მიმართ, გ----------------ის ვალდებულება შეადგენს 3160,71 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა- 1000 ლარი, საკომისიო-673,47 ლარი და ჯარიმა- 1487,24 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ცნობები დავალიანების შესახებ;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით დაწესებულია, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ზემოაღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და ემყარება წერილობით მტკიცებულებებს. რაც შეეხება მოპასუხე მხარეს, იგი ამ შემთხვევაში ვერ ადასტურებს გარემოებებს, რომლებზეც ამყარებს შესაგებელს და შესაბამისად, ვერ აქარწყლებს მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობას. მოპასუხე შემოიფარგლება მხოლოდ ზეპირსიტყვიერი მითითებებით. ამდენად, მის მიერ მითითებული გარემოებები არ შეიძლება, ჩაითვალოს დადასტურებულად.
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მსესხებლის მიერ დარღვეულია სესხით სარგებლობისათვის შეთანხმებული გრაფიკი და ვალდებულება არ არის შესრულებული ჯეროვნად, რაც აძლევს კრედიტორს სესხის ძირ თანხის, სარგებლის და პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საპროცენტო განაკვეთის ოდენობა (26.09.2016წ ხელშეკრულებიდან გამომდინარე) წარმოადგენს უცილოდ ბათილ შეთანხმებას, შესაბამისად სესხის ხელშეკრულება ნაწილობრივ ბათილია სესხის ძირითად ნაწილზე სარგებლის დარიცხვის ნაწილში. ასევე სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს. (აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასების ნაწილში).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 199-ე მუხლის თანახმად, მოთხოვნის მფლობელს (კრედიტორს) შეუძლია მოვალის თანხმობის გარეშე მოთხოვნა მესამე პირს დაუთმოს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს (მოთხოვნის დათმობა). მოვალესთან შეთანხმება დათმობის დაუშვებლობის შესახებ შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს მოვალის პატივსადები ინტერესი. მოთხოვნის დათმობა ხდება მოთხოვნის მფლობელსა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევებში თავდაპირველი მფლობელის ადგილს იკავებს მესამე პირი. ამავე კოდექსის, 201-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი მოთხოვნის დათმობით ახალ მფლობელზე გადადის მისი უზრუნველყოფის საშუალებებიცა და მოთხოვნასთან დაკავშირებული სხვა უფლებებიც. ამდენად, შპს ფ-----------------ო წარმოადგენს გ----------------ის მიმართ სარჩელის აღძვრაზე უფლებამოსილ პირს.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს „ფ-----------------ო“-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგი სახის გარემოებების გამო:
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 623-ე, 625-ე, 361-ე, 54-ე, 62-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის წარმოშობილია სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობები. აღნიშნულის საფუძველია - 2016 წლის 15 სექტემბერსა და 26 სექტემბერს გაფორმებული სესხის ხელშეკრულებები.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2016 წლის 15 სექტემბერს მოპასუხე გ----------------ემ შპს „ტ---ო“-სთან ონლაინ ვებ-გვერდის „n------it.ge“-ს მეშვეობით გააფორმა სესხის ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად მოპასუხეზე გაიცა სესხი 400 ლარი, ერთი თვის ვადით. 2016 წლის 26 სექტემბერს გ----------------ემ შეავსო სასესხო განაცხადი შპს „ტ---ო“-ს ერთ-ერთ ონლაინ ვებ-გვერდ-ზე. მსესხებლის იდენტიფიცირების შემდგომ კომპანიამ იმავე დღეს პირად ანგარიშზე გადაურიცხა სესხის თანხა- 1000 ლარის ოდენობით, რის საფუძველზეც მხარეებს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლითაც მსესხებელმა იკისრა მიღებული თანხისა და საკომისიოს, ჯამში-1791 ლარის ხელშეკრულების გრაფიკით განსაზღვრულ ვადაში დაბრუნების ვალდებულება. სესხის ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელს სესხი უნდა დაებრუნებინა ნაწილ-ნაწილ, შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით. მსესხებელმა დაარღვია სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ ხელშეკრულებებით განსაზღვრულ ვადებში სესხის თანხა და შეთანხმებული პროცენტი არ გადაიხადა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მის მიერ 2016 წლის 15 სექტემბერს და 26 სექტემბერს არ მომხდარა სესხის აღება. სესხზე განაცხადი არ შეუვსია, საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე ხელმოწერილი დოკუმენტი სესხის მიღების შესახებ, შესაბამისად იგი არ შესულა სამართლებვრივ ურთიერთობებში შპს "ფ----------------ოსთან".
სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის პოზიციას და განმარტავს, რომ სარჩელზე დართული დოკუმენტებით დასტურდება, რომ 2016 წლის 15 სექტემბერს და 26 სექტემბერს ონლაინ ვებ-გვერდის საშუალებით გ----------------ემ გააკეთა განაცხადი სესხის მიღების შესახებ. 15 სექტემბერს გ----------------ეს მის მიერ მითითებულ ანგარიშზე ჩაერიცხა თანხა 400 ლარის, ხოლო 2016 წლის 27 სექტემბერს 1000 ლარის ოდენობით. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებაზე დაყრდნობით სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა ძირითადი თანხის დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. დადგენილია, რომ მხარეთა შორის 2016 წლის 15 სექტემბრის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, სესხის ძირი თანხა შეადგენდა 400 ლარს, საკომისიო 72 ლარს, სესხი მოპასუხეს უნდა დაებრუნებინა 15.10.2016 წ.
2016 წლის 26 სექტემბერს გაფორმებული სესხის ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა სესხზე რიცხული პროცენტის ოდენობა. სესხის ძირითადი თანხა და მასზე რიცხული პროცენტი 791 ლარი მოპასუხეს უნდა გადაეხადა 12 თვის ვადაში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
სასამართლო განმარტავს, რომ საპროცენტო განაკვეთის ოდენობა (26.09.2016წ ხელშეკრულებიდან გამომდინარე) წარმოადგენს უცილოდ ბათილ შეთანხმებას, შესაბამისად სესხის ხელშეკრულება ნაწილობრივ ბათილია სესხის ძირითად ნაწილზე სარგებლის დარიცხვის ნაწილში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად სესხისთვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის დანაწესით ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. ამავე კოდექსის 62-ე მუხლის თანახმად, გარიგების ნაწილის ბათილობა არ იწვევს მისი სხვა ნაწილების ბათილობას, თუ სავარაუდოა, რომ გარიგება დაიდებოდა მისი ბათილი ნაწილის გარეშეც.
მხარეთა შორის დადებული 2016 წლის 26 სექტემბრის ხელშეკრულების დებულება, რომლითაც გამსესხებელმა სესხისათვის შეუსაბამოდ მაღალი სარგებელი განსაზღვრა, ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ღირებულებებს და სსკ-ის 54-ე მუხლის მიხედვით უცილოდ ბათილია, რაც ამ შემთხვევაში არ იწვევს მთლიანი ხელშეკრულების ბათილობას სსკ-ის 62-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა: „ნებისმიერი დავის გადაწყვეტისას, სასამართლო ხელმძღვანელობს დავის სამართლიანად გადაწყვეტისა და მონაწილეთა ინტერესების დაცვის პრინციპით. სამოქალაქო სამართალში ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევაა პრეზუმირებული, რაც იმთავითვე გულისხმობს იმის ვარაუდს, რომ ისინი თავიანთ უფლებებს კეთილსინდისიერად ახორციელებენ [სსკ-ის 8.3 მუხლი]. „უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონის იმპერატიული ნორმები“ [სსკ-ის 10-ე მუხლის მესამე ნაწილი]. შესაბამისად, მხარეთა უფლება თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და ასევე თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი, აბსოლუტური არ არის. სახელშეკრულებო დებულებების განსაზღვრის დროს ისინი ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კასატორი, რომელიც ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, ეკონომიკურად უფრო ძლიერი მხარეა და უდავოა, რომ სწორედ მის მიერ იქნა განსაზღვრული სესხის სარგებელი - ყოველთვიური 6%. მართალია, ამ შეთავაზებას გ--ა ს--ე დაეთანხმა, მაგრამ ამით სამართლებრივი სურათი არ იცვლება, რადგანაც კასატორი მოქმედებდა სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ქცევის წესის საწინაღმდეგოდ: „თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე.“ (სუსგ:№ას-663-629-2015, 28 ივლისი, 2015 წელი).
დადგენილია, რომ მოპასუხე მხარეს შპს "ფ-----------------ოს" წინაშე მასზე დაკისრებული ვალდებულება თანხის გადახდის შესახებ არ შეუსრულებია ჯეროვნად, სრულად და ერიცხება დავალიანება.
სასამართლოს მხარეთა ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით გონივრულ და სამართლიან ოდენობად მიაჩნია, 2016 წლის 26 სექტემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის შემცირება 5-ჯერ და იგი უნდა განისაზღვროს 134.70 ლარის ოდენობით.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მხარეებს შორის არსებობს წერილობითი შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ, რომლის საპროცენტო განაკვეთი მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. (7.4. პუნქტი).
როგორც უკვე აღინიშნა მოპასუხეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ არის შესრულებული ჯეროვნად, რაც ანიჭებს კრედიტორს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.
პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.
პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ზემოაღნიშნული ნორმა პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს 15.09.2016წ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 40 ლარამდე, ხოლო 26.09.2016წ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 100 ლარამდე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ----------------ეს შპს ,,ფ-----------------ო’’-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2016 წლის 15 სექტემბერს გაფორმებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 40 ლარის, ხოლო 2016 წლის 26 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 100 ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამ მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს. საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ღირებულება განისაზღვრება ფულის თანხის გადახდევინების შესახებ სარჩელზე _ გადასახდელი თანხით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხემ არ ცნო სარჩელი. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 19,69 ლარის ოდენობით, მის მიერ არ აღიარებული და სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად. ხოლო სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში გადახდილი ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. შპს „ფ-----------------ო„-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გ----------------ეს - შპს „ფ-----------------ო„-ს სასარგებლოდ 26.09.2016წ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადასახდელად დაეკისროს 1234,7 ლარის გადახდა, საიდანც სესხის ძირითადი თანხაა - 1000 ლარი, პროცენტი - 134,70 ლარი, პირგასამტეხლო - 100 ლარი.
3. გ----------------ეს - შპს „ფ-----------------ო„-ს სასარგებლოდ 15.09.2016წ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადასახდელად დაეკისროს 512 ლარის გადახდა, საიდანც სესხის ძირითადი თანხაა - 400 ლარი, პროცენტი - 72 ლარი, პირგასამტეხლო - 40 ლარი.
4. გ----------------ეს - შპს „ფ-----------------ო„-ს სასარგებლოდ დაეკისროს 19,69 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
5. სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა #11).
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არ უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დარინა აბულაძე