გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 28.06.2019
საქმის ნომერი
330310018002769890
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
28.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330310018002769890

საქმე №---------

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

28 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე - ლეილა გოგიშვილი

სხდომის მდივანი - ანა მგელაძე

 

მოსარჩელეები - ლ-------------–--, პ-–-------–----–----ა, თ---------–----–-----

წარმომადგენელი - ლ-----------------

 

მოპასუხე - საქართველოს პრეზიდენტი

წარმომადგენელი - ფ---------------–---–-

 

მოპასუხე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

წარმომადგენელი - ც-----------–---–-

 

მესამე პირი (16.2) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

წარმომადგენელი - ე---------–-–---–-

 

მესამე პირი (16.2) - თ------–----–-----

 

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ადმინისტრაციული ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და თ------–----–-----ს შორის 2009 წლის 21 ოქტომბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.2. და 2.4. პუნქტები.

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 02 თებერვლის №62 განკარგულების დანართის ის ნაწილი, სადაც უძრავი ქონების მესაკუთრეთა გრაფაში მითითებულნი არიან მოსარჩელეები - ლ-------------–--, პ-–-------–----–----ა და თ---------–----–-----.

 

(დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა, იხ. ს.ფ. 39-52, 2019 წლის 05 აპრილის სხდომის ოქმი .ს.ფ. 170-172).

 

მოსარჩელეთა განმარტებით, 1993 წელს აფხაზეთში განვითარებული საომარი მოქმედებების შედეგად ისინი გახდნენ დევნილები. 1993 წლიდან დღემდე ცხოვრობენ ქალაქ თბილისში. ფართის სიმცირის გამო, მოგვიანებით, მათ მიმართეს აწ უკვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მოთხოვნით. აღნიშნულ წერილზე პასუხად სამინისტრომ შეატყობინა, რომ ვერ გადაეცემოდათ ფართი საკუთრებაში, ვინაიდან მათი ოჯახი ერთხელ უკვე იყო სახელმწიფოსგან ფართით დაკმაყოფილებული და ხელმეორედ დაკმაყოფილება ეწინააღმდეგებოდა მოქმედ კანონდებლობას. ამ პასუხის მიღების შემდეგ, მოძიებული ინფორმაციის შედეგად აღმოჩნდა, რომ 2009 წლის 21 ოქტომბერს, მათი ოჯახის ერთ-ერთ წევრს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე სიმბოლურ ფასად გადაეცა ფართი მდებარე, თ---–-----–----------------–---–---------------------------–------------–-----------–---–-- აღნიშნული საცხოვრებელი ფართი გადაეცა თ------–----–-----ს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 02 თებერვლის №62 განკარგულების საფუძველზე. ამ ხელშეკრულების 2.2. მუხლის თანახმად, თ------–----–----- იღებდა ვალდებულებას, რომ მოსარჩელეებს უზრუნველყოფდა საცხოვრებელი ფართით მისთვის გადაცემულ „ქონებაში". ამავე ხელშეკრულების 2.4. მუხლის მიხედვით კი, ჩამოერთვათ უფლება მოეთხოვათ და მიეღოთ სახელწმიფოსგან რაიმე სახის კომპენსაცია, მათ შორის საცხოვრებელი ფართი. ყოველივე აღნიშნული განხორციელდა მათი თანხმობის გარეშე, რის გამოც შეეზღუდათ კანონიერი ინტერესები და უფლებები.

 

დღეის მდგომარეობით, მოსარჩელეები, მათი ნების საწინააღმდეგოდ, წარმოადგენენ საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებულ დევნილებს, რაც თავის მხრივ გამორიცხავს სხვა ფართით მათ დაკმაყოფილებას, რის გამოც დღეს სამინისტრო უარს ეუბნება მათ მიერვე გადაცემული ფართის დაკანონებაზე. მათ თავის დროზე არ განუცხადებით თანხმობა, რომ თ------–----–-----ს მოეხდინა მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფა და ვერც განაცხადებდნენ, ვინაიდან აღნიშნული ფართის მოცულობა იმდენად მცირეა, რომ შეუძლებელია იქ რამდენიმე ადამიანის ერთად ცხოვრება.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სახეზეა მათი უფლებების დარღვევა და ერთმევათ უფლება ისარგებლონ ,,დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში“პროგრამით. რის გამოც ითხოვენ, როგორც საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების, ისე ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობას.

 

2. მხარეთა პოზიციები

 

2.1. მოპასუხის პოზიცია

 

2.1.1. მოპასუხე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მოითხოვა უარი ეთქვას მხარეს მის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო. ამასთან, განმარტა, რომ გასულია გასაჩივრების 3 წლიანი ვადა და სარჩელი ხანდაზმულია.

 

2.1.2. მოპასუხე - საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ სადავო განკარგულების გამოცემის დროს დაცული იქნა კანონმდებლობის მოთხოვნები, რაც გამორიცხავს სადავო აქტის ბათილად ცნობას. ამასთან, განმარტა, რომ გასულია გასაჩივრების 3 წლიანი ვადა და სარჩელი ხანდაზმულია.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

3.1. მესამე პირმა - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მოითხოვა უარი ეთქვას მხარეს მის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო.

 

3.2. მესამე პირს - თ------–----–-----ს წერილობითი ფორმით შესაგებელი ლ-------------–--ს, პ-–-------–----–----ას და თ---------–----–-----ს სარჩელზე არ წარმოუდგენია. კანონით დადგენილი წესით გაფრთხილების მიუხედავად, მესამე პირი არ გამოცხადდა სასამართლოს მთავარ სხდომაზეც. შესაბამისად, მისი პოზიცია აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლოსთვის უცნობია.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. 2007 წლის 07 დეკემბერს (რეგ. თარიღი: 13.12.07წ. №15803) თ------–----–-----მ განცხადებით მიმართა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს და განმარტა, რომ იყო აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი, ცხოვრობდა წყნეთში ბანაკ ,,შევარდენში’’, საიდანაც გაასახლეს. ამის შემდგომ წ-----–--–---------–----------–---------------------–--------–-----–-, რის გამოც მოითხოვა გადამისამართება, ხოლო საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2007 წლის 14 დეკემბრის №15/1119 წერილით თანხმობა მიიღო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თ------–----–-----ს 2007 წლის 07 დეკემბრის (რეგ. თარიღი: 13.12.07წ. №15803) განცხადება (ს.ფ. 194);

- საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2007 წლის 14 დეკემბრის №15/1119 წერილი (ს.ფ. 195).

 

4.1.2. ლ-------------–--, პ-–-------–----–----ა და თ---------–----–----- არიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან - აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები და მინიჭებული აქვთ დევნილის სტატუსი. 2013 წლის 13 ნოემბრის იძულებით გადაადგილებული პირების - დევნილის ანკეტების მონაცემებით კი აღნიშნული პირების ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილად მითითებულია: თ---–---------------–--------------------–---–-------------------------------------------------–----------------------–-------------------------

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2013 წლის 13 ნოემბრის იძულებით გადაადგილებული პირების - დევნილის ანკეტები (ს.ფ. 119-124).

 

4.1.3. ,,სახელმწიფო ქონების და ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 02 თებერვლის №62 განკარგულებით დადგინდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად საკუთრებაში გადაცემა, ამავე განკარგულების დანართში მითითებული ფიზიკური პირებისათვის, რის საფუძველზეც, ქ.------–--–---–----------------–---–---------------------–- სართული, ოთახების რაოდენობა 4, ფართი: 50.18 კვ.მეტრი, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად 1 (ერთი) ლარად გადაეცა თ------–----–-----ს (ოჯახის უფროსი), თ-------–----–----ას, პ-–-------–----–----ას, თ---------–----–-----ს და ლ-------------–--ს.

 

ამავე განკარგულების მე-2 პუნქტით დადგენილი იქნა საპრივატიზებო პირობები:

 

ა) მყიდველი ვალდებული იყო საპრივატიზებო თანხა გადაეხადა შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) წლის ვადაში;

ბ) მყიდველი ვალდებული იყო ხელშეკრულებაში მითითებული პირები უზრუნველეყო საცხოვრებელი ფართობით;

გ) მყიდველი და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირები ხელშეკრულების დადების მომენტისათვის არ უნდა სარგებლობდნენ ან ფლობდნენ რაიმე საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ ფართობს, მოპოვებულს მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, გარდა აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქონებისა;

დ) მყიდველი და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირები არ მოითხოვენ სახელმწიფოსაგან ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისაგან, ან სხვა პირებისაგან რაიმე სახის კომპენსაციას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა, ან უძრავი ქონების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემას, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე.

 

განკარგულების მე-3 პუნქტის თანახმად, მყიდველის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქონების შემდგომ გასხვისებაზე თანხმობა გაცემულად ითვლებოდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ, ხოლო საქართველოს დედაქალაქის - თბილისის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისებაზე ქალაქ თბილისის მერიის მიერ. მყიდველის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქონების გასხვისებისას ახალ შემძენზე გადადიოდა ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობები. ხოლო განკარგულების მე-4 პუნქტით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალათ ამ განკარგულების შესრულების მიზნით კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 02 თებერვლის №62 განკარგულება ,,სახელმწიფო ქონების და ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ’’ და დანართი №1 (ს.ფ. 18-21).

 

4.1.4. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 02 თებერვლის №62 განკარგულების საფუძველზე, 2009 წლის 21 ოქტომბერს, ერთის მხრივ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა (შემდეგში ,,გამყიდველი’’) და მეორეს მხრივ თ------–----–-----ს (შემდგომში ,,მყიდველი’’) შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც თ------–----–-----ს გადაეცა პირობადადებული საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ-------–-----–------------------–-------------------–---–---------------------–-----------–--------------------

 

დასახელებული ხელშეკრულების 2.2. მუხლის თანახმად, თ------–----–-----მ აიღო ვალდებულება თ-------–----–----ა, პ-–-------–----–----ა, თ---------–----–----- და ლ-------------–-- უზრუნველეყო საცხოვრებელი ფართით მისთვის გადაცემულ ქონებაში.

 

აღნიშნული ხელშეკრულების 2.3. პუნქტის თანახმად, მყიდველმა დაადასტურა, რომ ამ ხელშეკრულების დადების მომენტისათვის მყიდველი და ხელშეკრულების 2.2. პუნქტში ჩამოთვლილი პირები მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე არ სარგებლობდნენ ან არ ფლობდნენ სხვა რაიმე საცხოვრებელ ან არასაცხოვრებელ ფართს, გარდა წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქონებისა.

 

ამავე ხელშეკრულების 2.4. პუნქტის თანახმად, მყიდველი და ხელშეკრულების 2.2 პუნქტში ჩამოთვლილი ოჯახის წევრები არ იქნებიან უფლებამოსილნი მოითხოვონ სახელმწიფოსაგან ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისაგან ან სხვა პირისაგან რაიმე სახის კომპენსაცია, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა, ან უძრავი ქონების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემას, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, გარდა ,,ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უძრავი ქონებისა.

 

4.1.5. 2009 წლის 21 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ქ-------–--–---------–----------------–---–-----------------–- მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: №-----------------------, 2009 წლის 21 ოქტომბრიდან, საკუთრების უფლებით აღირიცხა თ------–----–-----ს სახელზე, ნაკვეთის საკუთრების ტიპი - თანასაკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 1212.00კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: 1------------------------

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2009 წლის 21 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 22-24);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 10.05.2010 (ს.ფ. 25-26).

 

4.1.6. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, დევნილთა საკითხების დეპარტამენტის, სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს უფროსის 2015 წლის 16 დეკემბრის №89 მიღება-ჩაბარების აქტით ირკვევა, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა ოჯახს (ოჯახის წევრები: პ-–-------–----–----ა, თ---------–----–-----, ლ-------------–--) გადაეცა ორ ოთახიანი საცხოვრებელი ფართი, მდებარე: ქ-------–--–-------------–--------------------------------------- (30).

 

4.1.7. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 29 თებერვლის №1353 ბრძანებით, ქ. თბილისში, არსებული პროექტების ფარგლებში, გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილდა იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა ოჯახი შემდეგი შემადგენლობით: პ-–-------–----–----ა, თ---------–----–-----, ლ-------------–--. უძრავი ქონების მისამართი: ვ---------–---------------------------------------------------------------------------

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2015 წლის 16 დეკემბრის №89 მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 253);

- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 29 თებერვლის №1353 ბრძანება (ს.ფ. 254).

 

4.1.8. 2018 წლის 13 ნოემბერს მოსარჩელეთა წარმომადგენელმა ლ-----------------მ №122406 განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და მოითხოვა მათ მიერ 2015 წლის 16 დეკემბრის №89 მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, ჰუალინგის საცხოვრებელ კომპლექსში გადაცემული საცხოვრებელი ფართის დაკანონება (საკუთრებაში აღრიცხვა), რათა შეძლებოდათ მისი სრულყოფილად ფლობა და განკარგვა.

 

4.1.9. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 11 დეკემბრის №-------- წერილით, მოსარჩელეთა წარმომადგენელს ეცნობა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 02 თებერვლის №62 განკარგულების შესაბამისად, პ-–-------–----–----ას, თ---------–----–-----ს და ლ-------------–--ს საკუთრებაში გადაეცათ ქ-------–--–---–----------------–---–-----------------–-----------–-----------------------------. ფართის ოდენობით. ზემოაღნიშნული საფუძველზე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო მოკლებული იყო სამართლებრივ საფუძველსა და შესაძლებლობას გადაეწყვიტა განცხადებაში დასმული მოთხოვნა, მათი, როგორც იძულებით გადაადგილებული პირების, საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელეთა წარმომადგენლის ლ-----------------ს 2018 წლის 13 ნოემბრის №122406 განცხადება (ს.ფ. 227);

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 11 დეკემბრის №-------- წერილი (ს.ფ. 17).

 

4.1.10. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 11 ივნისის №---------- ბრძანებით, ბათილად იქნა ცნობილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2015 წლის 09 ნოემბრის №124 ოქმი პ-–-------–----–----ას ოჯახის ნაწილში. ასევე, ბათილად იქნა ცნობილი ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ’’ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 29 თებერვლის №1353 ბრძანება 2016 წლის 29 თებერვლიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 11 ივნისის №---------- ბრძანება (ს.ფ. 267).

 

4.2. სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები.

 

4.2.1. მოსარჩელეები - ლ-------------–--, პ-–-------–----–----ა და თ---------–----–----- საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 02 თებერვლის №62 განკარგულებისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და თ------–----–-----ს შორის 2009 წლის 21 ოქტომბერს ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების დროს არ წარმოადგენდნენ თ------–----–-----სთან ერთ ოჯახად მცხოვრებ პირებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურებულიყო გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ანალოგიური შინაარსის დებულებებს შეიცავს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლი, რომელიც ადგენს, რომ მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი და მტკიცებულებები, ამავე მუხლის მე-2 ნაწილი კი ადგენს, რომ თუ კანონით სხვა არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტისა და ხელშეკრულების საფუძვლად წარმოებული ადმინისტრაციული საქმის მასალები სასამართლომ სრულყოფილად გამოითხოვა მოპასუხეებისგან, თუმცა წარმოდგენილი მასალებით არ დადასტურდა, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას გამოკვლეული იქნა, თუ ფაქტობრივად სად ცხოვრობდნენ მოსარჩელეები და წარმოადგენდნენ თუ არა თ------–----–-----სთან ერთ ოჯახად მცხოვრებ პირებს და გამოთქვეს თუ არა ბინით დაკმაყოფილებაზე თანხმობა. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის წარმომადგენლის მტკიცებას მასზედ, რომ მოსარჩელეების ქ-------–--–---–----------------–---–---------------------------–------------–-----------–---–- რეგისტრაციის ფაქტი მეტყველებს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების დადების მომენტისთვის ისინი ცხოვრობდნენ თ------–----–-----სთან ერთად, მიუთითებს ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ’’ საქართველოს კანონზე და განმარტავს, რომ დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი ცხოვრობს, მიუხედავად რეგისტრაციისა (მე-4 მუხლის „ე“ პუნქტი), ხოლო დევნილის რეგისტრაციის ადგილად მიიჩნევა სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა (მე-4 მუხლის „დ“ პუნქტი). ამდენად, ცხადია, რომ დევნილის რეგისტრაციას კანონმდებლობა არ უკავშირებს დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის დადგენის მნიშვნელობას. მართალია, 2009 წელს მოქმედი კანონით არ იყო გამიჯნული დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი მისი რეგისტრაციის ადგილისაგან, თუმცა ნებისმიერ დროს საცხოვრებელი ადგილის არჩევის თავისუფლება სწორედ მათი გამიჯვნის საჭიროებას აყენებდა, რამაც ასახვა კანონმდებლობაშიც ჰპოვა.

 

მოპასუხეებისა და მესამე პირის (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს) წარმომადგენლების მტკიცების საწინააღმდეგოდ მეტყველებს ასევე მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი 2015 წლის 16 დეკემბრის №89 მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა ოჯახს (ოჯახის წევრები: პ-–-------–----–----ა, თ---------–----–-----, ლ-------------–--) გადაეცა ორ ოთახიანი საცხოვრებელი ფართი, მდებარე: ქ-------–--–-------------–--------------------------------------- (30) და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 29 თებერვლის №1353 ბრძანება, რომლითაც ქ. თბილისში, არსებული პროექტების ფარგლებში, გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილდა იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა ოჯახი შემდეგი შემადგენლობით: პ-–-------–----–----ა, თ---------–----–-----, ლ-------------–--. უძრავი ქონების მისამართი: ვ---------–---------------------------------------------------------------------------

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ლ-------------–--ს, პ-–-------–----–----ას და თ---------–----–-----ს მიერ აღძრული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

,,სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ’’ საქართველოს კანონი(სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია); ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ’’ საქართველოს კანონი; საქართველოს მთავრობის 2007 წლის 2 თებერვლის №47 განკარგულებით დამტკიცებული ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგია’’; საქართველოს მთავრობის 2009 წლის 28 მაისის №403 განკარგულებით დამტკიცებული ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა- დევნილთა მიმართ 2009-2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა’’; საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 იანვრის №4 განკარგულებით დამტკიცებული დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიიდან გამომდინარე განსახორციელებელ ღონისძიებათა პროგრამა’’; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საერთაშორისო სამართლის რიგი უმნიშვნელოვანესი წყაროები (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, ასევე რეგიონალური მნიშვნელობის - კერძოდ ევროპის საბჭოს ფარგლებში მოქმედი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი - ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია), განსაზღვრავენ რა ადამიანის იმ ძირითად უფლებებს, რომლებიც კაცობრიობის განვითარების დღევანდელ ეტაპზე განუსხვისებელია ყოველი გონიერი არსებისაგან, ადგენენ მათი დაცვის გარანტიებსა და ასეთი დაცვის განხორციელების საზედამხედველო მექანიზმებს, ერთ-ერთ უმთავრეს უფლებად, სწორედ სასამართლოსადმი მიმართვის, ასევე სამართლიანი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოთი პირის უზრუნველყოფის ვალდებულებას აწესებენ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. ამ კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მოთხოვნის, ანუ დავის საგნის განსაზღვრა წარმოადგენს უაღრესად მნიშვნელოვან და პრინციპული ხასიათის მოთხოვნას, გამომდინარე იქედანაც, რომ სასამართლო იხილავს სარჩელს და გამოაქვს გადაწყვეტილება სწორედ ამ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, მხოლოდ მოსარჩელეს აქვს უფლება განსაზღვროს სარჩელის საგანი, შეცვალოს, გაზარდოს, შეამციროს იგი და ა.შ.

 

საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით, ,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ’’ საქართველოს კანონისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში პირდაპირი მოქმედებს, ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ევროპული კონვენცია წარმოადგენს. კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს მისი სამოქალაქო უფლებების და მოვალეობების განსაზღვრისას საქმის სამართლიანი და საჯარო განხილვის უფლება აქვს გონივრულ ვადაში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ, რომელიც შექმნილია კანონის საფუძველზე. კონვენციის ეს ნორმა რეგლამენტირებულია ასევე საქართველოს კონსტიტუციაში, რომლის 42-ე მუხლი ადგენს, რომ ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. ყოველი პირის უნდა განსაჯოს იმ მხოლოდ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე.

 

7.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის თანახმად კი, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი. ხოლო ამავე მუხლის „ზ“ პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორცილების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულება.

 

სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ მოსარჩელეთა მიერ სადავოდ ქცეული - საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 02 თებერვლის №62 განკარგულება ,,სახელმწიფო ქონების და ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ’’ (გასაჩივრებულ ნაწილში) წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ხოლო საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და თ------–----–-----ს შორის 2009 წლის 21 ოქტომბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება (გასაჩივრებულ ნაწილში) წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას.

 

7.3. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ამდენად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება გულისხმობს, აქტის ფორმალურ და მატერიალურ კანონიერებას. აქტის ფორმალური კანონიერება დაკავშირებულია ადმინისტრაციული აქტის გამოცემის პროცესთან და მოითხოვს, რომ იგი უფლებამოსილი ორგანოს მიერ, მისი გამოცემისათვის კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დაცვით და შესაბამისი ფორმით იქნეს გამოცემული, მატერიალური კანონიერება კი დაკავშირებულია აქტის შინაარსთან და მოითხოვს, რომ ადმინისტრაციულ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამებოდეს მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და არ ეწინააღმდეგებოდეს ქვეყანაში მოქმედ საკანონმდებლო აქტებს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. კანონმდებელი იმდენად არსებით და აქტის კანონიერების განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას, რომ იმპერატიულად კრძალავს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაუდოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები).

 

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ხელშეკრულების ბათილად გამოცხადებას აწესრიგებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი. მე-2 ნაწილი კი ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ხელშეკრულება ასევე ბათილია იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების შემთხვევაში, რომლის საფუძველზედაც დაიდო ხელშეკრულება.

 

ამდენად, ზემოაღნიშნულიდან აღნიშნულიდან გამომდინარე, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, ასევე ადმინისტრაციული ხელშეკრულებების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემისა და ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

7.4. სასამართლო განმარტავს, რომ ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ’’ საქართველოს კანონი ემყარება საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს, განსაზღვრავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირის დევნილად ცნობის, მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. დასახელებული კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად − დევნილად (შემდგომ − დევნილი) ჩაითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ საფრთხე შეექმნა მის ან მასთან მცხოვრები ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიისა და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო, ან ამ კანონის მეორე მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ლ-------------–--, პ-–-------–----–----ა და თ---------–----–----- არიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან - აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები და მინიჭებული აქვთ დევნილის სტატუსი. შესაბამისად, მათზე ვრცელდება აღნიშნული კანონით და სხვა კანონქვემდებარე აქტებით გათვალისწინებული ნორმები, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან ამ კატეგორიის პირთა საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფას, აღნიშნული ქმედებისათვის აუცილებელ პროცედურებს და თვით ამ პირთა უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს.

 

7.5. ,,სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ’’ საქართველოს კანონი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო ქონებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის სამართლებრივ, ეკონომიკურ, ორგანიზაციულ საფუძვლებსა და ძირითად პირობებს. ამ კანონის მიზანია, უზრუნველყოს ისეთი ურთიერთობების ჩამოყალიბება, რომლებიც ხელს შეუწყობს ეფექტიანი საბაზრო ეკონომიკის განვითარებას. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, სახელმწიფო ქონების მართვას, განკარგვას, მათ შორის, პრივატიზებას (გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის მართვის უფლებით გადაცემული, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილისა), და სარგებლობის უფლებით გადაცემას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების მართვას, განკარგვას, მათ შორის, პრივატიზებას, და სარგებლობის უფლებით გადაცემას - შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო.

 

დასახელებული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზება ხორციელდება აუქციონის და პირდაპირი მიყიდვის ფორმებით. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების მიზანია, საკუთრების უფლება გადაეცეს იმ მყიდველს, რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისათვის დადგენილ პირობას (პირობებს), ხოლო თუ პირდაპირი მიყიდვა ხორციელდება კონკურენტული შერჩევის საფუძველზე – საკუთრების უფლება მიანიჭოს იმ დაინტერესებულ პირს (პოტენციურ ინვესტორს), რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს სახელმწიფო ქონების ან/და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას დადგენილ პირობას (პირობებს). სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილებებს იღებს და შესაბამის პირობებს ადგენს საქართველოს პრეზიდენტი.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ,,სახელმწიფო ქონების და ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 02 თებერვლის №62 განკარგულების თანახმად, ქ.------–--–---–----------------–---–---------------------–- სართული, ოთახების რაოდენობა 4, ფართი: 50.18 კვ.მეტრი, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად 1 (ერთი) ლარად გადაეცა თ------–----–-----ს, თ-------–----–----ას, პ-–-------–----–----ას, თ---------–----–-----ს და ლ-------------–--ს.

 

დადგენილია ასევე, რომ სწორედ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 02 თებერვლის №62 განკარგულების საფუძველზე, 2009 წლის 21 ოქტომბერს, ერთის მხრივ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა (შემდეგში ,,გამყიდველი’’) და მეორეს მხრივ თ------–----–-----ს (შემდგომში ,,მყიდველი’’) შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც თ------–----–-----ს გადაეცა პირობადადებული საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ-------–-----–------------------–-------------------–---–---------------------–-----------–--------------------

 

7.6. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 2 თებერვლის №47 განკარგულებით დამტკიცებული იქნა იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგია. აღნიშნული დოკუმენტი აყალიბებს საქართველოს მთავრობის მიდგომას იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ, აანალიზებს არსებულ პრობლემებს და სახავს სახელმწიფოს ორ უმთავრეს მიზანს: 1. პირობების შექმნა დევნილთა ღირსეულად და უსაფრთხოდ დაბრუნებისათვის; 2. დევნილი მოსახლეობისათვის ღირსეულად ცხოვრების პირობების მხარდაჭერა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი ჩაბმა. დასახელებული განკარგულების მე-V თავის თანახმად, დევნილი მოსახლეობის ინტეგრაციის ამოცანის გადასაჭრელად სახელმწიფო სტრატეგია მიზნად ისახავს დევნილთათვის საბინაო და სოციალური პირობების, მათი ჯანმრთელობისა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებების, აგრეთვე აუცილებელი საკანონმდებლო ინიციატივების განხორციელებას. აღნიშნული პროგრამები უნდა ეფუძნებოდეს დევნილთა კატეგორიების განსაზღვრას მათი სიღატაკის ხარისხის(თუ რა ტიპის ზრუნვას საჭიროებს) და უნარშესაძლებლობების(შეუძლია თუ არა თვითკმარობის მიღწევა) მიხედვით, რაც მოითხოვს შესაბამისი ინდიკატორების შემუშავებას. დასახული ამოცანების წარმატებით გადასაჭრელად მნიშვნელოვანია პროგრამების ისე დაგეგმვა, რომ მინიმალური ზიანი მიადგეს დევნილთა შორის ჩამოყალიბებულ სოციალურ და ეკონომიკურ კავშირებს. ამავე განკარგულებით საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დაევალა ამ განკარგულების პირველი და 11 პუნქტით განსაზღვრული პრიორიტეტების საფუძველზე ერთ თვეში შეიმუშაოს რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 28 მაისის №403 განკარგულებით დამტკიცებული იქნა ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა- დევნილთა მიმართ 2009-2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა’’, რომელიც მოქმედებდა სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების დადების მომენტისათვის. დასახელებული განკარგულებით განისაზღვრა, რომ სახელმწიფო დევნილთა საცხოვრებელი პირობების გრძელვადიან გადაწყვეტას ახორციელებს მათთვის საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის გზით დამტკიცებული ეტაპების მიხედვით; აღნიშნული განკარგულების 2.1.1. პუნქტის მიხედვით კოლექტიური ცენტრების რეაბილიტაცია და საკუთრებაში გადაცემა არის ერთიანი პროცესი, რომლის კოორდინირებას მოახდენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო; ამავე განკარგულების 2.1.5. პუნქტის მიხედვით ქონების საკუთრებაში გადაცემის პროცესი მოიცავს შემდეგ საფეხურებს: ა) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იმ კომპაქტური ჩასახლების ობიექტის შერჩევა, რომლებიც სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ საცხოვრებლად ვარგისი იქნება; ბ)შერჩეული კომპაქტური ჩასახლების ობიექტებში რეალურად მცხოვრები დევნილების დადგენა სსიპ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ დევნილთა ჩასახლებებში ჩატარებული რეგისტრაციის შედეგად(სსიპ სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ შესაბამისი დავალება მიიღო „იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიიდან გამომდინარე განსახორციელებელ ღონისძიებათა პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 იანვრის №4 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიიდან გამომდინარე განსახორციელებელ ღონისძიებათა პროგრამით“); გ)შიდა აზომვითი სამუშაოების წარმართვა; დ)დევნილთათვის კონკრეტული შეთავაზებების გაკეთება საცხოვრებელი ფართობებების საკუთრებაში გადასაცემად(შეძლებისდაგვარად ორივე მეუღლესთან); ე)დევნილის ოჯახის წარმომადგენლის „შესყიდვის ხელშეკრულებაზე ხელმოწერა უზრუნველყოფს პრივატიზაციის პროცესის იურიდიულ მხარეს; ვ)საბოლოო ეტაპზე ამ ხელშეკრულების საფუძველზე სსიპ საჯარო რეესტრის საააგენტო ქონებას დაარეგისტრირებს, როგორც დევნილის პირად საკუთრებას და გასცემს საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

 

თავის მხრივ, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 იანვრის №4 განკარგულებით დამტკიცებული დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიიდან გამომდინარე განსახორციელებელ ღონისძიებათა პროგრამაში დეტალურად იქნა მითითებული ის სახელმწიფო ორგანოები და უწყებები და ასევე მათი საქმიანობის სფერო, რომელთა მიერაც უნდა განხორციელდეს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ბინების დევნილთა საკუთრებაში გადაცემა; მითითებული განკარგულების მიხედვით, საპრივატიზებოდ შერჩეული კომპაქტური ჩასახლების ობიექტები მათი რეაბილიტაციის შემდგომ საკუთრებაში გადაეცემათ ამ ობიექტებში ფაქტობრივად მცხოვრებ დევნილებს, ხოლო მათში რეალურად მცხოვრები დევნილების დადგენას ახდენს სსიპ სამოქალაქო რეესტრის სააგენტო დევნილთა ჩასახლებებში ჩატარებული რეგისტრაციის შედეგად; შესაბამისად, სსიპ სამოქალაქო რეესტრის სააგენტო საპრივატიზებოდ შერჩეულ დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტში აღწერდა ამ ობიექტში რეალურად მცხოვრებ დევნილებს, ადგენდა მათი ოჯახების შემადგენლობას და აღნიშნულ ინფორმაციას აწვდიდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, რომელიც ,,სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე და ,,სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ’’ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007წლის 20 სექტემბრის №1–1/1415 ბრძანებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად ახდენდა დევნილის ოჯახის წარმომადგენელთან ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოებს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისა და ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას ხელთ უნდა ჰქონოდათ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოდან მიწოდებული ინფორმაცია საპრივატიზებო ობიექტში რეალურად მცხოვრები დევნილების და მათი ოჯახის შემადგენლობის შესახებ და დევნილის ოჯახის წარმომადგენელთან ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას უნდა ეხელმძღვანელათ ამ ინფორმაციით და დაყრდნობოდნენ მას. მოცემულ შემთხვევაში კი საქმის მასალებით დასტურდება, რომ ასეთი სახის ინფორმაცია არ არსებობდა.

 

შესაბამისად დაუდგენელია, რა დოკუმენტაციის საფუძველზე იქნენ მიჩნეული მოსარჩელეები პრივატიზებულ ფართში მცხოვრებ პირებად და თ------–----–-----ს ოჯახის წევრებად, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც დადგენილია, რომ 2007 წლის 07 დეკემბერს (რეგ. თარიღი: 13.12.07წ. №15803) თ------–----–-----მ განცხადებით მიმართა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს და განმარტა, რომ იყო აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი, ცხოვრობდა წყნეთში ბანაკ ,,შევარდენში’’, საიდანაც გაასახლეს. ამის შემდგომ წ-----–--–---------–----------–---------------------–--------–-----–-, რის გამოც მოითხოვა გადამისამართება. საქმეში წარმოდგენილი 2013 წლის 13 ნოემბრის მდგომარეობით არსებული იძულებით გადაადგილებული პირების - დევნილის ანკეტების მონაცემებით დგინდება, რომ აღნიშნული პირების ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენდა: თ---–---------------–--------------------–---–-------------------------------------------- რაც ადასტურებს ის ფაქტს, რომ თ------–----–----- და მოსარჩელეები, ერთ ოჯახს არ წარმოადგენდნენ, შესაბამისად, არ დასტურდება, რომ მათ იცოდნენ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 02 თებერვლის №62 განკარგულებისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და თ------–----–-----ს შორის 2009 წლის 21 ოქტომბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობის შესახებ. გარდა აღნიშნულისა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, დევნილთა საკითხების დეპარტამენტის, სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს უფროსის 2015 წლის 16 დეკემბრის №89 მიღება-ჩაბარების აქტზე, რომლითაც ირკვევა, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა ოჯახს (ოჯახის წევრები: პ-–-------–----–----ა, თ---------–----–-----, ლ-------------–--) გადაეცა ორ ოთახიანი საცხოვრებელი ფართი, მდებარე: ქ-------–--–-------------–--------------------------------------- (30), ხოლო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 29 თებერვლის №1353 ბრძანებით, ქ. თბილისში, არსებული პროექტების ფარგლებში, გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილდა იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა ოჯახი შემდეგი შემადგენლობით: პ-–-------–----–----ა, თ---------–----–-----, ლ-------------–--. უძრავი ქონების მისამართი: ვ---------–---------------------------------------------------------------------------

 

საგულისხმოა ასევე ის გარემოება, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 11 ივნისის №---------- ბრძანებით, ანუ მას შემდეგ, რაც სასამართლოს მიერ გამოთხოვილ იქნა სრული დოკუმენტაცია მოსარჩელეებთან მიმართებით, ბათილად იქნა ცნობილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2015 წლის 09 ნოემბრის №124 ოქმი პ-–-------–----–----ას ოჯახის ნაწილში. ასევე, ბათილად იქნა ცნობილი ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ’’ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 29 თებერვლის №1353 ბრძანება 2016 წლის 29 თებერვლიდან. მითითებული გარემოებები კი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ თავის დროზე, შესაბამისმა სამსახურმა გამოიკვლია და დაადგინა, რომ მოსარჩელეები არ იყვნენ უზრუნველყოფილი ფართებით, რომლის საწინააღმდეგო დასაბუთება არც 2019 წლის 11 ივნისის №---------- ბრძანებაშია მოცემული.

 

ყოველივე ზემოაღნიშნული ცალსახად ადასტურებს, რომ სადავო განკარგულების გამოსაცემად ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების დროს, სრულყოფილად არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ის აუცილებელი გარემოებები, რისი შესწავლაც და გათვალისწინებაც ევალებოდათ პროგრამის განხორციელებაში ჩართულ ადმინისტრაციულ ორგანოებს. ამასთან, საყურადღებოა, რომ მოპასუხე მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც სასამართლოს მისცემდა საწინააღმდეგო დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას.

 

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს, კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება, მათ შორის, გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი ისე, რომ არ შეაჯეროს და არ შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებანი, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,სახელმწიფო ქონების და ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 02 თებერვლის №62 განკარგულება ლ-------------–--ს, პ-–-------–----–----ას და თ---------–----–-----ს ნაწილში, გამოცემულია კანონის დარღვევით და უსაფუძვლოდ ადგენს მათი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების ფაქტს, რის გამოც იგი მითითებული სადავო განკარგულება ლ-------------–--ს, პ-–-------–----–----ას და თ---------–----–-----ს ნაწილში ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

 

7.7. მოსარჩელე მხარის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და თ------–----–-----ს შორის 2009 წლის 21 ოქტომბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ, თანახმად ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილისა.

 

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 70-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილად გამოცხადებას სამოქალაქო კოდექსის ნორმები აწესრიგებს, ამასთან, ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილობას იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა იწვევს, რომლის საფუძველზეც ხელშეკრულება დაიდო.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლომ ბათილ აქტად მიიჩნია სადავო ხელშეკრულების საფუძვლად მითითებული პრეზიდენტის განკარგულება, სახეზეა ბათილი აქტის შესაბამის ნაწილში ხელშეკრულების გაბათილების საფუძველიც.

 

გარდა ამისა, ხელშეკრულების სადავო ნაწილი ბათილია სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის მიხედვითაც. კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ლ-------------–--ს, პ-–-------–----–----ას და თ---------–----–-----ს ნაწილში, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და თ------–----–-----ს შორის დადებული 2009 წლის 21 ოქტომბრის ხელშეკრულება, მასთან დაკავშირებით მოსარჩელეთა ინფორმირებისა და მათი მხრიდან მოსაზრების მიღებისა და შეფასების გარეშე გაფორმდა, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 67-ე მუხლი კი ადმინისტრაციული ხელშეკრულების გაფორმებისას ადმინისტრაციული ორგანოს აკისრებს ვალდებულებას, დასადებ ხელშეკრულებაზე აცნობოს იმ პირის, რომლის ინტერესებსაც ხელშეკრულება შეიძლება შეეხოს და მიიღოს მისგან მოსაზრება. ამდენად, 2009 წლის 21 ოქტომბრის ხელშეკრულება დადებულია სამინისტროს მხრიდან მითითებული ვალდებულების დარღვევით, ხოლო აღნიშნული დარღვევის შედეგად მოსარჩელის უფლების უგულებელყოფამ განაპირობა მათი, როგორც დევნილის საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლების ჯეროვანი რეალიზების ინტერესის შელახვა (აღნიშნულ უფლებაზე ვრცლად მითითებულია 7.5 პუნქტით).

 

7.8. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარეს და მესამე პირის მითითებას სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პრივატიზებულ სახელმწიფო ქონებასთან და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონებასთან დაკავშირებით სადავო საკითხების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა შეადგენს 3 წელს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნების ექვს წელს, 128-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით კი, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებაც დარღვეულია, შეუძლია, მოითხოვოს თავისი უფლებების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობა არის დარღვეული უფლების იძულებით დაცვის ვადა და იგი უშუალოდ უკავშირდება სარჩელის უფლებას. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლა გავლენას ახდენს მატერიალური სარჩელის ანუ სარჩელის დაკმაყოფილების უფლებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე არსებითი მნიშვნელობის არის იმის გარკვევა თუ როდის დაიწყო სასარჩელო მოთხოვნის ვადის დენა, თავის მხრივ სამოქალაქო კოდექსის ნორმათა თანახმად, აღნიშნული დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან, ანუ იმ მომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში, გადაწყვეტილების 7.5 პუნქტში განვითარებული მსჯელობით დასტურდება, რომ მოსარჩელისთვის არ იყო ცნობილი გასაჩივრებული აქტების - საქართველოს პრეზდინეტის განკარგულებისა და მის საფუძველზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების შესახებ და აღნიშნულის თაობაზე მისთვის ცნობილი გახდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 11 დეკემბრის №-------- წერილით, რომლითაც მოსარჩელეთა წარმომადგენელს ეცნობა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 02 თებერვლის №62 განკარგულების შესაბამისად, პ-–-------–----–----ას, თ---------–----–-----ს და ლ-------------–--ს საკუთრებაში გადაეცათ ქ-------–--–---–----------------–---–-----------------–-----------–-----------------------------. ფართის ოდენობით. ზემოაღნიშნული საფუძველზე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო მოკლებული იყო სამართლებრივ საფუძველსა და შესაძლებლობას გადაეწყვიტა განცხადებაში დასმული მოთხოვნა, მათი, როგორც იძულებით გადაადგილებული პირების, საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით. ამდენად, სასამართლო იზიარებს მოსარჩელის პოზიციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ ხანდაზმულობის ვადა სწორედ 2018 წლის 11 დეკემბრის №-------- წერილიდან უნდა აითვალოს.

 

7.9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ-------------–--ს, პ-–-------–----–----ას და თ---------–----–-----ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ,,სახელმწიფო ქონების და ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 02 თებერვლის №62 განკარგულება ლ-------------–--ს, პ-–-------–----–----ას და თ---------–----–-----ს ნაწილში. ასევე, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და თ------–----–-----ს შორის 2009 წლის 21 ოქტომბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ-------–-----–----------------–---–---------------------–-----------–-----------------------------, ლ-------------–--ს, პ-–-------–----–----ას და თ---------–----–-----ს ნაწილში.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს _ სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.

 

შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების გამო, მოპასუხეებს - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტს, მოსარჩელეების - ლ-------------–--ს, პ-–-------–----–----ას და თ---------–----–-----ს სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 100 (ორასი) ლარის გადახდა მათ მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ. ამასთან, რადგან 2019 წლის 05 აპრილის საოქმო განჩინებით, სარჩელი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის მოსარჩელეების ლ-------------–--ს, პ-–-------–----–----ასა და თ---------–----–-----ს სახელმწიფოს მიერ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში, საცხოვრებლით დასაკმაყოფილებელ პირებად საკუთარ მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირების დავალების ნაწილში, დატოვებული იქნეს განუხილველად (ს.ფ. 194-200) და 2018 წლის 24 დეკემბრის განჩინებით (ხარვეზის დადგენის შესახებ ს.ფ. 31-36) სწორდ ამ მოთხოვნის გათვალისწინებით დაევალა მოსარჩელეებს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 200 ლარის ოდენობით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახელმწიფიო ბაჟის სახით გადახდილი 200 ლარიდან, მოსარჩელეებს უკან უნდა დაუბრუნდეთ 100 (ასი) ლარი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, 22-ე, 24-ე, 251, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ლ-------------–--ს, პ-–-------–----–----ას და თ---------–----–-----ს სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი ,,სახელმწიფო ქონების და ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 02 თებერვლის №62 განკარგულება ლ-------------–--ს, პ-–-------–----–----ას და თ---------–----–-----ს ნაწილში;

 

3. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და თ------–----–-----ს შორის 2009 წლის 21 ოქტომბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ-------–-----–----------------–---–---------------------–-----------–-----------------------------, ლ-------------–--ს, პ-–-------–----–----ას და თ---------–----–-----ს ნაწილში;

 

4. მოპასუხეებს - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტს, მოსარჩელეების - ლ-------------–--ს, პ-–-------–----–----ას და თ---------–----–-----ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 100 (ასი) ლარის გადახდა მათ მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;

 

5. ლ-------------–--ს, პ-–-------–----–----ას და თ---------–----–-----ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის N7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი N64) მეშვეობით.

 

მოსამართლე ლეილა გოგიშვილი