განაჩენი

სისხლის სამართლის 05.02.2020
საქმის ნომერი
330100120003407037
თარიღი
05.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/82-20

(#------------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

5 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე მაია კვირიკაშვილი

სხდომის მდივანი ნატო დანელია

 

ბრალდების მხარე:

 

სტაჟიორ-პროკურორი - შ--------------

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ლ-------------- - დაბადებული 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, უმღლესი განათლებით, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრაციის ადგილი: ქ. თბილისი, ა---–-------–-------------------------------------; ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი: ქ. თბილისი, გ-----–---------------–--–---------------------------------.

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი - ქურდობა ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ქურდობა ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის 25 ნოემბერს, საღამოს საათებში, ქ. თბილისში, ვ-–----–----–-----------------–- მდებარე სავაჭრო ცენტრ „სითი მოლში“ არსებული მაღაზია ,,Bene Shoes”-დან ლ-------------- ფარულად, მარლთსაწინააღმდეგო მისაკურთების მიზნით დაეუფლა ერთ წყვილ მამაკაცის ფეხსაცმელს. ლ---------------- ქმედების შედეგად, დაზარალებულს მიადგა 580 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

2017 წლის 25 სექტემბერს, საღამოს საათებში, ქ.თბილისში, დ-----------–-----–--------------------–----------- მდებარე სავაჭრო ცენტს „თბილისი მოლში“ არსებულ შპს „ლ.თ. გალერეას“ სტენდიდან ლ-------------- ფარულად, მარლთსაწინააღმდეგო მისაკურთების მიზნით დაეუფლა ერთ ცალ ზურგჩანთას. ლ--------------- ქმედების შედეგად, დაზარალებულს მიადგა 150 ლარის ოდენობის ქონებრივი ზიანი.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

ლ--------------- მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების მ-------–-------, დ-----------------, მ------–----–---–--, ლ--–-----------, ა------------------ და თ------------- გამოკითხვის ოქმებს, ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმებს, ამოღების ოქმებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, ნივთის ამოცნობის ოქმს და თავად ლ--------------- გამოკითხვის ოქმებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ ლ--------------- სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის პირველ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური სტანდარტი a priori ავალდებულებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობები, სათანადოდ აწონოს ისინი და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობისა და მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, №1/1/548, 22/01/2015, §41).

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით კრიმინალიზებულია ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. საკუთრების წინააღმდეგ მიმართული ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დანაშაულის - ქურდობის შემადგენლობის დროს, აუცილებელია, რომ მოძრავი ნივთის დაუფლება განხორციელდეს ფარულად და ქმედების ჩამდენს ამოძრავებდეს ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანი. ამასთან, ფარულობა გულისხმობს დამნაშავის სურვილს, დანაშაულის ჩადენის დროს თავი აარიდოს როგორც ქონების მესაკუთრესთან, ასევე ნებისმიერ სხვა პირთან უშუალო შეხებას, რათა მისი ქმედება გარკვეულ დრომდე შეუმჩნეველი დარჩეს. ყველაზე ხშირად ქურდობა ხორციელდება მესაკუთრისა და სხვა ადამიანთა დაუსწრებლად. ქურდობა თავისი საკანონმდებლო კონსტრუქციით მატერიალურ შემადგენლობათა რიცხვს მიეკუთვნება. მისი სავალდებულო ნიშნად მიიჩნევს მავნე შედეგის დადგომას ქონებრივი ზიანის სახით.

 

მოცემულ შემთხვევაში განაჩენში მითითებული მტკიცებულებებით უტყუარად არის დადასტურებული ის გარემოება, რომ ლ-------------- 2019 წლის 25 ნოემბერს ქ. თბილისი, ვ-–----–----–-------------–- მდებარე სავაჭრო ცენტრ „სითი მოლში“ არსებული მაღაზია ,,Bene Shoes”-დან ფარულად, დაეუფლა ერთ წყვილ მამაკაცის ფეხსაცმელს, რის შედეგადაც, დაზარალებულს მიადგა 580 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი. ასევე უტყუარადაა დადგენილი, რომ ლ-------------- 2017 წლის 25 სექტემბერს, საღამოს საათებში, ქ.თბილისი დ-----------–----–--------------------–----------- მდებარე სავაჭრო ცენტს „თბილისი მოლში“ არსებულ შპს „ლ.თ. გალერეას“ სტენდოდან ლ-------------- ფარულად დაეუფლა ერთ ცალ ზურგჩანთას, რის შედეგადაც, დაზარალებულს მიადგა 150 ლარის ოდენობის ქონებრივი ზიანი.

 

მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ ბრალდებულს არავითარი სამართლებრივი უფლება არ გააჩნდა დაუფლებული ნივთების მიმართ. ქმედების ფარულად განხორციელება დადასტურდა საქმეზე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით. ამასთან, ლ-------------- სუბიექტური შეგნებით დარწმუნებული იყო, რომ მისი ქმედება არავისთვის იყო ხილვადი, არ ატარებდა აშკარა ხასიათს და სხვა პირებისთვის შეუმჩნეველი იყო. მართლსაწინააღმდეგო მიზნის არსებობა სამართლებრივად გულისხმობს მომენტს, როდესაც პირი არ არის კონკრეტული ნივთის მესაკუთრე, კანონიერი მფლობელი და მის მიერ ხდება სხვისი ქონების უკანონო დაუფლება. ამ შემთხვევაში ლ--------------- მიერ სხვისი მოძრავი ნივთების დაუფლება არამართლზომიერი და მართლსაწინააღმდეგო ხასიათისაა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულებრივ ქმედებაში, ქურდობის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა წარმოადგენს იმ თანხას, რისი ფარულად დაუფლებაც მოახერხა დამნაშავემ დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებისას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის შესაბამისად, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით. განსახილველ შემთხვევაში მაღაზია ,,Bene Shoes’’-სთვის მიყენებული ზიანის ოდენობა აღემატება 150 ლარს. აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას იძლევა. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ლ--------------მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - ქურდობა ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ქურდობა ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, გათვალისწინებული დანაშაულები, რომლისთვისაც ლ-------------- ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

4 პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ლ--------------მ ითანამშრომლა გამოძიებასთან, აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. დამამძიმებელი გარემოებები საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ გამოვლენილა.

 

5. სასჯელის დასაბუთება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი, რომლითაც ლ--------------ს მსჯავრი უნდა დაედოს სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - შინაპატიმრობას ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას სამიდან ხუთ წლამდე ვადით, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ითვალისწინებს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე ვადით.

 

ამდენად, სასამართლო იმსჯელებს და შეაფასებს ლ--------------- პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით, სასჯელის რა ზომა იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, რომლის გაუთვალისწინებლადაც შეუძლებელია საუბარი სასჯელის სამართლიანობაზე, ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს მოცემული საქმის გარემოებები და მსჯავრდებულის პიროვნება; ასევე, ის გარემოება, კონკრეტულად რა ზომის სასჯელის შერჩევა უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ლ--------------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებული აღიარებს და იგი გულწრფელად ინანიებს ჩადენილ ქმედებას, ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებას (მტკიცებულებები გახადა უდავოდ). სასამართლო ასევე ითვალისწინებს ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას, ხასიათს, მოტივს/მიზანს, ქმედების განხორციელების სახეს და ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პირად და ოჯახურ მდგომარეობას (მისი განცხადებით ჰყავს ორსული მეუღლე, 4 და 14 წლის შვილები, ასევე აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები), დანაშაულის ჩადენის მოტივს/მიზანს; ასევე იმ გარემოებას, რომ ბრალდების მხარის განმარტებით დაზარალებულებს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ. მნიშვნელოვნია ის, რომ არ არსებობს ლ--------------- პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ჯარიმის ოდენობას სასამართლო ადგენს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც განისაზღვრება მისი შემოსავლით და სხვა გარემოებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით, ჯარიმის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები.

 

ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

 

შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ლ--------------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი 63-ე მუხლის შესაბამისად უნდა ჩაეთვალოს პირობითად, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს. შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ლ--------------ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელი უნდა განესაზღვროს შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.

 

6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერ მტკიცებულებები:

 

· ჩანთა - დაუბრუნდეს მის კანონიერ მესაკუთრეს;

 

· ერთი წყვილი ბოტასი - დაუბრუნდეს მის კანონიერ მესაკუთრეს;

 

· ხელის კვლები მოთავსებული ორ ცალ დაქტილოფირზე - განადგურდეს;

 

· კომპიუტერული დისკი - შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ლ-------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, ლ--------------ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ლ--------------- მიმართ დანიშნული სასჯელი - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაითვალოს პირობით, ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 3 (სამი) წელი.

 

ლ--------------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

ლ--------------- ყოფა-ქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულება:

 

· ჩანთა - დაუბრუნდეს მის კანონიერ მესაკუთრეს;

 

· ერთი წყვილი ბოტასი - დაუბრუნდეს მის კანონიერ მესაკუთრეს;

 

· ხელის კვლები მოთავსებული ორ ცალ დაქტილოფირზე - განადგურდეს;

 

· კომპიუტერული დისკი - შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაია კვირიკაშვილი