განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
# 200100119003102448
საქმე N1/192-19 (004090619006)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
27 იანვარი, 2020 წელი თელავი
თელავის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - თამარ კაპანაძე
სხდომის მდივანი - ფიქრია სვანიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნატო ბურთიკაშვილი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გურამ ნიკოლოზის ძე ომანაშვილი (დაბადების თარიღი - 1984 წლის 19 ნოემბერი, პირადი #20001024262, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრაციის და ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი- თელავის რაიონი, სოფელი ბუშეტი), აღკვეთის ღონისძიების სახით - პატიმრობა შეფარდებული
ადვოკატები: - მინარი მურღვაშვილი, მურად პოპიაშვილი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი.
დისპოზიცია:
სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ.
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. გურამ ომანაშვილი 2019 წლის იანვრის თვიდან 2019 წლის 09 ივნისის ჩათვლით პერიოდში, თელავის რაიონის სოფელ ბუშეტში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში სისტემატურად ძალადობდა ფიზიკურად თავის მეუღლის მარიამ კუმელაშვილის მიმართ, რის შედეგადაც მარიამმა განიცადა ფიზიკური ტანჯვა. კერძოდ, 2019 წლის იანვრის თვეში, საღამოს საათებში, თელავის რაიონის სოფელ ბუშეტში მდებარე საკუთარი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე მდებარე მისაღებ ოთახში გურამმა მეუღლეს მარიამ კუმელაშვილს ერთხელ დაარტყა გაშლილი ხელი მარცხენა ლოყის არეში, ასევე, 2019 წლის თებერვლის თვის შუა რიცხვებში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში, ე.წ. ,,სათონესთან" გურამ ომანაშვილმა მარიამ კუმელაშვილს შავი ფერის დანა ერთხელ დაარტყა ზურგში, წელის მიდამოში, მარჯვენა მხარეს და მიაყენა დაზიანება. 2019 წლის მაისის თვის ბოლოს, დღის საათებში, საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე მარიამ კუმელაშვილს, მეუღლე გურამ ომანაშვილმა ერთხელ დაარტყა დიდი ჩაქუჩი, ე.წ. ,,ურო" წელის მიდამოში. ასევე, 2019 წლის 05 ივნისს, ღამით, დაახლოებით 01:00 საათზე, საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე მდებარე საძინებელ ოთახში, მარიამ კუმელაშვილს მეუღლემ გურამ ომანაშვილმა სამჯერ დაარტყა ქამარი ზურგზე, წელის მიდამოში. 2019 წლის 07 ივნისს, 04:00 საათზე, საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე მდებარე საძინებელ ოთახში, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფმა გურამ ომანაშვილმა ხელი ჰკრა მარიამს, რომელიც იწვა და გადმოაგდო საწოლიდან, შემდეგ შარვლიდან მოიხსნა ყავისფერი ტყავის ქამარი და სამჯერ დაარტყა ზურგზე. იმავე დღეს, დაახლოებით 10:00 საათზე, საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე მდებარე ოთახში, მარიამ კუმელაშვილს მეუღლემ გურამ ომანაშვილმა ორჯერ დაარტყა გაშლილი ხელი მარცხენა ლოყაში, 2019 წლის 09 ივნისს, დაახლოებით დილის 09:00 საათზე, საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე მდებარე საძინებელ ოთახში, გურამმა ერთხელ დაარტყა გაშლილი ხელი სახის მიდამოში, კერძოდ, მარცხენა ლოყაში მარიამს. აღნიშნული თითოეული ძალადობრივი ქმედების შედეგად მარიამ კუმელაშვილი განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს.
1.2. გურამ ომანაშვილი 2019 წლის იანვრის თვიდან 2019 წლის 09 ივნისის ჩათვლით, თელავის რაიონის სოფელ ბუშეტში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, თავის მეუღლეს- მარიამ კუმელაშვილს, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც მარიამ კუმელაშვილი, მის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის შედეგად განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას.
2. სასამართლომ დაადგინა:
სასამართლომ განიხილა რა წარდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებები, გაანალიზა ისინი საქმეზე შეკრებილ - სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ, ასევე, უდავოდ ცნობილ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - გურამ ოამანშვილის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ გურამ ომანაშვილის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდება უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე (სამ დამოუკიდებელ ეპიზოდად - 2019 წლის იანვრის თვის, 2019 წლის თებერვლის თვის და 2019 წლის 05 ივნისის ეპიზოდები) და გურამ ომანაშვილი ცნობილი უნდა იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებებისათვის - 2019 წლის იანვრის, 2019 წლის თებერვლის და 2019 წლის 05 ივნისის ეპიზოდები, სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი).
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაზარალებულმა მარიამ კუმელაშვილმა განმარტა, რომ 2014-2019 წლებში ის და მისი მეუღლე – გურამ ომანაშვილი ცხოვრობდნენ ერთად თელავის რაიონის სოფელ ბუშეტში მისი მეუღლის მშობლებთან ერთად. თანაცხოვრების პერიოდში, გურამ ომანაშვილი სისტემატურად აყენებდა მას სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. დაზარალებულმა დაადასტურა გურამ ომანაშვილის მიერ მისთვის მიყენებული ფიზიკური ძალადობის ფაქტები, კერძოდ: 2019 წლის იანვრის თვეში, გურამ ომანაშვილმა მას ერთხელ დაარტყა გაშლილი ხელი მარცხენა ლოყის არეში, ასევე, 2019 წლის თებერვლის თვის შუა რიცხვებში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში, ე.წ. ,,სათონესთან" გურამ ომანაშვილმა მას შავი ფერის დანა ერთხელ დაარტყა ზურგში, წელის მიდამოში, თეძოსთან მარჯვენა მხარეს და მიაყენა დაზიანება. ასევე, 2019 წლის მაისის თვის ბოლოს, დღის საათებში, საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე გურამ ომანაშვილმა მას ერთხელ დაარტყა დიდი ჩაქუჩი, ე.წ. ,,ურო" წელის მიდამოში. ასევე, 2019 წლის 05 ივნისს, ღამით, დაახლოებით 01:00 საათზე, მას გურამ ომანაშვილმა სამჯერ დაარტყა ქამარი ზურგზე, წელის მიდამოში. ასევე, 2019 წლის 07 ივნისს, 04:00 საათზე, ყავისფერი ტყავის ქამარი სამჯერ დაარტყა ზურგზე. იმავე დღეს, დაახლოებით 10:00 საათზე, მეუღლემ გურამ ომანაშვილმა ორჯერ დაარტყა გაშლილი ხელი მარცხენა ლოყაში, 2019 წლის 09 ივნისს, დაახლოებით დილის 09:00 საათზე, საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე მდებარე საძინებელ ოთახში, გურამმა ერთხელ დაარტყა გაშლილი ხელი სახის მიდამოში, კერძოდ, მარცხენა ლოყაში მარიამს. ასევე, დაადასტურა გურამ ომანაშვილის მიერ მის მიმართ სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი და აღნიშნა, რომ მუდმივად შიშის ქვეშ იყო, რომ მეუღლე ან ეჩხუბებოდა, ან სცემდა. დაზარალებულმა ასევე განმარტა, რომ გურამ ომანაშვილს სხვა პირების თანდასწრებით მის მიმართ არ უძალადია, გარდა 2019 წლის იანვრის თვეში განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა, რასაც შეესწრო მისი დედამთილი ლარისა ომანაშვილი. დაზარალებულის განმარტებით, აღნიშნული თითოეული ძალადობრივი ქმედების შედეგად მარიამ კუმელაშვილი განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს და ტანჯვას. დაზარალებულის განმარტებით, 2019 წლის 09 ივნისს, როდესაც, გურამ ომანაშვილმა ხელი დაარტყა სახის არეში და დაემუქრა, რომ კიდევ სცემდა, რის გამოც იგი წავიდა სახლიდან და მიმართა პოლიციას. დაზარალებულმა ასევე დაადასტურა, რომ გამომძიებელთან და ექსპერტებთან ერთად გურამ ომანაშვილის საცხოვრებელ სახლში მიიღო მონაწილეობა საგამოძიებო ექსპერიმენტში და გამომძიებელს მიუთითა ყველა ის ადგილი, სადაც გურამ ომანაშვილმა მასზე მოახდინა ფიზიკური ძალადობა. დაზარალებულმა ასევე დაადასტურა ამოცნობის ოქმების სისწორე და განმარტა, რომ ამოიცნო ის საგნები, რითაც გურამ ომანაშვილი ფიზიკურად ძალადობდა მასზე. დაზარალებულმა ასევე, განაცხადა, რომ არ სურს, გურამ ომანაშვილი მკაცრად დაისაჯოს.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა თეა კუმელაშვილმა განმარტა, რომ არის დაზარალებულ მარიამ კუმელაშვილის დედა. მარიამ კუმელაშვილი და გურამ ომანაშვილი თანაცხოვრობენ ხუთი წელია და ჰყავთ სამი შვილი. მოწმის განმარტებით, მან მარიამ კუმელაშვილის მიმართ გურამ ომანაშვილის მხრიდან განხორციელებული ძალადობის ფაქტების შესახებ შეიტყო 2019 წლის 09 ივნისს, ქ. თბილისში, პოლიციის განყოფილებაში. მანამდე, კი მარიამ კუმელაშვილს მისთვის არასდროს უთქვამს მეუღლის მხრიდან ძალადობის შესახებ. მოწმის განმარტებით, მარიამ კუმელაშვილმა მხოლოდ 2019 წლის 09 ივნისს მოუყვა მეუღლის მხრიდან განხორციელებული ძალადობის ფაქტების შესახებ და აჩვენა კიდეც სხეულზე დაზიანებები - მარიამს ჰქონდა მენჯზე და ბეჭის არეში დაზიანებები, რაზეც მარიამმა უთხრა, გურამ ომანაშვილმა მენჯის არეში დაზიანება მიაყენა დანით, ხოლო ბეჭებზე ქამრის გამოყენებით.მოწმემ განმარტა, რომ მისი თანდასწრებით გურამ ომანაშვილს მარიამისთვის არასოდეს არც უცემია და არც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიუყენებია.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ლარისა ომანაშვილმა გამოიყენა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლება და უარი განაცხადა ახლო ნათესავის- ბრალდებულის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 13 ივნისის სამედიცინო ექსპერტიზის #004084819 დასკვნის თანახმად, დადგენილია, რომ 1. მარიამ კუმელაშვილს 13.06.2019 წ. პირადი შემოწმების დროს ბეჭის არეში მარცხნივ აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი, რაც მიყენებულია მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმეში მითითებულ თარიღს- 05 ივნისს. 2. გულმკერდის უკანა ზედაპირზე მარცხნივ, ხერხემლის გვერდით ხაზზე, მეექვსე ნეკნის დონეზე აღენიშნებოდა ნაჭდევი, რაც მიყენებულია მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს - 05 ივნისს. 3. მარჯვენა თეძოს არეში აღენიშნებოდა ნაწიბური, რაც განვითარებულია ნაკვეთი ჭრილობის შემდგომ და იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით დაახლოებით 3-4- თვისაა და არ ეწინააღმდეგება შესამოწმებლის მიერ აღნიშნულ თებერვლის თვეს.
სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ექსპერტმა გურამ კანტროშვილმა დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე. ექსპერტმა ასევე, განმარტა, რომ ბეჭის არეში არსებული სისხლნაჟღენთი და ზურგზე (გულმკერდის უკანა ზედაპირზე) არსებული ნაჭდევი მიყენებულია მკვრივი ბლაგვის საგნით და ეს დაზიანებების შესაძლებელია იყოს მიყენებული ყოფილიყო ქამრით. ექსპერტმა ასევე, განმარტა, რომ მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედება სხეულზე იწვევს სხვადასხვა დაზიანებებს - ეს შეიძლება იყოს ნაჭდევი, დაჟეჟილობა და ასევე შეიძლება იყოს დაჟეჟილი ხასიათის ჭრილობა. როდესაც სხეულზე პერპენდიკულად მოქმედებს ბლაგვი საგანი, მაშინ ვითარდება სისხლნაჟღენთი, როდესაც უკვე კუთხეა ანუ კანის აქერცვლა ხდება საგნის მოქმედებით, ასეთ ვითარებაში ვითარდება ნაჭდევი. მისივე განმარტებით, მარჯვენა თეძოს არეში დაზარალებულს ასევე აღენიშნებოდა ნაწიბური, რაც განვითარდა ნაკვეთი ჭრილობის შემდგომ და ეს ჭრილობა შესაძლებელია დანით ყოფილიყო მიყენებული
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 04 ოქტომბრის სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის #006985319 დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით და მარიამ კუმელაშვილის ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით დგინდება, რომ მარიამ კუმელაშვილმა გურამ ომანაშვილის მიერ მის მიმართ განხორციელებული ქმედების შედეგად განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.
სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ექსპერტმა მარინა მათიაშვილმა დაადასტურა მის მიერ გაცემული სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
2019 წლის 13 ივნისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, შსს თელავის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებლის დავით გაგანაშვილის მიერ, მარიამ კუმელაშვილის, საცხოვრებელი სახლის მესაკუთრის - ლარისა ომანაშვილის, ექსპერტების - ზაქარია ლაზარიაშვილის და ნიკოლოზ ტურაშვილის მონაწილეობით, თელავის რაიონის სოფელ ბუშეტში მდებარე გურამ ომანაშვილის საცხოვრებელ სახლში ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩვენების შემოწმების მიზნით, რა დროსაც, მარიამ კუმელაშვილმა მიუთითა ის ადგილები, სადაც გურამ ომანაშვილი მის მიმართ ახორციელებდა სიტყვიერ და ფიზიკურ ძალადობებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტებმა - ზაქარია ლაზარიაშვილმა და ნიკოლოზ ტურაშვილმა დაადასტურეს მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის სისწორე და განმარტეს, რომ მარიამ კუმელაშვილმა მიუთითა ის ადგილები, სადაც მისი მეუღლე მასზე ახორციელებდა ძალადობას. ასევე, განმარტეს, რომ საგამოძიებო მოქმედებისას მოხდა ფოტოგადაღება.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა შსს თელავის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელი დავით გაგანაშვილი, რომელმაც დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე. მოწმემ დაადასტურა, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს შემოწმებული იქნა მარიამ კუმელაშვილის მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაცია. მოწმემ ასევე დაადასტურა მის მიერ 2019 წლის 13 ივნისს ლარისა ომანაშვილის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის სისწორე. ასევე, დაადასტურა მის მიერ 2019 წლის 25 ივნისს გურამ ომანაშვილის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის სისწორე და განმარტა, რომ აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების საფუძველი გახდა მარიამ კუმელაშვილის მიერ დამატებით მიწოდებული ინფორმაცია იმ დანის ადგილსამყოფელის შესახებ, რითაც გურამ ომანაშვილმა მას თებერვლის თვეში მიაყენა დაზიანება.
2019 წლის 26 ივნისის ნივთის ამოცნობის ოქმის თანახმად, მარიამ კუმელაშვილმა ამოიცნო დანა, რომლითაც 2019 წლის თებერვლის თვეში გურამ ომანაშვილმა წელის არეში მიაყენა ფიზიკური დაზიანება.
2019 წლის 24 ივნისის ნივთის ამოცნობის ოქმის თანახმად, მარიამ კუმელაშვილმა ამოიცნო ურო, რომლითაც, გურამ ომანაშვილმა მას 2019 წლის მაისის თვეში მიაყენა ფიზიკური დაზიანება.
2019 წლის 13 ივნისის ამოღების ოქმის თანახმად, გურამ ოამანაშვილისაგან ამოღებული იქნა მოყავისფრო ფერის ტყავის ქამარი ოთხკუთხა ფორმის მოვერცხლისფრო ფერის მეტალის ბალთით.
2019 წლის 24 ივნისის ნივთის ამოცნობის ოქმის თანახმად, მარიამ კუმელაშვილმა ამოიცნო ქამარი, რომლითაც გურამ ომანაშვილმა 2019 წლის 05 და 07 ივნისს მას წელის არეში მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა შსს თელავის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ- გამომძიებელმა იმედა საგინაშვილმა დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების - შემთხვევის ადგილის დათვალიერების, ამოცნობის ოქმების, ბრალდებულის დაკავების და სხვა საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა შსს თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა - კონსტანტინე ზეინაბიშვილმა, შალვა დოლმაზაშვილმა, გიორგი ჭიბალაშვილმა, გიორგი ბეჟაშვილმა, ნიკა ამისულაშვილმა დაადასტურეს მათი მონაწილებით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე.
სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული იქნა ნივთიერი მტკიცებულებები - გურამ ომანაშვილისაგან ამოღებული ტყავის ქამარი, 2019 წლის 25 ივნისს გურამ ომანაშვილის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული დანა და 2019 წლის 13 ივნისს ლარისა ომანაშვილის საცხოვრებელი სახლისა და ეზოს ჩხრეკის შედეგად ამოღებული ხისტარიანი ურო.
საქმის განხილვის არსებით სხდომაზე ბრალდებულმა გურამ ომანაშვილმა წარდგენილ ბრალდებაში თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ მან მხოლოდ ერთხელ - 2019 წლის იანვრის თვეში დაარტყა ხელი სახის არეში მის მეუღლეს მარიამ კუმელაშვილს და ამ დროსვე მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ბრალდებულის განმარტებით, სხვა დროს მარიამ კუმელაშვილის მიმართ მისი მხრიდან არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, საქმის არსებით სხდომაზე, ბრალდებულ გურამ ომანაშვილის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც, ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).
აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო, იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმის არსებითი განხილვისას, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით გამოკვლეულ და უდაოდ გამხდარ მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია, რომ გურამ ომანაშვილის მიერ მარიამ კუმელაშვილის მიმართ 2019 წლის იანვრის თვეში, 2019 წლის თებერვლის თვეში და 2019 წლის 05 ივნისს განხორციელდა ფიზიკური ძალადობა, ასევე, გურამ ომანაშვილის მხრიდან მარიამ კუმელაშვილის მიმართ განხორციელდა სისტემატური შეურაცხყოფა, ხოლო რაც შეეხება გურამ ომანაშვილის მიმართ წარდგენილ ბრალდებას სისტემატური ცემისა და სხვაგვარი ძალადობის ნაწილში, ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მტკიცებულებათა ერთობლიობა აღნიშნული ბრალდების დასადასტურებლად. წარმოდგენილი და გამოკვლეული მასალებით, არსებობს ეჭვი, რომ გურამ ომანაშვილმა 2019 წლის მაისის თვეში, 2019 წლის 07 ივნისს და 2019 წლის 09 ივნისს მარიამ კუმელაშვილის მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა, რაც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლით დაწესებულია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის, რაც განმარტებულია, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე−2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრი ასევე არის მეუღლე.
4.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით დასჯადია სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ.
აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება სისტემატურ ცემას ან სისტემატურ სხვაგვარ ფიზიკურ ძალადობაში. ეს დანაშაული შედეგიან დელიქტს წარმოადგენს მისი შემადგენლობისათვის აუცილებელია, დაზარალებულმა სისტემატური ქმედებით განიცადოს ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა.
4.3. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებული და დასჯადია ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261-ე მუხლი) შედეგიანი დელიქტს წარმოადგენს და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.
ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია ის აუცილებელი პირობები, რომელთა უტყუარად დადგენის შემდეგ არის მხოლოდ შესაძლებელი პირის მიერ ჩადენილი ქმედების მოცემული მუხლით დანაშაულად კვალიფიკაცია, კერძოდ, აუცილებელია დადგენილი იქნეს: 1) სუბიექტთა წრე (დამნაშავე უნდა იყოს დაზარალებულის ოჯახის წევრი), 2) დამნაშავის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორცილებული უნდა იქნეს აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ქმედება (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება) და 3) აღნიშნულ ქმედებას უნდა მოჰყვეს კონკრეტული შედეგი (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა). ზემოაღნიშნული გარემოებები ასევე ცხადყოფს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ქმედების კვალიფიკაციისათვის მიყენებული დაზიანებების ხარისხთან ერთად, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პირის მიერ გახორციელებული ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა.
4.4. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს, არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებს.
ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების, მათ შორის მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს ის, რომ კონკრეტული მხარის (ბრალდების იქნება ეს, თუ დაცვის) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით) საკმარისია რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
მტკიცებულებათა შეფასების გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განმარტებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სადაც სასამართლო აღნიშნავს: ა) „გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ბ) ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაც და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში. გ) გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
სასამართლო აღნიშნავს: საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობის დროს დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე, პირის მსჯავრდებისათვის მინიმუმ ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება უნდა არსებობდეს. მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 26 ივლისის №251აპ-16 განაჩენი, პუნქტი 29 და 2016 წლის 9 თებერვლის N453აპ-15 განაჩენი, პუნქტი 8). ერთ პირდაპირ მტკიცებულებასთან ერთად საქმეში არსებული სხვა მოწმეთა ჩვენებები (ირიბი ჩვენებების სახით) არ ქმნის მტკიცებულებათა იმგვარ ერთობლიობას, რომელიც საკმარისი იქნებოდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. აღნიშნული სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა ორი პირდაპირი, ამასთან, კანონიერი გზით მოპოვებული და უტყუარი მტკიცებულების არსებობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს შეუქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის თაობაზე და, აქედან გამომდინარე, თვით სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზეც, იმისგან დამოუკიდებლად - მათთან ერთად მოიპოვება თუ არა ირიბი ჩვენებების სახით სხვა მტკიცებულებებიც (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 აპრილის №561აპ-15 განაჩენი).
სასამართლო განმარტავს, რომ პირის მსჯავრდებისათვის მინიმუმ ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულების არსებობა, საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა გულისხმობს იმას, რომ ეს მტკიცებულებები მოპოვებული უნდა იყოს სხვადასხვა, დამოუკიდებელი წყაროებიდან. ოჯახში ძალადობის საქმეების სპეციფიკურობის გათვალისწინებით, რაც დაკავშირებულია იმასთან, რომ ძალადობის ფაქტებს ხშირ შემთხვევაში არ ჰყავს შემსწრე პირი, ფაქტის უტყუარად დადასტურება უმეტესად შეუძლიათ მხოლოდ კონფლიქტში მონაწილე პირებს - დაზარალებულს და ბრალდებულს და შესაბამისად, დაზარალებულის ან ბრალდებულის პოზიციის სისწორის დასადასტურებლად აუცილებელია, წარმოდგენილი იქნას დამატებითი, ნეიტრალური, დამოუკიდებელი სხვა წყაროდან მიღებული მტკიცებულება.
მაშასადამე, დაზარალებულის ჩვენების გარდა, უნდა არსებობდეს დამატებით, მინიმუმ ერთი დამოუკიდებელი სხვა წყაროდან მიღებული პირდაპირი მტკიცებულება.
რაც შეეხება საგამოძიებო ექსპერიმენტის და ამოცნობის ოქმების მტკიცებულებით მნიშვნელობას, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებს - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2018 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებაში (საქმე N647აპ-17) მიუთითა, რომ დაზარალებულების ჩვენება, ამოცნობის ოქმი და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ვერ ჩაითვლება მტკიცებულებათა ერთობლიობად, ვინაიდან სამივე მტკიცებულების წყაროდ მხოლოდ დაზარალებულია წარმოდგენილი. ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებაში (საქმე N263აპ-17) განმარტებულია, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტი არის დაზარალებულის ჩვენების გაგრძელება და მისი ცალკე მტკიცებულებად მიჩნევა ბრალდებული პირის ბრალეულობის დასადასტურებლად დაუშვებელია.
რაც შეეხება ირიბი მოწმის ჩვენებებს, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სასამართლო მიუთითებს, რომ ირიბი ჩვენებების და იმ მოწმეთა მიერ მიწოდებული ინფორმაციის სამართლებრივი ღირებულება, რომლებიც არ წარმოადგენენ ფატის შემსწრე თითმხილველ პირებს, მაშინ, როდესაც მტკიცების ტვირთი სწორედ ბრალდების მხარეს აკისრია, არის ძალიან დაბალი და სასამართლო ვერ დაეყრდნობა ამ მტკიცებულებებს გადაწყვეტილების მიღებისას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
4.6. ზემოთაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, გურამ ომანაშვილის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს: გარდა დაზარალებულის წყაროდან მოწოდებული მტკიცებულებებისა - დაზარალებულის ჩვენება, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ამოცნობის ოქმი, ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა სხვა დამოუკიდებელი წყაროდან მიღებული დამატებითი, ნეიტრალური პირდაპირი სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა გურამ ომანაშვილის მიერ 2019 წლის მაისის თვეში, 2019 წლის 07 ივნისს და 2019 წლის 09 ივნისს მარიამ კუმელაშვილის მიმართ განახრციელებულ ფიზიკური ძალადობის ფაქტებს, რის გამოც, გურამ ომანაშვილი უდანაშაულოდ უნდა იქნას ცნობილი აღნიშნული ქმედებებისათვის.
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებული იქნა გურამ ომანაშვილის მიერ მარიამ კუმელაშვილის მიმართ 2019 წლის იანვარში, 2019 წლის თებერვალში და 2019 წლის 05 ივნისს განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტები, კერძოდ, სხვა მტკიცებულებებთან ერთად, 2019 წლის იანვარში განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაზარალებულის ჩვენება და ბრალდებულის ჩვენება სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან, ასევე, დაზარალებულის ჩვენებას 2019 წლის თებერვალში და 2019 წლის 05 ივნისს განხორციელებულ ძალადობის ფაქტებზე ადასტურებს დამოუკიდებელი წყაროდან მიღებული მტკიცებულება - სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და სხვა მტკიცებულებები (მათ შორის, ნივთიერი მტკიცებულებები).
შესაბამისად, დადგენილია, რომ გურამ ომანაშვილმა მეუღლის - მარიამ კუმელაშვილის მიმართ 2019 წლის იანვარში, 2019 წლის თებერვალში და 2019 წლის 05 ივნისს განახორციელა ფიზიკური ძალადობის ფაქტები.
სასამართლოს აღნიშნული ქმედებების შეფასება სისტემატურ ცემად და სხვაგვარ ძალადობად, არასწორად მიაჩნია, რამდენადაც მოცემულ შემთხვევაში ძალადობებს შორის დროის ინტერვალი იმდენად დიდია, რომ იგი არ ქმნის სისტემატური ძალადობისათვის დამახასიათებელ სურათს, კერძოდ:
სისტემატური ძალადობისათვის აუცილებელია ერთობლივად რამდენიმე ნიშნის არსებობა: 1. ძალადობის სიმრავლე, რაც არ უნდა იყოს სამზე ნაკლები, რადგან ერთხელ ან ორჯერ განხორციელებული ძალადობა სისტემატურ ძალადობად ვერ ჩაითვლება. 2. დროის ინტერვალი, რაც ყოველ მომდევნო ძალადობას შორის უნდა იყოს ხანმოკლე, რადგან თუ ძალადობიდან ძალადობამდე დროის დიდი ინტერვალი იარსებებს, მაშინ შეუძლებელი იქნება იმის მტკიცება, რომ წინა ძალადობიდან მორიგ ძალადობამდე ჯერ კიდევ არ იყო განელებული ფიზიკური ან ფსიქიკური ტკივილი; „გაუნელებლობა“ კი მნიშვნელოვანია იმით, რომ რამდენჯერმე განცდილმა „ტკივილმა“ ჯამური შედეგის სახით უნდა მიაღწიოს „ტანჯვის“ ხარისხს, რაც აუცილებელია სისტემატური ძალადობისათვის, შესაბამისად, ყოველ ჯერზე განხორციელებული ძალადობა თუ მხოლოდ ფიზიკურ ტკივილს იწვევს და მორიგ ძალადობამდე ისეთი დროა გასული, რაც მის განელებას იწვევს, იგი ვერ მიაღწევს იმ ხარისხის ტკივილს, რომელიც ტანჯვად აქცევს მას. ტანჯვის გამოწვევის გარეშე კი სისტემატურ ძალადობასთან არ გვექნება საქმე და ყოველი მორიგი ძალადობა დამოუკიდებელ ეპიზოდად უნდა შეფასდეს; და 3. ძალადობის ინტენსივობა, რაც გულისხმობს ძალადობის ხშირ, მუდმივ, ერთგვარად უწყვეტ ხასიათს. ამდენად, სისტემატური ძალადობის დროს არანაკლებ სამი ძალადობა უნდა განხორციელდეს დროის შედარებით მოკლე ინტერვალში და იგი ერთგვარად უწყვეტ ხასიათს უნდა ატარებდეს.
მოცემულ შემთხვევაში, გურამ ომანაშვილის მიერ მართალია ჩადენილია ძალადობის სამი ფაქტი, თუმცა მათ შორის დროის ინტერვალი იმდენად დიდია, რომ 2019 წლის იანვარში განხორციელებული ძალადობის შედეგად გამოწვეული ფიზიკური ტკივილი, მორიგ - 2019 თებერვალში განხორციელებული ძალადობის დროისათვის უკვე განელებული და გამქრალი იქნებოდა, ასევე, ამ უკანასკნელი ძალადობის შედეგად გამოწვეული ფიზიკური ტკივილი, თავის მხრივ, განელებული და გამქრალი იქნებოდა 2019 წლის 05 ივნისს განხორციელებული ძალადობის დროს. შესაბამისად, აღნიშნული ძალადობების შედეგად გამოწვეული ფიზიკური ტკივილი ობიექტურად ვერ მიაღწევდა ტანჯვის ხარისხს, რამდენადაც ძალადობიდან ძალადობამდე (იანვარი- თებერვალი - ივნისი ) იმდენად დიდი დროა გასული, რომ წინა ძალადობიდან მორიგ ძალადობამდე გამქრალი იქნებოდა ძალადობით გამოწვეული ტკივილი. ტანჯვის გამოწვევის გარეშე კი სისტემატური ძალადობის შემადგენლობა სახეზე არ იქნება, შესაბამისად, ყოველი მორიგი ძალადობა უნდა შეფასდეს ძალადობის დამოუკიდებელ ეპიზოდად და მოძალადემ თითოეული ეპიზოდისათვის ცალ-ცალკე უნდა აგოს პასუხი.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, გურამ ომანაშვილის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე და დაკვალიფიცირდეს ოჯახში ძალადობის სამ დამოუკიდებელ ეპიზოდად -2019 წლის იანვრის, 2019 წლის თებერვლის და 2019 წლის 05 ივნისის ეპიზოდებად და გურამ ომანაშვილი შესაბამისი კვალიფიკაციით უნდა იქნას ცნობილი დამნაშავედ სამი დამოუკიდებელი ეპიზოდისათვის.
რაც შეეხება გურამ ომანაშვილის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილით წარდგენილ ბრალდებას სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდში, დაზარალებულის ჩვენება და სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა თანხვედრაშია ერთმანეთთან. ბრალდების მხარის მიერ წამორდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას, შესაბამისად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია გურამ ომანაშვილის მიერ მისი მეუღლის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფის განხორციელების ფაქტი, რის გამოც, იგი ცნობილი უნდა იქნას დამანაშავედ აღნიშნული ქმედებისათვის.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობა ნიშნავს ამ კოდექსის მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული ორი ან მეტი ქმედების ჩადენას, რომელთაგან პირი არც ერთისთვის არ ყოფილა მსჯავრდებული. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელი ინიშნება თითოეული დანაშაულისათვის, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ 39-ე მუხლით დადგენილ სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ, ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო სამართალწარმოებისა და გადაწყვეტილების მიღებისას ხელმძღვანელობს სისხლის სამართლის პრინციპებზე დაყრდნობით. სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო სხვა, ფუნდამენტურ პრინციპებთან ერთად, ხელმძღვანელობს სამართლიანობისა და ჰუმანიზმის პრინციპებით.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სასამართლო განმარტავს: საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა , არაადამიანური ან დამაცირებელი სასჯელის გამოყენება“, რაც, თავის მხრივ, სასჯელის პროპორციულობის კონსტიტუციურსამართლებრივ მნიშვნელობაზე მეტყველებს, ვინაიდან იგი ადამიანის ღირსების დაცვას უკავშირდება.
სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პოზიციით, სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება განიხილება, როგორც უკიდურეს შემთხვევაში გამოსაყენებელი სანქცია ან ღონისძიება, რომელიც უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულის სიმძიმე სხვა სანქციების და ღონისძიებების გამოყენებას აშკარად არაადეკვატურად წარმოაჩენს.
სასამართლო მიუთითებს, რომ თავისუფლების აღკვეთა, თავისთავად, არ არის არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, მაგრამ, თუ მსჯავრდებულისთვის მისჯილი თავისუფლების აღკვეთის ვადა აშკარად უსამართლო და ჩადენილი სიმძიმის დისპროპორციულია, ადგილი აქვს სწორედ, რომ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, „აშკარად არაპროპორციულ სასჯელებს, რომლებიც არ შეესაბამებიან დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს, არა მარტო აქვთ მიმართება სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისა და სასჯელის კონსტიტუციურ აკრძალვასთან, არამედ არღვევენ კიდეც ამ კონსტიტუციურ დანაწესს“ (ამის შესახებ იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება, 24-ე და 25-ე პუნქტი).
ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, კანონმდებლის მიერ დადგენილი სანქცია არ უნდა იყოს აშკარად არაგონივრული და არაპროპორციული საშუალება კანონმდებლის მიერ დასახული მიზნის მიღწევისა და, შესაბამისად, არ უნდა იწვევდეს პირის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლების დარღვევას.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში გაამახვილა ყურადღება, კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმკაცრის გათვალისწინებით, გამოყენებული უნდა ყოფილიყო თუ არა არასაპატიმრო ღონისძიებები/სასჯელები. კერძოდ, Del Río Prada v. Spain [GC], no. 42750/09, § 82, ECHR 2013, საქმეზე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-7 მუხლის 1-ლი პარაგრაფის მე-2 წინადადების სიტყვები მიუთითებს, რომ ამოსავალი წერტილი ნებისმიერი სასჯელის შეფასებისას არის, თუ რამდენად მოცემულია განსახილველი ზომა ,,სისხლის სამართლის დანაშაულის” გამო მსჯავრდების შედეგი, ხოლო სხვა ფაქტორები, რომლებიც როგორც რელევანტური, შეიძლება იქნეს მხედველობაში მიღებული, არის: სასჯელის ზომის ხასიათი და მიზანი, ეროვნულ კანონმდებლობაში მისი დახასიათება, ის პროცედურები, რომლებიც გამოიყენება მისი განხორციელებისა და იმპლემენტაციის დროს...(იხ. ასევე Jamil v. France, 1995წ. 8 ივნისი, § 32, სერია A no. 317-B, § 31; Kafkaris v. Cyprus [GC], no. 21906/04, ECHR 2008, § 151; § 142; და M. v. Germany, no. 19359/04 § 120, ECHR 2009). ამასთან, გამოყენებული ზომის სიმკაცრე, თავის მხრივ, არ არის გადამწყვეტი, რამდენადაც მრავალი პრევენციული ხასიათის არასაპატიმრო ღონისძიებას შეიძლება ჰქონდეს არსებითი გავლენა შესაბამის პირზე“.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქართველოში 2017 წლის 01 სექტემბრიდან მოქმედ ევროპის საბჭოს კონვენციას ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ" (ე.წ.,,სტამბოლის კონვენცია"), რომელიც მიზნად ისახავს ქალების და ოჯახის წევრების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. აღნიშნული კონვენციის 35-ე მუხლით დადგენილია ფიზიკური ძალადობისგან დაცვის ვალდებულება.
სასამართლო ყურადღებას ასევე მიაქცევს საქართველოში ოჯახური ძალადობის გახშირებულ შემთხვევებზე, რაც სერიოზული სოციალური პრობლემაა და მოძალადისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ამ პრობლემის აღმოფხვრის გზა, ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან და როგორც ბრალდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
მოცემულ შემთხვევაში, სასჯელის დანიშვნისას, კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, გურამ ომანაშვილის მიერ ჩადენილი ქმედებების რაოდენობას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ასევე, ითვალისწინებს მის მიერ ჩადენილი ქმედებების განხორციელების სახეს, ქმედებების საზოგადოებრივ საშიშროებას, ქმედებების ხასიათს, იმ გარემოებას, რომ ჩადენილია ოჯახური ძალადობის არაერთი ეპიზოდი, ქმედების განხორციელების ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებრივი ქმედებები, გურამ ომანაშვილის პიროვნულ მახასიათებლებს - არ არის ნასამართლევი, ჰყავს სამი მცირეწლოვანი შვილი, რომლებიც მის ოჯახში იზრდებიან და ამჟამად მათ აღზრდაზე ზრუნავენ გურამ ომანაშვილის მშობლები, ითვალისწინებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, ასევე, იმ გარემოებას, რომ დაზარალებულს არ აქვს პრეტენზია და ითხოვა კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელება მის მიმართ. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, შემდგომი პრევენციის მიზნით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ბრალდებულის მიმართ თითოეული დანაშაულისათვის იმგვარი სასჯელის გამოყენებას, რითაც ერთი მხრივ, თავიდან იქნება აცილებული დანაშაულებრივი ქმედების შემდგომი ფაქტები და უზრუნველყოფილი იქნება ბრალდებულის შემდგომი ნორმალური ქცევა, ხოლო მეორე მხრივ, - ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ზემოთაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში, სასჯელის ყველაზე მკაცრის ზომის - თავისუფლების აღკვეთის - გამოყენება, მიზანშეწონილია, ვინაიდან, სხვა, ნაკლებად მკაცრი სახე ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და ამოცანებს. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში გურამ ომანაშვილის მიმართ გამოყენებული უნდა იქნას სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი არამართლზომიერი ქმედების ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გურამ ომანაშვილს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის იანვრის ეპიზოდი) - 09 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის თებერვლის ეპიზოდი) 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 05 ივნისის ეპიზოდი)- 10 (ათი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი) - 09 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა.
.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, გურამ ომანაშვილს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი არის თანაზომიერი და პროპორციული ბრალდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და გურამ ომანაშვილის პიროვნების გათვალისწინებით, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.
6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები -
გურამ ომანაშვილის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული შავი ფერის ტარისა და შავი პირის მქონე დანა, გურამ ომანაშვილისგან ამოღებული მოყავისფრო ფერის ტყავის ქამარი დალუქული ერთ ფუთად (ინახება შსს თელავის რაიონულ სამმართველოში)- უნდა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ლარისა ომანაშვილის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული შავი ფერის პლასტმასის ტარის მქონე დანა და ხის ტარიანი ურო (ინახება შსს თელავის რაიონულ სამმართველოში) - უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
გურამ ომანაშვილის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე (სამი დამოუკიდებელი ეპიზოდი - 2019 წლის იანვრის, 2019 წლის თებერვლის და 2019 წლის 05 ივნისის ეპიზოდები).
გურამ ომანაშვილი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის იანვრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - 09 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა.
გურამ ომანაშვილი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის თებერვლის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
გურამ ომანაშვილი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 05 ივნისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 10 (ათი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
გურამ ომანაშვილი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 09 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა.
.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, გურამ ომანაშვილს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით
გაუქმდეს გურამ ომანაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა და გურამ ომანაშვილს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან -2019 წლის 25 ივნისიდან.
სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ -
გურამ ომანაშვილის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული შავი ფერის ტარისა და შავი პირის მქონე დანა, გურამ ომანაშვილისგან ამოღებული მოყავისფრო ფერის ტყავის ქამარი დალუქული ერთ ფუთად (ინახება შსს თელავის რაიონულ სამმართველოში) - განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ლარისა ომანაშვილის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული შავი ფერის პლასტმასის ტარის მქონე დანა და ხის ტარიანი ურო (ინახება შსს თელავის რაიონულ სამმართველოში) - დაუბრუნდეს მის მფლობელს.
განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თამარ კაპანაძე