გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/22195-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
6 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ხათუნა ჯინორია
სხდომის მდივანი ირაკლი გამსახურდია
მოსარჩელე ს--–---- მ---–-–---–ი
წარმომადგენელი ნ----------–- ქ-–-----ე, თ-- ქ---------ე
მოპასუხე ნ------- რ-----–--–---–ი
დავის საგანი ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული)
1.1. მოპასუხე ნ------- რ-----–--–---–ს გ--- ქ-–-----ის გარდაცვალების გამო დაეკისროს გ--- ქ-–-----ის არასრულწლოვანი შვილების ა---------– ქ-–-----ისა და ლ---- ქ-–-----ის სასარგებლოდ ყოველთვიური სარჩოს სახით თითოეულზე 300 ლარის გადახდა, 2016 წლის ივლისიდან სრულწლოვანებამდე.
სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ნ------- რ-----–--–---–ი ამხანაგობა „ლ-–-----ის“ თავმჯდომარე ა-----–-----–--–---–თან 2007 წლის 20 აპრილს დადებული ხელშეკრულების შესაბამისად აწარმოებდა თ---–--–------–-------------ში მდებარე ამხანაგობის კუთვნილი კორპუსის მშენებლობას. სამუშაოთა მწარმოებლის - ნ------- რ-----–--–---–ის მიერ დაშვებული „უსაფრთხოების ტექნიკა მშენებლობაში“ ნორმების დარღვევის გამო, 2015 წლის 27 დეკემბერს, აღნიშნული მშენებარე კორპუსის მეოთხე სართულიდან, სამშენებლო სამუშაოების შესრულების დროს, გადმოვარდა მოსარჩელის მეუღლე, რომელიც მიღებული მძიმე, სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანების შედეგად გარდაიცვალა.
ნ------- რ-----–--–---–მა არ უზრუნველყო სამუშაო ადგილი და გასასვლელები დამცავი შემოღობვით, დაზარალებული დამცავი ქამრით და ჩაფხუტით, ასევე არ აღრიცხა მუშებთან ჩატარებული ინსტრუქტაჟი და არ აწარმოა ინსტრუქტაჟის ჟურნალში აღრიცხვა ინსტრუქტრაჟჩატარებული მუშების ხელმოწერით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 ივნისის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება მხარეებს შორის და ნ------- რ-----–--–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ.
გ--- ქ-–-----ეს დარჩა ორი შვილი - ა---------– ქ-–-----ე (დაბადებული 2012 წლის 23 მარტს) და ლ---- ქ-–-----ე (დაბადებული 2013 წლის 16 აგვისტოს). მოპასუხეს არ უგრძვნია არანაირი პასუხისმგებლობა, რომ დახმარებოდა ობლად დარჩენილ ბავშვებს. ოჯახში ერთადერთი მარჩენალი იყო გ--- ქ-–-----ე, რომლის გარდაცვალების შემდეგაც ბავშვები და მთლიანად ოჯახი აღმოჩნდა უმძიმეს მდგომარეობაში.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ნ------- რ-----–--–---–ი წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელს არ ცნობს და აღნიშნავს, რომ გ--- ქ-–-----ის საავადმყოფოში გადაყვანიდან ერთი წლის განმავლობაში მან ოჯახს გადაუხადა შემდეგი თანხები: გარდაცვალებიდან 15 წუთში ჭირისუფალს გადასცა 5000 ლარი, ამის გარდა ერთი წლის განმავლობაში გადაუხადა 300 ლარის კომპენსაცია ყოველთვიურად - სულ 3600 ლარი, გადასცა საფლავზე 300 ლარი, ასევე კიდევ გადასცა 200 ლარი, რის შემდეგად გადაიხადა საპროცესო შეთანხმებით გათვალისწინებული ჯარიმა და განუცხადა ოჯახს, რომ მას არაფრის გადახდის საშუალება აღარ ჰქონდა.
გარდაცვლილის მეუღლემ სათანადო ორგანოებს განუცხადა, რომ ნ------- რ-----–--–---–ის მიმართ რაიმე სახის პრეტენზია არ აქვს და არც მომავალში ექნება, ვინაიდან მისი მხრიდან მუდმივად გრძნობდა ყურადღებას და თანადგომას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ნ------- რ-----–--–---–ი, ამხანაგობა „ლ-–-----ის“ თავმჯდომარე ა-----–-----–--–---–თან 2007 წლის 20 აპრილს დადებული ხელშეკრულების შესაბამისად, აწარმოებდა თ---–--–------–-------------ში მდებარე ამხანაგობის კუთვნილი კორპუსის მშენებლობას.
მშენებლობაზე მუშაობდა გ--- ქ-–-----ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი (ს.ფ.22-26).
3.1.2. 2015 წლის 27 დეკემბერს მშენებარე კორპუსის მეოთხე სართულიდან, სამშენებლო სამუშაოების შესრულების დროს, გადმოვარდა გ--- ქ-–-----ე, რომელიც მიღებული მძიმე დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 20);
- თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი (ს.ფ.22-26).
3.1.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ივნისის განაჩენით დადგენილია, რომ ნ------- რ-----–--–---–მა დაარღვია უსაფრთხოების ნორმები, კერძოდ, „უსაფრთხოების ტექნიკა მშენებლობაში“, რამაც გამოიწვია გ--- ქ-–-----ის მშენებლობიდან გადმოვარდნა. ნ------- რ-----–--–---–მა არ უზრუნველყო სამუშაო ადგილი და გასასვლელები დამცავი შემოღობვით, დაზარალებული დამცავი ქამრით და ჩაფხუტით, ასევე არ აღრიცხა მუშბთან ჩატარებული ინსტრუქტაჟი და არ აწარმოა ინსტრუქტაჟის ჟურნალში აღრიცხვა ინსტრუქტრაჯჩატარებული მუშების ხელმოწერით.
ნ------- რ-----–--–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, შეეცვალა პირობით და 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 3 წელი.
განაჩენი შესულია კანონიერ ძალაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა განმარტება;
- თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი (ს.ფ.22-26).
3.1.4. გ--- ქ-–-----ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოსარჩელე ს--–---- მ---–-–---–თან.
გარდაცვლილს დარჩა ორი არასრულწლოვანი შვილი: 2012 წლის 23 მარტს დაბადებული ა---------– ქ-–-----ე და 2013 წლის 16 აგვისტოს დაბადებული ლ---- ქ-–-----ე, რომლებსაც გარდაცვლილი არჩენდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- ა---------– ქ-–-----ის დაბადების მოწმობა (ს.ფ. 27);
- ლ---- ქ-–-----ის დაბადების მოწმობა (ს.ფ.28);
- ს--–---- მ---–-–---–ისა და გ--- ქ-–-----ის ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 29).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ნ------- რ-----–--–---–მა გარდაცვლილის ოჯახს გადაუხადა 5000 ლარი, ასევე 8 თვის განმავლობაში უხდიდა 300 ლარს (სულ 2400 ლარი) და დამატებით გადასცა 300 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებული მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტიდან გამომდინარე, მტკიცების ტვირთი უნდა განაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, რომელთა მტკიცებაც მათთვის ობიექტურად შესაძლებელია, ანუ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს.
ნ------- რ-----–--–---–მა განმარტა, რომ გ--- ქ-–-----ის გარდაცვალების შემდეგ გარდაცვალებიდან 15 წუთში ჭირისუფალს გადასცა 5000 ლარი, ამის გარდა 1 წლის განმავლობაში უხდიდა 300 ლარს (ანუ სულ 3600 ლარი), ასევე, საფლავზე გადასცა 300 ლარი, ხოლო როცა საპროცესო შეთანხმებისათვის დასჭირდა მათი თანხმობა, დამატებით 200 ლარი გადასცა.
ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიუთითებენ მათზე.
საქმეში აღნიშნული თანხების გადახდის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი.
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ დაადასტურა, რომ მოპასუხისგან მიიღო 5000 ლარი, ასევე ის 8 და არა 12 თვის განმავლობაში უხდიდა გარდაცვლილის ოჯახს 300 ლარს (ჯამში 2400 ლარი) და დამატებით 300 ლარი გადასცა.
ვინაიდან საქმეში არ არის წარმოდგენილი თანხის გადახდის სხვა მტკიცებულება, სასამართლო დადგენილად ვერ მიიჩნევს, რომ მოპასუხემ გადაიხადა იმაზე მეტი თანხა, ვიდრე ამას თავად მოსარჩელე ადასტურებს.
რაც შეეხება მოპასუხის იმ განმარტებას, რომ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 6420 ლარი გადაიხადა, დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობა არ აქვს. განაჩენის საფუძველზე ნ------- რ-----–--–---–ს დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმის - 6000 ლარის გადახდა და ამ გარემოებას მოსარჩელესთან კავშირი არ აქვს.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 1006-ე, 1198-ე, 1212-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო, ბრალეულმა ქმედებამ გამოიწვია გ--- ქ-–-----ის გარდაცვალება.
სამოქალაქო კოდექსის 1006-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაზარალებულის გარდაცვალების შემთხვევაში ზიანის მიმყენებელმა სარჩოს დაწესებით უნდა აუნაზღაუროს ზიანი იმ პირებს, რომელთა რჩენაც დაზარალებულს ევალებოდა.
განსახილველი ნორმით გათვალისწინებულია ვალდებულების შესრულებისათვის შემდეგი აუცილებელი პირობები: დაზარალებულის გარდაცვალება, დაზარალებულის მიერ იმ პირის რჩენის ვალდებულების არსებობა, ვინც ითხოვს ზარალის ანაზღაურებას. ეს ვალდებულება ძალაშია, ვიდრე დაზარალებული ვალდებული იქნებოდა, ეხადა სარჩო (სუსგ ას-469-783-05).
ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა. ზიანი შეიძლება გამოიხატოს პირადი ქონების დაზიანებაში ან განადგურებაში. ანდა ისეთ ქმედებაში, როდესაც პირი კარგავს მის კუთვნილ ქონებას. სსსკ-ის 992-ე მუხლი ადგენს პრინციპს, რომლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრული მოცულობით. ანაზღაურება შესაძლებელია, განხორციელდეს როგორც ფულადი, ისე სხვა ნებისმიერი ფორმით. ამ შემთხვევაში, მთავარია, რომ დაზარალებული პირის ინტერესები სრული მოცულობით იყოს დაკმაყოფილებული.
სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად შობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება, ასევე 1212-ე მუხლის თანახმად მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
მოცემულ შემთხვევაში გარდაცვლილ გ--- ქ-–-----ეს ორი არასრულწლოვანი შვილი დარჩა, რომელთა რჩენის ვალდებულება გარდაცვლილს ეკისრებოდა. ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება რომ არ დამდგარიყო, პრეზუმირებულია, რომ გ--- ქ-–-----ე მის არასრულწლოვან შვილებს არჩენდა სრულწლოვანებამდე და სწორედ ამ პერიოდამდე იქნებოდა ვალდებული პირი ეზრუნა თავის შვილებზე.
ზიანის ანაზღაურების გამომრიცხავი რაიმე გარემოება ამ საქმეში არ იკვეთება. მოპასუხის პასუხისმგებლობას არ გამორცხავს მის მიერ წარმოდგენილი ს--–---- მ---–-–---–ის განცხადება, რომლის თანახმადაც მას ნ------- რ-----–--–---–ის მიმართ რაიმე პრეტენზია ან საჩივარი არ აქვს და არც მომავალში ექნება (ს.ფ. 101). უპირველეს ყოვლისა, ს--–---- მ---–-–---–მა სარჩელი არა თავისი, არამედ არასრულწლოვანი შვილების სახელით წარმოადგინა, გარდა ამისა, განცხადება შედგენილია სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ნ------- რ-----–--–---–ის პასუხისმგებლობის შემსუბუქების, მათ შორის, ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების მიზნით და მოპასუხის სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე გავლენას არ ახდენს.
მნიშვნელოვანია დადგინდეს ის ოდენობა, რა ფარგლებშიც მოპასუხეს უნდა დაეკისროს სარჩოს გადახდა. სარჩოს ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს არასრულწლოვანი ბავშვის საჭიროებას, ასევე მოპასუხის ქონებრივ მდგომარეობას, მოპასუხემ მართალია ვერ დააკონკრეტა მოსარჩელეთა სასარგებლოდ ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა, თუმცა დაადასტურა შესაძლებლობის ფარგლებში ზიანის ანაზღაურებაზე მისი მზაობა. სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩოს ოდენობის განსაზღვრისას უნდა მოხდეს მოპასუხის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებაც, რათა მან შეძლოს თანხის გადახდა.
„საარსებო მინიმუმის გაანგარიშების წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საარსებო მინიმუმი არის ერთ მოსახლეზე სამომხმარებლო საქონლის ღირებულებითი გამოხატულება, რომელიც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის შესაბამისად უზრუნველყოფს ადამიანის მინიმალური ფიზიოლოგიური და სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. ხოლო ამავე კოდექსის მე-4 მუხლი განმარტავს, რომ საარსებო მინიმუმი გაიანგარიშება ნორმატიულ-სტატისტიკური მეთოდის საფუძველზე, მიმდინარე (შესყიდვის) საშუალო ფასების მიხედვით. ნორმატიული მეთოდის გამოყენებით ფორმირდება სასურსათო კალათა,რომელიც ითვალისწინებს კვების პროდუქტების მოხმარების მინიმალურ ნორმებს,ხოლო სტატისტიკური მეთოდით განისაზღვრება დანახარჯები არსასურსათო საქონელსა და მომსახურებაზე,რომელიც ითვალისწინებს მოხმარების ფაქტიურ დონეს.
საარსებო მინიმუმის ფორმირებას საფუძვლად უდევს შრომისუნარიანი მამაკაცის სასურსათო კალათა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, 2016 წლის ივლისიდან 2019 წლის ჩათვლით შრომისუნარიან ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 200 ლარს არ აღემატება (იხ. ).
სასამართლო ითვალისწინებს ამ მონაცემებს, ასევე მოპასუხის ფინანსურ მდგომარეობას და, პირველ რიგში, იმ გარემოებას, რომ მოპასუხე თავის ვალდებულებას უპასუხისმგებლოდ არ მოკიდებია. მან გარდაცვლილის ოჯახს უკვე გადაუხადა 7700 ლარი (იხ. 3.2.1 პუნქტი). სასამართლო იმ გარემოებასაც ითვალისწინებს, რომ ორივე მშობელი თანაბრადაა ვალდებული არჩინოს არასრულწლოვანი შვილები. გ--- ქ-–-----ის შვილებს ჰყავს დედა და მართალია, სარჩელში მითითებულია, რომ ის არ მუშაობს, მაგრამ საქმიდან არ დასტურდება, რომ ის შრომისუუნაროა, შესაბამისად, ისიც იზიარებს შვილების რჩენის ვალდებულებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩოს გონივრული და სამართლიანი ოდენობაა 200 ლარი თითოეული ბავშვის სასარგებლოდ, რომელიც მოპასუხემ მათი სრულწლოანების მიღწევამდე უნდა გადაიხადოს.
6.2. მოსარჩელე ითხოვს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად გადასახადების დაკისრების შესახებ.
სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმის საფუძველზე სასამართლოს შესაფასებელია, არსებობს თუ არა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საფუძველი.
მოსარჩელემ, რომელიც შესაბამის შუამდგომლობას აყენებს, უნდა მიუთითოს ის ობიექტური გარემოებები, რომელთა გამოც გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების გარეშე მის ინტერესებს არსებითი ზიანი მიადგება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში ასეთი გარემოებები მითითებული არ არის. მართალია, დავა შეეხება არასრულწლოვანი პირების სასარგებლოდ სარჩოს გადახდას, მაგრამ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა მხარეთა თანასწორობის პრინციპს ემყარება და სასამართლომ თანაბრად უნდა გაითვალისწინოს მოსარჩელისა და მოპასუხის ინტერესები.
მოსარჩელის მიერ მითითებული მხოლოდ ის გარემოება, რომ მოპასუხემ შეიძლება ისარგებლოს კანონით მისთვის მინიჭებული უფლებით და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საფუძველს არ ქმნის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლის თანახმად გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა, რომელიც არ შეაჩერებს ამ განჩინების შესრულებას.
აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის შეტანა დაიშვება, თუ დაკმაყოფილდა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ შუამდგომლობა, ხოლო შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის განჩინება კი ცალკე არ საჩივრდება.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოსარჩელე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, ხოლო 41-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად ვადიანი გასაცემის ან გადასახდელის შესახებ სარჩელის დავის საგნის ფასი განისაზღვრება არა უმეტეს სამი წლის განმავლობაში გასაცემი ან გადასახდელი თანხების ერთობლიობით.
მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციული სახელმწიფო ბაჟის გადახდა, რომელიც დაკმაყოფილდა, კერძოდ კი, 432 ლარის.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 46-ე, 55-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე, 268-ე, 270-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ს--–---- მ---–-–---–ის სარჩელი ნ------- რ-----–--–---–ის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. ნ------- რ-----–--–---–ს 23.03.2012 წელს დაბადებული ა---------– ქ-–-----ის სასარგებლოდ დაეკისროს ყოველთვიური სარჩოს - 200 ლარის გადახდა 01.07.2016 წლიდან ა---------– ქ-–-----ის მიერ სრულწლოვანების მიღწევამდე;
3. ნ------- რ-----–--–---–ს 16.08.2013 წელს დაბადებული ლ---- ქ-–-----ის სასარგებლოდ დაეკისროს ყოველთვიური სარჩოს - 200 ლარის გადახდა 01.07.2016 წლიდან ლ---- ქ-–-----ის მიერ სრულწლოვანების მიღწევამდე;
4. დანარჩენ ნაწილში ს--–---- მ---–-–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
5. ნ------- რ-----–--–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 432 ლარის გადახდა;
6. მოსარჩელის მოთხონა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს (თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი N64) მეშვეობით;
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების ჩაბარებიდან.
მოსამართლე ხათუნა ჯინორია