გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.12.2019
საქმის ნომერი
330210118002717133
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
31.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/32853-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

31 დეკემბერი, 2019 წელი თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ლილი ტყემალაძე

სხდომის მდივანი ანა მეშველიანი

 

მოსარჩელე - გ------ი ბ-------ე

წარმომადგენელი - ი--ა დ----ე, ვ------ა ჩ-------ი

 

მოპასუხე - ს----- ხ-----ი

წარმომადგენელი - მ-----ა ყ---–-–---–ი

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ს----- ხ-----ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 1000 აშშ დოლარის გადახდა.

 

სარჩელში განმარტებულია, რომ 2017 წლის იანვარში მხარეებს შორის ზეპირი ფორმით გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე გ------ი ბ-------ემ მიჰყიდა ს----- ხ-----ს ავტომობილი - 20 000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ. მყიდველმა ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების დღეს გადაიხადა - 10 000 აშშ დოლარი. 2017 წლის თებერვალში ავტომანქანის მესაკუთრედ დარეგისტრირდა ს----- ხ-----ი. 2017 წლის ივნისში მოპასუხემ მოსარჩელეს გადაუხადა - 5 000 აშშ დოლარი. 2017 წლის ნოემბრის თვეში ს----- ხ-----მა გადაუხადა გამყიდველს - 4 000 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილი - 1 000 აშშ დოლარის მოპასუხეს არ გადაუხდია.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი.

 

შესაგებელში განმარტებულია, რომ მხარეები იმთავითვე შეთანხმდნენ გადახდის განვადებით ნასყიდობის პირობებზე; სატრანსპორტო საშუალების შეთანხმებულ ხარისხამდე მიყვანას სჭირდებოდა - 1 000 აშშ დოლარი, რაც მხარეთა შეთანხმებით უნდა გადაეხადა მოსარჩელეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მხარეებს შორის არ არის სადავო გარემოება, რომ 2017 წლის იანვარში გამყიდველს - გ------ი ბ-------ესა და მყიდველს - ს----- ხ-----ს შორის გაფორმდა ავტომანქანის ნასყიდობის ხელშეკრულება ზეპირი ფორმით, რომლის თანახმად გამყიდველმა მიჰყიდა მყიდველს ავტომანქანა „I----”, საიდენტიფიკაციო ნომერი - W----------------, სარ. მოწმობა - A--------.

 

მყიდველი ს----- ხ-----ი აღირიცხა მესაკუთრედ.

 

სადავო არ არის გამყიდველის მიერ მყიდველისათვის ავტომანქანის მფლობელობაში გადაცემის ფაქტი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-5).

მოპასუხის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 37-39; იხ, 2019 წლის 06 დეკემბერის სასამართლო სხდომის ოქმი, მოპასუხის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება, 16:13:46).

ცნობა სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 18-20).

 

3.1.2. მხარეებს შორის არ არის სადავო, რომ ავტომანქანის ღირებულება განისაზღვრა - 20 000 აშშ დოლარით, საიდანაც მყიდველმა, ს----- ხ-----მა გადაიხადა - 19 000 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-5).

მოპასუხის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 37-39; იხ, 2019 წლის 06 დეკემბერის სასამართლო სხდომის ოქმი, მოპასუხის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება, 16:13:46).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. არ დგინდება გამყიდველის მიერ მყიდველისათვის ნაკლიანი ნივთის მიწოდების ფაქტი; მყიდველის მიერ გამყიდველისათვის ნასყიდობის საგნის ღირებულებიდან გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენს - 1000 აშშ დოლარს.

 

მხარეებს შორის სადავოა ნასყიდობის საგნის ღირებულებიდან - 1000 აშშ დოლარის მყიდველის მიერ გამყიდველისათვის გადახდის ვალდებულება, მოპასუხის მიერ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ გამყიდველმა მყიდველს მიაწოდა ნაკლიანი ნივთი, ნაკლის აღმოფხვრის ხარჯი კი შეადგენს - 1000 აშშ დოლარს, რისი გადახდის ვალდებულებაც გამყიდველს არ გააჩნია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, მტკიცების ტვირთი ერთნაირად ეკისრება მხარეებს და ეს ტვირთი თანაბრად ნაწილდება მათ შორის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს შესაგებელს. მოპასუხეს ეკისრება ისეთი ფაქტების დადასტურების ტვირთი, რომლებსაც შეუძლიათ გააქარწყლონ მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით კი მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

მხარეებს შორის გარემოება იმის შესახებ, რომ ნასყიდობის საფასური განისაზღვრა - 20 000 აშშ დოლარით, არ არის სადავო; ასევე არ არის სადავო ის გარემოება, რომ მყიდველმა გადაუხადა გამყიდველს - 19 000 აშშ დოლარი.

 

მოპასუხემ მიუთითა მხარეთა შეთანხმებაზე იმის შესახებ, რომ ავტომანქანისათვის არსებული ნაკლი გამოსწორდებოდა მყიდველის მიერ, რის გამოც შემცირდა ნასყიდობის საფასური 1000 აშშ დოლარით. თუმცა, მხარეებს შორის ამგვარი შეთანხმების არსებობა სსსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად მოპასუხე მხარეს არ დაუდასტურებია.

 

რაც შეეხება, თავად ნაკლის არსებობის დადასტურებას, სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცების ტვირთის განაწილებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს შესაბამისი მატერიალური საფუძვლები, რაც გათვალისწინებულია სსკ-ის 490-492-ე მუხლებით. კერძოდ, განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეს უნდა დაედასტურებინა ნივთის ნაკლის გამო გამყიდველისათვის წაყენებული მოთხოვნა გამოესწორებინა ამ უკანასკნელს ნაკლი, შესაბამისი ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი, თუკი მყიდველი არ მოითხოვდა ხელშეკრულების მოშლას (სსკ-ის 491-ე მუხლი), მას შეეძლო მოეთხოვა ფასის შემცირება იმ ოდენობით, რაც საჭირო იქნებოდა ნაკლის გამოსასწორებლად (სსკ-ის 492-ე მუხლი). მოპასუხე მხარემ ვერ დაადასტურა ამ გარემოებების არსებობა. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს ს----- ხ-----ის წარმომადგენლის მითითებას ნივთის ნაკლის გამო ფასის - 1000 აშშ დოლარით შემცირების შესახებ, რასაც შეიძლებოდა გამოერიცხა მყიდველის ვალდებულება აღნიშნული ოდენობით თანხის გამყიდველის სასარგებლოდ გადახდისა. შესაბამისად, მყიდველის მიერ გამყიდველისათვის ნასყიდობის საგნის ღირებულებიდან გადასახდელი ოდენობა შეადგენს 1000 აშშ დოლარს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 186-ე, 477-ე, 487-ე, 488-ე, 490-ე, 491-ე, 492-ე მუხლით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

სსკ-ის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ნივთის გადაცემად ითვლება: შემძენისათვის ნივთის ჩაბარება პირდაპირ მფლობელობაში; არაპირდაპირი მფლობელობის გადაცემა ხელშეკრულებით, რომლის დროსაც წინა მესაკუთრე შეიძლება დარჩეს პირდაპირ მფლობელად; მესაკუთრის მიერ შემძენისათვის მესამე პირისაგან მფლობელობის მოთხოვნის უფლების მინიჭება

 

მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა წარმოშობილია ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე და ექვემდებარება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლით მოწესრიგებას, რომლის შესაბამისადაც, გამყიდველმა (მოსარჩელემ) მყიდველს (მოპასუხეს) მიჰყიდა, ხოლო მყიდველს, ს----- ხ-----ს წარმოეშვა ნასყიდობის საგნის ღირებულების გადახდის ვალდებულება. სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ გამყიდველმა მყიდველს გადასცა მფლობელობაში ნასყიდობის საგანი. ს----- ხ-----ის საკუთრების უფლება ითვლება წარმოშობილად, შესაბამისად, მყიდველს წარმოეშვა ნასყიდობის საგნის ღირებულების გადახდის ვალდებულება.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ს----- ხ-----ის დავალიანება მოსარჩელის წინაშე შეადგენს - 1 000 აშშ დოლარს. ამდენად, სსკ-ის 477-ე და 186-ე მუხლებიდან გამომდინარე, გამყიდველი გ------ი ბ-------ე უფლებამოსილია მოთხოვოს მყიდველის ს----- ხ-----ისათვის - 1 000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.

 

6.2. მოპასუხე მხარემ შესაგებელი დაამყარა გარემოებაზე, რომ ნასყიდობის საგანი იყო ნაკლიანი, რაც გამორიცხავს მყიდველის - 1 000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულების არსებობას.

 

სამოქალაქო კოდექსის 487-ე მუხლის მიხედვით, გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისგან თავისუფალი ნივთი. 488-ე მუხლის პირველი ნაწილით კი, ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ კანონმდებელი ადგენს გარკვეულ რეგულაციებს ნივთის ნაკლის გამო მყიდველის უფლებების თაობაზე სსკ 491-494-ე მუხლებით. კერძოდ, გამყიდველმა ან უნდა გამოასწოროს ნივთის ნაკლი, ან, თუ საქმე ეხება გვაროვნულ ნივთს, შეცვალოს ნივთი საამისოდ აუცილებელ ვადაში. მყიდველს შეუძლია ნივთის ნაკლის გამო მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა 352-ე მუხლის მიხედვით (სსკ 491-ე მუხლი). ასევე, თუ მყიდველი არ ითხოვს ნივთის ნაკლის გამოსწორებას ან ახლით მის შეცვლას გამყიდველისათვის საამისოდ მიცემული ვადის გასვლის შემდეგ და არც ხელშეკრულების მოშლას, მას შეუძლია მოითხოვოს ფასის შემცირება იმ ოდენობით, რაც საჭიროა ნაკლის გამოსასწორებლად. მხედველობაში მიიღება ხელშეკრულების დადების მომენტისათვის არსებული ფასი (სსკ 492-ე მუხლი).

 

განსახილველ შემთხვევაში, მყიდველს არ გამოუყენებია ზემოაღნიშნული ნორმებით გათვალისწინებული უფლებები. მყიდველის მიერ არ არის დადასტურებული ნივთის ნაკლის გამოსწორების უფლების გამოყენება, რის შემდგომაც მყიდველს წარმოეშობოდა ფასის შემცირებს მოთხოვნის უფლება. ამდენად, მოპასუხის მითითება ნაკლის მქონე ნივთის მიწოდების გამო დავის ფარგლებში ფასის შემცირებაზე მოკლებულია ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ს----- ხ-----ი, სსკ-ის 477-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულია აუნაზღაუროს გ------ი ბ-------ეს მიწოდებული საქონლის დარჩენილი ღირებულება - 1 000 აშშ დოლარის ოდენობით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოპასუხეს უნდა დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი - 50 ლარის მოსარჩელისათვის ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება რჩება ძალაში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8; 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. გ------ი ბ-------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხე ს----- ხ-----ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს - 1 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ანაზღაურება.

 

3. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი - 50 ლარის ანაზღაურება.

 

4. მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 0--------- წელს, საგადახდო დავალება #- ი--ა დ----ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 100 ლარიდან ზედმეტად გადახდილი - 50 ლარი.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლილი ტყემალაძე