გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.01.2020
საქმის ნომერი
330210019003162326
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
24.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/21277-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

24 იანვარი, 2020 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ხათუნა ჯინორია

სხდომის მდივანი - ნინო ლობჟანიძე

მოსარჩელე - სს ,,ლ-------------ი"

წარმომადგენელი - გ--------------

მოპასუხე - ე-----------–---–ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 ე-----------–---–ს სს „ლ-------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 23 988.24 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა 18 000 ლარი, პროცენტი - 2143.24 ლარი, ჯარიმა 3645 ლარი და აღსრულების ხარჯი - 200 ლარი.

 

სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2018 წლის 24 თებერვალს სს „ლ-------------სა“ და ე-----------–---–ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, კრედიტის თანხა განისაზღვრა 18 000 ლარით, საპროცენტო სარგებელი - 42%, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის 0.41% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 24.08.2018 წლამდე.

 

მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულების პირობები 25.04.2019 წლიდან.

 

ბანკმა 2019 წელს აცნობა მხარეს, რომ 14 კალენდარული დღის განმავლობაში ნებაყოფლობით უზრუნველეყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხებისა და ჯარიმის გადახდა, მაგრამ მხარის მხრიდან ბანკის წერილზე არანაირი რეაგირება არ მომხდარა.

 

მოპასუხის დავალიანება ბანკის წინაშე შეადგენს 23 988.24 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა 18 000 ლარი, პროცენტი - 2143.24 ლარი, ჯარიმა 3645 ლარი და აღსრულების ხარჯი - 200 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. 2018 წლის 24 თებერვალს სს „ლ-------------სა“ და ე-----------–---–ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, კრედიტის თანხა განისაზღვრა 18 000 ლარით, საპროცენტო სარგებელი - წლიური 42%-ით, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის - 0.41% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 24.08.2018 წლამდე.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება;

- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები.

 

3.2. სს „ლ-------------ის“ მიერ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გაცემული კრედიტის თანხა მსესხებელმა აითვისა.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- დავალიანების ცნობა;

- გადახდების ისტოსესხის დაფარვის გრაფიკი.

 

3.3. მოპასუხემ დაარღვია საკრედიტო ვალდებულებებით გათვალისწინებული გადახდის გრაფიკი 2019 წლის 25 აპრილიდან და 2019 წლის 10 ივლისის მდგომარეობით მოპასუხის დავალიანება სს „ლ-------------ის “ მიმართ შეადგენს 23 788.24 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა 18 000 ლარი, პროცენტი - 2143.24 ლარი, ჯარიმა 3645 ლარი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- დავალიანების ცნობა.

 

3.4. 2019 წლის 1 მაისს ე-----------–---–ს არსებულ დავალიანებასთან დაკავშირებით გაეგზავნა გაფრთხილების წერილები ბანკისათვის ცნობილ მისამართზე და განესაზღვრა დამატებითი ვადა ვალდებულების შესრულებისათვის, თუმცა გაფრთხილებას რეაგირება არ მოჰყოლია.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- 01.05.2019 წლის გაფრთხილების წერილი.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს „ლ-------------ის“ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლი;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე, 417-ე, 418-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. წარმოდგენილი სარჩელი შეეხება საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდას.

 

მოპასუხეს სარჩელი თანდართული მასალებით ჩაბარდა 2019 წლის 3 დეკემბერს (იხ. ხელწერილი), სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე, 73-ე, 74-ე მუხლების შესაბამისად.

 

სასამართლოს მიერ შესაგებლის წარმოდგენისათვის განსაზღვრული 10-დღიანი ვადა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60, 61-ე მუხლების შესაბამისად, 2019 წლის 13 დეკემბერს ამოიწურა. მოპასუხეს ამ ვადაში შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია სარჩელში მითითებული, გადაწყვეტილების 3.1-3.4 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

მოსარჩელე ითხოვს ე-----------–---–ს დაეკისროს სს „ლ-------------ის“ სასარგებლოდ 23 988.24 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა 18 000 ლარი, პროცენტი - 2143.24 ლარი, ჯარიმა 3645 ლარი და აღსრულების ხარჯი - 200 ლარი.

 

სარჩელში მითითებული და სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები სასარჩელო მოთხოვნას მხოლოდ ნაწილობრივ ამართლებს, შესაბამისად, სასამართლომ დანიშნა სხდომა და მოისმინა მოპასუხის განმარტებები დავის მხოლოდ სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი, ხოლო 867-ე მუხლის თანახმად კი საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი, ხოლო ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის, 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

და ბოლოს, სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები მოთხოვნას ამართლებს მოპასუხისათვის სესხის ძირითადი თანხის - 18 000 ლარის, პროცენტის - 2143.24 ლარის, ჯარიმის - 3645 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში.

 

6.2. მოსარჩელე ასევე ითხოვს მოპასუხეს დაეკისროს აღსრულების ხარჯის 200 ლარის გადახდა.

 

სარჩელში საერთოდ არ არის ასახული აღნიშნული მოთხოვნის საფუძვლად არსებული ფაქტობრივი გარემოებები, შესაბამისად, აღსრულების ხარჯის დაკისრების ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.

 

სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. სსკ-ის მე-3 მუხლით, დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით, დადგენილია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა.

 

მოსარჩელე ვალდებულია, სარჩელში სრულყოფილად მიუთითოს ის ფაქტობრივი გარემობები, რაც სასარჩელო მოთხოვნას საფუძვლად უდევს. მოსარჩელის პროცესუალური რისკია ამ გარემოებების მიუთითებლობა, ვინაიდან თუ მოპასუხე შესაგებელს არ წარმოადგენს, ხოლო სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად არ გაამართლებს მოთხოვნას, დავა მოსარჩელის საწინააღმდეგოდ დასრულდება.

 

განსახილველ შემთხვევაში, სწორედ ასეთ შემთხვევას აქვს ადგილი: მოსარჩელემ არასრულყოფილად მიუთითა დავის ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც, მოპასუხის მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო, სარჩელი დაკმაყოფილდა მხოლოდ იმ ნაწილში, რა ნაწილშიც სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები მოთხოვნად იურიდიულად ამართლებდა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

სს „ლ-------------ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, ე-----------–---–ს სს „ლ-------------ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 669.65 ლარის ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 70-ე-78-ე, 2321-ე, 242-ე-243-ე, 248-ე-250-ე, 257-ე, 369-ე-370-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს „ლ-------------ის“ სარჩელი ე-----------–---–ის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. ე-----------–---–ს სს „ლ-------------ის“ მიმართ დაეკისროს 23788.24 ლარის გადახდა საიდანაც ძირითადი თანხაა 18000 ლარი, პროცენტი 2143,24 ჯარიმა 3645 ლარი.

3. სს „ლ-------------ის“ მოთხოვნა აღსრულების ხარჯის - 200 ლარის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

4. ე-----------–---–ს სს „ლ-------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 669,65 ლარის გადახდა.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) მეშვეობით;

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

7. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის შეტანა დაიშვება, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2000 ლარს.

 

მოსამართლე ხათუნა ჯინორია