გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.02.2020
საქმის ნომერი
080210018002755970
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
17.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2/3955-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

23 იანვარი, 2020 წელი ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - ციცინო მოსიძე

სხდომის მდივანი - ანა რობაქიძე

მოსარჩელე - ზ----- დ-------–---–ი

წარმომადგენელი - ა-–---------ე ჭ----------ე

მოპასუხე - ა--------–---–ი

დავის საგანი - მიყენებული ზარალის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. მოპასუხე ა--------–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს მიყენებული ზარალის ანაზღაურება 10 500 ლარის ოდენობით.

 

მოსარჩელის განმარტებით, 2011 წელს სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, სადაც ითხოვდა მოვალე ნ---- ხ-----–---–ისათვის მისესხებული თანხის დაბრუნებას. მტკიცებულების სახით სასამართლოში წარადგინა პატარა ზომის უჯრედებიან ფურცელზე მოვალის მიერ სესხის აღიარების დამადასტურებელი საბუთი, რის საფუძველზეც მისი მოთხოვნა დააკმაყოფილა მოსამართლე ა-------–---ამ, მაგრამ მან გააჭიანურა საქმის განხილვა. ამ პერიოდში კი მოვალემ გაასხვისა მისი უძრავი ქონება მდებარე ქუთაისში ნ----------ის ქუჩა N19-ში, რაც მოახდინა თაღლითური გზით, ძველი რიცხვით თითქოსდა 2009 წელში გაესხვისებინოს. რამოდენიმე ხნის წინ დასჭირდა აღნიშნული საბუთი, ამისათვის მოითხოვა სასამართლოში მის მიერ წარდგენილი საბუთების გადასინჯვა. საქმის მასალებში მას აღარ დახვდა მისი და მისი ადვოკატის მიერ წარდგენილი ზემოაღნიშნული საბუთი - ხელწერილი. მის ნაცვლად საქმეში დევს სხვა ხელწერილი დიდი ზომის ფურცელი ე.ი. მის მიერ წარდგენილი მტკიცებულება შეუცვალეს, თუმცა მისი ოჯახის წევრებიც და თავად ადვოკატიც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მოვალის მიერ სესხის ხელშეკრულება დაფიქსირებული იყო პატარა ზომის უჯრედებიან ფურცელზე, რომელიც მოვალემ ამოხია მისი და მისი ძმის მაღაზიის შემოსავალ-გასავლის ჟურნალიდან. ამას დაემატა ისიც, რომ საქმის მასალებში მან აღმოაჩინა, რომ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი გადაუხდია ვინმე ა--------–---–ს ორჯერ 249 ლარის ოდენობით მისივე პირადობის ნომრით. აღნიშნული პიროვნება ამბობს, რომ ზ----- დ-------–---–მა მას გადააწოდა თანხა და გადაახდევინა ფული, რაც აბსურდია ამიტომ ითხოვს ზარალის ანაზღაურებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხე ა--------–---–ი წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნობს სარჩელს.

 

სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ განმარტა, რომ 2011 წლის მერე დიდი დროა გასული და ნამდვილად არ ახსოვს ვინ გადააწოდა თანხა და ვისი სახელით გადაიხადა ეს ბაჟი. მისი განმარტებით, მოსარჩელე სამჯერ მივიდა მასთან და უთხრა დაესახელებინა ის პირი, ვინც უთხრა, რომ თანხა შეეტანა ბანკში მის ნაცვლად. ამის სანაცვლოდ ჯიპს სთავაზობდა. მოპასუხის განმარტებით, მას ბანკში თანხის გადახდა ხშირად უწევდა, რადგან თბილისში რიცხავდნენ თანხებს. აღნიშნულიდან გამომდინარე არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას, ვინაიდან გაურკვეველია რა ზარალზე უთითებს მოსარჩელე მხარე და რა სამართლებრივი საფუძვლებიდან გამომდინარე. შესაბამისად, მას უარი უნდა ეთქვას უსაფუძვლო სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ მოიპოვება.

 

3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.2.1. მოსარჩელემ 2011 წელს სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ნ---- ხ-----–---–ის მიმართ, სესხის თანხის დაბრუნების თაობაზე. მტკიცებულების სახით სასამართლოში წარადგინა მოვალის მიერ სესხის აღიარების დამადასტურებელი საბუთი, რის საფუძველზეც მისი მოთხოვნა დაკმაყოფილდა. სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე მოვალემ გაასხვისა მისი უძრავი ქონება მდებარე ქუთაისში ნ----------ის ქუჩა N19-ში. რამოდენიმე ხნის წინ დასჭირდა აღნიშნული საბუთი, ამისათვის მოითხოვა სასამართლოში მის მიერ წარდგენილი საბუთების გადასინჯვა. საქმის მასალებში მან აღმოაჩინა, რომ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი გადაუხდია ვინმე ა--------–---–ს 240 ლარის ოდენობით მისივე პირადობის ნომრით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2.2. წარმოდგენილი შემოსავლის ორდერის თანახმად, ა--------–---–მა (პ/ნ 0----------) სს „თიბისი ბანკის“ ქუთაისის სერვის ცენტრში N3, გადარიცხა 240.9 ლარი. ხოლო საგადახდო დავალება N1 თანახმად ირკვევა, რომ ა--------–---–მა (პ/ნ 0----------) სს „თიბისი ბანკში“ ზ----- დ-------–---–ის (პ/ნ 6----------) სახელით სახელმწიფო ბიუჯეტში სახაზინო კოდზე - 3-------- შეიტანა სახელმწიფო ბაჟი სასამართლოში განსახილველ საქმეზე 240 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შემოსავლის ორდერი N8-------- (ს.ფ. 18);

- საგადახდო დავალება N1 (ს.ფ. 19);

 

3.2.3. მოსარჩელის განმარტებით, ა--------–---–ის მიერ მიყენებული ზიანი გამოიხატება იმაში, რომ ვერ გებულობს ვინ გადაურიცხა ფული. 10500 ლარი არის ის თანხა, რომელიც მას უნდა მიეღო მოვალე ნ---- ხ-----–---–ისგან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება, კითხვა-პასუხი (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2.4. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მოპასუხე ა--------–---–ს ზ----- დ-------–---–ისთვის ზიანი არ მიუყენებია, რადგან ა--------–---–ის მიერ სახელმწიფო ბაჟის შეტანით ზ----- დ-------–---–ს ზიანი არ მიდგომია. პირიქით, ა--------–---–მა ზ----- დ-------–---–ის სახელით ანუ მის სასარგებლოდ მოახდინა თანხის გადარიცხვა. შესაბამისად, სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის მტკიცებას, რომ ა--------–---–მა მას მიაყენა ზიანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. მოსარჩელე აცხადებს, რომ ვინაიდან ა--------–---–მა მისი სახელით გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი და არ ასახელებს ვისი დავალებით გადაიხადა, აღნიშნულით ადგება ზარალი და ითხოვს თანხის დაკისრებას. მოსარჩელე მხარემ თავისი მოთხოვნის დასადასტურებლად მხოლოდ ახსნა-განმარტება წარმოადგინა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

მტკიცებულების გასაქარწყლებლად აუცილებელია მტკიცებულებით დადგენილი ფაქტების საწინააღმდეგო, გამაბათილებელი ან სულ მცირე, განსხვავებული ფაქტების დამადასტურებელი ალტერნატიული მტკიცებულების წარმოდგენა. მოსარჩელის მიერ მარტოოდენ მითითება იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხის ქმედებით მიადგა ზიანი, საკმარისი არ არის. სასამართლო განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა მიგვეჩნია, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს, რომლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

- საქართველოს კონსტიტუცია;

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.

 

უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მოპასუხემ ვინაიდან გადაიხადა მისი სახელით სახელმწიფო ბაჟი, მას მიაყენა 10 500 ლარის ზიანი. მოპასუხე ზიანს არ ანაზღაურებს, ანუ არ ასახელებს იმ პირს, ვინც უთხრა, რომ თანხა შეეტანა ბანკში მის ნაცვლად. მოსარჩელის განმარტებით, ა--------–---–ის მიერ მიყენებული ზიანი გამოიხატება იმაში, რომ ვერ გებულობს ვინ გადაურიცხა ფული, რითაც არღვევს მის უფლებებს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ თუ მოპასუხის ვალდებულებაა ზიანის ანაზღაურება, მაშინ მოპასუხის ქმედებები უნდა შეფასდეს მოსარჩელის უფლებების დარღვევად. შესაბამისად მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით. ანუ სარჩელი აღძრას და მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

6.2. მოსარჩელე მოითხოვს, რომ მოპასუხემ გადაუხადოს თანხა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ თანხის გადახდას აუცილებლად სჭირდება შესაბამისი ვალდებულების არსებობა (საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი). ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ვალდებულების მონაწილე სუბიექტს აიძულებს რაიმე მოქმედების შესრულებას, ან ასეთი მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავებას. იმისათვის, რომ მოსარჩელეს გააჩნდეს მოთხოვნის უფლება, საჭიროა ის ვალდებულებით ურთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. სხვისი ქონების დაზიანება ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია. ამიტომაც მხარეთა ურთიერთობა წარმოადგენს დელიქტის საფუძველზე წარმოშობილ ვალდებულებას.

 

მოსარჩელე მიუთითებს დელიქტურ ვალდებულებაზე, ანუ ქონების დაზიანებით მიყენებულ ზიანზე. დელიქტი ცნობილი იყო სამართლის განვითარების უძველეს პერიოდებშიც. დელიქტი ისეთი აკრძალული ქმედება იყო, რომელიც ვალდებულების წარმოშობას იწვევდა. ყოველგვარი დელიქტი გულისხმობდა:

ა) მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებას. მართლსაწინააღმდეგო ქმედება უნდა შეიცავდეს, ზოგადი წესით, dolus (ფარული, ბოროტი განზრახვა), ხოლო ერთ შემთხვევაში (damnum iniuria damnum) – culpa-ს (გაუფრთხილებლობა, გაუფრთხილებელი ბრალი, გაუფრთხილებელი გადაცდომა); დელიქტუნარიანი შეიძლებოდა ყოფილიყო მხოლოდ შერაცხადი პირი;

ბ) delictum რაიმე ადამიანური სიკეთის ხელყოფას ან დაზიანებას გულისხმობდა (სხეული, თავისუფლება, ქონება, პატივი და ღირსება). delictum, როგორც კერძო ხასიათის სამართალდარღვევა, დაზარალებულის მხარეზე ორგვარი ხასიათის ინტერესს წარმოშობდა: ზიანის მიმყენებლის დასჯის სურვილსა და მიყენებული ზარალის ანაზღაურების აუცილებლობას. აქედან გამომდინარე, exdelicto-დან კრედიტორი ფლობდა ორ მოთხოვნას, რომლებიც, კუმულაციურად, ორი ტიპის სარჩელებით იყო დაცული: საჯარიმო სარჩელით (actio poenalis) და არასაჯარიმო სარჩელით (action rei persucutoria), რომლის მეშვეობით ხდებოდა ქონებრივი ინტერესის დაკმაყოფილება. ამდენად დელიქტური ვალდებულება არ წარმოადგენს სიახლეს. უძველესი პერიოდიდან მოყოლებული სხვისი ქონებისადმი ზრუნვის ვალდებულება არსებობდა. სხვისი ქონების ხელმყოფს კანონი ავალდებულებდა აენაზღაურებინა ზიანი. ანალოგიური პრინციპია დღესაც.

 

6.3. მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს სამოქალქო კოდექსის 992-ე მუხლის საფუძვლიდან. კერძოდ „პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი”.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისათვის აუცილებელია ერთდროულად არსებობდეს რამოდენიმე პირობა. კერძოდ:

- მოპასუხის ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო;

- მართლწინააღმდეგობა გამოწვეული უნდა იყოს განზრახი ან გაუფრთხილებელი ქმედებით;

- მართლსაწინააღმდეგო ქმედებას უნდა მოჰყვეს ზიანი;

- მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი.

 

საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისათვის შესაფასებელია არსებობს თუ არა ზიანი და იგი გამოწვეულია თუ არა მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით; მართლწინააღმდეგობა გამოწვეულია თუ არა მოპასუხის განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით; ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის არის თუ არა მიზეზობრივი კავშირი.

 

6.4. ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა) მართლსაწინააღმდეგოა, თუ ის არ შეესაბამება სამართლის ნორმებით დადგენილ წესს და ეწინააღმდეგება მას. კანონი იცავს სამართლით რეგულირებულ და დაცულ საზოგადოებრივ ურთიერთობებს. მართლსაწინააღმდეგო ქმედებით შესაძლებელია ზიანი მიადგეს საზოგადოებისა და ცალკეული პიროვნების კანონით დაცულ ფასეულობას, საკუთრებას, სახელმწიფოს ან საზოგადოებას მთლიანად და იწვევს იურიდიულ პასუხისმგებლობას. მოქალაქეთა პირადი და ქონებრივი უფლებების ხელყოფა მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგია და ამისათვის გათვალისწინებულია სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა. პირი, რომელიც სხვას მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. იმისათვის, რომ მოპასუხის მოქმედება ჩაითვალოს მართლსაწინააღმდეგოდ, უპირველესად უნდა დადგინდეს მისი მოქმედება კანონით დადგენილ რომელ წესს ეწინააღმდეგება.

 

6.5. სასამართლომ დაადგინა, რომ საქმის განხილვის მომემენტისათვის მოსარჩელე ზ----- დ-------–---–მა ვერ დაამტკიცა, რომ ა--------–---–ის მიერ მის სახელზე სახელმწიფო ბაჟის გადახდით მას მიადგა რაიმე ზიანი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამართალწარმოების მიზნის მისაღწევად სავალდებულო სასამართლომ საქმის განხილვის მარეგულირებელი პროცესუალური წესების დაცვით, მხარეების მიერ მითითებული ფაქტებისა და გარემოებების სწორი სამართლებრივი ანალიზით დაადგინოს მოსარჩელის მოთხოვნის მართებულობა. საფუძვლიანია თუ არა სარჩელი, დამოკიდებულია რამდენიმე პირობის არსებობაზე, მათ შორის უპირველესად უნდა მოიძებნოს სამართლის ნორმა, რომელიც მიესადაგება განსახილველ შემთხვევას. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის დადგენის შემდეგ უნდა მოხდეს შემოწმება, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები პასუხობს თუ არა გამოსაყენებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებს (შემადგენლობას). მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა, მატერიალური სამართლის ნორმიდან გამომდინარე კი, სასამართლომ თავადვე უნდა დაადგინოს დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტების (მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების) ამომწურავი წრე, რათა მას არ მოუწიოს იმ გარემოებათა დადგენა, რომლებსაც საქმისათვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვთ, და პირიქით, რათა მთელი სამართალწარმოება საძიებელ ფაქტებზე იქნეს ორიენტირებული. წინამდებარე დავაში შესაძლებელია დელიქტური ვალდებულების თითოეულ ნიშანს ჰქონდეს დიდი თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობა, მაგრამ ერთ-ერთი კომპონენტის არარსებობა გამორიცხავს დელიქტურ ვალდებულებას. შესაბამისად ზიანის არსებობისა და მიზეზობრივი კავშირის კვლევა და მათი სამართლებრივი შეფასება, დავის გადაწყვეტისათვის ნიშვნელოვანი აღარაა. როგორც ზემოთ განიმარტა, დელიქტურ ვალდებულებას წარმოშობს ერთდროულად შემდეგი კომპონენტები: მოპასუხის ქმედების უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგობა; მართლწინააღმდეგო ქმედების განზრახი ან გაუფრთხილებელი ხასიათი; მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგი - ზიანი; მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი.

 

სასამართლომ პირველი ნიშნის ანალიზით დაადგინა, რომ ა--------–---–ის მოქმედება - ზ----- დ-------–---–ის სახელით და მის სასარგებლოდ სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის შეტანა, არაა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რის გამოც არ არსებობს ზიანის ანაზღაურების საფუძველი. შესაბამისად სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

6.7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

 

მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლო დაემტკიცებინა ის გარემოებები, რომლებზედაც ის ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნებს, კერძოდ, ა--------–---–ის ქმედება რომ იყო მართლსაწინააღმდეგო და ამ ქმედებით მას მიადგა 10 500 ლარის ოდენობით ქონებრივი ზიანი. ასევე მიზეზობრივი კავშირის არსებობა ზიანის მიმყენებლის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის. თავის მხრივ მოპასუხემ შეძლო დაემტკიცებინა მოსარჩელის მოთხოვნების უსაფუძვლობა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

ამავე კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა. თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

ასევე დადგენილია, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად არ არსებობს სახელმწიფო ბაჟის მოპასუხისათვის დაკისრების საფუძველი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ზ----- დ-------–---–ის სარჩელი ზიანის ანაზღაურების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნ----------ის ქუჩა №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4-5 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11) მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: ციცინო მოსიძე