გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 100210019003218175
# 2/315-2019 წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
29.01.2020წ. ქ. საჩხერე
შესავალი ნაწილი
საჩხერის რაიონული სასამართლო
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე ივანე ყიფიანი
სხდომის მდივანი ნათია ბერიძე
მოსარჩელე: გ------- მ------–---–ი
წარმომადგენელი: დ----- კ----–--ე
მოპასუხე: თ----- დ--------ე
წარმომადგენელი: ია ხ------–--ე
დავის საგანი: განქორწინება,აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. საჩხერის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მომართა, მოსარჩელე - გ------- მ------–---–ის (პ.ნ.3----------) წარმომადგენელმა, მოპასუხე - თ----- დ--------ის (პ.ნ.3----------) მიმართ, განქორწინების თაობაზე.
მოსარჩელის განმარტებით იგი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება მოპასუხე თ----- დ--------ესთან 2008 წლის 18 ნოემბრიდან, თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: ბ-------- მ------–---–ი და მ------ მ------–---–ი.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ ქორწინებიდან გარკვეული დროის გასვლის შემდგომ მათ შორის შეიქმნა ოჯახური უსიამოვნება რომელმაც მასიური ხასიათი მიიღო, რომლის გამოსწორებაც ვერ მოხერხდა. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მდგომარეობა იმდენად დაძაბულია, რომ მათი თანაცხოვრება შეუძლებელია.
სარჩელის მიხედვით სასარჩელო მოთხოვნა შეადგენს მოხდეს მოსარჩელეს და მოპასუხეს შორის 2008 წლის 18 ნოემბერს რეგისტრირებული ქორწინების შეყვეტა (ქორწინების სააქტო ჩანაწერი - 47200830296) განქორწინებით.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხის მიერ მოცემულ სარჩელზე შემოტანილი იქნა შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო, მოპასუხე არ დაეთანხმა განქორწინებას, მიუთითა რომ მათი შერიგება შესაძლებელია, მისთვის და ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია რომ ცხოვრობდეს მეუღლესთან ერთად და შენარჩუნდეს მათი ოჯახი. საქმის განხილვის მიმდინარეობისას მოპასუხის მიერ არ შეცვლილა შესაგებელში მითითებული პოზიცია, მოპასუხემ არ ცნო სარჩელი.
2.2. მოპასუხის მიერ შემოტანილი იქნა შეგებებული სარჩელი საქმის მოსამზადებელ ეტაპზე, ალიმენტის დაკისრების მოთხოვნით. მოცემულ საკითხზე მხარეთა შორის მიღწეული იქნა მორიგება, წარმოდგენილი იქნა მორიგების აქტი, რომელიც დამტკიცდა სასამართლოს მიერ 2019 წლის 11 ნოემბრის მოსამზადებელ სხდომაზე. შესაბამისად სასამართლოს განჩინებით შეწყდა საქმის წარმოება შეგებებულ სარჩელზე ალიმენტის დაკისრების ნაწილში მხარეთა მორიგების გამო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ მხარეებს სასამართლომ მისცა ვადა შესარიგებლად რომ შერიგებულიყვნენ, მაგრამ მიუხედავად ამისა ისინი ვერ შერიგდნენ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა ახსნა-განმარტებები(იხ.ოქმი)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოება
3.2.1. დადგენილია, რომ გ------- მ------–---–ი (პ.ნ.3----------) და მოპასუხე თ----- დ--------ე (პ.ნ. 3----------) რეგისტრირებულ ქორწინებაში არიან 2008 წლის 18 ნოემბრიდან. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი 2009 წლის 29 დეკემბერს დაბადებული ბ-------- მ------–---–ი (პ.ნ.3----------) და მ------ მ------–---–ი (პ.ნ.3----------) დაბადებული 2012 წლის 11 ნოემბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- ქორწინების მოწმობა (ს.ფ.13)
- დაბადების მოწმობები (ს.ფ. 14-15);
3.2.2. დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ შემოტანილი იქნა შეგებებული სარჩელი საქმის მოსამზადებელ ეტაპზე, ალიმენტის დაკისრების მოთხოვნით. მოცემულ საკითხზე მხარეთა შორის მიღწეული იქნა მორიგება, წარმოდგენილი იქნა მორიგების აქტი, რომელიც დამტკიცდა სასამართლოს მიერ 2019 წლის 11 ნოემბრის მოსამზადებელ სხდომაზე. შესაბამისად სასამართლოს განჩინებით შეწყდა საქმის წარმოება შეგებებულ სარჩელზე ალიმენტის დაკისრების ნაწილში მხარეთა მორიგების გამო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შეგებებული სარჩელი (ს.ფ.41-53)
- მორიგების აქტი, სხდომის ოქმი და განჩინება (ს.ფ.78-84; 87-89)
3.2.3. დადგენილია, რომ მოსარჩელს და მოპასუხეს შორის არსებობდა ქორწინების პერიოდში გარკვეული სახის უთანხმოება, რასაც მხარეები ადასტურებენ. ასევე დადგენილია, რომ მათ ვერ შეძლეს ამ უთანხმოების აღმოფხვრა, რის გამოც მოსარჩელემ მომართა სასამართლოს განქორწინების მოთხოვნით.
სასამართლოს მცდელობების და მოპასუხის პოზიციის მიუხედავად მოსარჩელემ თავის მოთხოვნა განქორწინებაზე არ შეცვალა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. საქმეში წარმოდგენილი გარემოებებისა და მტკიცებულებების გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე სასამართლო თვლის რომ, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და შეწყდეს გ------- მ------–---–ს (პ.ნ.3----------) და მოპასუხე თ----- დ--------ეს (პ.ნ. 3----------) შორის არსებული ქორწინება (რეგისტრირებული 2008 წლის 18 ნოემბერს, რეგისტრირებული სსგს საჩხერის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ. სააქტო ჩანაწერის ნომერი 47200830296) განქორწინებით.
5.კანონები, სხვა სახის ნორმატიული აქტები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე, 1122-ე, 1127-ე მუხლები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-106 მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
6.2. სამოქალაქო კოდექსის1106 მუხლის შესაბამისად ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში (შემდგომ – სააგენტოს ტერიტორიული სამსახური).
სამოქალაქო კოდექსის1122-ე მუხლის შესაბამისად ქორწინების შეწყვეტის საფუძველია განქორწინება.
სამოქალაქო კოდექსის1127-ე მუხლის შესაბამისად განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით. სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა. განქორწინების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო,როცა აუცილებელია, იღებს ზომებს მცირეწლოვანი შვილებისა და შრომისუუნარო მეუღლის ინტერესების დასაცავად.
სასამართლოს მცდელობების და მოპასუხის პოზიციის მიუხედავად მოსარჩელემ თავის მოთხოვნა განქორწინებაზე არ შეცვალა, მოსარჩელე ითხოვს შეწყდეს ქორწინება განქორწინებით.
6.3. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.
ამდენად სასამართლო თვლის, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, მხარეთა შორის უნდა შეწყდეს ქორწინება განქორწინებით.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ხოლო სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.
თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟის თანხა, სარჩელი დაკმაყოფილდა აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გ------- მ------–---–ის სარჩელი თ----- დ--------ის მიმართ დაკმაყოფილდეს, შეწყდეს გ------- მ------–---–ს (პ.ნ.3----------) და მოპასუხე თ----- დ--------ეს (პ.ნ. 3----------) შორის არსებული ქორწინება (რეგისტრირებული 2008 წლის 18 ნოემბერს, რეგისტრირებული სსგს საჩხერის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ. სააქტო ჩანაწერის ნომერი 47200830296) განქორწინებით.
2. თ----- დ--------ეს დაეკისროს გ------- მ------–---–ის სასარგებლოდ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).
აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ეცნობოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის შესაბამის სამსახურს, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5(ხუთი) დღის ვადაში.
4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ივანე ყიფიანი