გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/28475-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
28 იანვარი, 2020 წელი ქ.თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლია ავალიშვილი
სხდომის მდივანი თათია სახელაშვილი
მოსარჩელე – შპს ,,აი------ი“
წარმომადგენელი – სუ-–-----------ე
მოპასუხე – შპს ,,სა----------ი“
წარმომადგენელი – და-------------–ი
დავის საგანი - სახელშეკრულებო ურთიერთობიდან წარმოშობილი ფულადი ვალდებულების დაკისრება
1. სასარჩელო მოთხოვნა
1. მოსარჩელე შპს ,,აი------ის“ სასარგებლოდ მოპასუხე შპს ,,სა----------ი“ - სთვის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულების - 43 386.76 ლარის დაკისრება.
სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
შპს ,,სა----------სა“ და შპს „აი------ს“ შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შპს ,,სა----------მა“ შპს „აი------ს“ მიაწოდა 70 591.99 ლარის საქონელი.
შპს ,,სა----------მა“ შპს „აი------ის“ მიმართ ნაწილობრივ შეასრულა ნასყიდობის ფასის გადახდის ვალდებულება, კერძოდ, 27 206.20 ლარის ოდენობით (ორი: 14 630 და 12 576.20 ლარის გადახდის გზით).
შპს ,,სა----------ს“ შპს „აი------ის“ მიმართ შესასრულებელი დარჩა 43 386.79 ლარის გადახდის ვალდებულება, რაც შპს „აი------ის“ არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, შპს ,,სა----------მა“ არ შეასრულა.
მოსარჩელემ მოითხოვა აღნიშნული დავალიანების მოპასუხისთვის დაკისრება.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ სასამართლოში წარმოდგენილ შესაგებელში სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მიმართ არ გააჩნია შეუსრულებელი ვალდებულება. მან სადავო გახადა 2017 წლის 21 დეკემბრის ურთიერთშედარების და შეთანხმების N21/12/2017-1 აქტი. მიუთითა, რომ მასზე არ ფიქსირდება თე----------------–---–-ს ხელმოწერა.
მოპასუხის მოსაზრებით, სასარჩელო მოთხოვნა 43 386.70 ლარის დაკისრების შესახებ უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1 შპს ,,სა----------სა“ და შპს „აი------ს“ შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება.
ხელშეკრულების თანახმად, შპს ,,სა----------მა“ შპს „აი------ს“ მიაწოდა 70 591.99 ლარის საქონელი. აღნიშნულზე შედგა სასაქონლო ზედნადებები.
მოსარჩელემ სასამართლოს ასევე წარმოუდგინა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლებიც დადასტურებულია მოპასუხის მიერ.
შპს ,,სა----------მა“ შპს „აი------ის“ მიმართ ნაწილობრივ შეასრულა ნასყიდობის ფასის გადახდის ვალდებულება - 27 206.20 ლარის ოდენობით (ორი: 14 630 და 12 576.20 ლარის გადახდის გზით).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარის ახსნა-განმარტება;
- სასაქონლო ზედნადებები, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (ს.ფ. 18; 19-70, 189-236);
- საგადახდო დავალება ( ს.ფ. 71-72).
3.2 დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოება:
3.2.1. მოპასუხემ მიუთითა, რომ სრულად აქვს შესრულებული შპს „აი------ის“ მიმართ ნაკისრი ვალდებულება და არ ერიცხება დავალიანება, რითაც დაადასტურა მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულების დადების ფაქტი. საქმეში წარმოდგენილი საგადახდო დავალებები ადასტურებს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს ნაწილობრივ გადაუხადა შეძენილი საქონლის ღირებულება (ს.ფ. 71, 72).
სასამართლო დასაბუთებულ შეპასუხებად ვერ შეაფასებს და გაიზიარებს მოპასუხის განმარტებას, რომ სასაქონლო ზედნადებები არ არის დადასტურებული/ხელმოწერილი მისი მარწმუნებლის მიერ.
ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობის დასადასტურებლად მოსარჩელემ მიუთითა დამატებით წარმოდგენილ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებზე, რომლებიც დადასტურებულია მყიდველის მიერ.
საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრულია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ბუნება და მისი დადასტურების წესი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, გარდა ამ მუხლით დადგენილი გამონაკლისებისა, რომლის გამოწერისა და წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. ამავე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილ შემთხვევებში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა შეიძლება გამოიწეროს და წარდგენილ იქნეს ელექტრონული ფორმით (ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა), რომელიც არ არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №886 ბრძანებით დამტკიცებული ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” ინსტრუქციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის კომუნიკაცია (მათ შორის, დეკლარირება) შესაძლებელია განხორციელდეს ელექტრონული ფორმით, ონლაინ რეჟიმში, შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის www.rs.ge (...) გამოყენებით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამსახურის ვებგვერდის მეშვეობით – პირის მიერ ელექტრონული ფორმით შედგენილი და წარდგენილი დოკუმენტი/წერილი, ასევე საგადასახადო ორგანოს მიერ ელექტრონული ფორმით შექმნილი და გაგზავნილი დოკუმენტი/წერილი არ საჭიროებს უფლებამოსილი პირის ხელმოწერას და მას აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც წერილობითი ფორმით წარდგენილ/გაგზავნილ, პირადი ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებულ დოკუმენტს/წერილს.
,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის თანახმად, ელექტრონული ფორმით საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის დასადასტურებლად პირი შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე უნდა იყოს ავტორიზებული, უნდა ჰქონდეს ელექტრონული სისტემის წვდომისთვის საჭირო ინფორმაცია: პირადი ნომერი და პაროლი, რაც მხოლოდ მომხმარებლისთვის არის ცნობილი.
წარმოდგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები ელექტრონულად დადასტურებულია მოპასუხე შპს ,,სა----------ის“ სახელით.
სასამართლო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ მხარეებს შორის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დადასტურებით მოხდა ნასყიდობის ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმება.
ამრიგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დადასტურების შედეგად, მხარეები შეთანხმდენენ ნასყიდობის ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მხარეებს შორის ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობა ეჭვს არ იწვევს.
მოპასუხემ წარმოდგენილ მარტივ შესაგებელში სარჩელი არ ცნო, მიუთითა, რომ მოპასუხეს არ გააჩნია შეუსრულებელი ვალდებულება და შესაბამისად, სარჩელი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. ასევე განმარტა, რომ 2017 წლის 21 დეკემბრის ურთიერთშედარების და შეთანხმების N21/12/2017-1 აქტზე არ ფიქსირდება შპს „სა----------ის“ დირექტორის თე----------------–---–-ს ხელმოწერა.
სასამართლოს 2019 წლის 23 დეკემბრის საოქმო განჩინებით საქმიდან ამოირიცხა მტკიცებულება 2017 წლის 17 დეკემბრის ურთიერთშედარებისა და შეთანხმების აქტი.
ამრიგად, სასამართლო მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ აღნიშნულ მტკიცებულებას ვერ დაეყრდნობა. ამ ვითარებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე მხარეთა უფლებების რეალიზაციას და იმ მტკიცებულების წარმოდგენას, რის საფუძველზეც მხარემ შეიძლება დაადასტუროს საკუთარი ვალდებულების შესრულების ფაქტი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენისას. კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს, თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტურებს მოთხოვნას, რითაც სასამართლოს დაარწმუნებს მის საფუძვლიანობაში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილში ჩამოყალიბებული ნუსხის მიხედვით საქმის სადავო გარემოებების დადასტურება შესაძლებელია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
ნასყიდობის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებების სპეციფიკის გათვალისწინებით, თითოეული ხელშემკვრელი მხარე, თავადვე აგებს პასუხს იმ სამოქალაქო რისკის თაობაზე, რომელიც ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულების მოუპოვებლობას შეიძლება მოჰყვეს შედეგად.
მოცემულ საქმეში უნდა დამტკიცდეს ფულადი ვალდებულების შესრულების ფაქტი.
ფულადი ვალდებულების შესრულების მიმართ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი შესაბამისი მტკიცებულების მოპოვების თავისებურ წესს ადგენს.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.
აღნიშნული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ ვალდებულების შესრულების თაობაზე დავისას, მტკიცების ტვირთი ეკისრება მოვალეს, მან უნდა დაამტკიცოს, რომ ვალდებულება შესრულებული აქვს შესაბამისი ანგარიშსწორების გზით.
იმ ვითარებაში, როდესაც საქონლის მიწოდების ფაქტი საქმეში წარმოდგენილი, დადასტურებული ანგარიშ-ფაქტურების თანახმად, ეჭვს არ იწვევს, თანხის გადახდის მტკიცების ტვირთი, მითითებული ნორმის შესაბამისად, მთლიანად მოპასუხეს უნდა დაეკისროს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მყარად ჩამოყალიბებული პრაქტიკის თანახმად, „მითითებული ნორმიდან [429-ე მუხლის 1-ლი ნაწილი] გამომდინარე, კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია სწორედ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესით, რომლის თანახმად, შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას იმიტომ წარმოადგენს მოვალისათვის, რომ საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისით, ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი მას ეკისრება. შესაბამისად, სადავოობის შემთხვევაში, მოვალემ ამ დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს ვალდებულების შესრულების ფაქტობრივი გარემოება, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე, რომელსაც არანაირი საჭიროება არ აქვს, ფლობდეს ამ დოკუმენტს არც პროცესუალური და არც მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ მოვალე აღჭურვილია მთელი რიგი უფლებებით, რომ შეძლოს ვალდებულების შესრულების და კრედიტორის მიერ ამ შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება“. (იხ. სუსგ N ას-773-773-2018, 14/01/2019, მასში არსებული მითითებთბით: სუსგ №ას-970-935-2016, სუსგ №ას-970-935-2016, 2017 წლის 18 დეკემბერი; №ას-570-541-2015, 2015 წლის 11 ნოემბერი; სუსგ №ას-1541-1547-2011; 2012 წლის 19 აპრილი).
სათანადო მტკიცებულება, რაც დაადასტურებს მოპასუხის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების ფაქტს (ნასყიდობის თანხის გადახდას), საქმეში წარდგენილი არ არის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის წარმომადგენლის მხოლოდ ახსნა-განმარტებას იმის შესახებ, რომ მის მარწმუნებელს სრულად აქვს შესრულებული მოსარჩელის მიმართ ნაკისრი ვალდებულება და დავალიანება არ ერიცხება.
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მტკიცებულებების შესწავლისა და შეფასების შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხე შპს ,,სა----------ს“ მოსარჩელე შპს „აი------ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ნასყიდობის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულების - 43 386.79 ლარის გადახდა;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე, 361-ე, 429-ე, 477-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1 მხარებს შორის ვალდებულების წარმოშობის საფუძველია ნასყიდობის ხელშეკრულება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
ნასყიდობის ხელშეკრულება წარმოადგენს ორმხრივ გარიგებას, რომლის მთავარი დამახასიათებელი ვალდებულებებია ერთი მხრივ, ნასყიდობის საგნის მიწოდება, ხოლო მეორე მხრივ, შესაბამისი ფასის გადახდა. გამყიდველის - კრედიტორის მიერ ნასყიდობის საგნის მიწოდებისას, მყიდველი იქცევა მოვალედ, რომლის მიერ შეთანხმებული ფასის გადახდის ვალდებულება უცილობლად უნდა შესრულდეს.
მოცემულ საქმეში ნასყიდობის საგნის გადაცემის ვალდებულება მოსარჩელეს ეკისრებოდა, ხოლო მოპასუხე ვალდებული იყო შეესრულებინა ნასყიდობის ფასის გადახდის ვალდებულება; მოპასუხის ეს ვალდებულება კერძოსამართლებრივი ურთიერთობის სხვა მონაწილეებისგან განსხვავებით, კიდევ უფრო არ შეიძლება ეჭვ ქვეშ დადგეს იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ როგორც მოსარჩელე, ისე მოპასუხე მეწარმეებს წარმოადგენენ. მნიშვნელოვანია ხანგრძლივ სამეწარმეო ურთიერთობაში ყოფნის ფაქტიც. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ურთიერთობის ამგვარი ხასიათი დასტურდება არაერთი მიწოდებით, რაც საქმეში წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებებით და საგადასახდო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით, 2016 წლის განმავლობაში პერიოდულად და უწყვეტად ხორციელდებოდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის 427-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით.
საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერით, რაც დაადასტურა მოპასუხემ, დადგინდა მოსარჩელის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საქონლის მიწოდება. მოპასუხეს კი თავისი ვალდებულება ნასყიდობის საგნის ფასის გადახდით უნდა შეესრულებინა.
როდესაც სადავოა მყიდველის - კრედიტორის მიერ ფულადი სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულება, შესაბამისი მტკიცებულების წარმოდგენის ვალდებულება კრედიტორს აკისრია.
მყიდველის მიერ შესაბამისი ვალდებულების შესრულების დასადასტურებლად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლით გათვალისწინებული დათქმის შესაბამისად, მოპასუხემ ვერ წარმოადგინა ფულადი ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი.
მოპასუხემ ვერ დაამტკიცა რა, საკუთარი ვალდებულების შესრულება, მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულებაზე მითითებისას სასამართლო მოსარჩელის განმარტებას საკმარის მტკიცებულებად მიიჩნევს.
ზემოაღნიშნული გარემოებები საკმარისია შესაბამისი სასარჩელო მოთხოვნის დადასტურებულად მიჩნევისათვის. ამიტომ სარჩელი უნდა დაკმყოფილდეს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით თანხის დაკისრების ფარგლებში.
მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 43 386.79 ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები.
7.1 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.
53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილ იქნა - 1 302 ლარი, რაც სარჩელის დაკმაყოფილების გამო უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.
7.2.1 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ე) ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე, გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი შეადგენს 50 ლარს.
მოსარჩელე შპს „აი------ის“ მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 100 ლარი, რაც აჭარბებს კანონით დადგენილ ოდენობას. აღნიშნულის გათვალისწინებით ზედმეტად გადახდილი 50 ლარი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 03 ოქტომბრის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიზნით ყადაღა დაედო შპს „სა----------ის“ უძრავ ქონებას. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდა შპს „სა----------ის“ საჩივრის გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2019 წლის 30 იანვრის განჩინებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 03 მაისის განჩინებით შპს „აი------ს“ უარი ეთქვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2019 წლის 30 იანვრის განჩინებაზე წარდგენილი საჩივრის განხილვაზე დაუშვებლობის გამო.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1.შპს „აი------ის“ სარჩელი შპს ,,სა----------ის“ მიმართ თანხის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხე შპს ,,სა----------ს“ მოსარჩელე შპს „აი------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ნასყიდობის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულების - 43 386.79 ლარის გადახდა;
3. მოპასუხე შპს ,,სა----------ს“ მოსარჩელე შპს „აი------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 1 302 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;
4.შპს „აი------ს“ (401973986) დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობის გამო ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 50.00 ლარი.
(გადახდის თარიღი - 29/08/2018; საგადახდო დავალება N1535528684, გადამხდელი - სს ,,თიბისი ბანკი’’; გადამხდელის ბანკი - სს ,,თიბისი ბანკი’’; სახაზინო კოდი - 300773150; მიმღები - სახელმწიფო ხაზინა ).
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლია ავალიშვილი