გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.02.2020
საქმის ნომერი
351210019003156884
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
19.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№ 3-----------------

საქმე №2-379-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი:

19 თებერვალი, 2020 წელი ქ. გარდაბანი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე

გარდაბნის მუნიციპალიტეტში - ირინე ტყეშელაშვილი

სხდომის მდივანი - გიორგი ნოზაძე

მოსარჩელე - ხ----- ს-------ა

წარმომადგენლები: ფ-------- კ------–---–ი, ზ---- ნ------ა

მოპასუხე - ეივაზ ს-------ი (არ გამოცხადდა)

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო

წარმომადგენელი - ლ-–- პ--------–---–ი

დავის საგანი - განქორწინება და მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შეწყდეს მოსარჩელე ხ----- ს-------ას და მოპასუხე ეივაზ ს-------ს შორის 07.07.2006 წელს რეგისტრირებული ქორწინება, სააქტო ჩანაწერის №0------;

 

1.2. მოპასუხე ეივაზ ს-------ს შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, მისი არასრუწლოვანი შვილების: ა) ს------- ს-------ის; ბ) ა-–---- ს-------ას; გ) ო---- ს-------ის მიმართ, საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღებასთან დაკავშირებით თანხმობის გაცემის ნაწილში, სხვა უფლებების შეუზღუდავად.

 

სარჩელის მიხედვით, მხარეები 07.07.2006 წლიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. ქორწინებამდე და ქორწინების პერიოდში, მხარეებს შეეძინათ შვილები: ს------- ს-------ი, ა-–---- ს-------ი და ო---- ს-------ი. თავიდანვე, მოპასუხე მინიმალურ მონაწილეობას იღებდა შვილების აღზრდაში, 2013 წლის შემდეგ კი, საერთოდ ხელი აიღო ოჯახის რჩენაზე. მოპასუხე ხშირად მიემგზავრება პირად საქმეებზე ისე, რომ ამის შესახებ არაფერს ატყობინებს მეუღლეს, ბრუნდება რამდენიმე თვის შემდეგ და მალევე მიემგზავრება, ასე გრძელდება 6 წელია. ხ----- ს-------ისთვის აუტანელი გახდა მეუღლის ოჯახში ცხოვრება და რამდენიმე თვეა, რაც ის და მისი არასრულწლოვანი შვილები საცხოვრებლად გადავიდნენ ხ----- ს-------ას მშობლების სახლში. 2019 წლის ზაფხულში მორიგი დაბრუნების დროს, ეივაზ ს-------მა არც კი ინახულა შვილები, მას ოჯახის წევრების მიმართ არანაირი ინტერესი აღარ აქვს. ოჯახის შენარჩუნებას მხარეებს შორის აზრი აღარ აქვს. მოსარჩელეს სურს, რომ პერიოდულად შვილები წაიყვანოს საქართველოს საზღვრებს გარეთ, თუმცა მათ არ გააჩნიათ საქართველოს მოქალაქის პასპორტები.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე - ეივაზ ს-------ს სარჩელზე წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სხდომაზე გამოცხადებულა.

 

3. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს - სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს პოზიცია:

 

3.1. გარდაბნის რაიონული განყოფილების სოციალური მუშაკის - ვ----–- ფ--–---ის 12.12.2019 წლის №1--- დასკვნის თანახმად, მოპასუხის პოზიციის და დამოკიდებულების დადგენა დავის საგანთან მიმართებაში ვერ დადგინდა, ვინაიდან ის არ იმყოფება საქართველოში. დასკვნის თანახმად, ს------- და ა-–---- ს-------ების ჯანმრთელობის მდგო----ეობა დამაკმაყოფილებელია, მათ პოზიტიური მიჯაჭვულობა აქვთ ჩამოყალიბებული და განვითარებული დედის მიმართ, ისინი ყოველთვის ერთად არიან და დედას არასოდეს დაუტოვებია შვილები სხვასთან. ბავშვები იღებენ ზოგად განათლებას, ისინი არიან ყარაჯალარის საჯარო სკოლის მე-9 კლასში. უმცროს შვილს - ო---- ს-------ს გადატანილი აქვს გულის ოპერაცია, მისი დიაგნოზია მიტრალური სარქველის ნაკლოვანება მე-2 ხარისხი. ამ დროისთვის, მისი ჯანმრთელობის მდგო----ეობაც დამაკმაყოფილებელია. მათ საცხოვრებელში ბავშვებისთვის შექმნილია უსაფრთხო გარემო. შვილებზე ზრუნვაში ხ----- ს-------ს ეხმარებიან მშობლები და ბაქოში მცხოვრები ნათესავები. ხ----- ს-------ი არ არის დასაქმებული, მას არ აქვს ფინანსური შემოსავალი და სრულად არის ნათესავების კმაყოფაზე, რასაც განიცდის. მან აღნიშნა, რომ ბაქოში შესთავაზეს საკონდიტროში მუშაობა, რაც მისთვის და მისი შვილებისთვის ხელსაყრელია, რადგან თავად შეძლებს შვილების უზრუნველყოფას. აღნიშნულის გამო, მას და მის შვილებს გადაწყვეტილი აქვთ გაემგზავრონ ბაქოში. 15 წლის ს-------ი და 14 წლის ა-–---- აცნობიერებენ მამის მხრიდან მათ უგულებელყოფას, რასაც განიცდიან, თუმცა ცდილობენ დედის გამხნევებას და სურთ დედასთან ერთად ბაქოში წასვლა. მათ აღნიშნეს, რომ დედის დასაქმება მნიშვნელოვანია როგორც მათთვის, ასევე თავად დედისთვის. ბავშვები დედის მიმართ გამოხატავენ სიყვარულს და თანადგომას. ვინაიდან არასრულწლოვან შვილებზე ზრუნავს მხოლოდ დედა, ხოლო მამა არ ახორციელებს მშობლის მოვალეობებს მათ მიმართ, შესაბამისად არ აცნობიერებს თუ რამდენად მნიშვნელოვანია შვილებისთვის მშობლებთან ერთად ცხოვრება და მისი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება ხელს უშლის ხ----- ს-------ას შვილებზე ზრუნვაში, ამასთანავე არასრულწლოვანი შვილებიც გამოხატავენ სურვილს დედასტან ერთად იცხოვრონ როგორც საქართველოში, ისე საქართველოს საზღვრებს გარეთ და ეთანხმებიან დედის გადაწყვეტილებას, მიზანშეწონილია ეივაზ ს-------ს შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება არასრულწლოვანი შვილების მიმართ (ს.ფ. 56-57).

 

3.2. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წარმომადგენლის - ლ-–- პ--------–---–ის განმარტებით, არასრულწლოვანი ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია, მშობლის უფლებების განხორცილება მოხდეს იმგვარად, რომ ამით არ მიადგეს ზიანი მას. შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო ეთანხმება ბავშვის მიერ საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღების ნაწილში, მამის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე ხ----- მეხტიევა და მოპასუხე ეივაზ ს-------ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 07.07.2006 წლიდან.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- ქორწინების მოწმობა №0---------- (ს.ფ. 17).

 

3.1.2. მოსარჩელე ხ----- მეხტიევას და მოპასუხე ეივაზ ს-------ს ჰყავთ სამი საერთო შვილი: 09.12.2013 წელს დაბადებული ო----ი ს-------ი, 01.08.2006 წელს დაბადებული ა-–---- ს-------ა და 13.08.2005 წელს დაბადებული ს------- ს-------ი.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- დაბადების მოწმობები (ს.ფ. 18-20).

3.1.3. არასრულწლოვანი ბავშვები ცხოვრობენ დედასთან ერთად გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში. ო----ი ს-------ი და ა-–---- ს-------ა არიან ამავე სოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეები.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- მოსარჩელისა და მეურვეობის და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის ახსნა-განმარტებები (სხდომის ოქმი).

 

3.1.4. მოსარჩელე ხ----- ს-------ას და მის არასრულწლოვან შვილებს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ჰყავთ ნათესავები. არასრულწლოვან ბავშვებს არ გააჩნიათ საქართველოს მოქალაქის პასპორტი, რის გამოც მათ არ შეუძლიათ დედასთან ერთად გადაკვეთონ საქართველოს სახელმწიფოს საზღვარი.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სხდომის ოქმი).

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

მხარეებს საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. სასამართლო მიიჩნევს, რომ არასრულწლოვანი ბავშვების უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით, არსებობს საფუძველი იმისა, რომ მოპასუხეს შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ, საქართველოს პასპორტის აღებასთან დაკავშირებით თანხმობის გაცემის ნაწილში, ასევე არსებობს საფუძველი იმისა, რომ შეწყდეს მხარეთა შორის რეგისტრირებული ქორწინება.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106, 1122-ე, 1197-ე, 1198-ე, 1200-ე, 1205-ე მუხლები;

გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენცია;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც დაქორწინებისათვის, ასევე ოჯახის აღდგენისა და შენარჩუნებისათვის, მხარეთა ორმხრივი ნების გამოვლენაა საჭირო, რაც მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს.

 

სარჩელთან დაკავშირებით, მოპასუხეს შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სხდომაზე გამოცხადებულა, შესაბამისად მისი პოზიცია ქორწინების შეწყვეტასთან დაკავშირებით უცნობია.

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან არ გამოიკვეთა მხარეთა ორმხრივი ნება ოჯახის აღდგენასთან დაკავშირებით, მხარეთა ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. რის გამოც უნდა დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნა ქორწინების შეწყვეტის თაობაზე.

 

6.2. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 20.11.989 წლის ,,ბავშვის უფლებათა კონვენცია” (საქართველოში ძალაშია 21.04.1994 წლიდან) მოიცავს ბავშვის უფლებების დამცავ ნორმებს და ერთმნიშვნელოვნად ადგენს ბავშვის ინტერესების დაცვის პრიორიტეტს. აღნიშნული კონვენციის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითრებისათვის, აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი – სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები – უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

 

,,ბავშვის უფლებათა კონვენციის” მე-8 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას იღებენ პატივი სცენ ბავშვის უფლებას, შეინარჩუნოს თავისი ინდივიდუალობა, მოქალაქეობის, სახელისა და ოჯახური კავშირების ჩათვლით, როგორც ეს გათვალისწინებულია კანონით და არ დაუშვან ამაში კანონსაწინააღმდეგო ჩარევა. კონვენციის 18-ე მუხლის თანახმად მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს, ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს, ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის შესაბამისად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. ამავე კოდექსის 1198-ე მუხლის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან, განსაზღვრონ თავიანთ შვილებთან მესამე პირთა ურთიერთობის უფლება. მშობლები არასრულწლოვანი შვილების კანონიერი წარმომადგენლები არიან და განსაკუთრებულ რწმუნებულებათა გარეშე გამოდიან მათი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად მესამე პირებთან ურთიერთობაში, მათ შორის, სასამართლოში. აღნიშნული მუხლით განსაზღვრული არ არის მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ფარგლები, თუმცა წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მოიცავს ბავშვის სახელით ან მასთან დაკავშირებული სხვადასხვა იურიდიული მნიშვნელობის მქონე მოქმედებების შესრულებას. მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მოიცავს როგორც ქონებრივი, ისე არაქონებრივი უფლებამოსილებების ერთობლიობას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1205-ე მუხლის თანახმად, მშობლის უფლებები და მოვალეობები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. სასამართლოს შეუძლია შეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება და მოვალეობა მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისაგან დამოუკიდებლად. რამდენადაც ეს შესაძლებელია, მშობელს უნარჩუნდება ბავშვის რჩენის ვალდებულება, როცა მშობლის უფლება შეზღუდულია.

 

არასრულწლოვანს თავისი ასაკიდან გამომდინარე, არ შესწევს უნარი, კანონიერი წარმომადგენლისაგან დამოუკიდებლად მიიღოს მონაწილეობა სამოქალაქო- სამართლებრივ ურთიერთობებში ან/და ნებისმიერ სხვა სფეროში. მესამე პირებთან ურთიერთობაში ბავშებს წარმოადგენენ მშობლები, რომლებიც შვილების სახელით გამოხატავენ ნებას, ამა თუ იმ იურიდიული მოქმედებაზე, წყვეტენ ბავშვის აღზრდის დროს წამოჭრილ საკითხებს. წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების დროს, მშობელი შებოჭილია ვალდებულებით, დაიცვას თავისი არასრულწლოვანი შვილის უფლებები და ინტერესები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1205-ე მუხლი ითვალისწინებს რა მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, არ განსაზღვრავს ფაქტობრივ საფუძვლებს, რომელთა არსებობის პირობებშიც შესაძლებელია მშობლის უფლების შეზღუდვა. სასამართლო მიიჩნევს, რომ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით არსებული დავის გადაწყვეტისას, სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს არასრულწლოვანი შვილების მიმართ მშობლების უფლებების და ვალდებულებების განმსაზღვრელი ზოგადი პრინციპების საფუძველზე, რაც დადგენილია სამოქალაქო კოდექსის 1198-1199 მუხლებით, რომელთა თანახმად, მშობლებს აქვთ უფლებამოსილება და ვალდებულება, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით; მშობლის უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგენს ბავშვის ინტერესებს.

 

სასამართლოში წარმოდგენილი სარჩელით, მოსარჩელემ, ბავშვების დედამ მოითხოვა ბავშვების მამას შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მათ მიმართ. მოსარჩელის განმარტებით, მას აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ჰყავს ნათესავები, ქალა ბაქოში მდებარე საკონდიტრო დაწესებულებაში მას შესთავაზეს დასაქმება და აქვს სურვილი წავიდეს სამუშაოდ და თან წაიყავნოს შვილები. იმის გამო, რომ ბავშვებს არ გააჩნიათ საქართველოს მოქალაქის პასპორტები, მოსარჩელე ვერ ახერხებს ბავშვების წაყვანას აზერბაიჯანის რესპუბლიკაში.

 

გარდაბნის რაიონული განყოფილების სოციალური მუშაკის - ვ----–- ფ--–---ის 12.12.2019 წლის №1--- დასკვნის თანახმად, მოპასუხის პოზიციის და დამოკიდებულების დადგენა დავის საგანთან მიმართებაში ვერ დადგინდა, ვინაიდან ის არ იმყოფება საქართველოში. დასკვნის თანახმად, მიზანშეწონილია ეივაზ ს-------ს შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება არასრულწლოვანი შვილების მიმართ.

 

აღნიშნულ მოსაზრებას დაეთანხმა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წარმომადგენელი - ლ-–- პ--------–---–ი, რომელმაც მხარი დაუჭირა სასარჩელო მოთხოვნას.

 

გამომდინარე ყოველივე ზემოაღნიშნულიდან, მოსარჩელე ხ----- ს-------ის სარჩელი, მოპასუხე ეივაზ ს-------ის მიმართ, მშობლის წარმომადგენლობითი უფლების ნაწილობრივ შეზღუდვის შესახებ და ქორწინების შეწყვეტის შესახებ, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილ იქნა სახელმწიფო ბაჟი 75 ლარის ოდენობით, აღნიშნული თანხიდან 50 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო ზედმეტად გადახდილი 25 ლარი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს ბიუჯეტიდან.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, მე-14, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ხ----- ს-------ას სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. შეწყდეს ხ----- ს-------ას (დაბადებული 02.03.1989 წელს, პ/ნ 1----------, ქორწინებამდელი გვარი - მეხტიევა) და ეივაზ ს-------ს (დაბადებული 13.11.1982 წელს, პ/ნ 1----------) შორის 07.07.2006 წელს რეგისტრირებული ქორწინება, სააქტო ჩანაწერის № 0------;

 

3. მოპასუხე - ეივაზ ს-------ს (პ/ნ 1----------) შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, მისი არასრუწლოვანი შვილების: ა) 13.08.2005 წელს დაბადებული ს------- ს-------ის; ბ) 01.08.2006 წელს დაბადებული ა-–---- ს-------ას; გ) 09.12.2013 წელს დაბადებული ო---- ს-------ის (პ/ნ 01450046807) მიმართ, საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღებასთან დაკავშირებით თანხმობის გაცემის ნაწილში, სხვა უფლებების შეუზღუდავად;

 

4. მოპასუხე - ეივაზ ს-------ს დაეკისროს მოსარჩელე - ხ----- ს-------ას სასარგებლოდ 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;

 

5. მოსარჩელე - ხ----- ს-------ას (პ/ნ 1----------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 25 (ოცდახუთი) ლარი, როგორც სარჩელზე ზედმეტად გადახდილი ბაჟი (გადახდის თარიღი: 22.08.2019 წელი; საგადასახადო დავალება: №1; გადამხდელი: ფ-------- კ------–---–ი; მიმღები: ხაზინის ერთიანი ანგარიში; მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი: 300113150; მიმღებს ბანკი: ფინანსთა სამინსიტროს სახაზინო სამსახური; ბანკის კოდი: TRESGE22);

 

6. მოპასუხესა და სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს გაეგზავნოთ გადაწყვეტილების ასლები;

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა), გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გარდაბნის მაგისტრატი სასამართლოს (ქ. გარდაბანი, დ. აღმაშენებლის ქუჩა №6) მეშვეობით;

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირინე ტყეშელაშვილი