გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/25709-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
06 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ივერი აბაშიძე
სხდომის მდივანი - გვანცა გიორგაძე
მოსარჩელე - მ-----------–---–ი
წარმომადგენელი - ზ-------------–--–---–ი
მოპასუხე - შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ------–ი
წარმომადგენელი - მ----------–--–---–-
დავის საგანი - სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ნოტარიუს ხ------------ის მიერ 2018 წლის 12 ნოემბერს გაცემული N--------- სააღსრულებო ფურცელი პირგასამტეხლოს - 10162 ლარის დაკისრების ნაწილში.
სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
მხარეებს შორის 2017 წლის 24 იანვარს გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, მოსარჩელემ ისესხა 20000 ლარი, 60 თვის ვადით, სესხზე ყოველთვიური 3% სარგებლის, ხოლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,1% პირგასამტეხლოს დარიცხვის პირობით. ხელშეკრულებით, იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ჩ------ს ქ. 31, ფართი 12,25 კვ.მ.
თავდაპირველად მოსარჩელე იხდიდა სესხის პროცენტს, სულ გადახდილი აქვს 7000 ლარი, თუმცა გარკვეული პრობლემების გამო ვეღარ შეძლო პროცენტის გადახდა.
2018 წლის 12 ნოემბერს, ნოტარიუს ხ------------ის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი, სადაც აღსასრულებელი ვალდებულების მთლიანი მოცულობა არის 39806,59 ლარი. აქედან სესხის ძირითადი თანხაა 19860 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 9653,83 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 24.01.2017 წლიდან სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე პერიოდზე - 10162,50 ლარი, ასევე სააღსრულებონ ფურცლისდ გაცემის ხარჯი 130.26 ლარი.
სააღსრულებო ფურცელში არ არის გათვალისწინებული თანხები, რაც გადახდილია ძირითადი თანხის ნაწილში. ასევე კრედიტორი არასწორად ითხოვს ერთდროულად პროცენტისა და პირგასამტეხლოს დაკისრებას.
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ დამატებით განმარტა, რომ ხელშეკრულების შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,1% იყო შეუსაბამოდ მაღალი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ‘ბ------–მა“ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ ხელშეკრულების პირობები იყო მხარეებს შორის შეთანხმებული, კერძოდ: საპროცენტო სარგებლის დარიცხვა იწყებოდა სესხის აღების მომენტიდან და გრძელდებოდა სესხის ძირითადი თანხის მსესხებლის მხრიდან ნებაყოფლობით სრულად დაფარვამდე, ან იპოთეკარის მიერ სესხის იძულების წესით დაბრუნებამდე (აღსრულებამდე); პირგასამტეხლოს დარიცხვა დაიწყებოდა საპროცენტო სარგებლის გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში გადახდის ვადიდან მეორე დღეს და შეწყდებოდა მსესხებლის მიერ სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის, გრაფიკის შესაბამისად, ნებაყოფლობით სრულად დაფარვის შემთხვევაში, ასევე ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში იპოთეკარის მიერ სესხის იძულების წესით დაბრუნებით (იძულებითი სააღსრულებო წარმოება). ვინაიდან მოსარჩელემ დაარღვია პროცენტის გადახდის ვალდებულება, კრედიტორი უფლებამოსილი იყო მოეთხოვა პირგასამტეხლოს ანაზღაურება.
მსესხებელმა ვალდებულება სამჯერ, თებერვლის, მარტისა და აპრილის თვეში შეასრულა, ჯამში გადაიხადა 3360 ლარი, საიდანაც მოხდა იმ პერიოდისთვის დარიცხული პროცენტისა და დარჩენილი თანხით, სესხის ძირითადი თანხის ნაწილის დაფარვა.
ხელშეკრულება ითვალისწინებდა თანხის ზედიზედ 2 თვის განმავლობაში გადაუხდელობის შემთხვევაში ხელშეკრულების შეწყვეტას, რის შემდგომაც გაიცემოდა სააღსრულებო ფურცელი. აღნიშნულის შესახებ ინფორმირებული იყო მსესხებელი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 24 იანვარს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბ------–სა“ და მ-----------–---–ს შორის დაიდო საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება, რომლის ფარგლებში 2017 წლის 25 იანვარს იმავე მხარეებს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება. მოსარჩელის სასარგებლოდ გაიცა სესხი - 20000 ლარი, 60 თვის ვადით.
საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა ყოველთვიურად, სესხის დარჩენილი ძირითადი თანხის 3%-ით, რომლის დარიცხვა იწყება სესხის აღების მომენტიდან და გრძელდება სესხის ძირითადი თანხის მსესხებლის მხრიდან ნებაყოფლობით სრულად დაფარვამდე, ან კრედიტორის მიერ სესხის იძულებით ამოღებამდე (აღსრულებამდე).
ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირითადი თანხის 0,1%-ს. გარდა ამისა, პირგასამტეხლოს დარიცხვა მოხდებოდა საპროცენტო სარგებლის გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში გადახდის ვადიდან მეორე დღეს.
სესხის დაბრუნების უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ჩ------ს ქუჩა #31, არასაცხოვრებელი ფართი - 12,25 კვ.მ. ს/კ 0----------------------.
სესხის დაფარვის გრაფიკი მხარეებს შორის არ შედგენილა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 24.01.2017 წლის საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება #2-353;
- 24.01.2017 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება;
- 25.01.2017 წლის სესხის ხელშეკრულება #1293;
- მოპასუხის ახსნა-განმარტება.
3.1.2. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულებების დარღვევის გამო 2018 წლის 12 ნოემბერს, ნოტარიუს ხ------------ის მიერ, კრედიტორის - შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ------–ის“ სასარგებლოდ, გაიცა №--------- სააღსრულებო ფურცელი, სადაც აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა შემდეგნაირად: სესხის ძირითადი თანხა - 19860 ლარი; დარჩენილი გადასახდელი საპროცენტო სარგებელი - 9653,83 ლარი; 2017 წლის 24 იანვრიდან 2018 წლის 12 ნოემბრამდე დარიცხული პირგასამტეხლო - 10162,50 ლარი; სააღსრულებო ფურცლის გაცემის სანოტარო ხარჯი - 130,26 ლარი;
სააღსრულებო ფურცლით, ასევე დადგინდა იპოთეკის საგნის, უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ჩ------ს ქუჩა #31, არასაცხოვრებელი ფართი - 12,25 კვ.მ. ს/კ 0---------------------- - რეალიზაცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 12.11.2018 წლის სააღსრულებო ფურცელი;
- 13.11.2018 წლის წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.3. 12.11.2018 წლის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, დაიწყო სააღსრულებო წარმოება №------------------ მ-----------–---–ს 13.11.2018 წელს გაეგზავნა კერძო აღმასრულებლის წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ და მიეცა შეტყობინების მიღებიდან 7 დღის ვადა დავალიანების ნებაყოფლობით გადასახდელად, თუმცა მ-----------–---–ს დავალიანება არ გადაუხდია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 13.11.2018 წლის წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ;
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ჯამში მ-----------–---–ს მოპასუხისთვის გადახდილი აქვს 3360 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, ,,სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის და 102-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილების თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებული მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტიდან გამომდინარე, მტკიცების ტვირთი უნდა განაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, რომელთა მტკიცებაც მათთვის ობიექტურად შესაძლებელია, ანუ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს.
კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს იმ გარემოების დადასტურება, რომ მოპასუხის მიმართ ფულადი დავალიანების ნაწილი დაფარული აქვს. სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილურ პრაქტიკაზე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლთან მიმართებით და განმარტავს, რომ ვალდებულების შესრულება უნდა დადასტურდეს კრედიტორის მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტით, კერძოდ, მოცემული ნორმით განსაზღვრული იურიდიული შემადგენლობის შედეგად წარმოშობილი ურთიერთობის დასადასტურებლად ამავე ნორმით გათვალისწინებულია შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც უდავოდ გულისხმობს წერილობითი სახის მტკიცებულებას და იგი გაიცემა მოვალეზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულების სადავოობის პირობებში კანონით უზრუნველყოფილია მოვალის შესაძლებლობა, ამტკიცოს ვალდებულების შესრულება. ამავდროულად, აღნიშნული იმაზე მეტყველებს, რომ ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთის მატარებელი მხოლოდ მოვალე შეიძლება იყოს (სუსგ 15.09.2014წ., საქმე №ას-517-490-2014).
მოსარჩელე სადავოდ ხდის გადახდილი თანხების ოდენობას და თავდაპირველად უთითებდა, რომ გადახდილი აქვს 7000 ლარი, ხოლო სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ჯამში გადაიხადა 3500 ლარი, თუმცა რაიმე დოკუმენტი ამ ოდენობით თანხების გადახდის შესახებ მას არ წარმოუდგენია. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ მოპასუხე მიუთითებს მის მიერ წარმოდგენილ სესხის დაფარვის გრაფიკზე, საიდანაც დასტურდება ჯამში მხლოდ 3360 ლარის გადახდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის გადახდის ისტორია;
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა მ-----------–---–ის სარჩელი და მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, 420-ე, 623-ე მუხლებით;
’’ნოტარიატის შესახებ’’ საქართველოს კანონის 38-ე და 40-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლი, კი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.
სამოქალაქო მართლწესრიგი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი, ხოლო სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობები არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა, კი წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეებს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება - შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ------–მა“ მსესხებელს 60 თვის ვადით ასესხა - 20000 ლარი, ყოველთვიურად სესხის დარჩენილ ძირითად თანხაზე 3% სარგებლის დარიცხვის პირობით, რომლის დარიცხვაც მოხდებოდა სესხის აღების მომენტიდან და გაგრძელდებოდა სესხის ძირითადი თანხის მსესხებლის მხრიდან ნებაყოფლობით სრულად დაფარვამდე ან სესხის იძლებით ამოღებამდე (აღსრულებამდე). ასევე შეთანხმდა პირგასამტეხლო - ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისას, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირითადი თანხის 0.1%-ის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე. შესაბამისად, მოსარჩელემ დაარღვია რა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების დანაწესი, კრედიტორმა შეთანხმებისამებრ, გამოიყენა მისთვის მინიჭებული უფლება და ნოტარიუსს მიმართა სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით.
6.2. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „პ“ ქვეპუნქტის თანახმად, ნოტარიუსი ასრულებს შემდეგ სანოტარო მოქმედებებს: გასცემს სააღსრულებო ფურცელს. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, კი ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების ვადადამდგარი მოთხოვნის, ქონებაზე უფლების გადაცემის, აგრეთვე დაგირავებულ/იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე იძულებითი აღსრულების მიქცევის მოთხოვნის საფუძველზე, თუ ამაზე არსებობს მხარეთა შეთანხმება და ნოტარიუსის მიერ სანოტარო აქტში წერილობით განმარტებულია სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები.
’’ნოტარიატის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის 1-ლი ნაწილისა და მისი ’’გ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ნოტარიუსი სააღსრულებო ფურცელს გასცემს კრედიტორის (მისი უფლებამონაცვლის) წერილობითი განცხადების საფუძველზე. განცხადებას უნდა დაერთოს სანოტარო დოკუმენტი, რომლის საფუძველზედაც განმცხადებელი ითხოვს სააღსრულებო ფურცლის გაცემას. კრედიტორის (მისი უფლებამონაცვლის) განცხადება სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ უნდა შეიცავდეს: მონაცემებს შეუსრულებელი ძირითადი და დამატებითი ვალდებულებების მოცულობის შესახებ.
დადგენილია, რომ 2018 წლის 12 ნოემბერს ნოტარიუსის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი, სადაც აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა ჯამში 39806,59 ლარით, აქედან: სესხის ძირითადი თანხა - 19860 ლარი; საპროცენტო სარგებელი 9653,83 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 10162,50 ლარით და სააღსრულებო ფურცლის გაცემის სანოტარო ხარჯი ჯამში 130,26 ლარი;
სააღსრულებო ფურცლით, ასევე დადგინდა იპოთეკის საგნის იძლებითი რეალიზაცია.
6.3. განსახილველი დავის ფარგლებში მოსარჩელე სადავოდ ხდის სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული თანხის ოდენობას, მიუთითებს, რომ მის მიერ გადახდილი თანხების გათვალისწინებით დავალიანების ოდენობა უნდა იყოს ნაკლები. ასევე სადავოდ ხდის ერთდროულად საპროცენტო სარგებლისა და პირგასამტეხლოს დაკისრებას. გარდა ამისა, თავად პირგასამტეხლოც შეუსაბამოდ მაღალია.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ ჯამში გადახდილია 3360 ლარი, საიდანაც ხელშეკრულებით შეთანხმებული პროცენტის დარიცხვის წესის გათვალისწინებით, დაიფარა სესხის პროცენტისა და ძირითადი თანხის ნაწილი, ასევე გადახდის დროისთვის დარიცხული პირგასამტეხლოს ნაწილი. რაც შეეხება ერთდროულად საპროცენტო სარგებლისა და პირგასამტეხლოს დაკისრებას, აღნიშნული პირობა მხარეებს შორის შეთანხმებულია სესხის ხელშეკრულებით და არ წარმოადგენს კანონსაწინააღმდეგო პირობას.
საქართველოს სამოქალქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს გადახდის მიზანს წარმოადგენს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა. შესაბამისად, პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველი კონკრეტული ვალდებულების დარღვევის თანაბარზომიერი უნდა იყოს, რაც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მისი გადახდა ვალდებულების დარღვევით კრედიტორისათვის მიყენებული ზიანის მაკომპენსირებელ ფუნქციას უნდა ასრულებდეს და ამავდროულად, მხარეებს გარიგებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვან და დროულ შესრულებას აიძულებდეს. მოქმედი სამოქალაქო კოდექსით სასამართლოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება შეამციროს პირგასამტეხლო, თუმცა აღნიშნული დანაწესი არ უნდა იქნას გაგებული იმდაგვარად, რომ სასამართლოს სუბიექტური შეხედულებით ნებისმიერ დროს შეუძლია შეამციროს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა. შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი არის თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება.
ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ მხარეები ნების თავისუფლების ფარგლებში თავად განსაზღვრავენ პირგასამტეხლოს ოდენობას, სასამართლო კანონის საფუძველზე უფლებამოსილია შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო და კონკრეტულ შემთხვევაში სამართლიანად მიიჩნევს პირგასამტეხლოს 10-ჯერ შემცირებას. შესაბამისად, ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი პირგასამტეხლოს ნაწილში და ამ ნაწილში აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა უნდა განისაზღვროს 1016,2 ლარით.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია - 220 ლარი, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე კი - 50 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
დავის საგნის ოდენობის გათვალისწინებით სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 304,86 ლარს. მოსარჩელეს სარჩელზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარი, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე - 50 ლარი.
ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბ------–ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციული სახელმწიფო ბაჟის 274,37 ლარის, ასევე სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარის ანაზღაურება. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში პროპორციული სახელმწიფო ბაჟი - 25,63 ლარი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად. გარდა ამისა, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით უნდა დაეკისროს 4,86 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით შეჩერდა, ნოტარიუს ხ------------ის მიერ 2018 წლის 12 ნოემბერს გაცემული N--------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.
სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიზანია სარჩელზე მისაღები გადაწყვეტილების აღსრულებისათვის გარანტიების შექმნა.
მოცემულ შემთხვევაში, მ-----------–---–ის სარჩელი, რომლის უზრუნველსაყოფადაც იყო გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ, ნაწილობრივ გაუქმდა ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების დასაცავად უზრუნველყოფის ღონისძიების არსებობა საჭირო აღარ არის.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე მ-----------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი ნოტარიუს - ხ------------ის მიერ 2018 წლის 12 ნოემბერს გაცემული №--------- სააღსრულებო ფურცელი პირგასამტეხლოს ნაწილში და აღსასრულებელი ფულადი ვალდებულება პირგასამტეხლოს ნაწილში განისაზღვროს 1016,2 ლარით;
3. მოპასუხე შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ------–ი“-ს მოსარჩელე მ-----------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს დაკმაყოფილებულ ნაწილში სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ - 274.37 ლარის გადახდა და სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი სახ. ბაჟის სანაცვლოდ - 50 ლარის გადახდა.
4. მოპასუხე შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ------–ი“-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე წინასწარ გადასახდელი სახ. ბაჟის სახით - 4,86 ლარის გადახდა;
5. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით წინასწარ გადახდილი 300 ლარიდან - 25.63 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ივერი აბაშიძე