გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
# 351210118002471163
საქმე №2-208-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
13 თებერვალი, 2020 წელი ქ. გარდაბანი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე
გარდაბნის მუნიციპალიტეტში - ირინე ტყეშელაშვილი
სხდომის მდივანი - გიორგი ნოზაძე
მოსარჩელე - სს ,,მ-----------------------------–----------------------“ (ს/ნ 2--------)
წარმომადგენელი - მ---------------ძე
მოპასუხე - ნ-----–--–-----–ია
მოპასუხე - ლ-----------ი
მოპასუხე - ლ--------–---------ა (არ გამოცხადდა)
დავის საგანი - თანხის გადახდის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
შემცირებული სასარჩელო მოთხოვნით, სოლიდარულად დაეკისროთ მოპასუხეებს: ნ-----–--–-----–იას, ლ-----------ს და ლ--------–---------ას მოსარჩელე - სს ,,მ-----------------------------–----------------------“-ს სასარგებლოდ 1648,94 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხა არის 1567,79 ლარი, საკომისიო - 81,15 ლარი.
მოსარჩელემ მოპასუხეებისგან ასევე მოითხოვა სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაზე გადახდილი ბაჟის ანაზღაურება ჯამში 100 ლარის ოდენობით და მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.
სარჩელის მიხედვით, 31.01.2018 წელს შპს ,,მ-----------------------------–---------------------“-სა და მოპასუხეებს შორის გაფორმდა მცირე ბიზნეს კრედიტის და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება # 5------------, რომლის საფუძველზეც ლარის ლეონტიევას სახელზე გაიცა სესხი 90 დღის ვადით, 2482 ლარის ოდენობით. მსესხებელს სესხი უნდა დაეფარა სრულად 01.05.2018 წლის ჩათვლით. კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 69.24 პროცენტს, თვიური პროცენტი შეადგენს 5,77 პროცენტს, ვადაგადაცილების შემთხვევაში ჯარიმა შეადგენს ნარჩენი ძირის 0,41 პროცენტს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ამავე ხელშეკრულების საფუძველზე, ნ-----–--–-----–იამ და ლ-----------მა როგორც თავდებებმა, ძირითად მსესხებელთან ერთად სოლიდარულად იკისრეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება. მსესხებლის მიერ დაირღვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. დავალიანებიდან მხოლოდ 1123,16 ლარი იქნა გადახდილი 17.03.2018 წელს, მას შემდეგ ერთი თეთრიც არ იქნა შემოტანილი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. შესაგებლებით მოპასუხეებმა: ნ-----–--–-----–იამ და ლ-----------მა სარჩელი არ ცნეს, თუმცა საქმის ზეპირ მოსმენაზე, მოპასუხეებმა: ნ-----–--–-----–იამ და ლ-----------მა სარჩელი ცნეს სრულად.
2.2. მოპასუხე ლ--------–---------ას შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სხდომაზე გამოცხადებულა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 31.01.2018 წელს შპს ,,მ-----------------------------–---------------------“-სა და ლ--------–---------ას შორის გაფორმდა მცირე ბიზნეს კრედიტის და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება #5------------, რომლის საფუძველზეც ლ--------–---------ას სახელზე გაიცა 90 დღის ვადით სესხი, 2482 ლარის ოდენობით, 01.05.2018 წლის ჩათვლით, ხელშეკრულების დანართის მიხედვით.
კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 69.24 %-ით, თვიური - 5,77 %-ით, ვადაგადაცილების შემთხვევაში ჯარიმა განისაზღვრა ნარჩენი ძირის 0,41 %-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- ხელშეკრულება (ს.ფ. 18-21).
3.1.2. ამავე ხელშეკრულების საფუძველზე, ნ-----–--–-----–იამ და ლ-----------მა როგორც თავდებებმა, ძირითად მსესხებელთან ერთად სოლიდარულად იკისრეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- ხელშეკრულება (ს.ფ. 18-21).
3.1.3. მსესხებლის მიერ დაირღვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. დავალიანებიდან მხოლოდ 1123,16 ლარი იქნა გადახდილი 17.03.2018 წელს, მას შემდეგ ერთი თეთრიც არ იქნა შემოტანილი.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- ამონაწერი (ს.ფ. 22-23);
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 24).
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
მხარეებს საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავო არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე, მე-400, 623-ე, 625-ე, 891-ე, 892-ე, 895-ე მუხლები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. სამოქალაქო კოდექსის 892-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება. ამავე კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 31.01.2018 წელს შპს ,,მ-----------------------------–---------------------“-სა და ლ--------–---------ას შორის გაფორმდა მცირე ბიზნეს კრედიტის და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება #5------------, რომლის საფუძველზეც, ლ--------–---------ას სახელზე გაიცა 90 დღის ვადით სესხი, 2482 ლარის ოდენობით, 01.05.2018 წლის ჩათვლით. ამავე ხელშეკრულების საფუძველზე, ნ-----–--–-----–იამ და ლ-----------მა როგორც თავდებებმა, ძირითად მსესხებელთან ერთად სოლიდარულად იკისრეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება.
ასევე დადგენილია, რომ ლ--------–---------ას მიერ დაირღვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, მან მსესხებლის ანგარიშზე შეიტანა მხოლოდ დავალიანების ნაწილი - 1123,16 ლარი, ხოლო 17.03.2018 წლის შემდეგ, ხელშეკრულების დანართი გრაფიკით დადგენილი გადახდები აღარ განუხორციელებია.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხეებმა: ნ-----–--–-----–იამ და ლ-----------მა საქმის მოსამზადებელ ეტაპზე (სხდომაზე) სარჩელი ცნეს სრულად, რაც მათ მიმართ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მიხედვით, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ მოპასუხე - ლ--------–---------ას 31.01.2018 წელს გადასცა სესხის სახით თანხა 2482 ლარის ოდენობით, 90 დღის ვადით. შესაბამისად, მოსარჩელემ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. ხელშეკრულების თანახმად, სესხის თანხა მსესხებელს სრულად უნდა დაებრუნებინა 01.05.2018 წელს, თუმცა მის მიერ მოხდა მხოლოდ სესხის ნაწილის დაბრუნება. შესაბამისად, მოპასუხემ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სრულად.
შესაბამისად, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 2.19 პუნქტით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცევა დაუყოვნებლივ აღსასრულებად.
შესაბამისად, მოსარჩელის შუამდგომლობა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 29.05.2018 წელს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟი 50 ლარის ოდენობით და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაზე - 50 ლარი. ასევე დადგენილია, რომ სასამართლოს 31.05.2018 წლის განჩინებით, არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ.
ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად და მოპასუხეებმა: ლ-----------მა და ნ-----–--–-----–იამ სარჩელი ცნეს სრულად, მათ არ ეკისრებათ სარჩელზე გადახდილი ბაჟის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ. ხოლო მოპასუხე ლ--------–---------ას უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 16,66 ლარის გადახდა, ხოლო სარჩელზე გადახდილი ბაჟის დანარჩენი თანხა - 33,34 ლარი, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, მე-14, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 268-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს ,,მ-----------------------------–----------------------“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხეებს: ლ--------–---------ას, ნ-----–--–-----–იას და ლ-----------ს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელე - სს ,,მ-----------------------------–----------------------“-ს სასარგებლოდ 1648,94 (ათას ექვსას ორმოცდარვა ლარი და ოთხმოცდათოთხმეტი თეთრი) ლარის გადახდა (სესხის ძირითადი თანხაა 1567,79 ლარი და საკომისიო 81,15 ლარი);
3. მოპასუხე - ლ--------–---------ას მოსარჩელე - სს ,,მ-----------------------------–----------------------“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 16 ლარის და 66 თეთრის გადახდა, სარჩელზე გადახდილი ბაჟის ასანაზღაურებლად;
4. მოსარჩელე - სს ,,მ-----------------------------–----------------------“-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 33 ლარი და 34 თეთრი, როგორც სარჩელზე წინასწარ გადახდილი ბაჟი (რომელიც გადახდილია შპს ,,მ-----------------------------–----------------------“-ს მიერ 29.05.2018 წელს, საგადასახადო დავალებით #1, მიმღები: ხაზინის ერთიანი ანგარიში, სხვა შემოსულობები, თვითმმართველი თემი გარდაბანი, მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი: 300113150, მიმღების ბანკი: სახაზინო სამსახური, ბანკის კოდი: TRESGE22);
5. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;
6. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი #7ა), მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 12 დღის ვადაში, გარდაბნის მაგისტრატი სასამართლოს (გარდაბანი, დ. აღმაშენებლის ქუჩა #6) მეშვეობით;
7. გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი #7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, გარდაბნის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით;
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოში (გარდაბანი, დ. აღმაშენებლის ქ. №6) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ირინე ტყეშელაშვილი