გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.02.2020
საქმის ნომერი
351210019002825834
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
21.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№ 351210019002825834

საქმე №2-34-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი:

19 თებერვალი, 2020 წელი ქ. გარდაბანი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე

გარდაბნის მუნიციპალიტეტში - ირინე ტყეშელაშვილი

სხდომის მდივანი - გიორგი ნოზაძე

მოსარჩელე - ქ-----–- მ--------- (პ/ნ 1----------)

წარმომადგენელი - დ--–- კ-------–--ე

მოპასუხე - რ----- ა---- (არ გამოცხადდა)

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო

წარმომადგენელი - ლ-–- პ--------–---–ი

დავის საგანი - მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე - რ----- ა----ს შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, მისი არასრუწლოვანი შვილის - 22.04.2013 წელს დაბადებული მ--------- ა----ის მიმართ, საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღებასთან დაკავშირებით თანხმობის გაცემის ნაწილში, სხვა უფლებების შეუზღუდავად.

 

სარჩელის მიხედვით, მხარეები იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში 29.06.2012 წლიდან, ერთად ცხოვრების პერიოდში, მათ შეეძინათ ერთი შვილი - 22.04.2013 წელს დაბადებული მ--------- ა----ი. 24.10.2017 წელს მოსარჩელემ შეიტანა სასამართლოში სარჩელი, არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრების და განქორწინების მოთხოვნით, მოპასუხემ შესაგებელი არ წარადგინა და სასამართლომ მიიღო დაუსწრებელი გადაწვეტილება, სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. სააღსრულებო ბიუროში მოსარჩელემ ჩაბარა სააღსრულებო ფურცელი, თუმცა დღემდე მოპასუხეს ერთი თეთრიც არ გადაუხდია შვილის სასარგებლოდ.

 

შვილის ნახვაზე და მამობრივ მზრუნველობაზე ლაპარაკი ზედმეტია. როგორც კი ალიმენტი მოითხოვა მოსარჩელემ, მოპასუხე დაემუქრა მას შვილის წართმევაზე. მოპასუხე არის თურქეთის მოქალაქე და დიდ დროს იქ ატარებს, სადაც ჰყავს სხვა ქალი. მიუხედავად იმისა, რომ მამა არ ზრუნავს შვილისთვის და არ აინტერესებს მისი მომავალი, მოსარჩელემ რამდენიმეჯერ სთხოვა მოპასუხეს მიეცა ნებართვა, რომ შვილისთვის საქართველოს მოქალაქის პასპორტი აეღო, არდადეგებზე საქართველოდან გასაყვანად (ბავშვი დადის საბავშვო ბაღში), მოსარჩელეს აზერბაიჯანში ჰყავს ბევრი ნათესავი და ზაფხულის პერიოდში დასასვენებლად ეპატიჟებიან მათ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე - რ----- ა----ს სარჩელზე წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სხდომაზე გამოცხადებულა.

 

3. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს - სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს პოზიცია:

 

3.1. გარდაბნის რაიონული განყოფილების სოციალური მუშაკის - ვ----–- ფ--–---ის 30.07.2019 წლის №3--- დასკვნის თანახმად, მოპასუხის პოზიციის და დამოკიდებულების დადგენა დავის საგანთან მიმართებაში ვერ დადგინდა, ვინაიდან ის არ იმყოფება საქართველოში და მხარეთა საერთო საცხოვრებელი ბინა დაკეტილია. დადგინდა, რომ არასრულწლობანი მ--------- ა----ი, რომელიც არის 6 წლის ასაკის, ცხოვრობს დედასთან ერთდ ქ. გარდაბანში, სიხნოს ქუჩა №3-ში. საცხოვრებელში შექმნილია ბავშვისთვის უსაფრთხო გარემო, ბავშვის საჭიროებებს უზრუნველყოფს ბავშვის დედა, ოჯახის წევრების დახმარებით, საჭიროების შემთხვევაში, ბავშვი უზრუნველყოფილია სამედიცინო მომსახურებით და მედიკამენტებით. ქ-----–- მ---------ს განმარტებით, მას ჰყავს ნათესავები აზერბაიჯანში, რომლებიც სთვაზობენ მას პერიოდულად გაემგზავროს მათთან სტუმრად და თან წაიყვანოს შვილიც, რისი სურვილიც აქვს ქ-----–-ს. აღნიშნულის განხორციელებაში ხელისშემშლელი ფაქტორია ბავშვისთვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის მიღება, რისთვისაც საჭიროა ორივე მშობლის თანხმობა, ხოლო ბავშვის მამა უგულებელყოფს შვილის საჭიროებებს და ინტერესებს. ვინაიდან რ----- ა----ი თავად არ ასრულებს მშობლის უფლებამოვალეობებს არასრულწლოვანი შვილის მიმართ, არ ზრუნავს მის საჭიროებებზე, მის რჩენაზე და ამასთანავე, ხელს უშლის ბავშვზე მზრუნველ დედას შვილზე სრულფასოვან ზრუნვაში, მიზანშეწონილია რ----- ა----ს შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება არასრულწლოვანი - მ--------- ა----ის მიმართ (ს.ფ. 43-44).

 

3.2. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წარმომადგენლის - ლ-–- პ--------–---–ის განმარტებით, არასრულწლოვანი ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია, მშობლის უფლებების განხორცილება მოხდეს იმგვარად, რომ ამით არ მიადგეს ზიანი მას. შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო ეთანხმება ბავშვის მიერ საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღების ნაწილში, მამის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე ქ-----–- მ---------ს და მოპასუხე რ----- ა----ს ჰყავთ ერთი არასრულწლოვანი შვილი - 22.04.2013 წელს საქართველოში დაბადებული მ--------- ა----ი.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- დაბადების მოწმობა №2---------- (ს.ფ. 18);

 

3.1.2. მოსარჩელე ქ-----–- მ---------ს და მოპასუხე რ----- ა----ს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა 20.02.2018 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით. ამავე გადაწყვეტილებით, მოპასუხეს დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, ალიმენტის გადახდა ყოველთვე 200 ლარის ოდენობით, 24.10.2017 წლიდან.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- დაუსწრებელი გადაწყვეტილება საქმე №2-------- (ს.ფ. 19-23);

 

3.1.3. 22.04.2013 წელს დაბადებული მ--------- ა----ი ცხოვრობს დედასთან ერთად ქ. გარდაბანში, სიხნოს ქუჩაზე და სწავლობს ქ. გარდაბანში მდებარე საჯარო სკოლაში, არის პირველი კლასის მოსწავლე.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- მოსარჩელისა და მეურვეობის და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის ახსნა-განმარტებები (სხდომის ოქმი).

 

3.1.4. მოსარჩელე ქ-----–- მემდოვას და მის არასრულწლოვან შვილს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ჰყავთ ნათესავები, რომლებიც მათ ეპატიჟებიან დასასვენებლად არდადეგების დროს. არასრულწლოვან მ--------- ა----ს არ გააჩნია საქართველოს მოქალაქის პასპორტი, რის გამოც არ შეუძლია დედასთან ერთდ გადაკვეთოს საქართველოს სახელმწიფოს საზღვარი.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სხდომის ოქმი).

 

3.1.5 მოპასუხე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე რ----- ა----ი 2017 წლის 19 თებერვლიდან არ იმყოფება საქართველოში, მას გადაკვეთილი აქვს საქართველოს საზღვარი სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტის მეშვეობით.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- მ--------- ა----ის დაბადების მოწმობა (ს.ფ. 18);

- საზღვრის კვეთის შესახებ ინფორმაცია (ს.ფ. 59-60).

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

მხარეებს საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. სასამართლო მიიჩნევს, რომ არასრულწლოვანი მ--------- ა----ის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით, არსებობს საფუძველი იმისა, რომ მოპასუხეს შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, საქართველოს პასპორტის აღებასთან დაკავშირებით თანხმობის გაცემის ნაწილში.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1200-ე, 1205-ე მუხლები;

გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენცია;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 20.11.989 წლის ,,ბავშვის უფლებათა კონვენცია” (საქართველოში ძალაშია 21.04.1994 წლიდან) მოიცავს ბავშვის უფლებების დამცავ ნორმებს და ერთმნიშვნელოვნად ადგენს ბავშვის ინტერესების დაცვის პრიორიტეტს. აღნიშნული კონვენციის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითრებისათვის, აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი – სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები – უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

 

,,ბავშვის უფლებათა კონვენციის” მე-8 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას იღებენ პატივი სცენ ბავშვის უფლებას, შეინარჩუნოს თავისი ინდივიდუალობა, მოქალაქეობის, სახელისა და ოჯახური კავშირების ჩათვლით, როგორც ეს გათვალისწინებულია კანონით და არ დაუშვან ამაში კანონსაწინააღმდეგო ჩარევა. კონვენციის 18-ე მუხლის თანახმად მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს, ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს, ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის შესაბამისად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. ამავე კოდექსის 1198-ე მუხლის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან, განსაზღვრონ თავიანთ შვილებთან მესამე პირთა ურთიერთობის უფლება. მშობლები არასრულწლოვანი შვილების კანონიერი წარმომადგენლები არიან და განსაკუთრებულ რწმუნებულებათა გარეშე გამოდიან მათი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად მესამე პირებთან ურთიერთობაში, მათ შორის, სასამართლოში. აღნიშნული მუხლით განსაზღვრული არ არის მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ფარგლები, თუმცა წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მოიცავს ბავშვის სახელით ან მასთან დაკავშირებული სხვადასხვა იურიდიული მნიშვნელობის მქონე მოქმედებების შესრულებას. მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მოიცავს როგორც ქონებრივი, ისე არაქონებრივი უფლებამოსილებების ერთობლიობას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1205-ე მუხლის თანახმად, მშობლის უფლებები და მოვალეობები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. სასამართლოს შეუძლია შეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება და მოვალეობა მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისაგან დამოუკიდებლად. რამდენადაც ეს შესაძლებელია, მშობელს უნარჩუნდება ბავშვის რჩენის ვალდებულება, როცა მშობლის უფლება შეზღუდულია.

 

არასრულწლოვანს თავისი ასაკიდან გამომდინარე, არ შესწევს უნარი, კანონიერი წარმომადგენლისაგან დამოუკიდებლად მიიღოს მონაწილეობა სამოქალაქო- სამართლებრივ ურთიერთობებში ან/და ნებისმიერ სხვა სფეროში. მესამე პირებთან ურთიერთობაში ბავშებს წარმოადგენენ მშობლები, რომლებიც შვილების სახელით გამოხატავენ ნებას, ამა თუ იმ იურიდიული მოქმედებაზე, წყვეტენ ბავშვის აღზრდის დროს წამოჭრილ საკითხებს. წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების დროს, მშობელი შებოჭილია ვალდებულებით, დაიცვას თავისი არასრულწლოვანი შვილის უფლებები და ინტერესები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1205-ე მუხლი ითვალისწინებს რა მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, არ განსაზღვრავს ფაქტობრივ საფუძვლებს, რომელთა არსებობის პირობებშიც შესაძლებელია მშობლის უფლების შეზღუდვა. სასამართლო მიიჩნევს, რომ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით არსებული დავის გადაწყვეტისას, სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს არასრულწლოვანი შვილების მიმართ მშობლების უფლებების და ვალდებულებების განმსაზღვრელი ზოგადი პრინციპების საფუძველზე, რაც დადგენილია სამოქალაქო კოდექსის 1198-1199 მუხლებით, რომელთა თანახმად, მშობლებს აქვთ უფლებამოსილება და ვალდებულება, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით; მშობლის უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგენს ბავშვის ინტერესებს.

 

სასამართლოში წარმოდგენილი სარჩელით, მოსარჩელემ, ბავშვის დედამ მოითხოვა ბავშვის მამას შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება შვილის მიმართ. მოსარჩელის განმარტებით, მას აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ჰყავს ნათესავები და არდადაგების დროს, დასასვენებლად ეპატიჟებიან მას და მის შვილს, თუმცა ბავშვს არ გააჩნია საქართველოს მოქალაქის პასპორტი. მას სურს, რომ საქართველოს საზღვარი დატოვოს შვილთან ერთად 1 - 3 თვის ვადით ზაფხულში.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე რ----- ა----ი 2017 წლის 19 თებერვლიდან არ იმყოფება საქართველოში, მას გადაკვეთილი აქვს საქართველოს საზღვარი სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტის მეშვეობით.

 

გარდაბნის რაიონული განყოფილების სოციალური მუშაკის - ვ----–- ფ--–---ის 30.07.2019 წლის №3--- დასკვნის თანახმად, მოპასუხის პოზიციის და დამოკიდებულების დადგენა დავის საგანთან მიმართებაში ვერ დადგინდა, ვინაიდან ის არ იმყოფება საქართველოში; არასრულწლობანი მ--------- ა----ი, რომელიც არის 6 წლის ასაკის, ცხოვრობს დედასთან ერთდ ქ. გარდაბანში, სიხნოს ქუჩა №3-ში; საცხოვრებელში შექმნილია ბავშვისთვის უსაფრთხო გარემო, ბავშვის საჭიროებებს უზრუნველყოფს ბავშვის დედა, ოჯახის წევრების დახმარებით, საჭიროების შემთხვევაში, ბავშვი უზრუნველყოფილია სამედიცინო მომსახურებით და მედიკამენტებით; ვინაიდან რ----- ა----ი თავად არ ასრულებს მშობლის უფლებამოვალეობებს არასრულწლოვანი შვილის მიმართ, არ ზრუნავს მის საჭიროებებზე, მის რჩენაზე და ამასთანავე, ხელს უშლის ბავშვზე მზრუნველ დედას შვილზე სრულფასოვან ზრუნვაში, მიზანშეწონილია რ----- ა----ს შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება არასრულწლოვანი - მ--------- ა----ის მიმართ.

 

აღნიშნულ მოსაზრებას დაეთანხმა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წარმომადგენელი - ლ-–- პ--------–---–ი.

 

გამომდინარე ყოველივე ზემოაღნიშნულიდან, მოსარჩელე ქ-----–- მ---------ს სარჩელი, მოპასუხე რ----- ა----ის მიმართ, მშობლის წარმომადგენლობითი უფლების ნაწილობრივ შეზღუდვის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილ იქნა სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით, აღნიშნული თანხის გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, მე-14, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ქ-----–- მ---------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. მოპასუხე - რ----- ა----ს შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მისი არასრუწლოვანი შვილის - 22.04.2013 წელს დაბადებული მ--------- ა----ის (პ/ნ 1----------) მიმართ, საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღებასთან დაკავშირებით თანხმობის გაცემის ნაწილში, სხვა უფლებების შეუზღუდავად;

 

3. მოპასუხე - რ----- ა----ს დაეკისროს მოსარჩელე - ქ-----–- მ---------ს სასარგებლოდ 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;

 

4. მოპასუხეს და სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს გაეგზავნოთ გადაწყვეტილების ასლები;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა), გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გარდაბნის მაგისტრატი სასამართლოს (ქ. გარდაბანი, დ. აღმაშენებლის ქუჩა №6) მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირინე ტყეშელაშვილი