გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/1709-2019
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
24 იანვარი 2020 წ. ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი
სხდომის მდივანი სალომე არევაძე
მოსარჩელე სს "ს------–------ი"
წარმომადგენელი ბაჩანა ხაჩიძე, ვალერიან იამანიძე
მოპასუხე ია ქ--------–-–---–ი
წარმომადგენელი მალხაზ ქ--------–-–---–ი
დავის საგანი ლიზინგის საფასურის და პირგასამტეხლოს დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
ია ქ--------–-–---–ისათვის 7 382,43 ლარის დაკისრება;
სარჩელის საფუძვლები
2018 წლის 7 ოქტომბერს სს „ს------–------სა“ და ია ქ--------–-–---–ს შორის გაფორმდა ლიზინგის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით ლიზინგის საგანია სატრანსპორტო საშუალება BMW 323 სახ, ნომერი S--------. ლიზინგის საგნის სრული ღირებულებაა 5 976 ლარი, რომლის გადახდის ვადად განისაზღვრა 18 თვე. გრაფიკის თანახმად, ლიზინგის მიმღებს ყოველთვიურად უნდა გადაეხადა 322 ლარი. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ლიზინგის ხელშეკრულების შეწყვეტის საურავი (პუნქტი 14.19) და პირგასამტეხლო გრაფიკით გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის გადასახდელი თანხის 2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მაგრამ არაუმეტეს ჯამურად 2500 ლარისა.
მოპასუხეს ლიზინგის საფასურიდან გადაიხადა 2 თვის შენატანი 2018 წლის 19 ნოემბერს 352 ლარი და იმავე წლის 15 დეკემბერს 333 ლარი. ლიზინგის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო სს „ს------–------მა“ შეწყვიტა ხელშეკრულება 2019 წლის 9 სექტემბერს, რის შესახებ წერილობითი შეტყობინება გაეგზავნა მოპასუხეს. ხელშეკრულების შეწყვეტის გამო საურავის ოდენობა შეადგენს 1914,43 ლარს, ხოლო ყოველდღიურად დარიცხული პირგასამტეხლოა 2480 ლარი. პირგასამტეხლო დარიცხულია 2019 წლის 16 იანვრიდან ნ 2019 წლის 9 სექტემბრამდე პერიოდში.
მოპასუხის დავალიანებაა ჯამურად 7382,43 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა 2987,92 ლარი, შეწყვეტის საურავი 1914,43 ლარი, ყოველდღიურად დარიცხული საურავი 2480 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წერილობით შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე სარჩელი ნაწილობრივ ცნო და თანხმობა განაცხადა ძირითადი თანხის გადახდაზე. ასევე მოითხოვა პირგასამტეხლოს შემცირება 90%-ით, რადგან პირგასამტეხლოს გაანგარიშებაში შედის ძირითადი თანხის დავალიანებაც.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2018 წლის 7 ოქტომბერს სს „ს------–------სა“ და ია ქ--------–-–---–ს შორის წერილობითი ფორმით დაიდო ლიზინგის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით ლიზინგის საგანია სატრანსპორტო საშუალება BMW 323 სახ, ნომერი S--------. ლიზინგის საგნის სრული ღირებულებაა 5 976 ლარი, რომლის გადახდის ვადად განისაზღვრა 18 თვე. გრაფიკის თანახმად ლიზინგის მიმღებს ყოველთვიურად უნდა გადაეხადა 322 ლარი. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ლიზინგის ხელშეკრულების შეწყვეტის საურავი (პუნქტი 14.19) და პირგასამტეხლო გრაფიკით გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის გადასახდელი თანხის 2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მაგრამ არაუმეტეს ჯამურად 2500 ლარისა (3,9 პუნქტი). ხელშეკრულების 14,9 პუნქტით, ლიზინგის ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში ლიზინგის მიღებს დაერიცხება საურავი, რომლის დაანგარიშებაც ხდება შემდეგნაირად: ლიზინგის ხელშეკრულების შეწყვეტის დროს არსებულ დავალიანებას (3,9 პუნქტით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ჩათვლით) დაემატება გადახდის გრაფიკის მიხედვით დამდგარ პერიოდზე არსებული ვალდებულების ნარჩენი თანხა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 17-31. ტომი 1)
3.1.2. ია ქ--------–-–---–ი პირველი ორი თვის განმავლობაში იხდიდა ლიზინგის საფასურს. მოპასუხემ გადაიხადა 2018 წლის 19 ნოემბერს 352 ლარი და იმავე წლის 15 დეკემბერს 333 ლარი. ლიზინგის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო სს „ს------–------მა“ შეწყვიტა ხელშეკრულება 2019 წლის 9 სექტემბერს, რის შესახებ წერილობითი შეტყობინება გაეგზავნა მოპასუხეს. ხელშეკრულების შეწყვეტის გამო საურავის ოდენობა შეადგენს 1914,43 ლარს, ხოლო ყოველდღიურად დარიცხული პირგასამტეხლოა 2480 ლარი. პირგასამტეხლო დარიცხულია 2019 წლის 16 იანვრიდან 2019 წლის 9 სექტემბრამდე პერიოდში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- მოსარჩელის განმარტება (ს.ფ.5. ტომი 1)
- გაფრთხილების წერილი (ს.ფ. 35. ტომი 1)
3.1.3. 2019 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით დაკმაყოფილდა სს "ს------–------ის" განცხადება ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ ბრძანების მიღების თაობაზე. სს "ს------–------ს" დაუბრუნდა ლიზინგის მიმღების ია ქ--------–-–---–ის სარგებლობაში არსებული ლიზინგის საგანი -ავტოსატრანსპორტო საშუალება - BMW 323 I (შემდეგი მონაცემებით: S--------; ავტოსატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო/შასის ნომერი - W----------------; ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის ნომერი და გაცემის თარიღი - A--------------------; ია ქ--------–-–---–ს სს "ს------–------ის" სასარგებლოდ დაეკისრა განმცხადებლის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 42 ლარი, ავტომობილის ღირებულების შეფასებასთან დაკავშირებული ხარჯის 200 ლარი, იურიდიული მომსახურების საფასურის 200 ლარის გადახდა.
ლიზინგის საგანი ლიზინგის გამცემისთვის დაბრუნებული არ არის. მოპასუხის განმარტების საფუძველზე დასტურდება, რომ მის მიერ ლიზინგის საგნის მართვის დროს მოხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომობილი დაზიანდა, რომელიც შემთხვევის ადგილზე დატოვა. ლიზინგის საგნის ადგილსამყოფელი მისთვის უცნობია.
-
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- ბრძანების და სააღსრულებო ფურცლის ასლი (ს.ფ. 86-91, ტომი 1)
- მოპასუხის განმარტება (21.01.2020წ სხდომის ოქმი CD დისკი)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები მხარეებს შორის სადაო არ არის.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა შემცირდეს მოთხოვნილი პირგასამტეხლო.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 576-ე, 580 ?5 -?, 316-ე, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 417–ე, 418-ე, 419-ე, 420–ე, 325-ე, 115-ე, 625-ე მუხლის მე-5 ნაწილი, 394-ე მუხლის 1-ლი ნაწილის
6. სამართლებრივი შეფასება
სადაო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია ლიზიგნის ხელშეკრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 576-ე მუხლის თანახმად, 1. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ლიზინგის ხელშეკრულებით ლიზინგის გამცემი ვალდებულია ლიზინგის მიმღებს სარგებლობაში გადასცეს განსაზღვრული ქონება ხელშეკრულებით დათქმული ვადით, ამ ქონების შესყიდვის უფლებით ან ასეთი უფლების გარეშე, ხოლო ლიზინგის მიმღები ვალდებულია გადაიხადოს საზღაური დადგენილი პერიოდულობით, იმ პირობით, რომ:ა) ლიზინგის მიმღები განსაზღვრავს ქონებას და ირჩევს მიმწოდებელს, რომლისგანაც ხდება ქონების შესყიდვა ან მისი სხვაგვარად მიღება;ბ) ლიზინგის გამცემი ქონებას იძენს ლიზინგით გასაცემად და მიმწოდებლისთვის ეს ფაქტი ცნობილია.
ამავე კოდექსის 580 ?5 -? ?????? ????????, 1. ლიზინგის გამცემს შეუძლია მოშალოს ლიზინგის ხელშეკრულება, თუ ლიზინგის მიმღები არსებითად არღვევს თავის ვალდებულებებს. 2. ლიზინგის მიმღებს არ აქვს უფლება, მოშალოს ლიზინგის ხელშეკრულება მას შემდეგ, რაც ლიზინგის საგანს მიიღებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ის ვეღარ ახორციელებს მფლობელობას ლიზინგის საგანზე ან მფლობელობის უფლება შეიზღუდა იმ პირის მიერ, რომელსაც უპირატესი უფლება აქვს ქონებაზე, თუკი ეს უფლება ან პრეტენზიები გამომდინარეობს ლიზინგის გამცემის ბრალეული ქმედებიდან. ყველა სხვა შემთხვევაში, როდესაც ლიზინგის გამცემი არსებითად არღვევს თავის ვალდებულებებს, ლიზინგის მიმღები უფლებამოსილია მოითხოვოს მხოლოდ ზიანის ანაზღაურება და არა ლიზინგის ხელშეკრულების მოშლა.
ამდენად, ლიზინგის ხელშეკრულებით ლიზინგის მიმღების ვალდებულებაა ლიზინგის საზღაურის გადახდა. ეს ვალდებულება მოპასუხემ არ შეასრულა. ხელშეკრულებით შეთანხმებული გრაფიკით გათვალისწინებულია ლიზინგის საფასურის ყოველთვიურად გადახდა 18 თვის განმავლობაში, საიდანაც გადახდილი თანხის ნაწილი 684 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
მოპასუხემ ლიზინგის საფასურის გადახდის ვალდებულება არ შეასრულა, რის გამოც ლიზინგის გამცემმა 580 ?5 -? ?????? ?????????? ???????? ???????? ????????????, ???? ?????????? ლიზინგის საფასურია 2987,92 ლარი, რომლის გადახდაც უნდა დაეკისროს მოპასუხეს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით დადგენილი დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ამასთან მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება და სასამართლოში მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი ნაწილობრივ ცნო, თანხმობა განაცხადა სესხის ძირითადი თანხის გადახდაზე 2987,92 ლარის გადახდაზე, რაც ამ ოდენობით თანხის დაკისრების საკმარისი საფუძველია.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს ანაზღაურების შესახებ და მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.
მხარეებს შორის წერილობით დადებული სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრულია პირგასამტეხლო, რაც გათვალისწინებულია ლიზინგის საფასურის გადახდის ვადის გადაცილების ან გადაუხდელობის გამო. პირგასამტეხლო განსაზღვრულია ლიზინგის საფასურის გადახდის დაგვიანებისათვის ყოველდღიურად გადასახდელი თანხის 2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მაგრამ არაუმეტეს ჯამურად 2500 ლარისა. ასევე გათვალისწინებულია ლიზინგის ხელშეკრულების შეწყვეტის საურავი (პუნქტი 14.19).
სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობა პირგასამტეხლოს შესახებ არაგონივრულად მაღალი პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას წარმოშობს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420–ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელსაც მოვალე იხდის ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის. ამდენად, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. პირგასამტეხლოს თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება უნდა იყოს წერილობით ფორმით დადებული.
პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილება. პირგასამტეხლო კრედიტორისათვის მნიშვნელოვანი ბერკეტია, რათა მოვალე დამატებითი ფულადი პასუხისმგებლობის შიშით „აიძულოს" დროულად და სრულად შეასრულოს ვალდებულება, ხოლო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მინიმალურად აინაზღაუროს ზიანი პირგასამტეხლოს დაკისრებით.
სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპის საფუძველზე მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა, რადგან 418-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. თუმცა, 420-ე მუხლის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია შეამციროს პირგასამტეხლო, თუკი იგი აშკარად იმდენად მაღალია, რომ მოვალისათვის მისი დაკისრება სამართლიანობის და მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპებს ეწინააღმდეგება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამართლოს ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის თანახმად, შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო. კანონმდებელი არ ადგენს რა გარემოებების გამო შეიძლება ჩაითვალოს პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ თანხად. შესაბამისად, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ყოველი კონკრეტული სადაო სამართალურთიერთობის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად, რადგან სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს პირგასამტეხლო, რომელიც შეუსაბამოდ მაღალია. შესაბამისად, ყოველი კონკრეტული სამართალურთიერთობის გარემოებების ერთობლიობაში შეფასების შედეგად უნდა გადაწყდეს პირგასამტეხლო გონივრული ოდენობისაა თუ არა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასმატეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".
ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას გასათვალისწინებელია მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს ოდენობა არაგონივრულად შეიძლება ჩაითვალოს თავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის გამო აშკარად დიდი ოდენობით განსაზღვრის პრინციპზე შეთანხმების შედეგად ან შემდგომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის პირობებში დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით იქცეს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად.
ხელშეკრულების 3.9 პუნქტით გათვალისწინებულია ლიზინგის საფასურის გადახდის დაგვიანებისათვის ყოველდღიური პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 2%-ის ოდენობით. ასევე გათვალისწინებულია ლიზინგის ხელშეკრულების შეწყვეტის საურავი, რომელიც მოიცავს ლიზინგის საფასურის გადაუხდელი თანხისა და ყოველდღიურად დარიცხული პირგასამტეხლოს საერთო ოდენობას.
მოსარჩელის განმარტებით, მის მიერ მოთხოვნილი შეწყვეტის საურავი არის ხელშეკრულების შეწყვეტის დროისათვის გრაფიკით გათვალისწინებული გადაუხდელი საფასური. კერძოდ, 2019 წლის 16 სექტემბრის მდგომარეობით გადასახდელი ლიზინგის საფასურია 1914,43 ლარი, რაც გრაფიკით გათვალისწინებული შენატანების სრულად გადახდის შემთხვევაში იქნებოდა იმ დროისათვის გადასახდელი.
ამავე დროს ხელშეკრულების 14.19 პუნქტი ითვალისწინებს პირგასამტეხლოს გაანგარიშების იმგვარ წესს, რომლის მიხედვით, ჯამდება ხელშეკრულების შეწყვეტის დროს არსებული დავალიანება დარიცხული პირგასამტეხლოს ჩათვლით და დავალიანების ნარჩენი თანხა. ამდენად, ხელშეკრულების შეწყვეტის საურავის თანხაში შედის როგორც ლიზინგის საფასურის დავალიანება, ისე შეწყვეტამდე დარიცხული ყოველდღიური პირგასამტეხლო. ამავდროულად კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვს ყოველდღიურად დარიცხული პირგასამტეხლო.
ამდენად, ხელშეკრულების ამ პირობის (14.19 პუნქტი) საფუძველზე კრედიტორს წარმოეშობა უფლება ორჯერ მოითხოვოს ყოველდღიურად დარიცხული პირგასამტეხლო, რადგან ლიზინგის ხელშეკრულების შეწყვეტის საურავი მოიცავს ხელშეკრულების 3.9 პუნქტით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოს (რაც არის ყოველდღიურად დარიცხული პირგასამტეხლო) და ლიზინგის საფასურის დავალიანების ჯამს.
მოსარჩელე მოითხოვს ყოველდღიურად დარიცხულ პირგასამტეხლოს ჯამურად 2480 ლარს და ხელშეკრულების შეწყვეტის საურავს 1914,43 ლარს, ეს უკანასკნელი კი არის გარფიკის მიხედვით მოპასუხის მიერ 2019 წლის სექტემბრის მდგომარეობით გადასახდელი ლიზინგის საფასური. ამავდროულად, მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხისათვის ლიზინგის საფასურის დაკისრებას, რაც მოიცავს ასევე 2019 წლის სექემბრის თვისათვის ვადამოსულ გადაუხდელ ლიზინგის საფასურსაც. სასამართლოს მიაჩნია, რომ ორივე შემთვევაში მოსარჩელე მოითხოვს ფაქტობრივად ლიზინგის საფასურის დავალიანებას, თუმცა, სხვადასხვაგვარი საფუძვლით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ძირითადი თანხის დავალიანებასთან ერთად ამავე დავალიანების დაკისრება პირგასამტეხლოს სახით სამოქალაქო ურთიერთობის კეთილსინდისიერების პრინციპის ეწინააღმდეგება.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო ურთიერთობის კეთილსინდისიერების პრინციპის საფუძველზე პირგასამტეხლოს განსაზღვრის დროს დაცული უნდა იყოს პროპორციულობის (თანაზომიერების) პრინციპი. პირგასამტეხლოს დაკისრებით მხარემ არათანაზომიერად დიდი სარგებელი არ უნდა მიიღოს. პირგასამტეხლოს მიზანია მხარის მიერ განცდილი დანაკარგების კომპენსირება, მხარის დარღვეული უფლების აღდგენა და არა დამატებითი შემოსავლის მიღება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 325-ე მუხლის თანახმად, 1. თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე. 2. თუ მხარე პირობებს არ მიიჩნევს სამართლიანად, ან მათი განსაზღვრა ჭიანურდება, გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო.
სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ დავაში არსებობს ამ ნორმის გამოყენების საფუძველი, რადგან ეს ნორმა გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების შესრულების პირობები განისაზღვრება ერთერთი მხარის მიერ. ლიზინგის სახელშეკრულებო ურთიერთობაში ლიზინგის გამცემი სტანდარტული სახელშეკრულებო პირობებით მხარეებს სთავაზობს სახელშეკრულებო ურთიერთობის პირობებს, მეორე მხარეს ამ პირობების შემუშავების და შეცვლის შესაძლებლობა თითქმის არა აქვს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე უმნიშვნელოვანესია მხარეთა მიერ ხელშეკრულების დადებისას გამოვლენილი ნება, რადგან ხელშეკრულების დადებით მხარეებს სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში წარმოეშობათ უფლება-მოვალეობები. სამოქალაქო კოდექსის მთელი რიგი ნორმები, 420-ე და 325-ე მუხლები სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას შეაფასოს მხარეთა მიერ შეთავაზებული პირობების სამართლიანობა და კეთილსინდისიერება, რა დროსაც სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს როგორც კანონით, ისე მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობების შინაარსი, ვალდებულების შესრულების პროცესში გამოვლენილი გარემოებები, სადაო ვალდებულების არსი.
სამოქალაქო კოდექსის 325-ე მუხლით, ისევე როგორც 420-ე მუხლით სასამართლოსთვის მინიჭებული უფლების საფუძველზე სახელშეკრულებო პირობების სამართლიანობის შემოწმება სასამართლო კონტროლის სფეროში ექცევა, როგორც საჯარო წესრიგის უზრუნველყოფისა და სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა კეთილისინდისიერების განმაპირობებელი ფაქტორი. საჯარო წესრიგის ცნება სამოქალაქო კოდექსში მორალურ იმპერატივებთანაა დაკავშირებული. საჯარო წესრიგი ხელს უწყოს ზნეობრივი და სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვის დამკვიდრებას. საჯარო წესრიგის დარღვევით ილახება არა მხოლოდ ვინმეს კერძო ინტერესები, არამედ საჯარო ინტერესები (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 5 მაისის განჩინება საქმე №ას-318-301-2017)
სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის საფუძველზე, ხელშეკრულების პირობების განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის და კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით, გათვალისწინებული უნდა იქნას ორივე მხარის ინტერესები ხელშეკრულების მიმართ.
ლიზინგის ურთიერთობაში ლიზინგის გამცემი იურიდიული პირი ერთგვარად უპირატეს მდგომარეობაშია, იგი განსაზღვრავს ხელშეკრულების არსებით პირობებს, რომელსაც სთავაზობს კონტრაჰენტებს. ხელშეკრულების მიხედვით, ლიზინგის ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში ერთჯერადად გადასახდელ საურავში შედის მანამდე ყოველდღიურად დარიცხული პირგასამტეხლო, ხოლო ხელშეკრულებაში მკაფიოდ და გარკვევით არ არის მითითებული, რომ ასეთ შემთხვევაში მოვალეს შეწყვეტის საურავთან ერთად აღარ ეკისრება უკვე დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდა. გარდა ამისა, სარჩელით მოთხოვნილი ხელშეკრულების შეწყვეტის საურავი არის გრაფიკის მიხედვით გადასახდელი ვადამოსული ლიზინგის საფასურის დავალიანება, ხოლო ამავდროულად სარჩელით ასევე მოთხოვნილია ლიზინგის საფასურის დავალიანების დაკისრებაც, რაშიც შედის შეწვეტის საურავის სახით მოთხოვნილი თანხაც. მოსარჩელის განმარტებით, ხელშეკრულების 14.19 პუნქტი არის პირგასამტეხლოზე შეთანხმება და არა ვადაგადაცილების გამო სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლით გათვალისწინებული შეთანხმება. სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს გონივრულობის პრინციპს ეწინააღმდეგება შეწყვეტის საურავის ამ წესით დაკისრება, რადგან ფაქტობრივად მოპასუხეს დაეკისრება პირგასამტეხლოს ასანაზღაურებლად ლიზინგის დავალიანების გადახდა, რაც აავე სარჩელით მოთხოვნილი ძირითად თანხაშიც შედის. ეს კი უმართებულოდ ზრდის პირგასამტეხლოს ოდენობას. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას შეწყვეტის საურავის ანაზღაურებაზე, ხოლო ყოველდღიურად დარიცხული პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლო განისაზღვროს მსგავსი ურთიერთობისათვის, სესხის ხელშეკრულებისათვის კანონით დადგენილი პირგასამტეხლოს ოდენობით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-5 ნაწილის ხელშეკრულების დადების დროს მოქმედი რედაქციის მიხედვით (ამოქმედდა 2018 წლის 1 სექტემბრიდან), თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, სესხის გაცემის შემთხვევაში ნებისმიერი საკომისიოს, ნებისმიერი ფინანსური ხარჯის (გარდა ისეთი ხარჯებისა, რომლებიც შედის სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამოთვლაში), სესხის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო მსესხებლისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული/დაკისრებული პირგასამტეხლოს და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის 0.27 პროცენტს თითოეული დღისთვის. სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული/დაკისრებული 0.27 პროცენტის მიზნებისათვის, გამსესხებლის მიერ მსესხებლისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ/დაკისრებულ პირგასამტეხლოსა და ნებისმიერი ფორმის ფინანსურ სანქციაში არ გაითვალისწინება სესხის ვადის გადაცილებისას (ვადის გადაცილების სრულ აღმოფხვრამდე) პირგასამტეხლოს სახით ერთჯერადად არაუმეტეს 20 ლარის (ან უცხოური ვალუტით მისი ეკვივალენტის), აგრეთვე ამ მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად სესხის რეფინანსირების ან სესხის საკუთარი სახსრებით ან/და მესამე პირის მიერ ვადაზე ადრე დაფარვის შემთხვევაში წინსწრებით დაფარვის საკომისიოს დაკისრება. სესხის ვადის გადაცილებისას ვადის გადაცილების სრულ აღმოფხვრამდე ნებისმიერი საკომისიოს, ნებისმიერი ფინანსური ხარჯის (მათ შორის, სესხის საპროცენტო განაკვეთისა და ისეთი ხარჯების, რომლებიც შედის სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამოთვლაში), სესხის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო მსესხებლისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული/დაკისრებული პირგასამტეხლოს და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა ყოველი ვადის გადაცილებისას ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს სესხის მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის 1.5-მაგ ოდენობას.
ამ დანაწესის საფუძველზე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის 0.27%-ის ოდენობით სანქციის დაკისრება ფულად მიმოქცევაში საკმარისად უზრუნველყოფს კრედიტორის ინტერესებს, რის გამოც სადაო ურთიერთობაში გონივრული იქნება პირგასამტეხლო განისაზღვროს ყოველდღიურად 0,27%-ის ოდენობით. ლიზინგის საფასურის ძირითადი თანხის დავალიანებაა 2987,92 ლარი, რომლის 0,27% არის 8,067 ლარი, ხოლო ვადის გადაცილების 235 დღეში გადასახდელი პირგასამტეხლოა 1894,1 ლარი.
მოპასუხემ მოითხოვს პირგასამტეხლოს შემცირებას 90%-ით, რის საფუძველი საქმიდან არ გამომდინარეობს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებაა, რომლის მიზანია ვალდებულების დარღვევის პრევენცია, მოვალეზე ზეგავლენის მოხდენა იმ მიზნით, რომ მოვალემ ფინანსური სანქციის დაკისრების თავიდან არიდების გამო ვალდებულების ჯეროვნად შესრულებისათვის ზომები მიიღოს, ხოლო ვალდებულების დარღვევის შემდეგ პირგასამტეხლო იძენს ზიანის მინიმალურად ანაზღაურების ფუნქციას. პირგასამტეხლოს თავისუფლად განსაზღვრის პრინციპიდან გამომდინარე მხარეებს შეუძლიათ განსაზღვრონ როგორც ყოველდღიური პირგასამტეხლო, ისე ერთჯერადად გადასახდელი პირგასამტეხლოს თანხა.
პირგასამტეხლოს შემცირების მიზანი არ არის მარტოოდენ მოვალისათვის შეღავათის გაწევა, მხოლოდ მისი ინტერესების დაცვა. პირგასამტეხლო ვალდებულების დარღვევის გამო მოვალის მიერ გადასახდელი ფინანსური სანქციაა, რის გამოც პირგასამტეხლოს გონივრული თანხის დადგენის დროს სასამართლომ კრედიტორის ინტერესებიც უნდა შეაფასოს. პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულობისათვის განმსაზღვრელია ვალდებულების არსი და მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზები. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის მიერ განცდილი დანაკარგების მინიმალურად კომპენსირება, რაც მოვალისათვის სიმბოლური მნიშვნელობის თანხის დაკისრებით ვერ იქნება უზრუნველყოფილი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას. ამ შემთხვევაში მოპასუხემ არ გამოიჩინა გულისხმიერება საკუთარი ვალდებულების შესრულების საკითხში. მისივე განმარტებით, მან ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დააზიანა ავტომობილი, რის შემდეგ შემთხვევის ადგილზევე დატოვა. მან ავტომობილისთვის შექმნილი პრობლემის შესახებ არ აცნობა ლიზინგის გამცემს, ლიზინგის საგანი ვერ დაუბრუნდა ლიზინგის გამცემს. შესაბამისად, მოპასუხემ არა მარტოს ლიზინგის საფასურის გადახდის ვალდებულება დაარღვია, არამედ ლიზინგის საგნის დაბრუნებასაც შეუშალა ხელი არაკეთილსინდისიერი და არაგულისხმიერი ქცევით, რის გამოც მოპასუხის მიერ დასახელებული ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი არ არსებობს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. მოსარჩელე სს „ს------–------ი“ სარჩელით მოითხოვს 7382,43 ლარის დაკისრებას, საიდანაც მოპასუხეს დაეკისრა 4882,02 ლარის გადახდა, რაც არის მოთხოვნის 63%. გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 224 ლარის 63% არის 141,12 ლარი, რაც უნდა აუნაზღაურდეს მოსარჩელეს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება უნდა განისაზღვროს მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რაც მოპასუხემ არ ცნო, რადგან ამ ნორმის შესაბამისად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად. მოპასუხემ ცნო სესხის ძირითადი თანხის 2987,92 ლარის დაკისრების მოთხოვნა, რაც არის გადასახდელი თანხის 60%. მოსარჩელისთვის გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის - 141,12 ლარის 60% არის 84,67 ლარი, რაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს, ხოლო მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის 56,45 ლარის გადახდა.
მოსარჩელე მოითხოვს იურიდიული მომსახურების ხარჯის 200 ლარის დაკისრებას, რაც ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. მოსარჩელე მოითხოვს იურიდიული ხარჯის 200 ლარის ოდენობით ანაზღაურებას. ადვოკატის დახმარებისათვის გაწეული ხარჯები მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს დაკისრებული თანხიდან, რადგან სსსკ 53-ე მუხლით გათვალისწინებულია სასამართლო ხარჯების ანაზღაურება სარჩელის დაკმაყოფილების პროპორციულად. მოპასუხისათვის დაკისრებულია 4882,02 ლარი, რომლის 4%-ია 195,28 ლარი. მოსარჩელეს იურიდიული მომსახურებას ამ საქმეზე უწევს შპს ექსპრესი, რომლის ცნობის თანახმად, 2018 წლის 20 ივლისიდან მუშაობს შპს ექსპრესში იურისტის პოზიციაზე თეონა გუგეშაშვილი, რომელმაც აღძრა სარჩელი. ამდენად, იურიდიული მომსახურების ხარჯი მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს 195,28 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 247-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს სს „ს------–------ის “ სარჩელი;
1.1. ია ქ--------–-–---–ს დაეკისროს სს „ს------–------ისათვის“ 4882,02 ლარის გადახდა;
1.2. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა 2500,41 ლარის დაკისრების ნაწილში;
2. ია ქ--------–-–---–ს დაეკისროს სს „ს------–------ისათვის“ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 56,45 ლარის და იურიდიული მომსახურების ხარჯის 195,28 ლარის გადახდა;
3. სს ს------–------ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 84,67 ლარი. თანხა გადახდილია 2019 წლის 23 სექტემბერს შემდეგ ანგარიშზე - ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი - TRESGE22, ანგარიშის სახაზინო კოდი №30063150 ( საგადასახადო დავალება 1569240420);
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი