გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.02.2020
საქმის ნომერი
210210017001863535
კატეგორია
დავის ტიპი
დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრებასთან
თარიღი
24.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/292-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

24 თებერვალი, 2020 წელი ქ. სიღნაღი

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

სიღნაღის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ალექსანდრე ლომიძე

სხდომის მდივანი ნანა გოშნიაშვილი

 

მოსარჩელე: რ---------------ი

წარმომადგენელი: ლ-----------------–---–ი

 

მოპასუხე: მ----------------------ა

წარმომადგენელი: შ--–--------------–---–ი

 

დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

გამოთხოვილ იქნეს მოპასუხე მ----------------------ას უკანონო მფლობელობიდან რ---------------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ--–---------------, ქ---------------, N20, სართული 4, ბინა N47, ფართი: 32.00 კვ.მ, საკადასტრო კოდი N5-.1-.2-.1--.0-.0-- და მესაკუთრე რ---------------ს გადაეცეს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში.

 

სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2016 წლის 23 მარტს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხე მ----------------------ასაგან მოსარჩელე რ---------------მა შეიძინა უძრავი ქონება, მდებარე: ქ--–---------------, კ--------- ქ. N20, ბინა N47, საკადასტრო კოდით N5-.1-.2-.1--.0-.0--. ნასყიდობის ხელშეკრულება სათანადო წესით რეგისტრირებულ იქნა საჯარო რეესტრში და დღეის მდგომარეობით ქონების მესაკუთრედ რეგისტრირებულია მოსარჩელე. მხარეთა შეთანხმებით, მოპასუხეს დროებით უსასყიდლოდ სარგებლობაში დარჩა შეძენილი ქონება, იმ პერიოდამდე, სანამ მესაკუთრე თავად გადავიდოდა საცხოვრებლად შეძენილ ბინაში. მიუხედავად მოსარჩელის მოთხოვნისა, მოპასუხეს დაეცალა შეძენილი ფართი, მ----------------------ა დღემდე უსაფუძვლოდ სარგებლობს მხარის კუთვნილი ნივთით და არ ათავისუფლებს ფართს. 2017 წლის 10 მარტს მოპასუხეს წერილობით გაეგზავნა მოთხოვნა ნივთის გამოთავისუფლებაზე, თუმცა უშედეგოდ. აღნიშნულის გათვალისწინებით, მხარემ ითხოვა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა და მისთვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ სარჩელზე წარმოდგენილი დაზუსტებული შესაგებლით სარჩელი არ ცნო. მოპასუხემ მიუთითა, რომ მართალია 2016 წლის 23 მარტს მხარეთა შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, თუმცა მოსარჩელეს თანხა მხარისათვის არ გადაუცია, რაც მას უფლებას აძლევს უარი თქვას ნივთის გამოთავისუფლებასა და მოსარჩელისათვის გადაცემაზე. მოპასუხის განმარტებით, სანამ მხარე არ გადაიხდის ნასყიდობის საფასურს, მოპასუხის მხრიდან ადგილი არ აქვს არამართლზომიერ მფლობელობას და შესაბამისად, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 23 მარტს მ----------------------სა და რ---------------ს შორის გაფორმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რ---------------მა შეიძინა მ----------------------ას კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: ქ--–---------------, ქ---------------, N20, სართული 4, ბინა N47, ფართობი: 32.00 კვ.მ, საკადასტრო კოდი N5-.1-.2-.1--.0-.0--.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 37-38);

 

3.1.1. უძრავი ქონება, მდებარე: ქ--–---------------, ქ---------------, N20, სართული 4, ბინა N47, ფართი: 32.00 კვ.მ, საკადასტრო კოდი N5-.1-.2-.1--.0-.0-- - წარმოადგენს რ---------------ის საკუთრებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 13-14);

 

3.1.2. რ---------------ის კუთვნილ უძრავ ქონებას, მდებარე: ქ--–---------------, ქ---------------, N20, სართული 4, ბინა N47, ფართი: 32.00 კვ.მ, საკადასტრო კოდი N5-.1-.2-.1--.0-.0-- - ფაქტობრივად ფლობს მ----------------------ა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტება და მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლი;

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე, 170-ე, 172-ე, 312-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი აბზაცის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმით, საქართველოს კონსტიტუციითა და სამოქალაქო კანონმდებლობით აღიარებული და დაცულია საკუთრების უფლება. საკუთრება წარმოადგენს პირის უფლებას თავისუფლად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს მას. დაუშვებელია პირს ფორმალურად ჰქონდეს საკუთრების უფლება და ფაქტობრივად ვერ სარგებლობდეს მისით. საკუთრების ბოჭვამ, მისმა შეზღუდვამ არ უნდა მოსპოს საკუთრების უფლების არსი.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში „მარქსი ბელგიის წინააღმდეგ“ განმარტა შემდეგი: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დამატებით ოქმის პირველი მუხლი, არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება“ („მარქსი ბელგიის წინააღმდეგ“ - Marckx v. Belgium, განაცხადი 6833/74, 1979 წლის 13 ივნისი).

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით აღძრული სარჩელი წარმოადგენს ვინდიკაციურ სარჩელს, რომლის საფუძველზეც მესაკუთრე უფლებამოსილია სხვისი უკანონო მფლობელობიდან გამოითხოვოს საკუთრება. ვინდიკაციური სარჩელის აღძვრა დასაშვებია იმ მოცემულობაში, როდესაც ილახება მესაკუთრის ნივთზე მფლობელობითი უფლება, როდესაც მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის სარგებლობაშია. მითითებული მოთხოვნით სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მას არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მითითებულ პირობათაგან რომელიმეს არარსებობა (დაუდასტურებლობა), გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელია მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრეა, მოპასუხეს კი არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ იგი უძრავ ქონებას მართლზომიერად ფლობს. მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხესთან მიმართებაში. რაც შეეხება მოპასუხის განმარტებას ნივთის ფლობის უფლებამოსილების თაობაზე, ნასყიდობის საფასურის გადახდამდე, რაც მისი მითითებით სამოქალაქო კოდექსის მე-500 მუხლის თანახმად (თუ მყიდველი დროულად არ მიიღებს ნივთს ან თავის დროზე არ გადაიხდის მის ფასს, გამყიდველი ვალდებულია შეინახოს ნივთი; გამყიდველს უფლება აქვს დაიტოვოს ნივთი ან დააკავოს გზაში მანამ, ვიდრე მყიდველი არ აუნაზღაურებს შესაბამის ხარჯებს) გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილებას, სასამართლო არ იზიარებს და მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-500 მუხლით გათვალისწინებული ნივთის დატოვება ან დაკავება ეხება ნასყიდობის საფასურის გადაუხდელობის გამო ნივთის შენახვისათვის გაწეულ ხარჯებს და განსახილველი დავის გათვალისწინებით, ადგილი არ აქვს სამოქალაქო კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ შემთხვევას. აღნიშნულის გათვალისწინებით, მხარის განმარტება ნასყიდობის საფასურის გადაუხდელობის გამო ნივთის ფლობის მართლზომიერებასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია. ამდენად, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის და შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

 

განსახილველ შემთხვევაში, სადავო უძრავ ქონებაზე მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული ჩანაწერი საკუთრების უფლების შესახებ გაუქმებული არ არის. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლით დადგენილი საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრეს, რომელიც აღძრული სარჩელის ფარგლებში, ითხოვს სადავო უძრავი ნივთის მოპასუხის მფლობელობიდან გამოთხოვას და მოსარჩელისათვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემას. მოპასუხე მხარე კი ვერ მიუთითებს ქონების ფლობის უფლებამოსილების დამადასტურებელ რაიმე მტკიცებულებაზე.

 

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ რ---------------ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, მოპასუხის მფლობელობიდან გამოთხოვილ უნდა იქნეს სადავო უძრავი ნივთი და იგი გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში უნდა გადაეცეს მესაკუთრეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ..... იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა.

 

მოცემულ შემთხვევაში, რ---------------ის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 1-0 ლარის ოდენობით. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს უნდა დაეკისროს რ---------------ის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 60 ლარის ანაზღაურება (თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის და 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტისა). დარჩენილი სახელმწიფო ბაჟი - 60 ლარის ოდენობით კი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს, როგორც ზედმეტად გადახდილი. რაც შეეხება წარმომადგენლის დამხარებისათვის გაწეულ ხარჯებს, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით ხარჯის ანაზრაურება, რაც შეადგენს 160 ლარს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე-244-ე, 249-ე, 2-7-ე, 2-91, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. რ---------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. გამოთხოვილ იქნეს მოპასუხე მ----------------------ას უკანონო მფლობელობიდან რ---------------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ--–---------------, ქ---------------, N20, სართული 4, ბინა N47, ფართი: 32.00 კვ.მ, საკადასტრო კოდი N5-.1-.2-.1--.0-.0-- და მესაკუთრე რ---------------ს გადაეცეს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში.

 

3. მოპასუხე მ----------------------ას მოსარჩელე რ---------------ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 60 ლარის გადახდა.

 

4. მოპასუხე მ----------------------ას მოსარჩელე რ---------------ის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 160 ლარის გადახდა.

 

5. მოსარჩელე რ---------------ს დაუბრუნდეს ლ-----------------–---–ის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 1-0 ლარიდან, ზედმეტად გადახდილი - 60 ლარი, რომელიც გადახდილია 2017 წლის 29 მარტს, შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ბიუჯეტი, ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი TRESGE22, ანგარიშის N200 1-2 900, სახაზინო კოდი 300 523 150 (საგადახდო დავალება N554).

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სიღნაღის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ალექსანდრე ლომიძე