გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე N3/5208-18 12 მარტი, 2019 წელი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ანა ჩხეტია
სხდომის მდივანი ანა მგელაძე
მოსარჩელე - ი---------–---–---–ი
წარმომადგენელი - გ-------–----------ე
მოპასუხე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
წარმომადგენელი - გ------------------ი
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 18 ივლისის N--- განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც ქალაქ თბილისში, ვ---------–ის დასახლებაში, ა-----–-------–ის ქუჩის ბოლოს მდებარე 1885 კვ.მ მიწის ნაკვეთზე აღიარებული იქნება ი---------–---–---–ი საკუთრების უფლება.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა მის უსაფუძვლობაზე მითითებით.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. 2016 წლის 6 ივნისს ი---------–---–---–მა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას განცხადებით მიმართა, რომლითაც ქალაქ თბილისში, ვ---------–ის დასახლებაში, ა-----–-------–ის ქუჩის ბოლოს მდებარე 1885 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება მოითხოვა.
მტკიცებულება: განცხადება (ს.ფ. 126), საკადასტრო აზომვითი ნახაზი (ს.ფ. 135-136), ორთოფოტო (ს.ფ. 127).
3.2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებული მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 20 ივნისის N--- განკარგულებით ი---------–---–---–ის განცხადება ქალაქ თბილისში, ვ---------–ის დასახლებაში, ა-----–-------–ის ქუჩის ბოლოს მდებარე 1885 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მითითებულ მიწის ნაკვეთს კომისიის მიერ განსაზღვრული კონფიგურაციით მიენიჭა თვითნებურად დაკავებულის კატეგორია და შესაბამისად იქნა აღიარებული მასზე ი---------–---–---–ის საკუთრების უფლება.
მტკიცებულება: განკარგულება (ს.ფ. 89-90).
3.3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებული მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 20 ივნისის N--- განკარგულება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ი---------–---–---–მა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში სარჩელის წარმოდგენის გზით გაასაჩივრა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 სექტემბრის N6051-17 გადაწყვეტილებით ი---------–---–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 20 ივნისის N--- განკარგულება ბათილად იქნა ცნობილი სადავო ნაწილში სადავო საკითხის გადაუწყვეტლად და მოპასუხეს დაევალა, გამოეცა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად.
მტკიცებულება: სასამართლოს გადაწყვეტილება (ს.ფ. 68-86).
3.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 სექტემბრის N6051-17 გადაწყვეტილების აღსრულებისა და ი---------–---–---–ის 2016 წლის 6 ივნისის განცხადების ხელახლა განხილვის მიზნით საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ განმცხადებლის მიერ მითითებული მიწის ნაკვეთი ადგილზე დაათვალიერა და განმცხადებელს დაავალა, წარმოედგინა ექსპერტიზის დასკვნა მიწის ნაკვეთზე არსებული ნაგებობის ტიპის დასადგენად.
მტკიცებულება: განკარგულება (ს.ფ. 26-30).
3.5. 2018 წლის 14 აპრილს იმ---- კ--–---–---–-ა საკუთრების უფლებია აღიარების კომისიას ი.მ ო------------ის დასკვნა წარუდგინა, რომლის მიხედვით, ქალაქ თბილისში, ვ---------–ის დასახლებაში მდებარე, ი---------–---–---–ის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე არსებული ნაგებობა წარმოადგენს შენობას და არა დროებით ნაგებობას, ვინაიდან იგი თიხნარ გრუნტთან წერტილოვანი საძირკვლით უძრავადაა დაკავშირებული, გააჩნია მზიდი კარკასი, შემომსაზღვრელი კედლები და ორქანობიანი სახურავი.
მტკიცებულება: დასკვნა (ს.ფ. 94-97).
3.6. ი---------–---–---–ის განცხადებაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2018 წლის 24 მაისის N661 სხდომაზე იმსჯელა და მიღებული გადაწყვეტილებით ი---------–---–---–ს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილების მიხედვით, თბილისის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 18 ივლისის N--- განკარგულებით ი---------–---–---–ის მოთხოვნა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ დაკმაყოფილდა იმაზე მითითებით, რომ განსახილველ მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო დროებითი ნაგებობა, ამასთან, მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენდა დაინტერესებული პირის კუთვნილი მიწის ნაკვეთის მომიჯნავეს.
მტკიცებულება: განკარგულება (ს.ფ. 26-30).
3.6. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2018 წლის 18 ივლისის N--- განკარგულების გამოცემის საფუძვლად განხორციელებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად მტკიცებულებათა სათანადო შეფასების გარეშე არასწორად იქნა დადგენილი, რომ ი---------–---–---–ის 2016 წლის 6 ივნისის განცხადებით მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებული ნაგებობა წარმოადგენდა დროებით ნაგებობას და ამდენად, არ დასტურდებოდა ი---------–---–---–ის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და იმგვარად ფლობის ფაქტი, რაც „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით წარმოადგენს საკუთრების უფლების აღიარების საფუძველს.
ვ---------–ის დასახლებაში, ა-----–-------–ის ქუჩის ბოლოს მდებარე 1885 კვ.მ მიწის ნაკვეთის 2007 წლამდე თვითნებურად დაკავებისა და ფლობის დასადასტურებლად საკუთრების უფლების აღიარების კომისიას წარედგინა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი და ფოტოები დაინტერესებული პირის განმარტებასა და მოწმეთა განცხადებასთან ერთად, რომელთა მიხედვით, ი---------–---–---–ი 1992 წლიდან სარგებლობდა მითითებული ნაკვეთითა და მასზე არსებული ნაგებობით, რომელიც 1994 წელს აშენდა (მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი - ს.ფ. 135-136, მოსარჩელის განცხადება - ს.ფ. 126, მოწმეების განცხადება - ს.ფ. 132-133, ფოტოები - ს.ფ. 137-156). მოსარჩელის განმარტებისა და მოწმეთა განმარტებას არ ეწინააღმდეგება მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით 2005 წლის აეროფოტოგადაღების მონაცემები, რომლის მიხედვით ი---------–---–---–ის მიერ წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებული მიწის ნაკვეთი 2005 წლის მდგომარეობით შემოღობილია და მასზე განთავსებულია ნაგებობა (მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი - ს.ფ. 135-136, ორთოფოტო - ს.ფ. 127). მიწის ნაკვეთზე არსებული ნაგებობის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ მოსარჩელემ წარადგინა ი.მ ო------------ის დასკვნა, რომლის მიხედვით, ქალაქ თბილისში, ვ---------–ის დასახლებაში მდებარე, ი---------–---–---–ის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე არსებული ნაგებობა წარმოადგენს შენობას და არა დროებით ნაგებობას, ვინაიდან იგი თიხნარ გრუნტთან წერტილოვანი საძირკვლით უძრავადაა დაკავშირებული, გააჩნია მზიდი კარკასი, შემომსაზღვრელი კედლები და ორქანობიანი სახურავი. არსებული მტკიცებულებების საწინააღმდეგო მტკიცებულება საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მხრიდან წარმოდგენილი არ ყოფილა, არამედ გასაჩივრებული განკარგულება დასაბუთებულია არსებული მტკიცებულებების მიუღებლობის თაობაზე ზოგადი მითითებით, რომელიც არ არის არგუმენტირებული.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, "ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტი - ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტი), ბათილია, თუ ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი). სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ იგი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილი).
მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად სასამართლომ შეამოწმა რა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 18 ივლისის N--- განკარგულების კანონიერება, მიიჩნევს, რომ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო აქტის შინაარსიდან გამომდინარე, მისი შეფასებისათვის უნდა იქნეს გარკვეული, გააჩნდა თუ არა მოპასუხეს მოსარჩელისათვის მის მიერ მითითებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძველი.
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისებისა და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონმა (მიღებულია 2007 წლის 11 ივლისს) კერძო პირების მიერ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთების მათ საკუთრებაში გადაცემის შესაძლებლობა და მისი რეალიზების ძირითადი პირობები დაადგინა.
დასახელებული კანონის მიხედვით, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილება შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოს მიენიჭა, რომელიც ამ უფლებამოსილებას კომისიის მეშვეობით ახორციელებდა, კომისია კი თავის ფუნქციებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და ამ კანონით განსაზღვრული წესით ასრულებდა. კანონში 2016 წლის ივნისში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან) არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია და მითითებული კომისია წარმოადგენს შესაბამისი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის უფლებამონაცვლეს („ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-4 მუხლი, 76 მუხლი).
ამავე კანონით, მისი მიზნებისათვის, განისაზღვრა, თუ რა მიიჩნევა თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთად და ვინ წარმოადგენს მასზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნაზე უფლებამოსილ, დაინტერესებულ პირს. კერძოდ:
- თვითნებურად დაკავებულ მიწად მიიჩნევა ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა (კანონის მე-2 მუხლის ,,გ” პუნქტი);
- დაინტერესებული პირი არის ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებულით ან დანგრეულით) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება, ასევე ის ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება (კანონის მე-2 მუხლის ,,ე” პუნქტი).
თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დასასაბუთებლად კომპეტენტური კომისიისათვის დაინტერესებული პირის მიერ შესაბამისი განცხადებით მიმართვისას კანონი შემდეგი დოკუმენტების წარდგენის საჭიროებას ითვალისწინებს:
ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება;
ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის მანძილი;
გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად;
დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები („ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-51-ე მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტები).
ამავე კანონის მიხედვით, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას კომისიამ უნდა გაითვალისწინოს მოთხოვნის შესაბამისობა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან („ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-51-ე მუხლის მე-2 პუნქტი).
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-51-ე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, კომისია იღებს წერილობით გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე, თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს ან განცხადებისათვის დართული დოკუმენტებით არ დასტურდება თვითნებურად დაკავების ფაქტი.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. კანონმდებელი იმდენად არსებით და აქტის კანონიერების განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას, რომ იმპერატიულად კრძალავს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაუდოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები).
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს, კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება, მათ შორის, გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი ისე, რომ არ შეაჯეროს და არ შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებანი, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, სადავო აქტებით მოსარჩელის უფლება საკუთრების უფლების აღიარებაზე უარყოფილ იქნა არსებული მტკიცებულებების დაუსაბუთებელი მიუღებლობითა და საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების არასწორად დადგენით. სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის წარდგენილი მტკიცებულებებით დასტურდებოდა ვ---------–ის დასახლებაში, ა-----–-------–ის ქუჩის ბოლოს მდებარე 1885 კვ.მ მიწის ნაკვეთის 2007 წლამდე ი---------–---–---–ის მიერ თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი (პუნქტი 3.6). ამდენად, არ ირკვევა, რომ სადავო განკარგულების გამოცემისას მოპასუხეს ჰქონდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული საფუძველი ი---------–---–---–ის მოთხოვნის უარყოფისათვის. შესაბამისად, სადავო განკარგულება ეწინააღმდეგება კანონმდებლობით განსაზღვრულ ნორმებს და ამგვარად ზღუდავს მოსარჩელის საკუთრების უფლებას, რის გამოც უნდა იქნეს ცნობილი ბათილად.
6.2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 18 ივლისის N--- განკარგულებასთან დაკავშირებით სასამართლოს დასკვნები (პუნქტი 6.1) ცხადყოფს, რომ მოპასუხეს გააჩნია ვალდებულება, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქალაქ თბილისში, ვ---------–ის დასახლებაში, ა-----–-------–ის ქუჩის ბოლოს მდებარე 1885 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ი---------–---–---–ის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების თაობაზე.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელისათვის გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით (ს.ფ 42-43).
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 100 ლარის ანაზღაურება.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ი---------–---–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 18 ივლისის N--- განკარგულება და მოპასუხეს დაევალოს, გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც სრულად დაკმაყოფილდება ი---------–---–---–ი განცხადება ქალაქ თბილისში, ვ---------–ის დასახლებაში, ა-----–-------–ის ქუჩის ბოლოს მდებარე 1885 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ;
3. ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელისათვის გადახდილი ბაჟის ანაზღაურება 100 ლარის ოდენობით;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისში, გრ. რობაქიძის გამზირი N7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მდებარე ქ.თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, N6) სააპელაციო საჩივრის წარდგენის გზით.
მოსამართლე ანა ჩხეტია