გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 180210019003292864 (2/899-19)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
29 იანვარი, 2020 წელი ქ.მცხეთა
შესავალი ნაწილი
მცხეთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე სოფიო ლეჟავა
სხდომის მდივანი ზაზა შველიძე
მოსარჩელე: შპს „ი------------------ი“
წარმომადგენელი: ა----------–--–--ე
მოპასუხე: შპს „მ–--------------–-----–------ი“
წარმომადგენელი: კ-----------–---–ი
დავის საგანი: თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს „მ–--------------–-----–------ი“-ს (ს/ნ 4--------) შპს „ი------------------ი“-ს (ს/ნ 4--------) სასარგებლოდ დაეკისროს 4025 ლარის გადახდა;
მოსარჩელის პოზიცია:
შპს „ი------------------ი“ წარმოადგენს ფარმაცევტულ კომპანიას, რომელიც, შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ, ახორციელებს სხვადასხვა ფარმაცევტული პროდუქციისა თუ სამედიცინო დანიშნულების საგნების მიწოდებას კლინიკებისათვის. მოპასუხე 2017 წლის ნოემბრის თვიდან მოყოლებული ახდენდა მისთვის სასურველი ფარმაცევტული პროდუქციის შესყიდვას მოსარჩელისგან. ამასთან, მხარეთა შეთანხმების თანახმად, მოპასუხე ვალდებული იყო საქონლის მიღებიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში მოეხდინა პროდუქციის ღირებულების ანაზღაურება.
შპს „მ–--------------–-----–------ი“ არაჯეროვნად - დაგვიანებით და არასრულად ახდენდა პროდუქციის ღირებულების ანაზღაურებას, რის გამოც წარმოეშვა დავალიანება. ჯამურად, მთელი სახელშეკრულებო ურთიერთობის ეტაპზე (2017 წლის ნოემბრის თვიდან - სარჩელის აღძვრამდე პერიოდში), მოპასუხემ შეიძინა 6005 ლარის ღირებულების პროდუქცია, ხოლო მოსარჩელეს გადაუხადა ჯამურად 1980 ლარი. შესაბამისად, გადასახდელი დარჩა 4025 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე მხარემ მთავარ სხდომაზე სრულად ცნო სარჩელი (იხ. სხდომის ოქმი);
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. შპს „მ–--------------–-----–------ი“ 2017 წლის ნოემბრის თვიდან მოყოლებული პერიოდულად ახდენდა მისთვის სასურველი ფარმაცევტული პროდუქციის შესყიდვას მოსარჩელისგან. მოთხოვნა სასურველ პროდუქციაზე ხორციელდებოდა ზეპირად, ხოლო მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის მიწოდებული კონკრეტული პროდუქციის დასახელება, რაოდენობა და ღირებულება მოცემული იყო სასაქონლო ზედნადებში, რომელიც თან ახლდა მიწოდებულ პროდუქციას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სასაქონლო ზედანდებები
- ანგარიშის ბარათი
3.2. მხარეთა შორის არსებული შეთანხმების თანახმად, მოპასუხე ვალდებული იყო საქონლის მიღებიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში მოეხდინა პროდუქციის ღირებულების ანაზღაურება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება
3.3. მოპასუხე არაჯეროვნად - შეთანხმებულ ვადაზე დაგვიანებით და არასრულად ახდენდა შესყიდული პროდუქციის ღირებულების ანაზღაურებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ანგარიშის ბარათი
- მხარეთა ახსნა-განმარტება
3.4. ჯამურად მთელი სახელშეკრულებო ურთიერთობის ეტაპზე (2017 წლის ნოემბრის თვიდან - სარჩელის აღძვრამდე პერიოდში) მოპასუხემ შეიძინა 6005 ლარის ღირებულების პროდუქცია, ხოლო მოპასუხის მხრიდან მოსარჩელისათვის გადახდილია ჯამურად 1980 ლარი. შპს „მ–--------------–-----–------ი“-ს ერიცხება დავალიანება 4025 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ანგარიშის ბარათი
- სასაქონლო ზედნადებები
- მხარეთა ახსნა-განმარტება
3.4. საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მოპასუხე მხარემ სადავოდ არ გადახა.
სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპის საფუძველზე, რითაც შეზღუდულია სასამართლოს ინიციატივის ფარგლები. დისპოზიციურობის პრინციპს განამტკიცებს სსსკ-ის მე-3 მუხლი, რომლის თანახმადაც, მოპასუხეს შეუძლია ცნოს სარჩელი. დისპოზიციურობა გამოხატავს მხარის ნების ავტონომიას, იგი იძლევა, როგორც მატერიალური, ისე საპროცესო უფლების განკარგვის შესაძლებლობას. ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს დისპოზიციურობის პრინციპის საზღვრები, კერძოდ, ის რისი უფლებაც მხარეს არ აქვს პროცესის გარეთ, პროცესის ფარგლებს იქით, მას ასეთი უფლება არ შეიძლება ჰქონდეს სასამართლოში საქმის განხილვის დროსაც.
სამოტივაციო ნაწილი:
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე და 477-ე მუხლები,საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 49-ე, 208-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, გამყიდველი ვალდებულია მყიდველს გადასცეს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მყიდველმა უნდა გადაიხადოს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ქონება. ნასყიდობის ხელშეკრულება წარმოადგენს ორმხრივ ხელშეკრულებას, რომლითაც ორივე მხარეს ერთამენთის მიმართ გააჩნია უფლებები და ვალდებულებები. ხელშეკრულება დადებულად რომ ჩაითვალოს, აუცილებელია ორმხრივი თავისუფალი ნების გამოვლენა. სსკ-ის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
სამოქალაქო სამართალში მოქმედებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, რომელიც სსკ-ის 319-ე მუხლითაა განმტკიცებული. კერძო სამართლის სუბიექტებს აღნიშნული პრინციპი შესაძლებლობას აძლევს თავისუფლად აირჩიოს კონტრაჰენტი, განსაზღვროს გარიგების ფორმა და მისი შინაარსი. ამასთან, სსკ-ის 327-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ჩაითვლება, თუ მხარეები შეთანხმდებიან არსებით პირობებზე.
განსახილველ დავაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებულია ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც გამყიდველმა მიაწოდა საქონელი მყიდველს, ხოლო ამ უკანასკნელს ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებია. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მოპასუხე მხარეს უფლება აქვს სცნოს სარჩელი, რაც მისი დაკმაყოფილების საფუძველია. სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხემ უდავოდ გადახადა ფაქტობრივი გარემოებები და სრულად სცნო სასარჩელო მოთხოვნები.
7. საპროცესო ხარჯები
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 60.40 ლარი და წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. მოცემულ შემთხავევაში მოპასუხე მხარემ მთავარ სხდომაზე ცნო სარჩელი. შესაბამისად, მოსარჩელის სასარგებლოდ, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად, უნდა დაეკისროს 30.20 ლარის გადახდა, მოსარჩელეს კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს 30.20 ლარი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-4, მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ი------------------ი“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. შპს „მ–--------------–-----–------ი“-ს (ს/ნ 4--------) შპს „ი------------------ი“-ს (ს/ნ 4--------) სასარგებლოდ დაეკისროს 4025 ლარის გადახდა;
3. შპს „მ–--------------–-----–------ი“-ს (ს/ნ 4--------) შპს „ი------------------ი“-ს (ს/ნ 4--------) სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 30.2 ლარის ოდენობით;
4. შპს „ი------------------ი“-ს (ს/ნ 4--------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 2019 წლის 15 ნოემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 30.2 (ოცდაათი ლარი, 20 თეთრი) ლარის ოდენობით, თანხა გადახდილია შემდეგ ანგარიშზე - ბანკის კოდი TRESGE22, ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიშის სახაზინო კოდი: 300783150. საგადასახდო დავალება №0;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე სოფიო ლეჟავა