განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/158-20
(-------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
06 თებერვალი, 2020 წელი ქ.თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე გიორგი ებანოიძემ,თეონა აბულაძის მდივნობით,ბრალდების მხარე:
პროკურორი - თ--------------–----
დაცვის მხარე:
ბრალდებული ვ--–------------------–-–---–---------------------------------–--------–-–---------–---- რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ------–--------------------------------------------------
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილი - ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილი - კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევა.
სხდომის სახე - ღია.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
1.1 2019 წლის 06 ნოემბერს ქ.თბილისი,--------------------- №43-ში მდებარე მაღაზია ,----------------ში მყოფმა ვ--–------------------–-–---–---------------------- ბარათის გამოყენებით უნებართვოდ შეაღწია თ----------------- კუთვნილ ელექტრონულ ანგარიშზე და ეტაპობრივად დაეუფლა 61 (სამოცდაერთი) ლარსა და 90 (ოთხმოცდაათი) თეთრს. აღნიშნული ქმედების შედეგად თ----------------- მოადგა ქონებრივი სახის ზიანი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, გაანალიზა საქმეზე შეკრებილი და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, თითოეული მტკიცებულება ერთობლიობაში შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და ვ--–------------------–-–---–-- დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, რომელიც საკმარისია ვ--–------------------–-–---–-- დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის; შესაბამისად, იგი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
3.1. ვ--–------------------–-–---–-- მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, გარდა ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა, ასევე ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას, მოწმეთა გამოკითხვის ოქმებს, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმს და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს.
3.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, საქმის წინასასამართლო სხდომაზე ბრალდებულ ვ--–------------------–-–---–-- სისხლის სამართლის საქმეზე მხარეებს მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
3.3. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
3.5. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).
3.6. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
3.7. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
3.8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის პირველ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას.
4.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მხარეებს მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე, რაც თავისთავად გულისხმობს იმ გარემოებას, რომ როგორც დაცვის მხარე, ასევე ბრალდების მხარე აღნიშნულ მტკიცებულებებში მოცემული ინფორმაციის სისწორეს და ნამდვილობას საეჭვოდ არ მიიჩნევს და ეთანხმება. თუმცა, სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე მიღებისა, ქმედების სამართლებრივი შეფასება - ბრალდებულის ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება სწორედ ამ (უდავო) მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს ვალდებულებაა.
4.3. ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს ის, რომ კონკრეტული მხარის (ბრალდების იქნება ეს, თუ დაცვის) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით) საკმარისია რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.
4.4 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით კრიმინალიზებულია ქურდობა - სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. ქურდობის ობიექტური შემადგენლობის განხორციელება გულისხმობს სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლებას ქონების მესაკუთრისა და სხვა პირთაგან ფარულად, სუბიექტური შემადგენლობა კი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანში გამოიხატება. მოცემულ შემთხვევაში, ვ--–------------------–-–---–-- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა თ----------------- კუთვნილ ფულად თანხას 61 (სამოცდაერთი) ლარსა და 90 (ოთხმოცდაათი) თეთრს.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
5.1. ვ--–------------------–-–---–-- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარა დანაშაულებრივი ქმედება, დაზარალებულისთვის ზიანის ანაზღაურება, ასევე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეწყობა.
6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
6.1 რაც შეეხება სასჯელს, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
6.2 საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
6.3 სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სასჯელი თანაზომიერი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.
6.4 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, პირის მიმართ ზედმეტად მკაცრი და დისპროპორციული სასჯელის გამოყენება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით არის შეფასებადი, კერძოდ - „აშკარად არაპროპორციულ სასჯელებს, რომლებიც არ შეესაბამებიან დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს, არა მარტო აქვთ მიმართება სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისა და სასჯელის კონსტიტუციურ აკრძალვასთან, არამედ არღვევენ კიდეც ამ კონსტიტუციურ დანაწესს“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება, 24-ე, 25-ე და 26-ე პუნქტები).
6.5 სასამართლო ყურადრებას გაამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ივნისის №54აპ-16 განაჩენზეც, რომელშიც აღნიშნულია შემდეგი: „... საკასაციო პალატა ასევე იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური.“
6.6 მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ითვალისწინებს ზემოაღნიშნულ გარემოებებს, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს, ვითარებას, მსჯავრდებულის პიროვნებას და მიიჩნევს, რომ ჩადენილი დანაშაულის ვ--–------------------–-–---–-- მხრიდან, არ შეიძლება გახდეს მისთვის მკაცრი სასჯელის დანიშვნის საფუძველი. ვ--–------------------–-–---–-- რესოციალიზაციისთვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლების და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მის მიმართ არ გამოვლენილა რაიმე სახის დამამძიმებელი გარემოება, მიზნაშეწონილია მის მიმართ გამოყენებული იქნეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სასჯელი - ჯარიმა. სასამართლოს შეფასებით, ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით იქნება სამართლიანი და ადეკვატური სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების შესრულებას - ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, დამნაშავის რესოციალიზაციას და სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ვ--–------------------–-–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი - ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ვ--–------------------–-–---–- სასჯელად განესაზღვროს - ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
გაუქმდეს ვ--–------------------–-–---–-- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.
ნივთიერი მტკიცებულება: დისკი - დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.
განაჩენის აღსრულებაზე, მსჯავრდებულ - ვ--–------------------–-–---–-- მიერ ჯარიმის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტს, მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: გიორგი ებანოიძე