გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.02.2020
საქმის ნომერი
330210019003242130
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
13.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/26268-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

13 თებერვალი 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ხათუნა კაკაბაძე

სხდომის მდივანი - დალი მახაური

 

მოსარჩელე - ჯუ-–------------–---ა

 

მოპასუხეები - მე------------ე, თა------–---–----ე, თა---------------–ი

 

დავის საგანი - დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

მოპასუხეებს მე------------ეს, თა------–---–----ეს და თა---------------–ს მოსარჩელე ჯუ-–------------–---ას სასარგებლოდ დაეკისროთ დანაშაულით მიყენებული ზიანის 4 500 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარში ანაზღაურება.

 

სასარჩელო მოთხოვნა ემყარება შემდეგ გარემოებებს:

მოსარჩელის მითითებით, 2016 წლის 01 ნოემბერს შპს „სა-------------------------------–--სთან“ ექვსი თვის ვადით დადო სარგებლიანი სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე შპს „სა-------------------------------–--ს“ სესხის სახით გადასცა 4 500 აშშ დოლარი.

 

შპს „სა-------------------------------–--ს“ მოსარჩელისთვის არ დაბრუნებია ძირი და, არც პროცენტი გადაუხდია.

 

მოსარჩელე ცნობილია დაზარალებულად სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც მოპასუხეების მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა დადასტურებულ იქნა კანონიერ ძალაში შესული, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის განაჩენით.

 

2017 წლის 31 ივლისის განაჩენით დადგინდა, რომ: თა------–---–----ემ ჩაიდინა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა, როცა ნივთი იმყოფებოდა გამფლანგველის მართლზომიერ მფლობელობაში, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით;

 

მე------------ემ ჩაიდინა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის წაქეზება, როცა ნივთი იმყოფებოდა გამფლანგველის მართლზომიერ მფლობელობაში, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით;

 

თა---------------–მა ჩაიდინა დახმარება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 12 დეკემბრის განჩინებით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის განაჩენი მე------------ის და თა---------------–ის მიმართ.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 12 დეკემბრის განჩინებით მსაჯვრდებულ მე------------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის და მსჯავრდებულ თა---------------–ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების საკასაციო საჩივრები არ იქნა დაშვებული განსახილველად.

 

მოსარჩელის მითითებით, მის მიმართ დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი შეადგენს 4 500 აშშ დოლარს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. სარჩელთან დაკავშირებით წარმოდგენილ შესაგებლებში მოპასუხეებმა: მე------------ემ და თა---------------–მა სარჩელი არ ცნეს.

 

მე------------ემ შესაგებელში განმარტა, რომ ზიანის ოდენობის განმსაზღვრელ მტკიცებულებად მოსარჩელის მიერ სესხის ხელშეკრულებას გამოყენება დაუშვებელია. მოსარჩელემ სესხის ხელშეკრულება გააფორმა შპს „სა-------------------------------–--სთან“; მან კომპანიისგან თავისი თანხა გაიტანა და კომპანიას მის მიმართ დავალიანება არ გააჩნია. 2017 წლის 31 ივლისის განაჩენის გამოყენებით მოსარჩელე ცდილობს თანხის ხელმეორედ მიღებას ფიზიკური პირებისგან. მე------------ის მითითებით, არც სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენში, არც 2016 წლის 14 დეკემბრის დაზარალებულად ცნობის დადგენილებაში არ არის მითითებული, თუ რა ოდენობით ზიანი მიადგა მოსარჩელეს. სესხის ხელშეკრულება არ შეიძლება ჩაითვალოს ზიანის ოდენობის დამდგენ მტკიცებულებად. ამასთან, მას მოსარჩელესთან ხელშეკრულება არ დაუდია და არ აქვს კავშირი სესხთან.

 

მოპასუხე თა------–---–----ეს შესაგებელი არ წარმოუდგენია, იგი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა და სასამართლოსთვის სარჩელთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია არ უცნობებია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. ჯუ-–------------–---ს და შპს „სა-------------------------------–--ს“ შორის 2016 წლის 01 ნოემბერს გაფორმებული სესხის ხელშეკრულებით მოსარჩელემ საფინანსო კომპანიას სესხის სახით გადასცა 4 500 აშშ დოლარი, 6 თვის ვადით, წლიური 25 %-იანი სარგებლით, სესხის დაბრუნების ვადის გადაცილების შემთხვევაში, მსესხებელს ეკირსებოდა საურავი, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,01%-ის ოდენობით.

 

თანხის მსესხებლისთვის გადაცემა დადასტურებულია საწარმოს სალაროს შემოსავლის ორდერით N13050.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი (ს.ფ. 2-17)

- 01/11/2016 სესხის ხელშეკრულება N12259 (ს.ფ. 19-22);

- სალაროს შემოსავლის ორდერი N13050 (ს.ფ. 18).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მე------------ის, თა------–---–----ის და თა---------------–ის ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად ჯუ-–------------–---ას მიადგა მატერიალური ზიანი 4 500 აშშ დოლარის ოდენობით.

 

სადავო გარემოების დადასტურების მიზნით, მოსარჩელემ წარმოადგინა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 მაისის განაჩენი და საქართველოს უზენაესი სასამართლის სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 12 დეკემბრის განჩინება, ასევე მასსა და შპს „სა-------------------------------–--ს“ შორის გაფორმებული 01.11.2016წ. სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შპს „სა-------------------------------–--მ“ მოსარჩელისაგან ისესხა 4 500 აშშ დოლარი.

 

ამგვარად, სარჩელი ძირითადად ეფუძნება სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული განაჩენს, რომელზე დადგენილი ფაქტობრივ გარემოებების მიხედვით, მოპასუხეების ერთობლივი მოქმედების შედეგად მოსარჩელეს, სხვა ფიზიკურ პირებთან ერთად, მიადგა ქონებრივი ზიანი.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ დადგენილ იქნა ამ საქმის გადაწყვეტისთვის არსებითი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის განაჩენის მიხედვით, თა------–---–----ემ ჩაიდინა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა, როცა ნივთი იმყოფებდა გამფლანგველის მართლზომიერ გამგებლობაში; მე------------ემ ჩაიდინა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის წაქეზება, როცა ნივთი იმყოფებოდა გამფლანგველის მართლზომიერ გამგებლობაში; თა---------------–მა ჩაიდინა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში დახმარება, როცა ნივთი იმყოფებოდა გამფლანგველის მართლზომიერ გამგებლობაში.

2013 წლის 14 აგვისტოს განხორციელდა შპს „სა-------------------------------–--ს“ (ს/კ 4--------) რეგისტრაცია. მისი წილების 100 %-ის მფლობელი დამფუძნებელი პარტნიორი იყო თა---------------–ი - მე------------ის მეუღლე.

 

შპს „სა-------------------------------–--“ ეწეოდა აქტიური სარეკლამო კამპანიას მაღალი საპროცენტო სარგებლის (წლიური 20-დან 36 %-მდე) შეთავაზებით.

 

თა------–---–----ის, როგორც შპს „სა-------------------------------–--ს“ დირექტორის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა ფიზიკურ პირების მიერ შეტანილი ფული. იგი წარმოადგენდა პასუხისმგებელს აღნიშნულ თანხებზე და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებების შესრულებაზე.

 

საქართველოს ეროვნულ ბანკის მიერ წარდგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით თა-------–---–---ძე ეროვნულ ბანკთან ურთიერთობას აწარმოებდა არა 2013 წელს შექმნილი შპს „სა-------------------------------–--ს“ (ს/კ 4--------) სახელით, არამედ 2008 წელს შექმნილი იგივე სახელწოდების შპს-ს სახელით.

 

მიუხედავად იმისა, რომ მე------------ეს შპს-ში არ ჰქონია რაიმე წილი და არ იყო მისი თანამშრომელი, ის იყო შპს-ს რეალური მმართველი, რაც სააპელაციო სასამართლოს განჩინების მიხედვით, დადგინდა მოწმეთა ჩვენებით და ფაქტობრივად დაადასტურა თვითონ მე------------ემაც; სასამართლომ დაადგინა, რომ მე------------ე, როგორც შპს „სა-------------------------------–--ს“ დამფუძნებლის მეუღლე აქტიურად მონაწილეობდა შპს-ს მართვაში; თა------–---–----ე მოქმედებდა მე------------ის მითითებების შესაბამისად და ზოგიერთ შემთხვევაში ხელშეკრულების პირობებსაც ათანხმებდა მასთან.

 

აღებული ფინანსური ვალდებულებების დროულად და სრულყოფილად შესრულების მიზნით, სესხის სახით განხორციელებული ფულადი შენატანების უფრო მომგებიანი და რეალური ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად გამოყენების ნაცვლად, თა------–---–----ე, ყოველგვარი უზრუნველყოფისა და ეკონომიკური გათვლების გარეშე, ფულს სესხად გასცემდა მე------------ეზე და მის საკუთრებაში არსებულ არამომგებიან საწარმოებზე. შპს „სა-------------------------------–--“-დან ფული სესხის სახით მე------------ეს გაჰქონდა იმ დროსაც, როდესაც კომპანიას უკვე ჰქონდა ფინანსური პრობლემები და ვერ უზრუნველყოფდა აღებული ფინანსური ვალდებულებების შესრულებას.

 

კომპანია ფინანსურ ვალდებულებებს უმეტესად ისტუმრებდა ყოველი შემდეგი კლიენტისგან მიღებული ფულით, მე------------ისგან მიღებული საპროცენტო სარგებლით და ლომბარდიდან და სხვა წყაროებიდან მიღებული შემოსავლით.

 

2013-2016 წლებში შპს „სა-------------------------------–--მ“ მოქალაქეებისაგან ჯამურად სესხის სახით აიღო 34 359 020 ლარი, 70 194 445 აშშ დოლარი და 4 603 089 ევრო.

 

თა------–---–----ემ, როგორც შპს „სა-------------------------------–--ს“ დირექტორმა, რომელიც სრულად იყო პასუხისმგებელი საზოგადოების გამართულ საქმიანობაზე, უზრუნველყოფის გარეშე, გასცა სესხები როგორც თავად მე------------ის სახელზე, ისე ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებულ საწარმოზე. კერძოდ, მე------------ეზე სესხის სახით გაიცა 10 326 096 ლარი, 13 904 534 აშშ დოლარი და 796 136 ევრო, ხოლო შპს „გა---------ე“ (ს/კ 4--------) – 382 324 ლარი და 108 300 აშშ დოლარი, რაც უკან არ დაუბრუნებიათ და მე------------ემ გამოიყენა პირადი შეხედულებისამებრ.

 

2016 წლის 11 ნოემბრის მდგომარეობით შპს „სა-------------------------------–--ს“ მიმართ მე------------ის დავალიანება სესხის ძირითადი თანხის სახით შეადგენდა 10 326 096 ლარს, 13 292 949 აშშ დოლარს და 796 136 ევროს, ხოლო პროცენტის სახით 155 225 ლარს, 5 360 091 აშშ დოლარს და 381 475 ევროს.

 

სასამართლომ დაასკვნა, რომ შპს „სა-------------------------------–--“ ფულადი სახსრების დაბანდების არსებული პრინციპით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოხდებოდა მე------------ის მიერ სესხად აღებული ძირითადი თანხების და დარიცხული სარგებლის შპს „სა-------------------------------–--“-სთვის დაბრუნება, ეს უკანასკნელი, სხვა შემოსავლებთან ერთად, ვერ უზრუნველყოფდა ფიზიკური პირებისგან აღებული სასესხო ვალდებულებების სრულად შესრულებას.

 

მიღებული თანხების არამიზნობრივი ხარჯვიდან გამომდინარე შპს „სა-------------------------------–--მ“ ვეღარ უზრუნველყო აღებული ფინანსური ვალდებულებების შესრულება. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად იქნა ცნობილი 2 343 პირი, მათ შორის, მოსარჩელე ჯუ-–------------–---ა.

 

სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მე------------ისა და თა------–---–----ის ქმედებებში სახეზე იყო დანაშაულებრივი თანამონაწილეობა, რაც ნიშნავს მათ განზრახ ერთობლივ მოქმედებას განზრახი დანაშულის ჩადენაში. წამქეზებლის მოქმედება გულისხმობს აქტიურ ფსიქიკურ ზემოქმედებას ამსრულებლის ნებაზე, რაც ამსრულებლის მოქმედებით იქცევა დანაშაულებრივი შედეგის ერთ-ერთ აუცილებელ პირობად. თა------–---–----ეს გააჩნდა მე------------ის მიმართ მაღალი ნდობა, ვინაიდან მე------------ე წარმართავდა შპს „სა-------------------------------–--ს“ საორგანიზაციო და ფინანსურ საქმიანობას. მე------------ემ დაიყოლია თა------–---–----ე, კომპანიის კუთვნილი თანხები განეკარგა მე------------ის ინტერესების და მითითებების შესაბამისად და არა კომპანიის ინტერესების გათვალისწინებით.

 

განაჩენში ასევე აღნიშნულია, რომ თა---------------–ს, როგორც შპს „სა-------------------------------–--ს“ დამფუძნებელს და ერთადერთ პარტნიორს გააჩნდა უფლებამოსილება, მონაწილეობა მიეღო საზოგადოების მართვაში, კონტროლი გაეწია საზოგადოების ხელმძღვანელობისთვის, მიეღო მოგება საზოგადოებაში კუთვნილი წილის პროპორციულად და შეეზღუდა დირექტორის ხელმძღვანელობითი საქმიანობა. თა---------------–მა, თავისი უმოქმედობით ხელი შეუწყო თა------–---–----ეს გაეფლანგა კომპანიის თანხები. იგი ყველანაირ შესაძლებლობას აძლევდა თა------–---–----ეს, შეესრულებინა მე------------ის მითითებები და ამ ფორმით გაეფლანგა კომპანიის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ფიზიკურ პირთა დიდი ოდენობით თანხა.

 

სასამართლო ასკვნის, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული განაჩენიდან გამომდინარე, მოსარჩელეს, ისევე როგროც საქმეზე დაზარალებულად ცნობილ სხვა პირებს, ზიანი მიადგათ თა------–---–----ის, მე------------ისა და თა---------------–ის ერთობლივი ქმედების შედეგად.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხზე, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი გამარტივებული წარმოების წესით განსახილველ საქმეთა წრეში ექცევა ცალკეული დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელები და მათი განხილვის წესი დადგენილია კოდექსის XXXIV3 -ე თავით. ამ თავში მოქცეული 3093-ე მუხლის შესაბამისად, ამ თავით დადგენილი წესით შეიძლება განხილულ იქნეს სარჩელი დანაშაულის ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სარჩელის აღძვრისას მოსარჩელემ სასამართლოს სხვა მტკიცებულებთან ერთად წარმოუდგინა განაჩინი და განჩინება, რომლითაც უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის განაჩენი და საკუთარი მოთხოვნები ძირითადად დააფუძნა ამ უკანასკნელ განაჩენს.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დავა განიხილა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV3-ე თავით დადგენილი წესების ფარგლებში.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30920 მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, რომლის მიხედვითაც, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რომელიც დასტურდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ განჩინებებს (როგორც იმ განაჩენს და განჩინებას, რომლებითაც უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი), სასამართლო შეაფასებს, როგორც პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე წერილობით მტკიცებულებებს, დელიქტური პასუხისმგებლობისათვის აუცილებელი ცალკეული ელემენტების დადგენის თვალსაზრისით.

 

განაჩენით დადგენილი ფაქტების საპროცესო ძალასა და მნიშვნელობასთან დაკავშირებით, სასამართლო აქვე მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაში ჩამოყალიბებულ განმარტებაზე, რომლის მიხედვით, „კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილ ფაქტებს პრეიუდიციული მნიშვნელობა გააჩნიათ (სსსკ-ის 30920 მუხლის მე-2 ნაწილი), რაც იმას გულისხმობს, რომ დამტკიცებულად და განხორციელებულად ითვლება დელიქტური სამართლის დამფუძნებელი ნორმის, სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა სამართლებრივი წანამძღვარი: მოქმედების მართლსაწინააღმდეგობა, ზიანი, ადექვატური მიზეზობრივი კავშირი და ბრალი“ (იხ. სუსგ №ას-176-163-2015, 4 ოქტომბერი, 2016 წელი).“

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხეების: თა------–---–----ის, მე------------ის და თა---------------–ის მიერ სისხლის სამართლის საქმეში დაზარალებულად ცნობილი პირების მიმართ ზიანის მიყენების ფაქტები დადგენილია სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული განაჩენით.

 

ამგვარად მოცემულ საქმესთან მიმართებით, სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილი ფაქტების გაზიარებით სასამართლო უდავოდ დადგენილად მიიჩნევს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ელემენტების: ქმედების მართლწინააღმდეგობის, ბრალის და მიზეზობრივი კავშირის არსებობას.

 

შესაბამისად, მოსარჩელისთვის ქონებრივი ზიანის მიყენება, რაც სასესხო ვალდებულების დარღვევით გამოიხატა, დასტურდება იმ განაჩენით, რომლის საფუძველზე დამნაშავეებად ცნობილი პირები ამ საქმეში მოპასუხეებს წარმოადგენენ.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო არ იზიარებს მოპასუხე მე------------ის მიერ შესაგებელში ჩამოყალიბებულ პოზიციას, რომ მას მოსარჩელესთან ხელშეკრულება არ დაუდია და არ აქვს კავშირი სესხთან.

 

3.2.2. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს მოსარჩელისთვის მოპასუხეთა მხრიდან დანაშაულის შედეგად 4 500 აშშ დოლარის ოდენობით ზიანის მიყენების ფაქტს.

 

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია 2016 წლის 01 ნოემბრის სესხის ხელშეკრულება და სალაროს შემოსავლის ორდერი, რომელთა მიხედვითაც, შპს „სა-------------------------------–--ს“ მოსარჩელისგან ხელშეკრულების გაფორმების დღეს სესხის სახით გადაეცა 4 500 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მე------------ის მიერ შესაგებელში ჩამოყალიბებულ იმ მითითებას, რომ ზიანის ოდენობის სამტკიცებლად სესხის ხელშეკრულებაზე დაყრდნობა დაუშვებელია და, თითქოს მოსარჩელემ სესხის ვადის გასვლამდე უკვე დაიბრუნა თავისი კუთვნილი თანხა შპს „სა-------------------------------–--“-სგან.

 

ამგვარი შედავების წარმოდგენისას, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, მოპასუხეს უნდა წარმოედგინა ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით, სასესხო ვალდებულების შესრულების სადავოობისას, მტკიცების ტვირთის მოვალეზე დაკისრება მხოლოდ საპროცესო ნორმით დადგენილი სტანდარტი არ არის, ამგვარ ვალდებულებას სამოქალაქო კოდექსის მატერიალური ნორმაც ითვალისწინებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანხმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

აღნიშნული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ ვალდებულების შესრულების თაობაზე დავისას, მტკიცების ტვირთი ეკისრება მოვალეს, მან უნდა დაამტკიცოს, რომ ვალდებულება შესრულებული აქვს შესაბამისი ანგარიშსწორების გზით.

 

„მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია, გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. კანონში კრედიტორის მიმართ არსებობს მეტად ცალსახა დამოკიდებულება – იგი ავალდებულებს მოვალის მოთხოვნის შემთხვევაში გასცეს ასეთი დოკუმენტი, თუმცა კანონი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ. მას შეუძლია, არ გამოითხოვოს ასეთი საბუთი კრედიტორისაგან. ბუნებრივია, კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია ვალდებულებიდან გამომდინარე მხარეთა მდგომარეობით. ნორმაში მითითებული დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან მან მხოლოდ ამ დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს ვალდებულების შესრულება, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე. მას არანაირი საჭიროება არ აქვს, ფლობდეს ამ დოკუმენტს არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი თვალსაზრისით. უფრო მეტიც, არაკეთილსინდისიერ კრედიტორს შეუძლია, ასეთი დოკუმენტის გაუცემლობის შემთხვევაში განმეორებით მოითხოვოს ვალდებულების შესრულება. სწორედ, ამიტომ კანონი მას ავალდებულებს სათანადო დოკუმენტის გაცემას“ (იხ. სუსგ: N ას-1541-1547-2011, 1/04/2012; N ას-435-407-2017, 07/03/2018; Nას-60-56-2017, 18/12/2017 ).

 

განაჩენით დადასტურებულია, რომ მოპასუხეების ქმედების შედეგად დაზარალდა 2 343 ფიზიკური პირი, მათ შორის, მოსარჩელე ჯუ-–------------–---ა. საქმეში ასევე წარმოდგენილია 2016 წლის 14 დეკემბრის დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ, რომლის მიხედვითაც სხვა პირებს შორის, დაზარალებულად ცნობილია მოსარჩელე.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს: სესხის ხელშეკრულებასა და სალაროს შემოსავლის ორდერს, სისხლის სამართლის საქმეზე მიღებულ განაჩენთან ერთად, საკმარის მტკიცებულებებად მიიჩნევს იმისთვის, რომ სასესხო ვალდებულება, რაც მოსარჩელემ ზიანის ოდენობად განსაზღვრა, დადასტურებულად მიიჩნიოს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო, ასკვნის, რომ მოსარჩელემ უზრუნველყო მისი მტკიცების საგანში შემავალ გარემოებათა უტყუარად დადასტურება, ხოლო მოპასუხე მე------------ემ ვერ დაამტკიცა შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივ გარემოებებზე მხარეებს არ მიუთითებიათ.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შემდეგ, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხეებს: მე------------ეს, თა------–---–----ეს და თა---------------–ს მოსარჩელე ჯუ-–------------–---ას სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 4 500 აშშ დოლარის გადახდა.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30920-ე მუხლი,საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე, 992-ე, 998-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

აღნიშნული მუხლი წარმოადგენს დელიქტური ვალდებულების წარმოშობისას პასუხისმგებლობის დამდგენ ზოგად, ძირითად სამართლებრივ საფუძველს და განსაზღვრავს დელიქტური ვალდებულების წარმოშობის აუცილებელ წინაპირობებს. კერძოდ, ზიანის ანაზღაურების წინაპირობად აუცილებელია, დადგინდეს: ზიანი, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ ზიანი პირდაპირ უნდა იყოს გამოწვეული ზიანის მიმყენებლის ქმედებით.

 

ქონებრივი ზიანი შეიძლება გამოიხატოს ქონების დაზიანებაში, ან განადგურებაში, ანდა ისეთ ქმედებაში, რის შედეგადაც პირი კარგავს მის კუთვნილ ქონებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა.

 

როგორც ზემოთ აღინიშნა, დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის წარმოდგენისას, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს. სამოქალაქო საქმეზე სასამართლო აღარ იკვლევს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით გათვალისწინებული აუცილებელი ელემენტების არსებობას, რადგან სისხლის სამართლის კოდექსის მე-7 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ელემენტები ემთხვევა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის ელემენტებს; სისხლის სამართლის კოდექსის ამ ნორმის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველია დანაშაული, ესე იგი ამ კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება. მოცემულ საქმეზე მოპასუხეთა ქმედებაში ამ ელემენტების არსებობა დადასტურდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის განაჩენით დადასტურებულად იქნა მიჩნეული, რომ მე------------ის, თა------–---–----ის და თა---------------–ის მიერ ერთობლივი მონაწილეობით ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად ქონებრივი ზიანი მიადგა ათასობით ფიზიკურ პირს, მათ შორის, მოსარჩელეს, რაც გამოიხატა იმით, რომ სხვებთან ერთად, მოსარჩელემ ვერ დაიბრუნა სესხად გაცემული თანხა და შესაბამისად, განიცადა ქონებრივი დანაკლისი.

 

6.2. მოსარჩელე ზიანის ანაზღაურების დაკისრებას ითხოვს სოლიდარულად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 998-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები.

 

ამგვარად, ზიანის ანაზღაურების მიზნით, პასუხისმგებლობის სოლიდარულად დაკისრების საკითხის გადაწყვეტისთვის საკმარისია დადგინდეს რამდენიმე პირის ერთობლივი მონაწილეობა ზიანის გამომწვევ ქმედებაში. ამ მუხლის საფუძველზე ქონებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნისთვის მნიშვნელობა არ აქვს თითოეული მონაწილის როლის მნიშვნელობას ან ბრალეულობის ხარისხს.

 

იმ ვითარებაში, როდესაც დადგენილია მოსარჩელისთვის, როგორც სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობილი პირისთვის ზიანის მიყენების ფაქტი, იმ გარემოებას, ერთ-ერთი მოპასუხე იყო, თუ არა იმ სახელშეკრულებო ურთიერთობის მხარე, რომლის მეორე მხარესაც მოსარჩელე წარმოადგენდა, მნიშვნელობა არ აქვს. მოპასუხეთა ერთობლივი მონაწილეობა, იმ სქემაში, რომლითაც იურიდიული პირის შპს „სა-------------------------------–--ს“ მეშვეობით მოზიდული ფინანსური სახსრების გაფლანგვის შედეგად, ფიზიკურ პირებს, მათ შორის მოსარჩელეს, მიადგა ქონებრივი ზიანი, მოპასუხეებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საკმარისი საფუძველია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეების: მე------------ის, თა------–---–----ის და თა---------------–ისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად სესხის ძირითადი თანხის 4 500 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განისაზღვრება დავის საგნის ღირებულების 3%-ის, მაგრამ არანაკლებ 100 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები - დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურების სარჩელებზე.

 

ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

მოცემულ შემთხვევაში, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე, მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის სახით - 387ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე და 30921-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ჯუ-–------------–---ას სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. მოპასუხეებს მე------------ეს, თა------–---–----ეს და თა---------------–ს მოსარჩელე ჯუ-–------------–---ას სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ზიანის სახით 4 500 აშშ დოლარის გადახდა, ეროვნულ ვალუტაში გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული კურსის შესაბამისად.

 

3. მოპასუხეებს მე------------ეს, თა------–---–----ეს და თა---------------–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახდელი თანხის - 387 ლარის გადახდა;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან - 7 (შვიდი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა კაკაბაძე