განაჩენი

სისხლის სამართლის 10.02.2020
საქმის ნომერი
110100119003166391
თარიღი
10.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N-10100119003166391

N-/225-2019

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

10 თებერვალი, 2020 წელი ქ.ზესტაფონი

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - ზურაბ ბალავაძე

სხდომის მდივანი - თამარ გელაშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - კ---- ს------

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი - გ------- დ---–-–---–-;

 

ბრალდებული - რ----–-- ს-----–---, დაბადებული 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნ-------------------), ს-–----–----------–-----------, დაოჯახებული, ნასამართლეობის მქონე, მცხოვრები: ქ.ზესტაფონი, ვ.ბატონიშვილის მე-2 შესახვევი, N--;

 

კვალიფიკაცია: 1) საქართველოს სსკ 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ); 2) საქართველოს სსკ 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ - 2019 წლის 6 ივლისის ეპიზოდი);

 

სხდომის სახე - ღია.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. 2004 წლიდან, 2008 წლამდე, რ----–-- ს-----–---, არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ფ------ ხ--------სთან. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი ვ--–------- ს-----–--- (დაბ. 2--------- წელს). 2009 წლიდან (ზუსტი თარიღები დაუდგენელია), 2019 წლის 6 ივლისამდე, რ----–-- ს-----–---, არასრულწლოვან შვილს - ვ--–------- ს-----–---ს, მომხდარი ურთიერთშელაპარაკების გამო, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. თითოეული ძალადობრივი ქმედების შედეგად, ვ--–------- ს-----–--- განიცდიდა ტანჯვას.

 

2. 2004 წლიდან, 2008 წლამდე, რ----–-- ს-----–---, არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ფ------ ხ--------სთან. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი ვ--–------- ს-----–--- (დაბ. 2--------- წელს). 2019 წლის 6 ივლისს, ვ--–------- ს-----–--- სტუმრად იმყოფებოდა ქ.ზესტაფონი, ფარნავაზ მეფის ქუჩა N----ში, მეგობარ ა----- გ----–---სთან. დაახლოებით 11:30 საათზე, რ----–-- ს-----–--- მივიდა ქ.ზესტაფონი, ფარნავაზ მეფის ქუჩა N----ში, რა დროსაც, ა----- გ----–---სთან სტუმრად ყოფნის გამო, შვილთან, ვ--–------- ს-----–---სთან მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ვ--–------- ს-----–---ს, რის შემდეგაც მარცხენა ხელი მოუქნია სახის მარჯვენა მხარეს. ვ--–------- ს-----–--- შეეცადა თავის დაცვას, რის გამოც მარჯვენა ხელი, რომელშიც ეჭირა ტელეფონი, აიფარა სახეზე, აღნიშნულის გამო რ----–-- ს-----–---ს მიერ მოქნეული ხელი მოხვდა მარჯვენა ხელზე და გაუვარდა ტელეფონი. რ----–-- ს-----–---ს მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედების შედეგად, ვ--–------- ს-----–---მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ქმედების განხორციელება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ:

 

3. სასამართლო სხდომაზე მოწმის (დაზარალებულის) სახით დაკითხულმა ვ--–------- ს-----–---მ განაცხადა, რომ რ----–-- ს-----–--- არის მისი მამა.

 

4. 2005 წლის 31 მაისის ვ--–------- ს-----–---ს დაბადების აქტის ჩანაწერის თანახმად, ცნობები დედის შესახებ მითითებულია ფ------ ხ--------, ხოლო ცნობები მამის შესახებ მითითებულია რ----–-- ს-----–---.

 

5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

6. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ რ----–-- ს-----–--- და დაზარალებული ვ--–------- ს-----–--- არიან ოჯახის წევრები.

 

ქმედება - ა) სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ;

 

ბ) ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ;

 

7. სასამართლო სხდომაზე მოწმის (დაზარალებულის) სახით დაკითხულმა ვ--–------- ს-----–---მ განაცხადა, რომ მამამისი რ----–-- ს-----–--- და დედამისი ფ------ ხ-------- ერთად ცხოვრობდნენ 2004 წლიდან, 2008 წლამდე. დაშორების შემდეგ, ის იზრდება ბებიასთან და ბაბუასთან ერთად. 2009 წლიდან, 2019 წლის 6 ივლისამდე, რ----–-- ს-----–---, ნახვის დროს, მას, აყენებდა სისტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა, რასაც ძალიან განიცდიდა და ტკიოდა. რ----–--ი მას ხშირად ნახულობდა ხოლმე, კვირაში ხუთი ან ექსჯერ, შესაძლოა დღეში ორი ან სამჯერაც მისულიყო და ენახა. ყოველი შეხვედრის დროს, აგინებდა, რასაც ძალიან განიცდიდა. იყო შემთხვევები, როდესაც მეგობრების თვალწინ უჩხუბია, უყვირია მისთვის, ასევე, ხელიც გაურტყამს, რა დროსაც განიცდიდა როგორც სირცხვილს, ასევე, ტკივილსაც. რ----–--ის მიერ მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება ხდებოდა 2009 წლიდან, დაჭერამდე. შემდეგ გაგრძელდა, როდესაც გათავისუფლდა ციხიდან. 2019 წლის 5 ივლისს იმყოფებოდა ქ.ზესტაფონში, მეგობართან - ა----- გ----–---სთან და დარჩა მასთან სახლში. 2019 წლის 6 ივლისს, დილით, მასთან, მეგობრის სახლში მივიდა რ----–-- ს-----–---, რომელმაც, განაწყენებულმა მასზე, რომ ღამით დარჩა მეგობარ ა----- გ----–---სთან, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგაც ხელი მოუქნია ლოყის არეში. შეეცადა თავის დაცვას და ხელი, რომელშიც ტელეფონი ეჭირა აიფარა სახეზე. რ.ს-----–---ს მოქნეული ხელი მოხვდა ხელზე, რა დროსაც ტელეფონი დაუვარდა და გატყდა, ხოლო ხელის ხელზე მოხვედრით, განიცადა ტკივილი.

 

8. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა თ------- მ----------მა განაცხადა, რომ ცხოვრობს ქ.ზესტაფონში, ფარნავაზ მეფის ქუჩა N--ში, ვ--–------- ს-----–---ს მეზობლად. 2019 წლის 6 ივლისს იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც გაიგო ხმაური. გავიდა ბინიდან სადარბაზოში და დაინახა რ----–-- ს-----–---, რომელიც იდგა ა----- გ----–---ს საცხოვრებელი ბინის კარებთან და ეძებდა ვ--–------- ს-----–---ს. მოწმის განმარტებით, რ----–-- ს-----–--- ეკამათებოდა ვ.ს-----–---ს და ეუბნებოდა თუ, რატომ არ გაათია თავის სახლში ღამე და რა უნდოდა ა-----ს სახლში. აღნიშნული კონფლიქტის დროს დაინახა, რომ რ----–--მა ხელი მოუქნია ვ--–-------ს, მაგრამ მოხვდა თუ არა არ დაუნახავს. შემდგომ ნახა ვ--–-------, რომელიც იყო ანერვიულებული და ნამტირალები. მოწმის განმარტებით, კონფლისქტის დროს ის ჩადგა რ----–--სა და ვ--–-------ს შორის და ცდილობდა რ----–--ის დაწყნარებას, რა დროსაც სახით იდგა რ----–--ის მიმართლებით. ამ დროს, დაინახა, რომ რ----–--მა ხელი წაიღო ვალენტისაკენ, რომელიც მის უკან იდგა, შესაბამისად ხელის დარტყმის ფაქტი არ დაუნახავს, თუმცა ხმა გაიგო როგორც გარტყმის, ასევე, ტელეფონის ძირს დავარდნის.

 

9. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ა----- გ----–---მ განაცხადა, რომ ცხოვრობს ქ.ზესტაფონში, ფარნავაზ მეფის ქუჩა N----ში, ვ--–------- ს-----–---ს მეზობლად. 2019 წლის 6 ივლისს, მასთან სახლში იმყოფებოდა მისი მეგობარი ვ--–------- ს-----–---, რა დროსაც მივიდა ვ--–-------ს მამა - რ----–-- ს-----–---, რომელსაც უთანხმოება მოუვიდა ვ--–-------სთან და იჩხუბეს. რ----–--ი იწევდა ვ--–-------ს მიმართლებით, თუმცა მასთან თანხმხლები პირები აკავებდნენ მას. მოწმის განმარტებით, მას არ დაუნახავს რ----–--მა მიაყენა თუ არა ფიზიკური შეურაცხყოფა ვ--–-------ს, თუმცა ესმოდა ხმა და შეესწრო მამა შვილის ჩხუბს.

 

10. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა ფ------ ხ--------მ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ.

 

11. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, 2020 წლის 10 თებერვალს, ბრალდებულმა რ----–-- ს-----–---მ წარდგენილ ბრალდებებში თავი სრულად სცნო დამნაშავედ, გულწრფელად აღიარა და მოინანია ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა.

 

12. საქმის არსებითი განხილვის სხდომებზე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებულ არცერთ მტკიცებულებას (გარდა გამოკვლეულისა) სადავოდ არ ხდიდნენ და როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარე, სრულად დაეთანხმა აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, საქმეზე მოპოვებული არცერთი მტკიცებულება (გარდა გამოუკვლეულისა) მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, ისინი სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე, როგორც პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.

 

13. სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).

 

14. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ (2014 წლის 24 აპრილი, განაცხადი No. 9043/05, პარ 91) განმარტა: იმისათვის, რომ უფლებაზე უარის თქმა კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი იყოს, აუცილებელია, აღნიშნული განხორციელდეს აშკარა და არაორაზროვანი ფორმით და, ასევე, უზრუნველყოფილი იყოს დაცვის მინიმალური გარანტიები. გარდა ამისა, უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს (აგრეთვე იხ.: სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, პარ 135-136, Scoppola v. Italy, (no. 2) [GC], no. 10249/03, 17.09.09; პოიტრიმოლი საფრანგეთის წინააღმდეგ, პარ 31, Poitrimol v. France, 23 November 1993, Series A no. 277-A; ჰერმი იტალიის წინააღმდეგ, პარ 73, Hermi v. Italy [GC], no. 18114/02, ECHR 2006 XII).

 

15. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, "დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ". სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

16. სასამართლოს მიაჩნია, რომ რ----–-- ს-----–---ს მიერ დანაშაულების ჩადენას, გარდა მისი აღიარებისა, დაზარალებულ ვ--–------- ს-----–---ს ჩვენებისა, მოწმეების თ------- მ----------ისა და ა----- გ----–---ს ჩვენებებისა, ასევე, უტყუარად ადასტურებს შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობა: მოწმეების - ი--- კ--------ს, ლ--–- ხ--------ს, გ--- გ--–---ს და ი----------------ს გამოკითხვის ოქმები; მობილური ტელეფონის ამოღების ოქმი; სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა; შემაკავებელი ორდერი N------ და შემაკავებელი ორდერის ოქმი; ტრასოლოგიური-სასაქონლო ექსპერტიზის N-------------- დასკვნა; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი; ამბულატორიული სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები და მასალები.

 

17. სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა სასამართლოს მიერ გამოკვლეული და გამოკვლევის გარეშე მიღებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნულ ეჭვის გამომრიცხავ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებულია რ----–-- ს-----–---ს მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

18. სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულისაგან (სსკ 1261 მუხლი) სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი ან ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. განსახილველ დანაშაულში მითითებული „ძალადობა“ უნდა გავიგოთ როგორც ცემა, სხვაგვარი ძალადობა და სხვა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მას შედეგად არ უნდა მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი. ცემა ძალადობის ერთერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულს ფიზიკურ ტკივილს აყენებს. სხვაგვარი ძალადობა იმით განსხვავდება ცემისაგან, რომ იგი შეიძლება გამოიხატოს ერთჯერად ძალმომრეობით ქმედებაში - აქტში (ხელით გარტყმა სახეში, ხელის ჩარტყმა, ხელის კვრა, ფეხის ჩარტყმა, თმებით თრევა, თმების წიწკვნა და სხვა). აქაც აუცილებელია, მსხვერპლმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი. შესაბამისად, განსახილველი დანაშაულის შედეგი არის ის, რომ მსხვერპლი ფიზიკურ ტკივილს განიცდის. სხვაგვარი ძალადობა ხშირად ტოვებს გარკვეულ კვალს ადამიანის სხეულზე. კერძოდ დაჟეჟილობას, დალილავებას ან მცირე სისხლნაჟღნეთის კვალს, რასაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი აღნიშნავს დასკვნაში. ზოგჯერ, სხვაგვარი ძალადობის შედეგად შეიძლება სხეულს, ზედაპირზე არანაირი კვალი არ დაეტყოს. ასეთ შემთხვევაში ძალადობის ფაქტის დადგენის ტვირთი მთლიანად სასამართლოზეა, რომელიც დაეყრდნობა მსხვერპლის და მოწმის ჩვენებებს, ასევე, საქმის სხვა გარემოებებს. დანაშაულის ჩადენის ხერხსა და საშუალებას კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით. სუბიექტური მხრივ დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა. ბრალის ფორმის მიხედვით იგი განზრახვაში გამოიხატება. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს რა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ანდა გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეულზე დარტყმა - სხვაგვარი ძალადობა, რაც ფიზიკურ ტკივილს იწვევს, დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილისა და უჯრედის გარკვეულ ცვლილებასთან და ამდენად, მეტ-ნაკლებად ხელყოფს ჯანმრთელობას. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან.

 

19. სისტემატური შეურაცხყოფა არის სხვისი პატივისა და ღირსების განზრახ დამცირება, გამოხატული უწესო ფორმით. შეურაცხყოფა სისტემატურია მაშინ, თუკი იგი ჩადენილია სამჯერ მაინც, ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ და თანაც დროის მცირე ინტერვალის დაშორებით. ეს იმას ნიშნავს, რომ პირველი შეურაცხყოფისგან მიყენებული ფსიქიკური ტკივილი ჯერ არაა განელებული და ადგილი აქვს მეორე შეურაცხყოფას, შემდეგ ასევე, დროის მცირე მონაკვეთის დაშორებით - მესამეს და ასე შემდეგ.

 

20. დანაშაულის (სსკ 1261 მუხლი) ერთ-ერთი დამამძიმებელი გარემოებაა მისი ჩადენა არასრულწლოვნის მიმართ. ამ პუნქტში პასუხისმგებლობის დამძიმების საფუძველია დაზარალებულის ასაკი, მისი მდგომარეობა. ამასთან, დამნაშავემ ზუსტად უნდა იცოდეს, რომ ძალადობას, რომელსაც ახორციელებს, მიმართულია 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირისადმი. ამ დამამძიმებელი გარემოების ამსრულებელია როგორც არასრულწლოვანი, ასევე, სრულწლოვანი. შესაბამისად, სწორედ სრულწლოვანს მოეთხოვება იყოს მეტად მიმტევებელი და შემწყნარებელი არასრულწლოვნის მიმართ.

 

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ განხორციელებული ქმედებებით რ----–-- ს-----–---მ ჩაიდინა: 1) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით); 2) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით).

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

22. რ----–-- ს-----–---ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებს, ხოლო ისეთი ხასიათის დამამძიმებელი გარემოება, რომელიც სცილდება ჩადენილი ქმედებების ფარგლებს - არ გააჩნია.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

23. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

24. საქართველოს სსკ 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას - აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს უნდა დაენიშნოს ისეთი სასჯელი, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, რ----–-- ს-----–---ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი. სასამართლო აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის მიზანია როგორც ბრალდებულზე, ასევე, სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

25. რ----–-- ს-----–---ს მიმართ სასჯელის სახის და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსკ მე-17, 58-ე, 59-ე და 79-ე მუხლებით დადგენილი წესით. კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას. ხოლო მე-5 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში ამ კოდექსით გათვალისწინებული საფუძვლით და დადგენილ ფარგლებში შეიძლება დაინიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი. ამავე კოდექსის 58-ე მუხლის თანახმად კი, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ნასამართლობაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, აგრეთვე ამ კოდექსის 55-ე მუხლით ან 63-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი. სსკ 79-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ნასამართლობა გაქარწყლდება ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა - სასჯელის მოხდიდან სამი წლის შემდეგ. მოცემულ შემთხვევაში, უდავო გარემოებას წარმოადგენს ის, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართის საქმეთა პალატის 2015 წლის 3 ივნისის განაჩენით, რ----–-- ს-----–--- მსჯავრდებული იქნა საქართველოს სსკ 122-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღვეთა 1 (ერთი) წლის ვადით. თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდით კი იგი გათავისუფლებული იქნა 2015 წლის 15 ოქტომბერს. ვ--–------- ს-----–---ს მიმართ სისტემატურად, სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ნაწილში, დანაშაულის ჩადენის დროს, არ იყო გასული სამწლიანი ნასამართლობის გაქარწყლების ხანდაზმულობის ვადა. შესაბამისად, სასჯელის განსაზღვრისას რ----–-- ს-----–---ს მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს სსკ 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილის დანაწესი, ვინაიდან არ არსებობს ნასამართლობის, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნიშანი.

 

26. მოცემულ შემთხვევაში, სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს, რომ რ----–-- ს-----–--- აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებს, აღნიშნული ქმედების ჩადენის შემდგომ არ არის კონფლიქტში კანონთან, დაზარალებულთან შერიგებულია და პრეტენზია არ გააჩნია. საქმეში არსებული მტკიცებულებები მიიჩნია უდავოდ, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. შესაბამისად, ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის და მისი პიროვნების გათვალისწინებით, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, თითოეული ეპიზოდისათვის. იმის გათვალისწინებით, რომ მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებს, საბოლოოდ დანიშნული სასჯელი უნდა ჩაეთვალოს პირობითად. ამასთან, ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის გათვალისწინებით, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია რ----–-- ს-----–---ს მიმართ დამატებითი სასჯელის გამოყენება, კერძოდ: საქართველოს სსკ 44-ე მუხლის საფუძველზე, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის განსაზღვრა 200 (ორასი) საათის ვადით. სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში კანონმდებლობა არ უნდა იძლეოდეს ე.წ. „სანიმუშო“ სასჯელების გამოყენების შესაძლებლობას, რადგან სასჯელი მისივე მიზნებისგან ობიექტურად აცდენილი ხდება. ასეთი მიდგომა არღვევს პროპორციულობის პრინციპს, შედეგად იწვევს პირის არაპროპორციულ დასჯას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება, საქმეზე ბექა წიქარიშვილი, საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, პარაგრაფი 102). სწორედ „სანიმუშოდ დასჯის“ თავიდან აცილების მიზნით, სასამართლოს პროპორციულ ღონისძიებად მიაჩნია რ----–-- ს-----–---ს მიმართ საქართველოს სსკ 63-ე მუხლის გამოყენება და არ არის მიზანშეწონილი მის მიერ ხანგრძლივი ვადით პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის მოხდა, რაც პირიქით, შეიძლება კონპროდუქტიული იყოს.

 

27. რ----–-- ს-----–---ს მიმართ საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას კი, სასამართლო, ხელმძღვანელობს საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მიაჩნია, რომ დანაშაულთა ერთობლიობის დროს, საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას, რ----–-- ს-----–---ს მიმართ, გამოყენებული უნდა იქნას სასჯელთა შთანთქმის პრინციპი, კერძოდ: საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა, სსკ 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდით) დანიშნულმა სასჯელმა უნდა შთანთქას მეორე სასჯელი და საბოლოოდ რ----–-- ს-----–---ს (დანაშაულთა ერთობლიობით) სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე უნდა ჩაეთვალოს პირობით, ხოლო სსკ 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად უნდა განესაზღვროს 3 (სამი) წელი და დამატებითი სასჯელი, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით. „სანიმუშოდ დასჯის“ თავიდან აცილების მიზნით, სასამართლოს პროპორციულ ღონისძიებად მიაჩნია რ----–-- ს-----–---ს მიმართ საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენება.

 

28. რ----–-- ს-----–---ს მიმართ, სასჯელის პირობითად ჩათვლისას, სასამართლო მოიხმობს საქართველოს სსკ 63-ე მუხლს და განმარტავს, რომ მუხლში რეგლამენტირებულია პირობითი მსჯავრის გამოყენებისა და გამოყენებაზე უარის თქმის საფუძველები. კერძოდ: 1. თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაული, დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა დაუშვებელია. 2. თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. 3. თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი იყო ორი ან მეტი განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის, დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა დაუშვებელია. მოცემულ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, უდავო გარემოებას წარმოადგენს ის, რომ რ.ს-----–--- მსჯავრდებულია საქართველოს სსკ 122-ე მუხლით გათვალისწინებული, ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისათვის, 2015 წლის 3 ივნისის განაჩენის საფუძველზე და მას სასჯელად განსაზღვრული ჰქონდა თავისუფლების აღვეთა 1 (ერთი) წლის ვადით. რომელიც მოიხადა და გათავისუფლდა 2015 წლის 15 ოქტომბერს. მართალია იგი ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის, თუმცა კანონი (სსკ 63-ე მუხლი) კრძალავს პირობითი მსჯავრის გამოყენების შესაძლებლობას თუ პირი წარსულში ნასამართლევი იყო განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე, ან/და ორი ან მეტი განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებით დადგენილია, რომ რ.ს-----–--- მხოლოდ ერთხელ არის გასამართლებული განზრახი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისათვის, მოცემულ შემთხვევაში კი მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს კანონისმიერი აკრძალვა, ბრალდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლისათვის.

 

29. საქართველოს სსკ 65-ე მუხლის თანახმად, პირობითი მსჯავრის დროს, თუ არსებობს საამისო საფუძველი, სასამართლოს შეუძლია დააკისროს მსჯავრდებულს განსაზღვრული მოვალეობის შესრულება: პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, არ დაამყაროს ურთიერთობა იმასთან, ვინც შეიძლება იგი ჩააბას ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში, არ მოინახულოს განსაზღვრული ადგილი, მატერიალურად დაეხმაროს ოჯახს, გაიაროს ალკოჰოლიზმის, ნარკომანიის, ტოქსიკომანიის ან ვენერიული სენის მკურნალობის კურსი, ხოლო თუ მსჯავრდებული ოჯახური დანაშაულის ჩამდენი პირია − ასევე ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსი. სასამართლოს შეუძლია დააკისროს მსჯავრდებულს სხვა მოვალეობაც, რომელიც ხელს შეუწყობს მის გამოსწორებას. შესაბამისად, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის მხედველობაში მიღებით, სასამართლო, ასევე, მიზანშეწონილად მიიჩნევს რ----–-- ს-----–---სათვის მოვალეობის დაკისრებას ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლის სახით, რომლის აღსრულებასაც უზრუნველყოფს იმერეთის პრობაციის ბიურო. სასამართლოს მიაჩნია, რომ 2 (ორი) წლით პირობით ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთა, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით, დამატებით სასჯელთან და დამატებით ვალდებულებასთან ერთად, შეძლებს დააფიქროს რ----–-- ს-----–--- უკეთ გააცნობიეროს ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობრივი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გასაკიცხაობის ხარისხი და გამოწვეული შედეგის სიმძიმე. ასევე, პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში მსჯავრდებულის ყოფა-ქცევის ეფექტურად კონტროლის მიზნით, რ----–-- ს-----–---ს უნდა დაეკისროს მოვალეობა, პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე, არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

30. საქმეზე დართული საგნებისა და ნივთების ბედი უნდა გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-20, 21-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-293-ე მუხლებითა და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. რ----–-- ს-----–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი), საქართველოს სსკ 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი (2019 წლის 6 ივლისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

2. საქართველოს სსკ 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად;

 

3. საქართველოს სსკ 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (2019 წლის 6 ივლისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად;

 

4. საქართველოს სსკ 44-ე მუხლის საფუძველზე, რ----–-- ს-----–---ს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით;

 

5. საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა, სსკ 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას მეორე სასჯელი და საბოლოოდ რ----–-- ს-----–---ს (დანაშაულთა ერთობლიობით), სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, ხოლო სსკ 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 3 (სამი) წელი და დამატებითი სასჯელი, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით;

 

6. რ----–-- ს-----–---ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და დაუყონებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან; მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 15 ივლისიდან, 2020 წლის 10 თებერვლის ჩათვლით;

 

7. საქართველოს სსკ 65-ე მუხლის საფუძველზე, პირობითი მსჯავრის აღსრულების პერიოდში, რ----–-- ს-----–---ს დაეკისროს მოვალეობა: 1) პრობაციის ეროვნული სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი; 2) ასევე, გაიაროს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსი;

 

8. საქართველო სსკ 66-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში პირობითი მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს პრობაციის ეროვნულ სამსახურს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით; ასევე, დამატებით სასჯელზე - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს პრობაციის ეროვნულ სამსახურს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

9. საქმეზე დართული საგნები და ნივთები: ვ--–------- ს-----–---სგან ამოღებული „აიფონ 6“ მოდელის მობილური ტელეფონი, რაც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს ვ--–------- ს-----–---ს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

10. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული სურათები დისკზე, რაც ერთის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

11. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;

 

12. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ზურაბ ბალავაძე